მამა ეფრემ ფილოთეველი
გაგრძელება
თავი III. პირველი დღე
მამა იოსებმა მითხრა: "მორჩილისთვის მოძღვარი
ეპისკოპოსზე მაღლა დგას. კარგი მორჩილი რომ გახდე და ყველაფერში წარემატო, იმ მომენტიდან, რაც საკუთარი თავი მოძღვარს დაუმორჩილე და შეუვრდი მის მამობრივ მფარველობას, ყოველთვის დაუჯერე და სათნოეყავი, რათა ამგვარად სათნოეყო ღმერთს. მორჩილი ვერ სათნოეყოფა მოძღვარს, თუ მორჩილებას მხოლოდ მუშაობაში იჩენს. ის სათნოეყოფა უმეტესად სულიერი ცხოვრებით, როცა სულიერად წარემატება. რაც უფრო მეტად წარემატება სულიერად, მით უფრო დიდ სიხარულს განიცდის მისი სული. და ეს სიხარული მორჩილისთვის ღვთის კურთხევად იქცევა. სხვანაირად - მარცხი გარდაუვალია.გაგრძელება
თავი III. პირველი დღე
ერთი სენატორი მივიდა წმინდა ბასილი დიდთან, უარი თქვა თავის წოდებაზე, შედგა ბერად, მაგრამ მონაზვნური ცხოვრება არ დაიწყო. მაშინ ბასილი დიდმა უთხრა, - სენატორობაც დაკარგე და ვერც მონაზონი გახდიო. რადგან არ გააკეთა ის, რაც უნდა შეგესრულებინა, როგორც მონაზონს.
და კიდევ მამები ამბობდნენ, რომ მონაზვნის თავაზიანობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ბაგეები ყოველთვის წარმოთქვამდნენ "შემინდეს" და "მაკურთხეს". როცა რაღაცას ჩაიდენ და გამხელენ, თავს ათასნაირად ნუ გაიმართლებ, მხოლოდ თქვი: "შემინდე" და თუ რაიმეს გაკეთებას გიბრძანებენ, რაც მოკვეთს შენს ნებას, თავმდაბლად დაუთმე და თქვი: "მაკურთხე". ისინი ასევე ამბობდნენ: "კარგ დასაწყისს საუკეთესო დასასრული მოსდევს, ცუდ დასაწყისს კი - ყველაზე ცუდი დასასრული".
- მამაო, რა არის კარგი დასაწყისი?
- როცა შენ მორჩილებას იჩენ, როცა შენი ნების მიხედვით არ იქცევი, როცა შენს კანონს აღასრულებ, არ შეაწუხებ მოძღვარს, მისგან არაფერს მალავ და ყველაფერს ეუბნები - კარგი დასაწყისია. მაგრამ უმთავრესად კარგი დასაწყისი - ეს სრულყოფილი მორჩილება ანუ სულიერი მორჩილებაა. როგორც ფიქრობს მოძღვარი, ისე იფიქრე შენც. შეცდება მოღვარი - შეცდები შენც (ეს, რა თქმა უნდა, რწმენაზე ფიქრს არ ეხება, - კ.კ.) და ამასთან, ამ შეცდომებს შენ არ სჩადი. მორჩილება მორჩილს შეცდომის ნებას არ აძლევს, თუნდაც მოძღვარი ცდებოდეს. გულწრფელი მორჩილება კარგ მორჩილს დაღუპვის ნებას არ აძლევს. თვალდახუჭულმა ჰყავ მორჩილება და არ გეშინოდეს.
- მაკურთხე.
მე შევითვისე ეს. გამეორებით თქმა აღარ მჭირდებოდა. მე ვუთხარი საკუთარ თავს: სათნოვეყოფი მოძღვარს, სხვა არაფერი მინდა. თუ ვესათნოები მოძღვარს, მაშინ არაფრის შემეშინდება. მას მერე, რაც ამის შესახებ მოძღვრისგან შევიტყვე, მუდმივად იმას ვფიქრობდი, თუ როგორ შემესრულებინა ეს უბრალო რჩევა, ეს უბრალო გარდამოცემა წმინდა მამათა.
ეს პატარა, მაგრამ თავისი სულიერი ძალით უზარმაზარი რჩევა სულში მოვითავსე, საკუთარ კრედოდ გავიხადე, საკუთარ შენაძენად, და ჩემთვის ვთქვი: "ჩემს ცხოვრებაში ამაზე დავდებ ფსონს". ამ რჩევას განუზომელი სიკეთე მოაქვს მისთვის, ვინც მას მიიღებს და აღასრულებს.
ვცდილობდი, მოძღვარს ორმაგად სათნოვყოფოდი. არასოდეს გამენაწყენებინა, სათნოვყოფოდი მას ჩემი ცხოვრებით. ვფიქრობდი: - თუ ამაში არ წარვემატები, მაშინ დავმარცხდები და ვერ მივაღწევ მიზანს, რომლის გამოც დავტოვე სოფელი-მეთქი.
მხოლოდ ღმერთმა იცის, თუ რამდენად სათნოვეყავი მამა იოსებს, მაგრამ საქმით ვნახე, რომ თუ მორჩილი ცდილობს მოძღვრის ბრძანების და მცნებების აღსრულებას, მაშინ ღვთის კურთხევა მას გზას განუმზადებს.
შეუძლებელია, რომ სულიერი მამის თავმდაბლად სათნომყოფელი მორჩილი დამარცხდეს სულიერ ცხოვრებაში. მით უმეტეს შეუძლებელია, რომ მან არ შეიძინოს სულიერი წუთისოფელი. "ეს არ შეიძლება მოხდეს საგანთა ბუნების გამო" - როცა ამას ამბობენ, ეს ნიშნავს, რომ "ათასი პროცენტით მართალია". როცა მორჩილი რჩევას იღებს მოძღვართან და ცდილობს საქმით აღასრულოს მისი რჩევები, შეუძლებელია, ღვთის მადლი არ მიიღოს.
წმინდა სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა თავისი სრულყოფილი ძალის წყალობით შეძლო, არა მხოლოდ ეგემა მცირეოდენი ღვთაებრივი მადლი, არამედ მას, როგორც ამბობენ, სავსე თასით მიეცა სულიწმინდის მადლი და გახდა ისეთი, როგორიც ეკლესიამ განადიდა როგორც ახალი ღვთისმეტყველი, ანუ უშუალოდ სულიწმინდის მადლიდან ღვთისმეტყველების მიმღები. მან ღვთისმეტყველება ისწავლა მორჩილების ღვაწლში და სულიერი მამისადმი მინდობით.
თავი IV. უფლისმიერი აღზრდა
როცა ახალდამწყები ვიყავი, ჩემი სიამაყე ჩემს სიმაღლეზე მაღალი იყო. ვფიქრობდი, რომ რაღაცას წარმოვადგენდი, რადგან ყრმობიდანვე მკაცრ ცხოვრებას ვეწეოდი, მყავდა მოსაგრე დედა და მთაწმინდელი მღვდელმონაზონი იყო ჩემი მოძღვარი, რომელსაც ჩვენ მკაცრ საეკლესიო და სამონაზვნო ჩარჩოებში ვყავდით მოქცეული. მთაწმინდაზე წასვლამდე ჩემი ცხოვრება წმინდა და უმწიკვლო გახლდათ. არც მარჯვნივ გადავხრილვარ და არც მარცხნივ, ეს მოხდა მხოლოდ ღვთის მადლით.მაქებდნენ და წმინდა ბავშვად მთვლიდნენ. ამიტომ ვფიქრობდი, რომ მესამე ცას ვიყავი მიღწეული. ქებამ ისე მავნო, რომ ვერც კი შევამჩნიე. ამ მიკრობით შეუმჩნევლად დავსნეულდი, სიამაყითა და პატივმოყვარეობით მოვიწამლე.
მაგრამ მამა იოსებმა, რომელსაც შეეძლო საგნების ჭეშმარიტი არსის დანახვა, თავისი მახვილი თვალით შეამჩნია, თუ როგორი მხეცი ცხოვრობდა ჩემში. ის შეიარაღდა მორჩილების პირით და დაიწყო ჩემი მხეცის დაჭრა. მას შეეძლო სიმდაბლის გზის დაგება, ამიტომაც მთელი დრო ჩემი მორჩილებისა მხოლოდ და მხოლოდ მკაცრ აღზრდაში გადიოდა.
მე პროფესორის, მეცნიერის ხელში მოვხვდი. ის ჩემს სულს გამჭოლად ხედავდა და პირველი დღიდან იწყო მისი განკურნება. გადაწყვიტა, კეტისაგან კაცი გაეკეთებინა. ბერდიდი მოსვენებას არ მაძლევდა. მამობრივი სიყვარულით აღმზარდა.
მამა იოსები მუდმივად მამხილებდა, მლანძღავდა, შეურაცხმყოფდა - ეს წამალი იყო ჩემი სულის განსაკურნებლად. მან იცოდა, რომ მხოლოდ ლანძღვას მოაქვს სულიერი სიკეთე, რამეთუ ის, ვინც მას ითმენს, გვირგვინებს მოიპოვებს, სიამაყე და პატივმოყვარეობა სულს ხუთავს. იგი ყველა მხრივ მირტყამდა ძლიერ უროს, რათა გამცვენოდა ჟანგი. ეს ჟანგი მაშინ შევამჩნიე, როცა ჩემი მხილება და შენიშვნების მოცემა დაიწყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ღვთის მადლით, ერთხელაც კი არ გამიხსნია ბაგე, რათა მეკითხა: "რატომ? ასეთი რა გავაკეთე?"
მამა იოსები ძალზე მკაცრი იყო. ეს ერთნაირად მამსხვრევდა, ყოველდღიურად ნაჯახით მთლიდა. რას აღარ მიშვრებოდა! ჩემთან ურთიერთობისას დასაძახებლად ყოველგვარ სალანძღავ სიტყვას და შესაბამის ეპითეტებს იყენებდა. აი, რა იყო ტანჯვა! მთელი ის წლები, რაც მის გვერდით ვიყავი, მხოლოდ ორჯერ გავიგონე მის ბაგეთაგან ჩემი სახელი. მეძახდა სულელს, ხელმოცარულს, ბაბულისს (ასე მიმართავენ ძალზე პატარა ბავშვს), პატარას, მაგრამ რამდენი სიყვარული იყო ამ დახელოვნებული ჩხვლეტის იქით, რაოდენ წრფელი დაინტერესება, თუ რა მოჰყვებოდა ამ შეურაცხყოფას, თუ როგორ მოვიქცეოდი! ის არა მხოლოდ მლანძღავდა, ზოგჯერ მიმბეგვავდა კიდეც. ვეუბნებოდი: "მცემე, მამაო, მცემე! დაე, გასკდეს ჩემი სიამაყე". რა თქმა უნდა, ეს იმიტომ შემემთხვეოდა, რომ მჭირდებოდა, რადგან ჩემი სიამაყე ჩემზე აღმატებული იყო და ეს ყველაფერი გონივრულად უნდა განმეცადა.
რა თქმა უნდა, როცა მამხილებდა, ანუ როცა წყლულზე მალამოს მადებდა, მტკიოდა, მაგრამ რაოდენ მადლიერია სული ჩემი ამ ქირურგიული ჩარევისთვის, მსგავსად სკალპელისა, მოქმედებდა მისი უწმინდესი სიტყვა. ჩემი სიამაყე ჩემში ფეხებს აბაკუნებდა: "მოძღვარი მარტო შენთან რატომ არის ასე მკაცრი? რატომ გლანძღავს?" სიამაყე მაგულიანებდა, შევწინააღმდეგებოდი, რადგანაც ეს იყო ვნება და ეშმაკი. მაგრამ მოძღვრის დარიგებების წყალობით და საღვთო გულისხმისყოფით ვნებებს მკაცრად ვებრძოდი. მე ხომ უცილობლად უნდა გამეგუდა ეს მხეცი და მომეკლა. რამეთუ ვიცოდი, რომ თუ მხეცი არ მოკვდებოდა, მისი თავდასხმები ამოსუნთქვის საშუალებას არ მომცემდა. მაგრამ ღვთის სადიდებლად, მამა იოსებისა და დედაჩემის ლოცვით, მთელი ეს წლები ერთი სიტყვაც არ წარმომითქვამს, რომლითაც მოძღვარს შევეწინააღმდეგებოდი. მე ამ ყველაფერს შიგნით ვედავებოდი, რამდენადაც საკუთარ თავში ვგრძნობდი სიამაყეს და ვეუბნებოდი ჩემს თავს:
"რადგანაც ასეთი ხარ, ამას იმსახურებ".
აფორიაქებული სულს ვერ ვთოკავდი. ასე ვეცმოდი ჯვარს, რათა აღდგომის ღირსი გავმხდარიყავი. მტკიოდა - მივდიოდი კელიაში, მოვეხვეოდი ჯვარცმას და აცრემლებული ვამბობდი:L"შენ, ღმერთმა, შეურაცხყოფა და უსამართლობა დაითმინე ცოდვილ ადამიანთა ბრბოსაგან. მე კი, ცოდვილი და ვნებიანი, განა არ მივიღებ ერთხელ მხილებას? მოძღვარი ასე იმიტომ მექცევა, რომ ვუყვარვარ, რადგან მისი მიზანია, მაცხონოს". ვგრძნობდი, როგორ მიძლიერდებოდა სული ჯვარცმის დასათმენად.
სისხლის დაღვრამდე ბრძოლა გვმართებს დიდი და უგუნური სიამაყის ვნების მოსაშორებლად, რომელიც ადამისგან ვიმემკვიდრეთ.
მამა იოსების ლოცვით გულისთქმებს ვეომებოდი. "მაკურთხეთ", - ეს იყო მოძღვრისადმი ჩემი პასუხი.
რა თქმა უნდა, დავუძლურდი, რადგან სუსტი სულის ვიყავი. ვცდილობდი, გულისთქმებზე მაღლა დავმდგარიყავი. მე ვტიროდი, რადგა ვნება მაფორიაქებდა. ნელ-ნელა გავშორდი ამ სნეულებას. ეს იყო ჩემი ცხოვრების საწყისი ეტაპი - ჩემი, რომელსაც აქამდე არანაირი განსაცდელი არა მქონია. ასე დაიწყო ჩემი მონაზვნური გზა, ჩემი ცხოვრების შეცვლა. ეს გახლდათ ძნელი, მაგრამ მშვენიერი ცხოვრება.