მოღვაწე მამა. "ერთხელ ერთი მოღვაწე მამის ამბავი მიამბეს, - ჰყვებოდა მამა არსენი, - კურთხევა ავიღე და მის გასაცნობად წავედი. ის მაღლა, თითქმის ათონის მწვერვალთან მდებარე კალივაში ცხოვრობდა. იქ საშინლად ცივი ზამთარი და ხშირი მეხთატეხა იცის.
როგორც თვითონ ჰყვებოდა, ცეცხლი ხშირად ტანსაცმელსაც უწვავდა. შემშურდა მისი თავგანწირვა და ვუთხარი: - მამაო, შეიძლება მეც აქ ვიცხოვრო-მეთქი? ამ გამოცდილმა მხედარმა კი მითხრა: - შეიძლება, ჩემო შვილო, თუკი მოუკლებელი ცრემლები გაქვსო". მაგრამ მამა არსენი იქ არ დარჩენილა. შეიძლება იმიტომ, რომ მოუკლებელი ცრემლები არ ჰქონდა, ან იმიტომ, რომ საკუთარი მოღვაწებით უფრო დაბლა იდგა... ამის მიზეზი ძალზე მარტივია: ის დიდი მამის მორჩილებაში იყო, რომელსაც დაჰპირდა, რომ მასთან მხოლოდ სიკვდილი განაშორებდა.
წმინდა ანას სკიტი. მამა იოსების საძმო. წმინდა ბასილის სკიტში თოთხმეტწლიანი მკაცრი მოღვაწეობის შემდეგ ორმა მოსაგრემ გადაწყვიტა, უფრო სანუგეშო ადგილას გადასულიყო.
მამა იოსებს ხორციელი ძმა ჰყავდა, ნიკოსი, რომელიც 1925 წელს მასთან მივიდა ათონზე და ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა.
წმინდა ბასილის კალივა მცირე ზომის იყო, ამიტომ მამები მცირე ანას სკიტში გადასახლდნენ. იქვე, პატარა მღვიმეებთან, პატარა ეკვდერიც ააგეს, რაშიც დიდად დაეხმარა მამა ეფრემ კატუნაკელი - მათი საძმოს მწირველი მღვდელი.
რადგან ვახსენეთ, ორიოდე სიტყვაც ვთქვათ ამ ღირს მამაზე, რომლის სულიერი გზა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მამა იოსებთან და მამა არსენთან. იგი თავს მამა იოსების საძმოს წევრად თვლიდა და შემდგომში, როცა რაიმე ლოცვის წაკითხვას სთხოვდნენ, ამგვარად იწყებდა: "მოიხსენე, უფალო, მონა შენი... ლოცვითა წმინდათა მამათა იოსებისა და არსენისათა". საკუთარ ლოცვებს კი ყოველთვის ამგვარად იწყებდა: "ლოცვითა წმინდათა მამათა იოსებისა და არსენისა..."
ერთხელ ძმებმა უთხრეს მამა არსენს:
- მამაო, მამა ეფრემი სხვა საძმოს წევრია, მაგრამ მასთან ისეთი მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, რომ ჩვენი საძმოს წევრადაც კი ვთვლით.
მამა არსენმა უპასუხა:
- როცა მამა ეფრემი ათონზე ჩამოვიდა, კატუნაკში დასახლდა მამა ნიკიფორესთან. მან ახალგაზრდის ღვთისმოშიშება და მოშურნეობა რომ იხილა, ერთ წელიწადში მონაზვნად აღკვეცა და ორი წლის მერე მღვდლად აკურთხებინა, მიუხედავად მისი ასაკისა.
მამა ნიკიფორე ძმების მიმართ მკაცრი იყო: მთელი დღე ხელსაქმობდა, მკაცრ მარხვას ინახავდა, მაგრამ არ ლოცულობდა. თუმცა ულოცველი მონაზონი არაფრით განსხვავდება ერისკაცისგან. მაგრამ, რა ქნა ყოვლადსახიერმა ღმერთმა, როცა ახალგაზრდის სულიერი წყურვილი და კეთილი განწყობილება იხილა?
მამა ეფრემის ქიროტონიამდე ცოტა ხნით ადრე მამა იოსებმა მისი მოძღვარი კალივაში წირვის ჩასატარებლად მიიწვია.
საღმრთო განგებულებით, მამა ნიკიფორემ თან თავისი მორჩილიც გაიყოლა. მამა იოსებმა ყმაწვილს თვალი მოჰკრა თუ არა, თქვა: "აი, მოწყურებული ირემი, მაგრამ წყალს არ აძლევენ დასალევად. დახმარება სჭირდება მონაზონს, მაგრამ სხვის ბაღში როგორ გადავიდე?" მან ყველაფერი ღმერთს მიანდო. მართლაც, უფალმა ყველაფერი ასე მოაწყო: იმავე წელს მამა ნიკიფორემ თავისი მორჩილი საკურთხებლად გაგზავნა და მამა ეფრემი მღვდელი გახდა. მაშინ მამა იოსებმა ხელსაყრელი შემთხვევა გამოიყენა და მამა ნიკიფორეს რეგულარულად სთხოვდა, მისთვის მორჩილი გაეგზავნა წირვის ჩასატარებლად.
სასწაული მოხდა. მამა ეფრემი ქამარზე ფარანჩამოკიდებული ღამე მოვიდა წირვის დასაყენებლად. საღმრთო ლიტურგიის მერე ახალგაზრდა ღვთისმსახური მამა იოსებმა კელიაში მიიხმო და ჰკითხა, - როგორ ხარ, შვილოო.
- კარგად, მამაო.
- მაგრამ ვხედავ, რომ საქმე მთლად კარგად არ მიდის. ნუ გერიდება, მითხარი, შენს თავს რა ხდება.
ახალგაზრდა მღვდელმა თანდათან მხნეობა მოიკრიბა და თქვა:
- მამაო, ჩვენს ცხოვრებას მონაზვნური ცხოვრება ჰქვია? დილიდან საღამომდე მუშაობა, ამის გარდა ლანძღვა, არც ერთი ალერსიანი სიტყვა. სად არის სათნოებები, სად არის სიყვარული, სადაა ლოცვა?
- შვილო, ფრთხილად იყავი, ის შენი მამაა. ის ღმერთმა გიჩვენა. შენ არც წასვლა შეგიძლია, არც მისი განკითხვა.
- განა მოძღვარი ასე უნდა მოიქცეს?
- მისმინე, შვილო. ვინც აღთქმა დადო სოფლის უარყოფისა, ის განა პატივსა და ალერსს ეძებს? მაშინ შენ მონაზონი არ იქნები. თუ გინდა იყო ქრისტეს მონა, ყველაფერი უნდა დაითმინო სწორედ ისე, როგორც მან ჩვენთვის დაითმინა, სიძულვილი, ლანძღვა, დამცირება, ფურთხება და ცემაც კი. შენ თუ ასე მოიქცევი, მაშინ აღიღებ შენს პატარა ჯვარს და ქრისტეს მიჰყვები. კომფორტით, ცრუ პატივით, თავაზიანობით არც ცხონება მოდის და არც სულიერი წარმატება.
ყოველივე ამას მწყურვალე ახალგაზრდას სული ღრუბელივით ისრუტავდა.
- მადლობა, მამაო, ყველაფრისთვის, რაც დღეს გავიგონე. ყველაფერს ვიღებ, მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია. განა ჩვენ, მონაზვნებმა, ლოცვა არ უნდა ვასწავლოთ?
ეს რომ გაიგონა მამა იოსებმა, იგი გულში ჩაიკრა და უთხრა:
- მართალი ხარ, შვილო. ამგვარად, ამიერიდან შენი მოძღვრის მორჩილებაში იქნები, ხოლო ლოცვა უკვე ჩემი საზრუნავი იქნება. ამიერიდან განუწყვეტლივ იმეორე: "უფალო იესო ქრისტე..." ღამე კი იმ ტიპიკონის მიხედვით იცხოვრებ, რომელსაც მე მოგცემ.
ამის მერე ახალგაზრდა სულიერად გაცოცხლდა. განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას, ღამეს ლოცვაში ათენებდა და ორ-სამ თვეში მამა იოსების ხელმძღვანელობით ცეცხლის ალს მიემსგავსა. მას მერე მამა ეფრემი მამა იოსებს ყველგან აკითხავდა. მამა იოსები დაეხმარა კიდეც მამა ეფრემს მკურნალობაში, როცა მას ტუბერკულოზი შეეყარა. თავისი მწირველი მღვდლისთვის სოფელში ყველს, კარაქს, კვერცხს და რძეს უკვეთავდა. ახალგაზრდა თავიდან წინააღმდეგი იყო სახსნილოს ჭამისა, მაგრამ მერე მორჩილებით ყველაფერს იღებდა, ვიდრე არ გამოჯანმრთელდა. შემდგომში მადლიერი იყო მამა იოსებისა, რომ იგი, მიუხედავად თავისი ძალზე მკაცრი ცხოვრებისა, სხვების მიმართ შემწყნარებელი იყო და მხოლოდ მორჩილების საკითხში არ იცოდა დათმობა.
მამა არსენი დიდად აფასებდა მამა ეფრემს მისი სათნოებების გამო და ამბობდა: "ჩვენ ხომ ასე მკაცრად ვმოღვაწეობდით, მან კი მხოლოდ და მხოლოდ მორჩილებით ყველას გაგვასწრო. მაგრამ მისი მორჩილება მოწამებრივი იყო, მისი მამა ნიკიფორე ძალზე მკაცრი იყო, მაგრამ ბოლომდე უთმენდა. აი, რა არის მნიშვნელოვანი. კურთხევა მისი დაე იყოს ჩვენთანა". აქვე ვიტყვით, რომ მამა ეფრემმა შემდგომში მოძღვრის, გარდაცვლილი მამა ნიკიფორეს სული თავისი ლოცვით ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა.
ერთხელ, მამა იოსების გარდაცვალების მერე, აი რა უთხრა მამა ეფრემმა ახლა უკვე მამა არსენის საძმოს: "მამებო, მონაზვნური ცხოვრება ძალზე მარტივია და ძალზე რთულიც. ნამდვილი მორჩილისთვის მონაზვნური ცხოვრება სამოთხეა. მონაზონმა უნდა შეისწავლოს ორი სიტყვა: "მაკურთხე" და "კურთხეულ იყავ". ეს ძალზე მარტივია და მსუბუქი, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტა ვინმე თუ ასრულებს. თუ ეს გაკვეთილი კარგად შეისწავლე, მაშინ დაუფლებიხარ მონაზვნურ ცხოვრებას.
ჩვენი მამა იოსები, მამა არსენთან ერთად, ისე მკაცრად მოღვაწეობდა, რომ ასეთ ღვაწლს მხოლოდ დიდი წმინდანების ცხოვრებაში თუ წააწყდებით. და მაინც, ეს დიდი მოღვაწე, მოსაგრეობის გარდა, ყოველთვის ხოტბას ასხამდა მორჩილებას. გინდა მოიპოვო ნიჭები? იყავ მორჩილი! გინდა შეიძინო ლოცვა, გინდა ცრემლები? მორჩილება! გინდა მადლი სასწაულმოქმედებისა, ჭვრეტისა, წინასწარცნობისა? ყველაფერი მორჩილების მიერ და მორჩილებით მიიღწევა".
მამა ეფრემმა მამა იოსების სიკვდილის მერე მამა არსენი და ძმები მოინახულა. მერე ფილოთეოს მონასტრის ძმები ინახულა, ბოლოს კვლავ მამა არსენთან დაბრუნდა და ძმებს უთხრა: "ჯერ თქვენთან მოვედი და მცირე ხანს დავყავი, მაგრამ მამა იოსების ხილვა აქ ვერ შევძელი (მამა იოსები გარდაცვალების მერე ხშირად ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და თანამოსაგრეებს). ფილოთეოში ვიხილე მამა იოსები.
თავიდან გავიფიქრე, ნეტავ მოძღვარი თავის ორ მოწაფესთან რატომ არ არის-მეთქი. მაგრამ მერე გონება გამინათლა ერთმა აზრმა: "ამათ მამა არსენი ჰყავთ, ამიტომაც ხვდათ ფილოთეოს მონაზვნებს მამა იოსები" (როგორც მეოხი, - კ.კ.).
დავუბრუნდეთ ისევ წმინდა ანას მცირე სკიტს. მალე საძმოში მამა ათანასეს შეუერთდა მონაზონი იოსები. ეს მონაზონი ძალზე ადრე გახდა ცნობილი თავისი მწერლური ტალანტით, უფრო მეტად იმით, რომ მისი წყალობით მონაზვნებით აივსო და სულიერ ორანჟერეად გადაიქცა ვათოპედის მონასტერი, რომელიც მანამდე იდიორითმული იყო. მათ შეუერთდა მამა ეფრემ-უმცროსი, რომელმაც კინოვიური ცხოვრების წესი შემოიღო მანამდე იდიორითმულ ფილოთეოს მონასტერში. შემდგომში ამ სავანიდან ათონის სხვა სამი მონასტრის საძმო გამოვიდა.
თვითონ მამა ეფრემმა ათონის ოთხ მონასტერში დააწესა ის ტიპიკონი, რაც მამა იოსებისგან მიეღო, მერე კი ღვთისმშობლის კურთხევით გადავიდა ამერიკაში, არიზონის შტატში, სადაც თვრამეტი მონასტერი (დედათა და მამათა) დააარსა, შეიტანა იქ მთაწმინდური მონაზვნობის სული, რომლითაც გაიჟღინთა თვითონაც მამა იოსების გვერდით ყოფნისას.
მათ შეუერთდათ მამა არსენის ძმისშვილი და ნათლული მამა ხარლამპე...
ამრიგად, წმინდა ანას სკიტში განაგრძეს ძმებმა სულიერი მოღვაწეობა. ისინი სრულად ემორჩილებოდნენ მოძღვარს, მოკვეთილი ჰქონდათ საკუთარი ნება.
მამა არსენი საკუთარი გამოცდილებით ასწავლიდა ძმებს: "როცა დღისით მოშურნედ აღასრულებ მორჩილებას და იმავდროულად, შენი ბაგეები შეუჩერებლად იმეორებენ ლოცვას, შინაგანად გრძნობ ისეთ სიმშვიდესა და სიხარულს, რომ ყოველდღიური შრომა არაფრად მიგაჩნია. დღისით შეძენილი ამ სითბოთი განსაკუთრებული სიმსუბუქით აღასრულებ ღამისთევის ლოცვას, რომელიც სიმძიმედ კი არა, ზეიმად გექცევა. მაგრამ ხშირად უდებებით მოუკლებელი ლოცვა ბაგეებზე გვიწყდება, ღამისთევის ლოცვა კი ტანჯვად და სიმძიმედ გვექცევა, მაგრამ ზოგჯერ ყოველივე ეს ყოველგვარი მიზეზის გარეშეც შეგვემთხვევა. საკუთარი თავის მკაცრი განხილვით ვპოულობთ ჩვენს შეცდომებს, სინანულითა და თავმდაბლობით ვიტყვით აღსარებას და ადრინდელ მდგომარეობას ვუბრუნდებით, ხოლო თუ ჩვენ საბაბს არ მივცემთ, უნდა ვაღიაროთ, რომ უმძიმესი ღამისთევის ლოცვა ჩვენ საკუთარ საქმედ კი არ ითვლება, არამედ ღვთის წყალობად, რომელსაც იგი მაშინ მოგვაკლებს, როცა ამას ინებებს. როცა ასეთ გაკვეთილს მივიღებთ, იძულებულნი ვართ, მუდმივად ღვთის შიშით ვიცხოვროთ".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი