გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-11
ერთადერთი მართალი კაცის ლოცვა საკმარისია, რომ ღმერთი მოწყალედ განაწყოს მთელი ერის მიმართ
კეთილმოკრძალების სურნელი. ერთხელ ერთმა დაყუდებულმა ბერმა მამა პაისი მოინახულა.
მასთან საუბრისას დარწმუნდა, რომ მოძღვარი განსაკუთრებული კეთილმოკრძალებით გამოირჩეოდა. მართლაც, მას იშვიათი კეთილმოკრძალება ჰქონდა, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო. ამბობდა: "კეთილმოკრძალება უმნიშვნელოვანესი სათნოებაა, ვინაიდან ღვთის მადლს მოიზიდავსო". მისი აზრით, კეთილმოკრძალება არის ღვთის შიში, სულიერი სიფაქიზე. კეთილმოკრძალებული კაცი მკვეთრად გრძნობს ღვთის სიახლოვეს და ყურადღებით და თავმდაბლად იქცევა. მას სურდა, კეთილმოკრძალება გულწრფელი, შინაგანი ყოფილიყო. მისი მხოლოდ გარეგნული ფორმები კი სძაგდა. ერთადერთი მართალი კაცის ლოცვა საკმარისია, რომ ღმერთი მოწყალედ განაწყოს მთელი ერის მიმართ
ბერის მოწიწება იწყებოდა მცირე და უმნიშვნელო საგნების მიმართ და მთავრდებოდა უფრო არსებითით და სულიერით. ამბობდა: "თუ ადამიანი უპატივცემულოდ ეპყრობა მცირეს, შესაძლოა ეს უპატივცემულობა უფრო მნიშვნელოვან და წმინდა საგნებზეც გადავიდეს. კაცი მერე მიხვდება თავის საქციელს, თავსაც იმართლებს, - ეს არ არის საშინელებაო და ამის მერე სრულიად უპატიოდ მოეპყრობა საღმრთო საგნებს, გახდება უკრძალველი, უსინდისო, უღმერთო".
მამა პაისის კეთილმოკრძალება ჩანდა ხატების მთხვევისას, როგორ იღებდა სეფისკვერს. კელია, სადაც ის ლოცულობდა, პატარა საყდარივით ჰქონდა მოწყობილი. ხატების კუთხეში გაუქრობლად ენთო ლამპარი. საწოლი კუბოს მსგავსად გააკეთა და ამბობდა, ეს ჩემი კელიის საკურთხეველიაო. საწოლზე არ აწყობდა წიგნებსა და ხატებს. მხოლოდ ბალიშზე ესვენა ერთი გაცრეცილი ხატი, რომელსაც ფერი ამბორისყოფითა და ზედ ცრემლთაღვრით გადასვლოდა. ტუალეტი საკმაოდ მოშორებით ჰქონდა. სიცოცხლის მიწურულს, როცა შერყეული ჯანმრთელობის გამო ხშირად უხდებოდა გარეთ გასვლა, სულიერმა შვილებმა მოინდომეს, ტუალეტი აივნის ბოლოში მოეწყოთ. მამა პაისიმ უარი თქვა: "იქ, აივანზე, ღვთისმშობელი გამომეცხადა და იმ ადგილას ტუალეტს როგორ გავაკეთებო!"
ერთხანს, წმინდა ზიარებისთვის რომ ემზადებოდა, ოცდაცამეტი საათი არაფერს ჭამდა.
მამა პაისი ურჩევდა ბერებს, ყურადღებიანნი ყოფილიყვნენ და კეთილმოკრძალების შეძენისკენ ესწრაფათ. როცა რუსეთიდან ჩამოსულმა ერთმა ეპისკოპოსმა ჰკითხა, მღვდლად ვინ ვაკურთხოო, უპასუხა: "ხელი დაასხი კეთილმოკრძალებულს და წმინდას, ანუ იმას, ვინც უმანკოება შეინახა".
საეკლესიო გალობასა და ხატწერაშიც კეთილმოკრძალებას დიდ მნიშვნელობას აძლევდა: "თუ ჩაუფიქრდები შენი ნაგალობების აზრს, შეიცვლები და მოკრძალებით დაიწყებ გალობას. თუ კეთილმოკრძალებით იგალობებ, ამ დროს შეცდომაც რომ დაუშვა, "მოწიწება" მას "გამოასწორებს". მაგრამ ყურადღებით თუ მხოლოდ გალობის ტექნიკას უცქერ, ანუ იმას ცდილობ, ნოტები არ შეგეშალოს და შენს გალობაში კეთილმოკრძალება არ იგრძნობა, შენც იმნაირი მგალობელი ხდები, როგორიც ერთი ერში მგალობელი კაცი, რომელიც "აკურთხებს სული ჩემი უფალსაო..." გალობდა და ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს მჭედელი უროს გრდემლზე უბრახუნებდა. მე მას მანქანით მგზავრობისას მოვუსმინე. დიდხანს მოსმენა ვერ შევძელი და მძღოლს მაგნიტოფონის გამორთვა ვთხოვე. თუ კაცი გულით არ გალობს, მაშინ ის თავისი სიმღერით თითქოს ტაძრიდან გაძევებს. არსებობს ასეთი წმინდა კანონი, რომლის მიხედვითაც უწესო კივილზე ეპიტიმია ედება, ვინაიდან ასეთი კივილი ატოვებინებს კაცს ტაძარს".
ხატმწერებს კი ბერი ურჩევდა: "კეთილმოკრძალებით დავხატოთ ხატი, თითქოს მისი დასრულებისთანავე იგი თვით ქრისტეს უნდა გადავცეთ. განა ჩვენ მოგვეწონებოდა, თუ სახედამახინჯებულ ფოტოსურათს გვაჩუქებდნენ? არ არის სწორი, როცა ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის დასაფარად ხატებზე მას წმინდა ანასავით გამოსახავენ. სამყაროში ხომ არ არსებულა დედაკაცი, ღვთისმშობელზე სულიერი და ხორციელი სილამაზით აღმატებული! როგორ ცვლიდა იგი ადამიანთა სულებს თავისი სილამაზით!"
ფილოთეუსის მონასტერში დაცულ "ტკბილ ამბორად" წოდებულ ღვთისმშობლის ხატზე მამა პაისი ამბობდა, - იგი ტექნიკურად არასრულყოფილია, "ქრისტეს ფეხები სოლივით აქვს დახატული. მიუხედავად ამისა, იგი სასწაულმოქმედია და უდიდეს მადლსა და სიტკბოებას ასხივებს. შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთმა ხატმწერს თავისი კეთილმოკრძალების გამო მიუზღო".
"კეთილმოკრძალებულ კაცზე ღვთის მადლი მოიწევა და განუმშვენებს სულს", - ამბობდა ბერი, მაგრამ წუხდა, რომ ადამიანები უყურადღებონი გახდნენ და უკრძალველნი: "თუ კაცს მოწიწება არა აქვს, აგდებულად ეპყრობა საღმრთო საგნებს, მაშინ მას ღვთაებრივი მადლი ტოვებს, ბოროტის ხელში ვარდება და მერე ადამიანები ეშმაკეულნი ხდებიან. საღმრთო მადლი უკრძალველ კაცს არც კი მიუახლოვდება, ის მასთან მიდის, ვინც პატივს მიაგებს". ბერი მოწიწების სინაკლულედ თვლიდა ხატების, საეკლესიო წიგნების, სეფისკვერის და საერთოდ ყველა სიწმინდის დადებას სკამზე, საწოლზე (ბალიშის გარდა).
მამა პაისი, კურთხევის ნიშნად, მომლოცველებს ხატებს ჩუქნიდა და ურჩევდა, იგი გულის ჯიბეში შეენახათ. ერთ მომლოცველზე, რომელსაც მან ძელიცხოველის ნაწილი აჩუქა, ამბობდა, - კისერი მოეღრიცაო. მამა პაისი საღმრთო გამოცხადებით მიხვდა, რომ ამ კაცს ეს ეშმაკის ზემოქმედებით დაემართა, რადგან მან ძელიცხოველის ნაწილი შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო. იგი ჰყვებოდა: ერთი კაცი ეშმაკეული იმიტომ გახდა, რომ იმ დღეს, როცა ეზიარა, არაწმინდა ადგილას გადაანერწყვაო. კიდევ ერთი ქალი უნიტაზში ნაკურთხი წყლის ჩასმის მერე გახდა ეშმაკეულიო.
ბერი არასწორად თვლიდა, როცა წმინდა მამებს სახელებით იხსენიებდნენ: "ბასილი, გრიგოლი"... ამბობდა: "მღვდელზე და ბერზე იტყვიან: "მამა ესა და ეს". მეც კი "მამაოს" მიწოდებენ და წმინდა მამებს ასე უკრძალველად ეპყრობიანო".
მამა პაისის სურდა, ადამიანებს ღვთისთვის ყველაფერი საუკეთესო შეეწირათ, სანთელიც და ზეთიც. დიდ უკრძალველობად თვლიდა თუნდ ოდნავ დაობებული სეფისკვერებით საღმრთო ლიტურგიის აღსრულებას. "ქრისტე თავის სისხლსა და ხორცს გვაძლევს, ჩვენ კი დაობებული სეფისკვერები როგორ შევწიროთო?!" მამა პაისის შეეძლო რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ მონასტერში წასულიყო და საღმრთო ლიტურგიისთვის სეფისკვერი ეთხოვა. თვითონ სეფისკვერს გვერდიდან იღებდა და არ ეხებოდა მის ბეჭედს.
სიმართლის სიყვარული. წმინდა წერილის მიხედვით, მართალი ეწოდება იმ კაცს, რომელიც ღვთის ყველა მცნებას ასრულებს და სათნო ეყოფა ღმერთს. ანუ მართალი წმინდანია. მართალი კაცობა გამორჩეული ნიშანია ყველა ღვთისათვის სათნომყოფელისა.
თუმცა თანამედროვე ბერძნულ ენაში სიტყვა "მართალი" (ბერძნულად დიკეოსი) "სამართლიანს" ნიშნავს, ანუ იმას, ვისაც ფაქიზი დამოკიდებულება აქვს ადამიანთა მიმართ. მამა პაისი სამართლიანობას განყოფდა ადამიანურ სამართლიანობად, ანუ როცა ვინმე სამართლიანია მოყვასის მიმართ და არ აწყენინებს მას და ღვთაებრივ სამართლიანობად, როცა ადამიანი შეგნებულად და მადლიერებით დაითმენს თავს გადახდენილ უსამართლობას. მამა პაისის თანახმად, "საღმრთო სამართლიანობა იმაში მდგომარეობს, რომ გააკეთო ის, რაც განუსვენებს მოყვასს", ანუ ამჯობინებ, შენი ნება და შენი სიმშვიდე, რისი უფლებაც, ბუნებრივია, გაქვს, მსხვერპლად შესწირო მას, რათა შეეწიო და დაამშვიდო სხვა. "სულიერი სამართლიანობაა, როცა ადამიანი სხვის ტვირთს საკუთრად თვლის. სულიერად რაც უფრო წარემატება კაცი, მით ნაკლებ უფლებას აძლევს საკუთარ თავს. წარმოვიდგინოთ, რომ მთაზე ავდივართ. ორივეს ზურგჩანთები გვკიდია. სულიერი კაცი, რომელსაც მოყვასის დახმარება უნდა, მის ზურგჩანთასაც აიკიდებს, მაგრამ ფაქიზად, დელიკატურად ეუბნება, რომ ორი ზურგჩანთით უფრო ადვილად დაიცავს წონასწორობას აღმართზე. მთელი საიდუმლო ისაა, რომ სხვას თუ გსურს გაუგო, თავი მის ადგილას უნდა დააყენო. ასეთი საქციელით ქრისტეს ენათესავებით".
ბერი ურჩევდა: "მოიშორეთ ეს ადამიანური ლოგიკა, ადამიანური სიმართლე! საღმრთო სიმართლით განიმსჭვალეთ. ზოგიერთმა თვით სულიერმა ადამიანმაც კი ძველისაგან განსხვავებული ახალი სახარების შედგენა მოისურვა - სურთ, ქრისტიანები "სულელები არ იყვნენ". მაგრამ მონაზონს უნდა უხაროდეს, როცა უსამართლოდ ექცევიან. მას არაფრის "უფლება" არ აქვს, ვინაიდან "განუმართლებელი" ქრისტეს მიმდევარია. ერისკაცმა სულიერი კანონები არ იცის, ამიტომაც ბევრი უფლება აქვს. თუ ვინმე უფროსი შეურაცხყოფს, შეუძლია სასამართლოში უჩივლოს. მონაზონს კი, რა უსამართლოდაც არ უნდა მოექცნენ, არავითარი უფლება არა აქვს, მაშინაც კი, როცა უბრალოდ კი არ ლანძღავენ, არამედ ამცირებენ. ამ შეურაცხყოფასა და დამცირებას ღმერთი იმიტომ უშვებს, რომ (ამის დათმენით) ჩვენი რომელიმე ცოდვის გამო გადავიხადოთ საფასური, ანდა სალაროში სულიერი მონეტა გადავდოთ. როცა უსამართლოდ გვექცევიან და ჩვენ "სიმართლის პოვნას" ვცდილობთ, მაშინ აკლდება ჩვენს (სულიერ) ბანკს". მამა პაისის მტკიცედ სწამდა, რომ ვინც შეგნებულად დაითმენს უსამართლობას, ღმერთი მიაგებს ამ ცხოვრებაში არა მარტო სულიერად, არამედ შესაძლოა მატერიალურადაც კი, ნიჭების სახით, ადამიანის მდგომარეობის შესაბამისად.
ერთ-ერთ წერილში წერდა: "ერთი შემთხვევიდან დავინახე უდიდესი, უსაზღვრო სამართლიანობა ღვთისა. მონასტერში მორჩილად შედგა გოგონა. ერში მას უსამართლოდ მოექცნენ, მთელი მისი ნაშრომი ცოდვილმა ადამიანებმა მიითვისეს. მორჩილობის ერთი თვის თავზე მან სულიერ ჭვრეტას მიაღწია და განიცადა ღვთაებრივი საიდუმლოებები".
უსამართლობაზე მამა პაისი ხატოვნად ამბობდა: "არსებობს თავშესაფრები და საქველმოქმედო საზოგადოებები ობლებისთვის, ავადმყოფებისთვის, მოხუცებისთვის - ვისთვისაც გინდა. მხოლოდ უიღბლო უსამართლობისთვის არ უზრუნიათ. ყველას ხელში აჰყავს და მერე მოისვრის მოყვასს, ვინაიდან ყველა ხედავს, რომ იგი მძიმეა და ულამაზო, მაგრამ რამდენად ტკბილია უსამართლობა! ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წამები იყო მაშინ, როცა უსამართლობას დავითმენდი. ვინც მიიღებს უსამართლობას, თავის გულში ისტუმრებს განუმართლებელ ქრისტეს. ჩხუბი და კამათი კი მაშინ ხდება, როცა თითოეული მიითვისებს უფრო მეტ სამართლიანობას, ვიდრე ამის უფლება აქვს. მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც დიდი სიყვარული აქვს, მოიძიებს უბედურ უსამართლობას, რომელიც არავის სჭირდება და დაიტოვებს, ხოლო სამართალს სხვას გადასცემს. უკლებლივ ყველა უსამართლობა ქრისტემ მიიღო, როცა თავისი მხრებით გოლგოთაზე ჯვარი მიჰქონდა. სწორედ ეს ღვთაებრივი სამართლიანობა გაიხადა ბერმა ცხოვრების კანონად. ხოლო მათ, ვინც ასე უსამართლოდ ექცეოდა თავის კეთილისმყოფელებს, ეძახდა: "ხშირად გვგონია, უსამართლოდ გვექცევიან, მაგრამ ამით სიკეთეს გვიკეთებენ. არავის შეუძლია გვავნოს თავისი უსამართლო დამოკიდებულებით, თუ ჩვენ თვითონ უსამართლონი არ ვართ საკუთარი თავის მიმართ. უსამართლოდ კი მაშინ ვექცევით საკუთარ თავს, როცა სულიერად არ ვცხოვრობთ. სულიერად კი მაშინ ვცხოვრობთ, როცა ღვთის მცნებებს ვიცავთ".
1966 წელს მამა პაისი თავს გადახდენილ ზებუნებრივ მოვლენაზე წერდა: "ერთხანობა ღმერთს ვთხოვდი, ჯოჯოხეთის ცეცხლში გავეგზავნე. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უღირსი ვიყავი მისი წმინდა სახის ხილვისა და მეორეც იმისთვის, რომ თავისი სასუფევლის ღირსი გაეხადა ყველა ის, ვისაც ცხოვრებაში, როგორც კაცი, უსამართლოდ მოვექეცი, გავამწარე ან განვიკითხე. და სახიერმა ღმერთმა დაუშვა, გამომეცადა მცირე ნაწილი ჯოჯოხეთური ტანჯვისა. ეს ერთი კვირა გაგრძელდა და დათმენა ვეღარ შევძელი. ამაკანკალებს ხოლმე, როცა იმ დღეებს ვიხსენებ. ამიტომაც სჯობდა არ დაბადებულიყო კაცი, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლში წავა".
მამა პაისი ასე ლოცულობდა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც, შესაძლოა, თავისდა უნებურად, უსამართლოდ მოექცა: "ღმერთო, შეიწყალე ისინი, ვინც განვიკითხე და თუ ვინმესთვის მოწყალება მიმიცია, ამის საზღაური მიეცი იმათ, ვისაც უსამართლოდ მოვექეცი".
ამიტომაც იცავდა მამა პაისის საღმრთო მადლი. ერთ კაცს უნახავს ეშმაკი, რომელიც დადიოდა მამა პაისის კალივის ეზოში და დუდღუნებდა: - ნუთუ ვერასოდეს გამოვიჭერო.
თუ არ ვიცხოვრებთ ღვთაებრივი სამართლის კანონებით, სულიერ ცხოვრებაში ვერ წარვემატებით, არ შეისმინება ჩვენი ლოცვა. "ხომ ამდენი ადამიანი ლოცულობს მრავალი საათის განმავლობაში, - ამბობდა მამა პაისი, - სამყარო უკვე დიდი ხანია უნდა შეცვლილიყო. მაგრამ რადგან არ არის სიმართლე და სამართლიანობა, ღმერთი ამ ლოცვებს არ ისმენს. მაშინ, როცა ერთადერთი მართალი კაცის ლოცვა საკმარისია, რომ ღმერთი მოწყალედ განაწყოს მთელი ერის მიმართ".