თავი VI. "გაეცი სისხლი და მიიღე სული"
გაგრძელება
მთაწმინდაზე ჩვენ რძე არ გვქონდა. თუ უეცრად შედედებული რძე ჩაგვივარდებოდა ხელთ, გავხსნიდით, წყალში გავაზავებდით
- ეს ჩვენთვის ნადიმი იყო. თუმცა ის რძეს მხოლოდ ფერით მოგაგონებდათ. საერთოდ, ნამდვილი რძის შოვნა მაშინ ჭირდა, რადგან ცხვარი გადამალული ჰყავდათ პარტიზანთა თვალთაგან. ერთხელ შევიტყვეთ, რომ 1000 მ სიმაღლეზე, პოლიციის პოსტის ახლოს, წმინდა პავლეს მონასტერთან, ცხვრის ფარა ძოვდა. ბერდიდმა მამა ათანასეს სთხოვა: - წადი და ცოტაოდენი რძე მოიტანე. ავადუღოთ და შიგ პური ჩავალბოთ, ისე, როგორც ბავშვობაში ვიცოდით ხოლმეო. გაგრძელება
- წავალ, მამაო.
- აიღე ბიდონი, ფული და ხვალ საჭმელს არ მოვამზადებთ. რძეს დაველოდებით, პური ჩავალბოთ, კოვზები ავიღოთ და ერთად ვიტრაპეზოთ.
წავიდა საწყალი მამა ათანასე. მაგრამ განა შეეძლო დროულად დაბრუნება? რამდენ ხანსაც ფრინავდა ყვავი, ვიდრე ნოესთან წარღვნის შეწყვეტის ამბით დაბრუნდებოდა, იმდენ ხანს დადიოდა მამა ათანასეც. უღელტეხილს რომ მიაღწია, გულისთქმებმა შეიპყრო: - მარტო რძით ხომ არ დავბრუნდები? წავალ და ყარაყალიდან პომიდორსაც წამოვიღებო. ყარაყალამდე უღელტეხილი უნდა გადაევლო: ეს კი ოთხი-ხუთი საათის სავალი იყო. აიღო ყარაყალაში პომიდორი და შეიტყო, რომ მონოქსილიტში (ადგილია ათონზე) რთველი ჰქონდათ. "ახლა იქ წავალ. მაგრამ პომიდორს იქ ხომ არ წავიღებ. მონოქსილიტიდან ყარაყალამდე ათი საათის სავალი იყო. პომიდვრები ბიდონში ჩააწყო და ხის ტოტებში დამალა, რომ უკანა გზაზე აეღო. რძის მოსატანად წამოვიდა და ახლა ყურძნისთვის მიდის. მოაგროვა იქ ყურძენი და პომიდვრისთვის დაბრუნდა, მაგრამ დამპალი დახვდა, წვენი გამოსვლოდათ. უცნაური კაცი იყო მამა ათანასე! ყურძენი დაფნაში დატოვა და კვლავ ყარაყალაში წავიდა: კიდევ ათი საათის სავალზე.
ამასობაში ბერდიდი გზას გასცქეროდა - რომელი ბილიკით დაბრუნდებაო. ბერდიდმა თქვა: - დაიკარგა მამა ათანასე. ის ასე უბრალოდ აღარ დაბრუნდება. მას ალბათ სძულს პომიდორსა და ყურძენზე გულისთქმა. რძე არ დავლიოთ? პატარავ, შენ ხომ არ წახვალ?
- წავალ, მამაო, მაკურთხე.
- მისმინე, ღამისთევის ლოცვებს ცოტათი შევამცირებთ; შენ ექვს საათზე (ბიზანტიური დროით) დაწექი და მე გაგაღვიძებ, მე არ დავიძინებ. რვა საათზე აგაყენებ, დავუმატოთ სამი საათის გზა და თერთმეტ საათზე იქნები იქ.
მე გვერდი უნდა ამევლო წმინდა ანას სკიტისთვის, ახალი სკიტისთვის, წმინდა პავლეს მონასტრისთვის და მერე ზემოთ ავსულიყავი ათასი მეტრის სიმაღლეზე. ღამე უნდა ავმდგარიყავი. ღამისთევით ვილოცე, კანონი შევასრულე. გავიგონე, რომ ბერდიდმა მითხრა: "დაიძინე, შვილო, და მე გაგაღვიძებ". სიზმარში ვნახე, რომ ეშმაკები დამესხნენ თავს, რათა მორჩილების აღსასრულებლად არ წავსულიყავი. მაგრამ ვუპასუხე, - არაფერი გამოგივათ, ეშმაკებო-მეთქი. ბერდიდმა გამაღვიძა რვას რომ თხუთმეტი წუთი აკლდა. მაშინვე წამოვხტი.
- მაკურთხე, მამაო, მივდივარ.
ბერდიდს ეშმაკის თავდასხმებზე არაფერი ვუთხარი, - არ იფიქროს, წასვლა არ უნდაო. ზურგზე თოფრა მოვიკიდე, რძის ბიდონი ავიღე.
- ეს თოფრაც წაიღე, - მითხრა ბერდიდმა, - როცა წმინდა პავლეს მონასტერს ჩაუვლი, იქიდან ბოსტნეულს გამოიყოლებ.
მოვიკიდე ბიდონ-თოფრები, მოძღვარმაც მაკურთხა, ავიღე ფარანი და გზას გავუდექი. ჩავუარე წმინდა ანას სკიტს, ახალ სკიტს, წმინდა პავლეს მონასტერს. ჯერ კიდევ ღამე იყო. აღმართს შევუდექი. ტურებმა მოირბინეს და პატარა ბავშვებივით კივილი მორთეს. მათ მონასტრის ზარების ხმა მოესმათ და აყმუვლდნენ. მათი ასეთი ყმუილი პირველად გავიგონე. ღამეა, უდაბნო. მომეჩვენა, რომ ირგვლივ მგლები იყვნენ. გალობა დავიწყე. ისინი თავისას ყმუოდნენ, მე ჩემსას ვგალობდი - საოცარი კონცერტი გამოგვივიდა. მარტო ვიყავი სკვნილითა და ფარნით.
გათენებისას მივაღწიე ფარეხს. ჩემკენ ორი ძაღლი გამოქანდა! დედაო ღვთისავ! შემჭამენ, თავს ვერ დავაღწევ-მეთქი, - გავიფიქრე. თოფრა მოვიფარე. ვყვირი, ყვირის მწყემსიც, ძაღლები შეჩერდნენ.
- რას შვრები, შვილო, ჩემო პატარა მონაზონო, ასეთ დროს აქ როგორ მოხვდი?
ბერდიდმა მიბრძანა, რომ არაფერი მეთქვა ამ სიტყვების გარდა: - რძისთვის მოვედი. ბიდონში ჩამისხით. რა ღირს?!
- შემოდი ჩვენთან, რაიმე შეჭამე.
- ჩამისხით რძე და წავალ. რა ღირს?
- მოიცადე, მოვწველი.
მივჯექი კალივასთან. ის ფარეხში შევიდა, რძე მოიტანა და დასალევად მაძლევს. არ ვსვამ.
- დალიე, ყმაწვილო.
- კურთხევა არა მაქვს.
დილიდან მშიერი ვიყავი.
- რა ღირს?
- ამდენი.
- მე წავალ.
მან რძე მომცა - საფასური გადავუხადე. ბიდონი თოფრაში ჩავდგი და წმინდა პავლეს მონასტერში მებაღესთან წავედი. ბიდონი ამოვიღე თოფრიდან, მან შიგ კარტოფილი, ბადრიჯანი, პომიდორი ჩამიწყო. მებაღემ, მამა დანიელმა, თოფრა სურსათით ამივსო.
- ამას როგორ მიიტან მოძღვრამდე?
- ბერდიდის ლოცვით, მივიტან. თუ კიდევ გაქვს რამე, ზემოდან დააწყვე. ჩვენ იქ, მამაო, არაფერი გვაქვს.
- მაგრამ როგორ მიიტან? ამას მეც ვერ შევძლებდი.
მამა დანიელი ძალიან მაღალი იყო, მე კი ჩია, დალეული.
- ჩვენთან მხოლოდ ბუჩქები ხარობს. კიდევ რაიმე დაამატე და ბერდიდს წავუღებ.
დამტვირთა და ახლა სიბრალულით მიცქერდა. ბარგი ავიღე და გზას გავუდექი. საიდან ვიცოდი, რომ ძალები მეყოფოდა ყველაფერ ამის ზემოთ ასატანად? ცალი ხელით ბიდონს მივათრევდი, მეორით თოფრაკით ბოსტნეულს. რძე ისე ტყაპუნობდა, ალბათ კარაქი შეიდღვიბებოდა. "არა, ვერ მივაღწევ!" - დავიკვნესე. და იცით, რა ქნა სახიერმა ღმერთმა ჩემი ბერდიდის ლოცვით? როგორც კი წმინდა პავლეს მონასტრიდან ახალი სკიტისკენ დავეშვი, თითქოს ჩემს შესახვედრად, მამა ილია გამოვიდა მამა არტემის საძმოდან.
- ეფრემ, აქ საიდან მოხვდი?
საბედნიეროდ, ბიდონი გამომართვა. მას თავისი ტვირთი ჰქონდა, მაგრამ ჩემზე დიდი და ძლიერი ყმაწვილი იყო. გზას გავუდექით. ჩავუარეთ ახალ სკიტს, დავეშვით წმინდა ანასკენ. მას თავისი ბერდიდისკენ უნდა გადაეხვია, მე კი უდაბნოში წავსულიყავი. ახლა რა უნდა მექნა? ჩვენ ზღვასთან ვიყავით.
- ოჰ, ეფრემ, ამხელა ბარგს როგორ წაათრევ?
- მომეცი აქ ყველაფერი.
ავიღე ბიდონი. მაგრამ აღმართზე როგორ ავიდე? იქ რძისთვის სამი საათი მივდიოდი, უკან კი შეუსვენებლად ხუთი საათი მოვუნდი. შევუდექი მთაზე გამოჭრილ საფეხურებს. მეგონა, ცოცხალი ვერ ავაღწევდი.
ბოლოს, თვითონაც არ ვიცი, როგორ, ყველაფერი ზემოთ ავათრიე. ბერდიდისთვის ჩარდახი გვქონდა მოწყობილი მზისგან დასაცავად, რადგან ბუჩქს საერთოდ არ ჰქონდა ჩრდილი. ბერდიდი მის ქვეშ ხელსაქმობდა, ჩვენც, იქვე, მის გვერდით ვტრაპეზობდით ხოლმე. მივუახლოვდი და მის წინ დავენარცხე.
- ჩემო მამაო...
- მოაღწიე?
- მოვაღწიე ცოცხალმკვდარმა, აი, მამაო, ჩაიბარე.
- წადი, დაისვენე, ამას მე მივხედავ.
იქ იყო მამა დანიელის მოცემული პომიდორი, ბადრიჯანი, ნესვი. ძირს დავვარდი. აღარ მახსოვს, როდის გამეღვიძა. ისიც კი არ მახსოვს, რძეს რა დაემართა...
მამა ათანასე ერთი კვირის მერე დაბრუნდა. ქვემოდან დაიყვირა: "მამა არსენ!" ბერდიდმა: "ჰო, ცოცხალი ყოფილა მამა ათანასე! დიდება ღმერთს! ჩადით მასთან! ვინ იცის, რა მოგვიტანა". ჩავედით. როცა მონასტერში შეიტყობდნენ, რომ მათთან ბერდიდ იოსების მონაზონი მივიდა, ხალისით ყველაფერს ბევრს აძლევდნენ, ვინაიდან ბერდიდი ცნობილი მოღვაწე იყო. ზოგჯერ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელსაც აძლევდნენ. მაგრამ მამა ათანასეს მოტანილი ყველაფერი დამპალიყო და ფაფად ქცეულიყო - ყურძენი, ორცხობილა, ზეთისხილი. პომიდორს ერთი კვირა, წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა! რაც არ უნდა დამართვნოდათ, ჩვენ ისინი ამოვიტანეთ.
მამა ათანასე მიუახლოვდა ბერდიდს, სელაპივით ქშენდა. ბერდიდი, გამოცდილი ფსიქოლოგი, მას თბილად შეხვდა. მან იცოდა, რომ დაღლილ ადამიანს უჭირს საყვედურის დათმენა.
- მამა ათანასე, რა ხდება, რა შეგემთხვა?
- რა შემემთხვა? გულისთქმები შემემთხვა.
- რა გულისთქმები?
- როგორც კი მივაღწიე იქამდე, დავიღალე და დასაძინებლად წამოვწექი. გულისთქმამ მითხრა:P"მათ რძე რად უნდათ? წადი პომიდვრისთვის". რა უნდა მექნა?
- კარგი, მამა ათანასე, თავგადასავლებიც საჭიროა.
- ათასი ბოდიში მომიხდია!
ბერდიდმა ის დაამშვიდა, იგი ალბათ ფიქრობდა: "რაც არ უნდა იყოს, ადამიანმა იშრომა, თუ კიდევ დავემდურები, ნამეტანი იქნება".
ამიტომაც თქვა ბერდიდმა, რომ მამა ათანასე ყარაყალიდან პომიდვრის წამოღების გულისთქმებმა გზას ააცდინა და მერე რთველში წავაო. ასეც მოხდა. აი, როგორი მოძღვარი გვყავდა! შეიძლება ითქვას, რომ ის ბოლო წმინდანი იყო მთაწმინდაზე.
მამა ათანასე საქმეებზე დარბოდა და მამები მშვიდად იყვნენ.
მამა ათანასეს გულისთქმები შეაწუხებდა - ბერდიდი ამხნევებდა: - მიდი, მამა ათანასე, მომართე შენი ვიოლინი. ცხვირს ნუ ჩამოუშვებ! ხმას აუწიეო.