საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი, თეოლოგიისა და პოლიტოლოგიის მაგისტრი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე თავის ფეისბუქ-გვერდზე ასეთ პოსტს აქვეყნებს:
ძალზედ სამწუხაროა, რომ მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე", 2018 წლის თებერვლიდან, ნაცვლად ყოველ ორკვირეული გამოცემისა, პერიოდულობის გაზრდილ ინტერვალზე - ყოველთვიურობაზე გადაერთვება. ასევე, შემცირდება გვერდების რაოდენობა.
ჯერ კიდევ მცირეწლოვანი გახლდით, სკოლის მოსწავლე, როდესაც ღმრთის ნებითა და წყალობით, ჩემ ცხოვრებაში, 2004 წლიდან შემოვიდა "კარიბჭე", რომელიც სულიერ საზრდოს მაწვდიდა და წლების განმავლობაში, სწორედ ხსენებული გამოცემისგან განვისწავლებოდი. ჟურნალის თითოეული ნომერი ჩემი განუყრელი სულიერი მასწავლებელი და მეგობარი გახლდათ. ჩემთვის პირადად უცნობ "კარიბჭელებს", სულიერ ახლობლებად ვთვლიდი და დღესაც ამგვარად მივიჩნევ... სასულიერო აკადემიაში სწავლის პერიოდშიც კი მეხმარებოდა "კარიბჭედან" მიღებული ცოდნა...
მოგეხსენებათ, მეოცე საუკუნე, თუ როგორი ურთულესი ათეისტური კატაკლიზმების ფონზე განვლო ჩვენმა ქვეყანამ და ეკლესიამ. სამოცდაათწლოვანი ათეისტური ხანისას, საქართველოს ეკლესიას არ გააჩნდა ბეჭდვითი ორგანო, გარდა კალენდრისა, რომლის ხარისხი, მხოლოდ სამოცდაათიან წლებში გახდა გაცილებით ღირებული და მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთრივ კალენდარია... სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს ურთულესი ბრძოლის გადატანა მოუხდა ათეისტურ ხელისუფლებასთან, რათა ახალი აღთქმა გამოეცა, რომლის ტირაჟის რაოდენობას არ თმობდა კომუნისტური მთავრობა. თუმცა ღმრთის შეწევნით, მასზე მეტი გამოიცა, ვიდრე უწმიდესსა და უნეტარესს ეფრემს თავდაპირველად სურდა... მხოლოდ ეს იყო და ეს...
"კარიბჭე" კი, განვლილი სულიერი შიმშილის ეპოქის შემდეგ, რომლის საცეცები, ჩვენდა სამწუხაროდ, სავალალოდ და სამარცხვინოდ დღემდე გვწვდება, ერთგვარ სულიერ დამპურებლად შემოვიდა მართლმორწმუნეთა გულებსა და გონებაში... ფაქტობრივად, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც "კარიბჭემ" სულიერად აღგვზარდა და დაგვაფრთიანა, თავისუფლად და გადაუჭარბებლად შეიძლება გვეწოდოს "კარიბჭის" თაობა. დიახ, მე "კარიბჭის" თაობის წარმომადგენელი ვარ!
განვლო წლებმა და დღეს, უკვე, აქტიური რესპოდენტი გახლავართ "კარიბჭისა". აქტიურად იბეჭდება ჩემი სტატიები თუ ჩემგან მიღებული ინტერვიუები. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი მოკრძალებული სამადლობელი გახლავთ "კარიბჭისადმი" - უფლის მადლით, ახლა მე გავხდე ამ ჟურნალის ფურცლებიდან სხვათა მასწავლებელი, ისე როგორც თავის დროზე, თავად განვისწავლებოდი მისი ("კარიბჭის") ფურცლებიდან.
არც მოშურნენი და კრიტიკოსები დაკლებია ხსენებულ ჟურნალს, თუმცა აკრიტიკებენ მას, ვინც საქმეს და თან დიდ საქმეს ანხორციელებს... ასე, რომ კრიტიკაც კი, დიდი პოზიტივია ამ ჟურნალისთვის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, კრიტიკოსებზე ძალზედ ბევრად მეტი, ერთგული და მადლიერი მკითხველი ჰყავს "კარიბჭეს".
ინტელექტის სიმწირე, რომელიც დღესდღეობით ჩვენი ცხოვრების თითოეულ არეალში, სამწუხაროდ, უნივერსალური ფორმით ყოველგან გვხვდება, სწორედ "კარიბჭემ" და მისმა მსგავსმა ბეჭდურმა გამოცემებმა უნდა შეავსოს... ხსენებული ჟურნალი, ყოველ ორკვირეული გამოცემიდან, არა თუ ყოველთვიურ პერიოდულობაზე უნდა გადაერთოს, არამედ პირუკუ - ყოველკვირეული გამოცემის სახე უნდა მიეცეს. ისმინონ, ვისაც ხელეწიფება!
უფლის წყალობასა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შეწევნას ვუსურვებ ჩემს ძვირფას "კარიბჭეს", თითოეულ "კარიბჭელსა" და ამ მართლაც ძვირფასი და ხელი-ხელ საგოგმანები გამოცემის თითოეულ მკითხველს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი