მამა გაბრიელი (გაგრძელება). მრავალი ერისკაცი ჩივის, - ღვთისმსახურებაზე გონება ხან ერთი, ხანაც მეორე საგნისკენ წარგვეტაცებაო. დაე, ისმინონ ამგვარი სწავლება:
როცა მეზღვაურები მრავალი დღის განმავლობაში მიცურავენ და უძლებენ ტალღების შემოტევას, ისინი მხოლოდ სანატრელი ახლობლების ნახვაზე ფიქრობენ. განა შეიძლება შევადარო ერისკაცული შეხვედრა ტაძარში აღსრულებულ საშინელ საიდუმლოს, როცა მსხვერპლად შეიწირება ძე და სიტყვა ღმრთისა? როგორ შეიძლება ქრისტიანმა მთელი ყურადღება არ მიაჯაჭვოს საიდუმლოს აღსრულებას? ტაძარში ხომ გაგიგონია, ამის შესახებ რომ კითხულობენ წმინდა გრიგოლ პალამას თანამედროვე ნიკოლოზ კავასილას სწავლებას?
ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა, მონაზონი, ყოვლადსახიერ ღმერთთან ერთობაში უნდა იყოს. მე ეს პინეაში გამოვცადე, რომელზეც უკვე მოგიყევი. ჩვენ ყველანი წარვდგებით ღვთის წინაშე, როცა ჩვენი სულები გაშორდება ამ სოფელს. მაშინ ისინი ანგელოზებს ხედავენ, რომელთაც ხელთ უპყრიათ გონებისმიერი სამოთხის კეთილსურნელოვანი ყვავილებით ავსებული თასები. ამ ძღვნის გემოს მხოლოდ ისინი იხმევენ, ვინც თავისი ცხოვრებით შეერთებული იყო ყოვლადწმინდა სამებასთან. ხოლო ვინც საღვთო ლიტურგიების აღსრულებისას ამსოფლიურსა და ამაოზე ფიქრობს, იხილავს ამ თასებს, მაგრამ მზაკვარი, შურიანი ეშმაკები ამ სიტკბოების მიღების ნებას არ მისცემენ. ისინი ეტყვიან წმინდა ანგელოზებს: "ეს ადამიანები ლიტურგიის დროს შეურაცხყოფდნენ წმინდა საიდუმლოს. ისინი თავიანთი გონებით ამაო საზრუნავებსა და ერისკაცულ სიტკბოებაზე ფიქრობდნენ. მათ, ვიდრე ხორცში იყვნენ, ვერ ასწავლეს საკუთარ თავს ღვთის ჭვრეტა, სულიერი სიტკბოების გემო ვერ იხილეს. ამიტომაც არა აქვთ უფლება, იგემონ ნექტარი დიდებული საუკუნო ჭვრეტის კეთილსურნელოვანი თასიდან".
ისინი მხოლოდ შორიდან შეხედავენ ჯილდოს, რომელიც სახარებისეული, ღვთაებრივი სჯულისადმი თავიანთი ურჩობითა და უყურადღებობით დაკარგეს. და მუდივად გაიმეორებენ: "ვაიმე, რომ ჩვენი მცირე გულგრილობით დავიკელით საუკუნო სიხარული და სიკეთეთა გემოსხილვა".
მამა ეგნატე. ზარი დარეკეს. გავედი ტერასაზე. მამა ონუფრე ტიროდა. "რა მოხდა, მამაო? ზარს რატომ რეკენ?" - ვკითხე მას. "მამა ეგნატე მღვდელმონაზონი გარდაიცვალა". კინაღამ წავიქეცი მწუხარებისაგან.
მამა ონუფრემ გადაწყვიტა, მაშინვე წმინდა სამების კალივაში წასულიყო. თავისი გულისტკივილი გამიზიარა:
- ჩემო მეგობარო, ახლა ძალზე ძნელია, იპოვო მოძღვარი, რომელსაც მუშაკობაც ეცოდინება და ჭვრეტაც. როგორც მეუბნებოდა ნეტარხსენებული მამა მინა, - დადგება დრო, როცა მონაზვნები წარმოთქვამენ: "ავუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ" (ფს. 1351), მაგრამ არ დაფიქრდნენ წმინდა წერილის სიტყვებზე: "ჰკითხე მამასა შენსა, გითხრან შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ" (მეორე შჯ. 32,7).
ჩემი ქედმაღლობითა და ეგოიზმით ამ სიტყვების ახსნა არ მითხოვია, თანაც ვიცოდი, რომ მოძღვარი ისედაც ყველაფერს ამიხსნიდა. მართლაც, მან განაგრძო:
- როცა სულიერი მამა ხედავს, რომ მისი მორჩილი წუხს, მრისხანებს ანდა გაღიზიანებულია, მანამდე ხმას არ გასცემს, ვიდრე არ დამშვიდდება. ამის მერე მორჩილს მონასტრის იქით სხვა მოძღვართან გაგზავნის, რათა მან წმინდა წერილისა და წმინდა მოსაგრე მამათა სწავლებათა დამოწმებით ძველებური სიმშვიდე აღადგინოს მის სულში.
- მაგრამ ახლა რა ვქნათ? სულიერი მოძღვარი ხომ მოკვდა? - ვკითხე.
მან მიპასუხა: - მეკითხები, თუ რომელი მოძღვარი შეიძლება გაუტოლდეს მამა ეგნატეს ათონის მთის გარდამოცემათა ერთგულებაში? მისმინე: მამა ეგნატე სერფიდან აქ ძალზე ახალგაზრდა მოვიდა. მთელი ქონება სამშობლოში გლახაკებს დაურიგა და აქ ფეხშიშველი, კვერთხის ამარა ჩამოვიდა. კატუნაკში მამა ნეოფიტეს საძმოში დასახლდა. არასოდეს აუხედავს ზევით, რათა ენახა, მაგიდაზე იდო თუ არა პური ან მარილი. მხოლოდ თავის ძველ გაცვეთილ ოცდაათკვანძიან სკვნილს ჩასჩერებოდა. ასევე კითხულობდა წიგნებს: ოთხთავს, ამბა ისააკს, ფსალმუნს, ბერ ფიკარის "გოდებას".
ამ წიგნებს ხელში აღებისას ემთხვეოდა ხოლმე. სრულად ემორჩილებოდა მამა ნეოფიტეს. ექნებოდა პური და წყალი თუ არა, იგი მხოლოდ მადლობას შესწირავდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ღირსყო ასეთ დიდებულ მოსაგრეს მიჰბარებოდა. მას გამოარჩევდა მყუდროება, მოუკლებელი ლოცვა, ცრემლთა სიუხვე. კატუნაკში არ არის ტაძარი. საზიარებლად ძმები მართალი ანას დიდ სკიტში მიდიან. მონასტრის გადაწყვეტილებით მამა ეგნატე მონაზვნად აღკვეცეს. მამები ხედავდნენ მის სათნოებებს და სთხოვეს დიდ ლავრას, რათა მისთვის მღვდლად ხელი დაესხათ და მოძღვრის ხელისუფლება ჩაებარებინათ (საბერძნეთში მხოლოდ ის მღვდელი იღებს აღსარებას, ვისაც ეკლესია ამის უფლებას მიანიჭებს). მამა ეგნატე მაშინ სულ 26 წლის იყო.
კატუნაკში დაყუდებული მამები ხედავდნენ, რომ იგი ზეკაცი იყო. ისე მტკიცედ იმარხავდა მისთვის ნამცნევ მორჩილებას, რომ საჭმელსა და სასმელზეც კი მოძღვრისგან მუხლთადრეკით გამოითხოვდა კურთხევას. არასოდეს შესწინააღმდეგებია, როცა მოძღვარი თოვლში ფეხშიშველს გზავნიდა კარიესში. მოძღვრად დადგენის მერე მასთან აღსარების სათქმელად უამრავი ადამიანი მოდიოდა: სერბები, რუსები, ბულგარელები, რუმინელები - ისინი ხომ მის ღირსეულ ცხოვრებას ხედავდნენ.
ერთხელ, ღვთაებრივი ლიტურგიის დასრულების მერე, მოძღვარმა მას სილა გააწნა. არ გაბრაზებულა, არამედ ასეთი ამაღლებული სიტყვები წარმოთქვა: "მისმინეთ, მამანო და ძმანო, როცა ჩვენ, ახალგაზრდებს, დიდბერები გვეჩხუბებიან ან გაგვარტყამენ, არ უნდა გავბრაზდეთ. პირიქით, უნდა გვიხაროდეს. ამით გვეხმარებიან, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოაგდონ ჩვენი გულიდან ეშმაკის სამკბილა: ქედმაღლობა, ეგოიზმი და თავმაღლობა. ვწუხვარ ხოლმე, როცა დღე ისე ჩაივლის, რომ მოძღვარი არ გამლანძღავს და არ მცემს. მაშინ ჩემს თავს ვეუბნები: "მდაბალო მამა ეგნატე, დღეს შენ გაგლანძღეს, გამოსცადე თავი, რათა ეშმაკის სამკბილა კიდევ უფრო ღრმად არ შევიდეს შენს გულში". ხელდასხმის მერე მამა ეგნატე ყოველდღიურად მსახურებდა ლიტურგიას, ვიდრე სავსებით არ დაბრმავდა.
- მამაო, ახლა ვისთან ვთქვათ აღსარება?
- ვერაფერს გიპასუხებ, რათა უნებურად განკითხვის ცოდვაში არ ჩავვარდეთ. მოძღვარმა ღვთის უსაზღვრო მორჩილება უნდა დიაცვას, წუნდაუდებელი უნდა იყოს მისი ყოველი წვრილმანი და ნაბიჯი.
იცი, რა დაითმინა მამა კირილეს მოწაფე მამა მელეტიმ წმინდა ანას მცირე სკიტის, ნათლისმცემლს კალივიდან? მეცხრე ჟამი იყო, მოძღვარმა ჰკითხა: "საჭმელი თუ ჭამე?" მან არაფერი უპასუხა. მერე კი ღამისთევის ლოცვაზე გაემართა ხარების კალივაში, წმინდა სპირიდონის სკიტში, სადაც მას ელოდებოდა სამი ალბანელი მამა: იოსები, ნიკოლოზი, მესამის სახლი აღარ მახსოვს. მან მათ წინ დაასვენა წმინდა სახარება, ისინი ემთხვივნენ წიგნს, მან კი ცოდვათა გახსნის ლოცვები წაუკითხა ყველას, აკურთხა, რომ წმინდა საიდუმლოს ზიარებოდნენ. როცა მამა ნიკოლოზი მივიდა საზიარებლად, ენა გაუშეშდა და წმინდა პური (მაცხოვრის ხორცი) გადმოუვარდა პირიდან. მამა მელეტი შიშით კინაღამ მოკვდა, მიხვდა, რაც ჩაიდინა და ფოთოლივით თრთოდა.
როცა საღვთო ლიტურგია დასრულდა, მამა მელეტიმ განცხადებულად აღიარა თავისი ცოდვა.
ამის მერე წავიდა მამა ეგნატესთან და სულიერ ძმასთან, მამა კოზმასთან. ორივე სულიერმა მოძღვარმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მას ოცდაათი დღე უნდა ემარხულა მეცხრე ჟამამდე, მხოლოდ ამის მერე დაიშვებოდა ლიტურგიის ჩასატარებლად.
მამები, მთლად ახალგაზრდების გარდა, ეუბნებოდნენ მამა მელეტის, - ჩვენ როგორ განდობთ ჩვენს მორჩილებს, თუ შენ თვითონ ამგვარი დაუდევრობა და ურჩობა გამოიჩინეო. ამიტომაც მოძღვარი უნდა იყოს ძალზე ფხიზლად, რათა ყველას სათნოებათა მაგალითად ექცეს, ისე როგორც მამა ეგნატე.
ქრისტესმიერ სალოსი. კარიესში ყოველ შაბათს მოდიოდა ძმა და თავის ნაკეთობას ყიდიდა. მერე კი ყველაფერს ყიდულობდა, რაც მთელი კვირა დასჭირდებოდა, მორჩენილ ფულს მოწყალებაში გასცემდა, ამ დროს ის თავს სულელად აჩვენებდა.
არ ამბობდა, სადაური იყო ანდა ერში რას აკეთებდა. მაგრამ, მთაწმინდური გადმოცემით, ვინც თავს უგუნურად აჩვენებს, მათ სოფელში მაღალ თანამდებობას მიაღწიეს და იმისთვის აირჩიეს სიგიჟე, რომ ეს დაეფარათ. ისინი საკუთარ თავზე ხან ერთს ამბობდნენ, ხან მეორეს, რათა მათი სათნოება არ გამოაშკარავებულიყო.
ადამიანები, ვისაც ვნებათა თავდასხმებიდან განთავისფლება სურდა, ამ მონაზონს რჩევას ეკითხებოდნენ, ის კი სულელურად პასუხობდა. თუმცა ვინც გაითვალისწინებდა მის რჩევას - ვნებათაგან თავისუფლდებოდა.
ერთხელ სასაფლაოს კარებთან მჯდარ ამ სალოს მამასთან მივიდა პატრიარქი იოაკიმე II და მიმართა: "მაკურთხე, მამაო". იგი მის წინაშე აღიმართა, ვითარცა სვეტი და ჭეშმარიტება ვეღარ დამალა. პატრიარქმა გაიმეორა: "მაპატიე, მამაო, რომ აქამდე შენი ნახვა ვერ შევძელი. ხელი შემიშალა იმ დევნამ, რომელიც თავს დამატეხა ჩვენმა დამონებულმა ერმა".
ქრისტეს მიერ სალოსმა უთხრა: "პატრიარქო ჩემო, კალივის კარები დაბალია და შიგნით შემოსვლას ვერ შეძლებ". "თავს დავხრი", - უთხრა პატრიარქმა. ბერმა უთხრა: "თავის დახრა რომ შეგეძლოს, ახლა შენ პატრიარქის ტახტზე იჯდებოდი, სადაც უნდა იყო და მთელ მთაწმინდაზე არ უნდა დაწანწალებდე".
პატრიარქი ბუნებით მრისხანე იყო. ის ისე ადუღდა, რომ მონაზონი მაშინვე გაიქცა. პატრიარქმა იოაკიმემ თავი მოთოკა, სუნთქვა შეიკავა, დაფიქრდა მამის ღვთივგაბრწყინებულ სიტყვებზე, დატოვა მთაწმინდა და საპატრიარქოში დაბრუნდა. აღასრულებდა პატრიარქის მოვალეობას და ყოველთვის იმეორებდა: "მოიდრიკე თავი და მაშინ ყველაფერი წესრიგში იქნება".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი