* ლიბიისა და ეგვიპტის საზღვარზე, სკიტის უდაბნოში, მოღვაწეობდა ერთი მღვდელ-მონაზონი, როცა მსხვერპლს სწირავდა, სულიწმინდა მტრედის სახით წმინდა ტრაპეზზე გარდამოდიოდა.
ამას ვერვინ ხედავდა თვით მღვდლისა და მისი დიაკონის გარდა. ერთ დღეს დიაკვანს ერთმა ძმამ რჩევა სთხოვა, მაგრამ მას ეჩქარებოდა და უარი უთხრა. როცა, ჩვეულებისამებრ, წირვა დაიწყეს, დაინახეს, რომ სულიწმინდა აღარ გადმოვიდა ზეცით. შეწუხდა მღვდელი და დიაკვანს ჰკითხა: "შვილო, რას ნიშნავს ნეტავ ეს? მე შევცოდე თუ შენ? მოდი, განმეშორე ცოტა ხანს, თუ გარდამოხდა სულიწმინდა მტრედის სახით, მაშინ შენი შეცოდების გამო მომხდარაო". განშორდა დიაკონი თუ არა, მეყსეულად გარდამოხდა ზეცით სულიწმინდა.
მსხვერპლის შეწირვის შემდეგ მღვდელმა დიაკონს გამოჰკითხა, თუ რა შესცოდა. მან უთხრა: "ცოდვა არაფერი მახსენდება, ერთი კია - წირვის წინ, სიჩქარეში, ერთ ძმას კითხვაზე არ ვუპასუხეო". "აი, ამიტომაც არ გადმოვიდა სულიწმინდა ტრაპეზზე", - უთხრა მოძღვარმა. დიაკვანი წავიდა და შენდობა მიიღო ძმისგან.
* 1438 წელს ბიზანტია საშინელ დღეში იყო ჩავარდნილი. დასავლეთის ქვეყნებისგან სამხედრო დახმარების მიღების მიზნით ბერძენთა იმპერატორმა მანუელ პალეოლოგმა ფლორენციაში ხელი მოაწერა უნიას და პაპი მართლმადიდებელი ეკლესიის თავად აღიარა. აღიარა ლათინური მრწამსიც. წმინდა მარკოზ ეფესელის, გრიგოლ მანგლელის და სხვათა ღვაწლით მართლმადიდებელმა ეკლესიამ საბოლოოდ თავი დააღწია ამ საცთურს, მაგრამ უნიატობა ძალზე იყო გავრცელებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. კიევის ეპისკოპოსი პეტრე მოგილა მოგვითხრობს: როცა მართლმადიდებლობიდან განდგომილმა ბრესტის უნიატმა ეპისკოპოსმა იპატი პოცეიმ სხვა უნიატ ეპისკოპოსებთან ერთად სწირა წმინდა ნიკოლოზის მონასტერში, ბარძიმში ღვინო წყლად გადაიქცა. განდგომილებმა ეს მღვდლის უყურადღებობას დააბრალეს, პროსკომიდიის შესრულების შემდეგ ბარძიმში ისევ ღვინო ჩაასხეს, მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: ბარძიმი გასკდა და ღვინო დაიქცა. ამან შეაძრწუნა დამსწრეები. მორწმუნენი მიხვდნენ, რომ მათი ეპისკოპოსები ერეტიკოსები იყვნენ და მართლმადიდებლობას დაუბრუნდნენ.
* წმინდა თეოფანე დაყუდებული გვიამბობს: კვირა დღეს, მართლმადიდებლურ ეკლესიაში სხვებთან ერთად ვინმე მალაკანიც დაესწრო წირვას. ის გამოცდილი მეფუტკრე იყო, მაგრამ ბოლო დროს საქმეები ცუდად მისდიოდა. მას ბევრჯერ სმენოდა წმინდა ზიარების სასწაულმოქმედი ძალის ამბავი, ამიტომაც გადაწყვიტა, ტაძრიდან მოეპარა წმინდა ნაწილი უფლისა. სხვებთან ერთად ისიც მივიდა საზიარებლად, მაგრამ წმინდა ნაწილი არ გადაყლაპა, ენის ქვეშ დამალა, ხოლო შინ მისულმა ხელსახოცში გაახვია და სკაში ჩადო. მოხდა საკვირველი რამ: ფუტკრებმა რომ შეამჩნიეს მათ სამყოფელში წმინდა ნაწილის შემობრძანება, თავი ანებეს მუშაობას, ნექტარის შეგროვებას და ცვილისგან წმინდა ნაწილისთვის სამყოფელის მომზადებას შეუდგნენ. ცვილისგან შექმნეს ტრაპეზი, ფეშხუმი, რომელზეც დადეს წმინდა ნაწილი, გარშემო კი კანკელივით შემოზღუდეს, შემდგომ დადგნენ წმინდა ნაწილის წინაშე და ბზუილი დაიწყეს, იფიქრებდი, ღმერთს ადიდებენო. პატრონმა შეამჩნია, რომ ფუტკრები სკიდან არ გამოდიოდნენ, შეშინებულმა სკას თავი ახადა და დაინახა, რარიგად ადიდებდნენ მწერები შემოქმედს. გონს რომ მოვიდა, ეკლესიაში წავიდა, მოუთხრო მღვდელს ყოველივე, სთხოვა, ტაძარში დაებრუნებინა და შემდგომში ხშირად მაზიარებელი შეიქმნა.
* იყო ერთი მღვდელი, რომელიც წირვისას თავის მარჯვნივ ყოველთვის ხედავდა უფლის ანგელოზს. ამ ღირს მამას თავისი უბრალოებით მწვალებელთაგან ერთი სიტყვა ესწავლა, მისი მაღიარებელი იყო და ვერ ხვდებოდა, რომ ცუდს სჩადიოდა. ერთხელ მასთან ერთად ნაცნობმა დიაკონმა სწირა. ეს დიაკონი განსწავლული იყო საღმრთო წერილში. როცა შეამჩნია მღვდლის შეცდომა, უთხრა: "ამას რას ამბობ, მამაო? ეს არ არის მართალი სარწმუნოების სწავლება, ეს მწვალებელთა და ქრისტეს წინააღმდგომთა სწავლებააო". მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან წირვისას ანგელოზს ხედავდა. განაგრძო წირვა და კვლავ იხილა მარჯვენით მდგომი ანგელოზი. მაშინ გაკადნიერდა და თავად მას ჰკითხა: "დიაკვანი მამხილებს და რა ვქნა, დავუჯეროო?" "დაუჯერე, მართალს გეუბნებაო", - უთხრა ანგელოზმა. "კი მაგრამ, შენ რატომ არ მითხარიო?" - ჰკითხა გაკვირვებულმა მღვდელმა. ანგელოზმა მიუგო: "ღმერთმა კაცნი დააყენა კაცთა ცხოვრების წარსამართებლად და დამრიგებლად, რადგან ანგელოზნი ღვთის ბრძანების გარეშე არც ამხილებენ და არც ასწავლიან ვინმესო".
* ერთი კვიპროსელი სპარსეთში დაატყვევეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ამის მხილველი მისი თანამემამულენი დაბრუნდნენ კვიპროსზე და მის მშობლებს უთხრეს: "ომში დაიღუპა, ჩვენ დავმარხეთო". კიდევ ბევრი სხვა რამ მოიგონეს და შვილის "გარდაცვალების" დღეც კი დაუსახელეს. საცოდავი მშობლები მის სახელზე წელიწადში სამ შეკვეთილ წირვას ახდევინებდნენ მღვდელს.
გავიდა ოთხი წელიწადი, კაცი ტყვეობიდან გამოიქცა და კვიპროსზე დაბრუნდა. მშობლებმა დიდად გაიხარეს და ისიც უთხრეს: ამბავი მოგვიტანეს, რომ გარდაიცვალე და შენი სულისთვის სამ შეკვეთილ წირვას ვიხდიდითო".
"რომელ დღეებში ხდებოდა ეს?" - იკითხა ვაჟმა. "ქრისტეშობას, აღდგომასა და სულთმოფენობასო", - უპასუხა დედამ. მაშინ ვაჟმა ადიდა სახიერი უფალი და თქვა: "ამ სამ დღეს ყოველწლიურად მოდიოდა ჩემთან ვინმე, სპეტაკი სამოსით მოსილი, და მიშვებდა ციხიდან ისე, რომ ვერავინ მხედავდა. მთელი დღე თავისუფალი ვიყავი, საღამოს კი ისევ საპყრობილეში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. საბოლოოდაც სწორედ წირვის მადლმა მიხსნა ტყვეობიდანო".
* ერთხელ წმინდა ნიფონტი კონსტანტინოპოლელი ერთ ტაძარში შევიდა, სადაც მღვდელმთავარს დაეწყო წირვა. საღმრთო ლიტურგიისას წმინდა ნიფონტს სულიერი თვალი აეხილა და დაინახა ყოველივე, რაც წირვის დროს კაცთა თვალთაგან დაფარულად ხდებოდა: ზეციდან ცეცხლის სვეტი ჩამოეშვა და დაფარა წმინდა საკურთხეველიც და მღვდელმთავარიც. "წმინდაო ღმერთოს" გალობისას მგალობლებთან ერთად უფლის ოთხი ანგელოზიც გალობდა. "სამოციქულოს" კითხვისას წმინდა ნიფონტმა პავლე მოციქული დაინახა, რომელიც წიგნის მკითხველის უკან იდგა და ყურადღებით უსმენდა დღის საკითხავს; "წმინდა სახარების" კითხვისას კი - სახარების სიტყვები ადიოდა ზეცად და ლამპრებად ენთებოდა; წმინდა ძღვნის გადაბრძანებისას გაიხსნა ტაძრის სახურავი, გაიხსნა ზეცაც, არაჩვეულებრივი სურნელი დატრიალდა ირგვლივ. ზეციდან უფლის ანგელოზნი გარდამოხდნენ გალობით. თან მოჰყავდათ მშვენიერი ყრმა, რომელიც ფეშხუმზე დააწვინეს, თავად კი წმინდა ტრაპეზს გარს შემოერტყნენ.
როცა დადგა ჟამი ძღვნის კურთხევისა, ერთ-ერთი უბრწყინვალესი ანგელოზი წმინდა საიდუმლოს შესრულებას შეუდგა. აიღო მახვილი, დაკლა ღვთაებრივი ყრმა და მისი წმინდა სისხლი ბარძიმში ჩაწურა, შემდგომ ყრმა ისევ ფეშხუმზე დაასვენა და თვითონაც იქვე დადგა მოკრძალებით. შემდგომ, წმინდა ზიარების მიღებისას, წმინდა ნიფონტმა შეამჩნია, რომ ზოგიერთი მაზიარებელი გაბრწყინებული სახით ბრუნდებოდა უკან, ზოგი კი ეთიოპელივით შავდებოდა. უფლის ანგელოზები ღირსეულად მაზიარებლებს გვირგვინებს ადგამდნენ, ხოლო ვინც უღირსად ეზიარებოდა, მათგან პირს იბრუნებდნენ და ზედაც არ უყურებდნენ.
წირვის დასრულების შემდეგ წმინდა ნიფონტმა ზეციური ყრმა ისევ საღ-სალამათი იხილა. ის უფლის ანგელოზებმა ისევ ზეცად აღამაღლეს.
წმინდა ნიფონტმა ჩვენება თავის მოწაფეს მოუთხრო, რათა სხვებსაც შეეტყოთ და გულისხმა ეყოთ.
* არაბთა მეფის დისწული, სახელად ნუნერი, ქალაქ დიოსპოლიაში დიდძალი მხედრობით გარს შემოერტყა წმინდა გიორგის ეკლესიას და ტაძარში თავისი აქლემები დააბინავა. ეკლესიის მსახურებმა ეკლესიიდან პირუტყვთა გაყვანა სთხოვეს, მაგრამ არაბებმა ყურად არ იღეს. აქლემები მაშინვე დაიხოცნენ. ამან შეაფიქრიანა ნუნერი და წირვაზე დასწრების სურვილი გაუჩინა.
დაიწყეს მღვდლებმა ჟამისწირვის მსახურება და რას ხედავს ნუნერი: მღვდელმა ყრმა დაკლა და სისხლი ბარძიმში ჩაასხა, ხოლო ხორცი ფეშხუმზე დაანაწილა, წირვის დასასრულს კი ეს ხორცი ტაძარში მყოფთ აჭამა და სისხლიც შეასვა. არაბი რისხვითა და გულისწყრომით აღივსო. წირვის ბოლოს მღვდელმა მასაც მიართვა სეფისკვერი და უთხრა: "მიიღე, ბატონო, ამით ვემსახურებით ჩვენს ღმერთსო". "ამას ეძახი მსახურებას, შე უბადრუკო, - შეუყვირა სარკინოზმა, - ყრმა რომ დაკალი, დაანაწილე და მისი სისხლი და ხორცი შეჭამეთო?" განცვიფრდა მღვდელი, ადიდა უფალი, თაყვანი სცა ნუნერს და თქვა: "დიდ ხარ შენ, უფალო, კაცთა შორის, რომელმან გამოუცხადე ამას შენი საიდუმლო, რომელიც მეც არ მიხილავს და რომელსაც მხოლოდ დიდი წმინდანნი - წმინდა ბასილი, წმინდა გრიგოლი და წმინდა იოანე ოქროპირი ხედავდენო". რას ნიშნავს შენი სიტყვებიო? - ჰკითხა არაბმა. მღვდელმა აუხსნა წმინდა ზიარების არსი. ღვთის შიშით აივსო ნუნერი, დაუტევა სარკინოზთა სარწმუნოება და ქრისტე აღიარა, წავიდა იერუსალიმს და პატრიარქის ხელთაგან ნათელ იღო, შემდგომ კი სინის მთაზე ბერად აღიკვეცა. ბოლოს მოწამეობის სურვილით ანთებული გამოეცხადა ბიძას, შეაჩვენა მაჰმადი მის წინაშე. მოქცეული არაბი, ვითარცა სტეფანე პირველმოწამე, ქრისტეს გულისთვის ჩაქოლეს.
* წმინდა ზაქარია ანჩელი პატარაობისას ბატკნებს მწყემსავდა კლარჯეთში. მისთვის და მისი მეგობრებისთვის საყვარელი თამაში "წირვის ჩატარება" იყო. ერთ დღესაც, ვითარცა მღვდელმა, შესაწირი პური და ღვინო გაამზადა პატიოსანი ჯვრის წინაშე. სხვა მისებრ ჩვილნიც შემოერტყნენ გარს "თანამწირველებად". ანგელოზებრივი ხმით "წმინდა არსს" გალობდნენ და "კირიელეისონსაც" მრავალგზის იტყოდნენ. ზეციდან კი ცეცხლის სვეტი დაშვებულიყო ყრმა მღვდელზე. ამ დროს იქვე ახლოს ანჩელ ეპისკოპოსს ჩამოუვლია, დაუნახავს ეს სასწაული, მისულა და ზიარება მიუღია ყრმის ხელთაგან, ბიჭი კი თან წაუყვანია და თავის მემკვიდრედ გამოუზრდია.
* წმინდა ილარიონ ქართველს (ყანჩაიშვილს), XIX საუკუნის მართლმადიდებელი საქართველოს სიმტკიცესა და ბურჯს, მამათა მამას ეძახდნენ ათონის მთაზე და მის ნათქვამს დიდად აფასებდნენ. ერთხელ, როცა ის წმინდა ანას მცირე სავანეში მოღვაწეობდა, სავანის მოძღვარმა გრიგორიმ, მისმა მეგობარმა, კუტლუმუშის მონასტრის იღუმენის რჩევით ინგლისის მოქალაქეობა და პასპორტი მიიღო. წმინდა ილარიონმა შეხვედრისას გაკიცხა იგი და შეცდომაზე მიუთითა. მაშინ ათონი თურქეთის მფლობელობაში იყო და ეს საქციელი მოძღვარს კარგს არაფერს მოუტანდა. მით უმეტეს, მამა გრიგოლი, როგორც ინგლისის მოქალაქე, ვალდებულიც იქნებოდა, ღვთისმსახურებისას ინგლისის ანგლიკანი მეფე და დედოფალიც მოეხსენებინა. და არა მარტო ისინი - ყოველი ინგლისელიც, რომელიც მას წირვაზე დაესწრებოდა.
მამა გრიგოლს, მისი სურვილისამებრ, წმინდა ილარიონმა ეპიტიმია დაადო - ორმოცი დღით განაყენა წირვისაგან. ორმოცი დღის შემდეგ ცნობილი გახდებოდა: თუ მათი ურთიერთობის შემდეგ ფაშა ინგლისელებთან ერთად ჩამოვიდოდა, მას წირვა სამუდამოდ აეკრძალებოდა, თუ არა და თვითონ შეურჩევდა მონანიების ხარისხს. მაგრამ მამა გრიგოლმა კუტლუმუშის იღუმენის დაჟინებული რჩევით მალე თვითნებურად განაგრძო წირვა და აქეთ კიცხავდა წმინდა ილარიონს.
რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდა პავლეს მონასტერს ინგლისის ელჩი ეწვია. მონასტრის მკვიდრნი იონის კუნძულებიდან იყვნენ, რომლებიც მაშინ ინგლისელებს ეკუთვნოდა. ელჩმა ლოცვებში მოხსენიება ითხოვა, მღვდელ-მონაზონმა კი თვით კვეთაშიც მოიხსენია, მაგრამ ბოლოს დაეჭვდა და თავის მოძღვარს რჩევა ჰკითხა. მან შენიშვნა მისცა ერეტიკოსების მოხსენებისთვის და სამი წლით აუკრძალა წირვა. მან არ დაუჯერა და წმინდა ილარიონთან წავიდა რჩევისთვის. აღშფოთებულმა წმინდა ილარიონმა ის მთელი სიცოცხლე განაყენა წირვისგან.
როცა იღუმენმა ეს ამბავი შეიტყო, მოჰყვა ორივე მოძღვრის ლანძღვას, უგუნურები უწოდა მათ და მღვდელ-მონაზონს წირვის ჩატარება უბრძანა. მაგრამ ღვთის შეურაცხყოფა არავის ეპატიება. წირვის შემდეგ მღვდელ-მონაზონს ცხვირიდან სისხლი წასკდა და ვერაფრით შეუჩერეს. ის გარდაიცვალა, ხოლო ეს ამბავი ბევრისთვის გაკვეთილად იქცა, მათ შორის - მამა გრიგოლისთვისაც.
* მამა გაბრიელი (ურგებაძე) ერთხელ დიდხანს იყო უზიარებლობით დასჯილი. სვეტიცხოვლობის დღესასწაულის წინ ის ფეხით წავიდა მცხეთაში მოსალოცად. იმ ღამით სვეტიცხოველში დარჩა და ლოცულობდა. გამთენიის ხანს ჩვენება ნახა: აფრინდა და პირდაპირ სვეტიცხოვლის საკურთხეველში ჩაფრინდა. პატრიარქი იქ იყო და წირავდა. გარს მღვდლები ეხვივნენ. ამ დროს მაცხოვარი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შემობრძანდნენ და პატრიარქი შეაჩერეს, მამა გაბრიელზე მიუთითეს და უთხრეს: "მხოლოდ ამისგან შევიწირავთ მსხვერპლსო". ხილვა რომ დასრულდა, ბერი გაბრიელი მიხვდა, რომ უფალმა და ღვთისმშობელმა ნუგეში სცეს. და გაიფიქრა, ხვალ, სვეტიცხოვლობას, ნამდვილად მაზიარებენო.
დილით, წირვის დაწყებამდე, მამა გაბრიელი პატრიარქთან იხმეს. პატრიარქმა მას გაოცებით შეხედა. ჩანდა, მასაც ჰქონდა გამოცხადება... ჰკითხა ბერს: ზიარებისთვის თუ ხარო მზად? მერე მღვდელს დაუძახა: "შემოსეთ გაბრიელი, საკურთხეველში შემოვიდეს და სწიროსო".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი