წმინდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი- ხსენება 02 (15) მაისს
წმინდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი- ხსენება 02 (15) მაისს
წმინდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, ეკლესიის უდიდესი მამა და მართლმადიდებლობის ბურჯი, დაახლოებით 297 წელს იშვა ალექსანდრიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. მან მიიღო თავისი ეპოქისათვის შესაფერისი მაქსიმალური განათლება, როგორც კლასიკური, ასევე საღვთისმეტყველო.

მომავალი მღვდელმთავარი სიყრმიდანვე გაიცნო ალექსანდრიის პატრიარქმა წმინდა ალექსანდრემ.

ერთხელ პატარა ათანასე თანატოლებთან ერთად, ზღვის ნაპირზე თამაშობდა. ბავშვები იმას განასახიერებდნენ, რასაც ეკლესიაში ხედავდნენ, მღვდლებს თამაშობდნენ და საეკლესიო წესებს ასრულებდნენ. მათ თანატოლი წარმართების მონათვლა გადაწყვიტეს. ყრმა ათანასემ, რომელიც ბავშვებმა "ეპისკოპოსად" აირჩიეს, შეასრულა ნათლობის წესი და ზუსტად გაიმეორა ეკლესიაში ნათლობის დროს გაგონილი სიტყვები. მათ ალექსანდრიის მთავაერეპისკოპოსი ალექსანდრე ფანჯრიდან ჩუმად უყურებდა. შემდეგ ბავშვები და მათი მშობლები თავისთან მოიხმო, დიდხანს ესაუბრა მათ, მერე სამღვდელო პირებს მოეთათბირა და ბოლოს ნათლისღება აღსრულებულად ჩათვალა - მხოლოდ მირონცხების საიდუმლოს ჩატარება ბრძანა. ხოლო ბავშვების მშობლებს, რომლებიც სამღვდელონი იყვნენ, უბრძანა, რომ შვილები მომავალი მღვდლობისთვის გაეზარდათ. ათანასეს მშობლებს კი დაავალა შვილი ღვთისმოშიშად გაეზარდათ და კარგი განათლება მიეცათ, ხოლო როცა ამის დრო დაუდგებოდა, მასთან მიეყვანათ და ღვთისა და წმინდა ეკლესიისთვის მიეძღვნათ. 

მან მართლაც შესანიშნავი საერო განათლება მიიღო, იმდროინდელი ალექსანდრია, ამის საშუალებას იძლეოდა. მან ალექსანდრიელ მეცნიერთა წრეში ყოფნისას შეისწავლა სამართალი, გაეცნო წარმართ ბრძენთა ნაწარმოებებს, ბერძენ პოეტთა ნაწარმოებებს. მაგრამ უფრო მეტი დრო საღმრთო წერილის გულმოდგინე შესწავლას დაუთმო. მას ალექსანდრიის კატეხიზაციის სკოლის არაჩვეულებრივი მასწავლებლები ასწავლიდნენ. თავისი განსწავლა კი იმდროინდელ მოსაგრეებთან ურთიერთობით სრულ ჰყო, ბევრჯერ უნახავს მას ანტონი დიდი, "გარკვეული დროის მანძილზე ემსახურებოდა ამბა ანტონს და ხელებზე წყალს უსხამდა". ათანასესაც ასკეტური ცხოვრების გამო ანტონი დიდის მოსაგრედ თვლიდნენ. როცა ათანასემ საკმაოდ კარგად შეისწავლა მეცნიერებები და გაიფართოვა გონებრივი თვალსაწიერი, მისმა მშობლებმა ის მთავარეპისკოპოს ალექსანდრეს მიუყვანეს და ღმერთს მიუძღვნეს. 

პატრიარქი აკვირდებოდა ყრმა ათანასეს სულიერ ზრდას, ჯერ მკითხველად დაადგინა, შემდეგ კი, 319 წელს, დიაკვნადაც აკურთხა.

ამ დროს დაწერა წმინდანმა პირველი საღვთისმეტყველო თხზულებანი: "წარმართთა წინააღმდეგ" და "განხორციელებისათვის". ალექსანდრიის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ათანასე, ფაქტობრივად, მდივნად განაწესა თავის ეპარქიაში. ე.ი. დიაკვნობის შემდგომ ათანასემ მდივნის მოვალეობაც იტვირთა და შეითავსა. შწორედ ამ ხარისხით, ამ თანამდებობით ახლდა ათანასე ალექსანდრეს ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე. სხვა საკითხების გარდა, კრების უმთავრესი განსახილველი საკითხი არიოზის ერესის დაგმობის საკითხი იყო. პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მდივნის სტატუსითა და დიაკვნის ხარისხით წარმოდგენილი ათანასე ალექსანდრიელი უკვე მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება ეკლესიისა, რომელსაც შემდგომში უნდა გაეთქვა სახელი არიანელებთან გაბედული და თანმიმდევრული ბრძოლით.

არიოზი და მისი ცრუ სწავლება

დაახლოებით 318 წელს ალექსანდრიელმა მღვდელმა არიოზმა ჩამოაყალიბა ცრუ მოძღვრება, რომელსაც შემდეგში არიანელობა დაერქვა. არიოზი, კადნიერად უარყოფდა ქრისტეს ღმერთობასა და დაუსაბამობას.

იგი ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტე ღმერთის თანაარსი კი არ არის, არამედ მისი მსგავსია. მამა ღმერთი მარადიული და უცვლელია, ხოლო ქრისტე (სიტყვა, ლოგოსი) შექმნილია და მამა ღმერთთან შედარებით ნაკლებ სიბრძნეს ფლობს. არიოზი დაბადებულა ლიბიაში, დაახლოებით 256 წელს, მისი ცხოვრების პირველი წლების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ უნდა ესწავლა ლუკიანეს ანტიოქიელის სკოლაში, სადაც გაიცნო ასტერიოს კაპადოკიელი და ევსები ნიკომიდიელი.

IV ს.­ის დასაწყისში ჯერ ეკამათებოდა ალექსანდრიის ეპიკოპოს პეტრეს, შემდეგ კი მასვე დაუახლოვდა და მისგანვე ეკურთხა დიაკვნად დაახლოებით 311 წელს. გადმოცემით, პეტრე ალექსანდრიელმა წინასწარ განჭვრიტა, თუ ვინ იქნებოდა არიოზი ქრისტეს ეკლესიისთვის. მას ესიზმრა ყრმა იესო თავიდან ბოლომდე გახეული კვართით.

- უფალო, ვინ გაკადნიერდა და შეეხო შენს სამოსს? - ჰკითხა პეტრემ.

- არიოზმა გახია იგი, - მიუგო უფალმა.

ეს მოხდა დიდი ხნით ადრე, სანამ არიოზი თავისი ერესის გავრცელებას დაიწყებდა.

პეტრე მოწამებრივად აღესრულა, მისმა მემკვიდრე აქილემ არიოზი პრესვიტერის ხარისხში აიყვანა და ალექსანდრიის ერთ­ერთი მნიშვნელოვანი ტაძარი ჩააბარა. განსწავლულმა და მკაცრი ცხოვრების მიმდევარმა არიოზმა სახელი გაითქვა.

მას ძლიერი გავლენა ჰქონდა და ეპისკოპოსად არჩევაც ეიმედებოდა, მაგრამ აქილეს მემკვიდრედ აირჩიეს ალექსანდრე და არა ის. არიოზმა არ გაამჟღავნა უკმაყოფილება და ეპისკოპოსს დაუახლოვდა.

ერთხელ, როდესაც მათი საუბარი შეეხო ყოვლადწმიდა სამებას, არიოზმა დაიწყო ალექსანდრეს მხილება და ერესისკენ მიდრეკაში დაადანაშაულა. გამოთქვა აზრი, რომ იესო ქრისტე არ არის მარადიული და დაუსაბამო, რომ იყო ჟამი, როდესაც ის არ არსებობდა; რომ ის ღმერთია მხოლოდ სახელით და არა არსით, რადგან ქმნილებაა მამა ღმერთისა. ამ მკრეხელობამ შეაძრწუნა ალექსანდრე. სცადა, არიოზისთვის ასეთი შეხედულებების მცდარობა დაემტკიცებინა და სასაუბროდ ხშირად იწვევდა; გარდა ამისა, სხვა სასულიერო პირებთან ერთად მსჯელობდა და გმობდა მის თვალსაზრისს. ამ ყოველივეს ალექსანდრე თავშეკავებით აკეთებდა, რადგან კეთილი და მშვიდობისმოყვარე ადამიანი იყო. არიოზი კი ალექსანდრეს ყველგან ერეტიკოსს ეძახდა; თან, ჯიუტად ავრცელებდა თავის სწავლებას, ქადაგებდა ეკლესიაშიც და საზოგადოებაშიც. ის მჭევრმეტყველი და მიმზიდველი მოსაუბრე იყო, რითაც მოხიბლა ძალიან ბევრი, რომელთაც გაიზიარეს მისი შეხედულებები. როდესაც ალექსანდრემ დაინახა, თუ როგორ ვრცელდებოდა ბოროტება, 318 წელს მოიწვია კრება ასზე მეტი ეპისკოპოსის მონაწილეობით. კრებამ ერთსულოვნად დაგმო ცრუსწავლება და განკვეთა არიოზი. მაგრამ იგი არ დაემორჩილა განჩინებას, საჯაროდ გამოთქვამდა უკმაყოფილებას, თითქოს უკანონოდ დასაჯეს, ამან კი ალექსანდრიაში დიდი მღელვარება გამოიწვია. არიოზი მრავალ ეპისკოპოსს სწერდა წერილებს, რომლებშიც თავს უდანაშაულო მსხვერპლად წარმოაჩენდა და რამდენიმე გავლენიანი მფარველის შეძენაც მოახერხა.

თავის მხრივ, ალექსანდრესაც ჰქონდა მიმოწერა და წმინდა წერილზე დაყრდნობით ამხელდა ცრუსწავლებას, ენციკლურ ეპისტოლეებში აღმოსავლეთის ყველა ეპისკოპოსს სთხოვდა თანადგომას საშიში ერესის დასამხობად.

არიოზმა ალექსანდრია დატოვა და თავისი ერესი პალესტინას, მთელ ეგვიპტესა და ლიბიას მოჰფინა.

ზოგ ეპისკოპოსს თავისი სწავლების ბუნდოვანებით უხვევდა თვალებს, ზოგი მჭევრმეტყველებით მოხიბლა; თან ყველას აცოდებდა თავს - თითქოს უსამართლოდ დევნიდნენ. ექვსი წლის განმავლობაში იმდენს მიაღწია, რომ მთელი აღმოსავლეთი ააღელვა. კამათში მარტო სასულიერო პირები არ მონაწილეობდნენ; ხალხი ჯგუფებად დაიყო, დედაკაცების უმრავლესობამ არიოზს დაუჭირა მხარი.
თებაიდის უდაბნოში, განდეგილთა მდუმარე სავანეებში თუ ქალაქების ხალხმრავალ მოედნებზე გაისმოდა ცხარე კამათი ქრისტეს ღმერთობასა და დაუსაბამობაზე, თავს იჩენდა შეურიგებელი დაპირისპირებანი. წარმართები ზეიმობდნენ, როდესაც ხედავდნენ ქრისტიანთა უთანხმოებებს და დასცინოდნენ კიდეც.

არიოზს მფარველობდა აღმოსავლეთში ერთ­ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი ევსები ნიკომიდიელი, რომელმაც მცირე კრება მოიწვია ბითვინიაში და, მიუხედავად ალექსანდრიის კრების გადაწყვეტილებისა, ისევ მიიღო ეკლესიის ერთობაში არიოზი, რომელიც თავის მიმდევრებთან ერთად დაბრუნდა ალექსანდრიაში და განაახლა მოღვაწეობა.

ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება

როგორც ხედავთ, არიოზის ერესმა მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

325 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინე I­-მა მოიწვია პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. სხვა საკითხების გარდა, კრების უმთავრესი განსახილველი საკითხი არიოზის ერესის დაგმობა იყო. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ: დოგმატური საკითხი, რომელიც ნიკეის კრებაზე მამების ყურადღებას იქცევდა, შემდეგი იყო: მივიჩნიოთ თუ არა ძე ღმრთისა ღმერთად, რომელიც თანასწორი იქნება მამა ღმერთისა, თუ ვაღიაროთ იგი ქმნილებათა შორის სრულყოფილად ან კიდევ მივიჩნიოთ ღმერთად, მაგრამ ღირსებით არათანასწორად მამისა.

კრებაზე ერთ მხარეს იდგნენ ალექსანდრე ალექსანდრიელი, დიაკონ ათანასესთან ერთად, ევსტაფი ანტიოქიელი, ოსია კორდუბელი, სპირიდონ ტრიმიფუნტელი, ნიკოლოზ მირონ­ლუკიის მთავარეპისკოპოსი და ათანასე დიდი, ხოლო მეორე მხარეს - არიოზის "დამცველები":- ევსები ნიკომიდიელი, თეოგნიუს ნიკეელი, თეონა მარმარისელი და სეკუნდ პტოლემაიდელი.

შუალედური პოზიცია ევსები კესარიელის დაჯგუფებას ეკავა, რომელიც შემდეგში ნახევრად არიანელების სახელით გახდა ცნობილი, ევსები სუბორდინაციის თეორიას ემხრობოდა, ანუ ძე ღვთისას ღმერთად კი მიიჩნევდა, მაგრამ მის ღვთაებრიობას მამა ღმერთის ღვთაებრიობის თანასწორად არ თვლიდა მათი აზრით, ძე დაქვემდებარებულია მამას.

კრების საზეიმოდ გახსნამდე ეპისკოპოსები ხშირად იკრიბებოდნენ წინასწარ მოსათათბირებლად, უხმობდნენ არიოზს და ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ საკუთარი შეხედულებების მცდარობაში. ასეთ თათბირებზე დასწრება უცხო პირებსაც შეეძლოთ.

ერთხელ ერთმა წარმართმა ფილოსოფოსმა დაიწყო ქრისტიანული სწავლების განქიქება. სპირიდონი საპასუხოდ წამოდგა, რამაც ბევრი შეაშფოთა, რადგან იცოდნენ, რომ ის უწიგნური ადამიანი იყო. სამაგიეროდ, თავმდაბალ მღვდელმთავარს რწმენა ძლიერი ჰქონდა და მასთან თანამყოფობდა ჭეშმარიტებაში დამმოძღვრავი სულიწმიდა. მან მტკიცე ხმით მიმართა ფილოსოფოსს:

"სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა, მისმინე. ერთ არს ღმერთი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა და არახილულთა, რომელმაც ყოველივე შექმნა სიტყვით... სიტყვას სხვაგვარად ძე ღვთისა და ღმერთი ეწოდება. მან ლმობიერება გამოიჩინა ადამიანებისადმი, კეთილინება დედაკაცისაგან შობა, კაცთა შორის ცხოვრება, ვნება და სიკვდილი ჩვენს გადასარჩენად. იგი აღდგა და აღდგომა უბოძა მთელ კაცობრიობას და კვლავაც მოვა, რათა მართლად განსაჯოს ყველა და თითოეულს საკადრისი მიაგოს. ეს გვწამს გამომძიებლობის გარეშე.

ამრიგად, ნუ შეიწუხებ ამაოდ თავს და ნუ ეცდები სარწმუნოების ჭეშმარიტებათა დარღვევას, ნუ გამოიძიებ, იყო ასე ეს თუ არა - ეს ყოველივე კაცობრივ გონებას აღემატება. უბრალოდ მიპასუხე, გწამს თუ არა?" ფილოსოფოსი დუმდა.

- გწამს თუ არა? - ჩაეკითხა სპირიდონი.

- მწამს! - სრულიად მოულოდნელად მიუგო ფილოსოფოსმა. მოგვიანებით ის ამბობდა, რომ სპირიდონის სიტყვებში მან რაღაც მისთვის უცნობი და უძლეველი ძალა შეიგრძნო, რომელმაც ქრისტიანობის ჭეშმარიტება შეაცნობინა.

ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება გაიხსნა 325 წლის 19 ივნისს, საიმპერატორო სასახლის ერთ­ერთ ყველაზე დიდ დარბაზში. კრებას 2000­ზე მეტი კაცი ესწრებოდა, 318 ეპისკოპოსი და თავად იმპერატორიც.

დაიწყო პაექრობა: არიოზი ჯიუტად იცავდა თავის სწავლებას, რასაც აშკარად მხარს უჭერდა ჩვიდმეტამდე ეპისკოპოსი. აქ ყველას განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ალექსანდრიის ეპისკოპოსთან ერთად ჩასულმა ახალგაზრდა დიაკონმა ათანასემ (მომავალში ათანასე დიდი). ის უბადლო მჭევრმეტყველი იყო. მისმა მახვილგონივრულმა და ზუსტმა პასუხებმა გააცამტვერა არიანელთა არგუმენტები.

მართლმადიდებლები, ისევე როგორც დღეს, მაშინაც თვლიდნენ, რომ წმინდა სამების საიდუმლო აღემატება ყოველგვარ გონსა და სიტყვას და სრულიად მიუწვდომელია. იგი მხოლოდ რწმენით შეიმეცნება, ასევე მსჯელობდნენ ძე ღმერთის ჰიპოსტასზეც, რომლის არსის განუსაზღვრელობა წმინდა წერილით საბუთდება: "არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არც მამაი ვინ იცის, გარნა ძემან". (მთ.11,27). მათ სწამდათ (და სწამთ ახლაც), რომ ძე ღმერთი ისეთივე სრულყოფილი ღმერთია, როგორიც მამა და ასწავლიდნენ: "ქრისტემ თქვა: მე და მამაი ჩემი ერთ ვართ" (ინ 10.30). ამ სიტყვებით მაცხოვარი იმას კი არ გადმოგვცემს, რომ ორი ბუნება ერთ ჰიპოსტასს წამოადგენს, არამედ იმას, რომ ძე ღმრთისა ზუსტად და სრულყოფილად იმარხავს და იცავს მისი და მამის ბუნების იგივეობას.

პაექრობა ცხარე და შეუვალი იყო. კონსტანტინე ცდილობდა, მთელი თავისი გავლენის გამოყენებას მხარეთა დასაშოშმინებლად და მშვიდობიანი გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ამაოდ. დავის გაგრძელებასთან ერთად თანდათან ცხადი ხდებოდა, თუ რაოდენ დაშორდნენ არიანელები ჭეშმარიტებას. წაიკითხეს რამდენიმე ნაწყვეტი არიოზის თხზულებიდან და სარწმუნოების არიანული აღიარება, რამაც უდიდესი გულისწყრომა გამოიწვია. კრებამ ეს ნაწერები დახია.

არიანელები მიხვდნენ, რომ საკუთარი სწავლების დაუფარავად გადმოცემა საყოველთაო მრისხანებას იწვევდა და იცბიერეს - შეეცადნენ, მოწინააღმდეგენი გამონათქვამთა ბუნდოვანებით ჩაეგდოთ ცდომილებაში - ხან თითქოს ეთანხმებოდნენ მართლმადიდებლების აზრს, შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ გამოთქმულს სულ სხვა, საიდუმლო მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ა.შ. ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მართლმადიდებლებმა გადაწყვიტეს, წერილობით გადმოეცათ სარწმუნოების აღსარება. ეს იქნებოდა ეკლესიის სწავლების არსი მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეზე.

შეადგინეს სარწმუნოების სიმბოლო და ყველას შესთავაზეს მასზე ხელმოწერა თანხმობის ნიშნად. კრებაზე წმინდა ათანასეც ამხელდა არიოზის ერესს, მანვე მოითხოვა სარწმუნოების სიმბოლოში დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება: "ერთარსი მამისა", რაზეც დიდხანს არ თანხმდებოდნენ არიოზის მიმდევრები.

მას მცდარ ტერმინად მიიჩნევდნენ - იგი არსად გვხვდება წმინდა წერილშიო. ბოლოს, ჩვიდმეტ არიანელ ეპისკოპოსთაგან დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა სიმბოლოს. მართლმადიდებელთა სასარგებლოდ კრებაზე გამოჩენილი აქტიურობისთვის აშკარა და ფარულმა არიანელებმა მოიძულეს წმინდა ათანასე და მთელი სიცოცხლის მანძილზე დევნიდნენ მას.

კრებაზე არიოზის სწავლება საჯაროდ დაგმეს, თავად არიოზი კი დაამხეს და ილირიაში განდევნეს თავის რამდენიმე თანამზრახველთან ერთად. მთავარი სადავო თემის მოგვარების შემდგომ კრება სხვა საკითხების განხილვასაც შეუდგა.

და მაინც, კრების მთავარი, უდიდესი საქმე - სარწმუნოების სიმბოლო, წარმოადგენდა მთელი ეკლესიის სარწმუნოების ცხად და გარკვეულ გადმოცემას. იმთავითვე თითქმის ყველა ერეტიკული სწავლება ეხებოდა უფალ იესო ქრისტეს პიროვნებას და მის დამოკიდებულებას მამა ღმერთისადმი.
სამი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა ეკლესია ყველა ცრუსწავლებას, განაქიქებდა მათ უფლისა და მისი მოციქულების მიერ ნაბოძები ჭეშმარიტი სწავლებით. ახლა მთელი ეკლესიის სარწმუნოება ერთსულოვნად იქნა გამოხატული ნიკეის სიმბოლოში.

წმინდა ათანასეს ალექსანდრიის ეპისკოპოსად ხელდასხმა

არიოზი საკუთარი შეხედულებების ერთგული დარჩა. მან აღმოსავლეთში დაიწყო თავისი სწავლების გავრცელება და ბევრი მომხრე ჰყავდა. არიანელობა შედარებით სირიაში, თრაკიასა და პონტოში ბატონობდა.

მისი ცენტრი კი სირიის ანტიოქია იყო. არიანული დოგმატები სათავეს აქედან იღებდნენ. არიოზს მომხრეები იმპერიის უმაღლეს წრეებშიც ჰყავდა. არიანული დაჯგუფებები მიიმალნენ უფრო ხელსაყრელ გარემოებათა მოლოდინში და მალე ახალი არეულობებიც წამოიწყეს.
ნიკეის კრება დაახლოებით ორ­ნახევარ თვეს გრძელდებოდა. მისი დასრულების შემდეგ იმპერატორმა თავისთან იხმო ეპისკოპოსები და დაბეჯითებით სთხოვა, ეზრუნათ ერთსულოვნებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. დაუბრუნდნენ რა თავიანთ ეპარქიებს, მღვდელმთავრებმა კრების კანონები მსოფლიო ეკლესიებს აუწყეს.

კრების ერთ­ერთ მთავარ მონაწილეს, ეპისკოპოს ალექსანდრეს, ალექსანდრიაში დაბრუნების შემდეგ ხუთი თვეც აღარ უცოცხლია. ღრმად მოხუცმა სიკვდილის წინ ისურვა, მის ადგილზე აერჩიათ ჭაბუკი ათანასე. ათანასე ამ დროს ალექსანდრიაში არ იყო. მომაკვდავმა ალექსანდრემ იქ შეკრებილთ თვალი მიმოავლო და თქვა: "ათანასე, ათანასე, შენ ფიქრობ რომ გაიქცევი? არა, ვერ გაიქცევი". ათანასე მართლაც ვერ გაექცა ეკლესიის წევრთა სურვილს. 339 წლის ადგილობრივი კრების აქტები ასე აღწერენ ამ ამბავს: "მთელი ხალხი, ყველა, ვინც მსოფლიო ეკლესიის წევრად ითვლებოდა, ერთად შეკრებილიყო და ერთსულოვნად, თითქოს ერთ სხეულად შეკრული მოითხოვდა ეკლესიის ეპისკოპოსად დადგინებას, და ამას შესთხოვდნენ ქრისტეს მრავალი დღისა და მრავალი ღამის განმავლობაშიო". 

როგორც უკვე ითქვა, ნიკეის კრებაზე ათანასე არიანული ერესის შეუვალ მოწინააღმდეგედ წარმოჩნდა. ამიტომ იყო, რომ ალექსანდრიის ეკლესიამ იგი ერთსულოვნად აირჩია ეპისკოპოსად, თუმცა თავად დიდხანს უარობდა, თავს უღირსად მიიჩნევდა ამ წოდებისთვის, ეშინოდა - ვაითუ, სათანადოდ ვერ შეესრულებინა ეპისკოპოსის მძიმე მოვალეობა.

მაგრამ ბოლოს დაჰყვა საერთო სურვილს და მთელი თავისი მოღვაწეობით სრულიად გაამართლა მხარდამჭერთა ნდობა. 28 წლის ათანასეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

46 წელი დაჰყო წმინდა ათანასემ ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსად და გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი იყო "მთელი მსოფლიოს ეკლესიის წინამძღვარი". წმინდა გრიგოლი მასზე ბრძანებს: "ენერგიული და ამავე დროს ტაქტითა და გონიერებით სავსე, მკაცრი და ამავე დროს თანაგრძნობით გამსჭვალული, დიდებული, ღირსეული, გენიალურობით და მახვილგონიერებით გამორჩეული, მაგნიტივით მიმზიდველი და ალმასივით მტკიცე - იგი თავის მაღალი მდგომარეობით ყოველგვარი თავმოწონების გარეშე სარგებლობდა, სუსტებთან ფაქიზი იყო, მოგზაურებთან სტუმართმოყვარე, მთხოვნელებთან - კეთილი, ყველასთვის მისაწვდომი, მრისხანებაში სულგრძელი, სასიამოვნო საუბარი ჰქონდა, სარწმუნო სიტყვა, საქმეში დაუღალავი, ღვთისმსახურებაში მოშურნე, მზად იყო ყველა ფენის და ყველა ასაკის ქრისტიანების დასახმარებლად".

მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა: რამდენჯერმე განიდევნა ალექსანდრიიდან, ბევრჯერ თავად განერიდა მის მოსაკლავად აღძრულ არიოზის მიმდევრებს და უდაბნოს შეაფარა თავი; 20 წელი იყო წმინდანი დევნილობაში: ხან ბრუნდებოდა სამშობლოში, ხან იმალებოდა.

მღვდელმთავრად ნაკურთხმა წმინდა ათანასემ პირველ რიგში ეგვიპტისა და პენტაპოლისის შემოვლა გადაწყვიტა. მოინახულა თებაიდაც, იქაური მეუდაბნოე მამები, წმინდა პახუმის მონასტერი. წმინდა პახუმი იმის შიშით, რომ ეპისკოპოსად არ ეკურთხებინა, მონაზვნებს შეერია, მხოლოდ წმინდა ათანასეს გამგზავრების წინ გამოეყო ძმებს და წინასწარმეტყველურად წარმოთქვა: "ესაა ღმრთის კაცი, რომელსაც მრავალი ჭირის დათმენა მოუწევს ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის".

ეკლესიისთვის შფოთიან და რთულ პერიოდში ალექსანდრიის დიდი ეპისკოპოსი ათანასე მუდამ მედგრად ემსახურებოდა ჭეშმარიტებას.
კონსტანტინე ზრუნავდა ქრისტიანობაზე, ყველგან იგებოდა ბრწყინვალე ტაძრები. დედამისი, დედოფალი ელენე, რომელიც დიდი ხნის ქრისტიანი იყო,
გაემგზავრა პალესტინის მოსანახულებლად, სადაც ცხოვრობდა და ეწამა მაცხოვარი.

შვილის დავალებით, მან ტაძრების აგება ბრძანა ამ წმინდა მიწაზე, სახარებისეული მოვლენებით ცნობილ ადგილებზე, რომელთა სახელების მეხსიერებიდან ამოძირკვასაც ცდილობდნენ ქრისტიანთმოძულე წარმართები. მათ ქრისტეს საფლავის მღვიმე მიწით ამოავსეს და ზედ საკერპო აღმართეს. წარმართთა ღმერთების გამოსახულებები დაიდგა, აგრეთვე, გოლგოთაზე და ბეთლემის მღვიმის თავზე. ელენეს ბრძანებით, ბომონები დაანგრიეს, კერპები დაამხეს და უფლის საფლავის მღვიმე გაასუფთავეს.

კონსტანტინემ სწორედ მღვიმის მახლობლად ჩაუყარა საძირკველი ქრისტეს აღდგომის ტაძარს. იერუსალიმის ეპისკოპოს მაკარის და პალესტინის მმართველს სწერდა, ნაგებობის ბრწყინვალედ შესამკობად ფული არ დაეზოგათ. ეკლესიები აიგო ელეონის მთაზე, ბეთლემის მღვიმის თავზე, მამრეს მუხნარად წოდებულ ადგილას, სადაც უფალი გამოეცხადა აბრაამს.

ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს. ხანგრძლივი ძიების შემდეგ აღმოაჩინეს მიწაში ჩამარხული სამი ჯვარი
და წარწერიანი დაფა. მაგრამ უნდა გაეგოთ, ამ ჯვართაგან რომელზე მიამსჭვალეს უფალი. ეპისკოპოსის რჩევით, ეს ძელები რიგრიგობით შეახეს ერთ სნეულ დედაკაცს, რომელიც უფლის ჯვრის მიკარებისთანავე გამოჯანმრთელდა, ხოლო მიცვალებული, რომელსაც სასაფლაოზე მიასვენებდნენ, ცხოველმყოფელი ძელის შეხებისას გაცოცხლდა.

ამ სასწაულებმა ყოველგვარი ეჭვი გაფანტა - წმინდა ჯვარი აღმართეს შემაღლებულ ადგილზე და ქრისტიანებმა თაყვანი სცეს აღფრთოვანებული შეძახილებით: "უფალო, შეგვიწყალენ!"

ბევრი წარმართი და იუდეველი გაქრისტიანდა. იუდეველთაგან ერთ­ერთი მოქცეული შემდგომ იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა კვირიაკოსის სახელით. "ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვრისა" მოხდა 326 წელს.

ამ მოვლენას მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად 14 სექტემბერს აღნიშნავს.

ელენემ შვილს საჩუქრად წაუღო წმინდა ჯვრის ნაწილი და მასთან ერთად ნაპოვნი სამსჭვალები. ჟვრის დარჩენილი ძელი კი ჩაასვენეს ვერცხლის სანაწილეში და კრძალვით ინახავდნენ იერუსალიმში. დიდ პარასკევს, როგორც წესი, მას გოლგოთაზე მიასვენებდნენ და თაყვანს სცემდნენ.
ათანასეს დევნა არიანელებისაგან და გადასახლება ტრირში

დედოფალ ელენეს გარდაცვალების შემდგომ კონსტანტინე ძალიან დაუახლოვდა თავის დას, კონსტანციას, რომელიც არიანელთა ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მან, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარემ, დაარწმუნა იმპერატორი, რომ არიოზი უსამართლოდ იყო დასჯილი და სთხოვა, გადასახლებიდან დაებრუნებინა არიოზიც და მისი განდევნილი მომხრეებიც, მათ შორის: ევსები ნიკომიდიელი, ევსები კესარიელი, თეოგნოსტე ნიკიელი. ისინი, მართალია, განუდგნენ ცრუსწავლებას, მაგრამ ფარულად მაინც მფარველობდნენ არიანელებს. ევსები ნიკომიდიელმა ძლიერი გავლენა მოიპოვა საიმპერატორო კარზე.

ამ ცბიერ და ვერაგ ადამიანს სძულდა მართლმადიდებლები და ყოველნაირად ცდილობდა მათ წინააღმდეგ კონსტანტინეს ამხედრებას.

336 წელს საიმპერატორო კარმა მიიწვია არიოზი კონსტანტინოპოლში. არიოზმაც მოახერხა მმართველის დარწმუნება, რომ განუდგა თავის ცდომილებებს.
კონსტანტინეს გულწრფელად აწუხებდა ქრისტიანთა შორის უთანხმოებები, ამიტომ გაახარა არიოზის ნათქვამმა, დაუჯერა და ათანასეს მოსთხოვა მისი მიღება ალექსანდრიის ეკლესიაში. მაგრამ ათანასე კარგად იცნობდა არიოზს და მისდამი უნდობლობის მიზეზიც ჰქონდა, ამიტომ მტკიცე უარი განაცხადა, ეკლესიაში მიეღო კაცი, რომელიც ქრისტეს ღმერთობას უარყოფდა. კონსტანტინე ათანასეს პატივს სცემდა და ძალა არ დაუტანებია; სამაგიეროდ, არიანელმა ეპისკოპოსებმა, რაკი ათანასე თანამოაზრედ ვერ გაიხადეს, მისი დაღუპვა განიზრახეს.

ვიდრე ათანასე ალექსანდრიაში იყო, არიანელები ვერ მოისვენებდნენ. თავიანთ უძლიერეს მეტოქედ სწორედ მას თვლიდნენ, მისი ეშინოდათ, აშფოთებდათ მისი გავლენა მთელ ეგვიპტეზე.

ალექსანდრიის ეპისკოპოსს ასზე მეტ ეპარქიაზე მეთვალყურეობა ევალებოდა და ეგვიპტის მთელი სასულიერო დასი ათანასეს მხურვალე ერთგული იყო. ამიტომ მიმართეს ყველა საშუალებას არიანელებმა მის წინააღმდეგ:

რაკი იცოდნენ, რომ მართლმადიდებლობის უმთავრესი საყრდენი წმინდა ათანასე იყო, არიოზმა და მისმა მომხრეებმა ინტრიგების მთელი წყება დაუპირისპირეს წმინდანს. ამის მოთავე ევსევი ნიკომიდიელი იყო. მან ფულით მოისყიდა მელეტიანელები და მათ მრევლისაგან ფულისა და ძვირფასეულობის გამოძალვა დააბრალეს წმინდანს, ამას სხვა ცრუ ბრალდება მოჰყვა: თითქოს იგი ფულს უგზავნიდა იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებულ ვინმე ფილუმენს, ანგარიაო და თავის მეგობარს ფულით სავსე სკივრი გაუგზავნა შესანახადო. ამ ბრალდებებს დაუმატეს მარსიოტელი ცრუ მღვდლის ისხარის ბრალდება. იგი მღვდელი არ იყო. ჯერ კიდევ წმინდა ალექსანდრეს დროს ვინმე კოლუფმა თავს ეპისკოპოსი უწოდა და მან "აკურთხა" ისხარი მღვდლად. 324 წელს ალექსანდრიის კრებამ დაამხო თვითმარქვია კოლუფი და ყველა მისი დადგენილება არასწორად მიიჩნიეს. მიუხედავად ამისა, ისხარი "მღვდლობას" განაგრძობდა და ათასგვარ უწესობას ჩადიოდა. წმინდა ათანასემ საქმის გამოსაძიებლად მარსიოტში დეკანოზი მაკარი გაგზავნა, ისხარს დაკითხვის შეეშინდა და თავი ნიკომიდიას შეაფარა, თან გაიძახოდა, თითქოს წმინდა ათანასეს ბრძანებით, მაკარი თავს დაესხა წირვისას, ხელიდან ბარძიმი გააგდებინა და ტრაპეზი დაანგრია.

ათანასემ იოლად გაიმართლა თავი ამ შეთითხნილი ბრალდებებისგან და იმპერატორმაც იგი პატივით გაუშვა - "ის ღვთის კაცია, შურის გამო დასწამეს ცილი, მაგრამ მაძაგებლებზე ამაღლებული აღმოჩნდა", - ამბობდა კონსტანტინე.


ამ მარცხმა უფრო გააბოროტა არიანელები და ცოტა ხანში ათანასეს ისევ წაუყენეს ახალი, მაგრამ ამჯერად არა სარწმუნოებასთან დაკავშირებული
ბრალდებები. მათ დაარწმუნეს იმპერატორი კონსტანტინე, რომ ათანასეს მის მტრებთან ჰქონდა მუდმივი ურთიერთობა; დააბრალეს მკრეხელობა, ბოლოს განაცხადეს, რომ თითქოს ათანასემ მოკლა ერთი მელეტიანელი ეპისკოპოსი - არსენი, რომელსაც მანამდე ჯადოქრობის აღსრულების მიზნით ხელი მოჰკვეთა.

კონსტანტინე დაიყოლიეს, რომ ალექსანდრიის ეპისკოპოსის განსასჯელად მოეწვია კრებები ჯერ კესარიაში, შემდეგ ტვიროსში. კრებაზე თავმოყრილთაგან უმეტესობა ბრალდებულის მტერი იყო, თუმცა გამოჩნდნენ ეპისკოპოსებიც, რომლებმაც უშიშრად დაუჭირეს მხარი ათანასეს. აღმსარებელმა პოტამონმა, რომელმაც სასტიკი ტანჯვა გადაიტანა დევნის დროს, თავი ვერ შეიკავა აღშფოთებისგან, როდესაც კრების დამსწრეთა რიცხვში ევსები კესარიელი იხილა და დაუყვირა:

- "შენ უნდა განსაჯო უდანაშაულო ათანასე?! მე და შენ დევნის დროს დილეგში ერთად ვისხედით. მე ჭეშმარიტების დასაცავად თვალი დავკარგე, შენ კი სადა გაქვს იარები, როგორ დააღწიე თავი საპყრობილეს?!" დაბნეულმა ევსებიმ პასუხი ვერ გასცა და კრება დატოვა.
მეორე ცნობილმა აღმსარებელმა პაფნუტიმ კრებაზე მაქსიმე იერუსალიმელს უთხრა: "ჩვენ ერთად ვიტანჯეთ ჭეშმარიტებისთვის. განა ჯეროვანია, უკეთურთა თათბირში მივიღოთ მონაწილეობა?!" და ორივემ დატოვა იქაურობა.

ათანასეს დიდხანს ვერაფერი მოუხერხეს - იგი იოლად ამხელდა ყველა უსამართლო ბრალდებას. მხოლოდ ერთის გაქარწყლება გაუჭირდა - ეს იყო არსენის მკვლელობის ცილისწამება, რაკი ეს უკანასკნელი ვერსად იპოვეს. ორი წლის შემდეგ ათანასეს მეგობრებმა ტვიროსში ნახეს არსენი, რომელსაც არიანელთა რისხვისა ეშინოდა და თავს სხვა ადამიანად ასაღებდა. ამჯერად კი ვეღარ დაიმალა, რადგან ტვიროსის ეპისკოპოსმა იცნო.

სწორედ ამ დროს ტვიროსში ახალი კრება მიმდინარეობდა ათანასეს განსასჯელად. მისმა მტრებმა დანაშაულის უტყუარ დადასტურებად ზარ­ზეიმით
წარმოადგინეს თითქოსდა არსენის მოჭრილი, გამხმარი ხელი, რომელიც ვითომ ათანასესთან იპოვეს. მან მშვიდად მოისმინა ბრალდება და ერთ­ერთ თანმხლებს რაღაც ანიშნა. ისიც გავიდა, მალევე შემობრუნდა და თავიდან ფეხებამდე მოსასხამში გახვეული ადამიანი შემოიყვანა. "დამსწრეთაგან ვინმე პირადად თუ იცნობს არსენს?" - იკითხა ათანასემ.


ბევრმა თანხმობით უპასუხა. მაშინ მან მოსულს სახე გამოუჩინა და ჰკითხა:

"შენ არ ხარ ის არსენი, რომელიც მოვკალი და ხელი მოვკვეთე?!" შემდეგ მოსასხამი შემოხსნა, მისი ორივე ხელი აჩვენა დამსწრეებს და თქვა: "აი, ორივე ხელი, რომელიც მას უფალმა მისცა. დაე, ბრალმდებლებმა მითხრან, საიდან გააჩინეს მოკვეთილი მესამე".

ენით აუწერელი იყო ათანასეს მტრების გაცოფება - აშკარა ცილისწამებაში მხილებულნი ეცნენ მას და დაახრჩობდნენ კიდეც, მმართველთან დაახლოებულ დიდებულს რომ არ გამოეგლიჯა ხელიდან. მაგრამ მტრებს არც ამჯერად გადასწურვიათ ათანასეს დაღუპვის იმედი - ჯგუფი გაგზავნეს ეგვიპტეში მისი საწინააღმდეგო სამხილების შესაგროვებლად.

ეგვიპტის ეპისკოპოსები - ათანასეს თავგამოდებულ მომხრეთა სასულიერო დასი ალექსანდრიისა, ამაოდ ცდილობდა ათანასეს სიმართლის დამამტკიცებელი საბუთების წარდგენას. ყველაფერი, რაც მის სასარგებლოდ გამოდგებოდა, მტრებმა საგულდაგულოდ გადამალეს, ხოლო ხალხს ცრუ ჩვენებების მიცემას წამებითა და მუქარით აიძულებდნენ. როდესაც ათანასე დარწმუნდა, რომ მართალი სამსჯავროს იმედი არ უნდა ჰქონოდა, ფარულად გაეცალა ტვიროსს და კონსტანტინოპოლში ჩავიდა.

ერთხელ, კონსტანტინე თავისი დედაქალაქის ქუჩებში დადიოდა, უცებ ვიღაც მივიდა, ცხენს აღვირში სწვდა და შეაჩერა. ეს იყო ათანასე, რომელმაც იმპერატორს მიმართა: "მე სამართალს ვითხოვ. დაე, ღმერთი ჩადგეს ჩვენ შორის მსაჯულად, თუ ჩემს ცილისმწამებლებს მიენდობი". იმპერატორი თავიდან გაწყრა და გზის გაგრძელება დააპირა, მაგრამ ათანასემ განაგრძო: "მხოლოდ ერთს გთხოვ, მოუხმე და მოუსმინე ჩემს ბრალმდებლებს".


ხელისუფალმა თხოვნა სამართლიანად მიიჩნია და მოიწვია ეპისკოპოსები, რომლებსაც, მათ მიერვე მოპოვებული ცრუ ბრალდებების საფუძველზე, ათანასეს დამხობა ჰქონდათ გადაწყვეტილი. კონსტანტინოპოლში ჩავიდა რამდენიმე არიანელი ეპისკოპოსი, მათ შორის ორივე ევსები. ისინი ხვდებოდნენ რა უწინდელი ბრალდებების უსუსურობას, ახალიც მიამატეს და დაარწმუნეს კონსტანტინე, რომ ათანასე, რომელსაც ალექსანდრიაში უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდა, ახალ დედაქალაქში ხორბლის შეტანის შეჩერებით იმუქრებოდა. (კონსტანტინოპოლს მხოლოდ ეგვიპტე ამარაგებდა ხორბლით. ცოტა ხნით ადრე სიკვდილით დასაჯეს ფილოსოფოსი სოსიპატრე, რომელსაც დააბრალეს, თითქოს ჯადოქრობით ზურგის ქარს უცვლიდა მიმართულებას და აბრკოლებდა დედაქალაქისკენ მიმავალ ხომალდებს.) თუმცა კონსტანტინე დიდს კარგად ესმოდა, რომ ეს შეთითხნილი ბრალდებები იყო, ვნებათაღელვის დასაცხრობად წმინდა ათანასე გადაასახლეს გალიის ქალაქ ტრირში.. 

ტრირში ათანასე პატივით მიიღეს, ხელისუფლის უფროსი ძე, გალიის მმართველი კონსტანტინე II, უდიდესი პატივით ეპყრობოდა და ყოველნაირად ცდილობდა დევნულების ტვირთი შეემსუბუქებინა მისთვის. წმინდა ათანასეს სიყვარულსა და პატივისცემას არ აკლებდა ადგილობრივი ეპისკოპოსი მაქსიმინუსიც. წმინდა ათანასესთვის ყველაზე მძიმე საკუთარ სამწყსოსთან განშორება იყო და მათ ჩუმად უგზავნიდა გამამხნევებელ წერილებს. წმინდა ათანასეს გადასახლებას კი დათანხმდა, მაგრამ კონსტანტინემ უარი განაცხადა, იგი ვინმეს შეეცვალა ალექსანდრიაში. 


არიოზის მოულოდნელი გარდაცვალება

არიანელები ზეიმობდნენ - ყველაზე საშიში მეტოქე, ათანასე მოიცილეს. აღდგომის ტაძრის საკურთხებლად იერუსალიმში შეკრებილმა ეპისკოპოსებმა
ეკლესიის ერთობაში დააბრუნეს არიოზი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით გათამამებული ალექსანდრიაში ჩავიდა. მაგრამ მისმა გამოჩენამ უკიდურესად აღაშფოთა იქაური ქრისტიანები.

სახალხო მღელვარების თავიდან ასაცილებლად იმპერატორმა არიოზი კონსტანტინოპოლში მიიწვია და, ეპისკოპოს ალექსანდრეს თანდასწრებით, მოსთხოვა მეორედ დაეგმო ცრუსწავლება. ცბიერმა არიოზმა ამჯერადაც დათმო: იგი დაეთანხმა იმპერატორის მოთხოვნას, ხელი მოეწერა ნიკეის სიმბოლოზე.

- შემომფიცე, რომ ამგვარად გწამს, - მიმართა კონსტანტინემ.

- ვფიცავ, მწამს ის, რაც დავწერე, - მიუგო არიოზმა, რომელსაც ფარულად შედგენილი ჰქონდა მრწამსის თავისი ვარიანტი და ფიცის დროს მას გულისხმობდა.

მოტყუებულმა კონსტანტინემ ალექსანდრეს არიოზის ეკლესიაში მიღება უბრძანა, რამაც ძალიან დაამწუხრა ეპისკოპოსი - მას არიოზის ფიცის არ სჯეროდა და ეკლესიაში ქრისტეს მტრის შეშვებისა ეშინოდა.

მის უნდობლობას ყველა მართლმადიდებელი იზიარებდა, მაგრამ ვერაფერი გააწყეს. არიანელები ხმამაღლა იმუქრებოდნენ, რომ არიოზს ძალით მაინც შეიყვანდნენ ეკლესიაში. ქრისტიანებს ერთი იარაღი რჩებოდათ - ლოცვა. ისინი მარხვითა და ლოცვით ევედრებოდნენ უფალს დაეცვა თავისი ეკლესია. Kონსტანტინოპოლის მართლმადიდებლების წუხილს იზიარებდა იმ დროს იქ მყოფი წმინდა იაკობ ნიზიბიელიც.


ეკლესიაში არიოზის მიღების წინადღეს - შაბათს - მისი მეგობრები ეპისკოპოს ალექსანდრეს ნიშნის მოგებით ეუბნებოდნენ: "თანახმა ხარ თუ არა, ხვალ არიოზი მაინც იქნება ეკლესიაში". კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარა:

- უფალო, ნუ მომასწრებ შენი მემკვიდრეობის შეგინების ხილვას; თუ არიოზი უნდა შეიყვანონ ეკლესიაში, მორწმუნეთა ერთობაში, მაშინ მე წამიყვანე ცოცხალთაგან!

კვირადღეც დადგა! გახარებული არიანელების მრავალრიცხოვანი ბრბო გარს შემოერტყა თავის ბელადს და საზეიმო მსვლელობით მიაცილა ეკლესიამდე. Uცებ არიოზმა თავი ცუდად იგრძნო და მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ მოვლენამ არიანელებს თავზარი დასცა.

მორწმუნეებმა კი ეს ამბავი, რასაკვირველია, მიაწერეს უფლის ყოვლისშემძლე მარჯვენას, რომელმაც ეკლესია დაიცვა მავნე ცრუსწავლების გავლენისგან მაშინ, როცა ყოველგვარი ადამიანური ძალისხმევა ფუჭი გამოდგა.

კონსტანტინე დიდის მიცვალება და მისი მემკვიდრეები


მიუხედავად არიოზის საშინელი ხვედრისა, არიანელებს თავიანთი ძალაუფლება საიმპერატორო კარზე არ დაუკარგავთ. კონსტანტინე სიცოცხლის
ბოლომდე ენდობოდა ცბიერ და ვერაგ ევსები ნიკომიდიელს, მაგრამ თავად იმპერატორის დღეებიც დათვლილი იყო. მან ცოტა ხნის წინ იზეიმა ზეობის ოცდაათი წელი და განზრახული ჰქონდა პალესტინაში გამგზავრება, რათა იორდანეს წმინდა წყლებში მიეღო ნათლობა. მაგრამ ამ ჩანაფიქრის აღსრულება ვერ შეძლო...

დადგა აღდგომის დღესასწაული, რომელსაც უდიდესი ზეიმით აღნიშნავდნენ. ქალაქის ყველა ქუჩაში ენთო სვეტებად აღმართული ცვილის კელაპტრები,
ეკლესიებში მთელ ღამეს ლოცულობდნენ, გამთენიისას იმპერატორი ხალხს ძღვენს ურიგებდა ქრისტეს აღდგომის - ამ უდიდესი და სასიხარულო მოვლენის - აღსანიშნავად. კონსტანტინემ ეს დღესასწაული უკანასკნელად იზეიმა. ცოტა ხანში ის დასნეულდა და ექიმების რჩევით სამკურნალოდ გაემგზავრა თბილ წყლებზე, მაგრამ შვება ვერ ჰპოვა. როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, გადასახლდა ნიკომიდიის შემოგარენში, მოიწვია ეპისკოპოსები და სთხოვა, მოენათლათ. ლოცვითა და ცოდვათა აღიარებით მომზადებულ კონსტანტინეს წილად ხვდა პატივი ქრისტიანად წოდებისა. მას სიკვდილამდე აღარ გაუცვლია ახალმოქცეულის თეთრი სამოსი სამეფო ძოწეულზე.

კონსტანტინე გარდაიცვალა 337 წელს, სულთმოფენობას. კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ იმპერატორებად გამოაცხადეს მისი სამივე ვაჟი. სხვა დანარჩენი ნათესავები მეომრებმა ამოხოცეს მცირეწლოვანი ძმისშვილების - გალუსისა და იულიანეს - გარდა.

იმპერატორთაგან უფროსს, კონსტანტინეს, წილად ხვდა გალია, ესპანეთი და ბრიტანეთი - ოლქები, რომელთაც მამის სიცოცხლეშივე მართავდა. ჩვენ ვიცით, რომ ქალაქ ტრირში მან პატივით მიიღო ათანასე და უდიდეს გულისხმიერებას იჩენდა მის მიმართ. მამის სიკვდილიდან ცოტა ხანში მან დაარწმუნა ძმები, დევნილობიდან გამოეხმოთ ალექსანდრიის ეპისკოპოსი, წერილში კი განუმარტა, რომ ამით შესრულდებოდა უკანასკნელი ნება მამა­იმპერატორისა, რომელმაც მხოლოდ იმიტომ გადაასახლა ათანასე, რომ მტრის ხრიკებისგან დაეცვა.

კონსტანტინე ­უმცროსი (337-­340 წწ.) ცოტა ხანს იყო იმპერატორი - იგი ბრძოლაში მოკლეს.

მეორე ძმა, კონსტანსი (337-­350 წწ.), მართავდა იტალიას, აფრიკასა და ილირიას, ძმის სიკვდილის შემდეგ კი - მთელ დასავლეთს. იგი ურყევად მისდევდა ჭეშმარიტ სწავლებას, ბეჯითად იცავდა ათანასეს და არიანელთაგან დევნილ სხვა ეპისკოპოსებს.

მესამე ძმა, კონსტანციუსი (337­-361 წწ.), აღმოსავლეთს მართავდა. ის მუდამ ერეოდა ეკლესიის საქმეებში და ამით გაუთავებელ უთანხმოებასა და მღელვარებას იწვევდა. სუსტი ხასიათის, ამასთან ანჩხლი და სასტიკი ადამიანი იყო და ადვილად ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ, რითაც ისარგებლეს არიანელებმა და მისი ნდობა მოიპოვეს.

მღელვარებამ ძალიან მალე იჩინა თავი. კონსტანციუსის მმართველობის პირველსავე წელს გარდაიცვალა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, წმინდა ალექსანდრე. როდესაც სასულიერო დასმა სიკვდილის წინ სთხოვა, დაესახელებინა მემკვიდრე, ეპისკოპოსმა უპასუხა:

- თუ ყოფით საქმეებში გამოჩენილი და გამოცდილი ადამიანი გინდათ, მაკედონიუსი აირჩიეთ. თუ სწავლაში დამმოძღვრავი და სამაგალითო ცხოვრების კაცი გსურთ, მაშინ პავლე.

პავლე, ერთ­ერთი პრესვიტერი, ევსტათი ანტიოქიელთან ერთად დევნილი, გადასახლებიდან ახალი დაბრუნებული იყო. ეკლესიამ არჩევანი პავლეზე შეაჩერა.

რაკი მაკედონიუსს არიანელები მფარველობდნენ, უკმაყოფილო იმპერატორმა დაამხო ახალარჩეული ეპისკოპოსი და კონსტანტინოპოლში ევსები ნიკომიდიელი გადმოიყვანა. ამრიგად, დაარღვია ეკლესიის უძველესი უფლება ეპისკოპოსის არჩევისა და ნიკეის კრების განჩინება, რომლის თანახმადაც, იკრძალება ეპისკოპოსების ერთი კათედრიდან მეორეზე გადაყვანა.

ამ უკანონო საქციელმა დიდი მითქმა­მოთქმა გამოიწვია, მაგრამ კონსტანციუსმა ამას ყურადღება არ მიაქცია.
ორი წლის შემდეგ ევსები გარდაიცვალა, მართლმადიდებლებმა ისევ პავლე, ხოლო არიანელებმა მაკედონიუსი აირჩიეს. კონსტანციუსი ისევ ჩაერია საქმეში და გაგზავნა მეომრები პავლეს დასამხობად და დასაპატიმრებლად.

მართლმადიდებლები თავის ეპისკოპოსს გამოექომაგნენ, მოხდა შეტაკება, რაზმის უფროსი მოკლეს, კონსტანტინოპოლის ქუჩები სისხლით შეიღება... ეპისკოპოსად მაკედონიუსი დაადგინეს, პავლე კი განდევნეს. შემდგომში ამ ორმა ეპისკოპოსმა კიდევ რამდენჯერმე შეცვალა ერთმანეთი კონსტანტინოპოლში, იმის მიხედვით, თუ მათ მხარდამჭერთაგან რომელი ფრთა იმარჯვებდა.

დევნილი მწყემსმთავრის დაბრუნება ტრირიდან ალექსანდრიაში და მეორე დევნილობის დასაწყისი


ათანასე ალექსანდრიაში 338 წელს დაბრუნდა. მას დიდი აღფრთოვანებით შეხვდა მთელი სამწყსო, რომელიც, ორი წელიწადი უეპისკოპოსოდ დარჩენილი, მტკიცედ იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას.

დევნილი მწყემსმთავარი უფრო მეტად შეიყვარეს მორწმუნეებმა. მაგრამ არიანელები ათანასეს დაბრუნებას ვერ ეგუებოდნენ. ისინი ახალი იმპერატორის დროსაც გრძნობდნენ თავიანთ ძლიერებას. ევსები ნიკომიდიელის წაქეზებით მალევე შეიკრიბა ანტიოქიის სინოდი (თუ პირველი ტვიროსის სინოდი იყო, მეორე ესაა ანტიოქიის სინოდი), 339 წელს, ამ დროისათვის ევსები უკვე კონსტანტინოპოლის პატრიარქია და აი, ამ ანტიოქიის სინოდზე ათანასე უკვე მეორედ გადააყენეს ეპისკოპოსობიდან, ხოლო მის ადგილზე, ე.ი. ალექსანდრიის ეპისკოპოსად აირჩიეს განკვეთილი არიანელი მღვდელი, სახელად პისტი.

იმავდროულად, არიანელებმა იმპერატორებსა და ეპისკოპოსებს დაუგზავნეს ეპისტოლეები, რომლებშიც ხელახლა მიუბრუნდნენ თავიანთ ძველ ბრალდებებს ათანასესადმი და ახალი ცილისწამებებიც არ დააკლეს.

ეგვიპტის აღშფოთებულმა ეპისკოპოსებმა ყველა ქალაქს აახლეს ეპისტოლე, სადაც საქმის ნამდვილ არსს აცნობებდნენ და მთელი მონდომებით იცავდნენ ათანასეს. გარკვეული დროის შემდეგ არიანელებს უკვე აღარ აკმაყოფილებდათ თავიანთი არჩეული პისტი, ამიტომ მისი განდევნა გადაწყვიტეს და ალექსანდრიაში ახალი ეპისკოპოსის დანიშვნას შეუდგნენ, თანაც მზად იყვნენ, მიზნის მისაღწევად იარაღიც კი გამოეყენებინათ. ბოლოს აირჩიეს ერთ­ერთი თავიანთი მომხრე, გრიგოლი.

დიდი მარხვის დღეებში გრიგოლი ალექსანდრიაში ჩავიდა; მანამდე კი ეგვიპტის მმართველს დაევალა, მხარი დაეჭირა არიანელთა მიერ დადგინებული ეპისკოპოსისთვის. როდესაც მმართველმა დაინახა, რომ მართლმადიდებლები მზად არიან, ბოლომდე დაიცვან თავიანთი ეპისკოპოსი, საშველად იუდეველებსა და წარმართებს მოუხმო და ძალით შეიყვანა გრიგოლი ეკლესიაში; იქიდან კი გამოდევნა მორწმუნეები, შეურაცხყო მონაზვნები და უფლისთვის ქალწულნი. ერთი ტაძარი მთლიანად გაიძარცვა, ამას მოჰყვა მართლმადიდებლების ცემა, წამება, საპყრობილეში ჩამწყვდევა. ეს უკანონო და სასტიკი ქმედებები არც ვნების კვირის წმინდა დღეებში შეწყვეტილა. მაგრამ მორწმუნეებს არ მიუტოვებიათ თავიანთი საყვარელი ეპისკოპოსი. ტაძარი, რომელშიც იგი აღავლენდა ღვთისმსახურებებს, ხალხით იყო გადაჭედილი. მაგრამ არიოზელებს მხარს კონსტანციუსი უჭერდა. ერთხელ გამძვინვარებული არიოზელები გარს შემოერტყნენ ათანასეს და მოკვლას უპირებდნენ, წმინდა ათანასემ ძლივს დააღწია მათ თავი და საიდუმლო გზებით ქალაქიდან გამოვიდა. გამძვინვარებულმა კონსტანციუსმა მისი შეპყრობა ბრძანა, ქონებასა და პატივს ჰპირდებოდა ვინც ათანასეს ადგილსამყოფელს შეატყობინებდა, ანდა მოკლავდა და მის თავს მიუტანდა. წმინდა ათანასე ერთ ღრმა და დამშრალ ჭაში იმალებოდა, მას ერთი ღვთისმოსავი ერისკაცი იცავდა და საკვებით ამარაგებდა. თუმცა არიოზელები ეჭვობდნენ, რომ ათანასე სადღაც იმ ადგილებში იმალებოდა და შეპყრობას აპირებდნენ.

ბოლოს, ათანასე დარწმუნდა, რომ ალექსანდრიაში ყოფნით მტრებს უფრო განარისხებდა და საფრთხეს უქმნიდა თავის მიმდევრებს.

ამიტომ გადაწყვიტა, ქალაქს ფარულად გასცლოდა და თავისი საქმე განსასჯელად მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის მიენდო.

თავისი საიდუმლო თავშესაფრიდან ათანასემ ყველა ეკლესიის ეპისკოპოსს გაუგზავნა მოწოდება, სადაც აღწერა არიანელთა ქმედებები. იგი წერდა: "მარტო მე არ შეურაცხმყვეს, არამედ ჩვენ ყველა. დაირღვა მამათაგან გადმოცემული წესები. ზიანი ადგება უფლისა და მისი მოციქულებისგან ნაქადაგებ სარწმუნოებას.

თუ დამნაშავეა ალექსანდრიის ეპისკოპოსი, იგი უნდა განსაჯონ მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა და არა ერეტიკოსებმა. თუ მას ტახტისთვის უღირსად ცნობენ, მის ადგილას სხვა უნდა აირჩიონ, ოღონდ იმავე ეკლესიიდან და სამხედრო ძალით გარედან არ შემოიყვანონ ყველასთვის არასასურველი გრიგოლი".

მაგრამ ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის სიტყვები ამაოდ გაისმოდა ქვეყანაში, სადაც არიანელების ძლიერებას იმპერატორი უმაგრებდა ზურგს. ათანასე დასავლეთს გაემგზავრა, სადაც ძლიერი მფარველები ჰპოვა იმპერატორ კონსტანსისა და რომის ეპისკოპოს იულიუსის სახით. ამ უკანასკნელმა მის ჩამოსვლამდევე შეიტყო არიანელთა თავაშვებულობის შესახებ ეგვიპტელი ეპისკოპოსებისადმი გაგზავნილი ეპისტოლეებიდან და მოიწვია კრება ამ გაუგებრობათა განსახილველად.

ყველა ქალაქს თვითონ გაუგზავნა მოწვევა, მაგრამ დიდხანს და ამაოდ ელოდა არიანელ ეპისკოპოსებს: ისინი არ დაესწრნენ კრებას, მხოლოდ გაკიცხეს იგი დამხობილ ათანასესთან ურთიერთობისთვის და ამას დასჯერდნენ.

ბოლოს, იულიუსმა გადაწყვიტა, მათ გარეშე განეხილათ საქმე. 342 წელს რომში მოწვეულ კრებაში მონაწილეობდა ორმოცდაათი ეპისკოპოსი, რომელთა შორის თრაკიიდან, პალესტინიდან და სირიიდან განდევნილებიც იყვნენ. მათ ათანასე გაამართლეს.

იგი საცხოვრებლად რომში დარჩა, სადაც დიდ პატივს სცემდნენ. მისგან შეიტყო ხალხმა დასავლეთში ნაკლებად ცნობილი აღმოსავლელი განდეგილების ღვაწლის შესახებ. ათანასეს შეგონებანი ღვთისადმი თავგანწირული სამსახურის სურვილს აღვივებდა ქრისტიანებში.

ღვთის ნებას სრულიად მინდობილი ათანასე მოთმინებით იტანდა თავის ხვედრს, მაგრამ ალექსანდრიიდან მოსული ცნობები ძალიან აწუხებდა. Iქაური მართლმადიდებლები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. გრიგოლი დაუნდობლად სდევნიდა ყველა მღვდელმთავარს, ვინც უარი განაცხადა მასთან ურთიერთობაზე.

წმინდა აღმსარებელი პოტამონი სასიკვდილოდ გვემეს, უამრავი ეპისკოპოსი გადაასახლეს და ისინი არიანელებით შეცვალეს. Eკლესიას მიკედლებულ ღარიბებს შემწეობა ჩამოერთვათ. განსაკუთრებით ათანასეს ერთგულებაში ეჭვმიტანილები დაზარალდნენ. როდესაც ალექსანდრიაში ათანასეს და გარდაიცვალა, გრიგოლმა მისი დასაფლავებაც კი აკრძალა. ქრისტიანებმა მისი ცხედარი ფარულად მიაბარეს მიწას, რითაც საკუთარი სიცოცხლე ჩაიგდეს საფრთხეში. ყველა ამ უკანონობას ხელისუფლება და სამხედრო ძალა უწყობდა ხელს.

იმპერატორ კონსტანსის დახმარებით დევნილი მღვდელმთავრის მეორედ დაბრუნება ეპარქიაში

ხუთი წელი გრძელდებოდა უსამართლობა ალექსანდრიის ეპარქიაში. არიოზის ერესი კი სულ უფრო იკიდებდა ფეხს აღმოსავლეთში. ბოლოს, დასავლეთის იმპერატორმა კონსტანსმა გადაწყვიტა, ღიად დაეჭირა მხარი ათანასესთვის, რომელსაც პირადად იცნობდა და პატივს სცემდა; იცოდა, თუ რაოდენ უსამართლოდ დევნიდნენ მას. იგი თავის ძმას შეხვდა და დაარწმუნა, მოეწვია საერთო კრება, განეხილა ბრალდებები და თუ ათანასე გამართლდებოდა, ალექსანდრიაში დაებრუნებინა.

კონსტანციუსი დაეთანხმა. კრება მოიწვიეს ძმების სამფლობელოთა სასაზღვრო ქალაქ სერდიკაში (ახლანდელი სოფია). შეიკრიბა 150 ეპისკოპოსი, რომელთა შორის იყვნენ დასავლეთში ცნობილი ღირსეული პირები. ჩავიდნენ ათანასეს მტრებიც, მაგრამ, როგორც კი დარწმუნდნენ, რომ კრების უმრავლესობა ათანასეს უჭერდა მხარს და მათ წინააღმდეგ ძლიერი, უტყუარი მტკიცებულებანი გააჩნდათ, უმნიშვნელო მიზეზის გამო უეცრად მიატოვეს სერდიკა და სხვა ქალაქში მოიწვიეს კრება, რომელზეც ათანასე დამნაშავედ ცნეს.

ეს მოხდა ქალაქ ფილიპოპოლში (ახლანდელი პლოვდივი), რომელიც აღმოსავლეთის იმპერატორს ემორჩილებოდა, არიანელები ამიტომაც გრძნობდნენ თავს თავისუფლად და არაფერს ერიდებოდნენ. ეპისკოპოსებს, ვინც მათ არ ეთანხმებოდა, გადასახლებაში აგზავნიდნენ, ათანასეს ბევრი მომხრე სასიკვდილოდ გაიმეტეს... მათ ალექსანდრიაში გააგზავნეს ბრძანება, რომლის თანახმად, სიკვდილით უნდა დაესაჯათ ყველა იქ ჩასული მართლმადიდებელი ეპისკოპოსი.

ეს ყველაფერი კონსტანციუსის ნებართვითა და ხელშეწყობით ხდებოდა - იგი ძმის შიშით ვერ ბედავდა ათანასესთან აშკარად დაპირისპირებას და ფარულად აქეზებდა მის მოწინააღმდეგეებს.

ამასობაში, სერდიკაში მოწვეულმა კრებამ ზედმიწევნით გაარჩია ყველა ბრალდება და სრულად გაამართლა ათანასე, - მეტიც, მისი განჩინებით, ნიკეის სიმბოლოს გარდა სხვა რომელიმე სიმბოლოს მიღება დაუშვებლად გამოცხადდა. კონსტანსმა ძმას დაბეჯითებით მოსთხოვა ათანასეს დაბრუნება გადასახლებიდან. დაემუქრა, რომ უარის შემთხვევაში იარაღის ძალით აღადგენდა მთელი სამწყსოსთვის სასურველ მღვდელმთავარს.

ძმის მუქარით შეშინებულმა კონსტანციუსმა ათანასეს წერილი მისწერა და დაბრუნების ნება დართო, მაგრამ ამასთანავე, არ გააუქმა თავისი უწინდელი ბრძანებები მართლმადიდებელთა წინააღმდეგ. მღვდელმთავარი იმპერატორს არ ენდობოდა და გამგზავრებას აჭიანურებდა.

კონსტანციუსმა კიდევ ორი წერილი მისწერა ათანასეს და დაბეჯითებით სთხოვა დაბრუნება, თანაც დაარწმუნა თავის კეთილგანწყობაში და უსაფრთხოებასაც დაჰპირდა. გააუქმა ყველა ბრძანებულება მართლმადიდებლების წინააღმდეგ და ეგვიპტის სამოქალაქო მმართველობას დაავალა, დიდი პატივით მოპყრობოდნენ ათანასეს.


ამასობაში გარდაიცვალა არიანელი ეპისკოპოსი გრიგოლი და წმინდა ათანასე 346 წლის 21 ოქტომბერს დაბრუნდა ალექსანდრიაში.  გახარებული სამწყსო დიდი პატივით შეხვდა მონატრებულ მღვდელმთავარს. წმინდა ათანასეს სიყვარულმა და მიმტევებლობამ ბევრი მისი მტერის გულიც მოინადირა. წმინდა ათანასე თავის მოგონებებში ასე აღწერს იმ დროს: "ისეთი შეჯიბრი გაჩაღდა სათნოებათა მოხვეჭაში, რომ ყოველი სახლი და ყოველი ოჯახი თითქოს ეკლესიად იქცა, იმდენად დიდი იყო მათი ღმრთისმოშიშება და იმდენად ბევრს ლოცულობდნენ. ეკლესიებში ღრმა და სასწაულთმოქმედი მშვიდობა ჩამოვარდა".  ანტიოქიაში ათანასე შეხვდა იმპერატორს, რომელმაც იგი სიხარულით მიიღო.

ახლა ალექსანდრიის ეპისკოპოსის მოსისხლე მტრებიც კი მლიქვნელურად ცდილობდნენ მასთან შერიგებას, კიცხავდნენ თავიანთ ადრინდელ საქციელს, წერილობით გმობდნენ საკუთარ სწავლებას. ამ ყველაფერს განაპირობებდა შიში და ფარული სიძულვილი, რომელსაც ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა თუ არა, უფრო ძლიერ ამოხეთქავდა.

ათანასე კარგად იცნობდა თავის მეტოქეებს და ცრუ დაპირებებით არ იტყუებდა თავს. მან მთელი თავისი მოღვაწეობა სამწყსოს მიუძღვნა და თავდაუზოგავად ცდილობდა არიანელთაგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრას. იღვწოდა, რათა ჭეშმარიტი სწავლების ძალით მოებრუნებინა გზასაცდენილნი და განემტკიცებინა ქრისტეს ერთგული მსახურნი.

საყვარელმა სამწყსომაც დიდი სიხარული არგუნა ათანასეს: ჭეშმარიტი რწმენისთვის დევნამ მათში უდიდესი თავდადება აღძრა. ეკლესია თითქოს სულიერად განახლდა, იგი მხურვალე ლოცვითა და კეთილი საქმეებით გამოხატავდა თავის სიხარულსა და ღვთისადმი მადლობას. მნიშვნელოვანი შესაწირი გროვდებოდა ღარიბთა დასახმარებლად. ათანასეს უდიდესი სახელი და გავლენა ჰქონდა. ის ჭეშმარიტების საიმედო ქომაგი იყო მთელი საქრისტიანოსთვის. მის სიტყვებსა და დარიგებებს ყველგან კრძალვით იღებდნენ.

იმავე პერიოდში თავიანთ კათედრებს დაუბრუნდნენ სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსებიც. მაგალითად, პავლემ კონსტანტინოპოლში ისევ შეცვალა მაკედონიუსი.

კონსტანციუსისა და მაგნენციუსის დაპირისპირება საიმპერატორო ტახტისთვის

სიხარული და სიმშვიდე ხანმოკლე აღმოჩნდა. მართლმადიდებელთა ძლიერი მფარველი კონსტანსი 350 წელს გალიაში მოკლა ამბოხებულმა მხედართმთავარმა მაგნენციუსმა და თავი იმპერატორად გამოაცხადა. ყველაფერი უმალ შეიცვალა: არიანელებმა განაახლეს ხრიკები და ისევ დაიწყეს ბრალდებების ძიება ათანასეს წინააღმდეგ. ისინი, ვინც ცოტა ხნის წინ დაგმო საკუთარი შეხედულებები, უტიფრად დაუბრუნდნენ არიანელებს და ათანასეს მოშორება მოითხოვეს.კონსტანციუსი იძულებული იყო, ისინი დროებით მოეთოკა, რადგან მაგნენციუსთან ბრძოლით დაკავებულმა კარგად ვერ შეისწავლა საქმის ვითარება, ამის გარეშე კი რაიმე გადამჭრელი ზომების მიღებას ვერ ბედავდა. არიანელები უფრო გათამამდნენ და ისევ დაიწყეს მართლმადიდებელი ეპისკოპოსების დევნა. პირველი მსხვერპლი პავლე კონსტანტინოპოლელი იყო - იგი შეიპყრეს და წაიყვანეს სომხეთის ქალაქ კუკუზაში, სადაც საპყრობილეში აშიმშილეს და ბოლოს დაახრჩვეს. მის ადგილას ისევ მაკედონიუსი დაადგინეს.

ათანასეს მიმართ არიანელები სიფრთხილეს იჩენდნენ, მაგრამ ჩუმჩუმად მაინც არწმუნებდნენ კონსტანციუსს, რომ ალექსანდრიის ეპისკოპოსს მის მტერთან, მაგნენციუსთან ჰქონდა კავშირი. რაც შეეხება ათანასეს, იგი მშვიდად განაგრძობდა თავისი სამწყსოს მართვას, არ ეშინოდა საფრთხისა და წერილობით იცავდა თავს ცრუ ბრალდებებისგან.

ომი სამ წელიწადს გაგრძელდა. კონსტანციუსმა გაიმარჯვა და მთელი იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.

ათანასეს დასაგმობად მოწვეული კრებები არლში და მილანში

როგორც კი კონსტანციუსი იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა, არიანელებმაც დრო იხელთეს და მაშინვე დაუპირისპირდნენ ათანასეს. ის კონსტანციუსსაც სძულდა და მხოლოდ შიშის გამო იჩენდა მისდამი კეთილგანწყობას.
ახლა, როგორც კი სრულ ძალაუფლებას მიაღწია, 353 წელს არლში მოიწვია კრება ათანასეს დასაგმობად. დასავლელ ეპისკოპოსებს უბრძანეს, უსიტყვოდ ეღიარებინათ აღმოსავლელ ეპისკოპოსთაგან გამოცხადებული დაგმობა.

ურჩებს საპყრობილეში აგზავნიდნენ. ათანასეს მხარს უჭერდა რამდენიმე ღირსეული ეპისკოპოსი: ლიბერიუს რომაელი, ოსია კორდუბელი და სხვები. ისინი არ დაესწრნენ არლის კრებას და მისი მიმდინარეობით აღშფოთებულებმა დაბეჯითებით მოითხოვეს, ხელახლა განეხილათ საკითხი.
მათი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და მოიწვიეს ახალი კრება, რომელიც 355 წელს მილანში შედგა.

არიანელებმა აქაც გაიმარჯვეს, მაგრამ საბოლოოდ გამოაჩინეს თავიანთი სამარცხვინო ბუნება. ხალხმრავალი კრების სხდომები თავდაპირველად ეკლესიაში ტარდებოდა. ერთმა ეპისკოპოსმა, ევსები ვერჩელელმა, რომელსაც ათანასეს დაგმობაზე ხელმოწერას სთხოვდნენ, თქვა: "ჯერ სარწმუნოების საკითხზე უნდა შევთანხმდეთ. მე ვიცი, რომ დამსწრეთაგან ზოგიერთი ერესით არის დაავადებული", და შესთავაზა ყველას, ხელი მოეწერათ ნიკეის სიმბოლოზე.

ის იყო, მილანის ეპისკოპოსს უნდა მოეწერა ხელი, რომ არიანელმა ვალენტემ ხელიდან გამოჰგლიჯა კალამი და გრაგნილი.

სხდომა საყოველთაო აურზაურით დასრულდა. ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა თავის აღშფოთებას სარწმუნოების შეურაცხყოფისთვის. ამის გამო გადაწყვიტეს- სხდომები სასახლეში გადაეტანათ და იმპერატორის მეთვალყურეობით ჩაეტარებინათ.

როდესაც არიანული ერესი აღმოცენდა, ჩვენ ვნახეთ, რომ კონსტანტინე დიდმა ეკლესიის წინამძღვრებს მიანდო საღვთისმეტყველო საკითხის განხილვა
და არ შეუზღუდავს მსჯელობის თავისუფლება; თავისთვის დაიტოვა მხოლოდ ეკლესიის გადაწყვეტილების აღსრულების უფლება.

მაგრამ კონსტანციუსი სულ სხვაგვარად იქცეოდა. თავს უფლებას აძლევდა, თვითნებურად გადაეჭრა ყველა საღვთისმეტყველო საკითხი, ეკლესიის საქმეები და ძალის გამოყენებით დაეცვა თავისი გადაწყვეტილებები. ახლაც სახალხოდ ბრძანა, ეღიარებინათ მის მიერვე, თითქოსდა ზეშთაგონებით შეთხზული, სინამდვილეში კი არიანელთა კარნახით დაწერილი მრწამსი, რამაც ხალხი ძლიერ აღაშფოთა.

თავად კონსტანციუსი მილანის (იგივე მედიოლანის) კრების სხდომებს ფარდას ამოფარებული ესწრებოდა და თავის ნებაზე მართავდა მას. თუმცა გამოჩნდა რამდენიმე მამაცი ეპისკოპოსი, რომლებიც არ შეუშინდნენ სიმართლის დაცვას. სარდინიის ქალაქ კალიარის ეპისკოპოსმა ლუციფერმა უშიშრად ამხილა ათანასეს ბრალმდებელთა უსინდისობა და გადაჭრით უარი თქვა, განაჩენზე მოეწერა ხელი. მაშინ გაავებული კონსტანციუსი გამოეცხადა კრებას და იყვირა: - მე ვარ ათანასეს ბრალმდებელი, ამიტომ დაუჯერეთ ვალენტის ჩემი ხათრით! - ეკლესიის კანონებს არ ეთანადება არმყოფთა დაგმობა და ერეტიკოსებთან ურთიერთობა, - შეეპასუხა ლუციფერი.

- თქვენთვის კანონი ჩემი ნებაა! დაემორჩილეთ ჩემს მოთხოვნას, არადა გადაგასახლებთ ყველას! - შესძახა განრისხებულმა კონსტანციუსმა და მახვილი იშიშვლა.

ბევრმა დაუთმო, მაგრამ ლუციფერ კალიარელი, ევსები ვერჩელელი, დიონისე მედიოლანელი არ შედრკნენ და ამისთვის ისინი შორეულ ქვეყნებში გადაასახლეს, სადაც უმკაცრესად ეპყრობოდნენ.

მილანში არიანელი ეპისკოპოსი ავქსენტი დაინიშნა და ყველა ქალაქის ეპისკოპოსებს გაეგზავნათ ბრძანება დამხობისა და გადასახლების მუქარით, ხელი მოეწერათ ათანასესთვის გამოტანილ განაჩენზე.

რომის ეპისკოპოსი ლიბერიუსი მილანის კრებას არ ესწრებოდა და მტკიცედ უჭერდა მხარს ათანასეს.

კონსტანციუსმა მისი გადაბირება მოისურვა და ძღვენი გაუგზავნა საჭურისის ხელით. ლიბერიუსმა საჩუქარი არ მიიღო და დესპანს უთხრა: "დაე, შედგეს მართალი კრება, რომელსაც არ შეეშინდება ამა სოფლის მსაჯულებისა და მხოლოდ ღვთისმოშიშება და მოციქულთა კანონებისადმი კრძალვა ექნება. დაე, მიიღოს ნიკეის სიმბოლო და მაშინ განვიხილავთ ათანასეს საქმეს".

საჭურისმა ძღვენი მოციქულთა საფლავებზე დაალაგა, ლიბერიუსმა კი მათი გადაყრა ბრძანა, როგორც სისხლის საფასურისა. მაშინ კონსტანციუსმა სხვა ხერხს მიმართა: რომში მღელვარების თავიდან ასაცილებლად ღამით შეაპყრობინა და მილანში, თავისთან მიაყვანინა ლიბერიუსი, რომელსაც ისევ მოსთხოვა, ხელი მოეწერა და დაეგმო ათანასე.

- ხელმწიფეო, ეკლესიის სამსჯავრო მართალი უნდა იყოს, ხოლო მსოფლიო ეკლესიამ ათანასე უდანაშაულოდ ცნო! - მიუგო ეპისკოპოსმა.

- კადნიერდები და მარტო უმხედრდები მთელ ქვეყანას? - უყვირა განრისხებულმა კონსტანციუსმა.

- მარტოც რომ დავრჩე, ჭეშმარიტი რწმენა არ დაიღუპება, ბაბილონში იგი სამმა ყრმამ შეინარჩუნა.

- დამეთანხმე და რომში დაბრუნდები. არადა გადაგასახლებ. სამ დღეს გაძლევ მოსაფიქრებლად!

- მე უკვე გამოვეთხოვე რომაელ მოძმეებს, ვერც სამი დღე და ვერც სამი თვე შემაცვლევინებს გადაწყვეტილებას. გამაგზავნე, სადაც გსურდეს, - იყო ეპისკოპოსის საბოლოო პასუხი.

ლიბერიუსი თრაკიაში გადაასახლეს და მის მაგივრად დანიშნეს ეპისკოპოსი ფელიქსი, რომელიც ხალხმა არ აღიარა; ყოველივე ამის შემდეგ რომში შფოთი და არეულობა დაიწყო. სამწუხაროდ, ეპისკოპოსმა ლიბერიუსმა ბოლომდე ვერ გაუძლო და დევნილობიდან ერთი წლის შემდეგ არიანულ მრწამსს დაეთანხმა, რითაც რომში დაბრუნების ნებართვა იყიდა.

ასეთი სულმოკლეობა გამოიჩინა ოსია კორდუბელმაც, რომელიც იქამდე ათანასეს მტკიცე დამცველად ითვლებოდა. როდესაც კონსტანციუსმა დაგმობაზე ხელმოწერა ურჩია, მან უპასუხა: "ხელმწიფეო, მე მაქსიმიანესგან ვიტანჯე რწმენისთვის;

ახლაც მზად ვარ ამისთვის, მაგრამ ხელს არ მოვაწერ ათანასეს დაგმობას, რომელიც ეკლესიამ გაამართლა".

კონსტანციუსმა ოსია გადაასახლა სირმიუმში (თანამედროვე კარლოვაცი), სადაც ერთი წელიწადი ჰყავდა დატყვევებული. ტანჯვითა და სნეულებებით დაქანცული ასი წლის მოხუცი დათანხმდა, ხელი მოეწერა არამართლმადიდებლურ სიმბოლოზე, მაგრამ ამჯერადაც უარი განაცხადა ათანასეს დაგმობაზე. ლიბერიუსისა და ოსიას დათმობამ დიდად დაამწუხრა მორწმუნეები, მაგრამ მაინც მადლიერებით იხსენებდნენ მათ უწინდელ დამსახურებებს.

ათანასემ, რასაკვირველია, იცოდა, თუ რა საფრთხე ელოდა, მაგრამ ეს ურყევი და შეუდრეკელი, მთელი არსებით თავისი მსახურების ერთგული ადამიანი მშვიდად მართავდა ალექსანდრიის ეკლესიას. ცდილობდა, მოემზადებინა სამწყსო სამომავლო დევნისთვის და დარიგებებით შთააგონებდა სიმტკიცესა და ყოვლისშემძლე ღვთისადმი ურყევ სასოებას.

ათანასეს უკანსაკნელი დევნილობა ალექსანდრიიდან


მილანის კრებიდან ცოტა ხანში ალექსანდრიაში იმპერატორის მოხელე გაგზავნეს, რომელმაც ათანასეს ეკლესიის დატოვება მოსთხოვა, მაგრამ ხელისუფლის წერილობითი ბრძანება ვერ წარმოადგინა.

ათანასეს შენახული ჰქონდა რამდენიმე წერილი კონსტანციუსისგან, რომლებშიც იგი, ძმის შიშით, ჰპირდებოდა ათანასეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე დატოვებდა ალექსანდრიაში. ამგვარად, ეპისკოპოსს სრული უფლება ჰქონდა, დაყრდნობოდა ამ დაპირებებს, ამიტომ მოხელეს უპასუხა, რომ არ მიატოვებდა სამწყსოს წერილობითი ბრძანების გარეშე.

ქარიშხალი კი ახლოვდებოდა... ეგვიპტის მთავარსარდალმა მიიღო ბრძანება, ხელი შეეწყო ათანასეს წინააღმდეგ მიღებული ზომების გატარებისთვის. Mაგრამ სამოქალაქო ხელისუფლებას მისი გაძევების პირდაპირი ბრძანება არ ჰქონდა მიღებული, ამიტომ დროებით მოერიდა გადამჭრელ ქმედებებს. თანაც ეშინოდა ეპისკოპოსის ერთგული ხალხის მღელვარებისა, მთელი ქალაქი ისედაც საფრთხის მოლოდინში იყო.

ასე გაიარა კიდევ ერთმა თვემ... ერთ საღამოს, როცა ეპისკოპოსი ღამისთევის მსახურებას აღასრულებდა, ხუთი ათასამდე შეიარაღებულმა მეომარმა ალყა შემოარტყა ხალხით გაჭედილ ეკლესიას.

ათანასე მიხვდა, რომ მის წასაყვანად მოვიდნენ; მოერიდა არეულობას, დიაკონს უბრძანა, წაეკითხა 135­ე ფსალმუნი: "აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი!", ხალხს კი სთხოვა, ეგალობა და ისე წასულიყო შინ. მაგრამ მრევლმა არ მიატოვა იგი.

მეომრები ეკლესიაში შეიჭრნენ, ისრებით დაჭრეს მლოცველები და საკურთხეველთან განლაგდნენ. ხმაურსა და არეულობაში ეპისკოპოსმა მშვიდად განაგრძო ღვთისმსახურება. დასასრულ თავისი საყვარელი მწყემსის ირგვლივ შემოკრებილმა ერმა ერთსულოვნად გაიმეორა ფსალმუნთმგალობლის შთაგონებული სიტყვები. მოძალადეთა თვალწინ ეკლესიამ თავი ინუგეშა და გაიხსენა მარადიული წყალობა უფლისა, რომელმაც ისრაელის ტომი გამოიყვანა ეგვიპტიდან "ხელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა"; რომელსაც არასოდეს ავიწყდება დამდაბლებულნი და იცავს მტერთაგან, "რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი!"

ბოლოს, ათანასემ წარმოთქვა განტევების ლოცვა, დაელოდა, სანამ ერი წავიდ­წამოვიდოდა და მხოლოდ ამის შემდგომ გაჰყვა მღვდელმსახურებს. ღამის სიბნელემ და ხალხით სავსე ქუჩებმა დაიფარა იგი მდევართაგან, რომელთაც ნაბრძანები ჰქონდათ, ცოცხალი ან მკვდარი შეეპყროთ.
ათანასე ერთხანს ქალაქის შემოგარენში იმალებოდა, ბოლოს მეგობრების დახმარებით უდაბნოს მიაღწია.

ათანასე კი ერთხანს ქალაქის შემოგარენში იმალებოდა, ბოლოს მეგობრების დახმარებით ნიტრიის უდაბნოს მამებს შეაფარა თავი. წმინდა ანტონი დიდი აღარ იყო ცოცხალი, მაგრამ წმინდა მაკარი დიდი და სხვა ღირსი მამები სიყვარულით ზრუნავდნენ მასზე. წმინდა ათანასეს თავი ძვირად შეაფასეს. მას ყველგან დაეძებდნენ: იჭრებოდნენ სახლებში, ჩხრეკდნენ ბაღებს, ქალაქის მისადგომებს, აკლდამებსაც კი. ყველგან დაიგზავნა ბრძანება, უმკაცრესად მოპყრობოდნენ ათანასეს მფარველებს, ჯილდოც კი დააწესეს მის შესაპყრობად. თითქოს ამ წმინდა მამის დაჭერაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს საქმე აღარ არსებობდა. იმპერატორმა აბისინიის მმართველსაც კი მისწერა მოთხოვნა, გადაეცათ მისთვის ათანასე, თუ იგი შეეცდებოდა მის მიერვე დადგინებულ ეპისკოპოს ფრუმენტისთან თავის შეფარებას. იმპერატორის გაგზავნილმა ჯარმა ნილოსის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მონასტრები გაჩხრიკა. წმინდა ათანასემ გაქცევა მოასწრო. ორჯერ გადაცმული ჩუმად ალექსანდრიაშიც ჩავიდა, მაგრამ ძირითადად ცარიელ სენაკებში იმალებოდა და იქიდან განაგრძობდა ეკლესიის მართვას. გავლენას ახდენდა ქრისტიანული სამყაროს უშორეს რეგიონებზე, იმის მიუხედავად, რომ ამ სამყარომ მას უბრალო თავშესაფარიც კი არ აღირსა.

აბდელკურნის გამოქვაბულში, ძველ ფარაონთა აკლდამებს შორის დღემდეა შემორჩენილი წარწერა, რომელიც წმინდა ათანასეს წაუწერია. ბეკეს გამოქვაბულში ნახავთ კედლის წარწერას, რომელიც წმინდა ათანასეს მიერ თებედან გაგზავნილ წერილს გადმოგვცემს. ამ დევნილობის ჟამს დაწერა მან : "გაქცევის აპოლოგია" და "არიოზის წვალების ისტორია".

ასე შეძლო მთელი ექვსი წლის განმავლობაში დამალვა მდევართაგან. დიდ ეპისკოპოსს უყვარდა უდაბნოში ყოფნა. თავისი მკაცრი ცხოვრებით მან უდიდესი განდეგილები გააოცა და მათი პატივისცემა დაიმსახურა.


* * *
ამასობაში ალექსანდრიის მართლმადიდებლებმა იმპერატორს საჩივარი მიართვეს ტაძარში მომხდარის შესახებ და მორწმუნეთა სახელით დაბეჯითებით
მოსთხოვეს ათანასეს დაბრუნება. ისინი წერდნენ: "თუ ნაბრძანებია ჩვენი დევნა, მზად ვართ მარტვილობისთვის, მაგრამ გთხოვთ, სხვა ეპისკოპოსი არ დაგვიდგინოთ. ჩვენ სიკვდილამდე დავიცავთ ათანასეს, რომელიც ღმერთმა გვიბოძა".

ამ თხოვნას ყურიც არავინ ათხოვა. მალე იმპერატორისგან მოვიდა ბრძანება - ყველა ტაძარი გადასცემოდა არიანელებს! და დაიწყო განუკითხაობა.
ტაძრებიდან გამოიტანეს წმინდა ნივთები და კარიბჭის წინ დაწვეს, როგორც რაღაც უწმინდურება. მალე ალექსანდრიას ახალი ეპისკოპოსიც მოევლინა, გიორგი - უხეში, უწიგნური, მხოლოდ საკუთარ სარგებელს დახარბებული ადამიანი.

ხალხი აშკარა უკმაყოფილებას ვერ მალავდა, რამაც უფრო გააძლიერა მართლმადიდებელთა დევნა. ყველაზე მძიმე ხვედრი ერგო ათანასესადმი ერთგულებაში ეჭვმიტანილებს: ძარცვავდნენ და წვავდნენ მათ სახლებს, სცემდნენ, აგზავნიდნენ გადასახლებაში ან არაბეთის მაღაროებში გაუსაძლის სამუშაოებზე.

ტაძრების გარეშე დარჩენილი ქრისტიანები, როგორც წარმართთაგან დევნის დროს, ღამღამობით სასაფლაოებზე იკრიბებოდნენ ღვთისმსახურებისთვის, მაგრამ გიორგი, იყენებდა რა სამხედრო რაზმებს, იქაც ესხმოდა თავს და წამებით სჯიდა, ვისაც ხელთ იგდებდა.

ეგვიპტის ყველა ეპისკოპოსი, რომლებმაც უარი განაცხადეს არიანელებთან ურთიერთობაზე, შორეულ ქვეყნებში გადაასახლეს; უმკაცრესი მოპყრობის გამო ბევრი დევნილობის ადგილს ვერ აღწევდა, ისე იღუპებოდა გზაში. მათ ეპარქიებში ეპისკოპოსთა კათედრები დაიკავეს არიანელებმა.
გიორგი სარწმუნოების საკითხებს არც ეხებოდა - უვიცი იყო და საეჭვოა, რაიმე წარმოდგენა ჰქონოდა ქრისტიანულ სწავლებაზე. ის მხოლოდ შემოსავალზე ფიქრობდა და ძარცვით მდიდრდებოდა.

მაგრამ მისი ორი მეგობრის, აეციუსისა და ევნომიუსის მცდელობით, არიანულმა სწავლებამ უკეთურების უკანასკნელ მიჯნას მიაღწია.
ამრიგად, საცოდავ ეგვიპტეს ყველა უბედურება ერთად დაატყდა თავს. ორი წლის შემდეგ მოთმინებადაკარგულმა მოსახლეობამ ამბოხი მოაწყო ალექსანდრიაში. გიორგი, მთელი ამ უბედურების მოთავე, განდევნა, მაგრამ იმპერატორმა იარაღის ძალით ისევ აღადგინა იგი, შედეგად კი მართლმადიდებელთა მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

მართლმადიდებლებს იმპერიის სხვა ოლქებშიც სდევნიდნენ. ყველგან ირღვეოდა ძველთაგან დადგენილი უფლება არჩევისა: ბევრ ქალაქს ორი ეპისკოპოსი ჰყავდა; ეკლესიას უთანხმოებები არყევდა. ქრისტესმიერ სიყვარულსა და მშვიდობას განხეთქილება, ქიშპობა და მტრობა ჩაენაცვლა.
ამ ძნელბედობის ჟამს მღვდელმთავრებს არ შეეძლოთ, მიეხედათ თავიანთი მოვალეობებისთვის - მათ გამუდმებით იწვევდნენ აქა­იქ მოწყობილ კრებებზე, სადაც მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ხმას წონა საერთოდ არ ჰქონდა - ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. მათ ორი რამ ელოდათ: ან სამარცხვინო დათმობით შეელახათ საკუთარი ღირსება, ან ჭეშმარიტების აღმსარებლებად დარჩენილიყვნენ და დევნილებასა და მკაცრ პატიმრობაში გაეტარებინათ სიცოცხლე.


* * *
იერუსალიმში, მაქსიმეს სიკვდილის შემდეგ, აირჩიეს რწმენითა და ღვთისმოშიშებით აღსავსე კირილე. თავდაპირველად არიანელებს მისი მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ, მაგრამ მალევე მიხვდნენ თავიანთი ვარაუდის უაზრობას და მტრად მოეკიდნენ. კირილე დიდ მოწყალებას იჩენდა ღარიბებისადმი.
მას შემდეგ, რაც მთელი თავისი ქონება დაარიგა, შიმშილობის დროს უპოვართა გამოსაკვებად რამდენიმე საეკლესიო ნივთიც გაყიდა. არიანელებმა ეს გამოიყენეს ბრალდებად, კირილე დაამხეს და განდევნეს.

შიდა უთანხმოებები განსაკუთრებით ანტიოქიის ეკლესიას აწუხებდა. ევსტათის განდევნის შემდეგ მისმა მიმდევრებმა ცალკე საზოგადოება შექმნეს ევსტათიანელების სახელწოდებით და უარი განაცხადეს არიანელი ეპისკოპოსის, ევდოქსის აღიარებაზე, არც მათთან ლოცვა მოისურვეს, ვინც იგი მიიღო.
მას შემდგომ, რაც არიანელი ევდოქსი კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს და ანტიოქიის ეკლესია გარკვეულ ხანს უმწყემსოდ დარჩა, მართლმადიდებლებმაც და არიანელებმაც ერთად აირჩიეს სებასტიის ყოფილი ეპისკოპოსი მელეტი. მართლმადიდებლები მას ღვთისმსახურ ადამიანად იცნობდნენ, საიმპერატორო კარზეც მოიწონეს ეს არჩევანი, რაკი არიანელები მელეტის თავისიანად თვლიდნენ.

ორივე ფრთა მოუთმენლად ელოდა მის პირველ ქადაგებას. მელეტიმ იმპერატორის თანდასწრებით წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მტკიცედ და აშკარად აღიარა მართლმადიდებლური სწავლება.

არიანელებს იმედი გაუცრუვდათ, მაგრამ ძალიან მალე მოახერხეს მელეტის ჩამოგდება - მან სომხეთში წასვლის ბრძანება მიიღო იმპერატორისგან. Aმან ააღელვა ხალხი, რომელმაც უკვე მოასწრო მწყემსთმთავრის შეყვარება.

როდესაც ქალაქის მმართველს მელეტი მიჰყავდა, ეპისკოპოსი იძულებული შეიქნა, თავისი მოსასხამით დაეფარა ეს მოხელე, რომ ხალხს არ ჩაექოლა. მელეტის არჩევის აქტი სამოსატელ ეპისკოპოს ევსებისთან ინახებოდა; იმპერატორმა ამ ქაღალდის წართმევაც ბრძანა, მაგრამ ევსებიმ უარი განაცხადა. მას ხელის მოკვეთით დაემუქრნენ, რაზეც ეპისკოპოსმა ღირსეულად უპასუხა: "თუ გინდათ, ორივე ხელი მომჭერით, მაგრამ არჩევის დადგენილებას მოგცემთ მხოლოდ მაშინ, თუ ყველა ამომრჩეველი მოითხოვს მას".

მელეტის ადგილი დაიკავა თავგამოდებულმა არიანელმა ევზოიმ, მაგრამ მართლმადიდებლებმა არ მოისურვეს მასთან ურთიერთობა. მოგვიანებით, მომდევნო იმპერატორის მმართველობის დროს, ეპისკოპოსმა ლუციფერ კალიარელმა მათ მესამე მწყემსთმთავარი პავლინი დაუდგინა, მაგრამ ამით კიდევ უფრო გაძლიერდა განხეთქილება.

მელეტის მიმდევრები პავლინს არ ცნობდნენ, ევსტათიანელებს არ სურდათ რაიმე საერთო ჰქონოდათ მელეტიანელებთანაც და პავლინიანელებთანაც. არიანელებმა მეოთხე, ძლიერი ფრთა ჩამოაყალიბეს, საზოგადოება შექმნა ცრუმასწავლებელმა აპოლინარიუსმაც.

სადღა იყო ქრისტეს მიერ თავისი მოწაფეებისთვის დანაბარები მშვიდობა?! ჭეშმარიტებისთვის უდრეკ მარტვილთაგან დავასახელებთ ჰილარი პიქტავიელს (პუატიელს) და სერაპიონ თმუნტელს. ორივე გულმოდგინედ იცავდა ნიკეის მრწამსს, ამტკიცებდა ათანასეს უდანაშაულობას.
ახალგაზრდობაში წარმართი ჰილარი წმინდა წერილის კითხვით მოიქცა და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა ღმერთს. ის ეპისკოპოსად აირჩიეს გალიის ქალაქ პუატიეში, სადაც ბევრი იღვაწა სარწმუნოების გასავრცელებლად. ჰილარი სასულიერო საგალობლებსაც თხზავდა.

მას აშფოთებდა რწმენისთვის ადამიანთა შევიწროებისა და ძალადობის ფაქტები, ამიტომ სწერდა იმპერატორს: "ჭეშმარიტი სარწმუნოების სასარგებლოდაც რომ გამოეყენებინათ ამჟამინდელის მსგავსი ძალადობა, ეპისკოპოსები, სახარების სწავლების თანახმად, მაინც აღიმაღლებდნენ ხმას და იტყოდნენ:

- ღმერთია სამყაროს მეუფე. იგი ჩვენგან მონურ მორჩილებას არ ითხოვს. მისთვის სათნო არ არის იძულებითი თაყვანისცემა".
ამასობაში არიანელთა სწავლება გაიხლიჩა. მათ შორის თავიდანვე არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მართლმადიდებლებთან ბრძოლით გართულებმა გააერთიანეს თავიანთი ძალები და სადავო საკითხებს აღარ მიჰბრუნებიან. ახლა, როცა ერთი შეხედვით, მათი მტრები დამარცხდნენ, უთანხმოება მძაფრად გამოიკვეთა.

ზოგიერთმა არიანელმა, მაგალითად, აეციუსმა და ევნომიუსმა, თავად არიოზსაც გადააჭარბა მკრეხელური აზრებით. მაკედონიუსმა და მისნაირებმა უარყვეს სულიწმიდის ღმერთობა, სხვები მართლმადიდებლებთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდნენ და თავიანთ თავს ნახევრად­არიანელებს უწოდებდნენ. ყველა ეს დაჯგუფება ერთმანეთს ეკამათებოდა, ემტერებოდა, ბრალს სდებდა და გმობდა; ადგენდა და ამხობდა ეპისკოპოსებს იმის მიხედვით, თუ რომელი ფრთა იმძლავრებდა და მოიპოვებდა კონსტანციუსის ან, უფრო სწორად, მის კარისკაცთა მხარდაჭერას.

ყველა ამ უთანხმოების ფონზე უფრო ნათლად იკვეთებოდა დევნილი და ტანჯული სამოციქულო ეკლესიის შინაგანი ერთობა - ეკლესიისა, რომელიც მუდამ იმარჯვებს ჭეშმარიტებისა და თავის თავში დავანებული სულიწმიდის ძალით.

მტრული დაჯგუფებების შესარიგებლად კონსტანციუსმა მოისურვა მსოფლიო კრების მოწვევა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 359 წელს ერთდროულად შედგა ორი კრება: ერთი რიმინში (არიმინში) დასავლელი ეპისკოპოსებისა, მეორე აღმოსავლელებისა - ისავრიის სელევკიაში. ურთიერთს ეპაექრებოდნენ არიანელები და ნახევრად არიანელები, რის გამოც ორივე კრება სამწუხარო შედეგით დასრულდა.

არიანელებმა მოიმარჯვეს ორაზროვანი გამოთქმები, დააბნიეს მამები და ხელი მოაწერინეს არამართლმადიდებლურ სიმბოლოზე, სადაც სიტყვა "ერთარსი" შეცვლილი იყო სიტყვით "მსგავსარსი".

რამდენიმე ეპისკოპოსი, რომლებიც არ დაჰყვნენ მათ მოთხოვნას, გადაასახლეს. იმავე დროს დაამხეს მაკედონიუს კონსტანტინოპოლელიც.

ათანასეს მოღვაწეობა უდაბნოში და გარდაცვალება

მთელი ამ ხნის განმავლობაში ათანასე უქმად არ ყოფილა თავშესაფარში. ის თვალს ადევნებდა ეკლესიის საქმეებს, რომელთა შესახებაც ცნობებს ერთგული მეგობრები აწვდიდნენ და უდაბნოდან ეხმაურებოდა ყველა წამოჭრილ საკითხს. წერდა შეგონებებს თავისი საყვარელი სამწყსოსადმი. მან ჩამოაყალიბა ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლება სულიწმიდის ღმერთობის შესახებ ("წერილები სერაპიონისადმი");
შთამბეჭდავად ამხილა და დაგმო არიანელთა ცრუსწავლება ("ოთხი სიტყვა არიანელთა წინააღმდეგ"). აღწერა თავისი თანამედროვე მოვლენები, არიანელთა ქმედებები და ზოგიერთი კრების მსვლელობა. მორწმუნეები ხარბად ეწაფებოდნენ მის ყოველ სიტყვას, როგორც ცრუსწავლებაზე გასამარჯვებელ საჭურველს.

ასე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უდაბნოს გულში ათანასე. ვერც ჭეშმარიტებას დააკლო რამე ძალადობამ - ის მაინც ვრცელდებოდა. ათანასე წერდა: "განდევნილმა მწყემსებმა ტყვეობა თავიანთი მსახურების სასარგებლოდ გამოიყენეს. ქალაქებისა და ქვეყნების გავლისას, მიუხედავად იმისა, რომ ბორკილები ედოთ, ჭეშმარიტ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, არიანულ ერესს ამხელდნენ. ამრიგად, თავად მდევნელთა სურვილის საწინააღმდეგო რამ ხდებოდა".

* * *

361 წელს გარდაიცვალა კონსტანციუსი და მის ნაცვლად ტახტზე იულიანე განდგომილი ავიდა. მან ბრძანება გასცა დაებრუნებინათ კონსტანციუსის განდევნილი ყველა ეპისკოპოსი, მათ შორის ათანასეც. 362 წელს წმინდა ათანასემ ალექსანდრიაში კრება მოიწვია, იმსჯელეს იმაზე თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ იმ ეპისკოპოსებს, ვინც ძალდატანებით აღმოჩნდა არიოზელთა მხარეს. ბოლოს, დაასკვნეს, რომ ვინც შეინანებდა თავის დაცემას და ნიკეის კრების სიმბოლოს აღიარებდა, მათთან საეკლესიო ურთიერთობა აღედგინათ.

მაგრამ ერთი წლის შემდეგ იულიანემ შემოუთვალა, დაბრუნების ნებართვა მოგეცით და არა მღვდელმთავრობისაო. იმპერატორმა მის შესაპყრობად ჯარი გააგზავნა. წმინდა ათანასე ჩაჯდა ნავში და ნილოსის ზედაწელში მდებარე თავშესაფარში აპირებდა დაბრუნებას. მეგობრებს კი უთხრა, რომ "იულიანე მხოლოდ მსუბუქი ღრუბელია, რომელსაც ქარი მალე გადარეკავს,. მდევრები ათანასეს კვალში მიჰყვებოდნენ. წმინდა იოანემ ნავი მდინარის მოსახვევში დამალა და ბრძანა უკან დაბრუნებულიყვნენ მდევარის შესახვედრად. როცა ნავები ერთმანეთს გაუსწორდნენ, მდევართა მხრიდან ჰკითხეს, ათანასე ხომ არ გინახავთო.

- ის მიცურავს, თქვენზე წინ არის, თითქოს ვიღაცას გაურბისო. იჩქარეთ და დაეწევით.

ნავები დაშორდნენ, წმინდა ათანასე თებაიდაში წავიდა. ჰერმიოპოლოსის მახლობლად, ნილოსის ნაპირებზე მას შეხვდა უამრავი მონაზონი ჩირაღდნებით ხელში, რომელთაც წმინდა პახუმის მემკვიდრე, წმინდა თეოდორე ტაბენისიოტის მონასტრების წინამძღვარიც ახლათ. წმინდა ათანასე ერთხანს მათთან ცხოვრობდა. წმინდა განდეგილთა შესახებ იგი ამბობდა: "ეკლესიის ნამდვილი მამები მე კი არა, ეს ადამიანები არიან, ვინც თავი მთლიანად სიმდაბლესა და მორჩილებას მიუძღვნა".

მალე წმინდა ათანასეს წინასწარმეტყველება ასრულდა, იულიანე განდგომილი ბრძოლაში მოკლეს, მისი მემკვიდრე იყო იობიანე, მის დროს წმინდა ათანასე ალექსანდრიაში დაბრუნდა. თუმცა იობიანე ექვს თვეში გარდაიცვალა, და მისმა მემკვიდრემ ვალენტინუსმა აღმოსავლეთის მმართველობა თავის ძმას არიოზის მიმდევარს ვალენტუსს გადასცა. მან 365 წელს გამოსცა ბრძანება და ბრძანა კვლავ გაესახლებინათ კონსტანციუსისგან გადასახლებული და იულიანესაგან დაბრუნებული ყველა ეპისკოპოსი. წმინდა ათანასე ოთხი თვე მამის აკლდამაში იმალებოდა. ოთხი თვის შემდეგ ვალენტუსმა გააუქმა ეს ბრძანება, წმინდა ათანასესთან კაცი გააგზავნა და საეპისკოპოსო კათედრაზე დაბრუნება შესთავაზა. 366 წლის 1-ელ თებერვალს წმინდა ათანასე თავის მრევლს დაუბრუნდა. წმინდა ათანასეს სიცოცხლის ბოლო წლები მშვიდობიანად წარვიდა. წმინდა მამა 373 წლის ორ მაისს გარდაიცვალა.

წმინდა კოზმა მაიუმელი ბრძანებდა: "თუ სადმე ჩვენი წმინდა მამის ათანასეს წიგნი ჩაგივარდა ხელში, და არც პერგამენტი გექნა და არც ქაღალდი, მოსასხამი გაიხადე და ზედ გადააწერე".

წმინდა ათანასეს ეკლესია იხსენიებს ორჯერ: 2 მაისს და 18 იანვარს - წმინდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად.

გამოყენებულია ნინო ბელთაძის თარგმანი, "თხრობანი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიიდან I-XI საუკუნეები" და "წმინდა ათანასეს ცხოვრების" რუსუდან ბუაჩიძისეული თარგმანი "მამათა ცხოვრება", თბილისი, 1995.
.........................................

ტროპარი:

სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლსიისა, მღვდელმთავარო ათანასე, რამეთუ თანაარსად მამისა ქადაგებითა ძისათა სირცხვილეულ-ჰყავ არიოზ, ღირსო მამაო; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:

მართლმადიდებლობისა მოძღურებანი რა დანერგენ, ბოროტად მადიდებლობისა ეკალნი აღმოსჭრენ და აღაორძინე თესლი სარწმუნოებისა წვიმითა სულისა წმიდისათა, ღირსო; ამისთვის გიგალობთ შენ, ათანასე.


ბეჭდვაელფოსტა
28.12. 2020
ლევანი
ხომ არ იცით საფლავი სად არის?
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat