გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-13
ლამპარი განსჯისა. მამა პაისი გარკვეულ პოზიციას იკავებდა და თავის აზრს ნათლად და არაორაზროვნად გამოხატავდა, არამარტო იმ საკითხებზე, ამა თუ იმ პიროვნებას რომ ეხებოდა, არამედ ზოგადსაკაცობრიო და ეროვნულ საკითხებზეც. ეკლესიასა და სახელმწიფოში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა მისი შეხედულებების სიმართლე. საღმრთო მადლი მამა პაისის ღვთის საიდუმლოებებს გაანდობდა, მან მოიპოვა "გონება ქრისტესი", ხვდებოდა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი, რომელსაც ყველა კაცის ცხონება სურს.
ზოგიერთს, ვიდრე თავის გასაჭირს შესჩივლებდა, თვითონვე ეუბნებოდა: "ეს განსაცდელი ამა და ამ მიზეზის გამო შეგემთხვაო", ანდა "ღმერთმა ეს წყალობა შენზე ამა და ამის გამო მოიღოო". ერთმა კაცმა ჰკითხა ბერს, ჩემი შვილი მუდივად რატომ ავადმყოფობსო. უპასუხა: "შეწყვიტე კვირასა და საეკლესიო დღესასწულებზე მუშაობა და ავადმყოფობა შეწყდებაო".
ერთხელ მამა პაისი ათენში ნაცნობ ოჯახს ესტუმრა. იქ მყოფმა ერთმა კაცმა სთხოვა, ჩემთვის ილოცე, რომ შვილი შემეძინოსო. ვიღაცამ, ვინც მათ საუბარს ესწრებოდა, მამა პაისის პასუხის თქმა არ დააცალა და იმ კაცს უთხრა: "ღმერთმა ბავშვი იმიტომ არ მოგცა, რომ ურწმუნოებით სთხოვეო!" მამა პაისიმ განჭვრიტა, რა შეიძლებოდა დამართნოდა ამის მთქმელს და დამწუხრებულმა გაიფიქრა: "მაგას თვითონვე მოუკვდება ბავშვიო". მართლაც, მალე ათონზე დაბრუნებულმა წერილი მიიღო - ამ სამწუხარო ამბავს ატყობინებდნენ.
მამა პაისი ამბობდა: "ვინც სულიერად წარემატება, შეუძლია იერით, თუნდაც თვალებით, მიხვდეს კაცის გასაჭირს. მას სულიწმინდის მიერ ეუწყება, თუ რა მდგომარეობაშია ადამიანი. ზოგჯერ შეიძლება გამოცდილებამ უღალატოს, მაგრამ როცა სერიოზულ საკითხზეა საუბარი, როდესაც მოყვასს დახმარება სჭირდება, სულიერად წარმატებულ ადამიანს ამის შესახებ ღმერთი აუწყებს..."
ერთხელ მამა პაისისთან ერთ საეკლესიო მოღვაწეს აქებდნენ გონიერი ადმინისტრაციული საქმიანობისა და საზოგადოებრივი აქტიურობისთვის. როცა თანამოსაუბრე გაჩუმდა, მამა პაისიმ ბრძანა: "ის კაკლის ხეს ჰგავს. კაკლის ხისგან კარგი ფიცარი ითლება, რითაც ავეჯს აკეთებენ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისაც დაავიწყდება და ამ ხის ჩრდილქვეშ დაიძინებს. უკვე დასნეულებული გაიღვიძებსო". ამით ბერს იმის თქმა სურდა, რომ სათნოებებთან ერთად იმ კაცს სულის გამხრწნელი ვნებებიც სჭირდა.
მამა პაისის მადლი ჰქონდა, მცირე მნიშვნელობის და ბევრისთვის შეუმჩნეველ ნიშანთა მიხედვით შეეტყო, როგორ წავიდოდა ცალკეული კაცის, მონაზვნური საძმოსი თუ მონასტრის საქმე. ამბობდა: "თქვენ ყურადღებას აქცევთ დიდ, მაგრამ უსაფრთხო განაკაწრს, მაგრამ ვერ ამჩნევთ პატარა მუწუკს, რომელიც საშინელ სიმსივნედ გადაიქცევა.
დიდი ხნის წინ, 60-იანი წლების ბოლოს, მამა პაისი ერთ მთაწმინდელ ბერს კელიაში ეწვია. კარზე ელექტროზარი შეამჩნია. თითქოს უმნიშვნელო რამეა, მაგრამ მამა პაისიმ სინანულით თავი გადააქნია. მართლაც, გავიდა წლები და ამ ბერმა თავისი კელია მდიდრულ ერისკაცულ ვილად გადააქცია: "ერისკაცული სული მასში მაშინვე იყო, როცა მან კელიაში ელექტროზარი დააყენა", - ამბობდა მამა პაისი.
მამა პაისი ბევრს უცხადებდა, რა იყო ღვთის ნება. ხოლო როცა უფლის ნება არ იყო მისთვის გაცხადებული, აუჩქარებლად იკვლევდა საკითხს, როგორც ამბობდა, "აწვალებდა საკუთარ გულისთქმებს".
მაშინ, როცა ბერს რაიმე შეკითხვაზე ღვთისაგან პასუხის გაგება სურდა, რამდენიმე დღე ჩაიკეტებოდა კელიაში, ლოცვასა და მუხლთადრეკაში იყო მანამდე, ვიდრე ღვთისგან პასუხი არ ეუწყებოდა. მაგრამ თუ შეიძლებოდა ადამიანისთვის რჩევა გვეკითხა, გვირჩევდა, არ გვეთხოვა ღვთისგან გამოცხადება: "ღმერთს უნდა, რომ ასე თავმდაბლობის გამო მოვიქცეთ. მხოლოდ მაშინ, თუ ვერ იპოვი მრჩეველს, თვითონ ღმერთი ხდება შენი დამმოძღვრელი. მაგალითად, ვერ ნახე კაცი, ვინც წმინდა წერილის რომელიმე მონაკვეთს განგიმარტავს, მაშინ უფალი გაგინათებს გონებას და განგიცხადებს პასუხს".
მყუდროებისთვის მზრუნველი. მამა პაისი მთელი სიცოცხლე უდაბნოში გასვლას ცდილობდა. მყუდროების სურვილი თითქოს თანდაყოლილი ჰქონდა. ჯერ კიდევ ყრმა გარბოდა მთებში და რომელიმე მღვიმეში განმარტოებული ლოცულობდა. მთაწმინდის მონასტრებში გატარებულმა წლებმა შეამზადეს იგი განმარტოებული ცხოვრებისთვის, იქ სულიერად გამდიდრდა.
ივერიის სკიტიდან გამოგზავნილ წერილში (1966 წ.) ასე ხსნიდა თავის სურვილს, სხვებთან მიმოწერა შეეწყვიტა: "მე არა მარტო წერილების წერა შევწყვიტე, არამედ ადამიანებთან ნებისმიერ შეხვედრას გავურბი. რაც მეტად გავექცევი ამსოფლიურ სატკივრებს, მით მეტად შევძლებ დავეხმარო სოფელს დაბრკოლებების დაძლევაში, ვინაიდან ამ დროს ჩემი მცდელობა, სხვას დავეხმარო, ადამიანური მცდელობა, კი არ იქნება, არამედ თვით სახიერი ღმერთი მოაგვარებს ადამიანთა პრობლემებს, ამასთან, არ შეეხება მათ თავისუფალ ნებას".
როცა ჯვარი პატიოსნის კელიაში ცხოვრობდა, გახშირდა მასთან სიარული. თავისი მყუდროების დასაცავად გარკვეული ზომებიც მიიღო: გარშემო ღობე შემოარტყა და კვლავ შეწყვიტა მიმოწერა. 1970 წელს იგი წერს: "მე ხომ ისიქასტი მონაზონი ვარ და თუ მიმოწერას მივყოფ ხელს, მაშინ ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნება. აზრიანი მაშინ იქნება, თუ მუდმივად მემახსოვრება ადამიანთა ტკივილი და ვილოცებ სოფლისთვის". მაგრამ კაცთა დიდი სიყვარული ნებას არ აძლევდა, თვითონ თაბორის ნათლის სამყაროში ყოფილიყო და ადამიანთა ტანჯვის მიმართ გულგრილი დარჩენილიყო. ამიტომაც ხშირად ტოვებდა ამ მყუდროებას მათ საშველად.
ახერხებდა, ბევრი ადამიანიც მიეღო და სულის მყუდროებისთვისაც ეზრუნა. ამბობდა: "შემიძლია ვესაუბრო ადამიანებს, ვიყო მათ გვერდით, მაგრამ დგება დრო, როცა მარტო ყოფნა მინდება". მისი ღრმა შინაგანი კაცი ბუნებით ისიქასტი იყო. ასევე ბრძანებდა: "თუ კაცს უდაბნოში გასვლის საშუალება არ აქვს, მაშინ იმ ადგილას, სადაც ცხოვრობს, მყუდროება უნდა შეიქმნას. თუ ვნებების მოკვეთაზე ვიზრუნებთ, მაშინ საცხოვრებელი ადგილი უდაბნოდ გვექცევა. მე კი მინდა ახლა ათონის მთის მწვერვალზე "უხილავ მამებთან" ერთად ვმყოფობდე, მაგრამ შევძლებ კი მათთან ერთად ცხოვრებას? "სული გულმოდგინე არს, ხოლო ხორცნი უძლურ" (მათე 26,41). მსურს მარტო ვიყო მთელი ღამე და დღისით სამი საათით, სრული განმარტოება ჩემთვის აუცილებელია, ვგრძნობ ამის აუცილებლობას".
ზაფხულობით ტყეში გადიოდა, რამდენიმე საათით განმარტოვდებოდა, ფსალმუნებს კითხულობდა, სკვნილზე ჩამოილოცებდა და ბრუნდებოდა კელიაში, სადაც უამრავი ხალხი ელოდებოდა. შეიძლება ვინმემ იფიქროს: "რა ისიქასტი მამა პაისი იყო, მთელი დღეები ხალხს ესაუბრებოდაო". თუმცა, როგორც ბრძანებს წმინდა პიმენი დიდი: "არის კაცი, რომელიც დილიდან საღამომდე საუბრობს და ამავე დროს მდუმარებას იმარხავს, რადგან უსარგებლოდ არაფერს ამბობს".
თავის კალივაში მამა პაისი ღრმა უდაბნოში ცხოვრობდა, ვინაიდან გული მისი ვნებებისგან დაიცალა და გონებით მყუდროება მოიპოვა. იმ მდგომარეობამდე მივიდა, ერთდროულად ადამიანებთანაც იყო და განმარტოებულიც გახლდათ. თავისი ცხოვრებით შეძლო აესრულებინა მცნება ისააკ ასურისა: "ყველა კაცის მეგობარი იყავი და ამავე დროს განმარტოვდი შენს გულისთქმებთან".
მამა პაისიც, "იყო რა აღუძვრელი გულით, მისი გარეგნული კაცი ესაუბრებოდა ადამიანებს, შინაგანი კი ღმერთს" (წმინდა ისააკ ასური).
როცა მამა პაისი ათონის მთის გარეთ უდაბნო ადგილს ეძებდა, ერთი კარგი მღვიმე აჩვენეს. მაგრამ იქ მიმყვანმა უთხრა: მღვიმის შორიახლოს საავტომობილო გზა გადის, ხმაური ისმისო. მამა პაისიმ უპასუხა: "ეს ხმაური მე არ მაწუხებს. შემიძლია, როცა მომინდება, გავიგონო ეს ხმა და არ მომესმას, როცა არ მინდა. შემიძლია ვხედავდე მანქანებს ან არ ვხედავდე. ხმაურზე უარესი სხვა რამეა - როცა უნდათ, სხვადასხვა პრობლემაში გამხლართონ".
თუმცა მამა პაისი ამბობდა, დასაწყისში "განმარტოება და ამ სოფლიდან განშორება მოსაგრეობისა და მოუკლებელი გლოვის დახმარებით მალე მოიტანს სულში შინაგან მყუდროებასაც და მაშინ ადამიანს აღარ აწუხებს გარეგნული შფოთიო".
თავისი დაყუდებული ცხოვრების გამოცდილებით ამბობდა: "მყუდროება თავისთავად უკვე ლოცვააო". ერში არსებულ ერთ ისიქასტრიონზე მამა პაისი ამბობდა, რომ იქაური ბერები სულიერად წარემატებიან, რადგან უყვართ მყუდროება, დროდადრო განერიდებიან და ცხოვრობენ თავიანთ პატარა კალივებში.
მაგრამ განმარტოება უსარგებლო იქნება, თუ არ იღვაწებ. ბერი პაისი ხატოვნად ამბობდა: "რას მარგებს დაყუდება, თუ კაცთაგან განმარტოებულს კელიაში რადიო მექნება? მეუდაბნოეს უდაბნო რომ დაეხმაროს, ან კარგი მონაზონი უნდა იყოს, ანდა გახდეს ასეთი. უწყლო ადგილას გაზრდილი ხის ტკბილი ნაყოფი უფრო ტკბილია, ვიდრე ნესტში გაზრდილისა, ხოლო მწარე ნაყოფი უწყლო ადგილებში უფრო მწარდება. ასევე კარგი მონაზონი უდაბნოში უკეთესდება, ხოლო ვნებიან მონაზონს ვნებები ემატება. ზოგიერთი მონაზონი განმარტოებით ცხოვრებას მოისურვებს. იპოვიან მყუდრო კელიას და შემდეგ მცონარებასა და გულგრილობაში ვარდებიან, მთელი მათი სულიერი მოღვაწეობა იმაში გამოიხატება, რომ ზოგჯერ ჩამოჯდებიან და რაიმე წიგნს წაიკითხავენ".
"დაყუდებულნი იღებენ კი სიკეთეს მდუმარებით, მყუდროებით, თუ სხედან და გულისთქმებს ესაუბრებიან? - კითხულობდა მამა პაისი და პასუხობდა, - თუ სხედან და გულისთქმებს ესაუბრებიან, მაშინ ყბედ ერისკაცებზე უფრო ყბედნი არიან, ვინაიდან ყბედ ერისკაცს შენიშვნას აძლევენ, ეჩხუბებიან და ისიც თანდათანობით გამოსწორდება, უდაბნოში მყოფნი კი თავიანთ გულისთქმებთან უქმმეტყველებენ და ამაოდ ჰგონიათ, რომ ისიქასტები არიან. ამით საკუთარ თავს დიდ ბოროტებას უკეთებენ. ისიქასტი რომ იყო, უნდა გქონდეს გონიერი ლოცვა".
მამა პაისი დარწმუნებული იყო, "კაცი უდაბნოში სამოღვაწეოდ უნდა დაემორჩილოს უდაბნოში მოღვაწე მამას, ანდა ვიდრე უდაბნოში გავა, მანამდე საკმაო ხანი იცხოვროს მონასტერში და მორჩილებდეს".
მამა პაისი ამბობდა, თუ ახალგაზრდა მონაზონი მიდის უდაბნოში მარტომყოფობისთვის, სურს თავის ნებაზე იცხოვროს და მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ არ იყოს, თუნდაც ეშმაკი არ დაეუფლოს, სულიერად მაინც ვერ წარემატებაო.
ერთ მთაწმინდელ ბერს, რომელიც კელიაში მარტო ცხოვრობდა და მართლაც იღუპებოდა უაზრო, ფუჭი საზრუნავებით, ვერაფერში პოულობდა სულიერ ნუგეშს და სიმშვიდეს, ბერმა ურჩია: "აიღე სათნოებათმოყვარეობა, სკვნილი და წადი და დაჯექი აი იქ, წაბლის ქვეშ" (ანუ განმარტოვდიო).
მამა პაისის ჰკითხეს, ახლანდელ დროში მონაზონს თუ შეუძლია იცხოვროს ათონის მთაზე განმარტოებითო. უპასუხა: "შეიძლება, თუ ბერი ყველასთვის უცნობი იქნება, ასე ცხოვრობს და ახლო ურთიერთობა არ აქვს ერისკაცებთანო".
მამა პაისი დაეხმარა განმარტოების მოსურნე მონაზვნებს. მისი წყალობით ბევრი მიტოვებული ათონური კელია აღორძინდა, გაჩნდა დაყუდებული ცხოვრების კერები.
ამ მყუდროების სულით სუნთქავდა მამა პაისი და მას სხვებს გადასცემდა. ის ისიქაზმზე, დაყუდებულ ცხოვრებაზე დიდ იმედს ამყარებდა. მას სწამდა, რომ "დაყუდებული, ისიქასტური ცხოვრებიდან მოიწევა ეკლესიის აღორძინებაც".