მოძღვარი მამა დოსითეოსი. კალდორაშანში ათი წელი იცხოვრა მამა დოსითეოსმა და მერე მოისურვა ათონზე წასვლა, უფრო მეტი მყუდროებისა და სინანულის ნაყოფთა შეძენისათვის.
თავიდან მოძღვარ მამა ლეონტისთან ცხოვრობდა ლაკის სკიტში, ექვსი წლის მერე კავსოკალივის სკიტში გადავიდა, ამის მერე კი წმინდა ნილოს მირონმდინარის განმარტოებულ მღვიმეში დამკვიდრდა.
მამა დოსითეოსი სულიერი კაცი იყო; მისი სიტყვა მისივე საკუთარი გამოცდილებისგან ავსებული იყო განსჯითა და სითბოთი. გონება-გულისმიერ ლოცვაზე სწორი ცოდნა ჰქონდა შეძენილი, განსაკუთრებით მისი მოძღვრის ბერდიდ ილარიონ ქართველის საუბრებიდან.
მამა პანტელეიმონის ჩანაწერებიდან. ამბობდა ბერდიდი მამა დოსითეოსი:
* რა სათნოებებიც არ უნდა აღასრულოს კაცმა, სულზე ზრუნვა ყველაზე აღმატებულია. წერენ წმინდა მამები: თუ კაცი არ გამტკიცდება თავის გულისთქმაში, რომ უკვე სამი წლის მკვდარია და დამარხულია, - იგი ვერ შეძლებს სათნოებათა გამოსწორებას. თუ არ ეხსომება სიკვდილი, ვერც დასაბამს დაუდებს და ვერც ბოლოს მისწვდება. სათნოებათა დასაწყისი - ყოველგვარი მატერიალურის უარყოფაა, - ამის მერე შეიძლება სათნოებათა გამოსწორება - ეს პირველი ზღურბლია, რომელსაც ვერ ასცდები.
* ვინც დიდსულოვნად დაითმენს მოწეულ განსაცდელს, ის სათნო არის ღვთისა - უფრო მეტად, ვიდრე ის, ვინც უდიდეს სათნოებებს აღასრულებს. როცა განსაცდელი შეგემთხვევა, უნდა ილოცო, თავდაპირველად მოთმინების მონიჭებაზე, რომ უფალი შეგეწიოს მოთმინებაში, მეორედ - მადლობდე მას, რომ განსაცდელის მიერ ის ჩვენს ცხონებას აღაშენებს, ამასთან ილოცეთ, რომ სულიერი ზღვევის გარეშე გაუძლოთ განსაცდელის ჟამს. კაცის ცხონება სხვანაირად არ აღშენდება, თუ არა განსაცდელის დათმენით, ამიტომაც ვინც უარს ამბობს განსაცდელზე, ის თავის თავს ცხონებისგან განაშორებს და ამასთან გამოუცდელი რჩება. ვინც მადლობით დაითმენს, იგი ადვილად და თავისუფლად გამოივლის განსაცდელს და გამოცდილი გახდება.
* კაცმა, როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს, სასო არ უნდა წარიკვეთოს, ვინაიდან უდიდესი სასოება გვაქვს ქრისტეს ვნებების - მის მიერ ჩვენთვის დაღვრილი სისხლისა. წმინდა მამები წერენ: თუ კაცი სათნოებებით ზეცამდე ამაღლდება, უნდა ილოცოს ცოდვებზე, ანუ თავის უამრავ ცოდვათა მიტევებაზე. უფალმა დაუშვა, რომ ყველა წმინდა მამა, თვით ყველაზე დიდებულიც კი, რაიმე შეცოდებაში ჩავარდნილიყო, რათა მდაბალი გულისთქმები ჰქონოდათ და არ ამაღლებულიყვნენ თავიანთი სათნოებებით. წმინდა ისააკ ასური წერს: "თუ სასწაულმოქმედი ხარ და მკვდრებს აღადგენ - ცოდვათა მიტევებისთვის ილოცე!"
* მამები გვეუბნებიან, რომ ამ სოფელში სიმშვიდე არ ვისურვოთ, არამედ შევიყვაროთ შრომა, ოფლისღვრა, განსაცდელი, შეურაცხყოფა, ვინაიდან ჩვენთვის მომავალ საუკუნეშია გამზადებული სიხარული - საუკუნო ღმერთისმიერი მხიარულება. როცა კაცი განსაცდელში ხარობს, მაშინ შეიცნობს ის თავის წარმატებას.
* წმინდა მოციქულებმა, წმინდა მოწამეებმა და ყველა ღირსმა მამამ განსაცდელებით გამოიარა ეს ცხოვრება და განიწმინდა. მეფე სავორმა დაუნდობლად აწამა თავისი ვაჟი. როცა ტყავს აძრობდნენ, მან წამოიძახა: "რაოდენ ტკბილია ქრისტესთვის ვნება!" დიდებულები, მეფეთა ძენი და ასულნი, თვით მეფეებიც კი დაუტევებდნენ ყველაფერს, უკიდურეს სიღარიბეში იმყოფებოდნენ და დაითმენდნენ სხვადასხვანაირ განსაცდელებს და ამით ისინი წმინდანები ხდებოდნენ, მაგალითად, იოსებ უფლისწული, არსენი დიდი და მრავალი სხვა.
* საეკლესიო კანონთა დამცველი მარტო ამით არ უნდა შემოიზღუდოს, არამედ მუდივად გონებისმიერ ლოცვაში უნდა იმყოფებოდეს, თორემ კანონებით შეგროვილი ყურადღება მერე იკარგება და არანაირი ნაყოფი არ რჩება.
* ვისაც სიყვარულით აქვს ღვთის ხსოვნა, მას ღმერთი მოიხსენებს. ჩვენი ყველანაირი საზრუნავი, რაზეც არ უნდა იყოს, აქვე რჩება, ლოცვა კი მიეკვრება სულს და გაჰყვება იმ ქვეყანაში. თუ კაცი საკუთარი ნებითა და ძალდატანებით შეუდგება სულის ცხონებისთვის რაიმე ღვაწლს, მაშინ ყველაფერი მსუბუქად (ადვილად) კეთდება.
* ვინც მოინახულებს ქრისტეს სიყვარულისთვის მოღვაწე და მშრომელ მამებს და ანუგეშებს მათ, ის დიდ საზღაურს მიიღებს ღვთისგან.
სხვა მეტი არაფერი არ არის ცნობილი მამა დოსითეოსზე. თუ მან ღვთისგან შეწყალება მოიპოვა, მაშინ ის მოგვიხსენიებს ჩვენ, როგორც ჩვენ მოვიხსენიეთ იგი და მცირეოდენი რამ დავწერეთ მასზე, საერთო სარგებლობისთვის.
ბერდიდი მამა გედეონი. მამა გედეონი 1832 წელს ჩამოვიდა ათონზე და ორი წელიწადი რუსიკში იცხოვრა. მერე კავსოკალივის სკიტში გადავიდა მამა დიონისესთან და მასთან ოცი წელი იცხოვრა. ეს მამა დიონისე ადრე მამა ტიმოთესთან ცხოვრობდა, რომელსაც შვიდი მოწაფიდან ოთხი ჰყავდა ჩაწერილი. ბერძენთა აჯანყების დროს მამა ტიმოთეს მოწაფეები მიმოიფანტნენ და დიონისე მოძღვრის კელიაში ცხოვრებას ფიქრობდა, მაგრამ ლავრამ ნება არ მისცა, რადგან ის არ იყო ჩაწერილი ომოლოგიაში (მონაზვნების, სკიტების, კელიების და სხვათა ნუსხაა), ამიტომაც მის გარეშე დარჩა ღირსი აკაკის კელიაში, მის მღვიმესთან ახლოს ცხოვრობდა ავადმყოფი მამა, რომელთანაც მივიდა დიონისე, მან ჩაწერა იგი და ორი წლის მერე მოკვდა.
ბერძენთა აჯანყების დროს სკიტში რამდენიმე მამა დარჩა. მოძღვარი მამა ნეოფიტე კარამანლისი სკიტის გარეთ ცხოვრობდა, ღირსი ნიფონტის მღვიმეში. მან ურჩია მამებს, ხორბალი დაეთესათ. უცნაური განგებულებით კარიესში ოცი ოკა მამა დიონისემ საკუთარი ზურგით მოიტანა. მამებმა დათესეს და ყოველ შემოდგომაზე წლის სამყოფ მოსავალს იწევდნენ. ეს არეულობის ჩაცხრომამდე გაგრძელდა. ამის მერე კი მამებს ხორბლის მოსავალი აღარ ჰქონიათ, სოფლიდან ნავებით მოჰქონდათ. მამები ბერძენთა აჯანყების წლებში მოწამებრივად ცხოვრობდნენ და დევნა-შევიწროებას დაითმენდნენ თურქებისა და მეკობრეებისგან. მაგალითად, ერთხელ, დიდ პარასკევს, ავაზაკები მოვიდნენ სკიტში და იცოდნენ რა ღვთისმსახურების განრიგი, ის, რომ ახლა ჟამნები უნდა ჩამოელოცათ, ზარი დარეკეს, იმ იმედით, რომ მამებს შეკრებდნენ და შეიპყრობდნენ. მამებმა იწყეს შეკრება, ავაზაკები ეცნენ მათ და სამი შეიპყრეს, მათ შორის მამა დიონისეც, დანარჩენები კი გაიქცნენ. ავაზაკები მათგან ფულს ითხოვდნენ და რადგანაც მათ არაფერი ჰქონდათ, საშინელ წამებას მისცეს: ხელისგულები გაუხვრიტეს და ყოველ შემობრუნებაზე ფულს ითხოვდნენ, მერე კი ორივე მხარზე ბერკეტები წაუჭირეს, ხელები უკან ამოუგრიხეს.
მამა დიონისე, როცა თავის მოწაფე გედეონს შენიშვნას აძლევდა, მასში ყოველთვის კეთილ ნათქვამს შეურევდა: "თუ მე გავჩუმდები, დამიმძიმდება სული; მაგრამ მე ვალად მაქვს ამის თქმა, რადგან ძაღლებიც ყეფენ, როცა მომავალ მგელს ხედავენ და ფარასთან არ უშვებენ - შენ კი გამოსწორდი". მისი ნათქვამი მახვილივით განსწონიდა მამა გედეონის გულს, ვინაიდან მოძღვარი მკაცრად და საყვედურებით კი არა, ტკბილად ეტყოდა და საკუთარი მაგალითით ასწავლიდა მას. მამა დიონისემ ათონზე 60 წელი იცოცხლა და 1854 წელს გარდაიცვალა.
მამა პანტელეიმონის ჩანაწერებიდან. "კინოვიაში ცხოვრებისას, ეცადეთ, ძმებთან ურთიერთობა არ გქონდეთ, - ეუბნებოდა მონასტრის ძმებს მამა გედეონი, - მხოლოდ მათ ესაუბრეთ, ვისთანაც საქმე გაქვთ. მათთან უცებ ნუ შეწყვეტ ურთიერთობას, არამედ თანდათანობით, აჩვენე სიყვარული ყველას, მათაც კი, ვინც რაიმე ცუდს გაგიკეთებს და შენზე დაბოღმილია. დღეს თქვი: "მაკურთხე, მამაო!" ხვალ შეამოკლე, - ერთი სიტყვით ნაკლები თქვი. ასე თანდათანობით მოიკვეთ უსიამოვნო ურთიერთობას და შეუმჩნეველი იქნება მათთვის. ვისაც შენთან ერთად ჭამა-სმა უნდა, სრულიად მოიკვეთე ურთიერთობა. მონასტერშიც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მკაცრად იცავენ ღვთის მცნებებს, მაგრამ არიან საპირისპიროდ მოქმედნიც. ჩემს მოძღვარს გარდაცვალების წინ ვთხოვე, ჩემთვის ერთ ადგილზე ცხოვრება მცნებად არ დაედო, რამეთუ იცვლება ხოლმე გარემოებები, არ აეკრძალა ჩემთვის მოწაფეების მიღება, რადგან არ ვიცოდი მომავალში რა იქნებოდა, მან მითხრა: "შვილო, არანაირ მცნებას არ მოგცემ, მხოლოდ ერთი რამ დაიმარხე: სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა იცხოვრო, ყოველთვის დახუჭე თვალები, დაიდუმე ბაგენი, დაიხშე ყურნი". მერე კი წვერზე ხელი მოიკიდა, გასწია და თქვა: "იყავი, ვითარცა ვირი, ვითარცა გონებასუსტი, გაუგებარი: ამის გარდა სხვა გზა არ არის!"
მამა გედეონთან საუბრისას მოვისურვე რაიმე სასარგებლო ჩემთვისაც გამეგონა და ვუთხარი, რომ ჩვენთან რუსიკში ძმათა გამრავლების გამო ძალზე ხმაურია, რაზეც ბერდიდმა შენიშნა: "დიახ! ახლა ის აღარ არის, რაც ადრე იყო. როცა იქ ვცხოვრობდი, მაშინ მართლაც ძალზე მშვიდად და მკაცრად იცავდნენ მონაზვნურ ცხოვრებას და მამათა კანონებს; მაგრამ ცხონება ახლაც შეიძლება, თუ თავს ყურადღებით დაიმარხავ". ამ სიტყვების წარმოთქმის მერე ჭაღარა ბერდიდმა თვალებზე ხელები აიფარა, მერე ყურადღებით შემომხედა, მერე ყურებზე ხელები აიფარა, კვლავ მოიცილა, ბოლოს თეთრ წვერზე ხელი მოიკიდა, გასწი-გამოსწია და თქვა: "ვინც ასე მოიქცევა, მას ძმები გალანძღავენ, დასცინებენ, უსაყვედურებენ, მაგრამ ის თითქოს ამას ვერ ხედავდეს და არ ესმოდეს, ბევრი წმინდა მამა ამგვარად იქცეოდა და მათ სულელებად, შეშლილებად, მოხიბლულებად თვლიდნენ. თუ ასე არ შეგიძლიათ, ურთიერთობა მოიკვეთეთ, უკიდურეს შემთხვევაში, დაითმინეთ ყოველივე, რაც შეგემთხვევათ სხვადასხვა ხასიათის ძმათაგან. ძნელია წყენის დათმენა, განსაკუთრებით როცა თვითონ გრძნობ, რომ გამლანძღველი სიყვარულსა და პატივისცემას უნდა გამოხატავდეს გალანძღულისადმი. დაე, ნუ შეწუხდება ლანძღვის დამთმენი, რამეთუ ამისთვის უდიდესი საზღაურია გამზადებული, განსაკუთრებით, თუ სიყვარულსა და მოთმინებას უჩვენებს მაწყენარს. შესაძლოა, მისმა სიმდაბლემ დააფიქროს და გონს მოიყვანოს. თუ ეს ასე არ იქნება, იყოს ღვთის ხელი მასზე, მან იცის, როგორ გამოასწოროს იგი, ასე არ დარჩება და ამაღლებული დამდაბლდება".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი