მინანქრის ხელოვნებას საქართველოში უძველესი ტრადიცია აქვს. ადრეული ნიმუშები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება, VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. მუზეუმში დაცულ ქართული მინანქრის ნიმუშთა უდიდესი ნაწილი X, XII, XIII საუკუნეების ძეგლებია.
დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, საქართველოში აღდგა ტიხრული მინანქრის ხელოვნება. თანამედროვე ქართველმა მემინანქრეებმა აითვისეს ამ ხელოვნების ურთულესი ტექნიკა და მიაღწიეს იმას, რომ მინანქარი ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დარგი გახდა საქართველოში.
სულხან ჭიკაიძე მემინანქრეა. მან და მისმა მეუღლემ, ლელა რუსიშვილმა, მრავალი წელი შეალიეს ამ ხელოვნების შესწავლას. ახლა ლელა უმთავრესად სამკაულებს ქმნის, სულხანი კი რელიგიურ თემატიკაზე მუშაობს, წერს ხატებს და მიიჩნევს, რომ ამ საქმის საკეთებლად ტექნიკურ ოსტატობაზე მნიშვნელოვანი სულიერი განწყობაა. "მემინანქრეს იმ წმინდანთან უნდა ჰქონდეს სულიერი კონტაქტი, რომლის ხატსაც ქმნის, მას უნდა სთხოვოს შემწეობა", - ამბობს იგი.
სულხანსა და ლელას არაერთ გამოფენაში მიუღიათ მონაწილეობა. მათი ერთ-ერთი ნამუშევარი, სანაწილე, საუკეთესო ნამუშევრის სერტიფიკატით დაჯილდოვდა. ჰყავთ ორი შესანიშნავი შვილი, რომლებიც ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში სწავლობენ და ასაკის მიუხედავად, დიდ ინტერესს ავლენენ მინანქრის ხელოვნების მიმართ.
- სულხან, როგორ დაინტერესდი ტიხრული მინანქრის ხელოვნებით?
- ტიხრული მინანქრის მიმართ ინტერესი ჩემმა მეგობრებმა გამიღვიძეს. ბავშვობაში გამეგონა ამ საოცარი ხელოვნების შესახებ, მაგრამ იმდენად რთული მეგონა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუკი ოდესმე მინანქარზე მუშაობას შევძლებდი.
ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ტიხრული მინანქრის ნიმუშებს ქმნიდნენ, დამარწმუნეს, რომ ეს არც ისე რთული იყო. მათ დამაინტერესეს ამ საქმით, კეთილი ბიძგი მომცეს, რათა მეც გამებედა დაწყება. მახსოვს, ჩემი პირველი ნამუშევარი პატარა ჯვარი იყო, რომელიც ძალიან შემიყვარდა. მერე და მერე მივხვდი, რომ შვილივით გიყვარდება თითოეული ნამუშევარი, რომელსაც თავისებურ სიცოცხლეს შთაბერავ. ხატი ხომ ლამის ცოცხალი არსებაა და იმდენად საყვარელია, რომ მენანება ხოლმე მისი გასხვისება.
მე რომ დავიწყე მუშაობა, ძალიან ცოტანი იყვნენ მემინანქრეები. ჩვენი მასწავლებელი იყო ქალბატონი ლეილა ხუსკივაძის რედაქტორობით გამოცემული წიგნი "მინანქრის ანთოლოგია", რომელმაც ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია.
ნელ-ნელა დავიხვეწეთ და ჩამოვყალიბდით მემინანქრეებად. დროთა განმავლობაში ჩემი მეუღლეც შემოგვიერთდა.
მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს როგორც ერთობლივი, ასევე დამოუკიდებლად შექმნილი ნამუშევრები. შრომას ვინაწილებთ და ძირითადად ერთმანეთს ვეხმარებით.
- საეკლესიო ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად, გარდა მხატვრული ოსტატობისა, კიდევ რა არის საჭირო?
- მხოლოდ ტექნიკური ოსტატობა ამისთვის საკმარისი არ არის, საამისოდ სულიერად უნდა მომწიფდე. სასულიერო თემატიკაზე მომუშავე ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს მორწმუნე, უნდა გრძნობდეს, რომ ქმნის არა უბრალოდ ლამაზ ნივთს (სამკაულს, გულსაკიდს), არამედ ცოცხალ ხატს. იგი სულიერია და კურთხევის შემდეგ იძენს მადლს, რომელსაც შეუძლია, პატრონი დაიფაროს. ასე რომ, ამ თემატიკას მოწიწებით, მოკრძალებით უნდა მივუდგეთ.
- ხატის შესაქმნელად აუცილებელია საეკლესიო კანონიკის დაცვა. ახერხებ თუ არა, იყო თავისუფალი შემოქმედებით პროცესში, თუნდაც ფერების შერჩევისას?
- ვინც კანონიკის წინააღმდეგია ხატწერაში, ის დოგმების წინააღმდეგია სარწმუნოებაში. დოგმები ღვთის მიერ გამოცხადებული ჭეშმარიტებებია და არა ადამიანის მიერ დადგენილი. ღმერთმა შექმნა ადამიანი და იცის მისი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები. მანვე დაუდგინა კაცს დოგმები, ამიტომ ადამიანი არ უნდა გათავხედდეს და არ უნდა გადალახოს ეს ჩარჩოები. ქმნილება ვერასოდეს ჩასწვდება შემოქმედის არსს. ქმნილებამ მხოლოდ ის იცის შემოქმედის შესახებ, რაც თავად შემოქმედმა გამოუცხადა. სწორედ ეს არის გადმოცემული დოგმებში. თუ მათ გადავუხვევთ, აუცილებლად ცდომილებაში ჩავცვივდებით. ხატწერაში კანონიკა იმისათვის არის დადგენილი, რომ ხატი არ გასცდეს მართლმადიდებლობის ჩარჩოებს, მორწმუნისთვის ამ კანონიკის შიგნითაც უდიდესი ასპარეზია მოცემული, რომელიც უზარმაზარი შემოქმედებითი თავისუფლების გამოვლენის საშუალებას იძლევა. უამრავი ხატი და ფრესკაა შექმნილი, მაგრამ ყველა მათგანი ინდივიდუალურია, განსხვავებულია. თითოეულ მათგანში იგრძნობა ის სული, ის განწყობა, რომლითაც იგი შეიქმნა. რაც არის ადამიანი შინაგანად, იმასვე ავლენს თავის შემოქმედებაში. გენიალური რუსთაველის სიტყვებით რომ ვთქვათ: "კოკასა შინაგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების".
- ხატის შექმნისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას რას ანიჭებ?
- უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ხატის გამომეტყველებას. გამომეტყველება არ არის ხორციელი, მატერიალური რამ, ის სულიდან მოდის. შინაგან განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ხატმა ხომ სულიერი ზემოქმედების ძალა უნდა შეიძინოს. არიან ხატები, რომლებიც გულქვა ადამიანსაც კი შეძრავენ და ძალდაუტანებლად მიუძღვებიან იმ წიაღისაკენ, საიდანაც თავად მოდიან.
- დიდი ხანია, მინანქარი ჩვენს ყოფაში შემოიჭრა. ახლა მინანქრის საყურითა თუ ბეჭდით ყველა იწონებს თავს. როგორ ფიქრობთ, შემოინახა თუ არა ქართველმა ქალმა სამკაულის ტარების კულტურა, ზომიერების ის მადლი, მუდამ რომ ამკობდა?
- ქრისტიანობა ზომიერების პრინციპს ემყარება, ოქროს შუალედი ყველაფერშია საჭირო, მათ შორის - სამკაულების ტარებაშიც. მუზეუმში დაცული სამკაულები, რომელთაც დახვეწილი მონუმენტური დიზაინი აქვთ, სწორედ ზომიერებაზე, სისადავეზე, სრულყოფილებაზე მეტყველებენ. მათ მშვიდი ფერთა წყობა ახასიათებთ. მაგალითად, წმინდა თამარ მეფის ჯვარს პომპეზურობის ნასახიც არ ეტყობა. იგი პატარაა, მაგრამ ტევადი. მასში აქცენტი გაკეთებულია შინაარსობრივ კომპოზიციებზე. ქართული კულტურა, მათ შორის - მინანქრის ეს დეკორატიული ხელოვნებაც, ქრისტიანული სულისკვეთებით არის გაჟღენთილი. მე და ჩემი მეუღლეც ვცდილობთ, ჩვენმა ხელოვნებამ წინაპართა ტრადიცია განაგრძოს.
- რა პრინციპით არჩევ ფერებს?
- ხატწერაში ფერები განსაზღვრულია, სამკაულის კეთებისას კი მეტი თავისუფლება გაქვს. ფერთა შერჩევა და შეხამება ხელოვანის გემოვნებასა და ხელწერაზეა დამოკიდებული.
ხატწერაში რომლებითაც დავიწყე მუშაობა, დღემდე იმ ფერებს ვიყენებ. მიყვარს ძველი, დამჯდარი, შედარებით ჩამქრალი ფერები - ისინი სიძველის ეფექტს ქმნიან.
- ინტერვიუს დასასრულს რას უსურვებ "კარიბჭის" მკითხველს?
- ვინც მორწმუნეა - სულიერად გამდიდრებას, უფალთან დაახლოებასა და სრულყოფას, რადგან სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს უფალი, ხოლო ვინც ჯერ არ არის მორწმუნე, ვუსურვებ, მალე შეემეცნებინოს უფალი, ვინაიდან ეს არის ადამიანის უპირველესი დანიშნულება ამქვეყნად. ყველა ჩვენგანი მოწოდებულია, გახდეს "ხატი და მსგავსი" ღვთისა. ერთი წმინდა მამა ამბობს: "ღმერთი განკაცდა იმისათვის, რომ ადამიანი განღმრთობილიყო". მეც განღმრთობას ვუსურვებ ყველა ქართველს.
- დიდი მადლობა, სულხან, საინტერესო საუბრისათვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი