დაფარულთმცოდნელი. ბატონი დ.ქ. წარმოშობით კრეტელი იყო, მაგრამ გერმანიაში მუშაობდა. მან ათონზე თავისი ვაჟი ჩამოიყვანა და ათონიადაში (ყმაწვილთა სასულიერო სასწავლებელი) მოაწყო.
მერე კი, სულიერი მოძღვრის, გ.პ-ს რჩევით, წავიდა მამა პაისის სანახავად. საუბრის შემდეგ ბერმა მხარზე ხელი დაჰკრა და მკაცრად უთხრა: "ახლა, როცა კარიესს გაივლი, გერმანიაში დაურეკე ცოლს და დაამშვიდე, თორემ ბავშვზე ათასი სისულელე ილაპარაკეს და ააღელვეს. მე კიდევ აქედან დედაჩემს დავურეკავ (ღვთისმშობელს გულისხმობდა)". ბატონი დ. დაემორჩილა მოძღვარს. მეუღლე აფორიაქებული იყო - ნაცნობებს მისთვის უთქვამთ, ბავშვს მოტყუებით ბერად აღკვეცენო. ქალს მეუღლემ მამა პაისის დანაბარები გადასცა და დაამშვიდა. ეტყობა, ამაში მას მამა პაისის სატელეფონო ზარიც დაეხმარა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან. ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი, პროტოპრესვიტერი კონსტანტინე პაპადოპულოსი ჰყვებოდა: 1981 წლის ზაფხულში ხომალდით დაფნაში ჩავედით. ხელთ ჩემი ექვსი წლის ვაჟი მეჭირა. გემბანზე უცნობმა ერისკაცმა მითხრა, - დღეს ნუ წახვალთ მამა პაისისთან, ხვალ ეწვიეთო. გავოცდი, - საიდან იცის ჩემი გეგმები-მეთქი. ვკითხე კიდეც. მითხრა, - დღეს ვიყავი მამა პაისისთან, მან დაფნაში გამომგზავნა, რათა გემიდან ჩამოსული მღვდლისთვის, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირებოდა, ეს სიტყვები გადამეცაო. იმ დღეს მამა პაისის ვიღაც უნდა მოენახულებინა და იზრუნა, რომ ტყუილად არ გავრჯილიყავით.
ნაცნობ მონაზონს ბერმა უთხრა: - მთაწმინდიდან ვხედავ, მუდმივად კითხულობ წმინდა არსენის (კაპადუკიელის) ცხოვრებას. კარგად იქცევიო.
ერთხელ მამა პაისი ხელსაქმობდა. ვიღაცამ კუტიკარზე დარეკა. ბერმა სარკმლიდან გაიხედა. კართან ახალგაზრდა კაცი იდგა. ბერი არ გავიდა, მერე სამჯერ მივიდა სარკმელთან და ყურადღებით ათვალიერებდა მოსულს. რამდენჯერმე გაიმეორა: "წადი, ბიჭო, წადი, გზა მშვიდობისა" და იქვე მყოფ მონაზონს აუხსნა: - ეგ რომც მივიღო, არაფერი გამოვა, რადგან გული საღორედ გადააქციაო.
ერთხელ, როცა ბერი ჯვარიპატიოსნის კელიაში ცხოვრობდა, კარს ვიღაც მიადგა. ბერმა გაიხედა სარკმლიდან, შეათვალიერა მოსული და ჩაილაპარა: "ოლარი აცვია, მაგრამ მღვდელი არ არის". შემოუშვა. საუბარში სტუმარმა აღიარა, რომ ჯადოქარი იყო და პერანგის ქვეშ შიშველ ტანზე ოლარი ეცვა.
სხვა დროს მამა პაისიმ წინასწარ დაინახა, რომ მასთან ცნობისმოყვარეობის გამო მოდიოდნენ ყმაწვილები, რომელთაც სულიერი საკითხები არ აინტერესებდათ. დღე რომ ტყუილად არ დაეკარგა, ბერმა ჩანთაში ჩაიდო ფსალმუნი, დაკეტა კელია და ტყეში წავიდა. კარზე კი წარწერა გამოაკრა: "ზოოპარკი დაკეტილია, მაიმუნები შინ არ არიან". მაიმუნად ის თავის თავს თვლიდა, რადგან ცნობისმოყვარეობის საგანი გამხდარიყო ზოგიერთისთვის. ყმაწვილები ბერის წერილმა გონს მოიყვანა, მიახვედრა შეცდომას და ახლა უკვე მხოლოდ სულიერი სიკეთისათვის მოიხილავენ ხოლმე ათონს.
ათონიადელი მოწაფე ეწვია ბერს. მამა პაისიმ ჰკითხა: "რამდენი და-ძმა გყავს?" "რვა", - უპასუხა ბიჭმა. "ცდები, - შეეპასუხა ბერი, - ცხრა" - ბიჭმა არ იცოდა, რომ დედამისი ფეხმძიმედ იყო.
ქალაქ სერის ექიმი, ბატონი კ.დ. ჰყვებოდა: "პირველად 1991 წელს ვეწვიე პატივცემულ მამა პაისის. ფული მქონდა დაგროვილი საკუთარი ბინის შესაძენად. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი, ეს ფული გლახაკებს ხომ არ დავურიგო-მეთქი. მამა პაისისთვის რაიმეს ახსნაც ვერ მოვასწარი, ისე მკითხა: "ექიმო, ჩიტებს აქვთ ბუდე?" "დიახ", - ვუპასუხე დაუფიქრებლად. "მაშ, მე და შენ ერთმანეთს უკვე გავუგეთ". "როგორც მაკურთხებთ, მამაო", - მივუგე.
ერთი კაცი, რომელმაც სახელის გამხელა არ ინება, ჰყვებოდა: "გერმანიაში, რესტორანში ვმუშაობდი და დროდადრო ჩემს უფროსს ფულს ვპარავდი. მაგრამ სინდისი მაწუხებდა. მამა პაისის შესახებ შევიტყვე და ათონზე წავედი, რათა მისთვის ჩემს ვნებაზე მომეთხრო და რჩევა მეთხოვა.
"პანაღუდაში" მასთან უამრავი ხალხი დამხვდა. როგორც კი ბერმა შემამჩნია, განზე გამიყვანა, ხელისგულზე ჯვარი გამომსახა და მითხრა: "ამიერიდან ნუღარ გააკეთებ იმას, რასაც აქამდე აკეთებდი. წადი, მოძღვარს აღსარება უთხარი". შემძრა მისმა ნათქვამმა. აღსარება ვთქვი და ღვთის შეწევნით, მეტად აღარ მიქურდია.
ბატონი გ.პ-ს ნაამბობიდან: "ერთხელ სამი კონიცელი სტუდენტი მამა პაისის სალონიკში შევხვდით. ათონიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩამოსულიყო. მოგვეხვია. მერე მე მომიბრუნდა და მითხრა, - მამა პავლეს (მამაჩემს, მღვდელს) საფრთხე აღარ ემუქრება. ახლა კარგადააო. მისი ნათქვამი უცნაურად მეჩვენა - არ ვიცოდი, თუ მამა ცუდად იყო. იმ დღეებში არც მამა პაისი დაკავშირებია კონიცაში ვინმეს. დავურეკე ჩემს დას. თურმე იმ დღეს, როცა მამა პაისის შევხვდი, მამაჩემი სიკვდილის პირას მდგარა".
ერთხელ ნაცნობმა მამა პაისის საჭირო ნივთები და პროდუქტები მიუტანა. ბერმა უთხრა: - ესენი აქ რატომ მოათრიე? აჯობებდა, შენი მეზობელი ღარიბებისთვის დაგერიგებინაო. დღეს იქ ღარიბები უკვე აღარ არიანო, - უპასუხა კაცმა. თუ სკვნილს ავიღებ, მაშინ თქვენი ქალაქის ღარიბების სახელებსა და მისამართებს გეტყვიო, - ბრძანა ბერმა.
ერთხელ, დილაუთენია, მამა პაისი მიადგა ნაცნობ მღვდელმონაზონს და შეწუხებულმა ჰკითხა: - წუხელ რა დაგემართა? მთელი ღამე ჩემს თავს რაღაც უცნაური ხდებოდა. სიმძიმეს ვგრძნობდი, მერე კი შენ დაგინახე მეწვრილმანე ვაჭრის სახით და წინსაფარი გეკეთაო. მღვდელმონაზონმა გაიხსენა: წინა საღამოს ჩემთან სნეული მოვიდა და ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულება მთხოვა, ბოლოს, მადლობის ნიშნად, მაიძულებდა, რაღაც ნივთები და ცოტაოდენი ფული ამეღო. რომ არ სწყენოდა, გამოვართვიო. მამა პაისიმ ეს რომ მოისმინა, ხელმწიფებით უთხრა: "ახლავე წადი და ფული დაუბრუნე, ცოდვები რომ გეპატიოსო". მღვდელმონაზონი ორი დღე ეძებდა სნეულს. იპოვა, ფული დაუბრუნა, თვითონაც დამშვიდდა და გაახარა მამა პაისიც, რომელსაც არ სურდა, რომ მღვდლებს ფული სნეულებისა და გაჭირვებულებისგანაც აეღოთ.
ერთი კაცი ჰყვებოდა: "ერთხელ მამა პაისისთან ერთად მანქანით სუროტში მივდიოდი. მე საჭესთან ვიჯექი. უეცრად მითხრა, - სწრაფად უკან მოაბრუნე. ამ წუთებში ოჯახი იშლებაო. დავბრუნდით ქალაქში, შევედით ერთ სახლში: ცოლ-ქმარი საშინლად ეჩხუბებოდა ერთმანეთს და ნივთებს ინაწილებდა. მამა პაისი გაესაუბრა მათ და შეარიგა".
"მამა პაისისთან ჩემი ვაჟი მივიყვანე, - ჰყვებოდა მათე გ., - და ვუთხარი, - კონსტანტინე ალპინიზმს მისდევს და ექსტრემალური კლდეზე ცოცვით არის გატაცებული - ეს კი ძალზე სახიფათოა-მეთქი. "კონსტანტინე, - უთხრა ბერმა, - მაღალ მთებზე ასვლა შეიძლება - ღვთისკენ მიიწევ. კლდეზე კი ნუ იცოცებ, რადგან კლდეზე ცოცვით შენს ეგოიზმს აძლიერებო". შემდეგ ბევრი მაგალითი მოუთხრო არმიული ცხოვრებიდან. როცა მოვდიოდით, კონსტანტინეს თავზე ეამბორა და უთხრა: - კლდეზე ნუ აცოცდები. მაგრამ თუ მაინც ახვალ, მე შენთვის ვილოცებო. ბერის უკანასკნელი სიტყვები კონსტანტინემ სათავისოდ გამოიყენა და ჩუმად დაცოცავდა კლდეებზე.
სექტემბერში კვლავ მივედი მამა პაისისთან. ბევრი ხალხი ჰყავდა. დამინახა და მითხრა: "დამიცადე, ვიდრე ყველა არ წავა, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა". როცა ყველა წავიდა, მითხრა: "კონსტანტინე კლდეზე ახოხდა და ჩამოვარდა. კლდის თავიდან ძირამდე ოცი მეტრი იყო, დედა ღვთისამ მკლავებში ჩაიხუტა და დაიფარა. მე ამას ჩემი თვალით ვხედავდი".
კარიესიდან ათენში დავურეკე ჩემს ვაჟს და ვკითხე: კოსტას, კლდიდან ჩამოვარდი-მეთქი? საიდან იცი, - გაოცდა და დასძინა, - მამა პაისისთან ხარო? დიახ-მეთქი. "მადლობა გადაუხადე და უთხარი, რომ უახლოეს დღეებში გავყიდი კლდეზე ცოცვის მოწყობილობას და მეტად აღარ ავალ კლდეზე". ასეც მოხდა.
მადლი კურნებისა. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი კურნების მადლმოსილ ნიჭს სიყვარულის შედეგად თვლის. წერს: "კაცი, რომელმაც მოიპოვა ბუნებრივი კაცთმოყვარეობა, როცა თვითკმაყოფილებას სრულიად სძლევს, კურნების მადლმოსილ ნიჭს მიიღებს".
ასეთი მადლმოსილი ნიჭი მიიღო მამა პაისიმაც. მან მრავალი უკურნებელი სენით დაავადებული განკურნა, განხსნა მრავალი ქალის უნაყოფობაც.
წინასწარ იცოდა მასთან მისულის სნეულების შესახებ და ისიც, რით დამთავრდებოდა. თუ ავადმყოფში რწმენას ხედავდა და ხვდებოდა, რომ განკურნება მას სულიერად არ ავნებდა, ეტყოდა: "არაფერი გჭირს, ჯანმრთელი ხარ" - და ავადმყოფი განკურნებული მიდიოდა. ზოგჯერ სნეულებს წმინდა ნაწილებით ჯვარს გადასახავდა და ღვთისმშობლის ხატის კანდელის ზეთს სცხებდა.
ჰყვებოდა: "გუშინ აქ ცხრა წლის სრულიად ბრმა ბიჭი მოიყვანეს. ვკითხე: - რა გინდა, ქრისტემ რომ მოგცეს-მეთქი. მინდა კარგი ბიჭი გავხდეო. და ლოცვაც ვერ მოვასწარი, რომ თვალი აეხილა". ბერმა ეს ამბავი სანუგეშოდ ერთ ბრმასაც უამბო, მაგრამ თავისი სულიერი "წვლილი" ბავშვის განკურნებაში დამალა. ასევე მალავდა ხოლმე სხვა შემთხვევებშიც. ამბობდა: - მას არაფერი სჭირდა და გამოჯანმრთელდაო.
ბატონი პ.ი. სასოწარკვეთილი იყო - მისი ახალშობილი ვაჟი ძლივს სუნთქავდა, ექიმები კარგს არაფერს ჰპირდებოდნენ. ერთმა ნაცნობმა ურჩია, მამა პაისის სთხოვე დახმარებაო. შეშინებული და იმავე დროს დაიმედებული მივიდა "პანაღუდაში". დაინახა, ავადმყოფი მამა პაისი მავთულის ღობეს დაყრდნობოდა და ელოდებოდა. დაინახა და დაუძახა: "ყმაწვილო, ახლა შენი მიღება არ შემიძლია, თავს ცუდად ვგრძნობ. წადი საავადმყოფოში და შვილი წამოიყვანე. მას არაფერი სჭირს".
კაცი დაიბნა, მადლობის გადახდაც კი დაავიწყდა, კარიესში გავარდა და მეუღლეს დაურეკა. მანაც დაუმოწმა, - ყრმა სასწაულებრივად გამოკეთდაო. ეს 1993 წელს მოხდა. მას მერე პატარა ათანასე თითქმის არასოდეს გამხდარა ავად.
სალონიკის მცხოვრები ათონიადის კურსდამთავრებული ჰყვებოდა: "ათონიადის ერთ-ერთი მოწაფე 1989 წელს კიბოთი დაავადდა. სიმსივნე თვალის შიგნითა მხარეს გაუჩნდა. შაბათ დღეს მან მამასთან ერთად ბერი პაისი მოინახულა. ატირებული მამა ბერს ლოცვას სთხოვდა და დაჟინებით ეკითხებოდა, ბავშვი თუ გამოჯანმრთელდებაო.
ბერმა დაამშვიდა: "ნუ ინერვიულებთ, საშიში არაფერი სჭირსო".
ამან ისინი ცოტათი დაამშვიდა. ოთხშაბათს ბიჭი საოპერაციოდ დააწვინეს. ექიმებმა გამოიკვლიეს. სიმსივნის კვალიც არ დარჩენილიყო.
მამა-შვილი მიხვდა, ვინ იყო "დამნაშავე" ამ განკურნებაში. მეორე შაბათს მთაწმინდაზე ავიდნენ გახარებულნი და მამა პაისის მადლობა გადაუხადეს".
კონიცელი იოანე კორცინოღლუ მოგვითხრობს: "1991 წელს ჩემს თანამემამულე პოლიკარპესთან ერთად "პანაღუდაში" მივედი. ბერს ბევრი ხალხი ჰყავდა, რიგში ვიდექით და ველოდით. ერთი კაცი შევამჩნიე, განმარტოებით იჯდა და სიყვარულით გულშემუსვრილი უცქერდა მამა პაისის. ვკითხე: - რაიმე განსაკუთრებული შეგემთხვათ-მეთქი? აღელვებულმა მომითხრო, - ჩემი ქალიშვილი დაბადებიდან მუნჯი იყო. შვიდი წლისამ კი მამა პაისის დახმარებით უეცრად ენა ამოიდგა. მანამდე საზღვარგარეთაც კი მყავდა, ბევრი ფული დავხარჯე, მაგრამ ბავშვს ექიმებმა ვერაფერი უშველესო.
როცა მამა პაისის ვკითხეთ, დაგვიმოწმა კაცის ნათქვამი. იგი მთელი წელიწადი ლოცულობდა გოგონასთვის. მისი ლოცვები მარტო გოგონას კი არა, მშობლებსაც დაეხმარა. ღვთისმშობელმა გაუმხილა ბერს, რომ გოგონა ალაპარაკდებოდა, მაგრამ მანამდე მამა უნდა მოემზადებინა, რათა არ შეშინებოდა. დიდ პარასკევს გოგონა მოეხვია მამას და უეცრად უთხრა: "დამდეგ ქრისტეს აღდგომას გილოცავ, მამიკო!"