მამა ხარლამპე დიონისიატელი
პირველი გაკვეთილები. მამა იოსები, ხედავდა რა ახალბედა მორჩილის (მამა ხარლამპე) სულიერ მხურვალებას და ლოცვის წყურვილს, ზრუნავდა იმაზე, რომ ერთი მხრივ, გაემრავლებინა მისთვის ეს ნიჭი
და მეორე მხრივ, დაეცვა ახალგაზრდა კაცი თავმაღლობის სატანური ვნებისაგან.რათა ხარლამპე დამდაბლებულ მდგომარეობაში ჰყოლოდა, მამა იოსები მას უკიდურესად უხეშად ეპყრობოდა. იმის მაგივრად, რომ სახელი დაეძახა, ასე მიმართავდა: "ეი, შენ...", ხარლამპეც, როგორც მერე ჰყვებოდა, თავისთვის ამბობდა: "რა არის ეს "ეი, შენ"? განა სახელი არა მაქვს? ეს ხომ უზრდელობაა? ერისკაცები ყოველთვის "თქვენობით" მომმართავდნენ - "როგორ ბრძანდებით, ბატონო გალანოპულოს?", "გმადლობთ", "გთხოვთ". აქ კი ერთხელაც არ გამიგონია "გმადლობთ" ან "გეთაყვა" - ყველანი რაღაც უცნაურები არიან". გულისთქმები არ იყო დაფარული მოძღვრისაგან, რომელიც მუდივად მეუბნებოდა: "ადრე სოფელში მოსაგრე იყავი? მარხულობდი, ღამისთევით ლოცულობდი; ჭკვიანი მუშაკი, პატივცემული ადამიანი იყავი... და ამით რას მიაღწიე? დაგვიხვავე პატივმოყვარეობა, ეგოიზმი, თავდაჯერებულობა. ახლა, როცა დამთავრდა ყველა ეს ქებანი, უკეთესად არ გახდი?"
მართლაც, მოძღვრის ამ უბრალო გაკვეთილებით მალე მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, ერში ძალზე ვმოსაგრეობდი, ჩემდა შეუცნობლად, ცრუ ქებათა მოსმენით აღვსებული ვიყავი პატივმოყვარეობით".
ამასობაში ხარლამპემ, ჩვეული თავმდაბლობით, უბრალოებით და მოღვაწეობისადმი იშვიათი სწრაფვით, მალე მიაღწია სწორ სულიერ მდგომარეობას. მას მერე, რაც მოძღვარმა ახალი მორჩილი დიდ სქემაში შემოსა, მერე კი უშუამდგომლა, სამღვდელო ხელდასხმა რომ მიეღო, რათა ძმათა საჭიროებისთვის ეღვაწა, მაინც უხეშად მიმართავდა.
"მახსოვს, ერთხელ, - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - ტრაპეზობისას სულიერი საუბარი წამოიწყეს. მამები ერთმანეთს აზრს უზიარებდნენ. რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ მოძღვარმა მკვეთრად შემაწყვეტინა: "გაჩუმდი!" რამდენიმე წუთის მერე კვლავ მოვისურვე აზრის გამოთქმა, მაგრამ მამა იოსებმა შემაჩერა: "გითხრეს, გაჩუმდიო. შენ ნურაფერს იტყვი".
გულისთქმა მეუბნებოდა: "იცის მოძღვარმა, რასაც აკეთებს. ახლა სწორად იქცევა".
როცა ხარლამპემ კარგად აითვისა ეს გაკვეთილები, ამ ბრძენმა მამამ, უმცირესი საბაბითაც კი, იმის მაგივრად, რომ ხარლამპე გამოელანძღა, რომელიც უკვე მიეჩვია ამას, ყველა მისი ნათესავის, მათ შორის გარდაცვლილი მამის ლანძღვა დაიწყო.
ამის გამგონე ხარლამპე შფოთავდა: - ეს უკვე ნამეტანია, ამას ვეღარ მოვითმენო. მაგრამ ჩაუღრმავდებოდა საკუთარ თავს და კვლავ რწმუნდებოდა, რომ მოძღვრის განკითხვის უფლება არ ჰქონდა.
მამა არსენი ხშირად ეუბნებდა საძმოს წევრებს თავის ძმისშვილ ხარლამპეზე: "ბევრი ცხოვრობდა ჩვენთან. მამა იოსები მათ იღებდა, ხოლო მერე მეუბნებოდა: "ერთს ცოტას მოვჭიმავ და მიდის, მეორეს შევეხები თუ არა, ავად ხდებაო". მაგრამ, როცა ხარლამპე მოვიდა, გვითხრა: "ამას რამდენიც არ უნდა ურტყა, ყველაფერს აიტანსო".
"ერთხელ, - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - გავკადნიერდი და გავჯიუტდი. ეს შემთხვევა კარგად დამამახსოვრდა და კარგი გაკვეთილიც მივიღე. აღმოჩნდა, რომ მოძღვრის "არასწორი" რჩევა ათასჯერ სჯობია ჩემს "სწორ" რჩევას... ახალ სკიტში კელიებს ვარემონტებდით. ძმები მოეთათბირნენ მოძღვარს, საკმაოდ ძვირადღირებული მასალები ეყიდათ. ამ საუბრისას მე იქ არ ვიყავი. ერში ყოფნისას კარგად ვერკვეოდი მშენებლობაში და ახლაც ჩავთვალე, რომ ასეთ შემთხვევაში ფულს ქარს გავატანდით. მივედი მამა იოსებთან გასაფრთხილებლად. მან მიმიღო და სიტყვის თქმაც არ მაცალა, რომ შეურაცხყოფის ნიაღვარი გადმომანთხია თავს. მკაცრად დამტუქსა და ძაღლივით გამომაგდო გარეთ. მოვდივარ თავჩაქინდრული, მაგრამ ჩემს აზრზე უარს არ ვამბობ და საკუთარ თავს ვეუბნები: "კი ბატონო, გმადლობთ დატუქსვისთვის, მაგრამ ხვალ ამდენ ფულს ქარს რომ გაატან, მაშინ მივუბრუნდებით ამაზე საუბარს".
ასეც მოხდა, მაგრამ სრული მარცხი ვიგრძენი. მასალები მოიტანეს. სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა და საწყობში დააწყვეს. გავიდა ცოტა ხანი და ახალდაწყებული მშენებლობისთვის გამოგვადგა, თითქოს საგანგებოდ ამისთვის შეგვეკვეთოს. როცა ცხადი გახდა, რომ მოძღვარი მართალი იყო, მან მიმიხმო და კარგი გაკვეთილი ჩამიტარა".
მორჩილ ხარლამპეს პირველი ცვლილებები. მალე მორჩილ ხარლამპეს ღვთის სიყვარულით, ყოვლისშემწველი ცეცხლით განწმენდილს, რვასაათიანი გადამღლელი ღამისთევის ლოცვები საკმარისად აღარ ეჩვენებოდა. ამიტომ მერეც განაგრძობდა ღამისთევას, სხეულის მოსვენება სრულიად მოიძაგა. ამას დავუმატოთ უამრავი მეტანია, მხოლოდ ნასადილევს მცირე ხნით წაძინება - ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია: ძალა გამოელია, მორჩილებისას მუდმივად ეძინებოდა, შეუმცირდა ლოცვისკენ სწრაფვა... მამა იოსებმა ეს შეამჩნია და ხარლამპე აკურთხა, რომ დილით ერთი ან ორი საათი აუცილებლად დაეძინა.
"და მართლაც, - იგონებდა მამა ხარლამპე, - გამოცდილებით მივხვდი, რომ სხეული თავის ხარკს მოითხოვს. დილით, მცირეოდენი დასვენების წყალობით, ნებისმიერი ყოველდღიური სამუშაო არაფრად მეჩვენებოდა, ამასთან ბაგეები განუწყვეტლივ წარმოთქვამდნენ: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი". ძალზე ხშირად, მუშაობისას ჩემი ლოცვა ზღვარს გადადიოდა: შეუჩერებლად მომდიოდა ცრემლები, ისე რომ, თუ სხვებთან ერთად ვმუშაობდი, იძულებული ვიყავი, თავის გასამართლებლად რამე მომეფიქრებინა, რათა მათ რამდენიმე წუთით მაინც დავმალვოდი".
ღვთის სიყვარული ანელებს მშობლების სიყვარულს. ერთხელ მორჩილმა ჰკითხა მამა ხარლამპეს:
- მამაო, როცა სოფელი დატოვე, ყველაზე მეტად ვისი მიტოვება გაგიჭირდა?
- მე ყველა ახლობელი მიყვარდა და პირველ რიგში ჩემი ობოლი ტყუპი ძმა. დედას განსაკუთრებით ვიყავი მიჯაჭვული. ის მართლაც წმინდა სულის ადამიანი იყო. ჩვენ ერთად მთელი ცხოვრება გავატარეთ, ის მე მირეცხავდა, მიუთოებდა, ყველანაირად ზრუნავდა ჩემზე... ზოგჯერ, განსაცდელების ჟამს რომ დავცემულიყავი, ეშმაკი მე მათ მაგონებდა და გულში მათდამი უგუნურ სიყვარულს მიდებდა. როცა სატანა ამგვარად მაწამებდა , ვფიქრობდი, რომ ჩვენ, საკუთარი დედის უარმყოფელებს, ახლა დედად გვყავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. დავემხობოდი მიწაზე აქვითინებული: "პანაღეა, გევედრები, სწრაფად მოდი ჩემთან. ჩააქრე ჩემში საკუთარი დედისადმი მიჯაჭვულობა, შენ ხარ ახლა ჩემი დედიკო. მე მხოლოდ და მხოლოდ შენ გეძებ, დამეხმარე".
როცა მთელი სულით ამ სიტყვებს წარმოვთქვამდი, მაშინ ჩემში ღვთისმშობლისადმი მხურვალე სიყვარულს ვგრძნობდი. სიყვარულის ეს ცეცხლი აქრობდა ჩემს ხორციელ სურვილებს და მიზიდულობას. საკმარისია გაიხსენო ზეციური დედოფალი, რომ უტკბეს სამოთხეს იგრძნობ, შენ ამ სამოთხეში იმყოფები. ამ დროს არაფრის წარმოთქმა არ შეგიძლია, მხოლოდ ამისა: "პანაღეა ჩემო, პანაღეა ჩემო, უტკბესო ჩემო დედიკო, პანაღეა ჩემო, ახლა ამ წუთშივე წამიყვანე შენთან... ვერ დავითმენ შენთან განშორებას. შენკენ ვისწრაფვი".
ასეთი განსაცდელი რამდენჯერმე შემემთხვა, რამეთუ მადლი, გამოსაცდელად, ხშირად გვტოვებს ხოლმე, რათა ჩვენ თვითონ ვიბრძოლოთ, მაგრამ მერე ბრუნდება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სიყვარულმა განახმო დედისადმი ჩემი ვნებიანი მიჯაჭვულობა. და მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად მთხოვდა წერილებში, "ჩემო შვილო, ურანიპოლისში მაინც ჩამოდი, რომ შეგხედოო", არ ვუჯერებდი. ჩემი მოძღვრის მამა იოსების სიკვდილის შემდეგ, როცა მან კვლავ შემაწუხა ამგვარი თხოვნით, მივწერე: - მოდი, ერთდროულად ჩავიდეთ თესალონიკში, ოღონდ იმ პირობით, თუ დამთანხმდები მონაზვნად აღკვეცაზე-მეთქი. ვიცოდი, დედაჩემი ყოველთვის მონაზონზე მკაცრად ცხოვრობდა, ამიტომ სწორედ მას შეჰფეროდა ანგელოზებრივი სქემის შემოსვა. ასეც მოხდა, დაახლოებით 1961 წელს ჩავედი თესალონიკში და იგი მონაზვნად აღვკვეცე მართას სახელით. მას მერე აღარ მინახავს".
როცა ბნელი მღვიმე სამოთხედ გადაიქცევა. მამა იოსები ხედავდა მორჩილის უდიდეს სწრაფვას, ერთხელ ხარლამპე მიიხმო და უთხრა:
- იქ, ზემოთ, იმ კლდეებში, რომელთაც ხედავ, ერთი პატარა მღვიმეა. გარწმუნებ, რომ მასში სამოთხეა. აძვერი იქ და დარჩი, მანამდე ვიდრე არ დაგიძახებ, კარგი?
- როგორც მაკურთხებ, მამაო.
"მუხლნი მოვიდრიკე მოძღვრის წინაშე, - ჰყვება მამა ხარლამპე, - და ზემოთ ახოხება დავიწყე. მივუახლოვდი მღვიმეს... სრულიად უდაბური ადგილია, სადაც მხოლოდ გველები ბინადრობენ. მღვიმე ისეთი ვიწროა, მხოლოდ მოხრილი თუ შეხვალ. თავიდან, როგორც კაცი, შევშინდი, ჩემთვის ვამბობდი: "მამაო, რისთვის გამომგზავნე აქ? ნუთუ ეს სამოთხეა? არა, ნამდვილი ჯოჯოხეთია! მოდი ვნახავ, უკეთ როგორ მოვეწყო, კანონი რომ შევასრულო, ვიდრე მოძღვარი არ გამიხმობს. რადგან ასე მიბრძანა, უკან აღარ დავიხევ. სჯობს მორჩილებისას მოვკვდე, ვიდრე გავიქცე".
ამგვარად, დავიწყე კანონის ასრულება, მუხლთა დრეკანი, ლოცვა. ნელ-ნელა გაუბედაობამ და შიშმა გამიარა და თავს უკვე კარგად ვგრძნობდი". "რადგანაც აქ მოძღვარმა ლოცვისთვის გამოგგზავნა, ილოცე, ხარლამპე, ძლიერად, რაც ძალი შეგწევს", - ამხნევებდა საკუთარ თავს.
"მალე გული თბება და გამოსცემს ცრემლს, დიდებისმეტყველებას და მადლიერებას. იქ პირველად შევიქენი ღირსი ჭვრეტისა, როცა გონება ირინდება, წყვეტს მოქმედებას და სულიწმინდით მოძრაობს, რომელსაც მიჰყავს იქ, სადაც უნდა და აჰყავს თვით ზეცამდე. გონს მოვედი. მერე კვლავ ახალი აღტაცება სხვა ზეციურ სავანეებში. ასე განმეორდა ორ-სამჯერ. თავს სწორედ ისე ვგრძნობდი, როგორც ქრისტეს მოწაფეები - თაბორზე და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: კარგი იქნება, რომ ვიყოთ იქ, სადაც მოძღვარი გვიბრძანებს".
ვერ წარმოიდგენთ, როგორ დავღონდი, როცა უკან დაბრუნების კურთხევა გავიგე. მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, მორჩილება უნდა ამესრულებინა. როცა უკან დავბრუნდი, თავს გადამხდარი ამბები ყველაფერი ცხადად აღმბეჭდვოდა სახეზე. დამიძახა მოძღვარმა და მკითხა: "ხარლამპე, სიმართლე მითხარი: სადაც გაგგზავნე, სამოთხე არის თუ არა?" აღელვებულმა, თავჩაღუნულმა, თვალცრემლიანმა ვუპასუხე: "დიახ, მამაო, იქ მართლაც სამოთხეა". მაშინ მამა იოსებმა თავი ვეღარ შეიკავა, მომეხვია და მეამბორა.
როგორც წესი, იგი მკაცრი იყო გრძნობების გამჟღავნებისას. მაგრამ როცა თავის მონაზვნებს სულიერ წარმატებას ამჩნევდა, სიხარულით თავს ვეღარ იკავებდა. მაშინ მამა იოსებს ისეთს ვხედავდით, როგორიც იყო სინამდვილეში: მოგვეხვეოდა და გარდამეტებული მღელვარებისგან თავს ვეღარ იკავებდა".
მონაზვნად აღკვეცა და მღვდლად კურთხევა. მას მერე, რაც მორჩილმა ხარლამპემ წარმატებით დაამთავრა "უდაბნოს დაწყებითი სკოლა", მამა იოსებმა და მამა არსენმა მისი მონაზვნად აღკვეცა და მღვდლად კურთხევა გადაწყვიტეს. მორჩილად შედგომიდან ერთი წლის თავზე მას დიდი სქემა შემოსეს.
მღვდლად ხელდასხმის წინ კი ერთი სირთულე წარმოიშვა. როგორც ცნობილია, მამა იოსების საძმო 1950 წლამდე კავშირში იყო მეძველსტილე მიტროპოლიტ ქრიზოსთომოს ფლორინელთან, რომელსაც მაშინ ზომიერი პოზიცია ეკავა. მაგრამ მას მერე, რაც მეძველსტილეებმა ცნობილი განცხადება მიიღეს, რომლის მიხედვითაც ახალმესტილეები უმადლოდ გამოაცხადეს, მამა იოსების საძმო შეუერთდა მსოფლიო საპატრიარქოს.
ხარლამპეს კი, როგორც მეძველსტილეთა ერთ-ერთ ლიდერს, ათონზეც იცნობდნენ. განა მიიღებდა ხელდასხმას ოფიციალური ეკლესიის მღვდელმთავართაგან? საძმოს წევრმა მამა იოსებმა (შემდგომში ვათოპედელმა) შეაპარა ხარლამპეს, გამოყოფოდნენ ქრიზოსთომოელებს. მისდა გასაოცრად, ხარლამპემ ეს რომ გაიგონა, გახარებულმა უთხრა: "ისინი ხიბლში ჩავარდნენ, ამიტომაც გავშორდი მათ. თქვენ სწორად მოიქეცით". გახარებულმა იოსებმა მოძღვარს უთხრა: "მამაო, მამა ხარლამპეც ჩვენია". "ვიცოდი, შვილო, - უთხრა მას მოძღვარმა, - ამიტომაც გადავწყვიტე მისი ხელდასხმა. ასე რომ, დამშვიდდი. ახლა უკვე წინ აღარაფერი გვიდგას".
ქიროტონია წმინდა ანას სკიტში აღასრულა მილიტოპოლის მიტროპოლიტმა იეროსთეოსმა. მონაზვნად კურთხევისას ხარლამპეს დაუტოვეს ერისკაცული სახლი, რაც ძალზე იშვიათია მონაზვნობისათვის.