ნეტარი თეოდორიტე კვირელი
X. თეოდოსი. 1. კილიკიაში, ქალაქ როსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მაღალი, ვრცელი, ნადირით სავსე ტყიანი მთაა.
ამ მთაზე დიდებულმა და სახელგანთქმულმა თეოდოსიმ იპოვა ველი, რომელიც ზღვისკენ ეშვებოდა. იქ ქოხი აიშენა და განმარტოებით, სახარბისეულად ცხოვრება გადაწყვიტა. ის ანტიოქიელი გახლდათ, ცნობილი გვარის შვილი. დაუტევა სახლი, ნათესავნი და სხვა ყველაფერი, შეიძინა ის, რასაც სახარებაში "მარგალიტი მრავალსასყიდლისაი" ჰქვია (მათე 13,46).2. მეგობრები და მოწაფეები მამა თეოდოსის საქციელში ჭვრეტდნენ მისი ცხოვრების წესს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის თავშეკავებაზე, მიწაზე წოლასა და ფიჩვის სამოსზე. ამ მხრივ ის ძალზე მკაცრი მოსაგრე იყო და თავის მოწაფეებისთვის განსაკუთრებული მაგალითი გახლდათ. წელზე, კისერსა და მხრებზე ერტყა რკინის ჯაჭვები, თმა-წვერი ფეხებამდე აღწევდა, შემდგომ უფრო გაეზარდა და წელზე ჰქონდა შემოყრილი. ლოცვისა და ფსალმუნთგალობის მოუკლებელი ღვაწლით მან თავის სულში მიაძინა ვნება, მრისხანება, სიამაყე და სხვა გარეული მხეცები. თეოდოსი ძველ ღვაწლს მუდმივად ახალს უმატებდა, ხელსაქმობდა კიდეც: საგრილობლებს და კოლოფებს წნავდა, პატარა მიწის ნაკვეთსაც ამუშავებდა და თავის სარჩენად აუცილებელი მოსავალი მოჰყავდა.
3. ხმა გაუვარდა და ყოველი მხრიდან იწყეს მოსვლა მათ, ვისაც მასთან დასახლება, მისი ღვაწლისა და ცხოვრების წესის გაზიარება სურდა. თეოდოსი მათ იღებდა და თავისი ცხოვრების გზით მიჰყავდა. ერთნი იალქნებსა და ფიჩვს კერავდნენ, მეორენი კი საგრილობლებს და ყუთებს აკეთებდნენ, ხოლო მესამენი მიწას ამუშავებდნენ. რადგანაც სავანე ზღვის სიახლოვეს იყო, შემდგომში ნავიც ააგეს, რომლითაც თანამოსაგრეთა ნაკეთობანი გასაყიდად მიჰქონდა და მონასტრისთვის აუცილებელ ნივთებს იძენდა. ახსოვდა მოციქულის ნათქვამი: "შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაითა არავის თქვენგანსა დაუმძიმოთ" (2 თეს. 3,8), ასევე სხვაც: "სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნენ ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი მსახურებდეს" (მოციქ. საქმე 20,34). ამიტომაც თვითონაც შრომობდა და თანამოსაგრეებსაც არწმუნებდა, რომ სულიერი მოსაგრეობისთვის ხორციელი ღვაწლიც შეერწყათ. "სოფელში მცხოვრებნი რომ ოფლითა და შრომით მოუპოვებენ თავიანთ ცოლ-შვილს საკვებს, გადასახადს იხდიან, პირველი ნაყოფი ღმერთთან მიაქვთ და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან გლახაკებს, ჩვენ უმეტეს გვმართებს, ყოველივე აუცილებელი საკუთარი ხელით მოვირეწოთ, მით უმეტეს, თუ ვიცით, რომ ჩვენთვის აუცილებელი საკვები მწირია, ტანსაცმელი კი უბადრუკი. არ შეიძლება გულხელი დავიკრიფოთ და სხვისი ნამუშაკევით ვისარგებლოთ". თეოდოსი თანამოძმეებს ამგვარად შრომისთვის აღძრავდა. თავის დროზე, ჩვეულებრივად საღვთო მსახურებას აღასრულებდა, დროის შუალედს კი შრომას უძღვნიდა.
4. თეოდოსი განსაკუთრებით მწირებზე ზრუნავდა, მათზე ზრუნვა კი ისეთ მონაზვნებს მიანდო, რომლებიც სიმშვიდით, სიმდაბლისმოყვარეობით იყვნენ გამშვენებულნი და მოეპოვებინათ მოყვასის სიყვარული. თვითონ კი ყველას თვალყურს ადევნებდა, თუ ასრულებდა თითოეული დადგენილი წესებით მოვალეობას. ამგვარი ცხოვრების წყალობით იგი ისე განდიდდა, რომ ზღვაში ათასი სტასიდიის დაშორებით მყოფი მეზღვაურები განსაცდელისას ღვთაებრივ თეოდოსის მოუწოდებდნენ და მისი სახელის ხსენებითაც კი დააცხრობდნენ ზღვის მძვინვარებას.
5. მას პატივს სცემდნენ თვით ველური და დაუმორჩილებელი მტრები, რომელთაც მაშინ დააცარიელეს და დაიმონეს აღმოსავლეთის უდიდესი ნაწილი. ჩვენი მხარის მცხოვრებლებს ვის არ სმენია იმ განსაცდელებზე, რომელთაც მოაწევდა "ისავრიელებად" წოდებული ხალხი - მათ ძველად "სოლიმებს" ეძახდნენ. ისინი არ ინდობდნენ არც ქალაქებს, არც სოფლებს, რასაც ვერ მოერეოდნენ, წვავდნენ, მაგრამ მათ თეოდოსის სიბრძნისმოყვარეობის რცხვენოდათ და მხოლოდ პურსა და ლოცვას სთხოვდნენ, მის სამოსაგრეოს კი ხელუხლებელს ტოვებდნენ. ისინი ამგვარად ორჯერ მოიქცნენ.
6. თუმცა ეკლესიის მეთაურებს ეშინოდათ, რომ ეშმაკს ბარბაროსთა გულში ფულისადმი ვნება არ ჩაედო და არ შთაეგონებინა, რომ ღვთისმოშიშების უდიდესი საუნჯე - თეოდოსი მოეტაცებინათ (რამეთუ ხალხს, რომელიც უფრო მეტად ღვთისმოსაობას აფასებს, შეეძლო მისთვის დიდი გამოსასყიდი გადაეხადა) და ამიტომაც დაარწმუნეს იგი, ანტიოქიაში გადასახლებულიყო. ისინი მიუთითებდნენ მანამდე მომხდარ ორ ამბავს: ბარბაროსებმა დაატყვევეს ეკლესიის ორი წინამძღვარი და თუმცა ყველანაირ პატივს მიაგებდნენ, ისინი არ გაათავისუფლეს, ვიდრე გამოსასყიდი - ოთხი ათასი ოქრო არ მიიღეს. თეოდოსიმ ამ რჩევებს დაუჯერა, ანტიოქიაში, მდინარის პირას, ერთ-ერთ სავანეში დასახლდა, სადაც ასევე მიიზიდა ყველა ის, ვისაც ძალუძს ამგვარი სულიერი მოსავლის დაფასება.
7. ამ ღვთივშთაგონებულმა კაცმა ქმნა ერთი სასწაული, რომელიც დღემდე რჩება მოწმობად იმისა, ღვთის რაოდენ დიდი მადლი და მის წინაშე კადნიერება მოიპოვა. მის მიერ აშენებული მონასტრის ზემოთ ციცაბო კლდე ძველთაგანვე მშრალი და უწყლო იყო. თითქოს თეოდოსიზე იყო დამოკიდებული, წამოვიდოდა თუ არა წყალი: მან მილი გაიყვანა კლდის წვერიდან მონასტრამდე. აივსო ღვთისადმი სასოებითა და კადნიერებით, ჰქონდა რა შეურყეველი რწმენა, შუაღამისას ადგა და გაცილებით ადრე, ვიდრე თანამოსაგრეები ჩვეულებისამებრ ლოცვას დაიწყებდნენ, ავიდა მთაზე. გულმოდგინედ ილოცა ღვთისადმი და იმ იმედით, რომ ღმერთი აღასრულებს თავის მოშიშთა ნებას, თეოდოსიმ კლდეს კვერთხი დაარტყა, რომელსაც ის ეყრდნობოდა ხოლმე. კლდე გაიპო და ნაპრალიდან წყარო წამოდინდა, რომელიც საკმარისი იყო მონასტრის მამებისთვის და იქვე, ახლოს მდებარე ზღვაში ჩაედინებოდა. დღემდე ვხედავთ თეოდოსიზე დავანებული მადლის ამ მოწმობას, იმის მსგავსს, მოსემ რომ მოიპოვა.
8. ანტიოქიაში მცირე ხნით ცხოვრების მერე იგი ანგელოზთა დასში გადასახლდა. მისი პატიოსანი სხეული რკინის ჯაჭვებით, როგორც ოქროს გვირგვინით, გამშვენებული უამრავი ხალხისა და უმაღლესი ხელმძღვანელობის თანხლებით ქალაქის შუაში დაასვენეს. კუბოსთან დავა-კამათიც კი გაიმართა, რადგან ყველას სურდა წმინდანის სხეულს შეხებოდა და საღმრთო კურთხევა მიეღო. წაასვენეს და წმინდა მოწამეთა მღვიმეში დაასვენეს. იმავე განსასვენებელში, სადაც ღვთისმოსაობით ძლევაშემოსილი მოსაგრე იულიანე და ნეტარი აფრაატი არიან დამარხულნი.
9. ფარის მწყემსობა კი მის მერე მიიღო ნეტარმა ელადიმ, რომელიც ამ ღვაწლს სამოცი წელი უძღვებოდა. მერე კი, ღვთის ნებით, იგი კილიკიის (ეკლესიის) ხელმძღვანელი გახდა. თუმცა ამის მერეც არ დაუტევებდა ადრინდელ სიბრძნისმოყვარეობას, მოსაგრეობის ღვაწლს და ყოველდღიურად შემატებდა მას მღვდელმსახურის შრომასაც. მის მერე კი დიდი სამწყსო ელადის მოწაფემ, რომულმა ჩაიბარა. ამგვარად, მოსაგრეთა ამ ქორომ დღემდე მოაღწია იმავე ცხოვრების წესით. მონასტრის ახლოს მდებარეობს ერთი დაბა, რომელსაც ასურულ ენაზე მარატოს ეძახიან. ვასრულებ რა ამ მოთხრობას, ვლოცულობ, რომ ღირსი შევიქმნე ამ ნეტარ კაცთა კეთილმოწყალებისა.
XI. რომანი. დიდებული თეოდოსი ანტიოქიაში დაიბადა, როსეს მთებში მოსაგრეობდა, მერე კვლავ ანტიოქიაში დაბრუნდა და იქ დაასრულა თვისი მიწიერი ცხოვრება. ნეტარი რომანი როსეში დაიბადა და აქ მიიღო პირველი აღზრდა-განათლება, მერე კი სათნოებათა ღვაწლი სრულყო ანტიოქიაში, მთელი ის ხანი ქალაქის გალავანს გარეთ იცხოვრა, ამასთან უცხო და ძალზე ვიწრო ბინაში. იგი სიბერემდე არ იყენებდა ცეცხლსა და სანათს. საჭმელად ჰქონდა მხოლოდ პური და მარილი, სასმელად კი წყაროს წყალი. თმა ღირსი თეოდოსის თმის მსგავსი ჰქონდა და იმნაირსავე სამოსსა და ჯაჭვებს ატარებდა.
2. რომანი მშვიდი ზნით, უბრალოებითა და თავმდაბლური აზროვნებით გამოირჩეოდა. ამიტომაც განაბრწყინა იგი ღვთის მადლმა. რამეთუ უფალმა თქვა: "ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა" (ესაია 66,2). თავის მოწაფეებს კი უთხრა: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსვენება სულთა თქვენთა" (მათე 11,29). სხვა ადგილას კი იგი ამბობს: "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ დაიმკვიდრონ ქვეყანაი" (მათე 5,5). სჯულისმდებელ მოსესთვის სიმშვიდე გამორჩეული ნიშანი იყო მისი სრულყოფილებისა. "კაცი მოსე მშვიდ იყო ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქვეყანასა ზედა" (რიცხვ. 12,3). იგივე სულიწმინდა მოწმობს წინასწარმეტყველ დავითზე: "მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი" (ფსალ. 131,1). პატრიარქ იაკობზე კი ვიცით, რომ იგი იყო "კაცი უმანკოი, მყოფ სახლსა შინა" (შესაქმე 25,27).
3. რომანმა, ვითარცა ფუტკარმა, ამ ღვთაებრივი ბაღებიდან შეაგროვა ეს სათნოებები და გადააქცია ჭეშმარტი სიბრძნისმოყვარეობის თაფლად. თუმცა მარტო თვითონ არ სარგებლობდა თავისი შრომის ნაყოფით, არამედ სხვებსაც დაარწყულებდა მისგან მომდინარე სიტკბოების წყარონი. მასთან მისულებს რომანი თავისი მშვიდი და ტკბილი ხმით არიგებდა: ზოგს ძმათმოყვარეობის შესახებ ეტყოდა, სხვებს თანხმობასა და მშვიდობას ასწავლიდა, მესამეთ თავისი გამომეტყველებითაც კი ღვთაებრივი საგნების შემყვარებლებს გახდიდა. რამეთუ ვინ არ განცვიფრდებოდა ბერის შემხედვარე, რომელიც გრძელი თმით დაფარული, გათანგული სხეულით, ნებაყოფლობით იტვირთავდა ყველა მძიმე ჯაჭვს, ფიჩვით იყო მოსილი და იმდენ საკვებს იღებდა, რამდენიც საჭირო იყო იმისთვის, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო?
4. მრავალი და მძიმე შრომის გარდა, რომელსაც ის იტვირთავდა, აოცებდა და მისადმი პატივისცემით განაწყობდა ყველას მასში გაბრწყინვებული მადლი: იგი ხშირად კურნავდა ყველაზე მძიმე სნეულებას და მრავალი უნაყოფო დედაკაციც განკურნა - გამოითხოვა რა მათთვის ღვთისგან შვილთასხმის კურთხევა. მიიღო რა სულიწმინდისგან ასეთი ძალა, მაინც საკუთარ თავს საცოდავს და გლახაკი სულის პატრონს ეძახდა.
5. ამგვარად განვლო მან ცხოვრება, კეთილსუყოფდა მასთან მისულებს თავისი იერითა და სიტყვით. იგი ამ ქვეყნიდან განვიდა და შეუერთდა ანელოზთა დასს. ხოლო მათთვის, ვინც სულიერ სიკეთეებს ეძიებს, რომანმა დაუბერებელი საუკუნო ხსოვნა დატოვა, რომელიც სხეულთან ერთად არ დაეფლა. მე ამ შემთხვევაშიც გამოვითხოვ კურთხევას ამ მამისგანაც და სხვა მოსანგრეებზე თხრობას განვაგრძობ.