წავალ ტაძარში, თუნდაც ჩამეძინოს
ზაქარია ჭიჭინაძემ მუსლიმი ქართველების ნაამბობი წიგნად აკინძა, ჩვენ კი ამ წიგნში სამი სააღდგომო ამბავი ვიპოვეთ.* აღდგომა ღამეს ქართველები ხერთვისის ეკლესიაში შეკრებილან, სანთლები დაუნთიათ და თურქების გასაჯავრებლად აშკარად დაუწყიათ ლოცვა. ისინიც განრისხებულან და სულ ერთიანად ამოუჟლეტიათ. მაჰმადიანი ქართველები იტყოდნენ ხოლმე, ჩვენმა წინაპრებმა წითელი კვერცხისთვის ასი კაცი მოაკვლევინეს ოსმალებსო...
* ლივანაში, ბორჩხს ზემოთ, ჩხალის ხეობაში, ძველად დედათა მონასტერი ყოფილა. დასცემიან თათრები, გაუძარცვავთ და მონაზვნებიც გაუტაციათ. მონასტერში ერთი მოხუცი დედაღა დარჩენილა. დიდი გაჭირვება გამოუვლია ამ მონაზონს, მაგრამ იქაურობას მაინც არ მოშორებია. ის კი არა, ოჯახებში დადიოდა თურმე და ახალგამაჰმადიანებულ ქართველ ქალებს ისევ გაქრისტიანებისკენ მოუწოდებდა.
ერთხელ, სააღდგომოდ, მონაზონს კვერცხები შეუღებავს, სანოვაგე მოუმზადებია და ახალგამაჰმადიანებული ქართველი ქალები დაუპატიჟია. ქრისტიანულად მიულოცავს აღდგომა და მათაც ქრისტიანულადვე გაუციათ პასუხი - მამა-პაპათა ადათ-წესები ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ.
ეს ამბავი ლივანის ბეგს შეუტყვია და მონაზვნისთვის შეუთვლია, მანდაურობას გაეცალე, თორემ მოგკლავენო. "სიკვდილი ყველგან მომაგნებს, - უთქვამს დედას, - აქედან არსად წავალ, ამ ეკლესიას უნდა ვუპატრონოო".
რამდენიმე დღის შემდეგ მონასტერს ოსმალები დაეცნენ და მოხუცი მონაზონი მოკლეს. იმ დროს ქალებში ჯერ კიდევ ყოფილან ჩუმი ქრისტიანები. მიცვალებული მათ უგლოვიათ და მათვე დაუმარხავთ.
იმ მონაზვნის სიკვდილის შემდეგ ლივანაში აღარაფერი დარჩენილა ქრისტიანული.
* თურქებმა ხალხი რომ გაამაჰმადიანეს, მერე ეკლესიები გააუქმეს და მოსახლეობას იქით გახედვაც კი აუკრძალეს. მოსახლეობა ოსმალთა თვალის ასახვევად ასრულებდა ამ ბრძანებას, მაგრამ დღესასწაულებზე, ღამით, ბევრი მალულად მიდიოდა მახლობელ ქრისტიანულ სოფლებში და იქ ესწრებოდა წირვა-ლოცვას, ლიტანიას.
ერთ აღდგომა ღამეს ჩოლოქის განაპირა მაჰმადიანური სოფლებიდან რამდენიმე კაცი სოფელ ქაქუთის ეკლესიაში გაიპარა. ლოცვას დაესწრნენ და გათენებამდე დაბრუნდნენ შინ. თან წითელი კვერცხიც წაიღეს (იმხანად ქობულეთში სააღდგომოდ ყველგან ღებავდნენ კვერცხებს).
იმ ღამეს ქაქუთში ერთ გლეხს ცხენი დაჰკარგვოდა. ეძებნათ, მაგრამ ვერსად ეპოვათ. ბოლოს ეფიქრათ, აქ რომ სალოცავად გამაჰმადიანებული ქართველები იყვნენ, უეჭველად ისინი მოიპარავდნენო. მოძებნეს ის კაცები და ცხენი მოჰკითხეს. ღმერთი, რჯული, ჩვენ არ წამოგვიყვანია, - მიუგეს მათ, - ჩვენს იქ ყოფნას ნურავის ეტყვით, თორემ დავიღუპებითო, ეს რამდენიმე წელიწადია, საიდუმლოდ ვქართველობთ და ცუდს ნურაფერს გვიზამთო. ცხენი გამოაჩინეთ და არავის ვეტყვითო, უთხრეს გურულებმა. ბევრს ეხვეწნენ და ემუდარნენ აჭარლები, მაგრამ თავიანთ სიმართლეში ვერ დაარწმუნეს. ბოლოს ცხენის სამაგიერო ფული მისცეს და გაისტუმრეს. მაგრამ გურულები იქიდან შინ კი არ დაბრუნდნენ, ქობულეთში წავიდნენ და ცხენის ქურდობა უფროსს შეატყობინეს. ისიც უთხრეს, აღდგომას ესა და ეს ხალხი ჩვენს სოფელში იყო და ლოცულობდაო. ამის გამო ხსენებული კაცები დაიბარეს და კინაღამ თავები დასჭრეს.
ამის შემდეგ ჩუმ ქრისტიანებს ისე გაუჭირეს საქმე, რომ წინაპართა რჯულს სრულიად მოაცილეს.
* დეკანოზი რუფინუსი მოგვითხრობს: მამა აპოლონიოსი ძმებთან ერთად მღვიმეში ცხოვრობდა. ერთ აღდგომას ბერებმა ცისკრის ლოცვა აღავლინეს, სწირეს, ეზიარნენ უფლის სისხლსა და ხორცს, მერე კი ტრაპეზი გააწყვეს. რა ჰქონდათ? - მცირეოდენი დაობებული პური და ხილი. მაშინ წმინდა აპოლონიოსმა თქვა: "ჩვენ თუ რწმენა გვაქვს, როგორც ქრისტეს ერთგულ მსახურთ, დაე, თითოეულმა ჩვენგანმა ამ სასიხარულო დღისთვის ღვთისგან საჭმელი გამოითხოვოსო". ძმებმა სთხოვეს, თვითონვე ელოცა, რადგან ის ყველას აღემატებოდა ასაკით და წმინდა ცხოვრებით.
ღირსმა მამამ სულიერ ძმებთან ერთად გულმხურვალე ლოცვა აღავლინა უფლის მიმართ. დასასრულ, როცა ყველამ ერთხმად თქვა "ამინ", მღვიმის შესასვლელს ვიღაც ხალხი მიადგა და ძმებს ურიცხვი სანოვაგე მიუტანა. მათ შორის - უცხო ჯიშის ვაშლი, რომელიც ეგვიპტეში არ ხარობდა, უჩვეულოდ დიდი ყურძნის მტევნები, კაკალი, უზარმაზარი ასურული ფინიკები, რძე და თაფლი, ჯერ კიდევ თბილი თეთრი პურები. ეს ყველაფერი ბერებს გადასცეს და სასწრაფოდ უკან გაბრუნდნენ.
მამებმა მადლობა შესწირეს უფალს, დასხდნენ, იტრაპეზეს და დიდად ინუგეშეს.
უცნობებს იმდენი ნობათი მიეტანათ, რომ ბერებს სულთმოფენობამდე ეყოთ.
* მამა არსენი მღვიმელი ამბობდა: ჩვენი სულიერი წარმატების მნიშვნელოვანი ნიშანი ის არის, რომ კვირა დღეს ან დიდ დღესასწაულებზე განსაკუთრებულ მადლს ვგრძნობთ. თუ ამ დღეებში კაცი ორმაგ მადლს არ განიცდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მას რაღაც რიგზე ვერა აქვსო.
* მამა კალენიკე ისიქასტი ამბობდა: როცა კაცი თავს აიძულებს, ღვთისთვის იღვაწოს, უფალი მას ყოველ დიდ დღესასწაულზე სულიერ ჯილდოს უძღვნის, ისევე როგორც ჯარში, სადაც ოფიცრები კარგ ჯარისკაცებს დღესასწაულებზე აჯილდოებენ ხოლმეო.
* მაგრამ ვაი რომ ქართველებს აღდგომის დღესასწაულზე ორმაგი მადლისა და სიხარულის ნაცვლად ჩვენივე ცოდვების გამო ზოგჯერ ორმაგი მწუხარება მოგვიმკია...
1088 წელს, "დღესა აღვსებისასა", როცა ჟამი იყო სიხარულისა და განსვენებისა, "იძრა ქვეყანა საფუძვლითურთ", დაიქცა ქალაქები, სოფლები, ციხესიმაგრეები, ეკლესიები, სახლები... მიწისძვრა ერთ წელიწადს გაგრძელდა, შემდეგ კი შეგვიწყალა უფალმა და ნიშნად შეწყალებისა მოგვივლინა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი.
1275 წელს, ვნების კვირის ოთხშაბათს, კვლავ იძრა მიწა ჩვენი ურჯულოების სამხილებლად, მაგრამ არავინ გულისხმაყო, არავინ აღძრა წყალობად მოწყალე უფალი. და აი, დიდ შაბათს, როცა ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საშინელმა მიწისძვრამ მესხეთი მიწასთან გაასწორა. მაშინ იყო, აწყურის ტაძრის გუმბათი რომ ჩამოვარდა და ქუდივით დაეფარა ეკლესიის შუაში დასვენებულ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს.
* "როცა აღდგომის დღესასწაული დგება, - ბრძანებს მამა პაისი ათონელი, - ზოგიერთი ხმამაღლა "ქრისტე აღსდგას" გალობს, გულში კი ფიქრობს, მალე უხვ სუფრას მივუჯდებიო. ამ დროს ისინი იმ იუდეველებს ემსგავსებიან, რომელთაც, მას შემდეგ, რაც უფალმა ისინი უდაბნოში დააპურა, ქრისტეს გამეფება განიზრახეს".
* "მამა ბენედიქტეს ცხოვრება" მოგვითხრობს: ერთ მღვდელს ხილვა ჰქონდა - ზეგარდმო ხმამ უთხრა, სააღდგომოდ ყოველგვარი სანოვაგე მოგიმარაგებია, ჩემი მონა ბენედიქტე კი ჩემი სიყვარულის გამო მშიერიაო. მღვდელმა აიღო სურსათი და ღირს მამას მითითებულ ადგილას წაუღო.
* 1823 წლის აღდგომას კიევის მონასტერში ასეთი რამ მოხდა: ყრუ-მუნჯი მორჩილი მაქსიმე დიდი შაბათის საღამოს ეკლესიაში წავიდა, მაგრამ ღვთისმსახურებისას ძილი მოერია და სენაკში დაბრუნდა. ჩასთვლიმა თუ არა, თვალწინ წარმოუდგა დიდებული ქალბატონი და წირვაზე წასვლა უბრძანა. მაქსიმეს გაეღვიძა და მაშინვე ტაძრისკენ გაეშურა, მაგრამ ისევ მოერია თვლემა და ისევ სენაკში დაბრუნდა. ისევ გამოეცხადა ის ბანოვანი და კვლავ ეკლესიაში წასვლა უბრძანა. "რაც არის, არის, ბოლომდე დავრჩები, თუნდაც ჩამეძინოსო", - იფიქრა მაქსიმემ. და აი, ღვთისმშობლის ხატის წინ მდგომარეს ძილ-ღვიძილში აღდგომის საგალობელი მოესმა. უეცრად ისევ დაინახა ის დიდებული მანდილოსანი, რომელიც უბრძანებდა, სამჯერ დაემოწმებინა და ეთქვა: "ჭეშმარიტად აღსდგა!" და, - ჰოი საკვირველებავ, - აქამდე ყრუ-მუნჯს, ესმოდა კიდეც, კიდეც მეტყველებდა და ადიდებდა ყოვლის შემოქმედს.
* კიევის მღვიმის პატერიკში ასეთი ამბავია მოთხრობილი: ერთხელ, აღდგომის ორშაბათს, მამათა უხრწნელ ნაწილებთან იღუმენი ლოცულობდა. კმევა რომ დაასრულა, განსვენებულ ღირს მამებს ახარა: "ქრისტე აღსდგა!" ღვთის განგებით, გარდაცვლილმა მამებმა ხმამაღლა უპასუხეს: "ჭეშმარიტად აღსდგა".
როგორ არ გავიხსენოთ აქ ბეთანიელი მამების წმინდა იოანე მაისურაძისა და წმინდა იოანე-გიორგი მხეიძის ქრისტესმიერი სიყვარული! მამა იოანე რომ გარდაიცვალა, აღდგომას ღირსი იოანე-გიორგი მის საფლავზე გასულა და სულიერი ძმისთვის დღესასწაული მიულოცავს - "ქრისტე აღსდგაო". "ჭეშმარიტადო", - ამოუძახია მიწიდან წმინდა იოანეს.
* აღდგომამდე ცოტა ხნით ადრე ერთ მღვდელს ეპისკოპოსის წინაშე ცილი დასწამეს. მღვდელმთავარმა ის მონასტრის დილეგში დაამწყვდევინა. დიდი შაბათის მწუხრისა და კვირა დღის გასაყარზე ამ მღვდელს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ღვთის ნებით, მოგეცემა თავისუფლება, რათა შენს სოფელში მრევლთან ერთად სააღდგომო წირვა აღავლინოო. დაასრულა თუ არა სიტყვა ანგელოზმა, მღვდელს ბორკილები დასცვივდა და საპყრობილის კარი განეღო. ანგელოზი გაუძღვა მღვდელს და სოფლამდე ჩაიყვანა.
საპყრობილის მცველმა შეამჩნია, რომ პატიმარი დილეგში აღარ იყო და ეპისკოპოსს შეატყობინა. უთხრა ისიც, საპყრობილის გასაღები მე მქონდა, მღვდელი კი სასწაულებრივად გაქრაო.
ეპისკოპოსმა რაღაც იგუმანა და სოფელში კაცი გაგზავნა - ის დასჯილი მღვდელი ხომ არ წირავსო. დაუდასტურეს. მღვდელმთავარი განრისხდა და დაიფიცა, კვლავ საპყრობილეში ჩავაგდებო, მაგრამ კვირისა და ორშაბათის გასაყარზე უფლის ანგელოზმა მღვდელი დილეგში ისე დააბრუნა, რომ მცველმა ვერაფერი გაიგო. მაშინ კი იხმო ეპისკოპოსმა მღვდელი. მოძღვარმა თავი იმართლა: საპყრობილიდან ჩემი ნებით არც წავსულვარ და არც დავბრუნებულვარ, ეს მისი ნებით ჩავიდინე, ვინც თავისი ანგელოზი ორგზის გამომიგზავნაო. ჩაფიქრდა მღვდელმთავარი, მკაცრად გამოიძია და საპყრობილის კარის გამღები ვერავინ იპოვა. მაშინ კი მიხვდა, რომ მოძღვრისთვის ცილი დაეწამებინათ. ცილისმწამებლები დასაჯა, მღვდელს კი მსახურების უფლება დაუბრუნა.
* წმინდა სერაფიმე საროველი მნახველებს "ქრისტე აღსდგათი" ესალმებოდა, რადგან აღდგომის სიხარული მუდამ ტრიალებდა მის სულში. ასევე იქცეოდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), რომელსაც ზოგიერთი თანამედროვე სიცოცხლის მიწურულს შეშლილობას სწამებდა. გრიგოლ რობაქიძე იხსენებს: "გავხდი მოწამე პირველი ნიშნის მისი "შეშლისა". ბაგრატის ტაძრის ნანგრევ მაღალ კედელზე პატარა სალოცავი იყო მიშენებული. სწავლის დაწყების წინ იქ ვიხდიდით მოკლე წირვას. გაბრიელი ყოველთვის ესწრებოდა. გათავდებოდა წირვა - ამბიონიდგან ჯვარგარდასახვით გვლოცავდა. ერთხელ, როცა დრო არ იყო ამისი, უეცრად გადმოგვძახა: "ქრისტე აღსდგა!" "შეიშალა!" - გავრცელდა შემზარავი ხმა (ახლა, მრავალ წელთა შემდგომ, ეს "შეშლა" არ მიმაჩნია შეშლად კლინიკის განსაზღვრით. ჩემი ღრმა რწმენა: გაბრიელი ამ სოფლიდანვე გადავიდა სამარადისოში, საცა ყოფა ევკლიდის გონით არ განიზომება)".