წმინდა ექვთიმე კერესელიძე
გაგრძელება
ჩემი ახლად გამოყოფილი სტამბა და ყველაფერი ქონება გამოვაწყე
და რკინის გზით გავგზავნე ქუთაისში. მხოლოდ ნოტის საგალობელი წიგნები კი არავის ვანდე და მე თვითონ წავიღე და იქ ჩემს შკაფში შევინახე. ყველა იმ გაგზავნილ ბარგსა და სტამბას, სამი ვაგონის დაქირავება დასჭირდა, რომელიც ერთი კვირის მერე მივიღეთ ქუთაისში, იქ სასტამბოდ დაქირავებული იყო ბინა, ტფილისის ქუჩაზე, პარტნოი კირიჩევის სახლი. მთელი იმ სახლის ეზო-მიდამო ბარგით გაივსო, ერთი კვირის განმავლობაში საბეჭდავი მანქანები დავსდგი და მთელი სტმბა მოვაწყე და ამხანაგობას გადავაბარე. ამის გარდა 36 იაშიკი სხვა დასხვა წიგნებით და ნოტის დაბეჭდილი ფორმებით სავსე, კიდევ მის ეზოში ეწყო. ახლად დაწესებული ძმობის წევრებად თურმე ყოფილიყო მარტო სამი კაცი: მღვდელი სვიმონ მჭედლიძე, მასწავლებელი ტრიფონ ჯაფარიძე და მისი სიმამრი დეკანოზი ნესტორ ყუბანეიშვილი. ამ სამმა კაცმა ჩაიბარეს სტამბა და მასთან ყველაფერი, მაშინ მე იმათ უთხარი: ამ წიგნებსაც, რომელიც იაშიკებში აწყვია, ერთი ადგილი უნდა უშონო, რომ დავალაგოთ მეთქი. მაშინ დეკ. ნესტორმა წარმოთქვა: მთელი ჩვენი საძმო და საამხანაგო თანხა, მარტო თორმეტი თუმანი მქონდა მოძიებული და ისიც სტამბის გადმოტანაში დაიხარჯა და რითი უნდა უშოვნო ადგილი მაგ წიგნების შესანახად, რო ფული არ არისო!გაგრძელება
მერე მე უთხარი: როგორ რა მომივიდა, იმ კაცმა დამარწმუნა რომ ერთი მილიონი ფული ხელ-შეუხებელ კაპიტალად ბანკში გვაქვს შენახულიო, და ნახევარი მილიონი საწარმოებლად გვაქვს ხელშიო; ახლა შენ ამბობ მარტო თორმეტი თუმანი გვქონდაო! თორმეტი თუმნით გინდოდათ ასეთი დიდი უზარმაზარი საქმის დაწყება?! რა მიყავით ეს, ან რატომ თავში არ გამაგებიეთ მე! მაშ ასე 36 წიგნებით სავსე იაშიკები ასე გარედ უნდა ეყაროს?! ამას საკუთარი საწყობი ოთახი არ უნდა?! შკაფები მაინც შემოსწირეთ რომ ეს წიგნები ამოვიღოთ და დავალაგოთ შიგ?! მითხრა პასუხად დეკ. ნესტორ ყუბანეიშვილმა: ჩემი შკაფი ხუთი მანეთი ღირსო. მე უთხარი: შენი შკაფი ხუთი მანეთი ღირს და არ გემეტება ძმობას დაუთმო და ჩემგან კი გინდათ რომ 20000 მან. ღირებულების სტამბა და 5000 მანეთის ღირებული წიგნები მუქთად დაგითმოთ?! როგორც მე გულუხვად მოვენდე ამ თქვენ დაწყებულ საქმეს, ისე თქვენც გულ-უხვად უნდა მოეკიდოთ, რომ საქმე გაკეთდეს, თორემ, ასე როგორ შეიძლება?! მითხრა პასუხად: ეს სვიმონ მღვდლის ბრალია, თურმე შენ იქ სხვას გეუბნებოდა და ჩვენ აქ სხვას გვეუბნებოდაო.
რადგან წიგნებს ყურადღება არ მიაქციეს, ამიტომ დარჩა იგი ეზოში დაწყობილი ორ-თვეზე მეტი, ამასობაში, იქვე მყოფ პარტნოი კირიჩევის ქარგლებს გაეხსნათ იაშიკები და მოეპარათ რაც დაბეჭდილი ნოტის ფორმები და წიგნების ფორმები იყო და ბაზარში გაეტანათ გასაყიდად და იაშიკის თავები ისევ დაეხურათ. დავრჩი ისევ მე დაზარებული და გულ ნატკენი. ის დარჩენილი წიგნაკები ჩემ ბინაზე შევინახე.
სტამბის დადგმისა და მოწყობისთანავე, სვიმონ მღვდელმა თავისი ჟურნალის "შინაური საქმეების" აწყობა დააწყებინა და უფასოდ ბეჭდავდა! თურმე სვიმონ მღვდლის ერთად-ერთი სურვილი და მეცადინეობა ის ყოფილა, რომ თავისი ჟურნალი მუქთათ ებეჭდა და სხვა არაფრის კეთილის სურვილი და ზრუნვა არ ჰქონია. და არც სტამბის საბეჭდავ საქმეებისათვის იზრუნეს. ვხედავ რომ საქმე გლახად არის, ვეუბნები სამივე ამხანაგებს: სტამბას საქმეების მომტანი და მზრუნველი კაცი უნდა მეთქი, მოიყვანა ტრიფონ ჯაფარიძემ თავის ნათლული კანტორჩიკად, შემოსული ფული მაგან უნდა ჩაიბაროსო, რომელსაც არავითარი სტამბის წარმოება და საქმის შოვნა არ შეეძლო და იყო მთელი დღე სტამბაში ტყუილად! თუ საიდგანმე დასაბეჭდავი საქმე გამოჩნდა, მისთვის ქაღალდის მაღაზიიდგან, სტამბის სახელობაზე ქაღალდებს ნისიად ეზიდებოდნენ. ამ ნაირად წამოღებული ქაღალდის ვალები თანდათან ემატებოდა და არ ისტუმრებდნენ! ამაზე კიდენ მომუშავეების ჯამაგირები ვალად ედებოდათ და მიმცემი არავინ იყო. გავიდა სამი თვე. არც მე და არც სხვას ჯამაგირი არ მიგვიღია, ამიტომ უფულობის გამო ტანისამოსი ვერ ვიყიდე და ზამთრების ხანებია, კიდევ გაცივებული ვარ და გავხდი ავათ; მივედი ექიმ ხაჩინოვთან, ვეჩვენე და მითხრა: გაცივებული ხარ და ტიფად გადაქცევიაო; მარტო რძე სვი და თბილად იყავი და მომვლელი დაგჭირდებაო. მთელი ერთი თვე ლოგინზე ვიწევი. მძიმე ავათმყოფი, მართლაც რძის მეტს არაფერს არ იღებდა ჩემი გული. ჩემს მომვლელად მყავდა ჩემი ძმისწულები, სამი კაცი, რომელნიც სტამბაში მომუშავეებად მყავდა და იგინი მორიგეობით მივლიდნენ, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, მე რომ გამოვრჩი, ახლა იგინი გამიხდნენ ავათ! ყველანი ერთი მეორის შემდეგ. მე კიდევ განვაგრძე სტამბაში მუშაობა. ყველა მომუშავეები შემომჩივიან: რა მიზეზია რომ აქამდი ჯამაგირები არ მიგვიღიაო? მე ვეუბნები: მეც არ მიმიღია, მაგრამ გვპირდებიან საიდანმე მივიღებთ და მოგცემთო.
ამასობაში დადგა კიდეც 15 დეკემბერი, მივედი სვიმონ მღვდელთან და ვუთხარი: შენ ხომ იცი თბილისში ჩვენი სახლი ბანკშია დაზღვეული, 28 დეკემბერს არის დანიშნული სახლების საჯარო ვაჭრობა, თუ მანამდე ვალი არ შევიტანეთ, იმ დღეს სახლები გაიყიდება და ჩვენ დავრჩებით ცარიელი. ფული მასესხა, ჩამოვედი თბილისში, სპირდონა თუმცა დამპირდა ჩემ წილს შევიტანო, მაგრამ ხუთი დღე მოტყუებით მაცდევინა და საჯარო ვაჭრობის დღეს 28 დეკემბერს გამომიცხადა, რომ ფული ვერ ვიშოვნე და თუ გაიყიდება სახლი გაიყიდოსო; ეს იყო ხრიკი: მას გაყიდვა კი არ უნდოდა, პირიქით მას უნდოდა დაენარჩუნებინა სრულიად თავისთვის; კაცებიც კი დაექირავებინა ტორგში შესასვლელად! მე არტემ ახნაზაროვი დამეხმარა და მან ტორგში სპირდონას მეტოქეობა გაუწია: სახლის ფასი აუწია და ისე მიატოვა მათზე.
არტემ ახნაზაროვმა აიღო თავის ზალოგად დადებული ორმოცდაათი თუმანი, ჩაიდვა ჯიბეში, მოვიდა ჩემთან და მითხრა: ორ კვირაში თუ დაიხსნეს სახლი, მაშინ შენ ბლომად ფული შეგხვდება, თუ არ დაიხსნეს, მაშინ იმათგან ჩარჩენილ ზალოგიდან ბანკის ფული გასწორდება და სახლი ისევ ორივეს ზიარი იქნება: მეც ძლიერ გახარებულმა მადლობა გადავუხადე.
ორი კვირა გავიდა, სპირდონამ სახლი ვერ დაიხსნა და სახლი ისევ საზიარო შეიქმნა. ამიტომ ჩემი წილი სახლი, ჩემს დაცველ ვექილ არტემ ახნაზაროვს მივყიდე და ფულიც ჩამაბარა ბანკში. ეს ამბავი სპირდონამ გაიგო, რო ჩემი წილი სახლი მივყიდე არტემ ახნაზაროვს, მოვიდა და მისაყვედურა: რატომ მე არ მომყიდეო. მე ვუთხარი: შენ მუქთად გინდოდა, იმ კაცმა კი სრული ფასი მომცა! შენ სრულიად წართმევა გინდოდა ჩემგან და მე იმ კაცმა დამიხსნა-მეთქი.
სამი დღის შემდეგ, არტემ ახნაზაროვმა, სპირდონას ნატარიუსის ძალით განცხადება მისწერა: აქამდე თუ ესტატე კერესელიძე იყო შენი სახლის მონახევრე, ახლა მე ვარ მის მაგიერი, ერთი სიტყვით, ყოველი თითოეული ოთახების ნახევარი ჩემია, არ მინდა რომ ჩემ ზიარ სახლებში შენ იცხოვრო. გიცხადებ ორი კვირის განმავლობაში დამიცალე ყოველი თითოეული ოთახი, ჩემ წილში მე თვითონ უნდა ვიცხოვროვო.
ეს მიწერილობა აჩვენა მან თავის ვექილებს, იმათ უთხრეს: უეჭველად ან უნდა დაუცალო და ან თუ გაყიდის თავის წილს, უნდა შეისყიდო, თუ დაცლა არ გინდაო. ეს გამოცხადება დაცლა სახლებისა თავის ბარგის და სტამბის მოწყობილობის, იანვრის თოვლიან დღეებში შეუძლებელი იყო მისთვის, ამის ჯავრი ცალკენ აწუხებდა და მეორე ის აწუხებდა, რომ სახლების შესყიდვა და შესაკუთრება არ შეეძლო, ამ მწუხარებაში მყოფმა, აირჩია, შევისყიდი მის წილს თუ მომყიდაო, ამისთვის წავიდა და სთხოვა: დამდევ პატივის-ცემა, რადგან სახლების დაცლას ვერ ვახერხებ, შემაყიდე შენი წილიო? იმან უთხრა: მე რაც მივეცი, ერთი ორად იმდენს თუ მომცემ, შეგაყიდი, თორემ ისე არა. ესე იგი, მე რომ ოთხასი თუმანი მივეცი, შენ უნდა მომცე რვაასი თუმანი ფული. ნაკლებ არ შეგაყიდიო. ძალიან ემწუხარა, მაგრამ რა ექნა. ჩაუთვალა რვაასი თუმანი ხელში და სახლი შეისაკუთრა.
ქუთაისში ჩასვლისთანავე სვიმონ მღვდელმა ლაქუცი დამიწყო, გაიგო სახლების გაყიდვა და ფულის სესხებას მემუდარება. მე უარს ვეუბნები, მაგრამ ის მაინც არ მეშვება და ვითომ თავის ხრიკებით მუქთად ნაშოვ სახლს მიგირავებს. მე კიდე არ ვშვები. მე უკვე გავიგე, თუ რა კაცები ყოფილან ეს სამი პირი და აღარ ვენდე, მათ შური აიღეს ჩემზე, ბევრი მაწამეს, სიცოცხლე გამიმწარეს, ვალებს უფრო მოუმატეს, ბოლო საქმე იმით გათავდა, რომ თავიანთი ვალები მე გადამახდევინეს! რა მექნა: სტამბა ამიწერეს ვალში და ხომ არ დავკარგავდი! გავიღე ფული და გამოვშორდი მათ (უკეთუ ვისმე ეს სიტყვა გაგრძელებულად მიაჩნდეს, მე ამ სინამდვილეს მოვახსენებ: რაც მე ჩემმა მატყუარა ამხანაგებმა ღალატი, ტანჯვა და შავი დღე დამაყენეს, იმის მცირე მოვიხსენე და ათი იმდენი მოუხსენებლად გამოვტოვე).
სტამბა კვალად თბილისში გადმოვიტანე, დავსდგი, გავმართე ელექტრონით და საქმეებითაც გაივსო. ამ დროს გულ-დაიმედებულმა ეს სტამბა გადავეცი ჩემს ძმისწულებს.
ამის მერე მე თავი გავითავისუფლე. ვიშოვე დრო და გადავედი საშრომლად დიდად ცნობილ გელათის მონასტერშიდ, ჩემის ნოტებით, იგივე გიორგი ეპისკოპოსის დროს, 1912 წ. პირველ რიცხვებში.