მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი, "XIX საუკუნის ათონელი მამები"
მამა გედეონი
მამა გედეონი
(გაგრძელება)
ერთხელ დამიანემ ჰკითხა ბერდიდს, როგორ მოეპოვებინა მოუკლებელი ლოცვა. ბერდიდმა უპასუხა: "მუდმივად უნდა აიძულებდე საკუთარ თავს და უკიდურესი საჭიროების გარეშე ნურავის შეხვდები. თავიდან უძლურების გამო წარმოთქვი მხოლოდ "იესო ჩემო". ამის დამჭირვა (შენახვა) ადვილია, სადაც არ უნდა წახვიდე და რასაც არ უნდა აკეთებდე, თვით საუბრისასაც კი. ბოლოს, როცა შეითვისებ ლოცვას, მიუმატე "უფალო" და კიდევ "ქრისტე", შემდეგ - "ძეო ღვთისაო", მერე კი "შემიწყალე მე". როცა ლოცვა გულში ჩაენერგება, ის მუდმივად თავისით იმოქმედებს და მადლი ღვთისა გადმოდის და განაბრწყინებს ადამიანს. ამასთან თვალი უნდა ადევნოთ ამ ლოცვას, მისი შესრულებისას არ იზარმაცო, რამეთუ მცირედი გულგრილობისა და სიზარმაცისას ლოცვა წაერთმევა და მაშინ უკვე მძიმე, სისხლისმღვრელი ღვაწლი გჭირდება მის ხელახლა სასწავლებლად.ყველას მიმართ სიყვარული გქონდეს და ბევრს ნუ იზრუნებ მატერიალურზე. მუდმივად დაიმარხე გონებაში სიკვდილი, რამეთუ დღეს თუ მე მოვკვდები, ხვალე შესაძლოა შენ მოკვდე. თუ სიკვდილის ხსოვნა ერთი საათით გაშორდება ადამიანს, ის ბოროტებისკენ მიდრიკება. შიში ღვთისა ნუ მოგცილდება ერთი საათითაც. ილოცე ყველა მართლმადიდებლისთვის; განსაკუთრებით გარდაცვალებულთა და ჩვენი შემწეებისთვის (წყალობის გამღებთა), უფრო მეტად კი ჩვენს მოძულეთა, განაწყენებულთა და ბოროტების მოქმედთათვის. ცხოვრებისეულ მოთხოვნილებებზე ბევრს ნუ იზრუნებ და ნუ გეშინია - უფალი არ დაგიტევებს, შენზე იფიქრებს. რადგანაც დღეს ან ხვალ იქ უნდა წავიდეთ, რამდენადაც შესაძლებელია, იმაზე იფიქრე, როგორ წარდგები უფლის წინაშე, რათა მის წყალობას არ მოაკლდე. მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი, ვიყავი უპასუხოდ და ყველაფრის გარეშე, მაგრამ უფალს არ მივუტოვებივარ, რომელიმე ძმის ხელით მიგზავნიდა ხან მწვანილს, ხან პურს და მეც ცოცხალი დავრჩი. თუმცა უღირსი ვარ, მაგრამ სიკვდილის მერე სულით არ გაგშორდებით".
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამა დამიანემ ჰკითხა მას: "მამაო, შენს სიცოცხლეში ჩვენს სანუგეშოდ არაფერი გითქვამს!" ბერდიდმა უპასუხა: "არ მითქვამს, შვილო, და ახლა გეტყვი: თავდაპირველად თავმდაბლობა დაიმარხეთ და სხვა ყველაფერს თავი ანებეთ. მხოლოდ იესოს ლოცვას შეუდექი თავმდაბლობითა და ღვთის ყველა მცნების დაცვით.
სიკვდილის ხსოვნა განუყრელად გქონდეს, ვინაიდან თუ სიკვდილის ხსოვნა გექნება, გონება აღარ გაგეფანტება. როცა დაწვები, იფიქრე, რომ დილით ვეღარ ადგები; დილით აღმდგარმა კი დაიმარხე იესოსა და ღვთისმშობლისადმი ლოცვა, როცა მოსაგრეობს ადამიანი, მოდის ღვთის მადლი და განანათლებს მას. მაშინ უნდა მოძებნო და გყავდეს გამოცდილი ხელმძღვანელი. უფალი ჩვენს სასიკეთოდ ყველაფერს გამოგვიგზავნის, ოღონდ არ ვიზარმაცოთ; მაშინ ვინმე უბრალო კაცსაც კი განანათლებს უფალი, გამოაცხადებს, რა გვითხრას ჩვენს სასიკეთოდ.
ერთი ამბა წავიდა ერთ მონასტერში, გარს ძმები შემოერტყნენ და სიტყვის თქმა სთხოვეს. ამბამ უთხრა: "თავდაპირველად დაიმარხეთ ჭეშმარიტი თავმდაბლობა, მეორე: მოითხოვეთ მოთმინება შრომასა და განსაცდელებში, რომლებიც გექნებათ ეშმაკებისა და კაცთაგან, რომლებიც გლანძღავენ და ცილს გწამებენ, მესამე: თავი დაიცავით ბოროტი გულისთქმებისგან, განსაკუთრებით განკითხვისგან: საკუთარი თვალითაც რომ დაინახო, ძმა სცოდავდეს, ნუ დაიჩემებ. და კიდევ: ვინც მომავალი ცხოვრებისთვის და ცხონებისთვის იღვწის, სხვადასხვანაირი განსაცდელებით გამოიცდება; ყველაფერი უნდა დავითმინოთ, ადგილი არ უნდა დავუთმოთ მტერს და მოთმინებით ყველაფერი გადაივლის".
მამა გედეონი ისე ჩუმად საუბრობდა, რომ მამა დამიანემ ძლივს გაარჩია მისი ნათქვამი. ჯერ კიდევ მაშინ, რაც მამა დამიანე მამა გედეონის მორჩილად შედგა, იმ დროს ცნობილმა მამამ, მღვდელმონაზონმა ანტონმა უთხრა: "ეს ბერდიდი არ მიატოვო, მე მას ახალგაზრდობიდან ვიცნობ, ის მუდამ ლოცულობს და ღვთისა და ღვთისმშობლის წინაშე გოდებს. მამა დამიანემ მრავალგზის შეამჩნია, რომ მამა გედეონს ლოცვის დროს ტირილით ძალზე უწუხდებოდა სული და როცა ჰკითხა ბერდიდს, რა მოგივიდაო, მან უპასუხა: "შენ ეს არ იცი?" ლოცვაზე კი ბერდიდმა თქვა: "საჭიროა ამ სოფლის ყველა საგანს განეშორო და არ გიყვარდეს ისინი, სულიერ სიმშვიდეში იყო და არავინ განიკითხო; ვისაც სურს ლოცვას მიეჩვიოს, ეს სამი რამ უნდა დაიმარხოს".
ბერდიდის უზრუნველობა იმგვარი იყო, რომ შეეძლო, მთელი კვირა უპუროდ მჯდარიყო და არ შეწუხებულიყო. ასე იქცეოდა ის ყველაფერში და ყურადღება მიმართული ჰქონდა ღვთისკენ, რომელიც მას ყველაფერს უგზავნიდა, რაც სჭირდებოდა, რწმენაში ამგვარი გამოცდისა და მთლიანად უფლისადმი მინდობის გამო, ხდებოდა ხოლმე, როცა დამიანე საიდანმე მოვიდოდა გუდააკიდებული, დაღლილი, ბერდიდი მას ძილს აიძულებდა და თუ დამიანე ამას ასრულებდა, სულიერად მშვიდად იყო.
დამიანეს ხელში გარდაიცვალა ყველა ადრინდელ მამათა შორის სახელგანთქმული მოძღვარი მამა ქრისტეფორე. მან სიკვდილის წინ უთხრა შეკრებილთ: "მამებო, იესოს ლოცვა იპყარით და როცა ჩემი სული სხეულს გაშორდება, ჩემთვის სკვნილები ჩამომარცვლეთ, რათა უფალმა ჩემზე წყალობა მოიღოს". ამის თქმისას ქრისტეფორე გარდაიცვალა, უკვე ხანდაზმული იყო. მას სახე გაუბრწყინდა და ყველამ ადიდა ღმერთი.
მოძღვარი ქრისტეფორე მთაწმინდაზე მისვლისას მამა ზაქარიასთან დასახლდა კავსოკალივაში, უფლის ამაღლების კელიაში. ბერდიდის გარდაცვალების შემდეგ ის ძალზე შეაწუხა სკიტის მიერ მასზე დაკისრებულმა დიკეას, მოძღვრის და სხვა მოვალეობებმა, ამიტომაც კელია გაყიდა და გადასახლდა იანოკუპოლოდ წოდებულ ადგილას, ღირსი ათანასეს მღვიმის სიახლოვეს.
გრძელწვერა მამა (+1335წ.)
XIX საუკუნის დასაწყისში კავსოკალივის სკიტში ცხოვრობდა ნეტარი ბერდიდი. მას ღირსი პეტრე ათონელისა და ონუფრე დიდის მსგავსი წვერი ჰქონდა - წვერის მეოთხედი მიწაზე ეფინა. როცა ვინმეს ნახვა უნდოდა, სკამზე დგებოდა და წვერი მიწამდე ეშვებოდა.ეს ბერდიდი ადრე უპირველესი და სახელგანთქმული მგალობელი იყო ათონზე. მთელ მონასტერში სთხოვდნენ დღესასწაულებზე გალობას. ერთ დღესასწაულზე ღამისთევის ლოცვაზე გალობდა და თავისი ხმით მოიხიბლა. ამის მერე ხმა დაეკარგა, გალობა აღარ შეეძლო და დიდ მწუხარებაში ჩავარდა. ამბობენ, რომ ხილვა ჰქონდა, ზეციურმა დედოფალმა აუწყა, მას ხმის პატრონობა არ შეეძლო და მხოლოდ მედიდურობდა, ამიტომაც წაერთვა ხმა, მაგრამ სანუგეშოდ გრძელი წვერი მიეცემოდა. ოღონდ არ ეამპარტავნა, თორემ მასაც მოაკლდებოდა. მას წვერი მუდამ შეკრული ჰქონდა და მხოლოდ მათ უჩვენებდა, ვისაც ნახვა სურდა.
ერთ დროს კონსტანტინოპოლში სულთანმა მაჰმუდმა საპატრიარქოს ჩაუარა და ცნობისმოყვარეობის გამო ქრისტიანული ტაძრის დათვალიერება მოისურვა. პატრიარქი შეეგება; სულთანი ტაძარს დიდხანს ათვალიერებდა. როცა წმინდა პეტრე ათონელისა და ონუფრე დიდის ხატები იხილა, პატრიარქს უთხრა: "თქვენ სულ ტყუილი გაქვთ დახატული, როგორ შეიძლება ადამიანს ამხელა წვერი ჰქონდესო. პატრიარქმა თავმდაბლად უპასუხა, რომ ეს სიცრუე კი არა, ჭეშმარიტი სიმართლეა. ახლაც ათონის მთაზე არის მონაზონი, რომელსაც ასეთი გრძელი წვერი აქვსო. სულთანმა მაშინვე მის მოსაყვანად ხალხი გაგზავნა. ბერი მოვიდა და სულთანს გამოეცხადა. მან წვერის ჩვენება უბრძანა. ბერი დივანზე შედგა და წვერი ჩამოუშვა. სულთანი გააოცა გრძელი წვერის ხილვამ, რომელიც აღემატებოდა ხატზე ნანახს. მერე მის ნამდვილობაში დარწმუნებულმა მოჰკიდა წვერის ერთ ღერს ხელი და თავიდან ბოლომდე ჩამოჰყვა. ასე ნახა კიდევ სამი თმის ღერი. შემდეგ თქვა: "ქრისტიანებს რაც უწერიათ, ყველაფერი სიმართლეაო!" მონაზონს ფირმანი მისცა, რათა მას თავის მოწაფესთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე გადასახადი არ გადაეხადა და შეღავათი ჰქონოდა.