თითქოს დავიწყნოდა, რომ წუთისოფელში ცოდვა და სიცრუეც არსებობს
ვინც იცნობდა ან უნახავს მაინც ეს საოცარი ადამიანი, უკლებლივ ყველამ ანგელოზად დაიმახსოვრა, ირწმუნებიან, ყველაზე ზუსტად ეს სახელი შეეფერება და არაფერია აქ ნაზედმეტევიო...
მამა აბრაამ ჩხეტიანთან ურთიერთობით ცოცხლდებოდა ის ყველაფერი, რასაც ღვთისთვის ცხოვრება და ბერობა ჰქვია... ამას თითქოს იმდროინდელი ფოტოებიც დაგიმოწმებენ, რომლებმაც სამუდამოდ "დაიმახსოვრეს" დაკერებული, ძველი კაბით მოსილი დიდსქემოსანი მცხეთელი ბერი და მისი მანათობელი თვალები...
წირვაზე მდგომი ყოველთვის ტიროდა და გულში ხშირ-ხშირად იცემდა მჯიღს, თითქოს იმათ ცოდვებსაც ინანიებდა, ვინც ლოცვაში მოხსენიება სთხოვა.
ერთხელ ვიღაცას უკითხავს კიდეც: - მამა აბრაამ, წირვაზე ასე რა გატირებთო?
- შვილო, ის, რომ ანგელოზებს ვხედავ მე უღირსიო...
განსაცვიფრებლად კეთილი და უბოროტო იყო, ადამიანებს ბავშვის თვალით უყურებდა და არასოდეს არავისში შეეჭვდებოდა, თითქოს დავიწყებოდა, რომ წუთისოფელში ცოდვა და სიცრუეც არსებობს.
სავარაუდოდ, 1856 წელს ლეჩხუმის სოფელ ქვემო ცაგერში დაიბადა ხუთშვილიან ოჯახში. ძალიან დიდხანს იცხოვრა უდაბნოში (მისი ცხოვრების ამ მონაკვეთზე, მამა ალექსის განმარტოებული ცხოვრების გამო, თითქმის არაფერია ცნობილი), სიცოცხლის ბოლო 40 წელი კი სვეტიცხოველში გაატარა და 113 წლისა გარდაიცვალა.
ამბობენ, იმდენად ღვთივსულიერი და სათნო იყო, ასაკი არც კი ეტყობოდაო.
ხანდაზმულობის მიუხედავად, საოცრად სწრაფად მოძრაობდა, მღვდლებს მნათედ ემსახურებოდა, ზარებს რეკავდა და საკურთხეველს ალაგებდა.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი): "ხშირად მინახავს, ეზოში დანთებული საცეცხლურით როგორ მირბოდა სვეტიცხოვლის საკურთხევლისკენ, რომ შეყოვნებით მწირველი ბერი არ დაებრკოლებინა. ერთადერთი, რაშიც ურჩობას იჩენდა, ის გახლდათ, რომ სულ ერთსა და იმავე ძველ, საკერებლებიან სამოსს ატარებდა...
მღვდლებს მამა აბრაამი ძალიან უყვარდათ და ახალ ტანსაცმელსაც ხშირ-ხშირად ჩუქნიდნენ, მაგრამ მალე ყველაფერი სადღაც ქრებოდა - რომელიმე ღარიბ ბერს აძლევდა, თვითონ კი ისევ ძველი კაბით დადიოდა.
ერთხელ შევესწარი, როგორ საყვედურობდა ამის გამო ერთ-ერთი მღვდელმსახური, ის კი ჩუმად იდგა, ყურადღებით უსმენდა და დროდადრო ოდნავ თავსაც უქნევდა, - თითქოს დანაშაულში ამხილეს და ეთანხმებაო, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სულ მალე იგივე განმეორდებოდა.
საოცრად უპოვარი გახლდათ, მის მცირე სენაკში მხოლოდ მაგიდას, ტაბურეტს და ნაბადგადაფარებულ ტახტს თუ ნახავდით, მაგიდაზე რამდენიმე წიგნი ედო და მეტი არაფერი...
ერთხელ მის მაგიდაზე სიგარეტ "ყაზბეგის" კოლოფს ვკიდე თვალი და გულმძიმედ გავიფიქრე, - ალბათ, მამა აბრაამი ეწევა, მოღვაწეებსაც ხომ შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი სისუსტეები-მეთქი, მაგრამ როდესაც კოლოფი გახსნა, დავინახე, რომ იქ ნემსებსა და ძაფებს ინახავდა, რომლითაც სამოსს იკერებდა ხოლმე".
ლუარსაბ ტოგონიძე, საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი:
"მამა აბრაამი (დიდ სქემაში აღყვანამდე - ალექსი) ლეჩხუმელი გახლდათ. ახალგაზრდობაში მის სოფელს ტიფი მოსდებია, ალექსის გარდა ოჯახის ყველა წევრი დასნეულებულა. მაშინ ამდგარა ალექსი, მაღლობზე მდგარ გვესოს ციხეში დაყუდებულა, 14 დღის განმავლობაში მხოლოდ წყალს იღებდა, გულმხურვალედ ულოცია და უფლისთვის აღუთქვამს, - ოღონდ ოჯახი გადამირჩინე და თავს შემოგწირავო...
მართლაც შეუსმენია ღმერთს მისი ლოცვა, ავადმყოფები განკურნებულან და თავადაც მალე აღუსრულებია აღთქმა.
მისი ცხოვრებიდან ბევრი რამ არ არის ცნობილი. რამდენადაც ვიცი, თავიდან სხვადასხვა მონასტერში იყო მორჩილად. სვეტიცხოველში წილკნელმა ეპისკოპოსმა, ალექსი გერსამიამ ჩამოიყვანა და იმ დროიდან იქაურობას აღარც მოშორებია.
ყოვლად სანატრელი კაცი გახლდათ, უდიდესი მლოცველი, ბავშვივით უმანკო, ძალიან უბრალო და ყველას ჭირისუფალი. მეუფე ათანასეს (ჩახვაშვილს) რომ ვთხოვე, მასზე რაიმე ეამბა, მითხრა, - ნამდვილი ანგელოზი იყო, არც მეტი, არც ნაკლები და ამაზე მეტი რაღა გითხრაო...
მისი ლოცვის ძალაზე ერთ ამბავს გავიხსენებ: - ქუთაისიდან სვეტიცხოველს მომლოცველთა ჯგუფი ჩამოსულა, რომელიც მამა აბრაამსაც მიუწვევია თავის პატარა სენაკში. ცოტა ხანში კი აღმოუჩენია, რომ ვიღაცას მისი ღვთისმშობლის უბრალო, ქაღალდის ხატი გაეყოლებინა ხელს... მამა აბრაამს შეშინებია - ვაითუ ვინმე უპატიოდ მოექცესო. ულოცია გულმხურვალედ, - უფალო, გამომიჩინეო და სულ ცოტა ხანში ხატის წამღები ქალიც შეშინებული, ტირილით მობრუნებულა: - მამა აბრაამ, ეშმაკმა შემაცდინა, შემინდეთო... თურმე ყველაფერი ასტკივებია... მამა აბრაამს იქით დაუმშვიდებია, - აბა, რა ვიცოდი, თუ ასეთ კარგ ადამიანს ჰქონდა, მაგ ხატის ჩუქებას, შვილო, შენთვის ისედაც ვაპირებდი, ჰოდა, აიღე, შენიაო, მაგრამ ქალი ისე ყოფილა შეშინებული, ხატის წაღებას ვეღარ ბედავდა, - ძალით გაუტანებია მამა აბრაამს.
თავად არაფერი გააჩნდა და თუ ვინმე რამეს უწილადებდა, არ გაიჩერებდა, მაშინვე გასცემდა, უჩუმრად გაიქცეოდა, შეუმჩნევლად გადიოდა სვეტიცხოვლის კარიბჭიდან და ყველა გაჭირვებულს შეეწეოდა. სხვათა შორის, ეს გულმოწყალება მცხეთელებს დღემდე ახსოვთ".
ნინო იორაშვილი, არქიმანდრიტ პართენ აფციაურის სულიერი შვილი: "მამა აბრაამი დიდ სქემაში არქიმანდრიტმა პართენმა აღიყვანა. ერთმანეთის დიდი სიყვარული და ღრმა სულიერი ერთობა ჰქონდათ. მათთან მეგობრობდა თეკლათის მონასტრის არქიმანდრიტი, დიდად მადლიანი და ღვთივშემოსილი კაცი კონსტანტინე ქვარაიაც.
გულთამხილავი და სასწაულთმოქმედი მამები ბრძანდებოდნენ, მაგრამ ამ სამიდან ყველაზე დიდი მლოცველი სწორედ აბრაამი იყო. დადგებოდა სვეტიცხოვლის ცხოველმყოფელ სვეტთან და გულშემუსვრილი ისე ახლიდა მიწას თავს, სისხლი დასდინდებოდა ხოლმე. ყველას ცოდვასა და გასაჭირს ხედავდა და მათ ნაცვლადაც ინანიებდა.
უამრავი ადამიანი, მათ შორის უიმედო ავადმყოფებიც, განუკურნავს მამა აბრაამის ლოცვებს, თუმცა ამას გულმოდგინედ ფარავდა".
ნათელა გერსამია, ეპისკოპოს ალექსი გერსამიას შვილიშვილი: "როდესაც ბაბუაზე ვფიქრობ, აუცილებლად მახსენდება მამა ალექსიც (სქემაში - აბრაამი), იმიტომ, რომ ამ ორ წმინდა სულის უერთმანეთობა წარმოუდგენელი მგონია...
ალექსი ჩვენთან, თბილისშიც რომ ჩამოვიდოდა, მამასავით გვივლიდა და ფეხებსაც კი გვბანდა ხოლმე.
ერთხელ, 30-იან წლებში, ე.წ. ნეპის ეპოქაში გვესტუმრა. ბაბუამ სთხოვა, იქნებ ჩემებს ერთი ბიდონი ნავთი მაინც აუღო სადმეო. ადგა საღამოს ალექსი, აიღო ბიდონი და მთელი ღამე ნავთის რიგში გაატარა, მაგრამ ეს იმ დროს ოქროს ბადალი სითხე შინ რომ მოჰქონდა, გზაში სიონი დაინახა, შეჩერდა, ბიდონი მიწაზე დადგა და ლოცვა დაიწყო.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოიხედა და... სადღაა ნავთი... მოვიდა შინ და ვეკითხებით: - რა უყავით, მამა ალექსი, ნავთს?
- წაიღეს, მაგრამ ჩვენ რა, ვინც მოიპარა, იმას რა ეშველებაო? - გვიპასუხა.
უსათნოესი იყო ალექსი, ანგელოზივით ადამიანი, უბოროტო და ძალიან თავმდაბალი".
მამა აბრაამის ნათესავი, მანანა ჩხეტიანი: "ბერად 23 წლისა აღიკვეცა. მცხეთაში გადმოსვლის შემდეგ ყოველ შაბათს, უთენია დაადგებოდა გზას და მცხეთიდან თბილისამდე ფეხით ჩამოდიოდა. არ ვიცით, როგორ ასწრებდა ასე ადრიანად ჩამოსვლას, ჩვენს კარს რომ შემოაღებდა, ისევ გვეძინა. სიცოცხლის ბოლო დღეებში სამთავროს დედათა მონასტრის შენობაში მოთავსებულ ლაზარეთში იწვა, გარს ბერები ეხვივნენ, რომლებიც მდუმარედ ლოცულობდნენ... საოცრად ნათელი, სანთელივით წმინდა სახე ჰქონდა და სული რომ ამოუვიდა, ბერებს ძახილი აღმოხდათ, - როგორც ჩანს, რაღაც იხილეს... მერე მუხლებზე დამხობილებმა განაგრძეს ლოცვა... წესის ასაგებად მალე ჩამობრძანდა პატრიარქი ეფრემი..."
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი): "სხვებმა მიამბეს, როგორ ზრუნავდა თავად უკიდურესად უპოვარი მამა აბრაამი გაჭირვებულებზე. მნათეს მცირე გასამრჯელოდან და შემოწირული თანხიდან ხურდასაც არ დაიტოვებდა, ხოლო თუ ტრაპეზიდან ან პანაშვიდიდან საზრდელს მიაწვდიდნენ, წაიღებდა სენაკში, თავისთვის მცირეოდენ პურს დაიტოვებდა, დანარჩენს კი შებინდებულზე, მალულად გაიტანდა სვეტიცხოვლის ალაყაფიდან, რომ რომელიმე ღატაკი ოჯახისათვის მიეტანა და უკან მალევე ბრუნდებოდა.
ლოცვა ძალიან უყვარდა, საათობით იდგა ხოლმე სვეტიცხოვლის კარიბჭესთან და ლოცულობდა, შემდეგ კი, წესად ჰქონდა, როგორი ამინდიც უნდა ყოფილიყო, თორმეტგზის შემოუვლიდა სვეტიცხოველს.
ერთხელ, ზამთარში, ნათოვარზე, როდესაც ტაძარს ლოცვით გარს უვლიდა, გონება დაკარგა (ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა) და დილამდე თოვლში იწვა. დილით აიყვანეს და თავის სენაკში დააწვინეს. ის შეიძლება ლოცვისთვის მოწამედ მოვიხსენიოთ".
სამთავროს მონაზვნებმა, რომლებსაც მამასავით უყვარდათ მამა აბრაამი, პატრიარქ ეფრემს კურთხევა გამოსთხოვეს, რომ მისი ნეშტი მონასტრის ეზოში დაეკრძალათ.
თაბორის უდაბნოს ათინათს მიწის ის პატარა ნაწილიც გამოსცემს, რომელმაც სამუდამოდ დაიბინადრა მისი სხეული.
P.S. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისათვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე.
საკონტაქტო ტელეფონებია: 899 93-48-40, 899 54-82-29.
წინასწარ გიხდით მადლობას.