შესმენილი ლოცვა-ვედრება. 1981 წელს მამა პაისი სულიერმა შვილმა, მთაწმინდელმა ბერმა მოინახულა და ღამე მასთან გაათია. დილით მამა პაისიმ თქვა, რომ ღამით გრძნობდა, ათონის ერთ-ერთი მონასტრის ძმობა როგორ ევედრებოდა რაღაცას.
ამბობდა, ამ მონასტერს დიდი განსაცდელი ელისო. მალე მთელ ათონზე ცნობილი გახდა, რა შეემთხვათ სწორედ იმ ღამეს ამ მონასტრის ბერებს. მართლაც, შემდგომში ამ მონასტრის ბერებმა თქვეს, რომ იმ ღამეს თავიანთ ლოცვებში ისინი შეწევნას ევედრებოდნენ მამა პაისის. სალონიკელი სახელმწიფო მოხელე, ვინმე ხარილაოსი მოწმობდა: "ერთხელ მამა პაისიმ ერთ-ერთ მომლოცველს უთხრა: "როცა შენს ქალაქში დაბრუნდები, ამა და ამ მისამართზე მიდი და კურთხევა და ხატები გადაეცი კაცს, რომელსაც იქ მაღაზია აქვსო". კაცი ძალზე დააბნია ამანათმა - ის პირადად არ იცნობდა ბერს. თურმე კაცი ყოველ ღამით სკვნილზე ევედრებოდა მამა პაისის. ბერი შორიდან გრძნობდა ამ ლოცვას და დაამტკიცა კიდეც ეს გაგზავნილი ხატებით.
ერთი ქალბატონი მოჰყვა: "1993 წელს მე და ჩემი ქმარი სუროტის მონასტერში წავედით ღირსი არსენ კაპადუკიელის დღესასწაულზე. მამა პაისისთან შეხვედრა გვსურდა. სამი ათას კაცამდე იყო შეკრებილი, დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე მოძღვართან შეხვედრის მსურველთა რიგში ვიდექით. ჩემს ქმარს ოფლმა დაასხა, ფერი დაკარგა. შემეშინდა - გულის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. მისთვის საჭმელი და წამალი მქონდა წამოღებული. ლოცვა დავიწყე.
უეცრად მამა პაისის ქოხიდან მონაზონი გამოვიდა და იკითხა: "რომელია აქ ბატონი არისტადისი, რომელსაც სნეული გული აქვს? ბატონო არისტადის, ჩალისფერქურთუკიანო, მოძღვარი გეძახით". მივხვდი, რომ მამა პაისიმ შეისმინა ჩემი ვედრება და ურიგოდ შევედით...
იცოდა გარდაცვლილთა სულების მდგომარეობა. მამა პაისიმ ღვთის მადლით იცოდა გარდაცვლილ ქრისტიანთა სულების მდგომარეობა. ჰყვებოდა: "მსურდა შემეტყო იმ მონაზვნის სულის მდგომარეობა, რომელიც პირველი დაიკრძალა სუროტში, დედათა მონასტრის სასაფლაოზე. აი, ვიხილე, რომ ამ მონაზვნის სული ხელებში ჩამიწვინეს (მამა პაისიმ ამ დროს ხელები ისე შეკრა, თითქოს ჩვილი უპყრიაო) და მითხრეს: "ეს არის სული მაგდალინასი". ეს მონაზონი კარგ სულიერ მდგომარეობაში იყო. მან მიაღწია საზომს ჩემი ერთი ნაცნობი მოსაგრისა, რომელმაც ასკეტურ ღვაწლში მრავალი წელი გაატარა".
სხვა დროს კი მამა პაისიმ დაინახა მონაზონ ქსენიას სული, რომელიც მსგავსი იყო ყრმისა და ზეცად აჰყავდათ. ეს კურთხეული მონაზონი ძალზე თავმდაბალი და სათნოებებით შემკული გახლდათ.
ქალაქ სალონიკის პოლიციის ოფიცერი ანგელოს ხოროზიდასი ჰყვებოდა: "1986 წლის ივნისში უშიშროების სამსახურის საქმეზე ვიყავი გამოსული და მანქანაში ვიჯექი სალონიკის ცენტრალური საავადმყოფოს სიახლოვეს. უცნობებმა "მოლოტოვის ბომბი" შემომიგდეს და მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში მიმიყვანეს. ექიმებმა უკვე ვეღარაფრით შეძლეს დახმარება და ჩემს ახლობლებს აუწყეს, მალე მოკვდებაო.
მამა პაისიმ შეიტყო ჩემი უბედურების შესახებ და თქვა: - ძალზე გაიტანჯება, მაგრამ ცოცხალი დარჩებაო. გავიდა რამდენიმე დღე. გრძნობა თანდათან მიბრუნდებოდა. მაგრამ მალე ვიგრძენი, რომ ვკვდებოდი და მედიცინის დას ვუჩურჩულე: - დაო, ვკვდები-მეთქი. უეცრად საკუთარი თავი ზევით აღმავალი ვიხილე. მოვწყდი მიწას და ვარსკვლავებს და გალაქტიკებს შორის მივფრინავდი. ამგვარად ვხედავდი, იმ წუთს რაც ჩემს თავს ხდებოდა.
უფრო და უფრო მაღლა მივდიოდი სინათლისაკენ, რომელიც მსგავსი იყო დიდი სანთლისა. უეცრად შევჩერდი და უკან დავიწყე წამოსვლა, დავუბრუნდი მიწას. საავადმყოფოში საოპერაციო მაგიდაზე გამოვფხიზლდი - იმ წუთს გამიკეთეს ტრაქეოტომია. ექიმები თავს მადგნენ.
ხუთი თვის შემდეგ მამა პაისის შევხვდი სუროტში. იგი მომეხვია და მეამბორა. მოყოლა დავიწყე, თუ როგორ ვკვდებოდი. მან შემაწყვეტინა: "კურთხეულო სულო, ჩვენ ხომ სხვა ცხოვრებაში მივფინავდით და ერთადვე დავბრუნდით. მეც შენთან ერთად ვიყავი. ნუთუ ვერ მხედავდი?"
მაშინ მივხვდი, თუ რა იყო ის სინათლე, ჩემს გვერდით რომ ვხედავდი".
მამა პაისის დაფარულთმცოდნეობა. მამა პაისი ღვთის მადლით იგებდა ხოლმე სტუმართა მოსვლის დროს და მათ სულიერ მდგომარეობას. მისთვის ცნობილი იყო მათი სახელები, წარმოშობა, საწუხარი. იცოდა მათი წარსული და მომავალი. ჰყვებოდა: "როცა სპარსეთის ყურეში ომი დაიწყო, ძილში ტკივილი ვიგრძენი. მესმოდა ქვემეხების გრუხუნი, ბომბების აფეთქება, თვითმფრინავების გუგუნი. გამომეღვიძა. მივხვდი, რომ ომი დაიწყო და დიდი ბოროტება მოხდა. მოვიდა ყუთლუმუშელი ბერი და მითხრა, - ომი დაიწყოო. ვუპასუხე, - ორი საათის წინ დაიწყო-მეთქი".
მამა პაისივე ჰყვებოდა: "ჩემთან მოვიდა შუახნის კაცი, რომელსაც საშინელი თავის ტკივილი ტანჯავდა, ექიმები ვერაფერს შველოდნენ. შორიდან თვალი მოვკარი თუ არა, მივხვდი, რომ ეშმაკს ჰყავდა შეპყრობილი. ვუთხარი: "ეს იმიტომ მოხდა, რომ ერთი ქალი მოატყუე, მან კი ჯადო გაგიკეთა. ასევე ნამუსი ახადე სხვა გოგონასაც. წადი ამ ქალებთან და შენდობა სთხოვე. შემდეგ აღსარება თქვი და სთხოვე მღვდელს, შეფუცვის ლოცვები წაგიკითხოს, ამის მერე გამოჯანმრთელდები".
მამა პაისის დაფარულთმცოდნეობას წერილობით მოწმობს მთაწმინდელი ბერი, მამა გ-ი. "1992 წელი რთული იყო ჩემთვის. მაშინ ჯერ ერისკაცი ვიყავი და დიდი ვალი მქონდა - 300000 დრაქმა. ბანკში სესხის აღება მინდოდა, მაგრამ იქ მამაჩემის ხელწერილი მომთხოვეს. მამას კი ხელწერილის მოცემა არ სურდა. საშინლად გავბრაზდი. გადავწყვიტე, მამა პაისისთან წავსულიყავი რჩევისთვის.
ბერმა სახელით მომმართა, არც კი დაუცადა ჩემს ახსნას, მითხრა: - მამაშენმა ხელწერილი მოგცა და სესხიც აიღო კომერციულ ბანკშიო. მამაო, ეს საიდან იცით-მეთქი, - ვკითხე. რახან არ გჯერა, წადი კარიესში, დაურეკე მამაშენს და დარწმუნდებიო. მართლაც დავურეკე მამას. მას ერთი საათის წინ ბანკში სესხი აეღო. მაშინვე დავბრუნდი მამა პაისისთან, მადლობა გადავუხადე სიხარულისა და წყალობისათვის. იგი ლუქუმით გამიმასპინძლდა და წამოვედი".
"ერთხელ მამა პაისის შევჩივლე, - ჰყვებოდა ბატონი ევანგელოსი, - სამუშაოზე მოწყობა მინდა-მეთქი. მე ექიმი ვარ და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სისტემაში მუშაობის დაწყება მინდოდა. "მამაო, - ვუთხარი, - სტაჟი და საექიმო დონე ამისთვის საკმარისი არ მაქვს". მიპასუხა: "შეიტანე დოკუმენტები და ღვთისმშობელმა იცის, რას იზამს". თხუთმეტი დღის მერე კიდევ მივედი მასთან. მკითხა: "ესე იგი, შენ ქალაქ ხარაკასის საავადმყოფოში დაგნიშნეს?"
- არა, მამაო, მე სოფელ მირესში დანიშვნაზე შევიტანე საბუთები.
- არა, ევანგელოს, შენ სამუშაოდ ხარაკასში მიგიღეს.
შინ წერილი დამხვდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროდან. მაცნობეს, რომ პირველი კატეგორიის ექიმ-ასისტენტად ვიყავი დანიშნული ქალაქ ხარაკასის რაიონულ საავადმყოფოში.
შემდეგ კრეტაზე ვმუშაობდი. შვებულება ავიღე და კვლავ ბერთან მივედი. მკითხა:
- რაო, ევანგელოს, გადაგიყვანეს წმინდა დემეტრეს საავადმყოფოში?
- არა, მამაო, რას ამბობთ?
- როგორ არა, შენ იქ გადაგიყვანეს.
ერთი თვის შემდეგ მივაკითხე ბერს და სამთავრობო გაზეთი ვანახე, სადაც ყველა სახელმწიფო მოხელის დანიშვნა და გადაყვანა იყო აღნიშნული. იქ ეწერა, რომ მე დაბა ხალასტარში ვიყავი გადაყვანილი. ის კი ჯიუტად იმეორებდა, წმინდა დემეტრეს საავადმყოფოში დაგნიშნესო. ცოტა ხნის შემდეგ სამთავრობო გაზეთში გამოჩნდა ცნობა, წმინდა დემეტრეს საავადმყოფოში ჩემს გადაყვანაზე. მამა პაისიმ კი ამის შესახებ მანამდე იცოდა, ვიდრე შესაბამისი თხოვნით მივმართავდი ხელისუფლებას".
ქალაქ არიდეს პოლიციელი, ბასილი ცოლაკისი ჰყვებოდა: "ჩემი ნაცნობი საზღვარგარეთ წავიდა. საუბედუროდ, იქ პროტესტანტებს დაუახლოვდა და უარი თქვა მართლმადიდებლობაზე.
ერთხელ სამსახურში მეწვია. ჩემს კაბინეტში მამა პაისის ფოტოსურათი ნახა და შეძრწუნებულმა მითხრა: "ამ ბერს მე ვიცნობ. ათი წლის წინ ორ ნაცნობთან ერთად მისი კელია მოვინახულე. ჩემი თანამგზავრები მიიღო, მე კი გამომაგდო. მითხრა, ერეტიკოსი ხარ, არ გწამს ღვთისმშობლისა და წმინდანებისაო".
კუნძულ კვიპროსის მკვიდრი ჰყვებოდა: "მამაჩემი წავიდა მამა პაისისთან და თან გადასაცემად ჩემი ცოლის წერილი წაიღო. მამა პაისიმ მამაჩემს სახელით მიმართა და მოულოდნელობისგან დაბნეულს ჰკითხა: - ხომ არაფერი გაქვს გადმოსაცემიო. არაო. განა შენმა ქალიშვილმა რაღაც არ გამოგატანაო? "მე ქალიშვილი არ მყავს", - მიუგო მამამ. "შენი ვაჟის მეუღლე შენთვის ქალიშვილი არ არის? კარგი, საკმარისია. უთხარი, რომ ამა და ამ პრობლემაზე ეს არის პასუხი". ბერმა დაწვრილებითYუპასუხა ჩემი მეუღლის წერილში დასმულ შეკითხვებს, ისე, რომ წერილი არც წაუკითხავს".
მეტეორას წმინდა სამების მონასტრის ბერი იოანე მოწმობდა: "ამერიკაში საავადმყოფოში მოვხვდი. კვიპროსელმა ეკატერინემ მომინახულა და მთხოვა, საბერძნეთში როცა დაბრუნდები, მამა პაისის წერილი გადაეციო.
ათონზე მამა პაისის სანახავად მივედი. ბერმა კალივის ზღურბლზევე მკითხა: - ეკატერინეს რატომ გამოართვი ის წერილი, რომელშიც ასი დოლარი იდოო. გახსნა წერილი, იქიდან ასი დოლარი ამოიღო, მომაწოდა და მითხრა, - "ახლა გზაზე შეგხვდება მამა ზ-ე, მიეცი მას ეს ფული, რათა სქემა იყიდოს და დიდსქემოსანი გახდეს. თან უთხარი, რომ ნუ განმიკითხავს".
მართლაც ასე მოხდა. მამა ზ-ე გაოცებული დარჩა, ვინაიდან არავინ იცოდა, რომ დიდი სქემის მისაღებად ემზადებოდა. იგი მამა პაისისთან წავიდა და მრავალგზის განკითხვისთვის შენდობა სთხოვა".
ქალაქ ხ-ის მცხოვრები ბატონი ფ. ბოლო წლებში ერთ-ერთ თითქოსდა რელიგიურ-სამეცნიერო ორგანიზაციაში დადიოდა, რომლებიც შხამიანი სოკოებივით არიან მოდებულნი საბერძნეთს. ეს კაცი კითხულობდა წიგნებს და ბროშურებს, რომლებსაც ამ სექტაში აძლევდნენ, უსმენდა ლექციებს. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ კაცს თავბრუსხვევა დაეწყო, დაბნეული და არეული სულგაორებული დადიოდა. არ იცოდა, გაეგრძელებინა თუ არა ამ სექტასთან კავშირი. მეგობარმა ურჩია, ათონის მთაზე მამა პაისი ენახა. დაუჯერა და გაემგზავრა. თან ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში მცირე ფორმატის წმინდა სახარება ჩაიდო, ხოლო მარცხენა შიდა ჯიბეში - რამდენიმე ბროშურა და ერთი წიგნი.
"პანაღუდაში" მამა პაისის უამრავი ხალხი ეხვია გარს. ფ. ელოდა, ვიდრე ყველა მნახველი არ წავიდა, ორი კაციღა დარჩა, რომელთაც განმარტოებით სურდათ საუბარი მოძღვართან. სანამ კაცი ფიქრობდა, უკეთესად როგორ აეხსნა თავისი პრობლემები ბერისთვის, მამა პაისიმ ჰკითხა: "როგორ ცხოვრობს ქალაქი ხ.?" "მშვიდობაა, მამაო", - უთხრა გაოცებულმა იმით, რომ ბერმა იგი პირველად ნახა და შეიტყო, რომელი ქალაქიდან იყო. "მისმინე, ფ, - უთხრა მამა პაისიმ და უფრო გააოცა კაცი მისი სახელით მოხსენიებით, - წიგნი, რომელიც ამ ჯიბეში გაქვს, - მიუთითა ჯიბეზე, სადაც სახარება ედო, - კარგია და რაც შეიძლება ხშირად იკითხე, ეს ნაგავი კი, აქ რომ გიდევს, - და მიუთითა მარცხენა მხარეს, - გადაყარე რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან... მითხარი, შენს ქალაქში საგიჟე არის? თუ არაა, მაშინ სადმე სხვაგან წაგიყვანენ".