- გარდამეტებული მადლით და სიყვარულით იქმნება სამყარო. მადლი უწყვეტლივ ყველგან და ყველასთვის არის, თუმცა ამ მადლში უნდა მოხვდეს ყოველივე ამის დასატევად გამზადებული ჭურჭელი, - მეუბნება მამა არჩილი, - როცა მივხვდი, რომ განსაცდელის დროს მთავარი დამნაშავე თავად ხარ საკუთარი ცხოვრების წესის გამო, შევეცადე, ღმერთთან სიახლოვეში მეპოვა გამოსავალი. მთავარი უფალთან გულახდილობა იყო, რამაც აღსარებამდე მიმიყვანა. ღვთის მადლით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარე.Bბოლოს მივხვდი, რომ ეს ის ჭეშმარიტებაა, რომელსა ყველა ადამიანი უნდა ემსახუროს და შეძლებისდაგვარად ადიდოს უფალი. მადლი როდია ადვილი მოსახვეჭი და ადვილი შესანარჩუნებელი. ჩვენი ცხოვრებაც იმით არის ფასეული, შეგწევს თუ არა უნარი ამ მადლის შენარჩუნებისა. ჩემი უსუსურობით და ადამიანური მდგომარეობით ვცდილობ, ეს მადლი არ განმეშოროს, რამეთუ მადლში ყოფნა დიდი სიხარულის, იმედის და სასოების მომცემია. მადლმოსილება ბევრ რამეს ნიშნავს. მადლი ის არის, რამაც უნდა გაცხოვნოს და მარადიულ ცხოვრებაში დაგამკვიდროს.
***
მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე. დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი. ვიყავი წარმატებული სპორტსმენი, მაგრამ უკმარისობის გრძნობა არ მასვენებდა. ვეძებდი ჭეშმარიტებას და ამ ძიებაში აღმოვჩნდი მთაწმინდაზე, მამა დავითზე, სადაც დაირწა ჩემი სულიერი აკვანი. ჩემთვის განსაცდელი იყო, რომ ოთხი წლის მანძილზე არ მყავდა შვილი. ჩემმა სულიერმა ცვლილებებმა და სხვადასხვა გარემოებამ განაპირობა ჩემი მუხლმოდრეკა უფლის წინაშე. ღვთის წყალობით, დღეს ხუთი შვილის მამა გახლავართ. პირველი შვილი ღირსი მამის, დავით გარეჯელის ხსენების მეორე დღეს შემეძინა. ვმადლობ უფალს იმისათვის, რომ მის გზას მივყვები. უფლის მადლით ვგრძნობ ღვთის შეწევნას. მოგეხსენებათ, დიდი ჯვარია, იყო სასულიერო პირი და ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალი, პირნათლად ვემსახურო მას, ჩემს ქვეყანას, ხალხს.***
ჩემს სულიერ გამოღვიძებაში დიდი როლი ითამაშა დეკანოზმა თომა ჯაჯანიძემ, რომელიც ჩემი პირველი მოძღვარი გახლდათ. ღვთის მადლით და უფლის შეწევნის შემდეგ ხდება ადამიანების განსაცდელებიდან გამოყვანა. მთავარი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ, მოვიძიოთ სულიწმინდის მადლი, რომელიც ყველაფერს განასპეტაკებს, როგორც სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. ვცდილობ, ჩემი ცხოვრებაც ასე იყოს....პირველად რომ მივედი ტაძარში, პირჯვრის გადაწერა არ ვიცოდი. მეშინოდა, არასწორად არ გარდამესახა. შევხვდი მთაწმინდაზე მამა თომას (ღმერთმა ნათელში ამყოფოს). აუცილებლად მინდა ვახსენო ჩემი სიყრმის მეგობრები, ძმები ხურცილავები, ახალშესვენებული იღუმენი ილია და მისი ძმა ირაკლი, რომელიც მინდა ვანუგეშო და ამავე დროს მადლიერება გამოვხატო მის მიმართ, რამეთუ მისი გვერდით დგომით მოვახერხე მამა თომასთან სულიერი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ჩემთვის დღესაც სამაგალითო მოძღვრისგან მივიღე სულის სანკურნებელი რჩევა-დარიგება, რის შემდგომაც მტკიცედ გადავწყვიტე, დამეწყო ეკლესიური ცხოვრება. მან სამეუფეო გზა მიმანიშნა, ჩემი სულიერი მდგომარეობა დამანახა და მივხვდი, რომ ბევრი დანაშაული და შეცდომა მქონდა ღვთის წინაშე. მომინდა ღვთისთვის გულით მემსახურა, რათა ჩემი დანაშაული და შეცდომები წარმეხოცა. როცა უკვე გავაცნობიერე, მივხვდი, რომ ყველაზე დიდი ტვირთი, რაც შემეძლო მსხვერპლად მიმეტანა, იქნებოდა ჩემი სასულიერო რანგში მსახურება. ჩემს ოჯახში პირველი სიტყვის თქმამ ღმერთის შესახებ მე მომიწია. ჩემი ხორციელი ძმა გარკვეული დროის შემდგომ მოვიდა ტაძარში. მან თავისი ცხოვრება მთლიანად ღმერთს მიუძღვნა. მამა თომას გარდაცვალების შემდეგ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მამადავითზე მღვდელმსახურებად დაადგინეს მამა ზენონ იარაჯული (ამჟამად მეუფე ზენონი) და მამა ბასილ კიკვაძე (მამა იოანე). მამა ზენონის ლოცვა კურთხევით ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. ასევე დიდი მამობრივი და მეგობრული დახმარება გამიწია მამა იოანემ, რომელსაც დღემდე ვემადლიერები. ამ სამი სასულიერო პირის დიდი ძალისხმევითა და ღვთის შეწევნით ჩემში იკვეთებოდა გზა, რომელსაც ვემსახურები.
ერთი წლის შემდეგ მამა ზენონი გადაიყვანეს სვეტიცხოვლის წინამძღვრად. აქ შეძლებისდაგვარად ვასრულებდი მორჩილებებს, რომელიც მევალებოდა როგორც ერისკაცს, ხოლო სამონასტრო მორჩილებებს ასრულებდნენ მონასტრის წევრები ჩემი ხორციელი ძმა, ამჟამად მღვდელმონოზონი დიონისე, და მღვდელმონოზონი დოროთე.
2003 წელს წმინდა სინოდის განჩინებით მამა ზენონი დმანისის ეპისკოპოსად გამოირჩა. ეპარქიაში იმ დროს ძალიან ბევრი ტაძარი დაგვხვდა ასამოქმედებელი. 2004 წელს მან ხელი დამასხა დიაკვნად, ხოლო 2005 წელს დამადგინა დმანისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. იქ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწია. სხვადასხვა აღმსარებლობის, ეროვნების მოსახლეობა დაგვხვდა. თავად ქართული მოსახლეობაც მოწყვეტილი იყო ეკლესიურ ცხოვრებას. ღვთის მადლით და მეუფე ზენონის დამსახურებით, მაინც მოხერხდა დმანისის ეპარქიის ჩამოყალიბება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ აღგვედგინა ტაძრები. ღვთის შეწევნით დღეს შვიდ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. გაიხსნა მონასტრები, სადაც უმძიმეს პირობებში მოუწიათ მამებს მოღვაწეობა. მამა დიონისემ ტყეში ააღორძინა ქციის მარადქალწულის მამათა მონასტერი. იქ მართლაც სულიერი ოაზისია, აღდგა გომარეთის წმინდა გიორგის უძველესი ტაძარი. მამა დოროთე დმანისის სიონში მსახურობდა. დმანისი სასულიერო პირების ნაკლებობას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ დმანისი მიგრაციას განიცდის, მწამს, მაინც გამოირჩევიან ის პიროვნებები, რომლებიც სასულიერო გზას აირჩევენ და ააღორძინებენ მიტოვებულ ეკლესია-მონასტრებს...
იმ მძიმე ვითარებაში ჩემი ოჯახი შეძლებისდაგვარად მხარში მედგა. სამი წელი თავგამოდებით ვემსახურე დმანისის ეპარქიას,Mუწმინდესის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს მცხეთა-თბილისის ეპარქიაში გადმოვედი. წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარში ვმოღვაწეობ, სადაც სამი სასულიერო პირი ვმსახურობთ: წინამძღვარი ლუკა სუპატაშვილი და მამა ირაკლი დუმბაძე. ტაძარში დიდი მადლი და სიყვარული სუფევს, მრევლსა და მსახურებს შორის უდიდესი პატივისცემა და სიყვარულია.
***
ყველაფერი ღვთისგან მომდინარეობს. უფალმა უკეთ იცის, რა არის ჩვენი სულისთვის საჭირო. ღმერთს უფრო მეტი უნდა ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ საკუთარი თავისთვის. ამ შეგნებიდან გამომდინარე, ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს.Uუფლისანი ვართ, ღმერთს ეკუთვნის ჩვენი სულიც და ხორციც, ჩვენ გვეკუთვნის მხოლოდ სურვილი და მცდელობა, დანარჩენს უფალი განაგებს, უფალი მეფობს. აქედან გამომდინარე, სწორი სულიერი მდგომარეობა განაპირობებს იმას, რომ ვმადლობდეთ უფალს. ღმერთს დაჟინებით კი არ უნდა სთხოვო, არამედ ისე, როგორც "მამაო ჩვენოშია" - იყავნ ნება შენი. უფლის ნება უფრო სასარგებლოა ჩვენთვის, ვიდრე ჩვენი სურვილები და ამბიციები. ვმადლობდეთ უფალს ყველაფრისათვის.***
მადლობა უფალს იმისთვისაც, რომ მაქვს საშუალება, ჩემი აზრები და ფიქრები ლექსად გადმოვცე. შემოქმედებითი პროცესი შეუცნობელი მდგომარეობაა, თუმცა ამ შემოქმედებაში სწორი მიმართულებით უნდა ვიაროთ. ეს სულისმიერი ანარეკლია, რომელშიც მკითხველისთვის სულიერი საკვები უნდა შევქმნათ. პირველი ლექსი 19 წლისამ დავწერე, მაშინ როცა ძიებაში ვიყავი. გარკვეული წლების შემდეგ ისევ მივუბრუნდი წერას. ლექსში აუცილებელია გულახდილად თქვა შენი სათქმელი და ზუსტად ამ გულახდილობას ვეძებ საკუთარ თავში ღვთისა და კაცის წინაშე. სიცოცხლე და სიკვდილი
მინდა სიკვდილსა დავსცინო და სიცოცხლისას ვამბობდე,
კეკლუცი კვირტი ნატრულობს, - ნეტავ სულ ასე ვხარობდე,
მზის უნახავი ფესვები უკვდავების წყალს ჰყვარობდეს,
აღარც ფოთლები დაჭკნება, არც ხე გახმება აროდეს,
უნაყოფო და უნამყნო ხე სხვად რად უნდა ვარგოდეს,
თუ მკვდარს ვემსგავსე, მომჭერით, გული არაფერს დარდობდეს,
თუ ცოცხალი ვარ, ჩემს ყლორტზე ბროწეულები ჰყვაოდეს,
ჩემს კენწეროზედ დღედაღამ იადონთ გული გალობდეს,
ჩემი კოკორის სურნელი პეპელას წამსვე ათრობდეს,
ტოტები სიცხით დამწვარ მგზავრს უჩრდილებდეს და წამლობდეს,
მწვანეში ჩაფლულს, გადასკვნილს, მინდორში მზერად რა სჯობდეს.
დაფნის ფოთლები რას მარგებს, ძლევის გვირგვინი მამკობდეს,
აქეთ ხე, იქით პიტალო კლდეზე არწივი ლარობდეს,
ბუდეში დაყრილ ნაჭუჭში, ნისკარტი მტვრევას ლამობდეს,
სიცოცხლე უღელ-ტკბილია, თუ ბარტყი ფრთებსა წვალობდეს,
კაცი გაფრენას კი არა, სიცოცხლეს უნდა სწავლობდეს.
შეხედეთ შროშანს ველისას, ნახეთ, თუ რამეს ნაკლობდეს,
ბრძანებს უფალი, სოლომონს ამგვარად ვერრა ამკობდეს,
ნუ ზრუნავთ სამოსის გამო, მუცელი ხვალ რით ხარობდეს,
სიცოცხლემ სიკვდილს აღუთქვა, ღვთის მადლით სულ ნეტარობდეს,
აქ დაუნჯებულ საუნჯეს გული გულის სწორ იქ ცნობდეს,
იქ შესვას სიცოცხლის წყარო, სიკვდილზე ძლევას იქ გრძნობდეს.
კაცი თუ რწმენით ჯვარს ზიდავს, "მო-ღათუ-კუდეს", იქ ცხონდეს,
სიკვდილს არ უყვარს მავანი, სიცოცხლისათვის იღვწოდეს.
წყალწაღებულო სიკვდილო, შენ უღმერთობა გიჯობდეს,
ტარტაროზი და მამონა ბრმა ბელიართან გიხმობდეს,
ცეცხლოვან კუპრში ჩახრჩობა, წინ წყევლა-კრულვა გიძღოდეს,
რად ვერ მოჰკალი სიცოცხლე, მანამ ქრისტესთან პირობდეს.
ასე, სიკვდილო, ძლეულო, შენს მხარზე სვავი წიოდეს,
სისხლიან პირის ხახაში სიმყრალის სუნი გდიოდეს,
მუშტარი მაინც ბევრი გყავს, ვინც ღმერთსა რამეს ჩიოდეს,
ყველა შენს გზაზედ ნავალა, შენს ფართო გზაზე დიოდეს,
შენზედ ასრულდა ამბავი, მიხარის, ცრემლი მდიოდეს.
ქრისტე ვნებულა ჯვარზედა, კლიტეს ჯაჭვები ცვიოდეს,
სამოთხის კარი გახსნილა, მართალი იქით რბიოდეს,
უპირო, რჯულის დამრღვევი, ყველა სხვა შენთან კიოდეს,
შენთან ისმოდეს ტირილი, კბილთა ღრჭენის ხმა ღრჭინობდეს,
შენი ნაზარდი ლეკვები ცხვრის ტყავში მგელად მზირობდეს,
რა ჯალათი ხარ, სიკვდილო, ვაჟკაცი ვერა გმირობდეს,
თუ შეუშინდა შენს კლანჭებს, ხორცით სიკვდილსა ტირობდეს.
ყველას არ ძალუძს, სიკვდილში გარდაცვალებას ფიქრობდეს,
ასეთი სული ღვთისადმი რწმენაში უნდა ძვირობდეს,
სიყვარული და იმედი გულში არ უნდა მცირობდეს.
ჯვარი - ხსნა, ჯვარი - მძლეველი, სიკვდილით სიკვდილს ძირობდეს.
თუ არ მოკვდება, ვერც თესლი ვერ გაცოცხლდება ვეროდეს.
მოკვდი ქრისტეში და რჯული სიცოცხლეს მოგცემს, გჯეროდეს,
გული, გონება და სული სიკვდილზე ძლევას მღეროდეს,
ამას გისურვებთ ყოველთა, დღე ცხონებისა გველოდეს.
მწყემსი კეთილი
როცა მთის წვერზე მოეფლითება გადაცრეცილი თოვლის ხალათი,
აიძენძება ზამთრის სამოსი, შეეზილება მიწას ტალახი,
როს მოასკდება მდინარე ფერდობს, აიხორხლება წვიმის ნაკადი,
აჩუხჩუხდება ხევში სიცოცხლე, მოიკაზმება ფერთა გამათი.
როცა მთის ფერდზე ახასხასდება ცას შეფერილი მწვანე ბალახი,
როცა ნიავი მობერავს სურნელს, ამსუბუქდება სული ხალასი.
მაშინ ბრდღვიალით გამონათდება გზის ჰორიზონტზე ვინმე ტანადი,
თეთრნაბდიანი მოფერავს მინდვრებს თმაგაკრეჭილი თეთრი ფარათი.
მოჰყვება სამწყსოს გზააბნეულთა, წინ მოუძღვება მძიმე ჯაფათი,
თავი შესწირა, ზარდა მზრუნველად, ასვა პეშვით და კვება ჩალათი.
არ მიატოვა არც ერთი ცხვარი, ყველას არგუნა თვისი ჭამადი.
შემოიკრიბა სალამურის ხმით, არ ერეკება ძალის ძალათი.
ვინ იცის, რა გზა გამოიარა, ვის არ გინახავთ ჭირში მამაცი,
თოვლი, ნამქერი, სიცივე, ქარი, ტანჯვა-წამებით, სიმწრით ნავალი.
არ შედრეკილა არც ერთი წამით, ყველას მოჰფინა სულის წამალი.
მზერას გულდასმით მოაბრიალებს, ურჩევს, სად არის უკეთ სავალი.
შემოუძახებს, ამხნევებს, უცქერს, ხედავს, სამწყსო ჰყავს სულით ჯაბანი.
მწყემსი კეთილი რუდუნებს, ფხიზლობს - მსუბუქად ზიდონ მძიმე ჭაპანი,
ცდილობს, რომ კლდოვან გზას მოარიდოს, უხვად არგუნოს მინდვრის საფარი,
რომ მტაცებელთა ლუკმად არ იქცნენ, ხვედრი არ ჰქონდეთ სიკვდილს სადარი.
ითმენს, რომ მათზე რისხვა არ იქნეს, ღაწვები უკრთის ცრემლით ნაბანი...
ერთი ნატვრა მაქვს, მეც მერგოს წილად, თეთრნაბდიანის სამწყსოს ბარათი.
როცა მოფერავს ხასხასა მინდვრებს თმაგაკრეჭილი თეთრი ფარათი.
მარტოსულობა
გულსაკლავია - მარტოდმდგარი, ჩამომხმარი ხე,
და ყველა კაცი, ვისაც თავი მარტოდ უგრძვნია,
ჭრელი ძონძებით შემოსილი უღვთო ნატვრის ხე,
ბედკრულ კაცის ხელს ოცნებებში რომ მიუძღვნია.
ყველა ობოლი, ნანგრევებზე პირქუშად მდგარი,
ქარმა წაიღო წუთისოფლის სიამტკბილობა,
ცივი საფლავი, უპატრონოდ ორმაგად მკვდარი,
ყვავთა ხორაგი, ძვალთა ხროვა, ძერთა პურობა.
გაზრდილზე გლოვა, გასაზრდელზე ვაი და ქუში,
შავი ღრუბელი, უიმედო ოხვრა და კვნესა,
რა გიხაროდა უდარდელად ნეტავი გუშინ,
სადღა იპოვი, უნუგეშოვ, ჭირთაგან შვებას.
იქნებ იქ არის, იმ მთებს იქით, ან სულაც აქვე,
საფლავის ქვებმა გიფანდუროს წალკოტის ქნარი,
შეხედე, როგორ გაგიცინა შროშანმა წამსვე,
როგორ დააფრთხო მისმა ცქერამ ყორანი შავი,
როგორ ფარფატებს არხეინად ჭრელი პეპელა,
აკაციების სურნელებით მსუბუქად მთვრალი,
ნაზი ალერსით ია დასწვეს ყოჩივარდებმა,
ეკეკლუცება იასამანს დილა და ცვარი.
ნუ დაგიხუფავს, უმადურო, გული და თვალი,
ნუთუ არ გიკვირს, როგორ ხარობს ვარდი ეკალზე,
თუ შენ მიწაზე გაგიჩარხავს ქვეყნის ბორბალი,
არწივებს ფრენა გაუმართავთ მეფური რკალზე.
მიწისა მიწას მიაბარე, მიწამ შეჭამოს,
შენი ადგილი აქ არ არის, შენ არ ხარ მკვდარი,
ახედე ზეცას, შენ მუნ ყოფნა მარად გეწადოს,
განა რა არის მარადიული ტკბობისა დარი.
ჰე, სულო ჩემო, მწუხარების შხამით მორწყულო,
შეწუხებულო ამა სოფლის მარწუხთა ჭერით,
დროს ხომ არ კარგავ, შენ, ამქვეყნად წამით მოსულო,
ამ წუთისოფლის სიამეთა ნატვრით და წერით.
ბრწყინავს ლამაზი ყველა ქვა და ყველა სულდგმული,
მაგრამ ის კაცი ბედნიერად მე არ მიცვნია,
ვისაც ტანჯავდა, ხორცისაგან უმძიმდა სული,
ვინაც ცხოვრების წმინდა ალი ცეცხლად იწვნია.