არქიმანდრიტი ტიხონი. "დიდი არქიმანდრიტი"
გაცხარებული ანტირელიგიური პროპაგანდის დროს მოქალაქეთა უმრავლესობას სავსებით ველური წარმოდგენა ჰქონდა მონასტრებზე
, ამიტომაც მამა ავლიპის არ უკვირდა, როცა მას ყველაზე უცნაურ შეკითხვებს უსვამდნენ. უწყინარი იუმორით და განუმეორებელი გონებამახვილობით უჩვენებდა ხალხს, რომ ისინი თავიანთი უბრალოებით ბოროტსა და ბინძურ გამონაგონს იჯერებდნენ.ერთელ მამა ავლიპი ეკლესიის ზღურბლთან ექსკურსანტების ჯგუფმა შეაჩერა. განრისხებულებმა მოსთხოვეს, სიმართლე ეთქვა, თუ როგორ უწევდნენ ექსპლუატაციას უბრალო მონაზვნებს უმაღლესი სასულიერო პირები და მონასტრული ცხოვრების საშინელებებზე, რომელიც მათ გაზეთებში წაეკითხათ. პასუხის ნაცვლად მამა ავლიპიმ ჰკითხა:
- გესმით?
- რა უნდა გვესმოდეს? - გაოცდნენ ექსკურსანტები
- რაიმე თუ გესმით?
- გვესმის მონაზვნების გალობა.
- ცუდად რომ ცხოვრობდნენ, ხომ არ იგალობებდნენ?
ერთხელ სტუმარმა, ფინელმა კომუნისტმა, სხვა საბჭოთა მეგობრების თანდასწრებით, იმ დროის ათეისტთა საფირმო შეკითხვა დაუსვა:
- ხომ ვერ ამიხსნიდით, კომუნისტებმა კოსმოსში ფრენისას ღმერთი რატომ ვერ ნახეს?
მამა არქიმანდრიტმა უპასუხა: - ამგვარი უბედურება თქვენც შეიძლება შეგემთხვათ: ჰელსინკიში ჩახვიდეთ და პრეზიდენტი ვერ ნახოთ.
ეს ამბავიც მამა ავლიპის დროს მოხდა მონასტერში, 60-იან წლებში. მაშინ ყველა საბჭოთა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო. საარჩევნო ყუთი მონასტრის სატრაპეზოში მოჰქონდათ და ნასადილევს ნაცვალის (მონასტრის წინამძღვარი) მეთვალყურეობით მონასტრის ძმობა კეისარს კეისრისას აძლევდა.
კომუნისტური პარტიის ფსკოვის საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა შეიტყო, რომ უმეცარი მონაზვნებისთვის სულელური შეღავათი დაეშვათ და საარჩევნო უბანზე კი არა, მონასტერში აძლევდნენ ხმას. აღშფოთებულმა დაიფრინა თავისი თანამშრომლები არამშრომელი ელემენტების მიმართ შეღავათების გამო და უბრძანა, ამიერიდან შავოსნები საარჩევნო უბანზე მისულიყვნენ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. "ძალიანაც კარგი" - უთქვამს მამა ავლიპს, როგორც ამბობენ, მას ხაზინადარმა მამა ნათანაილმა უჩურჩულა ყურში ძალზე გონებამახვილური რჩევა.
არჩევნების დღეს (კვირა დღეს), მონასტერში საზეიმო წირვის შემდეგ, სავანიდან სალიტანიო მსვლელობით გამოვიდა ძმობა, ორ გრძელ რიგად დაწყობილნი, ტროპართა ხმაშეწყობილი გალობით, მთელი ქალაქის გავლით მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე. მათ თავს ზემოთ ფრიალებდა მძიმე ბაირაღები, წინ მიუძღოდათ ჯვრები და ძველი ხატები. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. საარჩევნო დარბაზში, ისე როგორც ყველა მნიშვნელოვანი საქმის წინ, სამღვდელოებამ პარაკლისის გადახდა დაიწყო. შეშინებულმა ცოცხალმკვდარმა მოხელეებმა გააპროტესტება სცადეს, მაგრამ მამა ავლიპიმ მათ მკაცრად შეაწყვეტინა, მიუთითა, ხელი არ შეეშალათ მოქალაქეებისთვის, შეესრულებინათ თავიანთი კონსტიტუციური ვალი, ისე როგორც მათთან არის მიღებული. ხმის მიცემის მერე ძმები ლიტანიობითვე დაბრუნდნენ წმინდა სავანეში.
ალბათ არ არის საჭირო იმის ახსნა, რომ მომდევნო არჩევნებში საარჩევნო ყუთი ადრიან დილით ისევ მონასტრის სატრაპეზოში ელოდა მონაზვნებს.
ვინც იმ წლებში მღვიმევში ყოფილა, განსაკუთრებით იხსენებენ დიდი ნაცვალის აივანზე გამოჩენას... აივანი მონასტრის მოედანს გადაჰყურებდა და მამა არქიმანდრიტს შეეძლო, დარიან დღეს დამტკბარიყო თავისი მონასტრის ცქერით, ურთიერთობა ჰქონოდა ხალხთან, წესრიგისთვის თვალი მიედევნებინა.
ქვემოთ, მოედანზე, უამრავი მომლოცველი, ექსკურსანტი და მღვიმევის მკვიდრი იკრიბებოდა. რწმენაზე დისკუსია და მამა ავლიპთან ურთიერთობა საათობით გრძელდებოდა. მამა ავლიპი შემთხვევას არ უშვებდა, მასთან ცხოვრებისეული სათხოვარით მისულებს დახმარებოდა. თუმც იმ დროს კატეგორიულად აკრძალული იყო ამგვარი საეკლესიო ქველმოქმედება, მაგრამ ის ისე იქცეოდა, როგორც საჭიროდ თვლიდა. იგონებს არქიმანდრიტი ნათანაილი: მამა ავლიპი ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულებს, მოწყალებას გასცემდა. ამის გამო ბევრი რამის დათმენა მოუწია. მამა ავლიპი თავს იცავდა წმინდა წერილის სიტყვებით, რომ მოწყალება უნდა გავცეთ და ქველმოქმედება წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი აივნის ქვეშ ხშირად ნახავდით ინვალიდებს, ღარიბებს... მიუხედავად ხელისუფლების აკრძალვისა, იგი ყველანაირად ეხმარებოდა მათ: ზოგს აჭმევდა, ზოგს მკურნალობდა, ზოგს ფულს აძლევდა, როცა ფული არ ჰქონდა, ეხუმრებოდა: "ჯერ მზად არ არის, ფული შრება - ღვთის მონავ, ხვალე მოდი!"
ერთხელ მამა ავლიპი ქალაქის ხელისუფლებამ გამოიძახა:
- წესრიგს რატომ არ იცავთ? მონასტერში გლახაკები გყავთ!
- მაპატიეთ, - უპასუხა მამა ავლიპმა, მე კი არა, თქვენ გყავთ გლახაკები.
- როგორ თუ ჩვენ?
- ძალზე უბრალოდ. მიწა, როგორც იცით, მონასტერს გალავნამდე აქვს ჩამორთმეული. გლახაკები კარების რომელ მხარეს დგანან, შიგნით თუ გარეთ?
- გარეთ.
- ჰოდა, გეუბნებით, რომ ისინი თქვენია. მე ძმები მონასტერში დაპურებულები და ჩაცმულ-დახურულები მყავს. თქვენ კი ღარიბები არ გიყვართ, რადგანაც პენსიას 500 მანეთს უხდით. თუ ამის მერე მოწყალებას ითხოვენ, ვფიქრობ, რომ მათ კანონით დასჯიან.
"სიტყვის თქმის გასაოცარი ნიჭი ჰქონდა მამა ავლიპს, - იხსენებდა მამა ნათანაილი, - არაერთხელ გაგვიგონია მომლოცველთაგან: "კიდევ ერთი კვირა ვიცხოვროთ, იქნებ მამა ავლიპის ქადაგება მოვისმინოთო. მამა ავლიპი ამხნევებდა სასოწარკვეთილებს, ანუგეშებდა სულმოკლეებს: "ძმებო და დებო, ალბათ გაგიგონიათ მოწოდებები ანტირელიგიური მოწოდებების გაძლიერებისა. თავს ნუ ჩაღუნავთ, სასოს ნუ წარიკვეთთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ცუდად აქვთ საქმე".
"საშინელებაა ბრბოში გარევა. დღეს ის "ოსანას" ყვირის, ოთხი დღის მერე "ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგეს", ამიტომაც სადაც უსამართლობაა, "ვაშას" ნუ ყვირი, ტაშს ნუ დაუკრავ. და თუ გკითხავენ, რატომ, უპასუხე: "იმიტომ, რომ თქვენთან უსამართლობაა" - "რატომ?" - "იმიტომ, რომ სინდისი მკარნახობს..."
მაგრამ მისი ყველა საუბარი არ იყო ასე მშვიდი და გულისშემმუსვრელი.
ერთხელ ფსკოვს ეწვია კულტურის მინისტრი ფურცევა, დედაქალაქის და ოლქის მოხელეებთან ერთად. იმ წლებში ამ ქალბატონს უფრთხოდნენ, და არა მხოლოდ კულტურის მუშაკები. წესისამებრ, მის გრაფიკში ფსკოვის მღვიმევის მონასტრის მონახულებაც ჩასვეს. მამა ავლიპმა მეგობარი მხატვრისაგან იცოდა მისი საქმიანობის შესახებ, ისიც, რომ მინისტრ დედაკაცს პათოლოგიურად სძულდა ეკლესია, ამიტომ მის შესახვედრადაც კი არ გასულა - გიდობას მამა ნათანაილი ეწეოდა.
მაღალჩინოსანთა დელეგაცია უკვე მონასტრიდან გადიოდა, რომ ფურცევამ აივანზე გადმომდგარი წინამძღვარი დაინახა, რომელიც ქვემოთ შეკრებილ ხალხს ესაუბრებოდა. გადაწყვიტა, ჭკუა ესწავლებინა მონაზვნისთვის, რომელმაც გაბედა და მის შესახვედრად არ გამოვიდა, თანაც ეს გაკვეთილი იქნებოდა ოლქის ხელმღვანელობისთვის, თუ როგორ მკვეთრად უნდა გაეტარებინათ პარტიისა და ხელისუფლების პოლიტიკა და შესწინააღმდეგებოდნენ რელიგიურ სიბნელეს. ახლოს მივიდა და შესძახა:
- ივან მიხაილოვიჩ, შეიძლება გკითხოთ?
მამა ავლიპმა განაწყენებულმა შეხედა მას, მაგრამ მაინც უპასუხა:
- კარგი. აბა, შემეკითხეთ.
- მითხარით, თქვენ, განათლებული ადამიანი, როგორ შეიძლება აღმოჩენილიყავით აქ, ამ ბნელეთის მოციქულთა კომპანიაში?
მამა ავლიპი ძალზე მომთმენი იყო, მაგრამ როცა მასთან მონაზვნებს შეურაცხყოფდნენ, ამას უპასუხოდ არასოდეს ტოვებდა.
- როგორ მოვხვდი აქ? - გაიმეორა მამა ავლიპმა და მაღალჩინოსან სტუმარს ისე შეხედა, როგორც ერთ დროს მიზანში იღებდა იარაღს გვარდიის რიგითი არტილერისტი ივან ვორონცოვი, - მოგიყვებით... თქვენ თუ გაგიგიათ, რომ ომში ვიყავი?
- დავუშვათ, რომ გამიგია.
- ისიც თუ გაგიგიათ, რომ ბერლინამდე მივედი? - კვლავ ჰკითხა მამა ნაცვალმა.
- მიამბეს. თუმცა ვერ ვხვდები, ამას რა კავშირი აქვს ჩემს შეკითხვასთან. მით უმეტეს საკვირველია, რომ თქვენ, საბჭოთა ადამიანმა, ომგამოვლილმა...
- საქმე ის არის, რომ, - აუჩქარებლად განაგრძო მამა ავლიპმა, - მე ბერლინთან აქ მომეგლიჯა (ეს ივან მიხეილის ძე ვორონოვმა - ანუ მამა ავლიპმა უკიდურესად უხეშად გამოთქვა), ასე რომ, მონასტერში წასვლის გარდა სხვა აღარაფერი დამრჩენოდა.
უეცრად საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა, ამას მოჰყვა დედაკაცის წივილი, უკმაყოფილების შეძახილები, ყვირილი, მუქარა, დელეგაციის წევრები მნიშვნელოვან ქალბატონთან ერთად მონასტრის კარებისკენ გაემართნენ.
ერთი საათის მერე წინამძღვარი მოსკოვში გამოიძახეს. ამჯერად საქმეს ცუდი სუნი ასდიოდა. ყველა შეკითხვას მამა ავლიპმა მშვიდად და დამაჯერებლად უპასუხა: - მე კონკრეტული შეკითხვა დამისვეს - კონკრეტულად და გასაგებად ვუპასუხე. სტუმარი რომ მიმხვდარიყო, ისეთი პასუხი გავეცი.
ასე თუ ისე, ყველაფერი მშვდობიანად დასრულდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ავლიპმა დასაშვებად ჩათვალა ამგვარი იარაღის გამოყენება.
ეს ცნობილი და, რბილად რომ ვთქვათ, არატრივიალური პასუხი შემდგომში მიზეზი გახდა ათასნაირი ჭორაობა-მითქმა-მოთქმისა. ცნობილი რესტავრატორი და ხელოვნებათმცოდნე საბა ამშიკოვი, რომელიც მამა ავლიპის კეთილგანწყობით სარგებლობდა, ჰყვებოდა:
"მეკითხებოდნენ ხოლმე: ასეთი ლამაზი მამაკაცი მონასტერში რატომ წავიდაო. და იქვე პასუხობდნენ, მძიმედ დაჭრილმა შთამომავლობის გამრავლების უნარი დაკარგაო... ერთხელ თვითონვე შეეხო ამ თემას და მითხრა: "საბა, ეს მითქმა-მოთქმა ტყუილია. უბრალოდ, ომი ისეთი ჯოჯოხეთი, ისეთი საშინელება იყო, რომ ღმერთს სიტყვა მივეცი, თუ ამ საშინელ ბრძოლას გადავურჩებოდი, აუცილებლად წავიდოდი მონასტერში. წარმოიდგინეთ სასტიკი ბრძოლა, ჩვენს წინა ხაზს მიწასთან ასწორებენ გერმანელთა ტანკები. და აი, ამ ნამდვილ ჯოჯოხეთში უეცრად დავინახე, ჩვენი ბატალიონის კომისარმა თავიდან ჩაჩქანი მოიძრო, მუხლებზე დაემხო და... ლოცვა დაიწყო. დიახ, დიახ, ტირილით ბუტბუტებდა ბავშვობაში ნასწავლი ნახევრადდავიწყებული ლოცვის სიტყვებს და ყოვლისშემძლე უფალს, რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ არად აგდებდა, ახლა დანდობას და გადარჩენას შესთხოვდა. მაშინ მივხვდი, რომ ყველა ადამიანში არის ღმერთი, რომელთანაც ის, როცა იქნება, მივა..."
ერთ ზაფხულს ფსკოვის ოლქში გვალვა იდგა. მამა ავლიპმა რაიკომში ნებართვა ითხოვა, ფსკოვში სალიტანიო მსვლელობის მოსაწყობად, რათა წვიმა გამოეთხოვათ ღვთისაგან.
- წვიმა რომ არ მოვიდეს? - იკითხა მოხელემ.
- მაშინ თავი მომძვრება, - უპასუხა არქიმანდრიტმა.
- რომ მოვიდეს?
- მაშინ თქვენ მოგძვრებათ.
ფსკოვში სალიტანიო მსვლელობის ნებართვა არ მისცეს. მონაზვნები ლოცულობდნენ მონასტერში, რაიკომის წევრები დასცინოდნენ.
- ლოცულობთ და წვიმა არსად ჩანსო.
- თქვენ რომ გელოცათ, წვიმა აუცილებად წამოვიდოდა, - უპასუხა მამა ავლიპმა.
მას მერე, რაც მონაზვნებმა სალიტანიო მსვლელობა მონასტრის შიგნით მოაწყვეს, გაწვიმდა, თუმცა პროგნოზით ღრუბლები სხვა მხარეს მიემართებოდნენ.
დასასრული შემდეგ ნომერში