მამა ეფრემ კატუნაკელი
მამა ეფრემ კატუნაკელის ნათელი სახე სულს სიმშვიდითა და სიხარულით გივსებს. ის ღვთაებრივი მადლით იყო ავსებული და "ნაპირებიდან გარდამოიღვრებოდა".
გთავაზობთ ბერებისა და ერისკაცების მოგონებებს ამ ღირს მამაზე.ერთმა ახალბედა მონაზონმა მოისურვა ისეთი მოძღვარი ენახა, რომელიც მას მომავალზე ეტყოდა რამეს. შეიტყო მამა ეფრემის შესახებ და მასთან წავიდა. როცა ისიქასტრიონს მიუახლოვდა, საზიზღარმა და ბნელმა გულისთქმებმა შეაწუხა, რომელიც გონებას უბინდავდა. მოძღვარი მაშინვე გამოვიდა, სტუმარს ისეთი შეგრძნება დარჩა, რომ მას ელოდნენ. მამა ეფრემმა ისე შეხედა მონაზონს, თითქოს მის გულში ჩაიხედაო და უთხრა: - ეს რა გულისთქმები გახრჩობს? თუ შენი მოძღვრის საწინააღმდეგო გულისთქმები გაქვს, მაშინ წადი აქედანო.
- არა, მამაო, - უპასუხა მონაზონმა, - მოძღვრის საწინააღმდეგო გულისთქმები არ მაქვს, მაგრამ ბნელმა ფიქრებმა შემიპყრო და არ ვიცი, როგორ ვებრძოლო.
- უჯერებ შენს მოძღვარს?
- დიახ, მამაო, რასაც მოძღვარი მეტყვის, იმას ვაკეთებ.
- შენ ცხოველივით ემორჩილები. შვილო, ნამდვილი მორჩილება ისაა, საღმრთო სიყვარულითა და მოშურნეობით გააკეთო ის, რასაც გეტყვიან. ჩამოჯექი, კარგად შემოგხედო.
მან ხელი ხელში ჩაჰკიდა, თვალებში ჩახედა და უთხრა:
- აი, შენი მორჩი უკვე ამოიზარდა. ჩვენ მისგან ნაყოფსაც ვიგემებთ. მაგრამ შენში ისევ ძველი კაცია. რამდენი წელია, რაც მონაზონი ხარ?
- ოთხი წელიწადია.
მამა ეფრემმა მონაზონს რამდენიმე სასარგებლო რჩევა მისცა, მერე მისი თავი მკერდზე მიიკრა და ილოცა. მოძღვრის მიერ ნათქვამი აღიბეჭდა ამ ძმის გულში. მას შემდეგ იგი ყოველწლიურად მოდიოდა ხოლმე მამა ეფრემთან.
იგივე მონაზონი ერთხელაც ეწვია მამა ეფრემს. ორი შეკითხვა ჰქონდა. პირველი გახლდათ ის, რომ ეეჭვებოდა თავისი ცხონებისა. მეორე - იმ მონასტერს ეხებოდა, სადაც იგი ცხოვრობდა, ეს სავანე იდიორითმული გახლდათ, ახალგაზრდა მონაზვნებს მისი კინოვიად გადაკეთება უნდოდათ, რასაც ძველი მამები ეწინააღმდგებოდნენ. მონაზონი ლოცვით ეშვებოდა კესარიიდან კატუნაკისკენ და აცრემლებული ევედრებოდა ღმერთს, მოძღვრისთვის გულისხმისყოფა მიეცა. დარწმუნებული იყო მოძღვრის დაფარულმცოდნეობასა და მისი ლოცვის ძალაში.
კალივაში მისული კრძალვითა და შიშით მიუახლოვდა კელიას, სადაც სნეულებისგან ლოგინად ჩავარდნილი მამა ეფრემი ლოცულობდა. ბერმა მოძღვრის წინაშე მუხლი მოიდრიკა. მამა ეფრემმა აკურთხა და მხიარული ხმით უთხრა: - აბა, რას გვეტყვი ახალს?
მონაზონს ცრემლები ახრჩობდა და ვერაფერს პასუხობდა, მამა ეფრემმა ხუმრობით გაამხნევა: - ხედავთ, მუნჯიც ყოფილა!
და მაშინვე, ვიდრე მონაზონი რაიმეს შეეკითხებოდა, მტკიცე კილოთი უთხრა: - შენ ცოდვათა მიტევებასაც მიიღებ, ვინაიდან ქრისტემ თავისიანად მიგიღო და საკუთარ სასახლესაც იხილავ.
მონაზონი გაოცდა. მამა ეფრემი საუბარს განაგრძობდა და მის მეორე შეკითხვას პასუხობდა.
- მონასტერს თქვენ ჩაიბარებთ და ის კურთხეულ კინოვიად გადაიქცევა.
მონაზონმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარმცოდნელობის შესახებ იცოდა, მაინც ჰკითხა: - ეს ყველაფერი საიდან იცით?
- აი, ვისგან გავიგე ყველაფერი, - და მოძღვარმა სკვნილი უჩვენა.
მამა ეფრემმა სულიერი დარიგება მისცა ძმას და მშვიდად გაუშვა.
მამა ეფრემის საძმოს ერთ-ერთი წევრი ჰყვებოდა: "მარტო იმან, რაც მამა ეფრემზე გამეგონა, ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ მისი გაცნობის სურვილი გამიჩნდა.
1974 წელს ათენში წავედი სასწავლებლად. ჩვენს საერთო საცხოვრებელში პრობლემები წამოიშვა. მამა ეფრემს წერილი მივწერე და ლოცვა ვთხოვე. სიტუაციის დეტალები არ აღმინიშნავს, საპასუხო წერილში კი მან დაწვრილებით აღმიწერა საერთო საცხოვრებლის სიტუაცია, მისი ხელმძღვანელისა და ჩემი სულიერი მდგომარეობა.
პირველი შესაძლებლობისთანავე ათონზე წავედი მეგობრებთან ერთად. მსურდა, მოძღვარი მენახა და პასუხი მეპოვა შეკითხვაზე, რაც ასე ტანჯავდა. დამქანცველი მოგზაურობის მერე, როგორც იქნა, მივაღწიეთ კატუნაკს. ჩვენდა სამწუხაროდ, მორჩილმა გვითხრა, რომ მამა ეფრემს ახლა ჩვენი მიღება არ შეეძლო. ჩამოვწერეთ ჩვენი სახელები, რათა ჩვენთვის ელოცა. შევჩერდით მეზობელ კალივაში, დანიელის საძმოში. მალევე ერთი მომლოცველი მოვიდა, რომელიც მანამდე მამა ეფრემთან იყო შესული. მან ჩემი სახელი ახსენა და მითხრა, სასწრაფოდ მამა ეფრემთან წადი, შენთან გასაუბრება სურსო.
მამა ეფრემთან პირველმა შეხვედრამ შინაგანად ისე ამავსო, ისეთი ცვლილება ვიგრძენი, რომ უკვე აღარ ვიცოდი, ვინ ვიყავი სინამდვილეში. მე მასში უბრალო მოსაგრეს კი არ ვხედავდი, როგორადაც ადრე მივაგებდი პასუხს, არამედ კაცს, რომელიც აღემატა ბუნებას. მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავს სიტყვა "წმინდანი!"
იმ დროს მონაზვნობაზე არც კი მიფიქრია, მხოლოდ საერო ცხოვრებაზე ვფიქრობდი. მაგრამ თვითონ მოძღვარმა მესამე პირის წინაშე მიწინასწრმეტყველა: - შენ მთაწმინდაზე მონაზონი გახდები. მღვდელმონაზონი და ჩვენი ღირსი მამის, იოსებ ისიქასტის სულიერი შთამომავალი იქნებიო.
შევწუხდი - როცა გავიგე, რომ მონაზონი ვიქნებოდი. მთელი კვირა ადგილს ვერ ვპოულობდი. ხედავთ, ერთია, რაც ნებავს ადამიანებს, ხოლო ღვთის სურვილი - სხვანაირია".
იმავე ახალგაზრდას მამა ეფრემმა გაუმხილა სალონიკის მიწისძვრამდე ნანახი გამოცხადების შესახებ: "მიწისძვრამდე ერთი კვირით ადრე, როგორც ტელევიზორში, ვხედავდი შერყეულ ქალაქს და გაოცებულმა ვკითხე ღვთის მადლს: "ეს რა არის?" მაშინვე მიპასუხა: "ილოცე, რამეთუ საშინელი რისხვა მოიწევა". მართლაც, ერთი კვირის შემდეგ მოხდა მიწისძვრა და ღვთის მონათა ლოცვით, ნაკლები ნგრევა მოჰყვა, ვიდრე ბერმა გამოცხადებისას იხილა. მოძღვარმა ეს ახალგაზრდას გაუმხილა და სხვისთვის მოყოლა აუკრძალა.
ერთ-ერთ მონაზონსა და თავის სულიერ მეგობარს, რომელსაც ყოველთვის უმხელდა თავის სულიერ მდგომარეობას, ბერმა უთხრა:
- ჩემო მამაო, მსურს ლიტურგია სუფთა სინდისით ჩავატარო. ვინაიდან ჩემს მიერ ჩატარებული პირველი წირვის მერე ღვთის მოწყალებამ ღირსმყო, გრძნობის მიერ დამენახა წმინდა ძღვენზე დავანებული მადლი. მას მერე ყოვლადსახიერმა ღმერთმა ერთხელაც არ წამართვა ეს ნიჭი.
ასევე გაუმხილა ამ მონაზონს, რომ ხშირად ღვთაებრივი ძღვნის კურთხევის მერე საღვთო მადლი "განუხვნიდა თვალთ" და ფეშხუმზე თვით ქრისტეს ხედავდა. და როცა ქრისტეს სხეულის დანაწევრების ჟამი დადგებოდა, ცრემლების შეკავება აღარ შეეძლო. ღვთაებრივმა მადლმა მას უჩვენა ქრისტე სწორედ იმგვარად, როგორადაც ვხედავთ ჩვენ დაკრძალვისას (დიდ პარასკევს).
ამ ღვთაებრივ ხილვებზე ეს ანგელოზის დარი კაცი დიდი სიმდაბლით ჰყვებოდა:
- როცა წირვისას ეს ხილვა მქონდა, ცრემლით ოდიკი ისე დასველდა, თითქოს წყალში ჩამეშვას. ამ მდგომარეობაში მყოფი ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ ვხედავდი ანგელოზებს, რომლებიც ჩემთან ერთად აღასრულებდნენ ღვთაებრივ საიდუმლოს.
ხშირად საღვთო წირვისას ის ჭვრეტის მდგომარეობაში იყო და მდუმარედ ეყრდნობოდა წმინდა ტრაპეზს. ერთხელ ასამაღლებლის წართქმა შეწყვიტა და გალობის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. მამა ნიკიფორე შევიდა ტაძარში და ხელის კვრით მისი გამოფხიზლება სცადა. ის გონს მოვიდა და ღვთისმსახურება განაგრძო. წირვის შემდეგ მან მამა ნიკიფორეს სთხოვა, თუკი ასეთი რამ კიდევ მოხდებოდა, აღარ ჩარეულიყო, რამეთუ ეს მას დააზიანებდა და შეუწყვეტდა საღვთო "ჭვრეტას": "მე ვხედავდი გარდამოსულ და ზეცად ამაღლებულ ანგელოზებს, რომლებიც ღმერთს გამოუთქმელი გალობით ადიდებდნენ".
როგორც ნამდვილ დაყუდებულს, მამა ეფრემს უჭირდა სტუმრის მიღება. ამით გაოცებულმა მისმა მეგობარმა მღვდელმონაზონმა ჰკითხა: - მამაო, ადამიანები ამდენ ძალისხმევას იჩენენ, რათა მოვიდნენ აქ, გნახონ, თქვენგან კურთხევა აიღონ და რჩევა მოისმინონ, თქვენ კი მათ არ იღებთ?
ბერმა მას განუხვნა გული და შემუსვრილმა უთხრა: - შვილო, მე ისეთ სულიერ მდგომარეობაში ვარ, რომ მუდმივად ვჭვრეტ ღმერთს. როცა მოდიან ადამიანები, ისინი წინ აღუდგებიან ამ ზებუნებრივ მდგომარეობას და სიხარულს. ამასთან, ღირსი ეფრემ ასურის ლოცვით ღმერთმა ცრემლთა დენის იმდენად დიდი ნიჭი მომცა, რომ არცთუ იშვიათად თავის შეკავებას ვერ ვახერხებ. ამიტომაც ხშირად ადამიანებთან საუბარი მიჭირს. მაგრამ შევევედრე უფალს და ვუთხარი: "ჩემო უფალო, შენ უწყი, რა მიზეზით არ ვიღებ ხალხს. ყველას, ვინც კარზე მიკაკუნებს, გევედრები, უბოძე შენი მადლი და დააჯილდოვე სულიერად". მართლაც, დავინახე, რომ კაცთმოყვარე უფალმა შეისმინა ჩემი თხოვნა. ადამიანები, რომლებიც მიდიოდნენ ისე, რომ არ ვიღებდი, უდიდესი სიხარულით ივსებოდნენ.
იგივე მღვდელმონაზონი ჰყვებოდა: "როცა დიაკვნად ხელდასხმა მივიღე, მამა ეფრემთან მივედი კურთხევისთვის. მან იქვე შედგენილი ლოცვა წამიკითხა, ცეცხლოვანი ლოცვა, რომელიც შეიცავდა ყველა ძირითად აზრსა და მთელ სიღრმეს წმინდა მამათა ღვთისმეტყველებისა. მაშინ მივხვდი, რომ ღვთისმეტყველება დიპლომებით კი არ შეიძინება, არამედ ჭეშმარიტი მონანიებიდან, წმინდა გამოცდილებიდან მოედინება. სამართლიანია ის, რომ ღმერთშემოსილი მამები ჭეშმარიტი ღვთისმეტყველები იყვნენ.
როცა მოძღვარმა ხელნი დამასხა და ლოცვა დაიწყო, ისეთმა მადლმა მომიცვა, ისეთი ცეცხლი ვიგრძენი შიგნით, რომ აღსაწერად ძნელია".
ერთელ მამა ეფრემმა იმავე მონაზონს სინდისის დამარხვასა და ღვთაებრივი მადლის სამართლიანობაზე საუბრისას უთხრა: - ერთხელ სიტყვით შევეწინააღმდეგე ჩემს მოძღვარს, მამა იოსებს. გავაბრაზე და ღმერთმა დამსაჯა. ვაღიარებ შენს წინაშე, - რაც წერია მოციქულ პეტრეს ცხოვრებაში, რომ იგი მამლის ყივილის მოსმენისას ტიროდა, ვინაიდან ღვთის უარყოფა ახსენდებოდა, ასევე მეც, როცა გავიხსენებ ჩემს ურჩობას, საათობით ვტირი, რადგან ვიცი, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი და არ შემეწუხებინა სულიწმინდა. მღვდელმონაზონმა უთხრა მოძღვარს: - მამაო, შენ ერთხელ ეურჩე და ჩვენ რამდენჯერ ვურჩობთ! მამა ეფრემმა უთხრა: - მე არ მაქვს გამართლება, ვინაიდან სულიწმიდის მადლი იმ ზომით ვიგემე და ისეთი სასწაულები და საიდუმლოებები გამომეცხადა, რომ ერთგული და სრული უნდა ვიყო.
იმავე მონაზონს მოუყვა: "დღეს უდიდეს სულისშემუსვრილებაში ვიყავი, რადგან ლოცვისას ზეციური გალობა მომესმა, რომლის გადმოცემა კაცის ენას არ შეუძლია. ჩემი გული და შინაგანი არსება იმდენად აივსო ამით, რომ ჭამაც აღარ მინდა.
ვკითხე ღვთის მადლს, ასე ვინ გალობდა-მეთქი. თეოდოსის საძმოო". ღვთის მადლმა აუხსნა მას, რომ "თეოდოსელთა გალობა" - განუწყვეტელი დიდებისმეტყველებაა, რომელსაც მიუძღვნიან ღმერთს ცხონებულ კაცთა სულები.