მამა გიორგიმ პარაკლისი გადაიხადა. ნატრაპეზევს კი საუბარს შევყევით:
- ბავშვობაში მამა მიამბობდა, ჩვენი გვარის სალოცავი ზემო სვანეთში, უშგულშია და როცა მოძღვარი გახდები, იქ შვიდი წირვა უნდა ჩაატაროო. ვუთხარი, - მღვდლობას არ ვაპირებ-მეთქი, - მიყვება მამა გიორგი, - მითხრა, შენ თუ არა, ხომ შეიძლება შენმა შვილმა მოისურვოს ან ასათიანის გვარის კაცმაო. ღვთის წყალობით, ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ უფალმა მოძღვრის ჯვარი მარგუნა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი პურის ქარხანაში. 1998 წელს გადმოვვარდი სახლის სახურავიდან. ვარდნისას მხოლოდ პირჯვრის გადაწერა მოვასწარი და უფალს თავისი ნების გამოხატვა ვთხოვე. ექიმებს ჩემი გადარჩენის იმედი გადაეწურათ. ოცდაათი დღე ლოგინს მიჯაჭვულს ბაგეებიდან მხოლოდ ლოცვა ამომდიოდა. ღმერთს განკურნებას ვევედრებოდი, რათა შემდეგ უფლის მსახური გავმხდარიყავი. რამდენიმე დღეში შვება ვიგრძენი... ჩემს დას ვთხოვე "ახალი აღთქმისა" და "ფსალმუნების" მოტანა. ახლა მიკვირს, როცა ვიხსენებ, დღეში ხუთჯერ როგორ ვკითხულობდი ოთხივე სახარებას, მართლაც ღვთის წყალობა გახლდათ.
დროთა განმავლობაში ეკლესიაში სიარულიც შევძელი. იმდენად გაღრმავდა ჩემში უფლის სიყვარული, რომ გადავწყვიტე, სასულიერო განათლების მიღება. მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, ჩავირიცხე გელათის სასულიერო აკადემიაში. ხუთი წლის შემდეგ გადმოვედი თბილისის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად სიონის ტაძარში ვმედავითნეობდი. უწმინდესის მედავითნეც ვიყავი და სტიქაროსანიც. სიონის ტაძარში თითქმის ყოველდღიურად ვმსახურობდი, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. როცა სიონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტარება დაიწყეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მაშინ სამების ტაძარში მომიწია მსახურება. იქ შევხვდი მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსს ილარიონს. მეუფეს ვეკითხებოდი ზემო სვანეთის ეკლესიების შესახებ და უეცრად ამომიტივტივდა მამის დანაბარები. მეუფეს გავუმხილე, მამის ანდერძის შესრულება მინდა-მეთქი. უწმინდესი თუ გაკურთხებს, დიდი სიამოვნებითო. მართლაც, მივედი უწმინდესთან - ანდერძი უნდა შესრულდესო. პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევა მივიღე. ამას დაემთხვა ღვთისმშობლის ხატის მიბრძანება ზემო სვანეთის ეპარქიაში და ღვთის მადლით, მეც მივიღე ამ მსახურებაში მონაწილეობა. მაშინ აღმოვაჩინე ასათიანების სალოცავი - სამება. აქედან წამოვიდა იდეა ასათიანების გვარის შეკრებისა, პატრიარქის მიერ დალოცვისა და წმინდა სამების ხატის ტარებისა ასათიანების ოჯახებში. მთავარდიაკვან დემეტრეს ლოცვა-კურთხევაც მივიღეთ და შევიძინეთ ყოვლადწმინდა სამების ხატი, გამოვარჩიეთ გვარში უფროსი ასათიანი და უწმინდესმა მას გადასცა.
***
მოძღვრობა მართლაც რთული ჯვარია, სულის მკურნალია. საამო არის, როდესაც უყურებ შენი ქადაგებით მოქცეულ ადამიანებს. ადამიანი ყველაფრისკენ მიისწრაფვის, ყველაფერს იკვლევს, მაგრამ საკუთარ სულიერ მდგომარეობას არავინ უყურებს. ყველა დაავადების უკან ცოდვა ძევს და თუ ადამიანმა ცოდვის მოკვეთაზე არ იფიქრა, ისე არც ერთი დაავადება არ განიკურნება. თუ კაცი ცოდვიდან არ ამოვიდა, იგი მუდამ ამ მორევში იქნება ჩაფლული. მადლობას ვწირავ უფალს, რომ მოძღვარი გავხდი და მისი უწმინდესობის ხელდასხმით ვაგრძელებ ამ მძიმე ჯვრის ტარებას. ღვთისგან ბოძებული მადლით ვასრულებ ღვთის საქმეს. მოძღვარი მაგალითია მრევლისა, მაგრამ როგორც ურჩი შვილები ეპაექრებიან მშობლებს, ისე მრევლიც ეურჩება სულიერ მოძღვარს, რაც ძალიან ცუდია. მართალია, მრავალი ადამიანი მოდის ღვთის სახლში, მაგრამ უმეტესობა სულიერად მოუმზადებელია. მოძღვრის სიტყვის დაჯერებაც არ სურთ. გულდასაწყვეტია, როცა ურჩი შვილები ბოროტის კლანჭებში ხვდებიან. სჯულის კანონში წერია, მოძღვარს ეძლევა თავისუფალი არჩევანის უფლება, თავის შეხედულებისამებრ წამოიყვანოს ადამიანი ეკლესიაში და ღვთის გზით აღზარდოს. თუ ზოგჯერ დროის უქონლობას ვუჩივით მოძღვრები, გთხოვთ შეგვინდოთ...
ერთ-ერთ ლოცვაში ასეთი სიტყვებია: "შეისმინე, უფალო, ლოცვა ჩვენი და ვინც ზღვაშია და შორს არის ჩვენგან, გადაარჩინე და მიუტევე ყოველი ცოდვა". ზოგს სიტყვა "ზღვა" ხილული ზღვა ჰგონია, არადა, უხილავ ზღვაზე, ჩვენს ცხოვრებაზეა საუბარი. უკეთური ძალა ცდილობს ამ ზღვაში შთანთქას კაცობრიობა. ამიტომაც ეკლესიური ცხოვრება და ლოცვა სჭირდება ნებისმიერ ადამიანს. ქრისტე მოვიდა ჩვენთან, რათა შეერიგებინა კაცი და ღმერთი ერთმანეთთან. უფალმა დაადგინა ეკლესია, რათა მისი საშუალებით გზა გაგვიხსნას სამოთხისკენ. გადარჩება მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ღვთის მორჩილი, მცნებების აღმსრულებელია და ღვთის სათნოდ იცხოვრებს. მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს: - ბევრი დამიძახებს, უფალო, უფალო, მაგრამ ყველა კი არ შევა სამოთხის კარებშიო. შევა ის, ვინც აღასრულებს უფლის მცნებებს, სინანულით და მდაბალი გულით შევა ადამიანი ცათა სასუფეველში.
უწმინდესი ქადაგებებში ბრძანებს, ზოგიერთმა შეიძლება დედამიწაზე მოიპოვოს სამოთხე, ზოგი კი ჯოჯოხეთისკენ წავიდესო. წუთისოფელშივე ხდება გაყოფა, თუ რა გზას ავირჩევთ. ადამიანს ღვთის მადლი იფარავს, რათა ყველა ბოროტება არ იხილოს და მისგან დაცული იყოს.
ვიდრე რაიმე საქმეს წამოვიწყებთ, უნდა ვილოცოთ და უფლისგან ლოცვა-კურთხევა მივიღოთ. გარკვეული დროის შემდეგ უფალი მიგვანიშნებს, სათნო არის თუ არა ის წამოწყებული საქმე მისთვის. თუ ყოველთვის ასე ვიცხოვრებთ, უფალი მიგვანიშნებს თუნდაც რომელიმე ადამიანის პირით. ღმერთზე მინდობის გარეშე ცხოვრება და სულსწრაფობა უფრო სჭარბობს ჩვენში და საკუთარი ნებით ვწყვეტთ ყოველივეს. ღმერთმა შეგვაძლებინოს სულიერი მოძღვრისა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ცხოვრება.
ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ეკლესიებში ორ წელზე მეტია ვმსახურობ. ტაძრის წინამძღვარია მამა გიორგი ჭიღაშვილი. მართლაც სანაქებო ძმობა გვაქვს, მოძღვართან შეთანხმებით ვწყვეტ ხოლმე პირად თუ საზოგადო საქმეებს. მადლობა უფალს, რომ მამა გიორგის გვერდით ვმსახურობ. ნათესაური კავშირიც გვაქვს ერთმანეთთან - ჩემმა მეუღლემ მამა გიორგის უმცროსი ქალიშვილი მონათლა უწმინდესთან ერთად.
უფალი შემაძლებინებს და ჩემს მიერ წამოწყებულ ტაძრის მშენებლობას მალე დავასრულებ. მეტრომშენის დასახლებაში გამოყოფილია ადგილი, სადაც ისანი-სამგორის გამგეობის, მრევლისა და მოსახლეობის დახმარებით წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარი უნდა აშენდეს. შემდეგ, ვფიქრობ, უფრო დიდი ზომის ტაძრის აშენებას წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელზე.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ყოვლადწმინდა სამება გეწეოდეთ და მისი მადლი არ განგეშოროთ!