ამა წლის 19 ივლისს 96 წლისა გარდაიცვალა დიდი რუმინელი მამა, არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი), მოღვაწე, მეუდაბნოე. იგი მამა კლეოპასთან ერთად ცხოვრობდა რუმინეთის მთების უღრან ტყეებში.
რწმენის დაცვის გამო 40-წლიანი ციხე მიუსაჯეს. 14 წელი მოიხადა. 1975 წელს მამა არსენი კონსტანცის ახლოს, ტეკირგიოლის მონასტრის მოძღვრად დაინიშნა. მამა არსენთან ეს ინტერვიუ ერთ-ერთ მართლმადიდებლურ საიტზე გამოქვეყნდა. ვფიქრობთ, ის ჩვენთვისაც საინტერესო იქნება.
"მამა არსენთან წასვლა მოულოდნელად მოგვიხდა, - წერს ამ ინტერვიუს ავტორი, - მაცნობეს: - თუ გინდა, მამა არსენს ცოცხალს მიუსწრო, იჩქარეო. გვეგონა, სასიკვდილო სარეცელზე იყო, მაგრამ რაოდენ განვცვიფრდით, როცა არქიმანდრიტი მხნედ ვიხილეთ. ხალხით გარემოცული ცდილობდა, ყველა მიეღო. მისგან მოღიმარნი და სიხარულით ცრემლმორეულნი გამოდიოდნენ. ჩვენთან შეხვედრისას სწორედ იმ წამს გამოსული დედაკაცის ამბავი მოგვითხრო: - იმისთვის მოვიდა, რომ მასზე ლოცვა შევწყვიტო. ამბობს, მას მერე, რაც ლოცვა დაიწყე, განსაცდელებმა შემაწუხესო.
- მამა არსენ, მონაზვნობა ომის დამთავრებისთანავე გადაწყვიტეთ, როცა რუმინეთში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. რას ნიშნავდა იმ დროს მონასტერში წასვლა, არ იყო საშიში?
- მე ეს ნაბიჯი გადამადგმევინა არა ჩვენს ქვეყანაში დამდგარმა მძიმე პერიოდმა, რომ საიმედოდ დავმალულიყავი მონასტრის კედლებში, არამედ ღვთისმსახურებისა და ამ მიწიერი ცხოვრების მერე საუკუნოდ ცხოვრების სურვილმა.
რისა მეშინოდეს, თუ ქრისტე აღსდგა?! მან სძლია სიკვდილს, ვინც მასთან არ შეკრებს თავთავს, იგი განაბნევს. სიკვდილი იმისთვის კი არ მოდის, რომ ყავა მოვუდუღოთ. ის ჩვენს წასაყვანად მოდის. კითხვას კითხვაზე დაგვაყრის: რატომ არ გვიყვარდა, რატომ ვმტრობდით ერთმანეთს? სიკვდილი - რეალობაა და არა საფრთხობელა. ის არ იგვიანებს. ამ გაგებამ მაიძულა, არა მარტო რაციონალურად მეაზროვნა, თუ რა იქნებოდა სიკვდილის მერე, არამედ სერიოზულადაც გამეხედა წინ.
- თქვენ მონაწილეობდით "შეუწველი მაყვლის" მოძრაობაში. რას აძლევდა ის იმ დროს ხალხს? რა ნაყოფი გამოიღო ამან?
- ჩვენი საქმიანობის არსი არა მარტო ღმერთსა და რწმენაზე საუბარი იყო, არამედ მცნებების დაცვაც. ამაზე თვითონ უფალიც ამბობს: მარტო კი არ უნდა იყვირო: "ღმერთო! ღმერთო!" არამედ მცნებებიც უნდა შეასრულო. ეს გახლდათ მოძრაობა სულიერი ცხოვრების განახლებისთვის, რომელმაც სხვადასხვა საქმიანობის ხალხი შემოკრიბა. ახალ ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა ჩვენი არსებობა, მაგრამ ვერ შეძლეს ჩვენი დასაბუთებულად დახურვა, ამიტომაც გაგვასამართლეს როგორც ორგანიზაცია, რომელიც საფუძველს უთხრიდა ახალ სახელმწიფოს. გამოძიება სამ თვეს გაგრძელდა და აუტანელი იყო. ბოლო სასამართლომ 40 წელი პატიმრობა მომისაჯა, უმთავრესად "შეუწველი მაყვლის" მოძრაობაში მონაწილეობისთვის.
- თოთხმეტი წელი ციხეში იჯექით თქვენი რწმენისთვის. რა მიიღეთ იქიდან?
- უფალმა იდეა მომცა, რომლის განხორციელებაც მმართებს: ზეცაო ჩემო, მიმიღე მე შენთან. ღვთის ყველაზე დიდი წყალობა დროა, რომელსაც ის ჩვენ გვაძლევს. თითოეული ჩვენგანი ხომ სიკვდილის წინ ამას ითხოვს: უფალო, ნუ წამიყვან დღევანდელ დღეს. ეს არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო, ჩვენ იქიდან განბრძნობილნი გამოვედით. ციხე დიდი ღვაწლია. ის გამდაბლებდა, რადგან თვით უფალს ეპყრა შენი სული. მაგრამ იცოდი, რომ ეს ტანჯვა უდიდესი ჭეშმარიტების გამო ხდებოდა, რადგან მიზანი ჰქონდათ, ჩვენი სული და იდეა სხვადასხვანაირი მეთოდებით დაემახინჯებინათ. და ერთადერთი საშუალება, გაგეძლო და გეძლია ამ სიტუაციისთვის, იყო ის, რომ მათი იდეები არ მიგეღო. შენ შეგეძლო უდიდესი გმირი გამხდარიყავი, როცა ეტყოდი: "ბატონო, მე ამას არ ვიღებ!" ეს სიცოცხლედ ღირდა.
მე აიუდეში (იმ დროის რუმინეთში ყველაზე მკაცრი ციხე) ერთმა პოლკოვნიკმა დამკითხა. მე მისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვხედავდი, რადგანაც მღვდელი და მონაზონი ვიყავი, თუმცა კი პატიმრის სამოსი მეცვა. და აი, ამგვარად დამდაბლებულს, ყოველ შემთხვევაში, ტანსაცმლით მაინც, მეკითხება პოლკოვნიკი, - როგორ შეგიძლია ახსნა ღმერთის არსებობაო. მივუგე: - ბატონო პოლკოვნიკო, თვითონ ჩვენი არსებობა, ჩვენი სუნთქვა, ჩვენი სული, ინტელექტი, გონება გვიმტკიცებს ამას-მეთქი. მერე მოვუყევი, რომ მთელი სამყარო და ყოველივე, რაც მასშია, დიდებული შემოქმედის მიერ არის შექმნილი და ადამიანებიც შემთხვევითობის წყალობით არ არიან შექმნილნი. მე ასევე ავუხსენი, თუ რატომ მოვიდა ქრისტე სოფელში, რატომ მისცა თავისი ჯვარცმის ნება და მკვდრეთით აღსდგა. ბოლოს კი ვკითხე, - რატომ არ გწამთ-მეთქი. ეს კითხვა ჩემგან დიდი გამბედაობა იყო, მაგრამ მე ჩემი რწმენა უნდა დამეცვა. რუსეთში ჯვრის სახელით გაჩაღებულმა ომმა დამარწმუნა, რომ ღმერთი არ არსებობსო. რას ამბობთ?! რომელი ჯვრისათვის, ბატონო პოლკოვნიკო?! ამ გადარეულ ჰიტლერს რუსეთის დაპყრობა სურდა და ეგონა, ისინი ამის ნებას მისცემდნენ, მაგრამ ამ ომის წინ რატომ არა გწამდათ-მეთქი. კითხვა შემომიბრუნა, - როგორია შენი უკანასკნელი არგუმენტიო. მზად ვარ, ჭეშმარიტებისათვის მოვკვდე-მეთქი, თუმცა ვხედავდი, რომ მკვლელი არავინ იყო, მას ვგულისხმობდი. ყვირილი დაიწყო და ჩემი გაყვანა ბრძანა.
- რა არის დღეს საზოგადოების ყველაზე საშინელი სულიერი სნეულებანი?
- ღვთის დავიწყება. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ყოველ წუთს ჩვენს გვერდითაა. ის არ გვაიძულებს, რაიმე ღვაწლი აღვასრულოთ, არამედ სურს, გვახსოვდეს მისი სიახლოვე, გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ მის თვალთა წინაშე ვდგავართ. ჩვენ იმაზე მოგვკითხავენ, რომ ვივიწყებთ ღმერთს და გვძაგს ერთმანეთი. დრო ცოტა გვაქვს, ამიტომ დროზე უნდა მოვიფიქროთ, რა უნდა ვქნათ.
- თქვენ ათასობით სულიერი შვილი გყავთ. რით დაგასაჩუქრათ ღმერთმა, რომ მათი სულები ცხონებისკენ წაიყვანოთ?
- თავისი მუდმივი ყოვნით ჩემს გულში. იმის ხსოვნით, რომ გულმა მარცხნივ არ უნდა "გადაუხვიოს". ჩვენ შეგვიძლია ცეცხლში ან წყალში გავიაროთ, მაგრამ ჩვენი გული მხოლოდ ღმერთს უნდა ეკუთვნოდეს. თითოეულმა ქრისტიანმა იცის, რა არის საჭირო მისი ცხონებისათვის. ჩვენ გვაქვს ჯვარი, როგორც სიმბოლო ცხონებისა, რომელიც დაგვმოძღვრავს...
თაყვანის ეცით ღმერთს ყოვლითა სულითა თქვენითა. ჯვარი ფორმალურად არ უნდა გამოისახოთ. უნდა განიცადოთ ის მომენტი, როცა ჯვარს ისახავთ. უფალი იმას კი არ მოგთხოვს, რაც არ იცოდი, გკითხავს, რად არ აღასრულე ის, რაც იცოდიო.
- ადრე ადამიანები იმიტომ მიდიოდნენ მონასტერში, რომ ღმერთთან განმარტოებით ყოფილიყვნენ, ახლა კი მონასტერში როგორც საავადმყოფოში, ისე მიდიან, რათა სალბუნი დაიდონ სნეულ სულსა და გულზე, რათა აქ სუფთა ჰაერი ჩაისუნთქონ. რას ურჩევთ მათ პირველ რიგში, ვისაც სულიერ ცხოვრებაში წარმატება უნდა?
- მუდმივად უნდა გქონდეს შინაგანი, გულისმიერი სიხარული, რომელიც მოუკლებელი ლოცვის მერე ჩნდება. ნამდვილი სიხარულის მდგომარეობა, რომელიც თავისუფალია ცხოვრებისეულ და სხვა პრობლემათაგან. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ, ამ მდგომარეობას მივაღწიოთ, რადგან ჯავრის ქონით ეშმაკის კვერცხს "გამოვჩეკავთ". მოღუშული არ უნდა ვიყოთ. თუ ადამიანი სულიერ ღვაწლში არ კვდება, არ აღმართავს ჭეშმარიტი რწმენის დროშას, მაშინ მთელი ქმნილება იტანჯება. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ერთმანეთთან, რადგან ღვთის ყველა ქმნილება ერთიანია. თუ გამოვეყოფით ამ საყოველთაო ერთობას, თვითონვე გავანადგურებთ საკუთარ თავს. ამიტომაც გირჩევთ, სულიერი ღვაწლი იტვირთოთ. მსოფლიო ტრაგედია საკუთარი ცოდვებივით უნდა გამოვიტიროთ. ლოცვის მდგომარეობა - ღვთის წინაშე ყოფნის მდგომარეობაა. მე, როგორც მოძღვარი, მთელი დღე ვესაუბრები ადამიანებს, რომელთაც ღვთის წინაშე მართებულად სიარული სჭირდებათ, მე მათ რაიმე განსაკუთრებულ ღვაწლს კი არ ვურჩევ, არამედ ვასწავლი, რომ მუდმივად ჰქონდეთ ღვთის წინაშე ყოფნის მდგომარეობა, რაც ნიშავს თითოეულ ჩვენგანში კეთილ ძალთა აღიარებას.
- როგორ უნდა მივაღწიოთ, როგორ იშვება ეს მდგომარეობა?
- ამ შეკითხვას შეუძლებელია, ამომწურავად უპასუხო. ხალხი თავის ცხოვრებას მალავს. მე სხვადასხვანაირ ადამიანთან ერთად ვიჯექი. კარგი ურთიერთობა მქონდა მამა დუმიტრუ სტანილოასთან (ცნობილი რუმინელი მოძღვარი, - კ.კ.), რა თქმა უნდა, დისტანციას ვიცავდი, რადგან მაშინ მასთან შედარებით ჯერ კიდევ ბიჭი ვიყავი. როცა მიმდინარეობდა გამოძიება "შეუწველ მაყვალზე", რომლის მონაწილეებიც ორივე ვიყავით, მამა დუმიტრუ ყოყმანობდა. მაგრამ როცა ციხეში მოხვდა და იქ შეხვდა ადამიანებს, რომელთაც უკვე ოცი წელი ჰქონდათ მოხდილი და ახალი აღთქმა ზეპირად იცოდნენ, ამან მამა დუმიტრუ აღაფრთოვანა.
"შეუწველ მაყვალში" მონაწილეობისათვის ვასილი ბოიჰკულესკუს, დუმიტრუ სტანილოას, ალექსანდრე მირონესკუს და ყველა დანარჩენს 15-15 წელი მიუსაჯეს, მე კი 40. თავიდან მეცინებოდა, რადგან ყველგან, როგორც საშინელ მკვლელს, ისე მიყურებდნენ. ჟილავეს ციხეში ერთმა კაპიტანმა, რომელმაც გამაშიშვლა და გამპარსა, მკითხა, - ამდენი წელი რის გამო მოგისაჯესო. არაფრის გამო-მეთქი. არაფერი რომ არ ჩაგედინა, 10-15 წელს მოგცემდნენ და არა 40-სო... გამოდის, რომ არაფრის გამო 10-15 წლით მაინც ჩაგსვამდნენ. აი, ვისთან გვქონდა საქმე. და აი, მათ შორის, ვინც შენ გაშიშვლებდა, ვინც გკლავდა, მნიშვნელოვანი იყო, ღვთის წინაშე დგომა შეგეგრძნო, ღვთის სიახლოვე გეგრძნო.
მათ მე არ მომკლეს, თუმცა ალბათ ეს მიზანი ჰქონდათ, როცა გაყინულ კარცერში შემაგდეს. არ მოვკვდი სამ დღეში. არც ხუთ, მერე კი არც შვიდ დღეში. მე მაინც არ მოვკვდი. ღმერთს არ უნდოდა ჩემი სიკვდილი. მაგრამ ეს ძალზე ძნელი იყო. მთავარია, იქ, სადაც ხარ, ღვთის წინაშე წარდგომილად გრძნობდე თავს! მერე კი მოხდეს, რაც მოსახდენია. კაცი ვარ და არა ქარწაღებული ჩალა. სიკვდილს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ის ხსნა იყო! მაგრამ იყო კაცში სული, სიცოცხლის სხივი, რომელიც არ დანებდა. და სხვა იდეალი არ გვქონდა, თუ არა ის, რომ ღმერთს ღირსი გავეხადეთ ამ ბედნიერებისა - მოვკვდარიყავით წამებით დაფლეთილნი ჭეშმარიტების იმ ნაპერწკლის გასაღვივებლად, რომელიც ვიცოდით და რომლის დასაცავადაც მზად ვიყავით, თვით ბნელეთის ძალებთან საომრად წავსულიყავით, კი არ გვეცოცხლა, არამედ მოვმკვდარიყავით. ეს დევიზია თითოეული ქრისტიანისა.
ახალგაზრდობაში ჩვენი სოფლიდან მარტო მე დავდიოდი ტაძარში. ერთხელ მღვდელმა თქვა: - ეკლესიაში ერთი დადის, და ისიც კი ბოლომდე არ ესწრება ღვთისმსახურებასო. ამ სიტყვების მნიშვნელობას ვერ მივხვდი, რადგან მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ამიტომაც ვფიქრობდი, ყველაფერი უკვე დამთავრდა-მეთქი. სულ ერთი ციცქნამ არ ვიცოდი, რა იყო ლიტურგია. მაგრამ ამ სიტყვების მოსმენის მერე აღარ გამოვდიოდი ტაძრიდან, ვიდრე მღვდელი არ გამოვიდოდა, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ღვთისმსახურება დასრულდა.
ვერავითარი განათლება და სხვა რამ ისე ვერ ჩამოაყალიბებს შენში ღვთის წინაშე მუდმივად დგომის შეგრძნებას, როგორც ციხე და სატანჯველი. დიდ შეცდომას უშვებს ის, ვინც ტანჯვას უარყოფს. როცა მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად გენესარეთის ტბაზე იყო, უთხრა მათ: "გადავიდეთ მეორე ნაპირზე". გაცურეს თუ არა, ღელვა ატყდა, ტალღები აიფოფრა. მოწაფეები აღელდნენ, რადგან მათი სიმშვიდისთვის არ კმაროდა, რომ მაცხოვარმა ნათლად უთხრა, მეორე ნაპირზე გადასულიყვნენ. განა არ შეიძლებოდა ტალღების - განსაცდელებისა და რყევის გარეშე გადარჩენილიყვნენ? არა, რადგან მხოლოდ ამ განსაცდელებისას ვაძლევთ ჩვენს გულს ღმერთს.
- რა შეიძინეთ მთელი ამ სამოცწლიანი მონაზვნური ცხოვრების მანძილზე?
- დავადექი რა მონაზვნურ გზას, თავი პატარად და უმნიშვნელოდ ვიგრძენი, ამასთან, მხნეობის მოზღვავებით შევიგრძენი ამ კურთხევის საიდუმლოს მნიშვნელობა. ვიგრძენი უზარმაზარი მნიშვნელობა იმ ცეცხლისა, რომელიც აინთო ჩემში მონაზვნად შობისას. ერში ყოფნისას შეუძლებელია ამის შეცნობა, რადგან არ არის იქ ისეთი ბაჯაღლოს ჯვარი, როგორიც საკუთარი ნების დატევებაა.
მონაზვნურ ცხოვრებაში კაცის ბევრი უძლურება გამოჩნდება და მაშინ გრძნობ საკუთარი თავის დამდაბლების აუცილებლობას: ეს უმთავრესია ახალი ადამიანის-მონაზვნის-პიროვნების სულიერი ფორმირებისას. მონაზვნობაში ღვთის წყალობით განიწმინდება გონება და დამდაბლდება გული და შენ არ იცი, საიდან იგებ ადრე დაფარულ საგნებს. ყოველმა მდაბალმა კაცმა იცის საკუთარი თავის დამდაბლების საზომი, რომ იგი სხვა არაფერია, თუ არა ბოროტ ძალთაგან თავის დასაცავი იარაღი, და ეს უფლის მიერ შენთვის ნაბოძები ნიჭების დამსახურებაა. მონასტერში წმინდად ცხოვრების უსაზღვრო შესაძლებლობა გეხსნება. სულით უფალთან ხარ და გრძნობ, რომ "ღმერთს უფრო მეტი სიკეთის მოცემა უნდა შენთვის, ვიდრე მას სთხოვ, - როგორც ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - უდიდესი იმედის მოძალებას გრძნობ" და როგორც ამბობდა სოლომონი: "ვისაც ღვთის იმედი აქვს, არ შერცხვება".
მაგრამ ყველაზე დიდ მადლიერებას ჩემში იწვევს ღვთის უდიდესი წყალობა, რომ გამაგებინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის - ცოდვილთა სრულყოფილი მფარველის შუამდგომლობა და შემწეობა. რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, ამისთვის გვჭირდება ძლიერი ნება და დიდი რწმენა ღვთისმშობლის მოწყალებისა და მისი ყოვლისშემძლე შეწევნის მიმართ. მონასტერში მე საკუთარ სულში სიხარული ავანთე, რადგან მივენდე უძლურთამფარველის, ღვთის დედის ლოცვებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი