მწყემსი კეთილი
მწყემსი კეთილი
მღვდელი, პიროვნული ჯვრის გარდა, მრევლის ჯვრის სიმძიმის თანამტვირთველიც არის
იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: "ამენ გეტყვი თქვენ: მე ვარ კარი ცხოვართაი. ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა. მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს... მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის" (იოანე 10.7-11).

წმინდა მამების მიხედვით, "ერისკაცს არ უნდა ჰქონდეს სამღვდელო წოდებისკენ სწრაფვა, არამედ უნდა ელოდოს მოწოდებას; როდესაც მიგიწვევენ მწყემსობის პატივში, თავად განსაზღვრე, შეძლებ კი ამ ტვირთის ზიდვას? თუ არადა, არ მიეკარო, რომ არ დამძიმდე და უფსკრულში არ გადავარდე. სანიმუშო უნდა იყოს ის თავად, ვისაც სხვისი გამოსწორება სწადია; ჯერ თავად ისწავლოს, შემდეგ კი სხვას ასწავლოს. ის, ვისაც წინამძღვრობა სურს, ჯერ თვითონ უნდა იყოს გზის მცოდნე და მიდიოდეს წინ, რათა სხვას უჩვენოს გზა, ჯერ თავად უნდა იყოს წმიდა და უბიწო, რათა მაგალითის მიცემა შეძლოს და ვერ დასდონ ბრალი ისეთ ცოდვაში, რითაც გზას გაუმრუდებს მასზე მინდობილ ცხვარს სახსნელად".

როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მწყემსი და მოძღვარი თავისი სამწყსოსი, ამ თემაზე გვესაუბრება დეკანოზი იოანე მამულაშვილი.

- თვით სიტყვა "მწყემსი" გვიჩვენებს, თუ როგორები უნდა იყვნენ ისინი, რამეთუ მწყემსავენ არა უენო საქონელს, არამედ ქრისტეს ცხვრებს, ადამიანებს ღვთის მსგავსად შექმნილთ, ქრისტეს სისხლით ხსნილთ.

მოძღვარი უნდა ასწავლიდეს არა თავისას, არამედ ღვთისას ადამიანებს, რამაც ჭეშმარიტ აღსარებამდე უნდა მიიყვანოს ისინი; "ერესით დაწყლულებული, მოუნანიებელი და ღვთის შიშის უქონელი ცოდვილები ღვთის სამსჯავროთი უნდა დააშინოს; მერყევნი, მორიდებულნი და სასოწარკვეთილებისკენ მიდრეკილნი ღვთის წყალობით და სახარებით ანუგეშოს, ამოძირკვოს თავის ეკლესიაში ცრურწმენა, განხეთქილება და მწვალებლობა"; მართალია, წმინდა ტაძარი დამოძღვრის ადგილია, მაგრამ მოძღვარი, სადაც ადამიანთა შეკრებაა, შეძლებისდაგვარად ყველგან უნდა იყოს, და როგორც და სადაც შემთხვევა გამოუჩნდება, უნდა ამხილოს ყოველგვარი მწვალებლობა და ღვთის სიტყვის ქადაგებით დაარწყულოს ხალხი და ღვთის სიტყვა გაავრცელოს არა მხოლოდ ტაძრებში, არამედ ყველგან. ამის ნათელი მაგალითია ქრისტე, რომელიც მხოლოდ სოლომონის ტაძარში არ ასწავლიდა, არამედ იყო ყველგან.

- იქნებ კიდევ ერთხელ განგვემარტა, რა არის მღვდლობის საიდუმლო, რატომ დაგვიდგინა უფალმა მღვდელმსახურები და რა ძალაუფლება მიანიჭა მათ...

- მღვდლობა ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა ახალი აღთქმის ეკლესიაში. საერთოდ, როცა ეკლესიაში რაიმე მოვლენას საიდუმლოთი ვახასიათებთ, იგულისხმება, რომ გარეგნული მხარის მიღმა იხილვება გარკვეული მისტიკური საიდუმლო, რომელიც ჩვენთვის მიუწვდომელია. ეს ყველაფერი ეხება მღვდლობის საიდუმლოსაც. თუ გვექნება იმის პრეტენზია, რომ ბოლომდე ავხსნათ, რას ნიშნავს მღვდლობა, ჩვენი მცდელობა წინასწარვე იქნება განწირული.

მღვდელი - ეს არის ხატი ქრისტესი. ჩვენ პატივს მივაგებთ ფიცარზე დახატულ სახეს და ეს პატივისცემა აღიწევა პირველსახემდე - მაცხოვრამდე. შეურაცხყოფა ხატისა არის შეურაცხყოფა თავად ღვთისა, პატივისმიგება ხატისა არის პატივისმიგება ღვთისა, ხოლო მღვდელი გაცილებით აღემატება ფიცარზე საღებავებით დახატულ ხატს, რამეთუ იგი, შეიძლება ასე ითქვას, ცოცხალი ხატია ქრისტესი.

- რამდენი საფეხურისაგან შედგება მღვდელმსახურება? და, თუ შეიძლება, განვმარტოთ ეს საფეხურები...

- პირველი საფეხური დიაკვნობაა, მეორე - მღვდლობა, მესამე - მღვდელმთავრობა. დიაკვანს არ აქვს საიდუმლოს აღსრულების უფლება, იგი მისი თანამონაწილეა. მღვდელს უფლება აქვს, აღასრულოს ყველა საიდუმლო, გარდა მღვდლად კურთხევის საიდუმლოსი, მღვდელმთავარი კი აღასრულებს მეშვიდე საიდუმლოსაც - ხელდასხმას (მღვდლად ან დიაკვნად კურთხევას). ეს არის გარეგნული განსხვავება ამ სამ საფეხურს შორის, შინაგანად კი მთავარი განსხვავება პასუხისმგებლობის ხარისხია. დიაკვანი პასუხს აგებს მხოლოდ საკუთარი სულის ცხონებაზე, მღვდელი კი მისი მრევლის წევრთა სულის ცხონებაზეა პასუხისმგებელი. ცხონებისაკენ მიმავალ გზაზე იგი საკუთარი, პიროვნული ჯვრის გარდა, მრევლის ჯვრის სიმძიმის თანამტვირთველიც არის.

მღვდელმთავრის პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია: მას ეპარქიის მოძღვრებისა და სამწყსოს ჯვრის სიმძიმეც ემატება.

მღვდელმთავარს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს: წმინდა მამების თქმით, სადაც ეპისკოპოსია, იქ არის ეკლესია. ანუ ეკლესია თავისი სრულყოფილი სახით არსებობს მაშინ, როდესაც მასში გაერთიანებულნი არიან მრევლი და მღვდელმსახურები, რომელთა ჭეშმარიტ სარწმუნოებას ეპისკოპოსი იცავს. ეპისკოპოსთა ერთობა კი მსოფლიო ეკლესიაა.

- პირველ მღვდელმთავრად უფალი ითვლება. მაცხოვრის ასეთი ხატიც არსებობს: "პირველი მღვდელმთავარი".

- წირვა, რომელსაც აღვასრულებთ, მაცხოვრის იმ საკაცობრიო მღვდელმსახურების, იმ საკაცობრიო მსხვერპლის განმეორებაა, რომელმაც ჩვენ გამოგვიხსნა. მღვდელმთავრობა უმაღლესი ხელისუფლებაა, რომელსაც უფალი მღვდელმსახურს ანიჭებს.

- რა არის არსი საეკლესიო იერარქიისა?

- უფალი ამბობს: "რომელსა უნდეს დიდ ყოფა თქვენ შორის, იყოს თქვენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა" (მარკ. 10:43-44). სწორედ ეს არის იერარქიის პრინციპი. ამგვარად, სასულიერო წოდება არ არის პრივილეგია; ეს მოწამეობის ხარისხია. ძე კაცისა მოვიდა, რათა არა იმსახუროს, არამედ რათა ემსახუროსო, - ბრძანებს მაცხოვარი. ამის მაგალითი გვაჩვენა კიდეც ჯერ კიდევ მიწიერი ცხოვრების განმავლობაში მოღვაწეობით და შემდეგ - ჩვენი ცხონებისა და გადარჩენისთვის ჯვარცმით.

სხვა საქმეა, როდესაც პიროვნებას უჭირს ამ ჯვრის ტარება. მაცხოვარსაც ჰქონდა განსაცდელი და, როგორც ადამიანს, უჭირდა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომელიმე ჩვენგანი საკუთარი ჯვრის სიმძიმის ქვეშ მოიდრიკოს და დაეცეს, როგორც დაემართა, მაგალითად, პეტრეს, რომელმაც უარყო მაცხოვარი. ეკლესიის ისტორიაში მსგავსი შეორგულება სხვა დროსაც მომხდარა. ეს ცოცხალი პროცესია სულიერი ბრძოლისა. მთავარია, მოძღვარი, მრვდელმსახური, რომელიც მოწოდებულია დიდი მისიისთვის, მუდამ გამარჯვებული, სულიერად წარმატებული გამოდიოდეს, რათა თავის სამწყსოს კეთილი მაგალითი მისცეს. ამიტომაც არის მღვდელმსახურება დიდი მოწამეობა. პასუხისმგებლობა ძალზე დიდია, მოძღვრის მცირე შეცდომაც კი დიდ ტვირთად აწვება თავად მას და, რასაკვირველია, მრევლსაც.

- ზოგჯერ მოძღვარს ბრალს სდებენ, რომ მისმა მამხილებელმა შეგონებამ საპირისპირო შედეგი გამოიღო... დავუშვათ, აღმსარებელმა ვერ დაიტია მისი ქადაგება და სასო წარეკვეთა... ამის შესახებ რას გვეტყვით?

- მხილებისასაც მწყემსს სიფრთხილე მართებს, რადგან მამხილებელი სიტყვებიც სხვადასხვანაირად მიეწოდება ადამიანებს: "როდესაც მამხილებელი ქადაგება ყველასათვის ითქმის, შეგიძლია მკაცრად და ორლესულად ილაპარაკო, რათა ცოდვილებმა ღვთის შიში შეიგრძნონ გულებში და გამოფხიზლდნენ ცოდვის ძილისაგან; ამას ვხედავთ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა წერილებიდან; ხოლო როდესაც ერთი კაცის მხილება პირისპირ გსურს, ჩაუკვირდი მის სნეულებას, რა წამალი არგებს მას, რადგან რაც ერთს განკურნავს, მეორე შეიძლება დააწყლულოს; ამხილე ადამიანი მისი ცოდვისადმი მიდგომით, მოიქეცი ფრთხილად, რათა ერთი წყლული მაინც განკურნო და უფრო მეტი არ დააწყლულო", - გვირჩევენ დიდი საეკლესიო მამები.

- სამღვდელოთა შეცდომები ხშირად მთელი სამღვდელოების მიმართ უნდობლობას უდებს სათავეს...

- მართლმადიდებელი სამყაროსთვის არ არის მისაღები მღვდელმსახურისადმი უნდობლობა, თვალსაზრისი, რომ სახარების მეშვეობით თვითონვე უნდა მიხვიდე ღმერთთან, რომ შუამავალი არ გჭირდება. მღვდელი ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლად ღმერთმა დაადგინა და კაცი ამას ვერ შეცვლის. თუ მოძღვარი გადავა ნორმებს, ის განიკვეთება.

აღსარების ლოცვების განმარტებაში ვკითხულობთ, რომ მრევლის მიერ მონანიებული ცოდვის სიმძიმის მესამედს უფალი იტვირთავს, მესამედს - ის პიროვნება, ვინც მიუტევებს, მესამედს კი - თვითონ მონანული ადამიანი. ამგვარად, თუ მოძღვარი მრევლის ცოდვის ნაწილს იღებს, მღვდელმთავარი - მთელი სამწყსოს ცოდვების დიდ ნაწილს, ხოლო პატრიარქი სრულიად საქართველოს ტვირთის მესამედს ატარებს. ეს ძალზე დიდი ტვირთია. არ არის გასაკვირი, ამ ტვირთის ქვეშ განსაცდელი იყოს. უფალი გვასწავლის: ნუ სჯით თვალღებით; თქვენ თუ ადამიანის პირს ხედავთ, ღმერთი ადამიანის გულს ჭვრეტსო. უნდობლობამ არ უნდა დააბრკოლოს ადამიანი ეკლესიური ცხოვრების, ეკლესიის, მაღალი იერარქის მიმართ. ვისურვებდი, ყოფილიყოს მეტი მოწიწება, მეტი შემწყნარებლობა და ხსოვნა იმისი, რომ დღეს საქართველოს ეკლესიის იერარქიას ძალიან მძიმე ჯვარი აწევს. ალბათ არასოდეს ყოფილა საზოგადოება ასე დამძიმებული სულიერად და ასე დაცილებული ღმერთსა და ეკლესიას, როგორც ჩვენ მიერ რეალურად გამოვლილ პერიოდში. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ძალიან დიდი თანადგომაა საჭირო და ჩვენმა საზოგადოებამ ეს უნდა გააცნობიეროს.

- რა თქმა უნდა, ძნელია მწყემსობის ტვირთის ზიდვა, სამაგიეროდ მოძღვრებს ეძლევათ სამღვდელო მადლი ყველა ამ სიძნელის და ტვირთის სატარებლად...

- ამიტომაც მიმართავენ ეკლესიის მნათობი მამები მოძღვრებს: იყავით თქვენი ხალხისთვის მანათობელი სიტყვა და სიცოცხლე; იყავით მარილნი მათი და არა ბოძნი, რომლებიც გზაზე ეღობებათ მათ; გზის მაჩვენებლად დაგადგინათ ღმერთმა, წინამძღოლად დაგადგინათ თავის ნაცვლად მიწაზე; საყვარელნო, ძალიან მძიმეა ეს თქვენი ტვირთი თქვენზე მობარებული უფლის ფარის მწყემსვისა, მაგრამ მოგცათ ღმერთმა ვალდებულება, გაუძღვეთ მათ ისე, როგორც მას სურს; მწყემსი ვალდებულია გულმოდგინედ ლოცულობდეს ღვთის წინაშე ხალხისათვის და საკუთარი თავისთვისაც, და უნდა იყოს უმწიკვლო, შემწყნარე მსახური ცოდვილთა, ფულის უყვარული და უანგარო მსახური თავისი ერისა, თავისი ეკლესიისა და საკუთარი ოჯახის ღვთის ჭეშმარიტებაში დამმორჩილებელი მოძღვარი და კარგი განმგებელი.

- დღეს, მღვდლების სიმრავლის მიუხედავად, მაინც ხშირად გაიგონებთ მავანისგან, მოძღვარი ვერ ვიპოვე და ამიტომ ვერ დავდივარ ეკლესიაშიო.

- წმინდა ბასილი დიდი წერს ამის შესახებ: "უკიდურესი მონდომებით და დიდი სიფრთხილით შეეცადე იპოვო მოღვაწე მამა, რომელიც უცოდველად წაგიძღვება და ცხოვრების მაგალითად გექცევა, რომელიც სხვებს, ღვთისკენ მავალთ სიბრძნით უძღვება. ის სათნოებებით უნდა იყოს შემკული, მის ცხოვრებაში ღვთის სიყვარული საქმით უნდა იყოს გაცხადებული, განსწავლული წმინდა წერილში არ უნდა იბნეოდეს, არ უნდა იყოს ვერცხლისმოყვარე, არც მრავალ საზრუნავში უნდა იყოს ჩაფლული, მდუმარე, ღვთისმოყვარე, გლახაკთშემწყალე, ურისხველი, გულღრძოობისგან თავისუფალი, მასთან მივრდომილთა ძალმოსილი დამოძღვრაში, არაპატივმოყვარე, არაქედმაღალი, არაპირმოთნე, უღალატო, ღმერთზე მაღლა არავის და არაფრის დამყენებელი. თუკი იპოვი ასეთს, მაშინ ჩააბარე საკუთარი თავი, ყოველგვარი ქენჯნის გარეშე უკუაგდე საკუთარი სურვილები, რათა ემსგავსო სუფთა ჭურჭელს, რომელშიც ინახება დიდი საუნჯე".

მავანი იკითხავს დღეს და თავისი საქციელითაც ამასვე ამბობს: "თუკი შესაძლებელია, რომ მღვდელმა დაუშვას შეცდომა, მაშინ რაღა აზრი აქვს მის მორჩილებაში ყოფნას? თვითონვე მივალ უფალთან". ეს არ არის სწორი. ადამიანის შეფასება ძალიან ძნელია. შემფასებელი მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს. მცდარი შეფასება თვითონ ადამიანისთვისვეა საზიანო, ამით ბოროტი ძალა მას ეკლესიას სწყვეტს.

ობიექტურად, რასაკვირველია, მოძღვარსაც შეიძლება ჰქონდეს სისუსტე, და უფრო დიდიც, ვიდრე შუა და პირველ საუკუნეებში. როდესაც ადამიანი ხდება ან არ ხდება ეკლესიის სრულყოფილი წევრი, გარედან ამ ყველაფერს ამჩნევს და იდეალს ადარებს, კონტრასტი მეტად მტკივნეულია. ერთი რამ ყველას უნდა ახსოვდეს: როგორიც არ უნდა იყოს მოძღვრის შეცდომა, ამის გამო მადლი სულისა წმინდისა არ დაემცრობა. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ შეცდომები ზღვარს გადავა, ამას საეკლესიო სამართალი აღკვეთს. კიდევ უფრო აღმატებულია ღვთის სამართალი. საეკლესიო სამართალმა რომც დაიგვიანოს, ღვთის სამართალი აუცილებლად იმოქმედებს. ეკლესია წმინდაა, განურჩევლად იმისა, თავიანთი შეცდომებითა და სისუსტეებით არღვევენ თუ არა სიწმინდეს მასში მყოფი ადამიანები. ეკლესია თავისი მადლმოსილებით განგვაახლებს, მკვდრეთით აღგვადგენს.

თუ ქადაგება არ არის ჭეშმარიტი, ის ეკლესიისგან უცხო მოვლენად გამოცხადდება. სიტყვა "ანათემა" ნიშნავს არა წყევლას, არამედ იმის გამოცხადებას, რომ ესა თუ ის აზრი, ქმედება ეკლესიის საზღვრებს სცდება. ეკლესია კი არ განაძევებს მას, არამედ აღნუსხავს, რომ თვითონ პიროვნება გავიდა მისი საზღვრებიდან და მასთან ურთიერთობით აღარც ჩვენ ვიქნებით ეკლესიის წევრები. ამასთანავე, ერთია, როგორ უყურებს მრევლი მღვდელმსახურს, და მეორეა, რა პირობებში უწევს მოღვაწეობა სამღვდელო პირს. დღევანდელი მღვდელმსახური მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების ადამიანია, რომელსაც გაცილებით მეტი აქვს საცდური და ამიტომ უფრო იოლად შეიძლება შეცდეს, შეორგულდეს, დაეცეს, ვიდრე მოციქულები და შუა საუკუნეთა ღვთისმსახურები. სასულიერო პირები ხორციელი ადამიანები არიან, ამიტომ არ შეიძლება მათ მიმართ მეტისმეტად მკაცრები ვიყოთ.

მოციქული ამბობს: როდესაც განსაცდელში ხედავ შენს ძმას ღვთისმსახურს, არ განიკითხო, რათა თავადვე არ განიცადო. ყოველ ადამიანშია უძლურება, მღვდელმსახურის მიმართ კი განსაკუთრებული სიფრთხილე და შემწყნარებლობა გვმართებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანური სისუსტეებისადმი ლმობიერი დამოკიდებულება დავაკანონოთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ სრულყოფას, მაგრამ განსაცდელის ჟამს არ უნდა ვიყოთ სასტიკნი ერთმანეთის მიმართ.

- ზოგიერთი იკითხავს, საერთოდ რა საჭიროა მღვდლობის ინსტიტუტი? საბჭოეთგამოვლილი ადამიანების ცნობილი გამოთქმაა - ეკლესია მწამს, მაგრამ მღვდელი არაო. Kკიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, რას ნიშნავს მღვდლობის ინსტიტუტი. რატომ არსებობს, რა ფესვები აქვს მას ან რაში გვჭირდება?

- ამის საპასუხოდ ერთი ასეთი მოარული ფრაზა გამოდგება: ეს იგივეა, რომ მედიცინა გვწამდეს, მაგრამ ცოცხალი ექიმის დანახვა არ გვინდოდეს.

მოციქულებისა და ქრისტეს უახლოესი მეგობრების მსგავსად, ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა რომ გვქონოდა ჩვეულებრივ ადამიანებს, ამისათვის მაცხოვარმა ეკლესია დააარსა. პავლე მოციქული ეკლესიას მისტიკურ სხეულს, ქრისტეს ცოცხალ ორგანიზმს უწოდებს. უფალი თავის მიერ დაარსებულ ეკლესიას უდიდეს ძალაუფლებას აძლევს, ჩვენ კი ეკლესიასთან ურთიერთობისას საკმაოდ სერიოზულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. უფალი მოციქულებსა და მათ მემკვიდრე სასულიერო პირებზე პირდაპირ ამბობს: თქვენ მიმართ დამოკიდებულებით განიზომება ჩემდამი დამოკიდებულება, ანუ როგორც თქვენ მოგექცევიან, ისე მომექცევიან მე. თქვენი მიმღები ჩემი მიმღებია, თქვენი უარმყოფელი - ჩემი უარმყოფელი.

რა თქმა უნდა, თავისი ინდივიდუალური თვისებებით, პიროვნული მიდრეკილებებით მღვდელიც ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ იგი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი. ცნობილია მაქსიმე აღმსარებლის ასეთი შედარება: ხმალი არის ცივი, ძლიერი, მტკიცე და მჭრელი, მაგრამ თუ მას ცეცხლში გავახურებთ, ჭრის გარდა, წვავს კიდეც. საოცარი რამ მოხდა: სიმხურვალემ შეიძინა ჭრის თვისება, ჭრამ კი სიმხურვალისა. ეს თვისებები თითქოს აირია ერთმანეთში, მაგრამ ხმალი ხმლად დარჩა, ცეცხლი - ცეცხლად. ასევეა ხელდასხმის შემდეგ - როცა მღვდელზე სულიწმინდის მადლი გადადის, იგი აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანი, იგი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელი ხდება. სიტყვა "მღვდელი" მხოლოდ ამას ნიშნავს. თავდაპირველად ღვთაებრივი ცეცხლი მოციქულებზე სულთმოფენობის ჟამს გარდამოვიდა, როცა ისინი აღივსნენ სულიწმინდის მადლით და ხალხს რომ დაენახა, სწორედ ამ კონკრეტულ ადამიანებზე იყო სულიწმინდის მადლი და არა ვიღაც სხვებზე, ამისთვის ღვთაებრივი ცეცხლი ხილულად, ცეცხლის ალების სახით დაადგათ თავზე. ალბათ ეს იმის მაგვარი ცეცხლი იყო, რომელიც ყოველწლიურად გადმოდის მაცხოვრის საფლავზე აღდგომის წინა შაბათს. ხალხმა დაინახა, რომ ეს ადამიანები გახდნენ ქრისტეს ეკლესია, ქრისტეს მემკვიდრეები. 12 მოციქული, რა თქმა უნდა, არ ეყოფოდა არც მაშინდელ კაცობრიობას და შემდგომში - მით უმეტეს. ამიტომ ისინი ღირსეულ მოწაფეებს გამოარჩევდნენ, თავზე ხელის ფიზიკური შეხებით გადასცემდნენ ღვთაებრივ ცეცხლს. საეკლესიო კანონიკის თანახმად, მღვდელმთავარს ორი ეპისკოპოსი მაინც უნდა ასხამდეს ხელს, ამას უნდა ესწრებოდეს მრევლი და ამბობდეს "აქსიოს" (ღირსია), ანუ ხელდასხმა ყველას თვალდასანახად უნდა ხდებოდეს, ფარული ხელდასხმა აკრძალულია ეკლესიაში. ყველასთვის საცნაური უნდა იყოს, რომ ეს ადამიანია მემკვიდრე უკვე კონკრეტული ეპისკოპოსებისა, რომლებიც ასევე ხელდასხმის უწყვეტი ჯაჭვის მეშვეობით მოციქულთა უშუალო მემკვიდრეებს წარმოადგენენ. სხვათა შორის, ის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც დღემდე არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაში, არ არის სექტებში.

აკურთხებს მღვდელი ჩვეულებრივ წყალს და იგი უხრწნელი ხდება, ლოცულობს მღვდელი ლიტურგიისას და მისი ლოცვით ღმერთი ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად გარდასახავს. ეს შემაძრწუნებელი საიდუმლოა, მღვდელი ამ დროს შუამავალი ხდება ერსა და ღმერთს შორის, საკურთხეველში ერისათვის ლოცულობს, მისთვის გამოითხოვს წყალობას. ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა თავად მღვდლისათვის. ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა, რომელსაც, პირველ რიგში, თავად მღვდელი უნდა განიცდიდეს, უპირველესად თავად მღვდელს უნდა ეშინოდეს იმ მადლისა, რომელიც მასშია. თუ მღვდელს ამის განცდა არ აქვს, იგი ვერ იქნება კარგი მღვდელი.

- ცნობილია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საბერძნეთში, მღვდელს გარკვეული წლების მანძილზე არ აქვს მოძღვრობის უფლება, მხოლოდ საიდუმლოებებს აღასრულებს. რა საფუძველი აქვს ასეთ წესსა და პრაქტიკას?

- ეს პრაქტიკა მართლაც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში და, ბევრის აზრით, ძალიან კარგია.Dდედამიწაზე არ არსებობს უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე სამღვდელო, რადგანაც მხოლოდ სამღვდელო ძალაუფლებას შეუძლია ადამიანს ცოდვები მიუტევოს. მაგრამ სხვაა მღვდლობა, სხვა - მოძღვრობა. ხელდასხმის შემთხვევაში ადამიანი ყოველთვის ხდება მღვდელი, მაგრამ შეიძლება ვერასოდეს გახდეს მოძღვარი. მოძღვრობა კიდევ სხვა რამეს გულისხმობს. სხვადასხვა ნიჭისა და სათნოების აღორძინებას ძალიან დიდი შრომა სჭირდება, როგორც ინტელექტუალური, ისე სულიერი. გარდა ამისა, სჭირდება გამოცდილება. თუ მღვდელი საკუთარ თავზე არ მუშაობს, იგი ვერ შეძლებს მოძღვრობას. გრიგოლ ღვთისმეტყველის წერილებში ბევრი საინტერესო წერია მღვდლობაზე. წმინდა მამა ამბობს, რომ უდიდესი მორჩილების სკოლა უნდა გაიაროს ადამიანმა, თავად უნდა იყოს ნათელი, რომ იგი სხვას მიანიჭოს, თავად უნდა იყოს მოძღვარი, რომ სხვაც დამოძღვროს, თავად უნდა იყოს ბრძენი, რომ სხვას გადასცეს სიბრძნე. თუ აქეთკენ არ მიისწრაფვის მღვდელი, იგი ვერასდროს შეასრულებს მასზე დაკისრებულ უდიდეს ფუნქციასა და მისიას. მით უმეტეს, ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც მოწამლულია ანტიეკლესიური ქადაგებებით, ფილმების, გაზეთების საშუალებით. კომუნისტური კულტურა გაჟღენთილი იყო ღვთისმგმობი წარმოდგენებითა და აზრებით. დღემდე ბევრში სიტყვა მღვდელი იწვევს ფილმების პერსონაჟების - ოხროხინესა და ენუქის ასოციაციას. ეს სამწუხარო ფაქტია, რაც ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში ძალიან ღრმადაა ჩაბეჭდილი. დღევანდელი მღვდელი იმიტომაც უნდა იყოს სახე ქრისტესი, რომ, არათუ დიდი ხნის ნაცნობობის შემდეგ, არამედ პირველსავე დანახვაზე ადამიანს უარყოფითი შეხედულებები გაუქარწყლოს, ანუ იგი გარეგნულადაც მოწესრიგებული უნდა იყოს. ამასთანავე: "არც მუდამ თავის დამდაბლებაა სწორი მწყემსისაგან უგულისხმოდ, არც მუდამ თავის ამაღლება უგუნურად, რადგან შეხედე პავლეს, დიდ მოციქულს, როგორ სწორად იქცეოდა ამ ორს შორის. როცა ცხვრები ძოვენ, ნუ დასცხრება მწყემსი სიტყვის სტვენისგან, და უფრო მეტად მათი დაძინებისას, რადგან არაფრის ისე არ ეშინია მგელს, როგორც მწყემსის სტვენისა", - გვმოძღვრავს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი.

- ეკლესიაში ასეთი დამოკიდებულებაც არსებობს, არცთუ იშვიათად მოძღვარს ღმერთზე წინ აყენებენ...

- წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვმოძღვრავს: "უპირატესი ადგილი მიანიჭე ღმერთს, შემდეგ კი მოძღვარს, მიწიერ ქრისტეს, შენი ცხოვრების წინამძღოლს. ფრთებასხმულმა იჩქარე მისკენ, დაემორჩილე უსიტყვოდ, იხარე მასთან ერთად, როცა ზევით აღემართები და დაემორჩილე დაცემისას, რომ შიშით შეპყრობილი, ისევ მაღლა აღემართო".

გონიერ წინამძღოლს შეუძლია ზუსტად განსაზღვროს თითოეული მორჩილის ზნე, ვნებები და სულიერი მიდრეკილებები. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ყოველ მათგანს მისთვის მისაღები მითითება უნდა მისცეს. ამავდროულად არ უნდა მოხდეს წინააღმდეგობა გაცემულ განკარგულებაზე, რადგან ყველაზე რთულია თავად უექიმო საკუთარ თავს, რადგან ადამიანი დაბადებიდან თავის თავზეა შეყვარებული და ამ მიკერძოებული დამოკიდებულებიდან ნამდვილ სამსჯავროს აწყობს. უფრო მოსახერხებელია სხვამ შეგვიცნოს და სხვამვე განგვკურნოს, რადგან მას თვითტკბობის ვნება ნამდვილ შეფასებებში ხელს არ უშლის.

- დაბოლოს, ახლოვდება შობის ბრწყინვალე დღესასწაული. ბაგაში შობილი მაცხოვარი ქვეყნიერების მხსნელ მესიად ერთ-ერთმა პირველებმა სწორედ მწყემსებმა აღიარეს, როდესაც მათ ანგელოზთა გუნდი გამოეცხადათ და მათივე ბაგეებით ეხარათ ეს უდიდესი საიდუმლო... რას უსურვებთ საშობაოდ ჟურნალის მკითხველთ?

- დიახ, სწორედ უბრალო მწყემსები გახდნენ ამ მართლაც უდიდესი, გამომხსნელი, საიდუმლოს ხარების ღირსნი, ანგელოზთა პირით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"! ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი. ფაქტობრივად, კოდირებულია მაცხოვრის შობის საყოველთაო მნიშვნელობა კაცობრიობის ხსნისათვის.

ღვთაებრივმა ჩვილმა თავისი შობით ხელმეორედ გვშვა ყველანი მადლში, სიცოცხლესა და უკვდავებაში. უფალმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანის გულში შობილიყოს ღმერთკაცი და დამკვიდრებულიყოს სულიწმინდა, რათა განათლებული გულით, გონებითა და სულით შეგვძლებოდეს ამ საოცარი სიტყვების წარმოთქმა:

"ქალწული დღეს არსებად უზეშთაესსა შობს ჩვენთვის და ქვეყანა გვამს შეუხებელსა შესწირვენ. ანგელოზნი მწყემსთა თანა დიდების მეტყველებენ, ხოლო მოგვნი ვარსკვლავისა თანა მოგზაურობენ, რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი პირველ საუკუნეთა ღმერთი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat