სიტყვა ბოროტ სულთა მოქმედებაზე
წმინდა მაქსიმე კავსოკალიველი ეუბნებოდა ღირს გრიგოლ სინელს:
"როცა ხიბლის ბოროტი სული მიუახლოვდება ადამიანს, აუფორიაქებს და დაუბნელებს გონებას, გაუქვავებს და დაუშინებს გულს, აღუძრავს სიმფრთხალეს, შიშს, სასოწარკვეთასა და ქედმაღლობას. თვალებს აიძულებს, შიშით აქეთ-იქით იცქირებოდეს, გონებას შეაძრწუნებს, მთელ სხეულს აათრთოლებს. თვალებს წარმოუდგენს წარმოსახვით ნათელს, არა მბრწყინავს, არამედ წითელს, გონებას ეშმაკეულს ხდის, აიძულებს, უწესო და მგმობელი სიტყვები წარმოთქვას. ვისაც ეს ხიბლის სული აქვს, მრისხანებს და მძვინვარებს, არ იცის თავმდაბლობა, არც ჭეშმარიტი ცრემლი, არც ნამდვილი სინანული, თავს იქებს თავისი მიღწევებით, სხვებისგან ითხოვს პატივსა და დიდებას, ჩაფლულია თავის ვნებებში, სიშლეგეში მყოფი, ჭკუიდანაც შეირყევა და საბოლოოდ იღუპება".
ღირსმა ნიკოდიმოს მთაწმინდელმა ბოროტ სულთა უამრავი თავდასხმა დაითმინა, უშუალოდ ეშმაკის მოქმედებით იყო ეს თუ კაცთა მზაკვრობა. აი, როგორ აღწერს მისი ბიოგრაფი მღვდელმონაზონი ექვთიმე ეშმაკის შემოტევებს, რომელთა მიზანიც იყო აეფორიაქებინათ და დაეშინებინათ ღირსი ნიკოდიმოსი: "მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ მან ამ ყველაფერს მიაღწია ხილული და უხილავი მტრების შურისა და მათ მიერ მოწეული განსაცდელების გარეშე. დავივიწყოთ ხილული მტრები. მათ, ვინც რაიმე ზიანი მიაყენა, წყალობა ჰქონდეთ ღვთისა, ასე იქცეოდა გარდაცვლილი ბერდიდი. ღირსსახსოვარი ნიკოდიმოსი, როცა მოვიდა, იმდენად მშიშარა იყო, რომ კელიაში, სადაც დასაძინებლად შეგვყავდა, კარებს ღიას ტოვებდა, რათა ადამიანების სიახლოვით თავი ენუგეშებინა, მაშინ მას ასე ეჩვენებოდა. მაგრამ მას მერე, რაც მდუმარებაში განმარტოვდა, ისეთი სიმამაცე შეიძინა, რომ, როცა დემონები სარკმლის იქიდან რაღაცას ეჩურჩულებოდნენ, ის წერას განაგრძობდა და არასოდეს ეშინოდა, ზოგჯერ იცინოდა კიდეც მათ ხრიკებზე. სკიროპულოსზე (უდაბნო და უწყლო კუნძულია ეგეოსის ზღვაში, სადაც უკიდურესი მყუდროებისთვის ერთი წელი მოღვაწეობდა ღირსი ნიკოდიმოსი თავის მოძღვართან ერთად), როცა ის ღამით მარტო იყო, ეშმაკებმა ჩურჩულის მერე ისეთი გრიალი ატეხეს, რომ მას ეგონა, კელიის გარეთა კედელი გადმოინგრაო. თუმცა დილით სრულიად უვნებელი დახვდა. აქ, კალივებშიც, სადაც ის ცხოვრობდა, ისე შეაწუხეს ჩურჩულით, რომ სცადა კიდეც გაერკვია, რას ამბობდნენ, მაგრამ ვერაფერი შეიტყო. მხოლოდ ერთხელ გაიგონა: "ეს მჯღაბნელიო". ზოგჯერ კელიის კარებზე უკაკუნებდნენ და ყოველთვის მხოლოდ ორჯერ. 34-ე ფსალმუნის განმარტებისას, როცა მივიდა ადგილზე - "იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოზმან უფლისამან დევნეს იგინი" (ფს. 34,6), ისეთი გრუხუნი ატეხეს, რომ მამა ნიკოდიმოსს ეგონა, თითქოს კელიას ლაშქარმა ჩაუარა და ქვის გალავანი გადმოინგრა".
1925 წელს დიონისიატის მონასტერში ერთი ეშმაკეული მოვიდა. მწუხრის მერე ის თავის სენაკში იყო. უეცრად ხმამაღლა სიმღერა და გაშმაგებული ცეკვა დაიწყო, არაქათის გამოცლამდე დაბრახუნობდა. ძმები და მამები იძულებულნი გახდნენ, დასამშვიდებლად ხელ-ფეხი შეეკრათ, მაგრამ თოკები ისე დაწყვიტა, თითქოს ძაფი ყოფილიყო. ამის მერე ერთმა გამოცდილმა ძმამ ის ახალი თოკით შეკრა. ამ მომენტში მასში ჩასახლებულმა დემონმა დაიყვირა: "შემკარი, ბერო, და ნახავ, რა დაემართება შენს თოკებს". მართლაც, ორი საათის მერე ეშაკეული თავისუფალი იხილეს, თოკები კი ბაღში ეყარა.
ერთხელ ასეთი როკვისაგან დაუძლურებულს მამა ბესარიონმა მას დოქით ნაკურთხი წყალი მოუტანა: - მოდი, იანიკ, შვილო, ცივი წყალი დალიეო.
ის ცეკვის მერე მძიმედ სუნთქავდა და ხარბად დაეწაფა წყალს. პირველი ყლუპის მერე მან, როგორც თვითონ ამბობდა, ყელში წვა იგრძნო.
- თფუ, თფუ!.. შენ მომწვი, მონაზონო, შენ მომწვი, - თქვა და წყალი გადმოაფურთხა.
ყველანი განცვიფრებულნი დარჩნენ მადლის მოქმედებით, რომელიც ნაკურთხ წყალში ძევს. ამის მერე მას ჩვეულებრივი წყალი მისცეს. ხარბად შესვა... მთელი თვე უკითხავდნენ მას შეფუცვის ლოცვებს და როცა უკეთ გახდა, წავიდა.
ერთხელ მას ჰკითხეს: - რისი გეშინია ყველაზე მეტად - ნაკურთხი წყლის, ანტიდორის თუ წმინდა ძღვენისო.
დემონმა უპასუხა: - თქვენ თუ შეინახავდით თქვენში იმას, რითიც ეკლესიაში ეზიარებდით, მაშინ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეძლებდა თქვენს დაზიანებას.
- იანის, ასე რატომ გეშინია საღვთო ზიარების?
- იანისს თავი დაანებე, ნურაფერს ეკითხები, მარტო მე მისმინე, - იყო პასუხი, - ზღვაში ერთი ჩაყურყუმალების ნება მომეცით და მაშინვე ათენში აღმოვჩნდები!
ივერთა მონასტრის წმინდა ნათლისმცემლის სკიტის მორჩილი, წმინდა იოსების კელიელი, თუმცა ხშირად ეზიარებოდა, მაგრამ ეშმაკი მაინც ეცხადებოდა. ის თავისი კელიის სარკმლიდან ხშირად ხედავდა ველურ კატას, რომელიც მზად იყო მას სცემოდა. იგი ხვდებოდა, რომ ეს ეშმაკის საცდური იყო. მამებმა ჰკითხეს: შესაძლოა, წმინდად არ ამბობ აღსარებასო. მართლაც, განკითხვის შიშით ვერ უმხელდა მოძღვარს, რომ თავის სოფელში უნებურად კაცი მოკლა. როგორც კი ცოდვა აღიარა, ეშმაკის საცდურიც შეწყდა.
როცა ღირსი სილუან ათონელი სულიერ მოღვაწეობას შეუდგა, ერთხელ მისი კელია უჩვეულო სინათლით აივსო. ეს ნათელი მოსაგრეში გადიოდა ისე, რომ შეეძლო, დაენახა, მკერდში რა ჰქონდა. გულისთქმამ უთხრა: "მიიღე მადლი ესე". თუმცა სული შფოთავდა, გონება ვერ გარკვეულიყო, სულის შემუსვრა გაქრა, ლოცვის დროს სიცილი მოუნდა. მან შუბლზე მუშტი დაირტყა. სიცილმა გაუარა, მაგრამ მონანული სული და შემუსვრილება არ დაბრუნებია. მიხვდა, რომ ეს ხილვა ღვთისაგან არ იყო. მალე ღირს მამას ბოროტი სულები გამოეცხადნენ, რომელთაც ის თავისი უბრალოებით, "როგორც ადამიანებს", ისე ესაუბრებოდა. ისინი მას ხან ეუბნებოდნენ, უკვე წმინდანი ხარო, ხანაც - ვერ ცხონდებიო. როცა მან ჰკითხა: განსხვავებულს და ერთმანეთის საწინააღმდეგოს რატომ ამბობთო, მიუგეს, - ჩვენ სიმართლეს არასოდეს ვამბობთო.
ახალბედა მონაზონს ბერდიდმა უთხრა: - სატანას ერთი მიზანი აქვს: შენი ბუდიდან (ანუ საძმოდან) ამოგაფრინოს. როცა ამას მაიღწევს, ყველაფერი გაუადვილდება. დაე, არასოდეს გაგიგრილდეს სიყვარული და რწმენა შენი მოძღვრის მიმართ, თორემ გზაში დასუსტდები და ჩაიჩოქებ. ყოველთვის ორი დევიზი გქონდეს: "შემინდეთ" - როცა გამხილებენ და "მაკურთხეთ" - როცა რაღაცის გაკეთებას გიბრძანებენ. ბრძანების გამცემი პასუხისმგებლობას იღებს, შენ კი ხარ უზრუნველად და მშვიდად, გონიერ მორჩილებაში.
ასკეტი ნიკოდიმოს კავსოკალიველი (1807-1867) დიდი მოსაგრე იყო. ის მხოლოდ ხმელა პურს ჭამდა და ბოსტნეულსაც კი არ იგებდა. შურიანი ეშმაკი უამრავ ხაფანგს უგებდა, სხვადასხვა ხილვებს უჩვენებდა და აშინებდა. თუმცა მოსაგრე განსაცდელიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, ვინაიდან გამოცდილი სულიერი მოძღვარი ხელმძღვანელობდა. ერთხელ თავის კელიაში იჯდა, რომელიც თოვლის გამო სკიტს იყო მოწყვეტილი. ორცხობილა გაუთავდა და დიდხანს მშიერი იყო. გამოეცხადა ბოროტი სული წმინდა სამების სახით და უთხრა: "მე ვარ წმინდა სამება, თაყვანი მეცი და აღივსები სიხარულითა და მხიარულებით". უეცრად წინ გაეშალა ნუგბარით სავსე სუფრა და ასკეტს მადა აღეძრა. ქრისტეს მხედარი ნიკოდიმოსი ძირს დაემხო და უფალს სთხოვა, აეცილებინა მისთვის ეს განსაცდელი.
კავსოკალივის სკიტში ცხოვრობდა ერთი ძალზე სათნო ასკეტი. ერთხელ კელიის კარზე დაუკაკუნეს. გამოეცხადა მონაზვნის სქემით შემოსილი უცნობი, მხარზე ორცხობილებით სავსე თოფრა ჰქონდა მოგდებული. ვინ ხარო, - ჰკითხა მას ღვთისმოშიშმა ბერმა. წმინდა ანას სკიტის მოძღვარი ვარო, - მიუგო მან. თუ მონაზონი ხარ და თანაც მოძღვარი, მეტანია გააკეთეო. ამ სიტყვების გაგონებაზე ბოროტი სული უხილავი შეიქნა და ირგვლივ ისეთი სიმყრალე დატოვა, რომ სამი დღე არ გამქრალა. აქვე უნდა ითქვას, რომ ბოროტი სულები მუხლს არ იდრეკენ და არ ეთაყვანებიან ღმერთს.
ერთმა ბერდიდმა თქვა: მონაზონი თევზს ჰგავს. შეუძლია სოფლიდან გაქცევა, ისე როგორც თევზი გაურბის სატყუარას, რომელშიც სიკვდილისმომტანი კაუჭია ჩამალულიო.
თქვა ბერდიდმა: ეშმაკი არავის არაფრად აგდებს, არც მღვდელს, არც მეუფეს, არც პატრიარქს.
მოსაგრე გაბრიელ კარულელი ჰყვებოდა წმინდა ანელ მამა მაკარიზე: ერთხელაც ეთიოპის სახით ეშმაკი ცდილობდა, რაღაც აღვირი გადაეცვა მისთვის. მამა გაბრიელს მასთან ბრძოლამ მოუწია.
ერთხელ წმინდა ანელმა მამა მაკარიმ მართლმადიდებელ მომლოცველებთან ერთად პატრა მოინახულა. იქ ცხოვრობდა ერთი არაწმინდა სულით შეპყრობილი დედაკაცი, სახელად მარიამი. ვიდრე ბერდიდი პატრაში მივიდოდა, დემონმა მარიამის ხმით იყვირა: - მოდის ეს ზანგი შავმთელიო. გაშმაგებული ქალი მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა მამა მაკარის ნათქვამი გაიგონა: - მე აქ მოვედი, რათა ჩემი მოძღვრისა და მთაწმინდის წმინდა მამათა ლოცვა და თაყვანისცემა გადმოგცეთო.