სამწუხაროა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობია მღვდელ იოსებ ჩიჯავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მრავალი საინტერესო დეტალი.
იოსებ ჩიჯავაძე იმ ქართველ სასულიერო მოღვაწეთაგანია, რომელთაც საქმიანობა დაიწყეს XIX ს-ის 80-იან წლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განმათავისუფლებელი მოძრაობის ხანაში. მის შესახებ საინტერესო ცნობები მოიძია ისტორიის დოქტორმა, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელმა ცაცა ჩხარტიშვილმა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
- ქალბატონო ცაცა, რამდენადაც ვიცი, მღვდელ იოსებ ჩიჯავაძის ბიოგრაფიის აღდგენაში ფასდაუდებელი სამსახური გაგიწიათ საქართველოს საპატრიარქოს არქივმა.
- მღვდელი იოსები დაიბადა თბილისში 1867 წლის 17 სექტემბერს. მშობლები მას მშვიდ, ეკლესიურ გარემოში ზრდიდნენ. იოსების დედა - ოლღა ზანდუკელის ქალი ყოფილა, მამა - თეოფილე იოსების ძე ჩიჯავაძე - ნავთლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ზემო ეკლესიის დეკანოზი. ეს ეკლესია 1876 წელს აუგიათ თავად ჩიჯავაძეებს და მათი საგვარეულო სალოცავი იყო. ეკლესია აგურით ნაშენი ერთნავიანი ბაზილიკაა. ტაძრის მთავარი სიწმინდეა წმინდა დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილი, რომელიც 1983 წელს კიევიდან ჩამოაბრძანა მამა გიორგი ხარაზაშვილმა, უკრაინის იმდროინდელი ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის ლოცვა-კურთხევით (დღეს ამ ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი ელგუჯა ლოსაბერიძე).
იოსები დიაკვნად უკურთხებიათ 1891 წელს, ხოლო ამავე წლის 7 ივლისს ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ მღვდლად აკურთხა წმინდა ბარბარეს ეკლესიაში. 1891 წელს დაინიშნა ამავე ტაძრის წინამძღვრად. ამავე წელს დაუმთავრებია თბილისის სასულიერო სემინარია...
- რა ღვაწლი მიუძღვის მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში?
- 1905-1907 წლებში ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მარცხით დამთავრდა. ამას მოჰყვა ქართველი სამღვდელოების დევნა-შევიწროება, მაგრამ ის უკან არ იხევდა. ამის დასტური იყო 1906 წლის მაისში ყოველკვირეული ლიბერალური მიმართულების გაზეთის, "სიტყვის", გამოსვლა მღვდელ იოსებ ჩიჯავაძის რედაქტორობით. იგი მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, სინდისის თავისუფლებას და ე.წ. საეკლესიო თავისუფლებას. გაზეთის სულ 14 ნომერი გამოვიდა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არა მხოლოდ ავტოკეფალიური მოძრაობის გააქტიურებასა და ხალხში ეროვნული ეკლესიის აღდგენის რწმენის განმტკიცებაში, არამედ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების პროგრესული და დემოკრატიული პოზიციებიდან გაშუქებაში. გაზეთის მიზანი იმთავითვე იკვეთება - სამღვდელოებამ პროგრესული გზა აჩვენოს ერს, ავტოკეფალიის აღდგენის პოპულარიზაცია და რუსული საერო თუ სასულიერო ბიუროკრატიის მიზნების, სახის და არსის გამოაშკარავება. სასულიერო ბიუროკრატიის ზნეობრივი სახის წარმოჩენა, მათ წრეში ჯაშუშთა მომრავლებაც ხშირად გამხდარა მსჯელობის საგანი. გაზეთის ფურცლებიდან ქართველი სამღვდელოების წარმომადგენლები ცდილობდნენ, გამოხმაურებოდნენ ყველა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენას და გამოეკვეთათ თავიანთი პოზიცია.
გაზეთის ფურცლებზე ქართველი სამღვდელოება საქართველოს ავტონომიურად მოწყობის შესახებ გამოთქვამს მოსაზრებას და კულტურული აღორძინება ქვეყნის ავტონომიურად მოწყობის გარეშე შეუძლებლად ესახება...
- როგორც ცნობილია, 1908 წლის 28 მაისს თბილისში ეგზარქოს ნიკონის მკვლელობა რუსმა რეაქციონერებმა ავტოკეფალურ მოძრაობას დაუკავშირეს. მკვლელობის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მღვდელი იოსებ ჩიჯავაძე დასახელდა. ვინ წაუყენა მას ეს ბრალდება და როგორ წარიმართა ვითარება?
- 1908 წლის დეკემბერში პეტერბურგის "რუსთა კავშირის" კრებაზე, ხოლო 10 დეკემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოხსენება წაიკითხა სახელმწიფო სათათბიროს ბესარაბიის დეპუტატმა, ცნობილმა რეაქციონერმა პერიშკევიჩმა. მან დააბრალა ქართველ სამღვდელოებას "რევოლუციური" ხასიათის მოღვაწეობა და ეგზარქოს ნიკონის მკვლელობა. მოთავედ კი იოსებ ჩიჯავაძე დაასახელა, რომელმაც თითქოს 834 ადამიანის ხელმოწერა და შესაწირი ფული შეაგროვა ეგზარქოს ნიკონის მოსაკლავად (ეგზარქოსი ნიკონი მოკლეს სინოდის კანტორის შენობის კიბეზე). მკვლელობის აქტიურ მონაწილედ დასახელდა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც ამისთვის თითქოს საიდუმლოდ ჩამოვიდა ხარკოვიდან თბილისში. მოხსენებაში ჩირქი მოეცხო აგრეთვე კავკასიის მეფისნაცვლის ვორონცოვ-დაშკოვის სახელს.
თბილისის სასამართლო პალატამ ყველა ბრალდება შეამოწმა და გამოჩნდა მისი აშკარა ნაყალბევობა. გაირკვა, რომ მღვდელ ი. ჩიჯავაძისა და დეკანოზ ბ. კარბელაშვილის სახლების ჩხრეკისას ნაპოვნი 834 ხელმოწერა იყო ქართული საეკლესიო გაზეთ "სიტყვის" ხელისმომწერთა სია. დადასტურდა ისიც, რომ ეგზარქოსის მკვლელობის დღეებში კირიონი მონასტერში საეკლესიო ლიტურგიაში მონაწილეობდა.
- მღვდელი იოსებ ჩიჯავაძე ჟურნალ "სვეტიცხოველსაც" რედაქტორობდა.
- ჟურნალის დანიშნულება გაცხადებული იყო სარედაქციო წერილში "მომენტისათვის": "ჟურნალი თავისი სახელით გვაგონებს წმინდა აკვანს ჩვენი სულიერი აღორძინებისას, იგი თავის ვალად დაისახავს ხელი შეუწყოს ეკლესიის ერთგულ შვილთა დარაზმვას ახალი ცხოვრებისთვის საბრძოლველად სარწმუნოებრივი ცხოვრების აყვავებისა და წარმატებისათვის".
ჟურნალი დიდ ადგილს უთმობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებს, მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის დროებით მთავრობასა და ეკლესიას. ჟურნალი დაწვრილებით აშუქებდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დროებითი კომიტეტის მიერ პეტერბურგში გაგზავნილი დელეგაციის მუშაობის ანგარიშს, საქართველოს პირველი საეკლესიო კრების მოსამზადებელი კომისიის სხდომის ანგარიშებს. იგი აცნობდა საზოგადოებას საეკლესიო კრების დღის წესრიგს, ჩატარების დროს, საეკლესიო კრების დელეგაციების არჩევის წესს.
ჟურნალი "სვეტიცხოველი" გამოკვეთილად იყო საქართველოს საპატრიარქოს ორგანო, მაგრამ სარედაქციო კოლეგიის ზოგიერთმა წევრმა (მღვდ. ილია შუბლაძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი) მოინდომა ჟურნალის საპატრიარქოს ოპოზიციურ ორგანოდ გადაქცევა, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ იოსებ ჩიჯავაძე, ალექსი მიქელაძე, კალისტრატე ცინცაძე. ამ დაპირისპირებამ ჟურნალის გაუქმება გამოიწვია. რაოდენ სამწუხარო იყო, რომ ასე კარგად დაწყებული საქმე პირადმა ამბიციებმა შეიწირა.
- რა მოსაზრებები ჰქონდა გამოთქმული მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით?
- მკვლევარი ქეთევან პავლიაშვილი აღნიშნავს, რომ იოსებ ჩიჯავაძემ საქართველოს სამღვდელოების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე მოხსენება წაიკითხა რუსეთში, "32 მღვდლის კავშირის კრებაზე", რითაც ქართველ ავტოკეფალისტებს დამსწრეთა სრული თანაგრძნობა მოუპოვა. საყურადღებოა აგრეთვე საქართველოს ეკლესიის ბედთან დაკავშირებით მის ადრინდელ წერილებში გამოთქმული აზრები: რუსები და ბერძნები მოკავშირეები არიან, ვინც შევინახეთ, მამული მივეცით და დედის ძუძუთი გამოვზარდეთ, სულ ჩვენი მტრები გახდნენო (წერილი ეპისკოპოს კირიონისადმი, 1906წ.). საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენით აღფრთოვანებული მღვდელი იოსები ვასილ კარბელაშვილს (რომელიც მისი სიძე იყო) რუსეთიდან წერდა: "მიხარის ჩვენი ეკლესიის თავისუფლება, მხოლოდ დიდი გამჭრიახობა, სიფრთხილე გვმართებს. მეშინიან, ჩვენს წმინდა საძირკველზე წუწკები, მედროვენი თავიანთ შენობას ააშენებენ. ამბროსი იყო აქ. ინახულა ლვოვი. ჯერეთ დამპირდა ავტოკეფალიას, კათალიკოზი მცხეთაში უნდა იყოსო და თბილისში - ჩვენი ეგზარქოსიო, ავტოკეფალია უტერიტორიო უნდა იყოსო, ამასვე იტყვიან ავტონომიაზე..."
- შემდეგ როგორ წარიმართა მამა იოსების ცხოვრება?
- მღვდელი იოსები დეკანოზის ხარისხში აიყვანეს 1918 წლის 11 თებერვალს კათოლიკოსის კარის ეკლესიაში. იგი იყო კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის პირადი მდივანი და ამ მოვალეობას ასრულებდა მის ტრაგიკულად აღსრულებამდე. 1919 წლის თიბათვიდან დეკანოზი იოსები ისევ წმინდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარია. 1920 წლის ივნისში ცხინვალის ოლქმა II საეკლესიო კრების დეპუტატად აირჩია. იმავე წელს აირჩიეს სასამართლოს წევრად 3 წლის ვადით და თბილისის ყოფილი სასულიერო სასწავლებლის შენობათა გამგედ. 1921 წლის დეკემბრიდან კი მცხეთა-თბილის-ურბნისის საეპარქიო სასამართლოს თავმჯდომარეა.
დეკანოზი იოსებ ჩიჯავაძე 1922 წლის 2 ივნისს გაათავისუფლეს სასამართლოს წევრობა-თავმჯდომარეობიდან. 1922 წლის 18 დეკემბერს თბილისის მთავარხუცესის სახელზე გამოგზავნილ წერილში იოსებ ჩიჯავაძე წერდა: "დღეს მიტროპოლიტების მომხრე "ჯგუფიდან" გამოდიან დაბრმავებულნი და მიწოდებენ საქართველოს ეკლესიის მოღალატეს. მერე რისთვის? - იმისთვის, რომ საღ, პროგრესულ მიმართულებას თანავუგრძნობ, შესაფერ მიმართულებით გაჟღენთილ მოწოდებაზე ხელი მიწერია. ეს არის ცოცხალი აზრის, გრძნობის და ეკლესიური სვინდისის დახშობა, რომელიც მოსდით ჩემ მოწინააღმდეგეთ თავიანთი კირთობით, ინტრიგობით". დეკანოზი იოსები აცხადებს, რომ ხელთ აქვს პროფ. ცაგარელის მიერ პროფ. ხახანაშვილისთვის 1912 წლის 21 მაისს გაგზავნილი წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ სამიტროპოლიტოს დაარსების შესახებ პროექტი საქართველოს ეკლესიის ღალატი იყო.
XX საუკუნის 20-იანი წლების ქართულ ისტორიოგრაფიაში შესწავლილია იოსების კავშირი "განახლების მოძრაობასთან". ჟურნალ "ჟივაია ცერკოვის" 1922 წლის ##8-9-ში მისი სახელი "ცოცხალი ეკლესიის" ცენტრალური კომიტეტის წევრთა სიაში აღმოჩნდა. დეკანოზმა იოსებმა ეს ფაქტი ასე განმარტა: "პეტერბურგიდან თუ მოსკოვიდან ძველ ნაცნობ დეკანოზთა შეკითხვაზე, იზიარებდა თუ არა "ცოცხალი ეკლესიის" ცკ-ის მიმართვას მორწმუნეებისადმი, უპასუხა თავის მიერ შესწორებულ ვარიანტზე ხელის მოწერით, როგორც კერძო პირმა, მეზობელი ეკლესიის განახლების თანამგრძნობელმა. "განმაახლებლებმა" მისი კორექტივები არ გაითვალისწინეს, ცკ-ის წევრად კი გამოაცხადეს". ხელნაწერთა ეროვნულ ფონდში აღმოჩნდა იოსებ ჩიჯავაძის წერილი, რომელიც დათარიღებულია 1927 წლის 9 აგვისტოთი. აი, რას წერს იგი: "მინდა ჩემი წიგნები საკათალიკოსო სინოდის წიგნთსაცავს დავუდო საფუძვლად, ჩემი სურვილია, მამაჩემთან დამასაფლავოთ ეკლესიაში".
მღვდელი იოსებ ჩიჯავაძე გარდაიცვალა 1929 წლის 12 იანვარს. დასაფლავებულია წმინდა ბარბარეს ეკლესიის ეზოს შესასვლელში, ხელმარცხნივ. ჩვენ მოვიძიეთ იოსების მამის გარდაცვალების ადგილი. იოსების მამა დასაფლავებულია მის მიერ აგებულ წმინდა ბარბარეს ეკლესიაში. არც ერთ ქართულ გაზეთსა თუ ჟურნალს არ გამოუქვეყნებია ნეკროლოგიც კი, მხოლოდ გაზეთ "ზარია ვოსტოკაში" მივაკვლიეთ ცნობას იოსების გარდაცვალების შესახებ: "კლავდია თეოდორეს ასული მოგატოვა, დიმიტრი, ელენა და შოთა ჩიჯავაძეები, ვარვარა კობიაშვილი შვილებით, ვაჟებით, ელიზბარ, თამარ, შალვა, ნონა, ელისაბედ და ბარძიმ კარბელაშვილები მამით იუწყებიან იოსებ ჩიჯავაძის გარდაცვალებას. 12.01. დასაფლავება 15.01". დასაფლავების ადგილი არაა მითითებული.
დეკანოზმა იოსებ ჩიჯავაძემ თავისი ცხოვრების გზა განვლო რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდში. მისმა გაზეთმა "სიტყვამ" და ჟურნალმა "სვეტიცხოველმა" უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ავტოკეფალიური იდეების პროპაგანდის, სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების დემოკრატიული პოზიციიდან გაშუქების და ამ საკითხებში მრევლის გათვითცნობიერების საქმეში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი