თუკი ოჯახში ღვთის სიყვარულია ეს ყველაფერი მოწესრიგებულია. წმინდა წერილით - ოჯახი არის მცირე ეკლესია, სადაც მამა არის მღვდელი და ეკლესიის წევრები - მისი ოჯახი. ხშირად უნდა ვევედროთ ოჯახის სიმტკიცისთვის მფარველ წმინდანებს - გურის, სამონს და აბიბოს, რათა მადლი და ღვთის წყალობა არ მოგვაკლდეს.
იშვიათია ოჯახი, სადაც ერთად ცხოვრობდეს რამდენიმე თაობა. რა სჯობს იმას, რომ ბებია-ბაბუა შვილიშვილებს გულში იკრავდეს და ეფერებოდეს. მოხუცისთვისაც აუცილებელია, შვილიშვილს სიყვარული გაუზიაროს. აუცილებელია ასევე შვილიშვილების ურთიერთობა ბებია-ბაბუასთან. ალბათ ეს ცივილიზაციის ბრალია. წინათ დიდ ოჯახებში ყველა ერთად ცხოვრობდა სიამტკბილობით.
დღეს უმრავლესობა კვირა დღეს არ უქმობს და ტაძარში ნაკლებად დადის...
ყოველწლიურად თურმე ოფიციალურად ოცი ათასი აბორტი კეთდება საქართველოში. არანაკლები - რეგისტრირებული არ არის. ეს ხომ უკვე კატასტროფაა. ერთ-ერთი მშობელი წინააღმდეგი რომ იყოს, ამგვარი დანაშაული არ მოხდებოდა. შინაგანად ყველა დედას აქვს სურვილი, შვილი გააჩინოს, მაგრამ მატერიალური პრობლემების გამო იძულებულია, ამგვარი დანაშაული ჩაიდინოს.
უწმინდესი ბრძენი ადამიანია. ერთობლივმა ნათლობებმა კიდევ უფრო მეტად მისცა ხალხს სურვილი შვილთა სხმისა.
***
როცა დასაოჯახებელი ადამიანი მორწმუნეა და ეკლესიურად ცხოვრობს, აუცილებლად უნდა ცდილობდეს, მორწმუნეზე დაქორწინდეს, მაშინ ოჯახი უფრო მტკიცე და მდგრადი იქნება. თუკი ერთ-ერთი მეუღლე არაეკლესიურია, ოჯახში ხშირად ჩნდება პრობლემები. როცა ოჯახი სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ცხოვრობს, ადვილად გადაილახება დაბრკოლებები. მაგრამ ქრისტიანობა და სარწმუნოება ხომ დათმობას გვასწავლის.როგორ დავიწყე ეკლესიური ცხოვრება? ვიდრე ამ შეკითხვას ვუპასუხებ, ჩემ შესახებ გიამბობთ მცირედს.
დავიბადე გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა განახლებაში. საშუალო სკოლა იქ დავამთავრე. როგორც ყველგან, არც ჩვენს სოფელში იყო მოქმედი ეკლესია. მშობლებიც ეკლესიური ცხოვრებისგან შორს იდგნენ. თუმცა აღდგომას, შობას ყოველთვის აღნიშნავდნენ. პირჯვრის წერა 6-7 წლისას პირველად ბაბუამ მასწავლა.
კომუნისტებს გურიაში თითო-ოროლა ეკლესია გადაურჩათ. მხოლოდ ჯიხეთის დედათა მონასტერში არ შეწყვეტილა წირვა-ლოცვა, არ გაუქმებულა ტრაპეზი. ვიდრე თბილისში არ ჩამოვედი, ჯიხეთის მონასტრის არსებობაც არ ვიცოდი. კარგად გამოკითხვის შემდეგ მეგობრებთან ერთად მივადექი მონასტრის კარიბჭეს. მოხუცი დედების დანახვამ სიხარულით აღმავსო.
ეკლესიური ცხოვრება სტუდენტობის შემდეგ დავიწყე. მანამდე ცოცხალი მღვდელი არ მენახა. თბილისის ქუჩებისა და ტაძრების დათვალიერებისას შემთხვევით სიონის ტაძარში მივედი. კვირა დღე იყო და პატრიარქი წირავდა. მას შემდეგ ტაძრიდან აღარ წამოვსულვარ. უწმინდესის წირვა-ლოცვის და ქადაგების მოსმენის შემდეგ შეუძლებელია ადამიანი არ გაქრისტიანდეს.
უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე ქარხანაში უფროს ეკონომისტად. პარალელურად სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე სასულიერო სემინარიაში. მაშინ რექტორი ბრძანდებიდა პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, ამჟამად ეპისკოპოსი იოანე. უდიდესი დახმარება გამიწია ამ დიდებულმა ადამიანმა. ცოლ-შვილი მყავდა და ძალიან გვიჭირდა. მამა გიორგი ყოველთვიურად გვეხმარებოდა მატერიალურად. სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ აკადემიაში გავაგრძელე სწავლა და გადავწყვიტე, ჩემს რაიონში წავსულიყავი მოძღვრად. ეს იყო 1993 წელს. საკმაოდ მძიმე პერიოდი იდგა ქვეყანაში. მაშინ გურია და აჭარა ერთ ეპარქიას წარმოადგენდა, რომელსაც მღვდელმთავრობდა ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი იობი (აქიაშვილი). სასულიერო სემინარიიდან მამა გიორგიმ მომცა რეკომენდაცია და მეუფე იობმა მაკურთხა ჯერ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად და დამადგინა ჩოხატაურის ეკლესიის მოძღვრად. გავხსენით ერკეთის ეკლესია, ოდიკი თავად ავიტანე. უდაბნოს ცნობილ მონასტერშიც ვწირავდი. ამ მონასტერში მიიღეს განათლება აკაკი შანიძის მამა-ბიძებმა, სწავლა-განათლების ცენტრთან ერთად წიგნთსაცავიც იყო მონასტერში. აქ შეიქმნა უდაბნოს "მრავალთავი". კომუნისტების პერიოდში მრავალი ხელნაწერი განადგურდა. უდაბნოში ორი ტაძარი იყო, ერთი - კლდეში ნაკვეთი, მეორე - ძალიან ლამაზად ნაგები. ცოტა ხანში ამოქმედდა ტაძარი გიმნაზიის შენობაში, წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელზე. მრევლიც თანდათან შეიკრიბა.
რაიონში, სოფლებში უფრო მეტი შრომა უწევს მოძღვარს. ჩოხატაურის რაიონში მხოლოდ მე ვიყავი მოძღვარი და არაერთ სოფელში მიწევდა პარაკლისების, ნათლობების ჩატარება, ჟურნალ-გაზეთებიც გამოვეცით, ბროშურებს ვბეჭდავდით სასულიერო საკითხებზე, ამით ვცდილობდით, ხალხისთვის ეკლესიური განათლება მიგვეცა. უფასო სასადილოც გავხსენით. კატეხიზატორულ კურსებს ვატარებდით, რათა უფრო ღრმად გაცნობოდნენ მართლმადიდებლურ სწავლებას. ცხრა წლის შემდეგ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, თბილისში გადმოვედი.
ამჟამად ვმსახურობ ვაკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ეს ტაძარი ამ უბნის მოსახლეობამ ააგო ქალბატონ მანანა ილურიძის ხელმძღვანელობით და 2002 წლიდან მოქმედებს. ძალიან შეკრული მრევლი გვყავს. ყველა ერთმანეთზე ზრუნავს. ხშირად დავდივართ მოსალოცად. თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ. ტაო-კლარჯეთშიც ვიყავით.
***
პირველ რიგში, ადამიანს სურვილი უნდა ჰქონდეს ქრისტიანული ცხოვრებისა. კაცი თუ ჩაუფიქრდება საკუთარ თავს, გამოიძიებს, ვინ არის, რა დანიშნულება აქვს ამქვეყნად და რა ელის მომავალში, აუცილებლად მობრუნდება ღვთისკენ. ხოლო ურწმუნო, რომელიც უფლის ნებას ეწინააღმდეგება, ჰგავს ბრმას, რომელიც დღეს თუ არა ხვალ ორმოში ჩავარდება და კლდიდან გადაიჩეხება. მხოლოდ მოძღვარს კი არ აქვს დიდი როლი ადამიანის მოქცევაში, არამედ თითოეული ქრისტიანი ვალდებულია, დაეხმაროს მოყვასს ეკლესიაში მისასვლელი გზის პოვნაში. ყველა ადამიანი ქრისტეს მოციქული და მახარებელია, რომელთაც ევალებათ ცხონებისკენ მიმავალი ჭეშმარიტი სწავლების უწყება. არ უნდა დავემსგავსოთ იმ მონას, რომელმაც თავისი ბატონისგან მიიღო ტალანტი - ოქრო და მიწაში დაფლა. ღმერთმა მოგვცა ეს ოქრო, რომელიც რწმენას გულისხმობს და ეს რწმენა უნდა გავამრავლოთ, პირველ რიგში ჩვენი საქციელით. მარტო სიტყვით ვერ ვიქადაგებთ სარწმუნოებას. რწმენა და საქმეები ერთმანეთისგან არ უნდა განსხვავდებოდეს. ქუჩაშიც ქრისტიანული გარეგნობა გვმართებს. ყველანაირად შევეცადოთ, არავის ვათქმევინოთ, ეკლესიურია და როგორ იქცევა ან როგორ აცვიაო. ***
პირველი აღსარება მამა რაფაელს (კარელინი) ჩავაბარე ალექსანდრე ნეველის ტაძარში. მერე თანდათან გავიცანი ძმები, ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარი მამა ანდრია კბილაშვილი, მამა მელქისედეკ მიქავა, რომელიც ადრე ჯიხეთის მონასტერში მსახურობდა, დღეს თეკლათის დედათა მონასტერშია. ყველა მოძღვრისაგან სასიკეთო თვისებები შევიძინე, მათ სულიერად აღმზარდეს. პირველი აღსარების თქმა ძალიან რთულია, მეც კარგა ხანს ვემზადებოდი, მეთქვა თუ არა. არადა, თავი კი არ უნდა შეიკავო გულწრფელად აღიარებისგან, არამედ ყველაფერი უნდა მოინანიო, რათა განთავისუფლდე ცოდვებისგან.
...მაშინ მამა რაფაელს ბევრი აღმსარებელი ელოდებოდა, მაგრამ მაინც გულთბილად მიმიღო. დამლოცა, მაკურთხა და ზიარების კურთხევა მომცა. ცოდვებისგან გასათავისუფლებლად ბოლომდე სინანულით უნდა აღიარო მოძღვრის წინაშე დანაშაული. ყველაზე აღმატებულია, როცა გულით, სინანულით ნათქვამ აღსარებას ცრემლიც დაერთვება. პირადად მე, როგორც მოძღვარი, ვცდილობ, ჩემთან აღსარებაზე მოსულ მონანულს დავეხმარო, რომ ბოლომდე გაიხსნას.
***
ოჯახი 1986 წელს შევქმენი ირმა ყაჭეიშვილთან ერთად. ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ერთ მშვენიერ დღეს ცოლობა ვთხოვე, ტრადიციულად გავუგზავნე მაჭანკალი. ჯვარი თეკლათის მონასტერში დავიწერეთ. მას შემდეგ 23 წელი გავიდა. ცხრა შვილი მყავს - უფროსი მარიამი 22 წლისაა, საპატრიარქოს უნივერსიტეტის მაგისტრანტია, ივლიტა, 18 წლისა, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს, ლუკა - 17 წლისაა და მეთერთმეტეკლასელია, თეკლა მე-8 კლასშია, თამარი - მე-6-ში, მიხეილი - მე-4 კლასში, მამუკა - პირველში. გიორგი ბაღში დადის, პატარა ქეთევანი კი ხუთი თვისა გვყავს. რაიონში რომ ვცხოვრობდით, უკეთესად ვიყავით. ეზოიან კერძო სახლში ცხოვრება შედარებით იოლი იყო. უკვე რვა წელია თბილისში ვართ და ერთ ოთახში ვცხოვრობთ. იმის გამო, რომ ვეღარ ვეტევით, ნაწილი ბავშვებისა რაიონში ცხოვრობს. ერთი წლის წინ ფონდმა "იავნანამ" გადმოგვცა მშენებარე ბინა, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო მშენებლობა ფერხდება. მრევლის შემწეობას ყოველ წუთს ვგრძნობთ და ყველას უდიდეს მადლობას ვუხდით. რამდენიმე ხნის წინ კომპანია "მაგთიმ" ფულადი დახმარება გაგვიწია - ერთი წლის განმავლობაში თითო ბავშვი ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს. ადრეც დაგვეხმარა "მაგთი" და ამჯერადაც შეგვეწია პატარა ქეთევანის დაბადებასთან დაკავშირებით, რისთვისაც დიდ მადლობას გამოვხატავთ. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პაატა ბურჭულაძეს ამ უაღრესად მადლიანი საქმისათვის, ქველმოქმედებისთვის.
***
ჩემი მეუღლე ოჯახის გაძღოლაში ტვირთს მიმსუბუქებს. ხუთ შვილთან ერთად რაიონში ცხოვრობს. დანარჩენები კი ჩემთან, თბილისში იზრდებიან. ძალ-ღონეს არ იშურებს და პატარებს არაფერს აკლებს. სკოლაშიც დაჰყავს, სხვადასხვა წრეშიც დამატებით ამეცადინებს. ეკლესიის წინამძღვრობა, რა თქმა უნდა, მძიმეა, მაგრამ, ამავე დროს, სასიამოვნოც. მადლობა ღმერთს, რომ მოძღვარი ვარ. ყოველდღე რომ ვწირო ტაძარში, არ მომწყინდება. თითქმის ათი წელი ვოცნებობდი მღვდლობაზე და ეს ოცნება ამისრულდა.
ღმერთმა დალოცოს ჟურნალი "კარიბჭე". მან მიაგნო იმ მარცვალს, რაც სჭირდება ჭეშმარიტ მორწმუნეს სულიერი ცხოვრების განვითარებაში.