გაგრძელება
ბერდიდი მამა გერმანე. მამა გერმანემ ადრინდელ მამებზე საუბრისას გაიხსენა თავისი მოძღვრის, მამა დანიელის მონაყოლი:
"ადრე კავსოკალივის სკიტში ცხორობდნენ პატივცემული მამანი, მსგავსნი ძველი დიდი მამებისა, რომელთა მიმართაც ჩვენ, სკიტის მთელი საძმო, კეთილმოკრძლებულნი ვიყავით. მამები, ვითარცა სვეტნი, გაუნძრევლად იდგნენ ღამისთევის ლოცვაზე საღამოდან დილამდე და განზე არ გაიხედავდნენ. მდუმარენი იყვნენ, უქმი სიტყვა, არ იცოდნენ, რა იყო, საჭირო საგნებზეც მცირეს საუბრობდნენ და იმასაც - აუცილებლობისას. სულიერ ცხოვრებას იმარხავდნენ. განსაკუთრებული სიწმინდით ბრწყინავდა მამა ავქსენტი; მამათა შორის ის კანდელივით იყო. ცხოვრობდა წმინდა გიორგის კელიაში; თიხის ქოთანში უდაბნოში მოგროვილ ბალახებს ხარშავდა ხოლმე და იმითღა ნაყრდებოდა, ზოგჯერ ხმელა პურს ჭამდა. დაახლოებით 60 წელი იცხოვრა სკიტში. მისი სიკვდილის შემდეგ სკიტში დარჩა მისი მოწაფე, მოძღვარი ნეოფიტე კარამანლისი, რომელიც 1860 წელს 100 წელზე მეტი ხნისა გარდაიცვალა!"მამა გერმანემ სამაგალითოდ გაიხსენა: - კვიპრიანეს მოწაფე გაბრიელი დიდად ხელმარჯვე იყო, ამიტომაც სკიტის ძმობა ყველაფერზე მიმართავდა. მამა გაბრიელი უსიტყვოდ, სიყვარულით ემსახურებოდა მოყვასს. რადგანაც თავს ხელსაქმით ირჩენდა, ამიტომაც ძმები სთხოვდნენ ხოლმე, საფასური აეღო. მამა გაბრიელი გამოთვლიდა, რამდენ დღეში გააკეთებდა ნივთს, და რასაც იგი ამდენივე დღეში გაკეთებული ნაკეთობების გაყიდვით იღებდა (სკვნილებს და კოვზებს ამზადებდა), იმდენივეს ითხოვდა. გარდაცვალებისას ბერდიდმა გაიღიმა და სახე გაუბრწყინდა. ძმებმა ეს ამბავი გადასცეს ბერდიდ მამა ნიკიფორეს, რომელმაც მოიპოვა ღირსი ნილოსის ნაწილები 1815 წელს. ნიკიფორემ - სასწრაფოდ ჰკითხეთ, რას ხედავსო, მაგრამ ვერ მოასწრეს... ამას მაშინ იქ მყოფი მამა დანიელი მოჰყვა. მამა გაბრიელის მერე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის კელიაში დარჩა მისი მოწაფე მამა გერმანე, რომელიც დაახლოებით 1865 წელს გარდაიცვალა, 100 წელზე მეტი ხსნისა.
1869-70 წლების ზამთარში მამა გერმანე ნამქერმა ჩაკეტა და ათი დღე უპუროდ დარჩა. იმავე წელს ერთმა ერისკაცმა მონაზვნობა მოისურვა, ავად გახდა და მეუდაბნოე მამა გერმანემდე რომ მიაღწია, ლოგინად ჩავარდა. ბერდიდი ავადმყოფს თავდადებით ემსახურებოდა, წელიწად-ნახევარი თითქმის ყველა აუცილებელ საგანზე თქვა უარი. ავადმყოფის სურვილით, ბერდიდმა ის მონაზვნად აღკვეცა ქრისტეფორეს სახელით. ახალაღკვეცილი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ვეღარ გაუძლო ბერდიდის მკაცრ ცხოვრებას - სურდა თევზი, ზეთი და მოძღვარი მიატოვა. მერე ახალი მოწაფე მოუვიდა მამა გერმანეს, მასაც ქრისტეფორე ერქვა.
1871 წლის აპრილში მონახულებისას მამა გერმანემ თქვა:
- უნდა დავითმინოთ და სიკეთით მივუდგეთ იმათ, ვინც წინ აღუდგება მეუდაბნოეობისადმი სიყვარულს. ღვთისმშობელს უნდა, რომ ყველაფერი გარდამეტებულად იყოს მის წილხვედრ ათონზე, რათა არავის არაფერი გაუჭირდეს; თქვენც ამიტომ გამოუყევით ამ კლდეებსა და მღვიმეებს, მოყვასის სიყვარულისთვის, ქრისტიანული მცნებებისთვის. თქვენ თუ არ მიხვალთ, აბა, ვინ ინახულებს ამ კლდეების მკვიდრთ? ამგვარი სახით ქველმოქმედი პირველ რიგში სიკეთეს თვითონვე იღებს, მსგავსად საკმევლის კმევისა, რომელიც, უპირველესად, თვითონ იგრძნობს კეთილსურნელებას. თუ ვინმე წინ აღუდგება მეუდაბნოეებისადმი ქველმოქმედებას, დაითმინეთ: უფალი მოგაგებთ მოთმინებისთვის და გამოასწორებს ამ მდგომარეობას. ბაზარში ათასი რამე მიაქვთ გასაყიდად, ყველა შენაძენით ბრუნდება უკან - ასეა აქაც. ეს საგანთა ბაზარი არ არის და სულიერი ცხოვრებისთვის ყველა ვაჭრობს და ყველა სარგებელს ნახულობს. მოთმინება და სახიერება საჭიროა მტრის მოქმედების აღსახოცად, როცა ეშმაკი ადამიანებზე ათასნაირი ხრიკით მოქმედებს, რათა წინ აღუდგეს ყოველგვარ სათნოს. ქველმოქმედთ, რომლებიც შემოწირულობას გვიგზავნიან საჭიროების ჟამს, ისევე დაუფასდებათ, როგორც იმ ბერს, რომელიც წყალზე მიდიოდა და ანგელოზი ითვლიდა მის ნაბიჯებს. რისთვის ითვლი? - ჰკითხა ბერმა ანგელოზს. რათა თითოეული ნაბიჯისთვის საფასური მიიღო!
ჰკითხეს ბერს ლოცვაზე: - უნდა ვიმეცადინოთ. როცა გული განიწმინდება ვნებებისგან, იგი ღვთის ტახტად გადაიქცევა. როცა ეშმაკი თავის შთაგონებას დებს და ის სასიამოვნოა, მაშინ მადლი ტოვებს ადამიანს, როგორც ფუტკარი გაურბის კვამლს და სიმყრალეს. თუ ვინმეს ცრემლი არ აქვს, უფლისმიერი წუხილი ჰქონდეს. იგი სიმდაბლისას მიემსგავსება უფლის მიერ გამართლებულ მეთევზეს და მიიღებს წყალობას ღვთისაგან.
- სალონიკში, - ჰყვებოდა ბერი, - ბერძენთა აჯანყების დროს საპყრობილეში ჩაყარეს ათონელი მამები. სალონიკის ფაშა არ დაკმაყოფილდა ადრე წაღებული დიდი თანხითა და ათონის მონასტრებისეული ნივთებით, დამწყვდეულთაგან ისევ უზარმაზარ თანხას ითხოვდა. ტყვეებმა - არაფერი არ გვაქვსო. ათონის ზოგიერთ ეკლესიას სახურავებიღა შემორჩაო... ფაშამ ტუსაღებს უბრძანა, - ათონზე წერილი გაეგზავნათ, რათა იქ დარჩენილ მონაზვნებს სახურავები მოეხსნათ და სალონიკში გამოეგზავნათ, რათა მათგან ტყვია ჩამოესხათ. მამებმა ბრძანება შეასრულეს. მაგრამ შეწუხებულები მთელი ღამე განსჯიდნენ, ლოცულობდნენ და ევედრებოდნენ ღვთისმშობელს. უეცრად ღამე ციხიდან წაიყვანეს ფაშასთან ვაჭარი სპანდალი. მან იფიქრა, დასასჯელად მივყავარო და მამებს ლოცვა სთხოვა. მიიყვანეს ფაშასთან, მან კი უბრძანა, ათონელ მამებს ახალი წერილი მისწერე, არავინ გაბედოს სახურავიდან ტყვიის აძრობაო და მოუყვა, - ძილში ღვთისმშობელი გამომეცხადა და ისე შეგაშინა, რომ ეკლესიებს არასგზით არ გადავხდი სახურავსო. როცა მამებმა სპანდალისგან სასიხარულო ამბავი გაიგეს, ძალზე გაიხარეს და მადლობდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სწრაფი და დიდებული შემწეობისთვის.
აი, როგორ იფარავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, - განაგრძო ბერმა, - მან 1854 წელსაც არ მოუშვა თურქები: ისინი ახლოს იყვნენ ქილანდართან და აოხრებას უპირებდნენ, მაგრამ მონაზვნებმა სამი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარეს და ერთ დღეს თურქები წავიდნენ. ბერი ასევე მოჰყვა, თუ როგორ დაიცვა იგი ღვთისმშობელმა: - ერთხელ მაღალი კიბიდან ჩამოვვარდი, მხრით ქვაზე დავეცი, რომელიც ხორცში თითის სიღრმეზე შევიდა, ოღონდ გულამდე არ მისულა. შევღაღადე, - ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შემეწიე-მეთქი და ცოცხალი გადავრჩი. სხვა დროს ქოხში სრულიად შიშველი ავაზაკი დასდგომია თავს, - შენს მოსაკლავად მოვედიო. ნახევარი საათი ებრძოდნენ ერთმანეთს. მან მამა გერმანე წააქცია და დახრჩობა დაუპირა. უეცრად წამოხტა და გაიქცა...
მამა პანტელეიმონის ჩანაწერებში შემონახულია ამბავი ერთი საროველი მონაზვნის მიერ მამა გერმანეს მონახულებისა: - წმინდა ნილოსის მღვიმიდან ლავრისკენ მივდიოდით. დავეშვით თეთრი და ცისფერი მარმარილოს ნამსხვრევით მოფენილ ფერდობზე და მამა გერმანესკენ მიმავალ ბილიკს დავადექით. მალე ბერის ქოხი დავინახეთ. ეს ქოხი სიძველისაგან ჩამოინგრა, მამა გერმანე ქვეშ მოიყოლა და დაასახიჩრა. მიუხედავად მონაზვნური მოთმინებისა, ზეციურ დედოფალს განკურნებას სთხოვდა, ჰპირდებოდა, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე პატივად პატარა საყდარს აუგებდა. შეისმინა ღვთისმშობელმა მისი ლოცვა-სურვილი და მცირე ხანში განკურნა. მაგრამ უსახსრობის გამო დაპირებული საყდრის აშენება ვერ მოახერხა... ნანგრევების იქით ახალი დაუმთავრებელი კელია დავინახე. თვითონ მამა გერმანე ამ დროს თავის მოწაფესთან ერთად ზეთს ხდიდა. დაგვინახა, მიატოვა საქმე და მოგვეგება. შუა ტანის იყო, ცოტათი მოხრილი, მაგრამ მიმოხრაში ბალღური სინორჩე და უბრალოება იგრძნობოდა. მაუდისა და უხეში ტილოს ნაკუწებისაგან მობლანდული სამოსი ეცვა, თხელ სახეს უმშვენებდა ფართო, სქელი, ჭაღარა წვერი. არამიწიერი სიხარულით და სიმშვიდით ასხივებდა. სიყვარულით, სიმშვიდით, ყურადღებით და თანაგრძნობით ეპყრობოდა ყველას. მომეჩვენა, რომ მამა გერმანე ძალზე ჰგავდა ჩვენს დიდებულ მამა სერაფიმეს!
მისი პირველი კითხვა გახლდათ: მშივრები ხომ არ ხართო. კარგი ორცხობილა და ახალი წყალი შემოგვთავაზა. მაგრამ რადგანაც ნასაუზმევნი ვიყავით, ვთხოვეთ, სულიერ ძალთა მოსაკრებად რაიმეთი გაგვმასპინძლებოდა. ბერმა ამოიოხრა, - ამგვარი საკვები არ მაქვსო. მეც და ბოლო ჟამის ყველა ქრისტიანი მხოლოდ ქრისტეს მადლით ცხონდება, რომელიც აძლევს გონებასა და ძალას მრავალი და დიდი განსაცდელის დათმენისასო.
- მონაზვნური ცხოვრების გზაზე რა პოვეთ საუკეთესო? - ჰკითხეს მას.
- მორჩილება! - გვიპასუხა.
- მზად ვარ, დავიჯერო ეს, - ვუთხარი მას, - როცა ვსაუბრობთ განდეგილურ ცხოვრებაზე, მაგრამ როცა საქმე ეხება კინოვიას, მთლად არ მჯერა: მგონია, რომ მონასტრების მდგომარეობაზე მეტოქეობამ გაიტაცა წინამძღვრები და მათ მიჰყვა მთელი მონაზვნობა, რომლებიც ინტერესებსა და მატერიალურ მდგომარეობას სხვადასხვა კეთილსახოვანი საშუალებით იკმაყოფილებენ; ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენს დროში შემცირდა ჭეშმარიტი მონაზვნობა. ამგვარი მიმართულებისას ზოგიერთ ჩვენგანს მოუწევს ისეთი მორჩილების შესრულება, რომელიც არ ეთანხმება ეკლესიის მოძღვრებით განსწავლულ ჩვენს სინდისს. თუ იქნება ასეთ შემთხვევაში მორჩილება მაცხოვნებელი?
- თუ შენ დარწმუნებული ხარ, რომ ბრძანება ეწინააღმდეგება ღვთის მცნებებს, მაშინ რაც ხელს გიშლის მის შესრულებაში, აუხსენი ხელმძღვანელს.
- ეს ჩემი ჯვარცმაა! - ვუპასუხე, - მისთვის დავტოვე სოფელი, რომ ამეღო ჩემი ჯვარი და გავყოლოდი ქრისტეს. მაგრამ რა ვქნა, თუ ჩემი ახსნით მოძღვარს ვერ დავარწმუნებ და ის ჯიუტად მოითხოვს ბრძანების შესრულებას?
- თუ ის სასიკვდინე ცოდვა არ არის და შენ უძლური ხარ, მაშინ, ჩემი აზრით, ჯობია შეასრულო, ვინაიდან შენ არ აგებ მასზე ღვთის წინაშე პასუხს; მაგრამ თუ ხარ ძლიერი რწმენის, მაშინ ჯობია დამნაშავე იყო ხელმძღვანელის წინაშე, ვიდრე ღვთისა; ჯობია მზად იყო სასჯელის დათმენისთვის და თუნდაც მონასტრიდანაც წახვიდე, ოღონდ კი საკუთარი ჯვარი აიღო. თუმცა ვინც უბრალო გულით და სავსე რწმენით მიანდობს თავს მორჩილებას და განუწყვეტლად ევედრება უფალს, რომ მან თავისი ნება განუცხადოს მისი სულისთვის მოღვაწე მოძღვარს - ხელმძღვანელს, მას უფალი განსაცდელამდე არ მიიყვანს და ხელმძღვანელსა და ქვეშევრდომსაც განარიდებს ბოროტის მახისაგან.
მამა გერმანე 1875 წელს მიიცვალა. ის ღვთის დაშვებით ბოროტმოქმედთა ხელთაგან ძალადობით აღესრულა. ერთხელ კავსოკალივაში ის შეხვდა ერისკაც მუშებს და უთხრა, რომ აპირებდა ტაძრის აშენებას. ხელოსნებმა იფიქრეს, ფული აქვსო და წართმევა გადაწყვიტეს. მივიდნენ უდაბნოში ბერთან და როცა ვერაფერი უნახეს, მოკლეს. თავიანთი ბოროტმოქმედების დასაფარად ფიჩხი შემოუწყვეს ქოხს, ცეცხლი შეუნთეს და წავიდნენ. მაგრამ ცეცხლი ჩაქრა და ქოხი გადარჩა. რაღაც საქმეზე მისულ ნაცნობ მეუდაბნოეს ქოხში მამა გერასიმე მოკლული დახვდა. ამგვარად გაიხსნა საქმე.