დიდია მიტროპოლიტ დავითის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე. ბათუმში ააშენა სრულიად ახალი ეკლესია, სამი წლის განმავლობაში გახსნა სამი ეკლესია და ჯიხეთის მონასტერში ააშენა ოთხი სახლი მონოზვნების საცხოვრებლად. მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთში გაიხსნა 6 ახალი ეკლესია. მიტროპოლიტის თაოსნობით გაფართოვდა სოხუმის საკათედრო ტაძარი, საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წინამძღოლობით მეუფე დავითმა დიდი ამაგი დასდო იმ ორი ისტორიული საბუთის მიღებას მსოფლიო საპატრიარქოდან, რომელიც საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენას ღაღადებს. იგი არის ამერიკის 6 ქალაქის საპატიო მოქალაქე; ავსტრალიაში მსოფლიო ქრისტიანულ მე-7 ასამბლეაზე მისი მცდელობით მიიღეს რეზოლუცია საქართველოს თავისუფლების მხარდასაჭერად. მშვიდობის დაცვის კომიტეტმა 1986 წელს მეუფე დავითი დაჯილდოვდა საპატიო მედლით "მშვიდობისათვის მებრძოლს". დაჯილდოვებულია მრავალი საეკლესიო ორდენით, საქართველოს, მსოფლიოს, ალექსანდრიის, იერუსალიმის ბულგარეთის საპატრიარქოებისა და ჩეხოსლოვაკიის, ამერიკის და სხვათა ეკლესიების ორდენებით.
მეუფე დავითის რძალი, კარსნის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის სამონაზვნე ეფემია (შაფათავა-ჭკადუა) იხსენებს:
-მეუფე დავითს უწმინდესი ძალიან პატივს სცემდა და ღირსეულად აფასებდა მის თვისებებს. განსაკუთრებულ სიყვარულს, სითბოს ამჟღავნებდა ოჯახის წევრების მიმართ. უზადოთ ასრულებდა მუსიკალურ ნაწარმოებებს და თავადაც ჰქონდა შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები. კარგად უკრავდა, მღეროდა. სუფრასთან არაჩვეულებრივი თამადა იყო, მაგრამ არასდროს მახსოვს მომეტებულად ნასვამი. ყველა სტუმარს ემსახურებოდა. დაიკაპიწებდა ანაფორას და ემსახურებოდა გარშემომყოფებს. ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო. მისი ცხოვრების წესით ჩვენ ვსწავლობით როგორი უნდა ვყოფილიყავით.ჩემს ოჯახზე და მის შვილებზე ძალიან დიდი მადლია. დიდი სურვილი მაქვს ნათელი კვალი დატოვოს მისმა ცხოვრებამ შთამომავლობაზე და ღირსებით, სიყვარულით და პატივით ატარონ ჭკადუების გვარი.