წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე დაიბადა 1825 წ. 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფ. ბახვში.
მამა - მაქსიმე გიორგის ძე სოფ. ბახვის მღვდელი და გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვარი ყოფილა. დედა - დგებუაძის ქალი - ისე ადრე გარდაცვლილა, რომ გაბრიელს არც ახსოვდა. დაობლებული ხუთი შვილის აღზრდა მხოლოდ მამას დაკისრებია. მამა მაქსიმე არა მხოლოდ შვილებზე, არამედ სოფლის ბავშვებზეც ზრუნავდა და მათ წერა-კითხვას, სასულიერო ლიტერატურასა და საეკლესიო გალობას უსასყიდლოდ ასწავლიდა. ასე რომ, მოყვასის უანგარო სიყვარულის მაგალითი პატარა გერასიმეს მამის სახით ბავშვობიდანვე ჰქონია. სწავლასთან ერთად გაბრიელს დიდად იზიდავდა ღვთისმსახურებაზე დასწრება. მამა მაქსიმეს საყდარში შვილები თან მიჰყავდა.
პატარა გერასიმეც, როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა მამას: ხან სანთლებს ანთებდა, ხან საცეცხლურს უბერავდა, ხან პატარა ზარებს რეკდა, ხან მამას შესამოსელს აწვდიდა. თურმე ეკლესიაში ძილიც ერეოდა. "ხშირად მოხდებოდა ხოლმე, - წერს ეპისკოპოსი გაბრიელი მოგონებებში, - რომ ხანგრძლივი მწუხრის ლოცვის დროს, ვიწრო, ჩამობნელებულ ეკლესიაში, რომელიც სავსე იყო მლოცველებით, მივწვებოდი სადმე კუთხეში ეკლესიის კედელთან ნოტიო, ცივს მიწაზე, მკვდარივით მივიძინებდი და მთელს მწუხრს ასე მძინარე გავატარებდი. მამაჩემმა იცოდა ეს ჩემი სისუსტე და ყოველი მწუხრის გათავების შემდეგ მომაკითხავდა, დაკეტილ ეკლესიაში არ დარჩესო". წარმოუდგენელია, რომ ასეთ ცხოვრებას უსუსური ბავშვის სულიერ არსებაში ღრმა და წარუშლელი კვალი არ დაეტოვებინა.
სწორად აღნიშნავს წმინდანის ცხოვრების პირველი აღმწერი და მკვლევარი მელიტონ კელენჯერიძე: "ვერავითარი სკოლა, რომელი ტიპისაც არ უნდა იყოს იგი - და რა გინდ იდეალური მასწავლებლები და აღმზრდელები მუშაობდნენ შიგ, ვერ შეძლებს იმ გრძნობის დამყარებას ბავშვის სულში, რა გრძნობითაც იყო გაბრიელი შემკული და შეპყრობილი. ეს ღრმა რელიგიური რწმენა, ეს მუყაითობა და მოუწყინარობა რელიგიურ ვალდებულებათა შესრულებაში, ეს სულიერი სიფრთხილე, მდუღარე ცრემლი, ხატის წინ მყუდრო, ბნელ ოთახში ნაფრქვევი, მუხლზე საათობით დგომა, ღვთისადმი აპყრობილი ხელები, ყველა ის, რითაც განსვენებულს მღვდელმთავარს განცვიფრებაში ჰყავდა მოსამსახურე და მესაიდუმლე პირები, ჩნდება, ვითარდება, მუშავდება, მტკიცდება მხოლოდ იმ სკოლაში, რომელსაც ეწოდება ოჯახი".
სულიერ ზრდასთან ერთად ფიზიკური ვარჯიშიც არ აკლდა პატარა გერასიმეს. ჯერ ჟამნი, მერე თამაში, ჯერ დავითნი, მერე თოხი, ჯერ ლოცვა, მერე ჭამა და ბურთი, ჭამა - სადა და ზომიერი, თამაში - ბუნებრივი, ბუნების წიაღში... "ბავშვობისას საშინელი ცელქი ვიყავ, - იგონებს ეპისკოპოსი, - ბურთაობა, ჭიდაობა და სხვადასხვა თამაში ჩემს ტოლ-ამხანაგებში გატაცებით მიყვარდა... მახსოვს, ამ დროს (სემინარიაში შეგირდობის დროს რომ იყო) ერთი ჩემი ხნის ძალიან ჯანსაღი და მარჯვე მეზობელი გლეხი მოვიდა ჩემს სანახავად. მან მოიგონა ჩვენი ბავშვობა, ჩვენი ამხანაგობა, თამაშობა და გამიწვია საჭიდაოდ. მე გავყევი და ძალიან ვაცინე მამაჩემი, როდესაც ჩემს მოპირდაპირეს ვძლიე და მიწაზე გავშოტე. დამარცხებული რომ წამოდგა, თავის მართლება დაიწყო: "რასაკვირველია, დამცემდი: მე მჭადს და ლობიოს ვჭამ ყოველდღე და შენ პურს და ხორცსა! აბა, შენ ჩემს ადგილას იყვე და მე შენ ადგილას, მაშინ ვნახავდით, ვინ ვისა სძლევდაო".
გერასიმე არ ყოფილა ნაზად გაზრდილი, ნაფუფუნები, ბამბაში და ვარდებში გახვეული ძიძის გაზრდილი, ფარეშებით გარშემორტყმული, თავგასული ქართველი ბატონიშვილი. ის იყო სოფლის უბრალო, ღარიბი მღვდლის შვილი, მჭადით და ღომით გაზრდილი მამის კერასთან, კვამლიან ქოხში, უბრალო დიაკვნებთან ერთად.
ქართული წერა-კითხვა პატარამ დიაკვნებთან ერთად მამის ოჯახში ისწავლა. ასევე გაეცნო ღვთისმსახურების წესსა და საეკლესიო წიგნებს, ხუცური ისე კარგად შეისწავლა, რომ ეკლესიაშიც ეხმარებოდა მამას სხვა დიაკვნებთან ერთად. პატარა გერასიმემ მალე სლავური ანბანიც ისწავლა. ამას ხელი ორმა გარემოებამ შეუწყო: პირველი ის იყო, რომ მამა მაქსიმე, როგორც თავადი გურიელის კარის მოძღვარი, ხშირად დადიოდა ოზურგეთში ბატონთან, ასრულებდა ადგილობრივ ეკლესიაში წირვა-ლოცვას და თან პატარა "დიაკვანიც" - გერასიმე დაჰყავდა.
მაშინ ოზურგეთში რუსის ჯარი იდგა და მათ დაუახლოვდა პატარა გერასიმე. რუსულის პირველად გაგონებამ მალე აღუძრა სურვილი მისი შესწავლისა. "მე და ბევრ სხვა ჩემს ტოლ ოზურგეთელ ბავშვს, - წერს წმინდა მამა, - დიდად შეგვყვარებოდა რუსის ჯარისკაცები, ისინი ალერსიანად გვექცეოდნენ, გვეფერებოდნენ, ხშირად თავიანთ შავ პურს გვაძლევდნენ. თვით იმათი ცხოვრება, ტანისამოსი, მათი დარაზმული, მწყობრი სიარული, მათ მიერ სამხედრო წესთა სწავლა, დაფ-დაფის ხმა გვიღვივებდა საშინელ ცნობისმოყვარეობას, მაგრამ ერთმა, ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ, რამდენიმე შემთხვევამ დაგვაფრთხო ბავშვები და აგვაყრევინა მათზე გული: ერთხელ მათი ბინის ახლოს გამოიყვანეს ერთი ჯარისკაცი, რომელსაც გარს ეხვია რამდენიმე მისი ამხანაგი და იქვე იყო ერთი ოფიცერიც: შუაში მდგომმა ჯარისკაცმა გაიხადა ზედა ტანისამოსი, შიშველს მიუახლოვდა ერთი ამხანაგი, აიღო გრძელი მსხვილი სახრე და დაუწყო აუჩქარებლივ უმოწყალოდ ცემა. ის კი იდგა ერთ ადგილას და თუმცა თვალებიდან ერთი ცრემლი არ ჩამოუგდია, ტანი მაინც საშინლად უცახცახებდა, სახე და ტუჩები იმეორებდა: "მომიტევეთ, თქვენო კეთილშობილებავ!"
როცა ცემა გაათავეს, იმ საცოდავმა ჩაიცვა ტანისამოსი და წავიდა თავის ბინაზედ. ასეთი უმოწყალო სასჯელის მიზეზი ჩვენ არ ვიცოდით და ამიტომ საშინლად გვტკიოდა გული და ასე ცემა კაცისა მეტად ცუდ გუნებაზედ გვაყენებდა."
მიუხედავად ასეთი შთაბეჭდილებისა, გერასიმე უცბად დაუახლოვდა ერთ რუს ფელდფებელს, რომელიც ძალიან განათლებული გახლდათ. მამა მაქსიმე რუს ჯარისკაცებსაც უწირავდა ხოლმე ოზურგეთში, რასაკვირველია, ქართულად, რუსულის უცოდინრობის გამო, ის ფელდფებელი კი სლავურად ჟამნობდა და გალობდა. რადგან გერასიმე ხშირად მამასთან იყო, მალე მიეჩვია ფელდფებელისგან სლავურ კითხვას და სლავური სამოციქულოს კითხვაც კი დაიწყო ეკლესიაში. მამამ მიანდო შვილი ფელდფებელს და დაავალა რუსული წერა-კითხვის სწავლება. "მამიჩემის თხოვნით და მისივე ხელმძღვანელობით, - მოგვითხრობს გაბრიელი, - ფელდფებელმა დამიწყო სლავიანური ანბანის, ლოცვების და წერა-კითხვის სწავლება, მაგრამ მაინც და მაინც ძალას არ მატანდა სწავლის დროს. მახსოვს მხოლოდ, ჩემი მასწავლებელი მიმაბამდა ძაფით მაგიდაზე და მიბრძანებდა, "სანამ გაკვეთილი არ დაისწავლო, არ გაბედო აქედან ფეხის მოცვლაო", მაგრამ ამ ძაფს მალე ვწყვეტდი ხოლმე და გავიქცეოდი სათამაშოდ. მალე პატარა გერასიმემ ისე კარგად ისწავლა რუსული წერა-კითხვა, რომ ღვთისმსახურებაზე სამოციქულოს კარგი წაკითხვისთვის ჯილდოც კი მიიღო რუსი ოფიცრისგან. "წირვის შემდეგ, - ამბობს გაბრიელი, - დამიძახა უფროსმა ოფიცერმა, რომელიც იყო ალბათ პოლკოვნიკი, ან მაიორი, მომეალერსა და ორი აბაზიც მაჩუქა. ჩემი მასწავლებელი და მამაჩემი კი ჩემსავით აღტაცებაში იყვნენ ჩემი ასეთი წარმატებითა."
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე
წმინდა გაბრიელთან (ქიქოძე) დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი