ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბერობის მძიმე და საამო ტვირთი იდო თავს, ხონის რაიონის სოფელ უხლოურში მოქმედი მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (პიტნავა) გახლავთ. მასზე ამბობენ, სადაც კი დაადგა ფეხი, ღვთისმსახურება ააღორძინა და თვით გავერანებულ, მკვდარ გარემოსაც კი სული ჩაუდგაო, მკაცრი მოძღვარია და ერში მყოფნი ძნელად თუ შეძლებენ მისი დარიგებების შესრულებასო...
მონასტრისკენ მიმავალთა ყურადღებას გამორჩეულად პეწიანი ნაკვეთი იქცევს, მშრომელი ადამიანის ხელი რომ ეტყობა. აქ მამა ნიკოლოზი შრომობს.
სკოლის მოწაფე ყოფილა, დედას გეგუთის ციხის ნანგრევები რომ უჩვენებია. იქ ერთი ბერი იყოო, - იხსენებს, - მოსაუბრის შეკითხვებზე თავდახრილი იძლეოდა პასუხს და სახეში არასოდეს უცქერდაო. დღესაც განსაკუთრებული მოწიწებით იხსენებს ამ შთაბეჭდილებას, რომელმაც, ვინ იცის, განსაზღვრა კიდეც მისი ცხოვრება. ბერების სიყვარული და პატივისცემა იმ დღიდან ჩაენერგა გულში და შემდგომში ყოველი ქმედების საზომად ექცა, მერე და მერე კი ამ ფრიად საპატიო მსახურების საკუთრივ აღსრულებაზეც დაიწყო ფიქრი.
რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ჯარში წასვლამდე მონათლული არ ყოფილა, ქრისტიანული ცხოვრების წესი უცხო იყო მისთვის, თუმცა შინაგანი რწმენა და ღვთის შიში მუდამ ჰქონდა, უფლის მფარველობას ყოველთვის გრძნობდა.
ჯარში ბალტიისპირეთში, კალინინგრადის ოლქში მსახურობდა, სადაც უფალმა სასწაულებრივად იხსნა სიკვდილისაგან. მისი ნაწილი ფრონტზე გაიწვიეს. სამი დღე იდგა სადარაჯოზე ორმოცდახუთგრადუსიან ყინვაში და სიკვდილის მოლოდინში დაჩოქილი ღმერთს შინ მშვიდობით დაბრუნებას ევედრებოდა. უფლისთვის ცხვრის შეწირვაც კი აღუთქვამს. მხურვალე ვედრება ისმინა მაცხოვარმა და სასწაულმაც არ დააყოვნა - გათენდა თუ არა, ომის დამთავრება ეუწყათ... მას შემდეგაც არაერთი განსაცდელი მოუვლინა განგებამ, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა მის რწმენას და ფოლადივით უწრთობდა სულს. წლებთან ერთად უათკეცდებოდა შეუცნობლის შეცნობის წყურვილი... ასე, ღმერთთან მიახლების სურვილით, შეუდგა ჭეშმარიტების გზას.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძრის მორჩილს ბერობისთვის ამზადებს...
1988 წლის 31 დეკემბერს აღიკვეცა ბერად, მეორე დღეს - დიაკვნად, ხოლო ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.
ბერული ცხოვრება გელათის მამათა მონასტრიდან იწყება, სადაც რვა წელიწადი დაყო. ექვსი წელი მათხოჯის დედათა მონასტერში იმსახურა, სადაც მის მისვლამდე ტაძარი უმოქმედო იყო. მეოთხე წელია, უძლოურის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია. ადრე აქ კარის ეკლესია ყოფილა, ადგილის უკანასკნელი მფლობელი კი - თავადი ნიკო ლორთქიფანიძე. ტაძრის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ეკლესიის ფრაგმენტი თამარის მეფობამდელ პერიოდში ტაძრის არსებობაზე მეტყველებს. დრო-ჟამის შესატყვისად, მას გარკვეული სახეცვლილება განუცდია.
- ბერულ ცხოვრებას ყველა ვერ უძლებს, ეს ძალზე მძიმე ტვირთია. ჯერ მორჩილებაში უნდა გამოსცადო თავი, რამეთუ ადამიანებმა საკუთარი შესაძლებლობები ნაკლებად ვიცით, - ბრძანა მამა ნიკოლოზმა ჩვენთან საუბრისას, - სარწმუნოება ამოუცნობი საიდუმლოებაა. ბერობის გზაზე უხილავი სულიერი ბრძოლა იწყება. გზაზე, თუ ფიზიკურად დაიღლები, შეიძლება დაისვენო, სულიერ უძლურებას კი მხოლოდ სულიერი შრომა სძლევს. ბერის ცხოვრება განუწყვეტელი ლოცვა და შრომაა: უძილობა, კვების შეზღუდვა, სურვილების დამორჩილება და მარხვა.
ასე დაგვმოძღვრა მამა ნიკოლოზმა და უდიდესი მადლი გამოგვაყოლა, მადლი, რომელსაც ღვთის სიყვარულის შეცნობა ჰქვია. ამიტომაც არიან მისი სულიერი შვილები განსაკუთრებული სიმტკიცით გამორჩეულნი. მათი უმეტესობა დღეს მოძღვარია და ადამიანთა სულების გადასარჩენად იღვწის.
ადამიანებთან ურთიერთობა ხორციელ აზროვნებას აახლებსო, მიიჩნევს მამა ნიკოლოზი და განდეგილი ბერის ცხოვრებით სურს ღვთისმსახურება, მაგრამ სხვა ჯვარი ერგო - ის მრევლს სჭირდება, ხალხს, ვისთვისაც მოძღვარი თავისი ცხოვრებით, უსიტყვოდ ქადაგებს. მიწიერ ფიქრთაგან გაქცევისა და ღმერთთან მიახლების სურვილით, წუთისოფლისგან განმარტოებით ცხოვრების მცდელობაში არაერთი ეკლესია-მონასტერი მოიარა. ბევრი გაუდაბურებული დახვდა. მეუფე საბასთან ერთად უდიდესი შრომა გასწია მათხოჯის დედათა მონასტერში, შემოსა იგი და გააძლიერა სამონასტრო ცხოვრება. სწორედ მისი აქ მსახურებისას მოვისმინე პირველად იმ მოძღვრის ამბავი, ყველას თავისი სულიერებით რომ აპურებდა. ამჟამად მამა ნიკოლოზი მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით მშობლიურ სოფელში, საყულიაში, მთავარანგელოზის ტაძრის აღდგენით სამუშაოებს ხელმძღვანელობს.
"ეძიებდე და ჰპოვებდე", - ბრძანებს უფალი. თუ სულიერი სიცოცხლისთვის ზრუნავ, საკუთარი თავის შესაცნობად უწინარესად სწორედ სულის მკურნალის, მოძღვრის ძიება გმართებს. ჭეშმარიტად, არიან მოძღვრები, მამა ნიკოლოზის დარად თავიანთი ცხოვრებით რომ ქადაგებენ.
არქიმანდრიტ ნიკოლოზთან ინტერვიუს მკითხველს ჟურნალის მომდევნო ნომერში შევთავაზებთ.
მოამზადა
ხათუნა გედენიძემ
ხათუნა გედენიძემ