წმინდათა გამოცხადება. მიწიერ ცხოვრებაში მამა პაისის ბევრი წმინდანი უხილავს, ნახა მფარველი ანგელოზიც, მრავალგზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
და თვით უფალი იესო ქრისტე ხან ცხადში, ხან ღამით, ხანაც დღისით. ისინი ესაუბრებოდნენ მას, ეამბორებოდნენ და მისგანაც საპასუხო ამბორს იღებდნენ, რაიმეს ჰპირდებოდნენ, ზეციურ საიდუმლოებებს უმხელდნენ. ერთ კაცს მამა პაისიმ უთხრა: "სიყრმიდანვე ბევრი წმინდანის ცხოვრება წამიკითხავს, ახლა ისე აღარ მეხმარება კითხვა, რადგან მათ უკვე აღარ ვკითხულობ, არამედ ვცხოვრობ". ანუ ისეთი სულიერი საკვების მიღება, როგორიც "ცხოვრებათა" კითხვაა, ბერს ნაკლებად სჭირდებოდა, რადგან უფრო აღმატებულს განიცდიდა. მამა პაისი ასეთ საგნებზე მხოლოდ მაშინ ჰყვებოდა, როცა იცოდა, რომ ეს მსმენელს სულიერად წაადგებოდა. ჩვეულებრივ კი იმ დღეს, როცა რაიმე ხილვა ჰქონდა, ამ მოვლენას "დაშიფრულად" აღნიშნავდა ხოლმე საღვთისმსახურო წიგნებზე. ჯერ კიდევ ერისკაცობაში, ლოცვის დროს, ხშირად ყოფილა აღტაცებული და სულიერად ჭვრეტდა საღმრთო საგნებს. მან ხილვა ასე განმარტა: "კაცი ხილვას სულიერი თვალებით ხედავს. ზოგჯერ, როცა ხილვები მქონდა, თვალებს დავხუჭავდი და განგრძობილად კვლავ ვჭვრეტდი საღმრთო საგნებს - სულიერი თვალებით ვხედავდი. როცა კაცს ვინმეს თანდასწრებით ეცხადება წმინდანი, მაშინ ამ მესამე ადამიანს ზოგჯერ შეუძლია წმინდანის დანახვა, ან ხმა მოესმის, ხშირად კი არც ესმის და ვერც ხედავს წმინდანს. საერთო კანონი აქ არ არსებობს".
გთავაზობთ რამდენიმე ასეთ გამოცხადებას: "როცა მამა პაისი კონიცაში მკურნალობდა, იხილა სამი მღვდელმთავარი. ეს გვითხრა ქალბატონმა ეკატერინემ, ვის სახლშიც ცხოვრობდა მამა პაისი ერში ყოფნისას. "ერთხელ, ღამით, კელიაში ჩაკეტილი მწუხრის ლოცვებს ვკითხულობდი. დილით მამა პაისი მეუბნება: "მაპატიე, დაო, რომ წუხელ დაძინების საშუალება არ მოგეცი. ჩემთან სამი მღვდელმთავარი (წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ბასილი დიდი და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი) მოვიდა და მათთან ვსაუბრობდი. ვეხვეწებოდი, ხმადაბლა ვისაუბროთ, თორემ ჩემთან მცხოვრებთ გავაღვიძებთ-მეთქი. თქვენი შეწუხება არ მინდოდაო".
მამა პაისის უნახავს წმინდა დიდმოწამე ეკატერინე: "ის რომ დავინახე, მაშინვე თაყვანი ვეცი და მუხლებში ჩავუვარდი. წმინდა დიდმოწამე ეკატერინე ტანმაღალია".
მამა პაისის წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც უნახავს. როგორ გამოიყურებაო, ჰკითხეს. ბერმა უპასუხა: "აბა, რა ვთქვა... ბნელოდა, მაგრამ მე მას ვხედავდი. ასეთი მოვლენა ხომ ღვთის საიდუმლოა. ხშირად ხატზე წმინდა იოანე ღვთისმეტყველს შუბლზე კოპს უხატავენ, მაგრამ სინამდვილეში ის ასეთი დიდი არ არის".
ხელთუქმნელი ნათლის წყარო. მამა პაისი ხშირად ჭვრეტდა ხელთუქმნელ ნათელს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები ხედავდნენ, რომ ის თვითონ ანათებდა.
წერილობით მოწმობს ამაზე ათონელი მღვდელმონაზონი მაქსიმე (ფსილოპულოსი): "მაცხოვრის ფერისცვალების დღე იდგა, 1977 წლის 6 აგვისტო. მამა პაისი კაფსალის კელიაში მოვიდა, სადაც მე ვცხოვრობდი და სტუმრად ორი ღვთისმეტყველების მასწავლებელი მყავდა. ღამისთევის ლოცვაზე მამა პაისი გულის შემმუსვრელად გალობდა. ნატრაპეზევს მამა პაისი თავის კელიაში წასასვლელად ემზადებოდა. მზე ჯერ არ ამოსულიყო. დამშვიდობებისას დავინახე, სახე უბრწყინავდა - თეთრ სინათლეს აფრქვევდა. ეს ნათელი თვალს არ გჭრიდა, სქელ ნისლში გამჭოლი ავტომანქანების ფარების შუქს ჰგავდა. ვიფიქრე, ეს ნათელი ალბათ ნიჭია, რომელიც ღმერთმა მას ფერისცვალების დღესასწაულის გამო მოუვლინა ზეციდან-მეთქი. ჩემს სტუმრებს ვთხოვე, მამა პაისი წინასწარმეტყველ ელიას კელიამდე მიეცილებინათ. უკან მობრუნებულებმა მკითხეს, - ეს რა ნათელი ადგა მამა პაისის სახეზეო. ბერი სხვანაირი ნათლით ბრწყინავდა, როგორც მზე და ვარსკვლავები... მამა პაისისთვის არაფერი გვითქვამს. ისე წავიდა იმქვეყნად, ვერც კი შეიტყო, რომ ჩვენ, უღირსებმა, ვიხილეთ იგი ფერისცვალების ნათელში".
ქალაქ ქსანთის მიტროპოლიტი ჰყვებოდა: "ერთ ღამეს მამა პაისისთან დავრჩი "პანაღუდაში". კელიის საყდარში ცისკარი ვილოცეთ და ლიტურგია დავიწყეთ. მე, როგორც მღვდელი, ვწირავდი, მამა პაისი კი კლიროსზე გალობდა. არ შემიძლია სრულად აღვწერო ის წყალობა ღვთისა, რომელსაც ვგრძნობდი. ლიტურგია მთავრდებოდა. დადგა საღმრთო ზიარების დროც. ბარძიმით ხელში გამოვედი. მამა პაისიმ მუხლი მოიდრიკა, სკუფია მოიხადა. თმა მხრებზე დაეფინა. გავოცდი: სახეზე აშკარა ნიშანი ჰქონდა ღვთიური ცვლილებისა. სახე გაუბრწყინდა და კაშკაშა სინათლეს აფრქვევდა. ღვთიური ციალი ისეთი უჩვეულო და ტკბილი იყო, რომ ლაპარაკი აღარ მინდოდა. გულში დავიმარხე ნათელმოფენილი სახე ბერისა, რომელიც საღმრთო ზიარებისთვის ემზადებოდა".
ერთხელ მამა პაისიმ თქვა: "ბევრი ვიცი, ვისაც შეუძლია საღვთო ზიარებისას ნათელი აფრქვიოს, მაგრამ ღმერთი არ უშვებს ამას, რათა სხვებს არ შეშურდეთ". ვინ იცის, ამ "ბევრში" საკუთარ თავსაც გულისხმობდა.
სასწაულები. მამა პაისი ხშირად ტოვებდა თავის საყვარელ ათონს, რათა ერში ქრისტიანებს დახმარებოდა. ერში გასვლისას მრავალი სასწაული მომხდარა.
ბერი ჰყვებოდა: 1976 წელს სუროტაში ჩავედი და დებს ვკითხე, წყალი თუ გაქვთ-მეთქი. დიდება ღმერთს, გვაქვსო. "კარგია, რომ გაქვთ, მაგრამ ხალხს თუ ჰკითხეთ, აქვთ?" იმ წელს საშინელი გვალვა იყო. ვუთხარი, - მოდი, ღამისთევის ლოცვა ჩავატაროთ და ვილოცოთ, რომ წვიმა მოვიდეს-მეთქი. მართლაც გაწვიმდა, ნათესები გადარჩა. მიწათმოქმედებმა გაიხარეს იმ კურთხევით, ღმერთმა მათზე რომ მოიღო. თურმე იმ დღეს სალონიკიდან თესალიამდე იწვიმა.
მამა პაისივე ჰყვებოდა: "ერთხელ კიბოთი სნეულ ქალს ჯვარი გადავსახე ღირსი არსენ კაპადუკიელის წმინდა ნაწილებით, რამდენიმე დღის შემდეგ კი მისი წერილი მივიღე, - მმადლობდა კურნებისათვის და მთხოვდა მიმეწერა იმ წმინდანის სახელი, რომლის ნაწილითაც ვაკურთხე".
ერთი ღვთისმოშიში სალონიკელი ქალბატონი კიბოთი დასნეულდა... მეტასტაზები ძვალზე გამოჩნდა. ქალი სუროტაში ამოვიდა, კურთხევა აიღო და მოძღვარს შიშით ჰკითხა: "მამაო, გამოვჯანმრთელდები?" არაო, - უპასუხა მამა პაისიმ. ქალი ატირდა. მამა პაისიმ ის ცალკე გაიყვანა და დიდხანს ესაუბრა, დაამშვიდა და სიკვდილისთვის მოამზადა. ქალი მისგან დამშვიდებული წავიდა. იცოდა, რომ მალე უნდა წასულიყო ამ ცხოვრებიდან, თუმცა სნეულების, მაგრამ ნეტარი გზით. ასეც მოხდა.
"1992 წლის ნოემბერში, - ჰყვება ქალბატონი მ.ზ., - ჩემმა ქმარმა უშედეგო ოპერაცია გადაიტანა. იმავე წლის ივნისში ჰიპოფიზის ადენომის გამო ოპერაცია გაუკეთეს. მხედველობა მაინც არ დაუბრუნდა. კაცი ძილად იყო მივარდნილი და ღრმა დეპრესია სჭირდა. ექიმმა მისი საავადმყოფოში დაწვენა გვირჩია. მამა პაისისთან მივედით სუროტაში დიდი შიშითა და კრძალვით. დაბალ სკამზე იჯდა, ჩვენს დანახვაზე წამოდგა. ხელზე ვეამბორეთ და შევკადრეთ: "მამაო, მე და ჩემს ქმარს დიდად შერყეული გვაქვს ჯანმრთელობა და თქვენი დახმარება გვჭირდება. გთხოვთ დაგვეხმაროთ. მე ერთი წლის წინ გამიკეთეს მკერდის ოპერაცია..." "მერე რა გითხრეს, კიბოაო?" - შემაწყვეტინა. "კიბო როგორ არ იქნებოდა, როცა მათ ქიმიოთერაპია ჩამიტარეს". "არა, ასე არ არის! ილაპარაკონ, რაც უნდათ!" - მითხრა ხმამაღლა, სრულიად დარწმუნებულმა. ეს სიტყვები არ დამავიწყდება. მათ მე ძალა მომცეს და ახლაც მაძლიერებენ. "ჩემს ქმარს თავის ტვინის სამი ოპერაცია ჩაუტარეს და ახლაც იტანჯება". "ჰოო, დიდი უბედურება სულაც არ არის". მან ანთებული კანდელიდან თითით ზეთი ამოიღო, ჩემს ქმარს შუბლზე სცხო. სამთხვევად ჯვარი მიაგება და ურჩია, ზიარებულიყო, თან ჩემზე უთხრა, - ამ უცნაურ ქალს ყურადღებას ნუ მიაქცევ, მას გაზვიადება უყვარსო. "მამაო, - განვაგრძე სათხოვარი, - ერთი მეგობარი გვყავს, რომელსაც ლონდონში წასვლა უნდა ორგანოების გადასანერგად. ის ძალზე იტანჯება". "რა ჰქვია?" "სტავროსი", - ვუპასუხე. მეტი მასზე არაფერი მითქვამს.
დაგვამახსოვრდა ბერის სახე, როცა ქმრის პრობლემებზე ვესაუბრებოდი, სახე სიხარულით უბრწყინავდა, მხიარულად, თითქოს სასიამოვნო საგნებზე გვესაუბრებოდა, მაგრამ როგორც კი ჩვენი მეგობრის სახელი ვახსენე, სახე შეეცვალა, რაც ჩემმა ქმარმაც შეამჩნია. ეს ყელაფერი ერთ სულიერ ადამიანს მოვუყევით, რომელიც იცნობდა მამა პაისის. გვითხრა, თქვენ გამოკეთდებით, თქვენი მეგობარი კი ვერ გადარჩებაო. მართლაც, ორი თვის შემდეგ ის გარდაიცვალა. ჩვენ კი მამა პაისის წყალობით ჯანმრთელად ვართ".
გარდამოცემის დამცველი. მამა პაისის ძალიან უყვარდა საეკლესიო გარდამოცემები და წმინდა მამათა დადგენილებანი. არ იღებდა და ეწინააღმდეგებოდა მოდერნისტულ ტენდენციებს - იქნებოდა ეს მარხვის შემცირება თუ ლიტურგიკული ტექსტების გადმოთანამედროვება და სხვა. მართლმადიდებლური გარდამოცემისა და მთაწმინდური მონაზვნური ცხოვრების გარდამოცემის დაცვა იყო საყვარელი სასაუბრო თემა მამა პაისისთვის. იგი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბერი, ეძებდა მოღვაწე მამებს, რომლებიც სულიერ სიმაღლეზე იდგნენ და გამოხატავდნენ მონაზვნურ გარდამოცემას. მათგან რასაც იგებდა, ცდილობდა, საკუთარი ცხოვრებით გამოეცადა. საუბრებისას ხშირად ჰყვებოდა, თუ როგორ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ძველი მონაზვნები და როგორ ცხოვრობენ ახლანდელნი. ამბობდა: "ჩვენ უნდა შევადაროთ თავი წმინდანებს, რათა ვნახოთ, განვაგრძობთ თუ არა გარდამოცემას და არ შევედაროთ რომელიმე მეზობელ მონაზონს, რომელთან შედარებით უკეთესი მტვირთველნი ვართ გარდამოცემისა. მაგალითად, შენ გყავს ჯორი და ამბობ, მე უკეთესად გამოვხატავ მონაზვნურ გრადაციას, ვიდრე ის ბერი, რომელსაც მანქანა ჰყავსო. წმინდანებს არც მანქანა ჰყავდათ და არც ჯორი - საკუთარი ზურგით დაჰქონდათ ტვირთი, ასე იუძლურებდნენ სხეულს და იღვწოდნენ სათნოებებს".
"ჩვენ მოვალენი ვართ, შემოვინახოთ გარდამოცემა, - ამბობდა ბერი, - უბრალოება და ასკეზა, რათა რაიმე დავუტოვოთ ჩვენს მერე მოსულთ".
მონაზვნობა ხომ უმთავრესად გარდამოცემაა. ახალგაზრდა მონაზონი მოძღვრისაგან სწავლობს ცხოვრების წესს და იმ მოღვაწეობას, მისმა სულიერმა მოძღვარმა წინა მამათაგან რომ ისწავლა. მამა პაისი ურჩევდა მონაზვნობის მსურველ ახალგაზრდებს, წასულიყვნენ მონასტერში და მონაზვნური ცხოვრების პრაქტიკულად მცოდნე ბერს დამორჩილებოდნენ. ამბობდა: "შენ თვითონ ვერაფერს ისწავლი. მაგალითად, ეს კნუტები: ისინი ჭკვიანები არიან, რადგან დედის გვერდით გაიზარდნენ და მისგან ყველაფერი ისწავლეს. ეს საცოდავი კნუტი კი ობოლია. საბრალოს, არაფრის გაკეთება არ შეუძლია". ასევე ურჩევდა, მოენახულებინათ მოხუცი ათონელი მამები, ესაუბრათ მათთან სულიერ თემებზე და ჩაეწერათ მოსმენილი. ძალზე ჭკუის სასწავლებელი იყო ხილვა, როცა მამა პაისი სხვა მოხუცებულ მოსაგრეებს ეკითხებოდა, როგორ ასრულებდნენ კანონებს, როგორ იღვწოდნენ. მხოლოდ იმიტომ ეკითხებოდა, რომ აქედან სულიერი სიკეთე მიეღო. საუბრის შემდეგ საყვედურობდა საკუთარ თავს, რომ მათთან შედარებით ნაკლებად იღვწოდა - სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით იყო. მამა პაისი წინააღმდეგი იყო მონაზვნობაში ერისკაცული სულის შესვლისა. ერთხელ ერთ კელიაში ბევრი ერისკაცული ნივთი ნახა და პატრონს ჰკითხა, - რატომ გაქვსო. მაჩუქესო, - უთხრა მან. კაბა რომ ეჩუქებინათ, ანაფორის ნაცვლად ხომ არ ჩაიცვამდიო, - უსაყვედურა. მამა პაისი ურჩევდა მონაზვნებს: "სოფელმა უნდა მოგვბაძოს ჩვენ სულიერი განვითარებით, ჩვენ კი არ უნდა მივბაძოთ მას ამსოფლიური განვითარებით.
თუ მონაზონი სიტკბოებას ვერ პოვებს სულიერ საგნებში, უნუგეშოდ რჩება. შემდეგ მას ერისკაცული საგნები მოუნდება, მაგრამ რადგანაც ისეთი დონით ვერ ტკბება, როგორითაც ამა სოფლის მკვიდრნი, ეს ტანჯავს. ერისკაცული საგნები და სული დააცარიელებს მთაწმინდას, როგორც ეს დაემართათ ეგვიპტელ მონაზვნებს. დღეს არქეოლოგებმა თებაიდაში იმპერატორ ზენონის დროინდელი სამონაზვნო კელიები გათხარეს. ისინი გამშვენებული იყო ნადირობის სცენის ბარელიეფით და სხვა ამგვარით. როცა დაიკარგა უბრალოება და მონაზვნებმა ასეთ სისულელეებს მოჰკიდეს ხელი, ეგვიპტურ მონაზვნობასაც აღსასრული დაუდგა".