გაგრძელება
ამის შემდეგ, მივედი იქვე ქუთაისში, მგალობელ ივლიანე ნიკოლაძესთან და ვუთხარი: რ. ხუნდაძეს დავაწერინე ბევრი სხვადასხვა საგალობლები, და ზოგიერთი იმათში არ მომწონს, ხელახლა შრომა და გასწორება სჭირდება. ახლა შენ მოგმართე, როგორც ფილიმონ ქორიძის ერთ უნიჭიერეს მოწაფეს და მისგან გალობის ლოტბარობაშიდ გაწრთვნილს. მე ვიცი, რომ შენ ხუნდაძეზე უკეთ შეგიძლია გალობის გაწყობა და დაწერა. ყველა ეს ხუნდაძისაგან დაწერილი საგალობლები ვერ არის კაი გაწყობილი, ამისთვის გთხოვ, რომ ყველას თავითგან დავყვეთ და კარგა გავაწყოთ და გავამშვენოთ და შენი მუშაობის ფულს, რასაც მეტყვი, მოგცემ-მეთქი. მან მითხრა, მე ეს საქმე დიდ კეთილ საქმედ მიმაჩნია, მე რომ ცოლ-შვილი არ მყამდეს, ამ საქმეში ფულს არ გამოგართმევდი, მაგრამ შენ რაც გინდოდეს ის მომეცი, მე მადლობელი ვიქნებიო.
ამის შემდეგ დავიწყეთ ორივემ ერთად ამ საგალობელთა ხელახლა გაწყობა და განმშვენება 1914 წელში. ხუნდაძის დაწერილი, იქა-აქა, ზოგ-ზოგიერთი თუ გამოდგა მარტო, დანარჩენის სულ წაშლა დაგვჭირდა და ხელახლად დაწერა! ვშრომობდით არა გამუდმებით, არამედ დროგამოშვებით, რადგან ის თავის სამსახურშიდაც იყო, ქუთაისის სობოროს მგალობელთა გუნდს ლოტბარობდა. რადგან ჩვენ დროგამოშვებით ვმუშაობდით, ამიტომ დიდხანს გასტანა ჩვენმა შრომამ და გავათავეთ 1915 წ. ამ დროში მას გარდა ბევრი სხვა საგალობლებიც დავსწერეთ. ამ ერთგულ შრომისთვის ჩავაბარე ივლიანე ნიკოლაძეს 500 მან. რომელმაც მადლობასთან ერთად მითხრა: თეთრად გადაწერის დროს, თუ ვინიცობა არის საგალობელთა რიგზე მიყოლების დროს, რომელიმე გაუწყობელი საგალობელი დაისაჭიროოს, მოიტანე და ისინიც გავაწყოთ, რომ მთელი საგალობლები, მთლიანად მშვენიერი და ფრიად სასიამოვნო იქნესო. და ასედაც ვიქცეოდი ყოველ საჭიროების დროს.
1917 წ. ჩემი გელათში ცხოვრების დროს შემატყობინეს - ერთი უცხო კაცი გეძებს და შენი ნახვა უნდაო! ამისთვის გამოვედი გარეთ და ვნახე: ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებელი ნიკო შარაბიძე იყო და მითხრა: მე ესა და ეს კაცი ვარ. კითხვა-კითხვით მოვედი შენს სანახავად.
მე მაქვს ქართული სიმღერები ნოტებზე გადაღებული და მათი დაბეჭდვა მინდა, ამისთვის ქალაქ თბილისში წავედი და ვიკითხე: ის ფ. ქორიძის სიმღერები და საგალობლები რომ დაბეჭდილა სტამბაში, სად არის სტამბა? და ან მისი ნოტების ამწყობ-დამბეჭდავი? მითხრეს: ახლა არც ნოტების სტამბა არის და არც ნოტების ასოების ამწყობიო; იყო მართალია ესტატე კერესელიძე, რომელსაც ჰქონდა ამხანაგ მაქსიმე შარაძესთან ერთად გამართული ნოტების საბეჭდავი ქ. თბილისში, რომელიც დიდხანს მოღვაწეობდა კომპოზიტორ ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადაღებულ სიმღერა-გალობის დაბეჭდვა-გავრცელებაზე, შემდეგ იმან თავისი სტამბა გადასცა და თვითონ წავიდა გელათის მონასტერში საცხოვრებლათო! ახლა ამისთვის მოვედი შენთან, რომ უეჭველი გავიგო! ნოტების ასოები ქუთაისში მესტამბე ი. კილაძეს ჰქონია, მაგრამ ნოტების აწყობა კი არავინ არ იცის და ახლა როგორ მოვიქცე, რომ სიმღერები დავბეჭდო? შენ გამომიწყვე საქმეო.
მე ვუთხარი: შენ ეს რაც გიკითხავს და გაგია, ყველა ეს მართალი არის, მაგრამ მას შემდეგ, მე რომ სტამბა სხვას გადავეცი, იმათ ის კარგად ვერ აწარმოეს, ამიტომ იმათაც სხვაზე გაყიდეს და ყოველი სასტამბო საქმე შესწყდა! ახლა მე ამას გეტყვით: მე ნოტების აწყობა და დაბეჭდვა კარგად ვიცი და კარგად შემიძლია აღვასრულო, მაგრამ მე აქ სამსახურში ვარ, ამ შენი საქმის შესრულებისათვის, თუ დროებით განმათავისუფლებს ქუთაისის ეპისკოპოსი გიორგი, თავისი მოწერილობით, მაშინ შემიძლია წამოვიდე ქუთაისში და შენი სიმღერები ნოტებზე ავაწყო და დაგიბეჭდო და მოწონებულად ჩაგაბარო.
ეს ჩემი დაპირება ძალიან გაეხარდა ნ. შარაბიძეს და სულ მალე მოაწყო საქმე.
მე ამ საქმის აღსრულებისათვის დროებით გადავედი ქუთაისში და დავიწყე ი. კილაძის სტამბაში სიმღერების ნოტებზე აწყობა (თუმცა ძალიან არეული დამიხვდა ნოტების ასოების კასა, რადგან ნოტის უცოდინარ კაცს ჩაერჩია კასაში). მაშინ აუწყე პირველად: "ნოტები და მათი განმარტება"; 6 გვერდი და მასთან, 18 ნომერი სხვადასხვა სიმღერები, სულ 32 გვერდი, და ეს ნამუშევარი საქმე ნ.შარაბაძეს პირნათლად ჩავაბარე. იმ დროს როდესაც მე ქუთაისში ი.კილაძის სტამბაში ნ. შარაბიძის ნოტებზე ვმუშაობდი შემოვიდა ჩემთან დიდი მომღერალი და მუსიკოს-კომპოზიტორი, კოტე ფოცხვერაშვილი, გამომეცნო და მითხრა: მეცა მაქვს ნოტებზე ასაწყობი სიმღერები და ამ საქმის შემდეგ ჩემიც ააწყვე, უნდა დავბეჭდო და გამოვსცეო. მეც დავეთანხმე და ამას ავუწყვე მისი შედგენილი და დაწერილი სიმღერები: პირველი "დიდება", ქართული ეროვნული ჰიმნი #1. ეგრეთვე მეორე ნაირი: "ლაშქრული", ქართულად საომარი სიმღერა #2. ეს ორივე ჩემგან პირნათლად ჩაიბარა.
ამ საქმის მუშაობის დროს, მე მოვახსენე პროფესორ კოტეს: თქვენი ქება მრავალ სხვათაგან გაგონილი მაქვს, და შენი ნახვა გაცნობა, ძალიან მინდოდა. ახლა მოგახსენებ დალაგებით ჩემი საქმის ამბავს:
მე და კომპოზიტორ ფილიმონ ქორიძემ, მრავალი საგალობლები შევკრიბეთ და ნოტებზე გადავიღეთ! ამ ნაწარმოებიდგან ერთი წიგნი კიდევაც ვანახვე შემდეგ დროში. ეს მას ძალიან ესიამოვნა და ვსთხოვე: თქვენი მხრიდგან ერთგული ხელმძღვანელობა გამიწიე მეთქი. მან მითხრა: - დიდის სიამოვნებით, მე ყოველთვის დაგეხმარები მაგ შენ ნოტების საგალობელთა საქმეშიო. და ეს თავისი დაპირება, კიდევაც ერთგულად აასრულა: ყოველთვის მასთან მივდიოდი, ვკითხავდი და ის დიდ ხელმძღვანელობას და დახმარებას მიწევდა ყველაფერში. ამრიგად ბ-ნ კოტემ დიდი შრომა და მოღვაწეობა დასდვა ამ ჩემი ნოტების საგალობლებს.
მისი ერთგულის მეცადინეობით: მთავრობასთან იშუამდგომლა, მორიგება მოახდინა - ეს ქართული ეროვნული საგალობელთა სიმდიდრე და სასიქადულო განძი მთლიანად გადავეცით საქართველოს დიდებულს სააკადემიო მუზეუმს, ყველა საგალობელთა წიგნები; და მათგან ყოველთვიურად დამენიშნა საბუთიანი პირობით და ხელშეკრებულებით (როგორც ამ წიგნის ბოლოში აღნიშნული არის) ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ნივთიერად დახმარების ფული. ამიტომ დიდ მადლობას ვუძღვნი, როგორც პატივცემულ მთავრობას, ისე პროფესორ ბ-ნ კოტე ფოცხვერაშვილს.