* წმინდა ანტონი დიდს სთხოვა ბერმა: ილოცე ჩემთვის, მამაოო. მამა ანტონიმ მიუგო: არც მე შეგიწყალო და არც ღმერთმა, უკეთუ შენ თვითონ არ გაირჯები და არ ითხოვ მისგან შეწყალებასო.
* მამა თეოკლიტე ჰყვებოდა მამა ათანასე გრიგორიატელზე (+1953):
"რა ბედნიერებაა, მამა თეოკლიტე, - მეუბნებოდა მამა ათანასე, - გაიღვიძო შუაღამისას და აუჩქარებლად დაიწყო ლოცვა: "წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ". ამის თქმისას არაამქვეყნიური განცდები აერეკლებოდა სახეზე და შენც გრძნობდი, რომ ის უკვე ზეციურ სამყაროში გადასახლებულიყო".
* მამა დანიელ კატუნაკელი ბრძანებდა: - აღავლინე ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, მოიდრიკე მუხლი სამჯერ, გამოითხოვე მისგან წყალობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექი სასულიერო შინაარსის წიგნის კითხვას.
* მამა ლაზარე ჰყვებოდა მამა ისააკ დიონისელზე (+1932): - მწუხრის ლოცვის შემდეგ, როცა დავიშლებოდით სენაკებში, ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ მამა ისააკი იწყებდა ლოცვას, რომელიც ქვითინსა და გოდებაში გადადიოდა. ერთხელ ყური მივუგდე. "ღმერთო, შეიწყალე საცოდავი ადამიანები, შეიცოდე მშივრები, უბედურები, აკურთხე, უფალო, შეიწყალე", - ლოცულობდა ის. ხელსაყრელ დროს ვკითხე, თუ ვინ იყვნენ ის საცოდავები, ვისთვისაც ასე მოთქვამდა. მამა ისააკმა მიპასუხა: - შვილო, განა არ გინახავს, ჩვენი მონასტრის მეტოქის გლეხები მთელი დღეები რომ შრომობენ? თანაც როგორი მძიმე სამუშაო აქვთ. როგორ შეინახონ ოჯახები, როგორ ასწავლონ ბავშვებს ან როგორ გაათხოვონ ქალიშვილები? განა მე არ უნდა ვწუხდე მათზე? თანაც როგორ ვუყვარვართ, რომ მონებივით გვემორჩილებიან. რატომ არ უნდა ვიტირო და ვილოცო მათთვის უფლის წინაშე?
* ერთხელ წმინდა ამონი ანტონი დიდის სანახავად წავიდა. გზას ასცდა და დაღლილს მიეძინა, მერე წამოდგა და უფალს შესთხოვა: - გევედრები, უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დაღუპავ შენს ქმნილებასო. უცებ მის წინ გაჩნდა კაცის ხელი, რომელიც ჰაერში იყო გამოკიდული და გზას უჩვენებდა, მიუძღვა მამა ანტონის სენაკამდე და გაუჩინარდა.
* ცნობილია, რომ რომის იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა სიცოცხლის ბოლოს შეცვალა თავისი დამოკიდებულება ქრისტიანთა მიმართ. ამისი მიზეზი კი ბარბაროსებზე სასწაულებრივი გამარჯვება იყო. მის ჯარს, წყლულებთან ერთად, მცხუნვარე მზეც თრგუნავდა. ამ დროს მისმა ერთმა ლეგიონმა, რომელიც ქრისტიანებისგან შედგებოდა, შეწყვიტა ბრძოლა, განზე გადგა, მუხლებზე დაეშვა და ლოცვა აღავლინა. წამსვე ცა ღრუბლებით დაიფარა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომელმაც გაამხნევა რომაელები. ისინი ჩაჩქანს იხსნიდნენ და იმით სვამდნენ წვიმის წყალს. ეს შეამჩნიეს ბარბაროსებმა და შეუტიეს, მაგრამ ატყდა საშინელი ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი, მეხიც რამდენიმე ადგილას დაეცა ბარბაროსთა ლაშქარს, შეარყია მათი მხნეობა და შეტევაზე გადასულმა რომაელთა არმიამ ადვილად დაამარცხა ისინი. იმპერატორმა ამ ლეგიონს "ელვისმტვირთველი" უწოდა და გამოსცა ქრისტიანთა სასარგებლო ბრძანება.
* წმინდა ანტონი ოპტელს ჰკითხეს: "ლოცვის როგორი კანონი გაქვს, მამაო?" უპასუხა: "უდაბნოსა თუ მონასტერში მოღვაწეობისას სხვადასხვანაირი კანონი მქონდა, ახლა კი მხოლოდ ერთი დამრჩა - მეზვერის ლოცვა: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას..."
* ბალაამელმა ბერმა მამა იეგუდიელმა გარდაცვალების მოახლოება იგრძნო და მოძღვარი მოიხმო "სულის გაყრის" ლოცვების წასაკითხად. სიჩქარეში მოძღვარს კურთხევანის წამოღება დაავიწყდა. წიგნის მოსატანად მიბრუნებას აპირებდა, რომ მამა იეგუდიელმა შეაჩერა: - არ გინდა, მამაო, წიგნისთვის წასვლა, შენ მარტო მაკურთხე და მე თვითონ წავიკითხავო. ღმერთმა დაგლოცოსო, - უთხრა მოძღვარმა. იჯდა მომაკვდავი მამა იეგუდიელი საწოლზე და თავის თავს "სულის გაყრის" ლოცვას უკითხავდა. ლოცვის დასრულებისთანავე დიდი ლმობიერებით ეამბორა ჯვარს და მოძღვრისგან კურთხევა აიღო. შემდეგ მიწვა და მიიძინა საუკუნოდ.
* წმინდა მღვდელმთავარ თეოდორე ედესელს ყრმობაში ძალზე უჭირდა სწავლა, რაც თანატოლთა დაცინვის მიზეზი გახდა. პატარას კი ამაზე მეტად მშობლების მწუხარება უკლავდა გულს, ისინი ხომ მისგან არანაირ სიკეთეს არ ელოდებოდნენ. რაღა ექნა, სწავლის ნიჭი არ ჰქონდა უფლისაგან მიცემული. ბიჭმა გადაწყვიტა, ელოცა და ღვთისგან გამოეთხოვა გონიერება. ერთხელ დილაუთენია მივიდა ტაძარში. იქ არავინ დახვედრია. შევიდა საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზის ქვეშ დაიმალა და ლოცვა დაიწყო. დიდხანს ევედრებოდა ღმერთს თეოდორე, გონება გამინათეო. ლოცვისას ჩაეძინა კიდეც. ამასობაში მოვიდნენ მღვდელნი, ეპისკოპოსნი და ღვთისმსახურებას შეუდგნენ. ამ დროს თეოდორეს ძილში ანგელოზის მსგავსი ყრმა მიუახლოვდა და თაფლი აჭამა. გახარებულმა გაიღვიძა თეოდორემ და გამოძვრა წმინდა ტრაპეზიდან. მოძღვრებმა ტრაპეზის ქვეშ დამალვის მიზეზი ჰკითხეს. მანაც ყველაფერი მოუთხრო. ამის შემდეგ თეოდორეს გაეხსნა გონება და სწავლა-განათლებით თანატოლებს ყველას წარემატა.
* მამა ანდრონიკეს (ლუკაში, +1974) წესად ჰქონდა წირვის აღსრულების წინა საღამოს ტაძარში დარჩენა და დილამდე ლოცვა. ერთ საღამოს თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის დარაჯმა სიბნელეში დაინახა, რომ განათებული ტაძარი სავსე იყო მლოცველებით. საათს დახედა. ღამის ორი საათი იყო. მოსინჯა გასაღები და შეშინდა: - ეტყობა, როცა მეძინა, მაშინ შემეპარნენ ტაძარშიო. მაგრამ როგორ უნდა შესულიყვნენ და საერთოდ ვინ იყვნენ ეს მლოცველნი - ვერ ხვდებოდა. ძლივს გააღო კარები. შევიდა ტაძარში და შედგა განცვიფრებული - ხატის წინ მარტოდმარტო დამხობილიყო მამა ანდრონიკე და ლოცულობდა. მაგრამ ვინ იყვნენ ის მლოცველნი? ალბათ ზეციური სამყაროს მკვიდრნი ბრძანდებოდნენ, რომელნიც თანამსახურებდნენ "მიწის ანგელოზთან" ერთად.
* მამა საბას (ოსტაპენკო, +1980), ერისკაცობაში ძალზე უყვარდა მიცვალებულთათვის ლოცვა. ერთხელ, მედავითნესთან ერთად წავიდა ქალაქგარეთ, ახალმიცვალებულ პელაგიას ცხედართან ფსალმუნების წასაკითხად. საღამო ხანი იყო, რომ დაიწყეს დავითნის კითხვა. მედავითნე დაიღალა, ლოცვა ნიკოლოზმა (ასე ერქვა ერისკაცობაში) გააგრძელა. დიდხანს იკითხა ფსალმუნი, შიგადაშიგ პელაგიასთან ერთად სხვა მიცვალებულთაც იხსენიებდა. ნაშუაღამევის ოთხ საათზე მედავითნემ განაგრძო ლოცვა, ნიკოლოზი კი იქვე სავარძელში ჩაჯდა და ჩაეძინა. ძილ-ღვიძილში ნიკოლოზი ხედავს: დგას თავის ოთახში, ფანჯარასთან. მის წინ, ქუჩაში, ხალხი მიდის: ახალგაზრდები, მოხუცები, ინვალიდები, ჯანმრთელები - ყველა მას უყურებს და მადლობის ნიშნად თავს უხრის. მათ შორის ახალშესვენებული პელაგიაც დაინახა. ნიკოლოზი მიხვდა, ესენი ის განსვენებულნი იყვნენ, ფსალმუნთა კითხვისას რომ იხსენიებდა.
* მამა პორფირე (+1991) 33 წელი ათენის პოლიკლინიკის ტაძარში მსახურობდა. ძალზე უყვარდათ ექიმებს ღირსი მამა, ის ხომ ყოველთვის მათ გვერდით იდგა. მამა პორფირე ხშირად შესწრებია ადამიანთა სულის სხეულისგან გაყრას. მომაკვდავთა საწოლის თავზე რამდენჯერმე შავი ღრუბელი უხილავს. შეწუხებული მოძღვარი ამ დროს მიდიოდა ტაძარში, დაემხობოდა წმინდა ტრაპეზის წინ და თვალცრემლიანი ევედრებოდა უფალს მომაკვდავისთვის. როცა პალატაში ბრუნდებოდა, შავი ღრუბელი გაფანტული ხვდებოდა და განსვენებულს თითქოს ნათელი ადგა თავს. ღირსი მამის ლოცვით განთავისუფლებული მიცვალებულის სული ამ დროს ზეცისაკენ მიემართებოდა. "მამაო, კიდევ აქ ხარ?" - ეკითხებოდნენ ექიმები. "რა ვქნა, შვილებო, - პასუხობდა მამა პორფირე, - ისინი მარტონი არიან და კაცთაგან მიტოვებულნიო".
* მამა ლევი ოპტელი ბრძანებდა: - ღმერთი ჩვენს ლოცვებს ისმენს, ხოლო ჩვენს სურვილებს ზოგჯერ არ ასრულებს მხოლოდ იმის გამო, რომ მას საღმრთო განგებულებით სურს ყველაფერი უკეთ მოაწყოს. რა იქნებოდა მაშინ, ყველა სურვილი რომ აესრულებინა? მტკიცებას არ მოვყვები, მაგრამ ვფიქრობ, მაშინ დედამიწის ყველა მკვდარი გაცოცხლდებოდა.
* წმინდა ანტონი ოპტელი გვარიგებს: - ყველა განსაცდელისას, ავადმყოფობის ჟამს თუ სიღარიბისას, ნაკლებად უნდა იფიქრო და ესაუბრო საკუთარ თავს. უფრო მეტად ლოცვით, თუნდაც მცირედით, უნდა მიმართო ქრისტე ღმერთს და მის ყოვლადწმინდა დედას. ამის შემდეგ მწუხარების მწარე სული განგეშორება და გული აღივსება ღვთისადმი დიდი რწმენით და სიხარულით.
* მამა არსენი (+1983) ჰყვებოდა: - კარულში (ათონზე) გვედგა ავზი, რომელშიც წვიმის წყალი გროვდებოდა და მას ვხმარობდით საჭიროებისთვის. სენაკის გარემონტებისას ეს წყალი აღარ აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომაც ზურგით შორიდან უნდა მომეტანა. მზე ძალზე აჭერდა. მამა იოსებს შევეწყალე და ღვთისმშობელს შეევედრა: - გთხოვ, მოგვეცი მცირეოდენი წყალი, რადგან მამა არსენს ძალიან უჭირს შორიდან მოტანაო. უცბად იქვე, ახლოს, კლდიდან წყლის ჩხრიალი მომესმა. გავიხედე და რას ვხედავ! კლდიდან პატარა წყარო მოედინებოდა. შევუდგით სარწყული და ამის შემდეგ წყალს სულ იქიდან ვეზიდებოდით.
* ლოცვა ძნელია, - ბრძანებს წმინდა ბარსანოფი ოპტელი, - რადგან მლოცველის წინააღმდეგ მთელი ძალით იბრძვის მტერი. ლოცვა მისთვის სიკვდილის გემოს ხილვაა. რა თქმა უნდა, ის მკვდარია სულიერად, მაგრამ ლოცვა მას თითქოს ხელახლა განგმირავს. ამიტომაც ყველანაირად წინ აღუდგება მას. თვით წმინდანებსაც კი, რომლებიც თავს ლოცვით უნდა ინუგეშებდნენ, დროდადრო უჭირთ.
წმინდა ბარსანოფი ბრძანებდა: - ყველამ იცის, რომ მზესუმზირას თავი ყოველთვის მზისკენ აქვს მიქცეული, ამიტომაც ეძახიან "მზესუმზირას". მაგრამ ზოგჯერ ეს მცენარე მზისკენ აღარ ტრიალდება. მაშინ იტყვიან: დაჭიანდა, გაფუჭდა და უნდა მოვჭრათო. ღვთისაგან განმართლების მოსურნე სულიც მზესუმზირას მსგავსად ღვთისკენ - ნათლის წყაროსკენ - ისწრაფვის. თუ სული აღარ ეძიებს, მაშინ იღუპება. აუცილებელია სოცოცხლეშივე შევიგრძნოთ ქრისტე. ვინც მას აქ, მიწაზე, ვერ იხილავს, ვერც იქ ნახავს, საუკუნო ცხოვრებაში. როგორ ვიხილოთ ქრისტე? ეს შეგვიძლია განუწყვეტელი იესოს ლოცვით, რომელსაც ერთადერთს ძალუძს, ჩვენს სულებში ქრისტე ჩაასახლოს... წმინდა იოანე კიბისაღმწერელს ჰკითხეს, რა არის ის უეჭველი ნიშნები, რომლებითაც შეიძლება შევიტყოთ, მიუახლოვდება სული ღმერთს თუ განშორდებაო. წმინდა მამამ უპასუხა, - სულის კვდომის უეჭველი ნიშანია ის, რომ საეკლესიო მსახურებას გაურბის. კაცი, რომელსაც გული უცივდება ღვთისადმი, თავიდან ცდილობს ლოცვისას დააგვიანოს, შემდეგ კი საერთოდ წყვეტს ტაძარში სიარულს.
* მამა საბა ოსტაპენკო ამბობდა: - არც ერთი ბედნიერი ოჯახური წყვილი, თუნდაც კეთილმოკრძალებით ცხოვრობდნენ, არ განიცდის ისეთ ბედნიერებას და სიხარულს, რასაც განიცდის ღვთისმსახური ღირსეულად აღსრულებული ლიტურგიისას.
* მამა ვიტალი სიდორენკო თავის სულიერ შვილებს არიგებდა: - რამდენიმე დღე რომ ილოცო შინ, ვერ შეცვლის ეს ტაძარში ერთ მუხლის მოდრეკას და აღვლენილ "უფალო, შეგვიწყალენს".
* მამა პაისი ათონელი ამბობდა: - როცა კონიცაში, სტომიას მონასტერში, ვცხოვრობდი, ყოველ შაბათს, მწუხრის ლოცვაზე, მეზობელი სოფლიდან მოდიოდა მეველე და გვთხოვდა ტაძარში კანდელების ანთებას. ნებას ვაძლევდი, მიუხედავად იმისა, რომ ის ზეთს ღვრიდა ხოლმე. მონასტრიდან გასული, მოშორებით თოფს გაისროდა ხოლმე. ამ ამბავმა ძალზე გამაკვირვა. ერთხელ ჩუმად გავყევი. აანთო კანდელები, ღვთისმშობლის კანდელის ზეთით გაწმინდა თოფის ლულა, მოიდრიკა მუხლი, შეევედრა უფლის დედას, მცირეოდენი ხორცი მიეცა შვილების გამოსაკვებად. მონასტრიდან გასულს შორიახლო თავმოდრეკით ელოდებოდა გარეული თხა. მონადირეც ესროდა მას, მოკლავდა და მიჰქონდა თხის ხორცი შვილებისთვის. ღვთისმშობელი ისმენდა მის უბრალო ლოცვას და ყველაზე გემრიელ საკვებს აძლევდა მის მრავალშვილიან ოჯახს.
* მამა პაისი გვასწავლის: - სკვნილი ქრისტიანისთვის მეგზურია, რომელსაც იგი გონიერ ლოცვასთან მიჰყავს.
* "დარჩი ჩემთან, შვილო, რათა ერთად ვილოცოთ", - უთხრა მამა ამფილოქე პატმოსელმა (+1970) ერთ მონაზონს. ისიც მორჩილად დაემხო მამა ამფილოქეს სენაკის კუთხეში და მოძღვართან ერთად იწყო ლოცვა. ლოცულობდნენ დიდხანს. სენაკში სრული სიჩუმე ჩამომდგარიყო. მონაზონმა ასწია თავი, რათა დაენახა, როგორ ლოცულობდა მისი მოძღვარი და განცვიფრდა - ნათლის ღრუბლით გარემოსილი მამა ამფილოქე მიწიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე იდგა, სახე ღვთაებრივი ნათლით უბრწყინავდა.
* მამა იერონიმე ეგინელი (+1966) ძალზე მლოცველი იყო. ის თავის ლოცვას ხშირად წყვეტდა ხოლმე, რათა სტუმრები მიეღო. როცა საუბარი საათზე მეტხანს გაგრძელდებოდა, მაშინ ის სტუმრებს სთხოვდა, დროებით გასულიყვნენ მისი სენაკიდან, რათა ცოტა ხნით დაესვენა. სინამდვილეში კი ამ "დასვენებისას" ლოცულობდა, შემდეგ კი კვლავ აგრძელებდა სტუმრებთან საუბარს.
* მამა ამფილოქე ასწავლიდა სულიერ შვილებს: - გთხოვთ, ზოგჯერ, განსაკუთრებით კვირა დილით, გრძნობათა კარები ჩაკეტოთ და მცირე ხანს ლოცვაში დაჰყოთ. მაშინ თქვენი სული გაიგებს იმ თხოვნის სიტყვებს, თქვენთვის რომ ვაგზავნი, რადგან კვირას მე ოფიციალური აუდიენცია მაქვს მეუფე ქრისტესთან.
* მამა იერონიმეზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენიათ კაპადოკიელ მოღვაწეებს, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ სამშობლოში. ერთ-ერთ მათგანზე, გრიგოლზე, რომელიც პარალიზებული იყო, ამგვარი რამ თქვა: "როცა რაიმე რთულ საკითხზე აზრს ჰკითხავდი, ის ქრისტიანებს სთხოვდა, ერთი მთის მწვერვალზე აეყვანათ და იქ დაეტოვებინათ რვა დღის განმავლობაში. როცა უკანვე ჩამოიყვანდნენ, სახე ფერნაცვალი ჰქონდა და უბრწყინავდა, ხოლო მისი რჩევები სულიწმინდის ნაყოფი იყო".
* მამა იოსებ ათონელი ამბობდა: - ვინმე რომ იყოს ჩემს გვერდით, მოისმენდა ჩემს ლოცვებს, დაინახავდა იმ ცრემლებსაც, ძმათათვის რომ ვღვრი. მთელი ღამე ვლოცულობ და ვყვირი: ღმერთო ან აცხოვნე ყველა ჩემი ძმა, ან მეც წარმწყმიდე-მეთქი, რადგან მარტოს სამოთხე არ მინდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი