ღმერთი არ დავკარგოთ
ღმერთი არ დავკარგოთ
მოგეხსენებათ, ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ყოველთვიურად იმართება მკითხველთა შეხვედრა თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარსა და ჟურნალ "კარიბჭის" კონსულტანტთან დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. გთავაზობთ მოძღვრის საუბარს ლოცვის შესახებ, რომელიც 20 მაისს შემდგარ შეხვედრაზე ჩავიწერეთ.

ლოცვა ქრისტიანობის პრაქტიკაა
ლოცვასთან დაკავშირებით თეორიულად ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ლოცვა ქრისტიანობის პრაქტიკაა. რადგან იგი ღვთისმეტყველებას მოიცავს, კი არ უნდა ჩავარაკრაკოთ ან მხოლოდ გავიაზროთ, არამედ შევიმეცნოთ და მისით ვიცხოვროთ. ლოცვა პრაქტიკული საქმიანობაა, რომელიც ადამიანს ქრისტიანად აქცევს. თუ კაცი არ ლოცულობს - ქრისტიანი არ არის, თუ ცუდად ლოცულობს - ცუდი ქრისტიანია. რა ხარისხითაც ლოცულობს, იმ ხარისხის ქრისტიანია.

როდესაც გვსურს, ეკლესიის ორგანული ნაწილი გავხდეთ (ეკლესიას კი იმიტომ ვაკითხავთ, რომ, უკეთეს შემთხვევაში, ღვთის ძიება გვსურს, სხვა შემთხვევაში კი განსაცდელი, ამქვეყნიური პრობლემები გვიბიძგებს), გვეუბნებიან, რომ უნდა ვილოცოთ. ჩვენც ვკითხულობთ დილა-საღამოს ლოცვებს, სახარებას, ფსალმუნებს, წირვას ვესწრებით და ნელ-ნელა სამრევლო ცხოვრების ფერხულში ვებმებით. ეს არის და ეს. მაგრამ გადის წლები და ერთხელაც შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ როგორებიც ვიყავით, ისეთებადვე დავრჩით; ლოცვებს კი ვკითხულობთ, მაგრამ სულში განსაკუთრებული არაფერი ხდება. სულ მცირე მიზეზით ჩვენში ძველი ადამიანი აბობოქრდება ხოლმე, შეიძლება ლოცვის დროსაც ისე განვრისხდეთ, რომ ოთახში უდროოდ შემოსულ ბავშვს ლოცვანი თავზე დავახიოთ. ასე აღმოვაჩენთ, რომ იმის კითხვა, რასაც ლოცვას ვეძახით, სულაც არ არის ლოცვა.

ის, რაც ძვირფასია, არ გვბეზრდება
იმას კი ვამჩნევთ, რომ ლოცვა ძნელია. გვიკვირს კიდეც: დილა-საღამოს ლოცვები სულ 20-ოდე წუთს გრძელდება, ამდენი წელია ეკლესიურად ვცხოვრობ და განა რა პრობლემა გახდა, რომ ვერა და ვერ მოვაწესრიგე ეს საქმე? ეს პრობლემა რომ გადავლახოთ, დისციპლინაა საჭირო. მონასტრებში დისციპლინას მკაცრი ტიპიკონი აყალიბებს, შემდეგ ლოცვისას გულის აყოლიებასაც ცდილობენ. ჩვენც ლოცვის მკაცრი რიტმი უნდა გვქონდეს. დილა-საღამოს ხომ ყველანი შინ ვართ, რატომ უნდა გაგვიჭირდეს ლოცვა ძილისაგან აღდგომისას ან ძილად მისვლისას? აღარაფერს ვამბობ ფსალმუნებზე (იოანე ოქროპირი ტყუილად ხომ არ იტყოდა: უმჯობესია, მზე არ ამოვიდეს, ვიდრე ფსალმუნი არ წავიკითხოთო), სახარებაზე, დაუჯდომლებზე, საგალობლებზე... რატომ გვიძნელდება მათი კითხვა?

ზოგი იტყვის, მომბეზრდაო. წყლის სმა ხომ არ გვბეზრდება? სუნთქვა? ჭამა? შვილი? თუმცა ზოგს უკვე შვილიც ბეზრდება, მაგრამ ძირითადად ასე არ ხდება - ის, რაც ძვირფასია, არ გვბეზრდება. რას ნიშნავს: ლოცვა მომბეზრდა? უკვე ვიცი, იქ რაც წერიაო, - იტყვის მავანი. მაგრამ თუ ჩავეძიები, აღმოჩნდება, რომ წლობით ეკლესიაში სიარულის მიუხედავად არ იცის, ლოცვაში რა წერია და რას ითხოვს ღვთისგან.

ვინმესთან ჩემი დაწერილი ტექსტი რომ გაგატანოთ წასაკითხად, ხომ ჩაიხედავთ წინასწარ, ხომ გაგიჩნდებათ შეკითხვა: ეს როგორ ან რატომ უნდა ვუთხრაო? ჩვენს ხელთ არსებული ლოცვების უმეტესობა IV-VI საუკუნეებისაა, თანაც არაქართველთა მიერ წარმოთქმული. ნუთუ როგორც ისინი ელაპარაკებოდნენ ღმერთს, მეც ისე უნდა ველაპარაკო? დავიჯერო, ეს ყველაფერი მეც მეხება? ეს ხომ იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა თუ სხვათა სათქმელია?

ამიტომ ლოცვის დაწყებამდე ახალმოსულს ვურჩევ ხოლმე, დაჯდეს, გადაშალოს წიგნი, ნახოს, რა წერია, ინტელექტუალურად გაიაზროს მისი სიტყვები - რა სჭირდება, რა არ სჭირდება... გულწრფელი ადამიანი აღმოაჩენს, რომ ზოგიერთ ნათქვამს არ ეთანხმება, სხვების აზრს კი ვერ ხვდება. ვიდრე ლოცვისთვის დავდგებით, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაწესრიგოთ - გაუგებარი სიტყვებით მოძღვარს მივაკითხოთ, შემდეგ კი ყოველი ლოცვის წინ თავიდან გავიაზროთ, რას ვკითხულობთ. არ შეიძლება, გაურკვეველ მდგომარეობაში წლები გავიდეს.

რა არის ჩვენთვის ლოცვა?
ლოცვა არა მხოლოდ იმიტომაა ძნელი, რომ ხშირად არ გვესმის მისი შინაარსი ან უყურადღებონი ვართ, არამედ იმიტომაც, რომ ის ლოცვაა.

აღმოსავლურ რელიგიურ პრაქტიკაში არსებობს სხვადასხვა სახის მსახურებები, რელიგიური რიტუალები, რომლებსაც პირობითად ლოცვას ვუწოდებთ - მანტრების კითხვა, გაურკვეველი ხმების გამოცემა, შელოცვები. ეს უკანასკნელი შესაძლოა გარეგნულად ლოცვასაც ჰგავდეს, რადგანაც მისი საშუალებით სულებთან კავშირის დამყარებას ცდილობენ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომელ სულებთან აქვთ საქმე. მანტრების მსგავსი "ლოცვით" ადამიანი ვითომ სამყაროს ვიბრაციას ჰყვება, რაც მას თითქოსდა უკეთესობისკენ ცვლის.

ჩვენთვის რა არის ლოცვა?

ჩვენთვის ლოცვა ღმერთთან ურთიერთობის საშუალებაა. სწორედ ამიტომაა იგი ძნელი, რთული და, ერთგვარად, შეუძლებელიც კი. რას ნიშნავს ღმერთან ურთიერთობა? ჩვენ ხომ ამის გააზრებაც გვიჭირს.

კათოლიკეებისგან განსხვავებით, რომლებიც უფალში უპირველესად ღვთაებრივ ბუნებას აღიარებენ (შესაბამისად, დასავლურ სამყაროში ღმერთთან ერთობა და თანაზიარობა ღვთაებრივ სუბსტანციაში ბედნიერად ყოფნას ნიშნავს), ჩვენ, მართლმადიდებლები, უპირატესობას პიროვნულ საწყისს ვანიჭებთ. ამიტომ ძველი მამები ლოცვისას ცალ-ცალკე მიმართავდნენ მამა ღმერთს, ძე ღმერთსა და სულიწმიდას. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს წმინდა იოანე ოქროპირისა და წმინდა ბასილი დიდის საიდუმლო ლოცვებში, რომლებსაც მღვდელი წირვის დროს წარმოთქვამს.

ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა რთულია
უფალთან პიროვნული ურთიერთობა რთულია. წარმოიდგინეთ, რა ძნელია ადამიანთა პიროვნული ურთიერთობები, ხანდახან შეუძლებელიც კი. ორ ადამიანს შორის პიროვნული ურთიერთობისთვის სულაც არ არის საკმარისი მათი ფიზიკური სიახლოვე, თუნდაც ძალიან დიდხანს იცნობდნენ ერთმანეთს. შესაძლოა, ცოლ-ქმარი წლობით ცხოვრობდეს ერთად, მაგრამ არათუ პიროვნულად არ იცნობდნენ ერთმანეთს, არამედ სულ უფრო და უფრო შორდებოდნენ.

KARIBCHEბუნებასთან მიახლება პიროვნულ ურთიერთობას არ ნიშნავს. სამწუხაროდ, ადამიანები ისე ქორწინდებიან, არ აქვთ გაცნობიერებული: ვინც გიყვარს, პიროვნულად უნდა გიყვარდეს. ისინი კი საწინააღმდეგო სქესის მხოლოდ გარეგნულ მონაცემებს აფასებენ, თვლიან, რომ ბედნიერები იქნებიან, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ... ბოლოს აღმოჩნდება, რომ ერთმანეთთან პიროვნული ურთიერთობა არ აქვთ და არც სურთ. შედეგად კი ქორეპისკოპოსთან განქორწინების მოსურნეთა უზარმაზარი რიგი დგას, და არა მხოლოდ ახალაზრდებისა.

ასევე ძნელია პიროვნული ურთიერთობა შვილებთან, თუმცა ჩვენი სხეულის ნაწილები არიან, მეგობრებთან... რთულია სულიერ შვილებთან ურთიერთობაც - თითქოს ყველას უყვარხარ და შენც ყველა გიყვარს, მაგრამ მოძღვარსა და მრევლს შორის, მრევლის წევრებს შორის სიყვარულის, სითბოს შესანარჩუნებლად რამდენი ლავირება და სულიერი დიპლომატია გვიწევს მოძღვრებს!

პიროვნულად უნდა შევიცვალოთ
და თქვენ ეხუმრებით ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას? რა კადნიერება და თავხედობაა! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ხომ ნიშნავს, რომ პიროვნულად უნდა შევიცვალოთ? ეკლესიური ცხოვრების დაწყების მსურველს ორიდან ერთი (ზოგჯერ ორივეც) აუცილებლად სჭირს: ან თავი რაღაც ჰგონია და სიამაყითაა გაფუყული, ან ცხოვრების წესით პირუტყვს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანს. თითქოს პირველი უბედურება უფრო მსუბუქი ჩანს, მაგრამ მეორესთან შედარებით ასეთი კაცის მორჯულება გაცილებით რთულია. ეკლესიაში მისი მოყვანაც რთულია. წარმოიდგინეთ, ადამიანად უნდა იქცეს არსება, რომელიც ან დემონს ჰგავს, ან პირუტყვს. ადამიანად ქცევა კი ნიშნავს, რომ ჭუჭყი ჩამოირეცხოს, საკუთარ თავში ღვთის ხატი გამოაჩინოს და ნაბიჯი გადადგას ღვთის მსგავსებისკენ. ეს უნდა გააკეთოს თავისი პიროვნული არჩევანით, საკუთარ თავზე უდიდესი ძალისხმევით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებს ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას. ათეულობით წელი რომ არ ტოვებდეს დილა-საღამოს ლოცვებს, არ აცდენდეს წირვებს, ყოველკვირა ეზიარებოდეს და კიდევ უამრავ რამეს აკეთებდეს, მისგან არაფერი გამოვა.

სამწუხაროდ, ამის მაგალითი ბევრია. სიამაყით მოსული ადამიანის მდგომარეობა შესაძლოა უფრო დამძიმდეს, რადგან თავმომწონეობის კიდევ მეტი შესაძლებლობა ეძლევა - ადრე მხოლოდ ზნეობრივი იყო, ახლა სულიერიც გახდა.

ასე რომ, ლოცვა მთლად უსაფრთხო რამ არ არის, მით უმეტეს - ახალმოსული ადამიანისთვის. ვიცით, რომ ლოცვის დროს ხიბლი მოდის, რასაც ძალიან ბევრი დაუღუპავს.

დემონურ სამყაროს ადამიანის ტვინში ნებისმიერი ინფორმაციის ჩაწერა შეუძლია
ადამიანის ბუნება თავხედი და მოუთვინიერებელია, სულ სადღაც დადის. ამას ეშმაკიც ემატება, რომელსაც ჩვენს თავში ნებისმიერი აზრის ჩადება შეუძლია. არსებობს ერთი უცნაური ბრძოლა, რომელიც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას სჭირს - არასწორი, არაწმინდა, მკრეხელური აზრები. წმინდა მამები გვაფრთხილებენ და ჩვენც სულიერ შვილებს ვასწავლით, რომ ასეთ აზრებს ყურადღება არ მიაქციონ. დემონურ სამყაროს ადამიანის ტვინში ნებისმიერი ინფორმაციის ჩაწერა შეუძლია, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას კომპიუტერში. მან იცის ჩვენი ბუნება, ჩვენი მიდრეკილებები და ისე შეუხამებს, რომ მისი მოწოდებული აზრი საკუთარი გვეგონოს. ეს ადამიანს ანგრევს, ზოგი ლოცვასაც წყვეტს, მედავითნეობისთვის მიუნებებიათ თავი. ერთი ამ აზრების "გამოსაყრელად" თავს კედელს ახლიდა. მაგრამ ეს არ შველის. ასეთ შემთხვევაში მოძღვართან უნდა მიხვიდეთ, რომელიც გეტყვით, რომ ეს აზრები თქვენ ცოდვად არ გეთვლებათ. დაგამშვიდებთ, დაგაწყნარებთ და დაგარიგებთ, რომ უარესი აზრების გაჩენისასაც კი არ შეწყვიტოთ ლოცვა.

გონებას მხოლოდ წმინდანები იჭერდნენ
ხომ წაგიკითხავთ საღამოს ლოცვები დილით ან პირიქით? ზოგჯერ არ ვიცით, რას ვკითხულობთ, თუმცა ხანდახან გამოთქმით და რიხიანადაც ვირჯებით. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - გონება რომ დავიჭიროთ, წმინდანები მაინც უნდა ვიყოთ, თუ არა ცხონებულნი. ამიტომ ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მოგვიწევს, რადგან ჩვენს რეალობაში ძნელია წმინდანობა. მაგრამ ამას არ უნდა შევეგუოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ, წარუმატებლობამ კი იმედი არ დაგვაკარგვინოს.

გონებას კი არა, ლოცვის დროს ხელ-ფეხს კი იჭერთ? თუ ცქმუტავთ? საშინელებაა, მაგრამ ფაქტია. ჩვენს ხელ-ფეხს მეტ-ნაკლებად ვაკონტროლებთ, მაგრამ ლოცვის დროს ისინიც არ გვემორჩილებიან.

ზოგი ენას ვერ აკონტროლებს. ჩვენს ტაძარში რამდენიმე სკამი დგას მოხუცებისთვის. ყოველ წირვაზე ვიმუქრები - მომავალ კვირას სკამები აღარ დაგხვდებათ-მეთქი, იმიტომ რომ ლაპარაკობენ, ვერ ჩერდებიან, ენა თავისით მოძრაობს. მეცოდებიან და მუქარას მაინც ვერ ვუსრულებ...

თუკი ადამიანს ენისა და ხელ-ფეხის გაჩერება არ შეუძლია, გონებას როგორღა გააჩერებს? ჩვენ შეცდომას ვუშვებთ - პირდაპირ გონების გაჩერებას ვცდილობთ. ლოცვაზე გრიგოლ ხანძთელის მამებივით სანთელივით უნდა იდგე. დგახარ? დადექი. დგომა არ შეგიძლია? დაჯექი. დაჯექი და გაირინდე ღვთის წინაშე. ერთერთი მიზეზი გონებაგანბნევისა სწორედ ის არის, რომ ღმერთის წინაშე დგომის განცდა არ გვაქვს.

რით განსხვავდება წმინდანი ჩვენგან? ისიც ხომ ჩვენივე მსგავსი ადამიანია, ჩვენნაირი ხორცით, სულით, ცოდვილი ბუნებით. განა ჩვენსავით ან მეტადაც არ შეუცოდავს? რატომ არის ის წმინდანი? იმიტომ, რომ გულისმიერი ხედვა, ღვთის წინაშე დგომის განცდა აქვს არა მხოლოდ ლოცვისას, არამედ მუდმივად, ნებისმიერი საქმიანობისას. მას არ სურს, ღვთის საწინააღმდეგოდ მოიმოქმედოს რამე. ამიტომ ლოცვისას გონებასაც დაიჭერს, ხელ-ფეხსაც, ენასაც და თავსაც.

გონება გულის გარეშე ცივი იარაღია
მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ლოცვების თითოეული სიტყვა ნამდვილად გვჭირდება, დავიწყოთ გულმოდგინე ლოცვა და შევეცადოთ, შესამაბისადაც ვიცხოვროთ: როდესაც ლოცვებით ვადიდებთ ღმერთს - ცხოვრების წესითაც ვადიდოთ, შეწყალებას ვითხოვთ - უფალს ვევედროთ შეწევნას და ვეცადოთ, ნაკლებად შევცოდოთ.

მაგრამ ადამიანს გონებასთან ერთად გულიც აქვს. გულის გარეშე გონება ცივი იარაღია. გონებას არც სიყვარული შეუძლია, არც - სიძულვილი. ლოცვის დროს კი ორივე უნდა შეგეძლოს: სიყვარული ღვთისა და სიძულვილი ცოდვისა. გულის გარეშე გონებით წარმართული სიტყვები მკვდარი იქნება.

გული გრძნობისმიერად აძლევს დასტურს ჩვენ მიერ წაკითხულ სიტყვებს. ღვთის სადიდებელზე გული აღტაცებულია სიხარულით. როდესაც ვამბობთ - "დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", გონებამ იცის, რომ უნდა ადიდოს უფალი, მაგრამ მას არ შეუძლია სიხარული, სიხარულს გული უნდა განიცდიდეს. შემიწყალეო, ვამბობთ. განა არ ვიცით, რა ცოდვები ჩაგვიდენია? მაგრამ ვის უნდა სტკიოდეს, ვინ უნდა შეიმუსროს, დამდაბლდეს და გლოვობდეს საკუთარ ცოდვასა და უღმერთობას, თუ არა გული?

სადაც გონება და გული არ ერთიანდება, იქ ლოცვა ლოცვა არ არის.

ეს უფრო დიდი ღვაწლია
მამები გვასწავლიან: ვლოცულობთ, სულიერ ღვაწლში ვართ თუ ყოფით ცხოვრებაში ვსაქმიანობთ, ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოს ღმერთი ძალიან გვიყვარსო. სინამდვილეში ჩვენ არ გვიყვარს უფალი. აბა გავიხსენოთ, ხანდახან როგორ ვიზლაზნებით დილის ლოცვაზე დასადგომად. კი არ ავიზლაზნოთ, წამოვფრინდეთ, დაგვენანოს წუთები, რომლებიც ლოცვას დავაკელით!

სამსახურიდან დაღლილები მოვედით, არაფრის თავი აღარ გვაქვს. ვივახშმებთ, ტელევიზორთან დავსხდებით... ნახევრად მძინარე მდგომარეობაში გადის საათები, თუმცა იმ მიზეზით, რომ ძალიან დაღლილები ვართ, ლოცვისთვის თხუთმეტი წუთის გამოყოფაც არ შეგვიძლია. მოკლე ლოცვას წავიბუტბუტებთ, დავწვებით და ვიძინებთ.

არადა სინამდვილეში რამ დაგვღალა? ყოფითმა ცხოვრებამ, რომელიც საჭიროა, მაგრამ მაინც ამქვეყნიურია, ამ სოფელს ეკუთვნის. ჰოდა, მინდა, სულმა დაისვენოს, გავიხარო. ბოლოს და ბოლოს, მოვიცილებ ამქვეყნიურ, დღევანდელ ტვირთს, სიხარულით მივალ ხატებთან, 15 წუთი, ნახევარი საათი დავდგები და საყვარელ უფალს დაველაპარაკები. მერე რა, რომ ფიზიკურად დაღლილი ვარ, იქნებ ლოცვის დაწყებიდან ხუთ წუთში ჩამეძინოს კიდეც, მაგრამ უფალი ამას ცოდვად აღარ შემირაცხავს - ფიზიკურმა სხეულმა ვეღარ გაუძლო, თორემ მე ხომ გულანთებული მივედი. ეს უფრო მეტი ღვაწლია, ვიდრე კარგად დასვენებულზე ნახევარსაათიანი ლოცვა.

თანაც უფალი რაოდენობაზე მეტად ხარისხს გვიფასებს.

ლოცვა საოცარი სახელმძღვანელოა
ცხოვრების ქრისტიანული წესი საკუთარი თავისა და უფლის შემეცნებასაც მოიცავს. ლოცვები ორივეს გვასწავლის. ღმერთის შემეცნებას - იმიტომ, რომ მათში სრულადაა ჩაქსოვილი ღვთისმეტყველება; საკუთარი თავის შემცნებას კი იმიტომ, რომ გვაიძულებს შევიცვალოთ, ისე ვიცხოვროთ, როგორც მათში წერია. და ვინ გვეწინააღმდეგება ამ დროს? პირველ რიგში, საკუთარი დაცემული ბუნება. როდესაც ვცდილობთ, მლოცველები ვიყოთ, გვინდა თუ არა, ნელ-ნელა ვიმეცნებთ საკუთარ თავს.

ლოცვა საოცარი სახელმძღვანელოა როგორც საკუთარი თავისა და ღვთისა, ისე დემონური სამყაროს შემეცნებისაც, რადგან თუ ლოცვის დროს სიხარული და მადლი მივიღეთ, ბოროტი აუცილებლად ცდილობს მის ჩაშხამებას და განსაცდელს მოგვივლენს, რომლის დაძლევაშიც, რა თქმა უნდა, უფალი გვეხმარება.

ყოველი ლოცვა უნიკალური მოვლენაა
ყოველი ლოცვა აბსოლუტურად უნიკალური მოვლენაა. დღეს რომ ვილოცებთ, მსგავსი არასოდეს ყოფილა და არც იქნება, ისევე, როგორც ორი ადამიანის სხვადასხვა შეხვედრა. თუ ადამიანი ამოუწურავია, ღმერთი - მით უმეტეს. ამიტომ ვინც ამბობს, ლოცვა მომბეზრდაო, ან არასოდეს ულოცია, არ განუცდია ღმერთთან ერთობა, ან გულმავიწყია - ილოცა, განიცადა და დაავიწყდა.

ღმერთთან თანაზიარება და მის პიროვნებასთან თითოეული შეხვედრა განუმეორებელია, შეუძლებელია, ისინი ერთმანეთს ჰგავდეს, რადგან ადამიანი დინამიკური არსებაა, ღმერთი კი ამოუწურავია. მაგრამ ლოცვა ღმერთთან შეხვედრის მხოლოდ შესაძლებლობას გვაძლევს და არა გარანტიას.

KARIBCHEღვთის შემეცნებას სულ უფრო მეტი ბედნიერება და თავისუფლება მოაქვს, საკუთარ თავში კი, რაც მეტად ჩაღრმავდები, მით უფრო მეტ დაცემულობას აღმოაჩენ, უფრო მეტად შეძრწუნდები და თავს დახრი. რაც უფრო ღრმა ორმოში ვარდები, მით უფრო მეტად ყვირი. რაც უფრო დიდი წმინდანია ადამიანი, მით უფრო მეტად გრძნობს საკუთარ დაცემულობას და სულიერი ღვაწლის საჭიროებას. ამიტომაც შეუძლებელია, მას ლოცვა მობეზრდეს. ყოველდღე ხომ რაღაც ახალი და განუმეორებელი ხდება.

ლოცვისას ღმერთი უნდა ვეძებოთ
თუ ლოცვისას ჩვენი მიზანი სიხარულის, სიმშვიდის მოპოვებაა, აღარ ვსაუბრობ ფულის შოვნასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, ვერაფერსაც ვერ მივიღებთ.

აბა, რისთვის უნდა ვილოცოთ? იმისთვის, რომ ღმერთი ვეძებოთ.

იმისთვის უნდა დავდგეთ ლოცვაზე, რომ გულმა განიცადოს, რასაც ვკითხულობთ, რომ საკუთარი უღირსი ბუნება დავინახოთ, გავაცნობიეროთ, რა გვინდა და აღმოვაჩინოთ, რომ თურმე ღმერთი გვდომებია. ამის შემდეგ კი უფალი გამუდმებით ვეძებოთ და ვიპოვოთ. ასეთი ლოცვა ყოველთვის უნიკალური იქნება და მისით ღმერთთან ზიარების შესაძლებლობა მოგვეცემა.

ღმერთთან ზიარება მთელი ცხოვრების წესი უნდა იყოს
ჩვენ ყველანი ვეზიარებით უფლის სისხლსა და ხორცს, მაგრამ სიტყვა "ზიარებას" ძალიან უბრალოდ ვიყენებთ. რას ვეზიარებით? - ღმერთს. და განა ხშირად გვეტყობა, რომ უფალთან ვართ შეერთებულნი? ეს ჯერ თვითონ უნდა შევატყოთ საკუთარ თავს და მერე სხვაც შეგვატყობს, რადგანაც ნათელი ამა სოფლისა უნდა გავხდეთ. ჩვენ კი ვეზიარებით, ვეზიარებით, მაგრამ არაფერი გვეტყობა. კი მაგრამ, ნამდვილად ვეზიარებით? ნამდვილად ვუერთდებით ღმერთს? უფალმა კი თქვა: "ესე არს სისხლი ჩემი" და "ესე არს ხორცი ჩემი". იუდამაც მიიღო მისი წმინდა სისხლი და ხორცი, მაგრამ მასში ეშმაკი შევიდა. ამდენად, ზიარება - ევქარისტიულ საიდუმლოებაში მონაწილეობა არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ღმერთს ვეზიარეთ.

თანაც რა ადვილია - უნდა იდგე ტაძარში, ან იჯდე, თუ მოძღვარი ვერ გხედავს, ილაპარაკო კიდეც. ზიარების დრო რომ მოვა, შოშიასავით პირს გააღებ, სიწმინდეს ჩაგიდებენ და გაგიშვებენ. სიტკბოებასაც მიაყოლებ. გამოხვალ ეზოში, ათას საკითხზე იჭორავებ და დამშვიდებული და დაწყნარებული წახვალ.

მაგრამ განა შეიძლება, უშრომლად მოხვიდე, პირი გააღო, გადაყლაპო და წახვიდე? თანაც კარგად გაერთო მეგობრებში?

აბა, როგორ უნდა ვეზიაროთ?

პასუხი ერთადერთია - იმისათვის, რომ ევქარისტიულ კანონში ღმერთს ვეზიაროთ, უფალს უნდა ვუერთგულოთ - დილის ლოცვის დროს, სახარების კითხვისას, რომელიც ლოცვის განსხვავებული ფორმაა, ფსალმუნებისას, უფლის მცნებების აღსრულებისას - ნებისმიერ დროს. ღმერთი არ უნდა გვავიწყდებოდეს, მისით უნდა ვსუნთქავდეთ, ვიძინებდეთ, ვიღვიძებდეთ, ჭამის წინ და შემდგომ ვლოცულობდეთ...

მთელი ჩვენი ცხოვრების წესი ღმერთთან ზიარება უნდა იყოს. თუ მას ცხოვრების ყოველ წამს ვეზიარებით, აუცილებლად ვეზიარებით ევქარისტიის კანონშიც, რადგან ეს ჩვენი ცხოვრებისეული არჩევანი იქნება და არა მხოლოდ პირის გაღება.

კითხულობენ, განა მადლი თვითონ არ იმოქმედებსო? როგორ არ იმოქმედებს, მაგრამ პასუხისმგებლობა ხომ გვეკისრება. პავლე მოციქული ამბობს, მრავალი თქვენგანი უღირსად ეზიარება და ამის გამო ავად ხდებაო.

ნებისმიერი მოძღვარი დაადასტურებს, როდესაც ადამიანი სულიერ ცხოვრებაში გულწრფელი არ არის და თან ეზიარება, შესაძლოა პრობლემები შეექმნას ფსიქიურად, სულიერად და ფიზიკურადაც. ეს ძალიან საშიშია.

ლოცვას ღვაწლი სჭირდება
ლოცვისას მთავარია ხარისხი, თუმცა რაოდენობასაც აქვს მნიშვნელობა - ჯერ ერთი, იგი მოთხოვნილებიდან გამომდინარეობს და მეორე - ღვაწლია. ლოცვას კი ღვაწლი სჭირდება. ზოგი ამბობს, არ წავიკითხავ დილა-საღამოს ლოცვას, მაგრამ გულში მუდამ მეხსომება უფალიო. ასე არ შეიძლება.

დილა-საღამოს ლოცვების გარდა ლოცვის მრავალი სახე არსებობს: ფსალმუნების, სახარების კითხვა, ტაძარში ლოცვა, იესოს ლოცვა, მუდამ ღმერთზე ფიქრი და ამოძახილი, ყოველი საქმის წინ მისდამი მიმართვა და სხვა. მაგრამ არ შეიძლება ჩვენი ცხოვრებიდან ისეთი ლოცვის მოცილება, რომელიც ღვაწლს უკავშირდება. კარგია, მანქანას რომ მართავ და თან ლოცულობ, მაგრამ სულ სხვაა ის ღვაწლი, შემოსილი რამდენიმე საათს რომ დადგები ლოცვაზე.

რა აუცილებელია ღვაწლი? უფალი ამბობს: "ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მარკ. 9,29). ლოცვა ღმერთთან საუბარია, მარხვა კი ღვაწლში ყოფნა. ღვაწლის გარეშე ლოცვას ძალა არ აქვს, ისევე, როგორც ლოცვის გარეშე ღვაწლს არ აქვს აზრი. ღვაწლი ძნელია, მაგრამ აქვე გიფასდება. როცა ადამიანი იბრძვის საკუთარი დაცემული ბუნების, სიზარმაცის წინააღმდეგ, ღმერთი საოცარ სიმშვიდესა და სიხარულს აძლევს. როცა იმისთვის იბრძვი, რომ ღმერთი გინდა, უფალი თვითონ მოდის და ბედნიერების განცდა მოაქვს.

რა არის იესოს ლოცვა
იესოს ლოცვა ჩვეულებრივი ლოცვაა, არსობრივად არაფრით განსხვავდება სხვა ლოცვებისგან, ოღონდ პრაქტიკულად უფრო მოსახერხებელია, რადგან ძალიან პატარაა, სულ რაღაც 5 სიტყვა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". მისი უფრო ვრცელი ვარიანტიც არსებობს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" და უფრო მოკლეც: "უფალო, შემიწყალე". არის სხვა მოკლე ლოცვებიც: "დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა", "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ" და ა.შ.

მოკლე ლოცვებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იესოს ლოცვაა. მას ძალიან ხშირად იყენებდნენ ასკეტი მამებიც და ჩვეულებრივი ქრისტიანებიც. ხომ გახსოვთ, "ბაში-აჩუკში" თავადი ზაალ ერისთავი აივანზე რომ იჯდა, სკვნილი ეჭირა და ლოცულობდა? ერისკაცი იყო, თან თავადი, შეიძლება წინა ღამით გემრიელად ნაქეიფარიც, მაგრამ ახლა იჯდა და ლოცულობდა. აკაკი წერეთელი ამას ჩვეულებრივ ამბად წერს, ხაზგასმის გარეშე. როგორც ჩანს, იმ დროს ერის ადამიანებისთვის მართლაც ჩვეულებრივი რამ იყო ჯდომა და სკვნილზე ლოცვა.

მოკლე ლოცვას დასამახსოვრებლად გონების, ცნობიერების დაძაბვა არ სჭირდება. გული უფროა ჩართული, ამიტომ ამ ლოცვებით ადვილია, მუდამ ღმერთის ხსოვნა გვქონდეს.

პავლე მოციქული ბრძანებს: "მოუკლებელად ილოცევდითო" (1 თეს. 5,17). ეს ღვთის მარად ხსოვნასა და მუდმივ ლოცვას ნიშნავს. ღვთის ხსოვნა თუ გონების შემადგენელი ნაწილია, ლოცვა - გულისაა. იესოს ლოცვა და მსგავსი პატარა ლოცვები სწორედ უფლის მარად ხსოვნისა და მოუკლებელად ლოცვის შესაძლებლობას გვაძლევს.

სკვნილის დანიშნულება
ლოცვის სხვადასხვა საფეხური არსებობს: ხმამაღლა ლოცვა, ბაგეებით ლოცვა, გულში ლოცვა... ადამიანი წარმოთქვამს: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე" - ერთხელ, ორჯერ, ასჯერ... დისციპლინისთვის გამოიყენება სკვნილი. ზოგს სკვნილი რაღაც მაგიური ნივთი ჰგონია. სინამდვილეში კი თვლაში გვეხმარება. ვთქვათ, მსურს, ყოველ დილით უფლის ლოცვა 50-ჯერ გავიმეორო. რაღა თითებზე ვითვალო, 50-მარცვლიან სკვნილს ჩამოვმარცვლავ და რომ გათავდება, ლოცვასაც მოვრჩები. ჩემი ცნობიერება დათვლაზე აღარ დაიხარჯება. თუმცა არის კიდევ ერთი მხარე - როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ყოველ ლოცვაზე ბურთულა გადამაქვს, უკუკავშირი მყარდება - გადამაქვს ბურთულა და ლოცვაც მოჰყვება.

ეს ფსიქოლოგიური მომენტი ლოცვის განწყობას გვიქმნის, ისევე, როგორც ხატების შეჩვეული კუთხე. ზოგს თავისი ტაძარი უყვარს, ან ტაძრში თავისი ადგილი აქვს შერჩეული. თუნდაც დააგვიანოს, ხალხს მაინც მისწევ-მოსწევს და იქ ჩაეკვეხება. მიბმულნი ვართ რაღაცას. თუ ჩვენს ამ თვისებას ერთ შემთხვევაში ცუდი სახე ეძლევა (როცა ხალხს ვაწუხებთ), მეორე შემთხვევაში სასარგებლოდ ვიყენებთ - როცა სკვნილზე ვლოცულობთ.

გონებით ლოცვა
გონებით ლოცვას ზოგი ზედმეტ მისტიკას უკავშირებს. არადა, რასაც ხმამაღლა ვამბობთ, ხომ შეგვიძლია, იგივე გონებაში გავიფიქროთ, ოღონდ ენა არ ავამოძრაოთ? გონებით ლოცვაც იგივეა. ღმერთს ხომ მაინც ესმის ჩვენი. თანაც გონებით ლოცვას ერთი პრაქტიკული უპირატესობაც აქვს - ისე ლოცულობ, ამას ვერავინ ხვდება. წარმოიდგინეთ, სტუმრად ვართ. ტელევიზორში რაღაც უინტერესოს, სისულელეს უყურებენ, ან ისეთ თემებზე საუბრობენ, სულ რომ არ გვაინტერესებს. სამაგიეროდ, ხომ შეგვიძლია ვილოცოთ? მაგრამ ხმამაღლა ვერ ვილოცებთ - ლოცვა მარგალიტია, რომელსაც ყველას ვერ ანახებ. ვიქნებით ჩვენთვის და გონებით ვილოცებთ.

თუმცა გონებით ლოცვა რთულია, რადგან ადამიანი მოძრაობისთვის არის გაჩენილი, ჩვენ კი გონებაში აზრის მოძრაობას ვერ შევიგრძნობთ. აზრის შეგრძნება მეტყველებისას გაცილებით გვიადვილდება. ამდენად, გონებით ლოცვა, ერთი მხრივ, რთულია, მეორე მხრივ - პრაქტიკული.

ზოგჯერ, როცა ლოცვისას ბაგეები დუმდება, ადამიანი ხმას აღარ იღებს, მაგრამ ენა კვლავ ისევე მოძრაობს, როგორც მეტყველებისას იმოძრავებდა - რაკი გონების მოძრაობას ვერ აღვიქვამთ, სხვა მოძრაობას ვითხოვთ.

აქ ერთ საინტერესო საკითხს მივადექით...

სუნთქვა ან გულისცემა
ალბათ, წაგიკითხავთ კიდეც, რომ მამები იესოს ლოცვას სუნთქვას ან გულისცემას აყოლებდნენ. ამ ორს შორის პრინციპული განსხვავება არ არის, გააჩნია, ვის რომელი ურჩევნია.

ვთქვათ, დასაძინებლად ვწევარ. გადავწყვიტე, აღარ ვიოცნებო. წიგნს ვეღარ ვკითხულობ - თვალები მტკივა, არადა ჯერ არ მეძინება და სანამ ჩამეძინება, ლოცვას ვიწყებ. ჩავისუნთქავ - ვიტყვი იესოს ლოცვის რაღაც ნაწილს ან მთლიანად (გააჩნია, ვის როგორი ფილტვები აქვს), ამოვისუნთქავ - მეორე ნაწილს მივაყოლებ. თუ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვაკეთებ, სულ მცირე, რაც ამას მოჰყვება, დილით გაღვიძებისთანავე, როგორც კი ვიგრძნობ, რომ ვსუნთქავ, გონებაში ლოცვა მოვა. ხოლო ლოცვას რომ დავიწყებ, იმასაც გავაცნობიერებ, რომ ღმერთს ველაპარაკები და სული გაიღვიძებს. ასე რომ, თუ ხმამაღალი ლოცვისას აზრსა და გრძნობას ბაგეებისა და ენის მოძრაობა ემატება, ამ შემთხვევაში ლოცვა ფილტვებით მოძრაობს.

მეორე შემთხვევაში ფილტვების ნაცვლად გული მოქმედებს. ადამიანმა უნდა ისწავლოს გულისცემის დაჭერა. ეს ადვილი არ არის. მამები ამას სხეულის სხვადასხვა მდგომარეობაში ცდილობენ, სუნთქვას იკავებენ და კიდევ სხვა ხერხებს იყენებენ. თუ გულისცემის დაჭერას ვისწავლით, თითო დარტყმას ლოცვის თითო სიტყვას ავაყოლებთ. შემდეგში კი უკვე არა მარტო იესოს ლოცვისას, დილა-საღამოს ლოცვის, ფსალმუნებისა და ნებისმიერი სხვა ლოცვის დროსაც ყოველი სიტყვა გულისცემის თანხვედრი გახდება. თუ ტაძარში მედავითნე ზომიერად კითხულობს, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი გულისცემა მის სიტყვებს ემთხვევა. აუჩქარებს კითხვას - გულისცემაც გაგვიხშირდება, შეანელებს - შეგვინელდება.

თუ ჩაძინებამდე ვლოცულობთ, გაღვიძებისას, გულისცემას რომ ვიგრძნობთ, ჩვენდა უნებურად ვიწყებთ ლოცვას, ხოლო როდესაც ხატებთან დავდგებით, გულისცემასაც თავისთავად ვიგრძნობთ.

ხიბლი?
ზოგიერთები ამბობენ, იესოს ლოცვამ ხიბლი იცისო. "მამაო, ჩვენომ" არ იცის ხიბლი? ყოველდღე ღმერთს მამას ვუწოდებთ, თავხედურად, კადნიერად ვეუბნებით - "იყავნ ნება შენიო", ამ დროს კი სულ ჩვენი ნებით მიგვყავს ცხოვრება. მომიტევე, როგორც მე მივუტევებო და ერთი კაცისთვის არ მიგვიტევებია. ეს არ არის ხიბლში ყოფნა?

ხიბლი ის არის, როდესაც ჩვენი სიტყვები და ცხოვრება ერთმანეთს არ შეესაბამება, მაგრამ გვგონია, რომ პირიქით არის. ხიბლი საკუთარი თავის ვერდანახვის ცოდვაა, რომლის წამალიც ლოცვა გახლავთ და არა ულოცველობა.

მაგრამ ხიბლის საშიშროება ნამდვილად არსებობს, თუ იესოს ლოცვას ხსენებული ტექნიკით ეკლესიაში ახალმოსულები იწყებენ. ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თავს ჯერ არ იცნობს, ასეთი ლოცვა დაუშვებელია. ეკლესიაში ახალმოსულები მადლმა მოიყვანა, მადლის გამო ეადვილებათ წირვა-ლოცვაზე დგომა, ლოცვა... ფიქრობენ, რომ ისედაც კარგები არიან და ამასაც თუ ვასწავლით, ჩათვლიან, მადლიან ლოცვას მივაღწიეთ და წმინდანები გავხდითო. ხიბლია, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ უკვე ღმერთთან არის და განსაკუთრებული ღვაწლი აღარ სჭირდება.

ხოლო ადამიანს, რომელიც საკუთარ უღირსებას კარგად გრძნობს, რომელმაც იცის, რამდენი აქვს საშრომი, რომ ღმერთისკენ წავიდეს, ხიბლის საშიშროება არ ემუქრება.

რატომ გული?
ჩემი მოსაზრებით, სუნთქვასთან შედარებით ლოცვის გულისცემაზე აყოლება უკეთესია. ხომ გაგვიგონია გონებისა და გულის ერთობა - არც ეს არის მისტიკა. ლოცვის სიტყვებში აზრიცა და გრძნობაც უნდა ჩაექსოვოს. როცა ისინი ერთიანდებიან, თითქოს ადამიანური ბუნებაც სიტყვით, აზრითა და გრძნობით მთლიანდება. და რადგან ჩვენი სიტყვები გულს უკავშირდება, გვინდა თუ არა, ყურადღებაც იქ გვაქვს. ადამიანს აქვს უნარი, საუბრობდეს და მთელი საუბრის განმავლობაში ყურადღება ერთ საგანზე შეაჩეროს. როდესაც ღმერთს ვესაუბრებით და ყურადღება გულზე გვაქვს გადატანილი, რადგან გულისცემას ვაკონტროლებთ, თავისთავად გულისა და გონების მექანიკური კავშირიც იკვრება.

მამები კიდევ ერთ საოცარ რამეს გვასწავლიან - სასუფეველი გულში ეძებეთო, გულის სენაკში ჩაკეტვა და სასუფეველში ყოფნა ერთი და იგივეა, სასუფეველში გასასვლელი გულიდან არისო. გული ის ადგილია სამყაროში, საიდანაც ჩვენს პიროვნულ მეს გასვლა და ღმერთთან დალაპარაკება შეუძლია. როცა გვიხარია, ხომ გული გრძნობს? როცა გვეშინია, ამასაც ხომ გული გრძნობს? ე.ი. გულს აქვს უნარი, სულიერი მდგომარეობა ხორციელად დააფიქსიროს. ამიტომ ამ შემთხვევაში ღმერთთან ურთიერთობას გონებითაც და გრძნობითაც ვსწავლობთ, ჩვენთვის შეუცნობლად იქმნება პირობა, რომ ღმერთი არ დავკარგოთ. მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ჩვენი მიზანი ღმერთი - მამა, ძე და სულიწმიდაა. ამინ!

მოამზადა
მარი აშუღაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat