უფლის ამაღლების დღესასწაული წმინდა ანას სკიტში
საყვარელნო შვილნო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომლისადმი უდიდესმა სიყვარულმა მოგიყვანათ მის ბაღში, გიხაროდენ უფლისა მიერ!
დღეს, უფლის ამაღლების დიდებულ დღესასწაულზე, როცა წმინდა ანას ტაძარში ღამისთევის ლოცვა დამთავრდა, ცხადად ჩანდა, ყველა მამას მზეზე მეტად როგორ უბრწყინავდა სახე. ბოლო ლიტურგიაზე ხომ ყველა ეზიარა უხრწნელ საიდუმლოს. მათ გარდამოცემით ისწავლეს, როგორ უნდა დამდგარიყვნენ ღამისთევის ლოცვაზე და როგორი კეთილკრძალულებით მოესმინათ აკოლოთიის საკითხავისა და წმინდა ღვთისმეტყველთა ქადაგებებისთვის, რომლებიც საუბრობენ დღევანდელ დღესასწაულზე. უცოდინარი ყმაწვილი ვიყავი, ლიტურგია ჯერ არ იყო დასრულებული, ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. შეუძლებლად მიმაჩნდა, ჩემს მოძღვარს არ მივახლოებოდი და აკოლოთიის ყოველი სიტყვის განმარტება არ მეკითხა. უპირველესად ლიტიის ტროპართა აზრის გაგება მსურდა და იმის შეტყობაც, ასე მაღლა როგორ აღიტაცებენ ისინი გონებას მიწიდან თვით ზეცამდე.
როცა უბრალო ცხოვრებას ვეწეოდი, თევზით და ყველით ვიკვებებოდი, არ მახსენდება, მოძღვარს ეთქვას ჩემთვის, რა როდის უნდა მეჭამა. ის მხოლოდ შემახსენებდა წმინდა წერილს: "არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მათე 4,4). როცა ღვთისმსახურებაზე ვკითხე, ცოტა ხანს გაჩერდა და მერე მიპასუხა:
- ჯობია წახვიდე და ხანგრძლივი მსახურების მერე დაისვენო. ღამისთევის ლოცვა ხომ ცამეტი საათი გაგრძელდა, თან შენ მსახურებდი კიდეც.
აი, ეს იყო მთელი მისი პასუხი.
საღამო ხანს ის, როგორც წესი, ფარდულში პარმაღზე იჯდა ხოლმე. მითხრა: "დღეს უფლის ფერისცვალების დღესასწაულია. ყოვლადსახიერ ღმერთს არაფერი სჭირდება: სამყაროში ყველაფერი მას ეკუთვნის. თავის ქმნილებათაგან ყველაზე მეტად მან ადამიანი შეიყვარა. თუმცა კაცი შეცდა. ამიტომაც ადამიანი უნდა ასულიყო იმ სიმაღლეზე, რისთვისაც იგი შეიქმნა.
პირველი ცოდვით დაცემის მერე ხუთი ათასი წელი გავიდა. როგორც ბრძანებს ნეტარი ავგუსტინე: "იქ, სადაც მოხდა დაცემა, აუცილებლად უნდა მომხდარიყო წამოდგომა, მკვდრეთით აღდგომა და ამაღლება". ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო. თავიდან განმართა (გამოასწორა) კაცი თავისი განკაცებით, შემდგომში - სიმდაბლისმოყვარეობით, ვიდრე ჯვარცმამდე, დაფლვასა და აღდგომამდე. მკვდრეთით აღდგომის მერე უფალი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და გულები გამოუთქმელი სიხარულით აუვსო. მან ისინი ელეონის მთამდე მიიყვანა, რათა ეჩვენებინა თავისი უსაზღვრო სახიერება და გულმოწყალება, თავისი უდიდესი სიყვარულის სადარი, და უპირველესად - რათა გამოუთქმელი სიხარულით ავსებულიყო გული მისი ყოვლადწმინდა დედისა, რომელიც მხიარული იყო, რადგან ხედავდა, რომ ხორცი (სხეული), რომელიც მისგან განუხრწნელად მიიღო იესომ, განღმრთობის მერე აღვიდოდა ზეცად.
მონაზონმაც ამგვარადვე უნდა იფიქროს სიმდაბლისმოყვარეობასა და ჩვენდამი ღვთისმშობლის ღვთაებრივ სიყვარულზე - რამდენჯერაც მოგვშორდებოდა ჩვენ ძეი მისი და ღმერთი ჩვენი, იმდენჯერვე მიირბენდა მასთან მოშურნედ ღვთისმშობელი, ვითარცა ჩიტი, რომელიც ფრთებით დაიფარავს თავის ყველა ბარტყს.
მე და შენ უკვე გვისაუბრია, - განაგრძო მამა ონუფრემ, - თუმცა მე ვინ ვარ, რომ უფლის მოწყალებაზე გელაპარაკო? მაგრამ დამოძღვრა ჩემი ვალია და ამიტომაც მოგიყვები, რაც საჭიროა. მისმინე.
მუშაკობა - ეს თვით დღესასწაულია, ხოლო ჭვრეტა - დღესასწაულის ხასიათი და თვისება. გონებით გადავსახლდეთ ელეონის მთაზე და შენ დაინახავ მრავალმოწყალე და დიდად მოყვარულ ღმერთს, რომელმაც ადამიანის სხეული (ხორცი) აღამაღლა, რათა თავისი სრულყოფილი ღმერთკაცობა ენახვებინა წმინდა მოციქულებისთვის და უდიდესი მოწყალება - თავის ყოვლადწმინდა დედისთვის. მიხედე წმინდა ანგელოზებს, რომლებიც წმინდა მოციქულებს ეუბნებოდნენ: "კაცნო გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად?" (მოციქ. საქმე 1,11).
სიტყვა "ჰხედავთ" ეხება ყველა ქრისტეს მოყვარულს: მათი მზერა ხომ ყოველთვის ზეცისკენ არის მიმართული - მუშაკობის და ჭვრეტის დროსაც. "ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად" და მიაგებს დიდებასა და პატივს შემყვარებელსა თვისსა.
როცა უფალი აღვიდა ზეცად, ანგელოზთა ქვემო დასნი ეუბნებოდნენ ზევით მდგომთ: "აღახუენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი" (ფსალმ. 23,7-10), ზედა დასნი კი, ხედავდნენ რა, რომ ადამიანის ხორცით შემოსილი ამაღლდებოდა მეუფე დიდებისაი, კითხულობდნენ: "ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?" წინასწარმეტყველმა ესაიამ წარმოთქვა: "ვინ არს ესე მომავალი ელომით გამო?.. რაისთვის შენნი მეწამულ შესამოსელნი და საბლარდნელნი შენნი" (ესაია 63,1-2).
რამხელა სიხარულსა და მხიარულებას გვაძლევს ამის ხილვა! უხილავი ღმერთი ამაღლდება ზეცად, შემოსილი ადამიანის ხორცით, რომელიც მან შობითგანვე მიიღო თავის მარადუხრწნელი დედისგან.
პასექისა და უფლის ამაღლების შემდეგ წმინდა მოციქულებს სწყუროდათ და შიოდათ ზეციურ ნიჭთა გემოსხილვა. ისინი ღირსნი შეიქმნენ უდიდესი დიდებისა და სიტკბოებისა. მივბაძოთ ჩვენს მამებს, გავიხსენოთ, როგორ ცხოვრობდნენ ისინი ამ კლდეთა შორის, დაითმენდნენ შიმშილსა და წყურვილს, რათა დღევანდელი დღესასწაულის ჭვრეტა არ დაეკარგათ.
ამიტომაც, მეგობარო, პირი იქციე ყოვლისაგან, ადი შენს კალივაში და სიმდაბლეში გახვეული, კაცთაგან დაიმალე. იფიქრე იმაზე, რომ შენ ადამიანებთან ურთიერთობის ღირსი არ ხარ. ილოცე, მადლობა შესწირე, თაყვანი ეცი წმინდა სამება ღმერთს. სუნთქვა შეიკავე ლოცვისას, იფიქრე იმაზე, რომ შენი ცოდვები ჯვარს აცვამენ ღვთის ძეს და ამიტომაც ღირსი არ ხარ ამ ჰაერის სუნთქვისა. ამგვარი სულიერი მუშაკობა გონებაში ჩაასახლებს შენში სიმდაბლეს, რომელზეც ბრძანა თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა: "მოხედა სიმდაბლესა მონისა თვისისასა".
ყოვლადწმინდა დედუფალი ჩვენი, ღვთისმშობელი, რომელმან ასწავლა წმინდა გერონტის გულისმიერი ლოცვის ხერხი, იქნება შენი შემწე, შუამდგომელი, მფარველი, დამრიგებელი, მკურნალი და დედაი შენი. მასზე ფიქრით გულითადი სიყვარულით აღივსები.
თუმცა ჩვენს დროში ქრისტიანებს შიათ, სწყურიათ, დაითმენენ დევნას და დაცინვას, ჩემო მეგობარო, ამ დიდებულ დღესასწაულზე იმაზე იფიქრე, რომ სამება ღმერთმა გამოგიყვანა ამ სოფლიდან და მოგიყვანა წმინდა სამების კალივის ამ მყუდრო სავანეში, რომელიც განწმენდილია მრავალ მონაზონთა მიერ. იმ მამებს მიჰბაძე.
აი, რა მითხრა ჩემმა მოძღვარმა მამა ონუფრემ. გადავწყვიტე, თქვენი სულის სიკეთისათვის მეთქვა ეს. ილოცეთ ჩემთვის.
უფლის ფერისცვალების კალივის მამები
მამა ონუფრე, მამა მინას მორჩილი. ხშირად ვტირი, როცა ვიხსენებ წარსულს და ამა ქვეყნიდან განსულ წმინდა ანას სკიტის მამებს. მათ უმაღლეს სათნოებებს მიაღწიეს და ჩვენთვის ნათელ მაგალითად იქცნენ. ჩემი მოძღვარი და სულიერი დამრიგებელი იყო მამა ონუფრე, მამა მინას მორჩილი. იგი მაგალითად იქცა არა მხოლოდ ჩვენი წმინდა სავანის მამათათვის, არამედ იმ მხარის ყველა მოსაგრისთვის. ის არასდროს არავის ამცირებდა და ყველა მწუხარებასა და განსაცდელს სიმდაბლითა და უბოროტობით დაითმებდა.
ერთხელ მიამბო, თუ რატომ გახდა მონაზონი.
მამამისი მდიდარი კაცი იყო, კონსტანტინოპოლის გარეუბანში ცხოვრობდა და ცხვრის ძალზე დიდი ფარა ჰყავდა. ფარას პატარა ზოტიკი მწყემსავდა (ასე ერქვა ერისკაცობაში მამა ონუფრეს). ის მუდამ ლოცულობდა და მაცხოვნებელ წიგნებს კითხულობდა. ამიტომაც გონებით მუდამ ღმერთში იმყოფებოდა.
ერთხელ შეამჩნია, როგორ გახალისდა მისი და საყვარელი ყმაწვილის დანახვაზე. ზოტიკი გაბრაზდა და საკუთარ თავს უთხრა: - მდაბალო ზოტიკ, ისწრაფე მთაწმინდაზე, გახდი მონაზონი და მოიპოვე ცხონება.
ბიჭმა მაშინვე დატოვა მთელი ქონება, მხოლოდ ქუდი დაიხურა და კონსტანტინოპოლიდან ათონისკენ გაემგზავრა. ხურდაც კი არ წაუღია. სწამდა ყოვლადსახიერი ღმერთის გულმოწყალებისა, რომელიც გულისხმაყოფს ადამიანებს. მართლაც, სადაც გაიარა, ყველგან საჭმელს აძლევდნენ. სახლებში ღამის გათევისა ეშინოდა, რადგან საცთურებს უფრთხოდა, ამიტომაც საბძელში რჩებოდა, დილით კი კვლავ გზას გაუდგებოდა. როგორც იქნა, ათონს მიაღწია და ივერონის წმინდა მონასტერში დასახლდა. წმინდა მოსაგრეთა მიბაძვით, მხოლოდ გარეულ ყურძენს ჭამდა. ძალზე ტანმაღალი იყო და თითქმის არასოდეს არავის ესაუბრებოდა, ამიტომაც ყველა ფიქრობდა, მართლმადიდებელი უნგრელიაო.
ჩვენი დედოფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოწყალებით, ზოტიკთან ერთხელ ერთი ღვთისმოშიში ქრისტიანი მივიდა და ჰკითხა, სადაური ხარ და აქ დასახლება რატომ გადაწყვიტეო. ზოტიკმა მოკლედ უამბო ყველაფერი. ამ ღვთისმოშიშმა ქრისტანმა ურჩია, წმინდა ანას სკიტში მისულიყო სულიერ მოძღვარ მამა მინასთან, რომელიც წარმოშობით ჩერნოგორიიდან იყო.
ზოტიკი გზას დაადგა. სკიტს რომ მიუახლოვდა, მიხვდა, თუ სად რომელი კალივა მდებარეობდა. შორიდანვე მოჰკრა თვალი მამა მინას კალივას. კარზე დაუკაკუნა.
მამა მინა სიხარულით გამოეგება: - შემოდი, შვილო, შენ აქ თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოგგზავნა დედაქალაქიდან (ზოტიკს არავისთვის უთქვამს, რომ კონსტანტინოპოლელი იყო, მაგრამ დაფარულმცოდნელი მამა მინა მაშინვე ყველაფერს მიხვდა). დარჩი ჩემთან, ერთად ვიზრუნოთ ცხონებისთვის. შენ ჩემი ნუგეში იქნები. კალივაში უქმად არ იქნები: იზრუნებ წმინდა ნაწილებსა და საეკლესიო ჭურჭელზე.
ზოტიკი ეკლესიაში შევიდა და სასწაული იხილა: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიდან სისველე წარმოდინდა და ხატის წინ მდგარი დიდი შესვლის სანთელი თავისით აენთო. მიხვდა, რომ მისი ახლანდელი მოძღვარი მამა მინა გონებით მოუკლებლად ლოცულობდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეუვრდებოდა, უფლის დედამ კარიბჭის სასწაულმოქმედი ხატის მეშვეობით გულისხმაყო იგი, უბრალო ქრიტიანი, და გამოგზავნა ყოველი სათნოებით ავსებულ ამ წმინდა კაცთან.
როგორც მორჩილი, ზოტიკი უნაკლოდ აღასრულებდა თავის მოვალეობას. მამა მინა ხედავდა მის უსაზღვრო მორჩილებას, სიხარულით ლამის დაფრინავდა. მან ზოტიკი მალევე მონაზვნად აღკვეცა და თავისი განსვენებული მოძღვრის, ონუფრე კვიპრელის სახელი მისცა.