ამქვეყნად ყველა ადამიანს აქვს თავისი ფუნქცია, ისე როგორც ნებისმიერ ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელს... ამაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდი, როცა ერთ ძალიან საინტერესო ამბავს ვუსმენდი:
მხატვარი და ხელოვანი, ხეზე კვეთის დიდოსტატი თამაზ ჩერტყოშვილი ხის ჯვარცმაზე მუშაობდა. როცა იესოს ფეხზე სამჭვალი უნდა ამოეკვეთა, აღმოჩნდა, რომ იმ ადგილას ხეს თავისი კოჟრი ჰქონდა, რომელიც მუშაობის დწყებამდე არ ეტყობოდა. ოსტატმა სიფრთხილით ამოკვეთა სამსჭვალი და ვიდრე იგივე სამუშაოს მეორე ფეხზეც შეასრულებდა, მეგობარს გაუმხილა, ძალიან ვღელავ, მაინტერესებს, თუ აქაც ისეთივე ხის კოჟრი გამოჩნდაებაო... შემიძლია წარმოვიდგინო პირველი შეხების მთელი ემოციური სიმძაფრე, მოლოდინის დამაუნჯებელი ძალა... ხელის ძლიერი და ნაზი მოძრაობების მონაცვლეობა ხეზე კვეთისას... და სრულიად განმაცვიფრებელი შედეგი: მეორე ტერფზეც, იქ სადაც სამსჭვალი უნდა ყოფილიყო ბუნებრივი ჭრილობა - ხის კოჟრი, რომელიც ზედაპირზე არ ჩანდა! ნელ-ნელა, უდიდესი სინატიფით იკვეთებოდა ხისგან ჯვარზე გაკრული მაცხოვარი. ისიც გამოჩნდა, რომ ჯვარცმულ ქრისტეს გვერდზე სისხლის წინწკლები ეტყობოდა, - ესეც იდუმალი ბუნების ენა და ნიშანი, რომ ამ ხისგან აუცილებლად ჯვარცმა უნდა გამოკვეთილიყო...
დიდოსტატის მეგობარი ციცინო გოგლიძე სიყვარულით იხსენებდა იმ დღეს, როცა ჯვარცმის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადასაბრძანებლად მრევლის ნაწილი თამაზ ჩერტკოშვილის სახელოსნოსთან მივიდა. აღმოჩნდა, ხელოვანი შინ არ იყო. დაურეკეს... მალე მოვალ, ნახევარ საათშიო... მერე კიდევ დაურეკეს - სულ რამდენიმე წუთშიო. ბოლოს თავად დარეკა: სახელოსნოში ვარ, შეგიძლიათ მობრძანდეთო. კარი გაიღო და ყველამ დაინახა, რომ ოსტატს სახე წაშლილი ჰქონდა, დაღლილობის და დიდი ემოციური განცდის კვალი. ის ნახევარი საათი, ალბათ ბოლო შტრიხებს ასრულებდა, როგორც ხელოვანი, ეფერებოდა უკვე მისგან მიმავალ ქმნილებასო, - ქალბატონმა ციცინომ...
მერე ჯვარცმა ხელით ააბრძანეს ნარიყალაზე... საკმაოდ მძიმე იყო და რამდენიმე კაცის ხელი დასჭირდა, მათ შორის ერთის ისეთისაც, რომელსაც საშინლად სტანჯავდა მხრისა და ხელის ტკივილი. მოერიდა ამისი გამხელა და შეუდგა სხვებთან ერთად ჯვარცმას. დიდი ფიზიკური ტკივილის ფასად დაუჯდა ეს თავდადება, თუმცა ტაძარში მისულმა აღმოაჩინა, რომ მისი სატკივარი საერთოდ გამქრალიყო. მას მერე აღარც ტკენია...
ასეთი გადმოცემები არაერთია ჩვენს რელიგიურ ცხოვრებაში... თუმცა ამჯერად ამბის ყველა მონაწილე შეგიძლია ნახო და პირველწყაროდან მოისმინო მომხდარი.
საინტერესოა იმ ხელოვანის სახე, რომელიც ამ დიდებულ სიწმინდესა და სხვა არაერთ სიწმინდეს ქმნიდა: მას ეკუთვნის საპატრიარქო ტახტრევანი, სამი ღვთისშობლის ხატისა და მაცხოვრის ხატის კიოტები სიონის ტაძარში, მცხეთაში ჯვარი პატიოსანი, სამების საკათედრო ტაძარში ჯვარცმა, ნარიყალაზე წმინდა ნიკოლოზის ხატის კიოტი... ანალოგიები, ოცდაოთხი სკამი საკურთხეველში, ახალგორში დადგმული შალვა, ბიძინა და ელიზბარ ერისთავების ქანდაკებები და კიდევ ძალიან ბევრი რამ, რომელიც ყველას გვინახავს, ოღონდ არ გვცოდნია, რომ ამ მშვენიერების ავტორი აქვე, ჩვენს ქალაქში ცხოვრობს, ძალიან მოკრძალებული ადამიანია, საპატრიარქოში ხშირად სიყვარულით ნიკალას ეძახიან და ნიკალასავით კიბის ქვეშ არა, მაგრამ ხიდის ქვეშ კი ცხოვრობს და მუშაობს. მის სახელოსნოს არ აქვს ფანჯარა - ცას ვერ ხედავს... თუმცა მას თავისი ცა აქვს დაყ ველა უცხო თვალისგან დაფარულად შეუძლია ამ ცითა და მზით ტკბობდა... სახელოსნოში ზამთარში ძალიან ცივა, იქვე ბუხარი აქვს გაკეთებული, მაგრამ როცა ანთებს, ოთახში კვამლი დგება და თვალებიც გვარიანად დაგეწვება - ეს ჩემ თავზე გამოვცადე. ისეთი სივიწროვეა, ადგილი არ არის, რომ სურათის გადასაღებად უკან დაიხიო და კადრში კარგად გამოაჩინო აგურის კედლები, დიდოსტატის ნამუშევრები - კედელთან დაწყობილი ფოთის საკათედრო ტაძრის კანკელის აღსავლის კარი და ორი სადიაკვნე კარი, ხეში ნაკვეთი მაცხოვრის გამოსახულება და თიხით ნაძერწი წმინდანების ბარელიეფური გამოსახულებები.
სულ სამი სკამი დგას, მეტი არ დაეტევა. ვსხდებით. ხელოვანს ათასი რამ მინდა ვკითხო: როგორ დაოწყო ყველაფერი, როგორ სრულყო თავისი ხელოვნება, როგორ მივიდა რელიგიურ თემატიკასთან...
- სოფელ შუახევში ვიზრდებოდი, იქ ხევში ყვითელი თიხა მოიპოვება, ვხედავდი, ქალები როგორ ზელდნენ თიხას და ძერწავდნენ თონეს. თიხაში ურევდნენ თხის ბეწვს, მარილწყლით ამოიყვანდნენ, მერე შრებოდა, ამოუშენებდნენ გარეთა მხარეს, ან შემოუწნავდნენ და გამოწვავდნენ... აცხობდნენ პურს...
ვხედავდი ამას და მეც მინდებოდა, გამომეძერწა სხვადასხვა ფიგურები, მოვზილავდი კიდეც თიხას, მთავარი ის იყო, რომ კარკასს ვუკეთებდი ხისას... ხე სინესტეს იწოვდა, ამიტომ ჩემი პორტრეტები სკდებოდა. ვფიქრობდი, რა ემართება ამ თიხას, ქალები რომ თონეს აკეთებენ ხომ არ სკდება-მეთქი... ვერ ვხვდებოდი. ვერც ვერავინ მასწავლიდა, რომ კარკასი ლითონის უნდა გამეკეთებინა. სკოლაში ხატვას ფიზკულტურის მასწავლებელი მასწავლიდა... დედა ბიბლიოთეკაში მუშაობდა და რაც შეეძლო, მეხმარებოდა, მოჰქონდა ფურცლები, ფანქრები... იაკობ ნიკოლაძის წიგნიც მომიტანა ერთხელ. დავათვალიერე და ამოვიკითხე, რომ ზოგი რამ თაბაშირისკან ჰქონდა გაკეთებული. დავიწყე ფიქრი, თაბაშირი სად მეშოვა... ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელს მეუღლე კბილის ექიმი ჰყავდა, მითხრეს, თაბაშირი იმას აქვსო. ას ერას მომცემდა, მეც მასწავლებელს შევუთანხმდი, რომ თაბაშირით საქართველოს რუკის რელიეფს გავაკეთებდი. მომიტანა თაბაშირი. რუკა კი გამოვძერწე თიხისგან და გადავასხი თაბაშირი, მაგრამ სხვა არაფერი გამომივიდა, მეგოა თაბაშირიც თიხასავით უნდა გამომეძერწა და ამას რომ სხვა ტექნოლოგია სჭირდებოდა, არ ვიცოდი...
ხელოვანი შორეულ წლებს იხსენებს, როცა პირველად ჩამოვიდა თბილისში, ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში ფურცლითა და ფანქრით “შეიარაღებული”. მერე გამომცდელებმა იკითხეს, აბა ქანდაკებაზე ვინ არისო და ისიც, ქანდაკების სახელის მოსმენის გამო გაბრწყინებული, დაუფიქრებლად ადგა და გაჰყვა გამომცდელს, თავისი ფანქარი და ფურცელი იქვე დატოვა... მერე გაჩნდა აკადემიაში სწავლის გაგრძელების სურვილი... გამოცდა, რომელზეც ქანდაკებაში უმაღლესი შეფასება მიიღო, მაგრამ ვერ მოხვდა. ეგეთი დრო იყო... მარტო ნიჭით და ცოდნით ძნელად ეწყობოდნენ. ახლა სხვა დროა, მოწყობით კი ეწყობიან, მაგრამ სწავლის გადასახადის გადახდა უჭირთო, - ბატონმა თამაზმა... ამიტომაც ოცნებობს სამხატვრო სკოლის გახსნაზე, სადაც ნიჭიერ ბავშვებს ასწავლიან ხატვას, ძერწვას, ჭედურობას, ხატწერას, ფერწერას... ეს იქნებოდა სკოლა, სადაც არა მარტო ასწავლიან, არამედ დააოსტატებენ კიდეც შეგირდებს... და რაც მთავარია ეს ყველაფერი უფასო იქნებოდა ბავშვებისთვის...
ჯერ-ჯერობით ეს ოცნება ოცნებად რჩება, მაგრამ ვნახოთ...
რაც შეეხება რელიგიურ თემატიკას, თავის შემოქმედებაში სულ უბრალოდ შემთხვევით მიაკვლია... სთხოვეს ჯვარცმის გაკეთება ვიღაცისთვის საჩუქრად... გააკეთა, და თავისთვისაც გადაწყვიტა ჯვარცმის გაკეთება, ნელა მუშაობდა, გულდაგულ... ეგ იყო, სულ არ იცოდა, რომ ის, რისი მიხედვითაც ჯვარცმას აკეთებდა, კათოლიკური გახლდათ... ბატონი თამაზი არაფერს ამბობს იმაზე, რომ იმ წლებში ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა, იქნებ სარჩოს მოძიებაც კი უჭირდა... ამას თავად ვხვდები, როცა მიამბობს, როგორ ურჩია მეგობარმა, მოდი ეს ნამუშევარი გაყიდეო. მერეღა აუხსნა ვიღაცამ - ეს ჯვარი კათოლიკურია და სომხების ეკლესიაში მიიტანეთ, იქ შეიძენენო, მიიტანეს კიდეც. უფლის ნებით ხვალ მოდითო, ტერტერას დაუბარებია... ამ ცოტა ხანში კი სრულიად შემთხვევით სიონის კარს მიადგნენ.. იქ მამა თამაზი დახვდათ და საპატრიარქოში გააგზავნა ორივე.
- საპატრიარქოში ჯვარი იყიდეს... პატრიარქი რომ ვნახე პირველად, ისე მიმიღო, ისე მომეწონა, რომ ამის მერე სურვილი გამიჩნდა კიდევ მემუშავა რელიგიურ თემატიკაზე, ფაქტობრივად, მაცხოვარმა და პატრიარქის მადლმა მიმიყვანა აქამდე. მომინდა მისთვის საჩუქრად გამეკეთებინა რამე... ერთი თვე ვუკეთებდი მაცხოვრის ხატს. რომ დავასრულე, მივართვი საპატრიარქოში... ზურაბ ჭავჭავაძე დამხვდა იქ, დაუტოვე და გადავცემთო. ვიუარე, მინდა შენიშვნები მომცემს-მეთქი. მაშინ დაელოდე და მიგიღებსო... დაველოდე. რომ განთავისუფლდა, მართლაც მიმიღო. გაიხარა, რომ ნახა ნამუშევარი. მაშინ შემომთავაზა, იქნებ საპატრიარქო ტატხტრევანის ესკიზი გააკეთოო. ჰქონდა კიდეც ესკიზები და მათ შორის ჯერ არცერთი იყო ისეთი, რომ მოწონებოდა... ორი კვირა ვიმუშავე ესკიზზე და მიართვი. ოთახში ბევრნი იყვნენ, მათ შორის საერო პირებიც... იქ იყო მათი არქიტექტორი შალვა ცინცაძე - კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის შვილი.
ესკიზები ნახეს და კმაყოფილი დარჩნენ. შალვამ თქვა, გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ თუ გააკეთებს ტახტრევანს ვინმე, ეს კაცი გააკეთებსო. ძალიან გამეხარდა... შევუდექი მუშაობას, ოცი თვე გაგრძელდა ეს პროცესი. რომ ნახეს გამზადებული, პარტიარქმა ჩამიხუტა, მომეფერა... მერე საპატრიარქოს კარზე და პატრიარქის საწოლზე ვიმუშავე...
ჩემს სახელოსნოში ორჯერ არის ნამყოფი პატრიარქი...
- საეკლესიო თემატიკაზე მუშაობამ თუ შეგცვალათ?
- ცხადია, შემცვალა, - ამბობს ოსტატი და თვალებში სხივი უკრთის, რომელიც ამ სახელოსნოში ვერსაიდან შემოვა, შინაგანი სხივია, - ადრე ეკლესიურად ვერ ვცხოვრობდი, არც მესმოდა, კვირას თუ შევივლიდი წირვაზე და წამოვიდოდი... თუმცა ჩემებურად ყოველთვის მწამდა. ჩვენთან, დუშეთის რაიონში ბევრი სალოცავია, ერთი წმინდა გიორგის სახელობისა, რომელიც სასაფლაოზეა, იქვე ახლოს წმინდა ბარბარეს სალოცავის ნაშთებია და ბაღების ხატი - ესეც წმინდა გიორგის სახელობისა. ჩვენი სახლის პირდაპირ კი კვირაცხოვლობის სალოცავი იყო. იქვე ძველი სასაფლაოც ყოფილა, ერთხელ ხევი რომ ადიდდა ჩამორეცხა და გამოჩნდა ძვლები, სხვადასხვა ნივთები... მათ შორის ძველი ფოლიც, რომელიც ჩამოიტანეს თბილისში და სამი საუკუნის წინანდელი აღმოჩნდა... სალოცავებზე დღესასწაულები აღინიშნებოდა.
სასაფლაოზე რომ წმინდა გიორგის სალოცავი იყო, იმის ქვემოთ სოფლის შარაგზა გადიოდა, რამდენჯერაც გავივლიდი და გმოვივლიდი, ყოველთვის ვამბობდი ჩემი სული შენ ფეხ-ქვეშ იყოს-მეთქი. ჩემით გამოვიგონე ეს ლოცვა. წლების მანძილზე მამაჩემი იქ რიტუალს ასრულებდა, მამას დეკანოზს ეძახდნენ. ღამით მივდიოდით შუშხუნებით, ეს იყო ტყეში მოგროვებული ხის სოკოები, რომლებსაც ვახმობდით, ნავთით გავჟღენთავდით, წამოვანცვამდით სარზე და მით მივდიოდით მთელი სოფელი... ცეცხლის ასანთებად სპეციალურად ვამზდებდით მუხის ხის ტოტებს, თავისი ფოთლებით, ვახმობდით... ამას კარგად ეკიდებოდა ცეცხლი. მეორე დღეს საკლავი იკვლებოდა... მიმიხაროდა ხოლმე დღეობებზე... იქვე იყო ჩაყრილი ქვევრები - ყველა გვარს თავისი ჰქონდა... მერე კოლმეურნეობამ მოთხარა ის ქვევრები, რომლებიც ჯერ კიდევ მთელი იყო და დრო-ჟამს არ დაემტვრია და წაიღო...
თვალწინ მიდგას ყველაფერი...
- სურვილი თუ გიჩნდებათ, რომ როგორც მხატვარმა რელიგიურის გარდა სხვა თემატიკასაც მოჰკიდოთ ხელი?
- მაქვს ხოლმე ამისი სურვილი და ვაკეთებ კიდეც. ზოგჯერ ფერწერაში ვმუშაობ, ხანდახან გარდაცვლილი მეგობრების პორტრეტებს ვძერწავ... ახლაც ვმუშაობ ჩემი მეგობრის თენგიზ გვასალიას ბარელიეფზე. ის ექიმი იყო, ბავშვთა ტუბდისპანსერში მთავარ ექიმად მუშაობდა... თუმცა თურმე ადრე მასაც უნდოდა მხატვარი გამხდარიყო... მაგრამ ექიმი მამის დაჟინებით, სამედიცინოზე წავიდა. ძალიან კარგი ექიმი დადგა. გადაყოლილლი იყო თავის ბავშვებზე. თენგიზიც საავადმყოფოში ცხოვრობდა, სახლი განა არ ჰქონდა, მაგრამ ბავშვებს არ ტოვებდა, იქიდან არ გამოდიოდა. ჩაისვამდა ხოლმე სნეულ პატარებს მანქანაში და მოჰყავდა ჩემს სახელოსნოში, ასეირნებდა ქალაქში. ახალისებდა, როგორც შეეძლო... მათთვის მიჰქონდა სახატავი ფურცლები და ფანქრები, საავადმყოფოში ახატინებდა და მათ ნამუშევრებს საკუთარ კაბინეტში აკრავდა... სრულიად სხვა სამყაროს ხსნიდა ამ ბავშვებისთვის...
ოსტატი გაჩუმდა. სახელოსნოს მრუმე სინათლეში ადვილად წარმოვიდგინე ტუბერკულიოზით სნეული პატარების გაფართოებული თვალები, მათი გამხდარი სახეები და გაიშვიათებული ღიმილი ფერმკრთალ სახეებზე - იმედიანი ღიმილი, რადგან გულში ნათქვამი ლოცვის ძალას აქ ხეში გამოკვეთილს ნახავდნენ... ძველი ქართული ნათქვამია: ცუდი არაფერი უნდა ისურვო, სულ სიკეთეს უნდა ევედრებოდე უფალს, თორემ იესო ხალში დადის, ჩამოივლის და ისეთ დროს გეტყვის, ამინო, შენ რომ არ იციო... ალბათ იმ ბავშვების გულით ნანატრ ჯანმრთელობას აუცილებლად ეტყოდა იესო “ამინს”... და კიდევ, იქნებ, როცა ჯერ კიდევ პატარა თამაზ ჩერტყოშვილი დუშეთის რაიონში ცხოვრობდა, დადიოდა შარა გზაზე, რომელსაც ძველი სალოცავი დაჰყურებდა და გულში თავის მოფიქრებული ლოცვას ამბობდა: ჩემი სული შენ ფეხ-ქვეშ იყოსო, - იესომ ხალხში ჩამოიარა და “ამინო”, - ბრძანა. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ ამისი. მეც მჯერა...
ლელა ჯიყაშვილი