რუს წმინდანთაგან, ალბათ, ისე არავინ უყვარს საქართველოს, როგორც - სერაფიმე საროველი...
შესაძლოა, იმიტომ, რომ ისიც იმ იდუმალი მიწის მუშაკია, ღვთისმშობელმა თავის მეოთხე წილხვედრად, მეოთხე ბაღად რომ გამოირჩია.
გთავაზობთ ორ მცირე ეპიზოდს მისი ცხოვრებიდან:
* * *
მონასტრიდან ხუთი ვერსის დაშორებით, მდინარე საროვოს ნაპირას, უდაბურ ფიჭვნარში, შემაღლებულ ბორცვზე იდგა ერთოთახიანი სენაკი... სწორედ იქ დასახლდა მეუდაბნოე... მის ერთ კუთხეში - ღვთისმშობლის ხატი დააბრძანა, მეორეში - ღუმელი, იქვე მოათავსა ხის მორი, რომელიც მაგიდობასაც უწევდა და სკამობასაც, გარდა ამისა, ჰქონდა თიხის ჯამი ხმიადისათვის... ეს იყო მთელი მისი ქონება...
ნეტარმა აქაც 16 წელი გაატარა, სანამ უზენაეს სულიერებას არ ეზიარა.
...თექვსმეტი წელი სათქმელად ადვილია, მაგრამ რა ხდებოდა ამ დროის მანძილზე მის ღვთისმოყვარე, ძლიერ და მტკიცე სულში, მხოლოდ უფალმა უწყის.
უდაბნო - ტკბილი სამოთხეა, სადაც ღვთიური სიყვარულის სურნელოვანი ყვავილნიც ხარობენ, ხან ცეცხლისფრად რომ მოიქცევიან, ხან კი - თოვლისფრად, მათთან სიჩუმე და მშვიდობააო, - იმეორებდა ხოლმე მამა სერაფიმე ბასილი დიდის სიტყვებს და ამ ტკბილი უდაბნოთი განსცხრებოდა, მისი სული კი განუწყვეტელი შინაგანი ლოცვით ცხოვრობდა...
უმეტეს დროს ღვთისმსახურებას უძღვნიდა: - შუაღამიანის შემდგომ წმინდა პახომის წესს აღასრულებდა, შემდეგ - დილის ლოცვებს, ცისკარს და ასე საღამომდე. ხან კი ჩვეულ მსახურებას იესოს ლოცვას და მეტანიებს ჩაუნაცვლებდა, საღამოს ლოცვის მაგიერ კი ათას მეტანიას შეუდგებოდა და, რაც მთავარია, მისი გონება უფლის ხსოვნას არ განიშორებდა. არაერთხელ შესწრებიან წმინდანს განკვირვებულ მდგომარეობაში, - ხან, ბოსტანში მუშაობისას ხელიდან თოხი გავარდნია სულიწმინდით აღვსილს, ხან კი - მოაჩეხავდა ორ - სამ ნაჭერს და ცულს დაუშვებდა, ისევ ის ნეტარი მდგომარეობა წარიტაცებდა... ამ დროს ვინც უნდა შესწრებოდა, ცდილობდა, მისთვის ხელი არ შეეშალა და ელოდნენ, სანამ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა, ხოლო თუ ლოდინი არ შეეძლოთ, უჩუმრად ტოვებდნენ და ამ მადლიანი სანახაობით ისეთივე ნუგეშს იღებდნენ, როგორსაც - მასთან ურთიერთობით.
დარჩენილ დროს მამა სერაფიმე ფიზიკურად ირჯებოდა, რის გარეშეც მეუდაბნოის ცხოვრება წარმოუდგენელია: - ხან ბოსტანს უვლიდა, ხან - ხავსს აგროვებდა, შეშას ჩეხდა, ან მდინარის ნაპირს ამაგრებდა. ზურგზე სილითა და ქვებით სავსე ტომარამოკიდებული იარებოდა წმინდა სახარებითურთ, ხოლო როდესაც ეკითხებოდნენ: - ტომარა რაში გჭირდებათო, ეფრემ ასურის სიტყვით მიუგებდა: - ,,ჩემს მტანჯველს ვტანჯავო" (ე. ი. მეუდაბნოეთა მტერ ეშმაკს).
იგივე მიზნით ნეტარი დროდადრო სასტიკ ღვაწლს იტვირთებდა ხოლმე: - წელამდე შიშველი ჭაობის სიახლოვეს შრომობდა და სხეულს კოღოებს იმ ზომამდე აკბენინებდა, სახიდან სისხლიღა სდიოდა, სხეული უსივდებოდა, ულურჯდებოდა და ზედ სისხლი ახმებოდა, აბანოში არასოდეს დადიოდა, არც თბილ სამოსს ხმარობდა. თეთრი ტილოს ბალახონს, ნაბდის კამილავკს და ტყავის ხელთათმანს ატარებდა, ფეხზე - ხამლს, მკერდით კი - დედისეულ სპილენძის ჯვარს.
საზრდელს ძალზე მცირედს იხმევდა, იტყოდა ხოლმე, - ადამიანისთვის პური და წყალიც საკმარისია, წარღვნამდეც ასე იყოო.
ამგვარად ატარებდა კვირის ხუთ დღეს, შაბათს და დღესასწაულის წინა დღეებში სავანეში ბრუნდებოდა, აღსარებას აბარებდა, კვირას - ეზიარებოდა, მონასტერში საღამომდე რჩებოდა, რჩევისა და ნუგეშისათვის მისულ მონაზვნებსა და ერისკაცთ მიიღებდა, ხოლო ოდეს მოძმენი საღამოს მსახურებაზე მიდოდნენ, მთელი კვირის სამყოფ პურს აიღებდა და თავის საყვარელ უდაბნოს უბრუნდებოდა.
* * *
ღირსი მამა ადამიანებზე საოცარ, ხშირად კი - მომნუსხველ შთაბეჭდილებას ახდენდა. მისგან ზოგი აღფრთოვანებული ბრუნდებოდა, ზოგი - აქვითინებული, მაგრამ ყველა მათგანი - დაიმედებული, გამხნევებული და სიხარულით აღვსილი, თითქოს ბერი მათ არსებაში სიცოცხლის ნაპერწკალს აღვივებდა. ცეცხლოვანი სერაფიმე სხვათა სულებსაც აღანთებდა მადლმოსილი ცეცხლით. ოდენ სხვათა მონათხრობიდან შეგვიძლია, მივხვდეთ, თუ რაოდენი ძალა იმალებოდა და მოქმედებდა ,,გლახაკ" სერაფიმეში. ადამიანთა გამხნევების და მათთვის სიხარულის მინიჭების საოცარი უნარი ჰქონდა, ბერთან შეხვედრა დიდი ზეიმი იყო.
ის, რასაც წმინდანი ქადაგებდა, - სახარებისეულ მცნებათა აღსრულება, მეუღლის, შვილების, ახლობელთა სიყვარული და ერთგულება, პატიოსნება, სიწმინდე, მოწყალება... თითქოს ყოველი ჩვენთაგანისათვის არახალია, თუმცა, მათი აღსრულება საკმაოდ გვიჭირს, სერაფიმე საროველი კი ადამიანებს სიკეთის ქმნისთვის აღანთებდა... სწორედ ამაში მდგომარეობს სულიერ ადამიანთა ძალა ფარისეველთაგან განსხვავებით, რომელთა სიტყვა მკვდარი იყო...
ყველა დიდ დღესასწაულსა თუ წმინდანთა შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნების სერიაში "თვენი", რომელიც ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად 22 სექტემბრიდან გამოიცემა. ეს არის უნიკალური 36-ტომიანი სერია, რომელიც არის საქართველოში პირველი სრულყოფილი გამოცემა. მასში ყველა წმინდანის საერო და სასულიერო მოღვაწეობას ამომწურავად გაეცნობით.
"თვენი" მართლმადიდებელი ეკლესიის მატიანეა!
აქ მოყვანილი ფრაგმენტები "თვენის" პირველი წიგნიდან არის ამოღებული.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი