გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-12
საღმრთო განგებულება. ჰქონდა რა ღვთის დიდი რწმენა და სჯეროდა საღმრთო განგებულებისა, ბერი ამბობდა: - სავსებით დარწმუნებული ვარ, თუ ახლა ვინმეს ამ სვიტერს მივცემ, ვიდრე ჩემს კალივამდე მივაღწევ, ღმერთი მეორეს გამომიგზავნის.
მაგრამ თავად ღმერთი დაუშვებს, რომ ცოტათი გავიყინოთ და ავად გავხდეთ. ამ დროს კი აუცილებელია კაცი ყურადღებიანი იყოს საკუთარი თავის მიმართ, რომ არ იდრტვინოს და არ წარმოთქვას: "ქრისტე ჩემო, მე ხომ ეს სვიტერი შენი სიყვარულისთვის გავეცი. შენ კი შიშვლად დამტოვე, ავად რომ გავხდე?"მამა პაისის სულს ვერ უმღვრევდა რთული და უიმედო მდგომარეობა, საზოგადო, ეროვნული თუ საეკლესიო პრობლემები. იგი ხედავდა, რომ ბოროტისა და მის მსახურთა აქტიურობა და ბატონობა იზრდებოდა, მაგრამ იმავე დროს იცოდა და ყველას გასაგონად ამბობდა, რომ აღვირი ხელთ სხვას (უფალს) უპყრია. "ეშმაკი ხნავს მიწას, - ამბობდა ხატოვნად მამა პაისი, - ოღონდ დათესვით მასში ქრისტე დათესავს". ასევე ამბობდა: "ღმერთი არ დაუშვებს მოხდეს ბოროტება, თუ მისგან სიკეთე არ გამოვა. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ზღვარი არ დაედება სხვა, უფრო დიდ ბოროტებას, ვიდრე ის არის, რომელიც მან დაუშვა".
იმედი, რომელიც "არასოდეს შერცხვება", მუდმივად თან სდევდა ბერ პაისის, ბნელის და ნისლის დროს იგი ლურჯ უღრუბლო ცაზე საუბრობდა. "ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად იქნება", - ანუგეშებდა სასოწარკვეთილ სულებს. კაცი, რომელიც მათი საერთო სამშობლოს, საბერძნეთის მტრების გამრავლებაზე ჩიოდა, ასე დააიმედა: "გინდაც მითხრან, მთელ დედამიწაზე ერთი ბერძენიც აღარ დარჩაო, მე სასოს არ წარვიკვეთ! ღმერთს შეუძლია ერთი ბერძენი მაინც აღადგინოს მკვდრეთითაც კი. და თუ უფალი ამას გააკეთებს, საკმარისია". ბერს სწამდა: "მთელ დედამიწაზე თუნდაც ერთი ქრისტიანი რომ დარჩეს, ქრისტე მაინც აღასრულებს თავის საღმრთო ნებას". მაშინ, როცა სხვები იმედს კარგავდნენ, ის საუბრობდა ელადის აღორძინებაზე, კონსტანტინოპოლის აია სოფიას ტაძარი ისევ ბერძნებისა იქნებაო: "რომ არ მქონდეს ღვთის იმედი, არ ვიცი, რად გადავიქცეოდი. ადამიანი უნდა მოქმედებდეს რაღაც გარკვეულ მომენტამდე, შემდეგ კი ღმერთი იწყებს მოქმედებას. მისი უსიტყვოდ უნდა გვჯეროდეს". ეს რწმენა მამა პაისის ცხოვრებაში უამრავი მაგალითით იყო გამყარებული.
ერთხელ, ჯარისკაცობისას თანამსახურს სახარება აჩუქა. მერე კი ღმერთს სთხოვდა, მისთვის სახარება გამოეგზავნა, რათა ღვთის სიტყვის წაკითხვა შესძლებოდა. ქრისტეშობას მისმა ნაწილმა საჩუქრად ორასი ამანათი მიიღო. სახარება კი მხოლოდ იმ ამანათში აღმოჩნდა, რომელიც მას შეხვდა.
ერთხელ მამა პაისიმ გზაზე დიდი, მშვენიერი სოკო დაინახა. "დიდება ღმერთს, - თქვა მან, - უკან რომ მოვბრუნდები, მოვჭრი და სადილს მოვიმზადებ". მობრუნებულს სოკო ნახევრად შეჭმული დახვდა. გუნება არ გაფუჭებია, კვლავ მადლობა შესწირა ღმერთს: "დიდება უფალს, ესე იგი, მე ნახევარი სოკო უნდა შემეჭამა და არა მთლიანიო". მეორე დილით მისი კელიის ეზოში უამრავი სოკო ამოსულიყო. კვლავ მადლობა შესწირა ღმერთს ყველაფრისთვის.
მამა პაისის სულიერი შვილი ჰყვებოდა: "მამა პაისის კელიაში ვესტუმრე. უცნაური ჩუსტები ეცვა. ძირი ტყავისა ჰქონდა, ყელი კი თითქოს მატყლისგან იყო მოქსოვილი. ვკითხე: - მამაო, სად გიშოვია ასეთი ჩუსტები-მეთქი. შენი იყოსო, - მითხრა. მამაო, არ მჭირდება, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამო გკითხე-მეთქი. "არა, შენ ეს აიღე და მე სხვას მომიტანენო". რა მექნა, ჩემდა უნებურად გამოვართვი. კელიიდან გამოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ სტავრონიკიტას მონასტრიდან ბერმა მოზრდილი ამანათი მოუტანა. აბა, ერთი, ვნახოთო, - თქვა მამა პაისიმ. ამანათი გავხსენით. სხვა ნივთებთან ერთად ერთი წყვილი ჩუსტიც იდო".
მამა პაისი ჰყვებოდა: "ვგონებ, 1971 წელს დაახლოებით ორი კვირა ვიავადმყოფე. მაღალი ტემპერატურა მქონდა, მაციებდა. ღუმლის დანთების თავიც არ მქონდა, მარტო ვიყავი და ჩაითაც ვერ ვთბებოდი, არც კალივის დატოვება შემეძლო. ვფიქრობდი, ვკვდებოდი და მამა ტიხონის (მისი მოძღვარი, რომელიც ადრე გარდაიცვალა) სქემა გადავიფარე. იცით, რამხელა მადლი ვიგრძენი? ნათლით მოსილმა თავი კელიის გარეთ ეზოში მდგომარე ვიხილე და ყველაფერი სხვანაირად დავინახე. ვხედავდი ჩიტებს, თევზებს, პლანეტებს, მთელ სამყაროს. ჩიტებიც, თევზებიც და პლანეტებიც კი არ დუმდნენ, მეუბნებოდნენ: "ყველაფერი ეს ღმერთმა შენთვის, ადამიანისთვის შექმნა". ღმერთს ვთხოვდი, რომ ჩემი სიკვდილის ჟამს მარტო ვყოფილიყავი. მხოლოდ ეს ფიქრი აღმავსებდა სიხარულით: "თუ შენ მიგატოვებენ ადამიანები, ეს უხვად მოგიტანს საღმრთო ნუგეშს". ამიტომაც ავადმყოფობისას მამა პაისი ღვთის განგებულებას ენდობოდა და მოთმინებით ამბობდა: "როცა ვავადმყოფობ, არავინ მჭირდება, ღმერთი მანუგეშებსო". სხვა დროს კი უთქვამს: "როგორ იმედიანად და გულდაჯერებულად გრძნობს თავს დედას ჩაკონებული ბავშვი! უფრო იმედიანად და მტკიცედ გრძნობს თავს ღმერთს ჩაკონებული მორწმუნე. სამოთხის მსგავსია ღვთის მკლავებში ყოფნა. შეწყდება ლოცვა, შეწყდება სხვა ყველაფერიც. უფლის მკერდს ჩაკონებული სამოთხეში ცხოვრობ".
ანგელოზი მშვიდობისა. მამა პაისი ამბობდა: "სიმშვიდე ღვთის სულია, მშვიდობის საპირისპირო გრძნობები (შფოთი, ღელვა) ეშმაკისგან წარმოიშობა". მართლაც, "სულის სიმშვიდე მოწმობს, რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, ის ჩვენში განისვენებს" (წმინდა იოანე კრონშტადტელი). "სიმშვიდეს მოკლებული მოკლებულია ღვთაებრივ მადლს", - წერს წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელი (ეგინელი). მშვიდობა არის მადლის ნაყოფი. ის თავმდაბალთა და წმინდათა გულებში განისვენებს".
ასეთი სიმშვიდე მოიპოვა მამა პაისიმ. ეს გახლდათ შინაგანი მადლმოსილი მდგომარეობა, რომელსაც იგი საუკეთესო ლოცვად თვლიდა. ეს სიმშვიდის სული იღვრებოდა მამა პაისის გარშემო და გადაეცემოდა იქ მყოფთ. ამ სულს იგრძნობდი მისი სიტყვებიდან, მისი საქციელიდან. ცდილობდა, არ მოხვედრილიყო სოფლის შფოთიანი სულის გავლენის ქვეშ, რომელმაც ეს სოფელი საგიჟედ გადააქცია.
მამა პაისი ხალხს ეუბნებოდა: "მშვიდობა მთელ მსოფლიოში მაშინ დადგება, როცა სიმშვიდე შიგნით გვექნება. მშვიდობისთვის მებრძოლი ორგანიზაციები ვერ დაგეხმარებიან".
ამბობდა, რომ შინაგანი სიმშვიდე უმეტესად სინანულით და "წესრიგის" (კეთილი წესის) დაცვით შეიძინება. "ნამდვილი სიმშვიდე მოდის მაშინ, როცა კაცი შინაგანად მოწესრიგდება და განკრძალულად მოიქცევა, რომ ეშმაკს არ გაიბატონებს. ვინაიდან ბოროტი ცდილობს, უეცარი თავდასხმებით სიმშვიდე წაართვასო.
ერთმა ახალგაზრდა ბერმა ჰკითხა: "რა ვქნა, მამაო, ჩემი საბერო კანონის დამთავრებას დროზე ვერ ვასწრებ და ამის გამო ვშფოთავ და ვღელავო". ბერმა უპასუხა: "სკვნილზე ცოტა ხანს საკუთარი თავისთვის ილოცე, ცოტაც ცოცხლებისთვის და ცოტაც მიცვალებულებისთვის. ილოცე მშვიდად, აუჩქარებლად, მერე კი, როცა ამის დრო გექნება, აასრულე ის, რაც ვერ მოასწარიო".
ბერი ამბობდა, შინაგანი სიმშვიდე ასკეზაში გვეხმარებაო. როცა ჩვენ სულიერ ორგანიზმში არის სული ღმრთისა, მას არ სჭირდება ვიტამინები. როცა სიმშვიდე არ არის, რამდენი საჭმელი თუ ვიტამინიც არ უნდა მიიღო, ამას სიკეთე არ მოჰყვება. შინაგანად სიმშვიდის მდგომარეობა კვებავდა წმინდანებს. საცოდავი ერისკაცნი ხორცით იკვებებიან, ძალები კი მაინც არ აქვთ. ფეხები უკანკალებთ, მარხვა აღარ შეუძლიათ. ეს შინაგანი შფოთისა და ღელვის შედეგია. მათ სხეულში მუდმივად გამოიყოფა ნაღვლისა და კუჭის წვენი. როცა კაცი შინაგანად მოწესრიგდება, მას მცირე საკვებიც ეყოფაო.
მამა პაისის ჰკითხეს, - რატომ კარგავს ზოგიერთი უბრალო რამის გამო სიმშვიდესო. უპასუხა: "ასეთ ადამიანს საკუთარი თავის მიმართ სიფრთხილე აკლია. უნდა ვიფხიზლოთ, ვინაიდან ეშმაკს მოულოდნელი თავდასხმა უყვარს. თანაც სიმშვიდე, რომელიც უბრალო რამის გამო იკარგება, ნამდვილი სიმშვიდე არ არის, ადამიანი ფიქრობს, რომ სიმშვიდე დაკარგა, სინამდვილეში კი მის ერთ წუხილს სხვა მოემატა - კაცი, რომელსაც ნამდვილი სიმშვიდე აქვს, ყველასთვის პოულობს განმართლებას".
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმშვიდე მონაზვნისათვის: "ბერებს განმართლება არ აქვთ, თუ ისინი მშვიდნი არ არიან, ვინაიდან არავისზე პასუხს არ აგებენ. ყურადღებიანნი უნდა იყვნენ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ. თუ მათი შინაგანი კაცი მოწესრიგებულია, მაშინ სიმშვიდეც აქვთ და ყველა ფიცხ სიტყვას თვინიერად დაითმენენ".
როგორც უკვე ვთქვით, მამა პაისის სიმშვიდე გვერდით მყოფებს გადაედებოდა ხოლმე. ერთხელ "პანაღუდაში" ძალზე აღელვებული ახალგაზრდა მოვიდა. სასოწარკვეთილს ხელში თოკი ეჭირა: - მამაო, ან დამეხმარები, ან შენს თვალწინ ჩამოვიხრჩობ თავსო. ბერმა მას ხელი მოჰკიდა და არქონდარიკში შეიყვანა. ისაუბრეს. ვაჟი ბერს უკვე მხიარული, სიმშვიდით და რწმენით ავსებული დაშორდა.
განსჯის ლამპარი. ბერ პაისის განსჯის უნარი ღვთის ნიჭი და დიდი კურთხევა იყო როგორც მისთვის, ასევე მათთვისაც, ვინც რჩევისთვის მიმართავდა და მთელი ეკლესიისთვის. იგი ერისკაცობაში გამოირჩეოდა ბუნებრივი განსჯის უნარით. ამის გარდა, ღრმად იცოდა "არსებათა ბუნება". ცხოველებთან და მცენარეებთან დაკავშირებული მისი შენიშვნები და ახსნა აკვირვებთ თვით სპეციალისტებსაც კი. ბრწყინვალედ იცნობდა ადამიანის ორგანიზმს - როგორ მოქმედებს, რის გამო ხდება ავად და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხალხს პრაქტიკულ რჩევებს აძლევდა. არავითარ სამედიცინო წიგნებს არ კითხულობდა, თუმცა უფრო ღრმად იცნობდა კაცის სულს. იგი გახლდათ სიღრმისეული ანალიტიკოსი, ჩინებული ფსიქოლოგი და ფსიქიატრი...
მდიდარი და იშვიათი სულიერი გამოცდილებით ბერი ადამიანებს თავს მოწეული უცნაური მდგომარეობის გარჩევაში ეხმარებოდა: მადლმოსილი იყო თუ დემონური. "იმ მცირე გამოცდილებით, რომელიც მე მაქვს, - ამბობდა მამა პაისი, - შევხედავ დამწყებს და ვიგებ, რანაირ სულიერ მდგომარეობაში იმყოფება, ვხედავ, რამდენად არის წარმატებული. გამოცდილებით ვხვდები, ხოლო საღმრთო გამოცხადება სხვანაირი რიგის მოვლენაა".
უამრავი მოდიოდა მამა პაისისთან. ერთხელ ერთმა ღვთისმოშიშმა და მოწყალე კაცმა მოინახულა, რომელსაც ფაბრიკა ჰქონდა. ის თავის მუშებს მეტ ხელფასს უხდიდა, ვიდრე იმავე დარგის სხვა ფაბრიკის დირექტორები. ამიტომ მათი მუშები ამ კაცის ფაბრიკაში გადადიოდნენ, რაც მათ განარისხებდა და ცდილობდნენ მის გაკოტრებას. მამა პაისიმ ამ კაცს ურჩია: თითოეულ შენს თანამშრომელს ჩვეულებრივი ხელფასი გადაუხადე, ხელფასის გარდა, საჩუქრად რამდენიც გინდა, იმდენი მიეცი და უთხარი: "ეს შენ ბავშვის სწავლის საფასურად", ანდა "ქალიშვილის ქორწილისთვის" და სხვა ამგვარიო. კაცი დამშვიდებული და გახარებული წავიდა.
ერთი ერში მოღვაწე მოძღვარი განსაცდელს გადაეყარა: რომელიღაც ქალი აიძულებდა, გინდა თუ არა, ჩემთან ხორციელი კავშირი დაამყარეო, თან ემუქრებოდა, - თუ ასე არ მოიქცევი, თავს ჩამოვიხრჩობო. მოძღვარი ზნეობრივად უკომპრომისო კაცი იყო და ღმერთის ეშინოდა. ქალის გადარწმუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. სცადა დროის მოგება, ქალს უთხრა, შენს წინადადებაზე ვიფიქრებო და მაშინვე მამა პაისის მიაშურა. ეშინოდა, ამ ქალის თვითმკვლელობის მიზეზი არ გავხდეო. მამა პაისიმ ურჩია: "უთხარი, თავი ჩამოიხრჩე-თქო... ასეთი საქმე რომ ჩაიფიქრა, სულიერად უკვე ჩამოიხრჩო თავი". ბერმა თავისი განსჯის უნარით განჭვრიტა, რომ ქალი თავს არაფერს აუტეხდა და ამ მუქარით მხოლოდ აფრთხობდა მოძღვარს. ქალაქში დაბრუნებულმა მოძღვარმა ბერის ნათქვამი გადასცა ქალს. ის დამცირებული წავიდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავის მოკვლა არ უცდია.