პალმის რტოებით მოფენილა გზები სავალი,
"ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა!.."
გაყრუებულა არე-მარე ყრმათა ყიჟინით.
მოციქულები, ეს სათუთი ღრუბლის ქულები,
მაცხოვრის გვერდით ქედმოხრილები.
იერუსალიმ! მადლიანო ჩემო ქალაქო,
იუდეველო! დღეს კეთილო მასპინძელო,
ხვალ კი ჯალათო,
ფარისეველნო! ბრმა წინამძღვარნო,
ვერ შემცნობელნო უფლის დიდების.
"ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა!.."
გაყრუებულა არე-მარე ყრმათა ყიჟინით.
პალმის რტოებით მოფენილა ქალაქის გზა,
უფალს ადიდებს სუფთა გულით, ნაცნობი ყრმა.
გარდამოხსნა
(დატირება)
ვგრძნობ შენს სიახლოვეს ღვთისმშობელო,
შენს სათნო თვალებს და კეთილ ღიმილს.
გამორჩეულო დედათა შორის, მშვიდობის მტრედო,
უფლის ადამიათან შემარიგებელო, ბურჯო შეურყეველო
და შვიდფერო ცისარტყელავ ცაზე გადაშლილო.
დასაბამო ცხონებისაო, ზღვა სიყვარულისაო,
მზეო სიკეთისაო, შროშანო სიწმინდისაო,
წმინდაო ჭურო, დამტევნელო დაუტევნელისაო,
დედაო სიმდაბლისაო...
ძნელია, როდესაც ჯვარზე გიკრავენ შვილსა და უფალს
და იქ, სადაც დუმილი სიტყვაზე მეტია,
ტკივილი დედისთვის მეტისმეტია.
ვგრძნობ შენი ცრემლების სიმხურვალეს,
როცა გახსენდება პატარა იესო,
ხელებზე გისვენია ჩვენი მაცხოვარი,
ერთ დროს რომ გიკრეფდა იებსო.
დრო გაირინდა ახლის მოლოდინში,
დაღონებულან ქერუბიმები.
ძნელია, როდესაც გიკლავენ შვილსა და უფალს
და იქ, სადაც დუმილი სიტყვაზე მეტია,
გაცემულ პასუხში ვერ ჩაეტია.
აღდგომა
(ნუ მტირ მე დედაო, მხილველი
საფლავსა შინა ძესა)
ნუ მტირ მე დედაო,
რამეთუ მოვკვდი ამა ქვეყანად
ღმერთის ქმნილების გამოსახსნელად.
ნუ მტირ მე დედაო,
რამეთუ ჯვარზე განცდილი ტკივილები
შეიცვალა ღვთიურ სიხარულად.
ნუ მტირ მე დედაო,
რამეთუ ამიერიდან კაცთა მოდგმაზე
იდიდება სახელი შენი.
ნუ მტირ მე დედაო,
რამეთუ აღვასრულე მე ჩემი ვალი.
ნუ მტირ მე დედაო,
რამეთუ მსუბუქად ვზიდე მე ჩემი ჯვარი.
ნუ მტირ მე დედაო,
რამეთუ შევმუსრე ბჭენი ჯოჯოხეთისანი.
ნუ მტირ მე დედაო,
რამეთუ განვახვნე სამოთხის კარი.
ნუ მტირ მე დედაო,
რამეთუ აღსდგა ძე შენი, მაცხოვარი!
მაია ყაზახაშვილი