ღვთის ნება. ძველ დროში ღვთის ნების შესაცნობად და რაიმე ფრიად მნიშვნელოვანი საკითხის გასარკვევად ქრისტიანები ხშირად ასე იქცეოდნენ: დაწერდნენ საინტერესო შეკითხვაზე რამდენიმე სავარაუდო პასუხს, დადებდნენ წმინდა ტრაპეზზე, ოდიკის ქვეშ.
მღვდელი აღავლენდა საღმრთო ლიტურგიას, შეევედრებოდა უფალს, ეჩვენებინა თავისი ნება. შემდგომ წირვისა, წმინდა ოდიკის ქვეშ დადებულ ერთ-ერთ პასუხს გამოიღებდნენ და ეს იქნებოდა ღვთის ნება. შემოგთავაზებთ რამდენიმე ასეთ მაგალითს:
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა წმინდა იოანე ზედაზნელს უბრძანა, თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად საქართველოში წასულიყო საქადაგებლად. წმინდა მამას ბევრი სულიერი შვილი ჰყავდა და ყველას სურდა მოძღვარს გაჰყოლოდა. წმინდა იოანემ ბრძანა: "შვილებო, დავწერ ყველა თქვენგანის სახელს, დავდოთ წმინდა ტრაპეზზე, ვილოცოთ მთელი ღამე და როგორც ინებებს ღმერთი, დავემორჩილოთ მის წმინდა ნებასო. დილით, დღის მესამე ჟამს, წმინდა იოანემ მღვდელს უბრძანა, უსისხლო მსხვერპლი შეეწირა. აღესრულა წირვაც. წმინდა იოანემ უთხრა სულიერ შვილებს, რომ ყველას აღეპყროთ ხელები ზეცად და "კირიელეისონი" ეგალობათ. გალობისას დაინახეს, რომ უფლის ანგელოზმა აიღო საკურთხევლიდან და იოანეს ხელში ჩაუდო თორმეტი ქარტა, სადაც ღვთისაგან გამორჩეული, თორმეტი მოწაფის სახელები ეწერა.
წმინდა გიორგი მთაწმინდელმა შავი მთის დატოვება და საქართველოში ჩამობრძანება მას შემდეგ ინება, რაც მისი თხოვნით სწირა უსისხლო მსხვერპლი მღვდელმა და წმინდა ოდიკიდან ორი სავარაუდო პასუხიდან ერთი გამოიღო - უფალი საქართველოში წასვლას უბრძანებდა.
როცა დიდი სქემის შემოსვა სურდა, წმინდა ონისიფორე ღვთის ნების გაგებამდე 30 დღე წმინდა დავითის საფლავთან ლოცულობდა. წირვის შემდეგ მას მღვდელმა ღვთის ნება ამცნო. ოდიკიდან გამოღებულ ქარტაზე ეწერა: "ონისიფორე ღირსია დიდი სქემისა".
ჯვარი. ერთხელ წმინდა იოანე მანგლელი სწირავდა. წმინდა ტრაპეზის წინ შემოკრებილიყვნენ სხვა თანამწირველი მღვდელნი და გალობდნენ "წმიდაო ღმერთოს". ამ დროს, წესით, მღვდელს უნდა მიერთმია ჯვარი საამბოროდ მღვდელმთავრისთვის. მაგრამ მღვდელს ჯერ ლოცვა არ განესრულებინა და თვით მღვდელმთავარმა გაიწოდა ხელი ჯვრის ასაღებად. მაშინ საკურთხეველში მყოფებმა იხილეს, რომ თვით აღსდგა პატიოსანი ჯვარი წმინდა ტრაპეზიდან, ამაღლდა მტკაველის სიმაღლეზე, მიეგება მღვდელმთავრის ხელს და მან ერი აკურთხა.
მერცხალი. ერთხელ, როცა წმინდა იოსებ კათოლიკოსი (ჯანდიერაშვილი) უსისხლო მსხვერპლს შესწირავდა, ტაძარში მერცხალი შემოფრინდა და ჭიკჭიკს მოჰყვა. თავიდან არაფერი უთქვამს წმინდა იოსებს - "იქნებ გაჩუმდესო", მაგრამ ფრინველი "არ დასცხრა ღაღადებისგან", თანაც წირვის საიდუმლო ნაწილმაც მოაღწია. ახედა მღვდელმთავარმა მერცხალს და უთხრა: ჰოი, მერცხალო, ჩვენი ეს საღმრთო სიტყვანი შენს ღაღადებას სჯობსო. მერცხალი მაშინვე ჩამოვარდა და მოკვდა. შეეცოდა მღვდელმთავარს ფრინველი, აიღო, ჯვარი დასწერა და მსახურს უთხრა, ეკლესიის გარეთ დადეო. მორჩა თუ არა საღმრთო ლიტურგია, მერცხალი გაცოცხლდა და გაფრინდა. ამის მხილველნი კი ადიდებდნენ ღმერთს.
მართალი სარწმუნოებისთვის. წმინდა თამარის ზეობის დროა წირვა აღავლინა კათოლიკოსმა იოანემ, კაცმა ანგელოზთა მბაძავმა. იქვე იყვნენ ეპისკოპოსნი და წარჩინებული ერისკაცნი, მათ შორის - ზაქარია და იოანე, სომეხთა სარწმუნოებისანი. წირვის შემდეგ ჯვარს ემთხვივნენ კაცნი და მათ სეფისკვერები დაურიგეს. სეფისკვერის აღება ინება ზაქარია ამირსპასალარმაც, მაგრამ როგორც მონოფიზიტს, მღვდლებმა სეფისკვერი არ მისცეს. მან კი იკადრა ძალით აეღო და შეეჭამა. "ცეცხლებრ აღტყინებულმა" კათოლიკოსმა ამხილა ზაქარია. ის კი, კადნიერად, წმინდა მამის სწავლებას არ მიიღებდა, პირიქით, ეკამათებოდა და გმობდა მართლმადიდებლობას. ბოლოს თქვა: მოვიწვევ ჩემი რწმენის მოძღვრებს და მათ ეკამათეო. მართლაც, ჩამოიყვანა კათოლიკოსი ვანისა და ყოველნი ვარდაპეტნი (მოძღვარნი), დაიდგა სამსჯავრო, დაჯდა წმინდა თამარი, იქვე იყო დავით მეფეც და ყოველნი ქართველნი და სომეხნი. სარწმუნოებაზე დაიწყო კამათი, რომელმაც მწუხრამდე გასტანა. მათ სიტყვით მიმართა კათოლიკოსმა იოანემ და ბოლოს ჰკითხა, მათი წირვისას თუ შეიცვლებოდა პური და ღვინო უფლის სისხლად და ხორცად. სომხებმა დაუდასტურეს. კათოლიკოსმა კი ბრძანა: "საქმით დავამტკიცოთ: მე ძაღლს მოგცემთ, რომელიც სამი დღე მშიერი ამყოფეთ, ასევე თქვენც მომეცით ძაღლი და ჩვენც ასე მოვიქცევით. სამი დღე ლიტანიობაში გავატაროთ. მესამე დღეს უსისხლო მსხვერპლი შევწიროთ და შემდგომად ამისა, თუმცა არ ეკადრება, თქვენს დამშეულ ძაღლს სეფისკვერს დავუდებ, თქვენი ნაწირი სეფისკვერი კი ჩვენს ძაღლს დაუდეთ. რომლის სეფისკვერსაც ძაღლი არ შეჭამს, იმათი იყოს მართალი სარწმუნოებაო".
მეფე თამარმა უსაყვედურა მღვდელმთავარს ამისთანა გაუგონარი საქმის ქმნა. კათოლიკოსმა მშვიდად მიუგო: ამას ჩემით კი არა, ღვთის მინდობით ვაკეთებ, რათა გამოაჩინოს მართალი სარწმუნოება, "მინდობითა მართლმადიდებლობისათა ცხადვყოფთ ჭეშმარიტებასო".
პარასკევი, შაბათი და კვირა ღამისთევით ილოცეს, კვირას კი ყველანი ერთად წავიდნენ ეკლესიაში. განამზადეს წმინდა ტრაპეზი ორგანვე, სწირეს და წირვის შემდეგ შემოიკრიბნენ მღვდელმთავართა გარშემო მართლმადიდებელნი და მონოფიზიტნი.
კათოლიკოსმა ილოცა ღვთის მიმართ, შემდეგ კი ბრძანა და სომხებმა შიმშილისგან დაოსებული ძაღლი მოიყვანეს. იოანემ სეფისკვერი დაუდო წინ, მშიერი ძაღლი მიეტანა შესაჭმელად, მაგრამ მიეახლა თუ არა, ერთი დაიყეფა და ვეღარ შეეხო სიწმინდეს. შემდეგ ქართველებმა მოიყვანეს თავიანთი დამშეული ძაღლი, თუმცა კი არ უნდოდათ, სომხებმა მაინც დაუდეს თავიანთი "სეფისკვერი" და ძაღლმა მყისვე შეჭამა. გაუხარდათ ქართველებს, შესვეს პატრიარქი ჰუნეზე. მას ხელთ ტაბაკით სეფისკვერი ეჭირა. გამოჰყვნენ წარჩინებულნი ერისკაცნი და უგალობდნენ ღმერთს 128-ე ფსალმუნს. წირვის შემდეგ მრავალმა სომეხმა მართლმადიდებლობა მიიღო, მოინათლა იოანე მხარგრძელიც, ხოლო "ზაქარია ეგო ურწმუნოებასა ზედა".
"ვითარცა ცეცხლი მგზნებარე". წმინდა ექვთიმე მთწმინდელმა ათონის მწვერვალზე ასვლა და ფერიცვალებას იქ წირვის აღსრულება ინება. მთელი ღამე ლოცვაში გაატარეს წმინდა ექვთიმემ და სხვა მამებმა. მოიწია ჟამისწირვა. შეიმოსნენ წმინდა ექვთიმე და სხვა მღვდელნიც და წმინდა ლიტურგიის უმთავრესი მომენტისას იხილეს წმინდა ექვთიმე გაბრწყინებული, "ვითარცა ცეცხლი მგზნებარე". იმავე წამს ისმა ხმა, "ვითარცა ყივილი ერისა მრავლისა" და შეიძრა ათონის მთაც. შიშით ყველა მიწას დაემხო. თავის აწევას ვეღარ ბედავდნენ. წმინდა ექვთიმემ ისინი დაამშვიდა: - ნუ გეშინიათ, ძმებო, რამეთუ მოგვხედა ღმერთმა და ქრისტემ ადიდა თავისი დღესასწაულიო.
* წმინდა კირიონი (საძაგლიშვილი) აღწერს ივერიის კულტურულ როლს რუსეთის ისტორიაში და მაგალითად მოჰყავს ანტიოქიის პატრიარქის მაკარის მოგზაურობიდან ერთი ეპიზოდი. მან რუსეთში მოგზაურობისას (XVIIს.) შესწირა უსისხლო მსხვერპლი რუსეთის მღვდელმთავრებთან ერთად. მთავარდიაკონმა პავლე ალეპოელმა, რომელიც თან ახლდა მაკარს, საღმრთო ლიტურგიაზე "სახარება" ქართულად წაიკითხა და ქართულადვე წარმოთქვა მცირე კვერექსი: "კათაკმეველნო, განვედით". "ეს უეჭველად მოწმობს იმას, - ბრძანებს წმინდა კირიონი, - თუ რამდენად პატივს მიაგებდნენ ქართულ ენასა და ქართულ წირვა-ლოცვას რუსეთსა და აღმოსავლეთში. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მთავარდიაკონი პავლე ალეპოელი ტომით არაბი იყო და ქართული ენა უეჭველად ანტიოქიაშივე შეისწავლა, სადაც ქართულ საღვთისმსახურებო ენას დიდად აფასებდნენ".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი