მამა ქრისანთე - "მოგონებები"
დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #8
გზაზე მან მკითხა, ყოველთვის თუ წარმოთქვამ "უფალო, შეგვიწყალენსო".
დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #8
რუთამდე ჩავაღწიეთ. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წმინდა ელისე წინასწარმეტყველის ტაძრის ზღურბლს გადავაბიჯეთ და იქ ათენის და პირეის ყველაზე ღვთისმოშიში ადამიანები ვიხილეთ. სულშემუსვრილნი და ლმობიერნი ისმენდნენ პაპა ილიას წიგნის კითხვას.
მრავალი სირთულის მერე მრევლმა მოახერხა წმინდა ფანურის ეკლესიის გახსნა. ეს წმინდანის ლოცვით მოხდა, თორემ ბევრი უცხოეთიდან ჩამოსული ამბობდა, არავითარი წმინდა ფანური არ არსებობდაო. ისინი ხედავდნენ მრავალ სასწაულს, რომელიც სახიერმა ღმერთმა თავისი წმინდანის მიერ მოიმოქმედა და მაინც ეწინააღმდგებოდნენ წმინდანის პატივად ეკლესიის აგებას. მღვდელი იმდენად განკრძალული იყო ღამისთევისას, რომ ყველა მას ჰბაძავდა.
ღვთისმსხურების მოყვარულთა შორის იყო ეგინელი გიორგი ლაუსი. მან მირჩია: - ისეთივე კარგი ადამიანი გახდი, რომელთაც შენ იცნობ და არიან ათონზე, ლავრაში მამა გერასიმე, მამა ნიკოდიმოსი და სპირიდონ მკურნალი. დღეს წმინდა სპირიდონის ხსენებაა. დაე, გფარავდეს, რადგან ბევრი განსაცდელი მოგელის მთაწმინდაზეო.
გეორგენა მეუბნება: - უსმინე, როგორ კითხულობს პაპა ილია აღაპის "კირიაკოდრომიონს" ("აღაპი" კრიტელის შედგენილი კრებულია საკვირაო და სადღესასწაულო საკითხავებით).
რვა საათზე იწყება ღამისთევა. ტაძარში ჩურჩული მოისმა: მამა ანტონი მოდისო. ყველა ფეხზე დგება და მუხლს იყრის. მამა ანტონმა მუხლი მოიდრიკა ხატების წინ, შევიდა საკურთხეველში და გულდასმით დაათვალიერა, ბუზი ან რომელიმე მწერი ხომ არ დავარდნილა წმინდა ტრაპეზზეო. მერე კი ყურადღებით იწყო მწუხრის ლოცვა. ყველა კეთილმოკრძალებით უსმენდა. იკითხებოდა კანონი წმინდა ზიარებისა. მაზიარებელთა უმეტესობამ, ვიდრე უფლის სისხლსა და ხორცს მიუახლოვდებოდა, რვა დღით ადრე უარი თქვას ხორცზე. ზოგი ექვსი დღით ადრე თევზს არ ჭამდა, სხვები კი სამი დღით ადრე ზეთიანს აღარ იკარებდნენ და ღმერთს გულწრფელ აღსარებას სწირავდნენ. ამიტომაც, როცა ეზიარებოდნენ, ანგელოზშემოსილები იყვნენ.
შემდეგ კვლავ მოისმა ჩურჩული: "ეტლი გაჩერდა, მამა ნიკოლოზი მოვიდა". ის წირვას ბედნიერებით გარდავსებული ატარებდა. ჩვენ, პატარა ბავშვები, როგორც უმანკო ყრმები, ვხედავდით, რომ იგი მიწაზე კი არ დააბიჯებდა, არამედ ჰაერში დადიოდა, მას დღე-ღამეში ერთი საათი ეძინა, მარხვაში არაფერს ჭამდა, მხოლოდ ეზიარებოდა, საერთოდ, დღის მანძილზე მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა.
ბავშვების აღზრდა მამა ქრისანთეს დროს
(მისივე წერილებიდან)
როგორ ბრძანდები, ქალბატონო მარიამ? არ დამვიწყებიხარ; ვევედრები ღვთისმშობელს, რომ მოგცეთ ჯანმრთელობა შენ, შენს შვილებსა და შვილიშვილებს. შენ აღსარება მითხარი და ვალდებული ვარ, რამდენიმე რჩევა მოგწერო: სჯობს შენი შვილიშვილები ისე გაზარდო, როგორც ჩვენ გვზრდიდნენ. გახსოვს, ალბათ, დიდმარხვისთვის ყველიერის კვირიდანვე გვამზადებდნენ.(მისივე წერილებიდან)
- ბავშვებო, მალე ჩვენს თვალწინ შვიდი შვიდეული მონაზონი მოკვდება. ჩვენ მათ უნდა მივბაძოთ, ვიმარხულოთ და ზეთიანი საჭმელი მხოლოდ შაბათ-კვირას მივიღოთ.
ჩვენ ბავშვური უბრალოებით ვეკითხებოდით: - დედილო, ეს მონაზვნები ჯერ არ მომკვდარან?
პირველი შვიდეულის პარასკევს გვეუბნებოდნენ:
- ახლა ერთი მონაზონი მოკვდა, რომელიც მთელი სიცოცხლე მარხულობდა. ვიმარხულოთ ჩვენც, რათა მეუფე ქრისტესთან მივიდეთ. ის თავის წიაღში მიგვიღებს და თავისთან სამოთხეში შეგვიყვანს, როგორც გაიყოლა თან ბავშვები, როცა იერუსალიმში მიდიოდა.
ზარის ხმა გაისმოდა. ვხედავდით მღვდლების თვალებზე მომდგარ ცრემლებს და ვკითხულობდით:
- კეთილო ბებია, რატომ ტირიან მღვდლები, ანდა თქვენ რატომ იცრემლებით?
და გვპასუხობდნენ: - ბავშვებო, ახლა დიდი მარხვაა, როცა მოკვდება ექვსი მცირე და ერთი დიდი მონაზონი. ეს უკანასკნელი დიდი შვიდეულის ბოლოს გარდაიცვლება და იგი ღირსგვყოფს, ჩვენი ჯვარცმული ქრისტე ვიხილოთ. ბრწყინვალე აღდგომის დღეს კი ჩავიცვამთ სუფთა სამოსს და ტაძარში წავალთ. ღამე მღვდელი ბრძანებს, - "ქრისტე აღსდგა!" ზარებს დარეკენ და მთელი ტაძარი ელვასავით გაბრწყინდება სანთლების შუქით. ბოლოს ყველა - დიდ-პატარა ვეზიარებით. მსახურების მერე მღვდელი ყველას კვერცხებს დაგვირიგებს, ჯერ პატარებს, მერე უფროსებს.
- ჯერ პატარებს რატომ, ბებო?
- იმიტომ, რომ პატარა ბავშვებმა უნდა ისწავლოთ ქრისტეს სიყვარული. ამას კი მღვდლები გვასწავლიან. მღვდელს ფეხზე წამოვუდგებით ხოლმე, როცა გვერდით ჩაგვივლის, თაყვანს ვცემთ მას, ის კი გვეუბნება: "ქრისტესა ღმერთსა თაყვანისვცემთ".
ასე ვსწავლობდით ქრისტეს სიყვარულს.
მრავალი ბავშვი ეკლესიაში დადიოდა, ლოცულობდა და სწავლობდა სიწმინდის გზაზე დადგომას. როცა მშობლები ჩვენს მიერ წარმოთქმულ უწესო სიტყვებს გაიგონებდნენ, როგორც კი ჭექა-ქუხილი ატყდებოდა, გაელვებისას და მეხის დაცემისას, შინ გვაჩოქებდნენ და აცრემლებულნი გვეუბნებოდნენ:
- უწესო სიტყვები რომ წარმოთქვით და არ შეინანეთ, ხომ ხედავთ და გესმით, რაც ხდება. თქვენ გამო ჩვენი უფალი იესო ქრისტე მთელ სამყაროს ემუქრება.
ჩვენ კი ვლოცულობდით:
- გვაპატიე, ჩვენო ქრისტე, გვაპატიე.
- ქრისტემ რომ გვაპატიოს, კვირის კანდელი (ამ დღეს ანთებდნენ) მოიტანეთ, ავანთოთ და რისხვაც შეჩერდება.
მართლაც, როგორც კი კანდელი აენთებოდა, ქუხილი წყდებოდა და ელვაც აღარ სერავდა ცას.
ჩვენ სიხარულით ვიტყოდით:
- ჩვენმა ქრისტე ღმერთმა გვაპატია! აღარასოდეს წარმოვთქვამთ ასეთ სიტყვებს.
მშობლები მოწყალების გაღებას გვასწავლიდნენ: როცა ჩვენს სახლთან გლახაკი ჩაივლიდა, ბავშვებს პურს გვაძლევდნენ, რომ მისთვის მიგვეცა. მერე კი ამბობდნენ, - თქვენ პური მიეცით მოსულ გლახაკს? ქრისტე ღმერთი აკურთხებს ჩვენს პურს და შევძლებთ, რომ ცომი შაბათის ნაცვლად ორშაბათს მოვზილოთ.
მართლაც, უფლის სასწაულთმოქმედი ნებით, პური დიდხანს ინახებოდა და ორშაბათამდე ცომს არ ზელდნენ. ამიტომაც პატარები თვალს მოჰკრავდნენ თუ არა მწირს, ერთმანეთს ეცილებოდნენ მის დაპურებას. 1940 წლამდე კუნძულზე სასტუმრო არ იყო, ამიტომ მწირებს შინ იღებდნენ ღვთისმსახურნი და უბრალო მკვიდრნი კუნძულისა.
შენ კი, ქალბატონო მარიამ, ეცადე, შენმა შვილიშვილებმა არასოდეს გიხილონ გაბრაზებული, მუდამ მშვიდად ესაუბრე მათ. წაუკითხე წმინდანთა ცხოვრება. სისაძაგლე არასოდეს ჩაიდინო, ნუ იკამათებ ბავშვების თვალწინ, ეს მათ ავნებს. წაიყვანე ეკლესიაში, დაე, უწმინდეს საიდუმლოსთან ზიარების მერეც ცოტაოდენი იმარხულონ, თორემ ახლა ბევრმა მღვდელმა და ღვთისმეტყველმა დაიწყო ლაპარაკი, - შეგიძლია არ იმარხულო და ისე ეზიაროო. იცოდე, ასე ნუ მოიქცევი. აი, მოკლედ მოგწერე ყველაფერი, რათა თქვენც შეევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩემთვის, მამა ქრისანთესთვის. ლოცვა და კურთხევა ავსტრალიის ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მე ცოდვილისაგან.
სასკოლო აღზრდაზე
(წერილებიდან)
ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება, თუმცა დიდი ხანია ჩაწერილნი ვართ ჩვენი დედის, ერთი წმინდა და სამოციქულო ეკლესიის ლაშქარში. ვფიქრობთ, რომ განსაცდელი არ შეგვეხება. არ ვუფიქრდებით იმას, რასაც გვაფრთხილებდა ჭური რჩეული - ყოველთვის უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან. მაგრამ რატომ ვამბობთ "დღენი"? დღეებზე კი არ არის საუბარი, არამედ თანამედროვე ადამიანების არჩევანზე, რომელთაც ომი წამოიწყეს ღვთის წინააღმდეგ. სარწმუნოების მქადაგებელმა, ღირსმა კოზმა ფლამანტელმა ჯერ კიდევ 1850 წელს გააფრთხილა ჩვენი წინაპრები, - მზაკვარი ინგლისი, თავისი მასონებით, ას წელიწადში აიძულებს განთავისუფლებული ელადის ამ მხარეს, სრულიად დაშორდეს მეუფე ქრისტეს. უფალს ეტყვიან: "წადი შენთან, ზეცაში", გადმოანთხევენ ღვთისგმობას და მორწმუნე ბერძნებსაც ამასვე აიძულებენო.(წერილებიდან)
ღირსი მამის ეს სიტყვები შეუსმენელი დარჩა. და ჩვენს დროში ვხედავთ, თუ რაოდენ ქარაფშუტულად ეპყრობიან ადამიანები ქრისტეს სახარებას.
დამრიგებლები ჩვენ ელიაზარის, აბრაამის მსახურის მაგალითით გვმოძღვრავდნენ, რომელიც მან მესოპოტამიაში გაგზავნა, ისააკისთვის საცოლის, რებეკას, ჩამოსაყვანად. იგი წყაროსთან მივიდა და თქვა: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო". პატარაობისას მასწავლებლები გვმოძღვრავდნენ, - უბრალოდ კი არ გვეთქვა "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო", არამედ ჩვენს გულებში გაცოცხლებულიყო ღვთისადმი სიყვარული. ამიტომაც გვირჩევდნენ მუხლი მოგვედრიკა საკურთხეველის წინაშე, ხელები აღგვეპყრო და წარმოგვეთქვა: "ჩემო მოწყალეო ღმერთო, ჩემო მშობლიურო ღმერთო".
ასე აგვიხსნა მასწავლებელმა, მაგრამ ლოცვის საათზე შემოვიდა დირექტორი და გვითხრა, - უნდა ილოცოთ წიგნის სიტყვებით და არა სხვანაირადო. მასწავლებელი გაჩუმდა. როცა დირექტორი წავიდა, მოგვიბრუნდა და თუმცა ჯერ კიდევ პატარები ვიყავით, ისეთი რამ გვითხრა, აქამდე მახსოვს: - შვილებო, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა უნდა შევინახოთ ჩვენი რწმენა, მამათა მართლმადიდებელი სარწმუნოება, რომელსაც ბევრი დევნის. ვხედავთ, რომ ჩვენს დროში თითქმის ყველა ქვეყნის მართლმადიდებელი ხალხის უმეტესობამ განაძევა ქრისტე თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან. მხოლოდ მცირეოდენნი მიაგებენ პატივს და უყვართ იგი.
როცა იწყო გავრცელება კომუნისტურმა მსოფლმხედველობამ, საბერძნეთში თავისუფლად იშოვებოდა როგორც კომუნისტური, ისე ანტიკომუნისტური წიგნები.
ჩვენს მამებს ჯერ კიდევ ახსოვდათ წმინდა კოზმა ფლამიატელის დარიგებები. რა თანამედროვედ ჟღერს მისი სიტყვები!
ახალგაზრდობაში კარგად გამოცემულ კომუნისტურ წიგნებს გვირიგებდნენ, სადაც ეწერა, რომ უსამართლოდ გვექცევიან, ბევრს ვშრომობთ და საკმარისად არ გვიხდიან.
ხოლო ჩვენი საეკლესიო ნაცნობები გვირიგებდნენ საბავშვო წიგნებს, რომლებიც ღვთისმოშიშებასა და უბიწო ცხოვრებაში განგვამტკიცებდნენ. ეს წიგნები იყო დასაყრდენი და შემწე ჩვენი ღვთივდაცული ერისა.
ერთხელ ორი წიგნი მომცეს წასაკითხად. ერთ-ერთში მოთხრობილი იყო, რომ გერმანიაში, ბერლინში, კომუნისტმა მასწავლებელმა ახალგაზრდობა შეკრიბა, მათ შორის ბავშვებიც, და მათ ათეიზმის სწავლება დაუწყო, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მან თქვა, - თუ დავუშვებთ ღმერთის არსებობას, მაშინ მისი ყურისგდება მოგვიწევსო. მისმა ნორჩმა, 12-15 წლის თანამოსაუბრეებმა უპასუხეს: არ გვინდა ვოლტერისა და დარვინის მოწაფეობა, ჩვენ ქრისტიანები ვართ და ღმერთი არსებობს. წადით აქედან, საცოდავო ადამიანებო.
ასე მოუგეს კამათში ბავშვებმა ათეისტებს. ამიტომაც კომუნიზმს გერმანიაში მაშინვე არ შეუღწევია.
ჩვენ უნდა ვმადლობდეთ ყოვლადსახიერ ღმერთს, რომ აღასრულა თავისი აღთქმა - ჩემი მოყვარულნი და ჩემგან შეყვარებულნი ცხოვრებას უჭირველად განლევენო.
აი, მოკლედ მოგწერთ, რომ არასოდეს დაივიწყოთ თქვენი ცხონება, დაუჯეროთ მეუფეს და სთხოვოთYყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაგიცვათ. ამის მერე პოვებენ თქვენი სულები სიმშვიდეს და ჩვენი მართლმადიდებელი ერი შეუდგება სიმართლის გზას. თქვენ მეომრები ხართ ქრისტეს ერთი წმინდა და სამოციქულო ეკლესიისა. და თქვენი კეთილი მაგალითით და ძმებთან თავმდაბლური ურთიერთობით, წმინდა გრიგოლ პალამა თესალონიკელის ლოცვით, გახდეთ მისი ჭეშმარიტი შვილები. ასეთი გახლდათ წმინდა ნიკოლოზ კავასილა, რომელმაც ღრმად გააზრებული წიგნი დაწერა ქრისტეს საშინელ საიდუმლოებებზე.
ცხოვრებისეულ საკითხებზე ნუ იმსჯელებთ, უფრო განიხილეთ მეუდაბნოე მამათა ნაშრომები, რომლებიც მოსაგრეობდნენ, მისცეს სისხლი და მიიღეს სული, ასევე მათი მოწაფეების წიგნები, რომლებშიც წერია: გაეცი სისხლი და მიიღე სული.