განვაგრძობთ თხრობას მამა ანდრია ყურაშვილის შესახებ. გვესაუბრება მამა იოანე ყურაშვილი:
- მამა ანდრიას მოღვაწეობისა და აღსასრულის შესახებ ძირითადად ანუების ოჯახის მონათხრობიდან ვიცით. 1993 წლის 5 ივლისს, გამთენიისას, კომანში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ამ დრომდე სოფლიდან გაყვანილი ჰყავდათ ქალები და ბავშვები. ვისაც ბრძოლა შეეძლო, სოფელს იცავდა - ასეთი სულ 35 კაცი იყო, მოხუცებმა და უძლურებაში მყოფმა ადამიანებმა ტაძარს შეაფარეს თავი. როგორც ზოია (ამჟამად დედა მარიამი) და მანანა ანუები ჰყვებიან, მამა ანდრიამ წირვა ჩაატარა. ღამის 3 საათზე საკურთხევლიდან გამოვიდა და შეკრებილ მრევლს მიმართა - რადგან სიკვდილს თვალებში შევყურებთ, ყველასგან მივიღებ აღსარებას და გაზიარებთო. აღსარებების მიღების შემდეგ უკლებლივ ყველა აზიარა, მხოლოდ ერთ ადამიანს უთქვამს უარი ზიარებაზე. ტაძარზე თავდასხმის დროს სწორედ მისთვის დაუცლიათ ტყვიების მთელი ჯერი.
მრევლის ზიარების შემდეგ მამა ანდრიამ იური ანუა იპოდიაკვნად აკურთხა და სახელად გიორგი უწოდა. შემდეგ მრევლს დუმილისა და საკუთარ თავთან განმარტოებისკენ მოუწოდა, თვითონაც სალოცავად განმარტოვდა... გამთენიისას ტაძარი ალყაში მოაქციეს. კარზე ბრახუნის ხმა გაისმა.Mმამა ანდრიას კურთხევით, იპოდიაკონმა გიორგი ანუამ კარები გააღო. იგი კონდახის ცემით გაიყვანეს ტაძრიდან. ერთ-ერთი დევნილის მონათხრობიდან ვიცით, რომ გარეთ გაყვანის შემდეგ მისთვის ეროვნება უკითხავთ. უთქვამს, აფხაზი ვარო. მოღალატე უწოდეს, მის დაჩოქებას ცდილობდნენ თურმე, მაგრამ ვერ დაუჩოქებიათ. ამის შემდეგ იური (გიორგი) ანუა წმინდა ვასილისკოს წყაროსთან წაუყვანიათ და სამი დღის მანძილზე უწამებიათ, ბოლოს ხეზე მიაბეს და დახვრიტეს. მისი ნეშტი კი უგზო-უკვლოდ გაქრა. წლების განმავლობაში არ იცოდნენ, სად განისვენებდა იური ანუა. ამჟამად, როგორც ანუები ამბობენ, მამა ანდრიას გვერდით უნდა იყოს დაკრძალული.
მამა ანდრიას გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შემთხვევით მოვვისმინე რუსი გენერლის ინტერვიუ, რომელიც კომანის ტრაგედიის შესახებ საუბრობდა. მან გაიხსენა, რომ იმ დღეს ტაძრიდან მოძღვარი გამოიყვანეს, ტაძრის მახლობლად მშენებარე კელიაში შეიყვანეს და დაკითხვა დაუწყეს. პირველად უკითხავთ - ეს მიწა ვის ეკუთვნისო. Mმიწა ღვთისააო, - უთქვამს მამა ანდრიას. ვიცით, რომ მიწა ღვთისაა, მაგრამ მაგას კი არ გეკითხებით, არამედ იმას, თუ ვის ეკუთვნისო. მამა ანდრიას უთქვამს - ქართული მიწააო. შემდეგ ეკითხებოდნენ - ინახებოდა თუ არა ტაძრის სარდაფში იარაღი, იყო თუ არ იქ მოწყობილი შტაბი... ბრძოლის დროს ქართველი ჯარისკაცები ტაძრის სამრეკლოზე ავიდნენ და იქიდან ისროდნენ, ამიტომაც ჩათვალეს, რომ მამა ანდრიას კავშირი ჰქონდა მებრძოლებთან. სინამდვილეში მამა ანდრია საბრძოლო ვითარებაში ჩართული არ ყოფილა, მისი მოვალეობა მხოლოდ მრევლის გაფრთხილება და განმტკიცება იყო... მამა ანდრიას დაუჩოქებია და ლოცვა დაუწყია. ამბობენ, მკვლელმა მამა ანდრიას მზერას ვერ გაუძლო და უკნიდან ესროლა კეფაშიო. იმის ნაცვლად, რომ პირქვე დამხობილიყო, როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ზურგზე დაცემულა - თავი არ მოუდრიკა მკვლელებს... შემდეგ ტაძარში შეიჭრნენ და იქ შეკრებილი ადამიანები ამოხოცეს. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ ზოია და მანანა ანუები.Mმკვლელებს მათთვისაც დაუმიზნებიათ რამდენჯერმე, მაგრამ შემდეგ რატომღაც აღარ უსვრიათ. სწორედ მაშინ მიუცია ზოია ანუას აღთქმა ღვთისთვის - თუ ამ კოშმარს თავს დავაღწევთ და თბილისში, უწმინდესთან მშვიდობით ჩავალთ, მონაზვნად აღვიკვეცებიო.
ანუების გარდა ტაძარში შეკრებილი ადამიანებიდან კიდევ ორი თუ სამი კაცი გადარჩა, რომლებიც ბრძოლის მიმდინარეობისას ამბის გასატანად გაუშვიათ სოხუმში, რადგან გრძნობდნენ, რომ საფრთხე ელოდათ - 5000 კაცს ებრძოდა 35 კაცი, ქართველების რიცხვი თანდათან მცირდებოდა, ხვდებოდნენ, რომ ბოლოს ვეღარ შეძლებდნენ და 2-3 ადამიანი ამბის გასატანად გაუშვიათ.
მამა ანდრიას გაყვანიდან რამდენიმე საათში ტაძარში ახალგაზრდა ბიჭი შესულა და ანუებისთვის უთქვამს - თქვენი მოძღვარი მოკლესო. ისინი მაშინვე გარეთ გავარდნილან. მამა ანდრიას თვალები ღია დარჩენია. ამბობენ, საოცარ ნეტარებას ასხივებდაო, ბაგეზე კი ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა თურმე. ზოია და მანანა ანუებს მოძღვრის ნეშტის ტაძარში შესვენებასა და დაკრძალვაში რამდენიმე აფხაზი დახმარებია. მამა ანდრიას სიკვდილის გამო განსაკუთრებით 19 წლის აფხაზი ბიჭი - დაურ (დიოდოტე) ზუხბა წუხდა თურმე, უთქვამს - ამას როგორ ესროლეს, ეს როგორ გაიმეტესო?! ამ ომში ჯერ კაცი არ მომიკლავს, ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ ამის მკვლელს ჩემი ხელით მოვკლავო. ამაზე დედა-შვილ ანუებს უთქვამთ - კაცის მკვლელობა უდიდესი ცოდვაა, ამას არც მამა ანდრია დაგანებებდაო. დაურს მათთვის მამა ანდრიას ნაქონი ნივთი უთხოვია. მათ მომცრო სახარება და წმინდა ნიკოლოზის ხატი მიუციათ. იმ საღამოს დაური ნაღმზე აფეთქდა. მისი სიკვდილის შემდეგ აფხაზებს უთქვამთ - ღმერთმა მამა ანდრიას სიკვდილი არ შეგვარჩინა და ჩვენს შორის ყველაზე უკეთესი წაიყვანაო. სამი დღის შემდეგ მამა ანდრიას მკვლელი - ვინც მას ესროლა - ნაღმზე აფეთქდა და მარჯვენა ხელ-ფეხი დაკარგა. ახლახან გავიგეთ, რომ გარდაიცვალა.
გარდაცვალების შემდეგ მამა ანდრიას ნეშტს შეუჩერებლად სდიოდა თურმე სისხლი. ტაძარში შეუსვენებიათ და საკურთხევლის კარების წინ დაუსვენებიათ. ცისფერი გარდამოხსნის სუდარა, რომელიც მის ნეშტს გადააფარეს, მთლიანად სისხლით ყოფილა შეღებილი.Pპაპანაქება სიცხეში ირგვლივ მოკლულთა გვამები იხრწნებოდა. მამა ანდრიას სხეული არ გახრწნილა. სამი დღე, დაკრძალვამდე, როგორც ცოცხალს, ისე სდიოდა სისხლი ჭრილობებიდან. მესამე დღეს იქვე, კომანის წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის კედელთან, დაკრძალეს. დღემდე იქაა დაკრძალული.
5 ივლისის ტრაგედიიდან სამი დღის შემდეგ მოსკოვიდან დეპეშა მოსულა: კომანში მსოფლიო მნიშვნელობის ტაძარია და არ დააზიანოთ, არც მის მსახურთ ავნოთ რამე, ჩააყენეთ გაძლიერებული დაცვაო. რუსი ჯარისკაცები კი ჩააყენეს, მაგრამ ბრძანების მეორე ნაწილის შესრულება გვიან იყო...
- თქვენმა ოჯახმა როგორ შეიტყო მამა ანდრიას გარდაცვალების შესახებ და თუ მოახერხეთ მის საფლავზე ჩასვლა?
- მამა ანდრიას გარდაცვალების შესახებ მამაჩემმა შეიტყო რადიოთი. დედას თავზარი დასცა შვილის დაღუპვის ცნობამ, ორი დღის განმავლობაში მეხსიერებადაკარგული იყო, ვეღარავის გვცნობდა, მხოლოდ პაატას უხმობდა... როდესაც ცოტა მოიხედა, კომანში გადაფრენა გადავწყვიტეთ. სოხუმი ჯერ დაცემული არ იყო. რუსებთანაც იყო მოლაპარაკებები, რომ კომანში შევეშვით, მაგრამ უკან მშვიდობით დაბრუნების იმედს ვერ გვაძლევდნენ. მე და მამა მაინც ვაპირებდით გადასვლას, მაგრამ დედის დაჟინებული თხოვნით უკან გამოვბრუნდით ისე, რომ მამა ანდრიას საფლავამდე ვერ მივაღწიეთ. რამდენიმე წლის წინ მამა ანდრიას საფლავზე მისვლა ჩვენმა ერთ-ერთმა დამ, დედა შუშანიკმა მოახერხა. ერთხანსKკოდორში მოღვაწეობდა და იქიდან გადაუყვანიათ კომანში.
- ალბათ თქვენი და თქვენი დედმამიშვილების არჩევანზე მამა ანდრიას მოწამებრივმა აღსასრულმა მოახდინა გავლენა, მამა ანდრიას გარდა, ცხრა და-ძმას შორის კიდევ ოთხნი გაჰყევით მამა ანდრიას არჩეულ გზას...
- პირადად ჩემთვის ეკლესიასთან, სულიერ ცხოვრებასთან შეხება პირველად მამა ანდრიას ბაღდათში ჩამოსვლის დროს მოხდა. ზედა დიმის ტაძარში რომ მიდიოდა, მთხოვა, გამყევიო. პირველად მაშინ დავესწარი წირვას. ამ დრომდე ჯვარსაც არ ვატარებდი. როდესაც კომანში ჩავედი და ზოია ანუამ შენიშნა, რომ ჯვარი არ მეკეთა, გაკვირვება ვერ დამალა და მითხრა: მამა ანდრიას ძმა ჯვარს როგორ არ ატარებო. ამის შემდეგ დავიწყე ჯვრის ტარება. მამა ანდრიას გარდაცვალებიდან რამდენიმე ხანში აფხაზეთში წავედი. მეუფე დანიელმა სტიქარით შემმოსა და სოხუმის ტაძარში მსახურებებში ვმონაწილეობდი. მეუფის კურთხევით, საზრდელსაც ვაწვდიდი საბრძოლო მოქმედების ადგილებში. ბაღდათში დაბრუნების შემდეგ მეუფე ანტონმა მღვდლად დამასხა ხელი. დღემდე ვმსახურობ ზედა დიმის ტაძარში მღვდლად. ჩემი ორი და უკვე მონაზონია. ერთი - ნათიაყოფილი, დედა კასიანა, ამჟამად დარეჯანის სასახლესთან არსებულ ფერისცვალების მონასტერში მოღვაწეობს. დედა შუშანიკმა (მას ერში მაკა ერქვა) რამდენიმე ადგილი გამოიცვალა, ჯერ კოდორში მოღვაწეობდა, შემდეგ ფოკაში, ამჟამად ბედიანის მონასტერშია. რაც შეეხება ძმას - იმედაყოფილს, მღვდელმონაზონია, ელიზბარის სახელით, წლების მანძილზე მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოღვაწეობდა, ამჟამად კაცხის სვეტთან არსებულ მონასტერში მსახურობს.
მამა ანდრია მეგზურ-მეკვლე აღმოჩნდა ჩვენთვის, მისმა ნაბიჯმა და თავგანწირვამ დაგვაყენა ღვთისკენ სავალ გზაზე. როგორც მოგახსენეთ, მამა დიდ ყურადღებას იჩენდა სიძველეებისა და სიწმინდეების მიმართ, ხშირად დადიოდა მიტოვებულ ტაძრებში, იქიდან ხატები გამოჰქონდა და თავის მიერ დაარსებულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახავდა.Mმამა ხატებს ყოველთვის განსაკუთრებული კრძალვით ეპყრობოდა. აქედანაც იყო ჩვენს ცნობიერებაში დალექილი და ცხადია, ამანაც მოახდინა გავლენა ჩვენს არჩევანზე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი