გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-10
უპოვარება. ბერის სიმდიდრე მისი უპოვარებაა. მამა პაისიც უსაზღვროდ "მდიდარი" იყო ქრისტესთვის დაგლაკახებით. როცა მამა პაისი ესთიგმენუს მონასტერში ბერად აკურთხეს და ახალ კელიაში გადაიყვანეს, მან იქ სამი კაბა იპოვა. იფიქრა: ერთს ტაძარში ჩავიცვამ, მეორეს მორჩილებისას, მესამეს კი კელიაში ჩამოვკიდებო. მაგრამ იქვე საკუთარი თავი განიკითხა: რა მშვენიერი თავის მართლებააო. ორი კაბა საწყობს ჩააბარა, ერთი კი დაიტოვა. როცა მონასტრიდან წავიდა, თან არაფერი წაუღია, პატარა საბერო ჩანთაც კი არ ჰქონდა. ხალიჩას, რომელზეც იდგა ხოლმე ლოცვაზე, ბოლო გაუკერა, სახელური მიაქსოვა და მონასტრიდან მიმავალმა ანაფორა მასში ჩადო. ასე ცხოვრობდა ყველგან, სტომიონში, სინას მთაზე...
ღირსი არსენ კაპადოკიელი გამოეცხადა მამა პაისის და უთხრა: "მაიძულებ, უფრო მიყვარდე... შენ თითქმის არ იღებ ფულად გზავნილებს. მე ხომ შენს ფოსტასაც თვალს ვადევნებ". მართლაც, მამა პაისიმ კარიესის საფოსტო განყოფილების მოსამსახურეებს სთხოვა, მის სახელზე მოსული ფული გამომგზავნელთათვის დაებრუნებინათ. ბერი მხოლოდ მათ სახელებს იწერდა მოსახსენიებლად, ხანდახან მისამართსაც ინიშნავდა, რომ მათთვის კურთხევის ნიშნად რაიმე გაეგზავნა. თან ყველას აფრთხილებდა, თუ კიდევ გამომიგზავნით ფულს, აღარასოდეს მოგიხსენიებთო. სხვა მოსაკითხს კი გაჭირვებულ ბერებს უნაწილებდა. "როცა ზედმეტი ნივთი მაქვს, ასე მგონია, ტანზე ვიწრო, სულის შემხუთავი პერანგი მაცვიაო", - ამბობდა. მაგრამ ზოგჯერ ფულსაც იღებდა, გამომგზავნისთვის გული რომ არ ეტკინა. ერთხელ ავადმყოფი ბავშვის დედამ მას ათასი დრაქმა გამოუგზავნა. მამა პაისიმ ეს ფული ბავშვთა სახლებს გაუნაწილა, საბერძნეთიდან მოყოლებული, კენიელი მართლმადიდებელი ბავშვებით დამთავრებული.
მამა პაისი ცდილობდა, ყველა კეთილისმყოფელისთვის სამგიეროდ რაიმე მიეცა. ერთხელ სტუმარმა ჩუმად ორასი დრაქმა და საკუთარი მისამართი დაუტოვა. მალე მან ბერის მიერ გაკეთებული 50 ხის ხატი მიიღო, რომლებიც იმ ორას დრაქმაზე გაცილებით მეტად ფასობდა.
როცა მას ერში წასვლა უხდებოდა, ბილეთის ფულიც არ ჰქონდა ხოლმე და სესხულობდა. განსაკუთრებით უჭირდა ზამთრისთვის შეშის მომარაგება, მით უფრო ბოლო წლებში, როცა შეშის დამზადების არც დრო და არც საყიდელი ფული არ ჰქონდა.
უყვარდა გაცემა. ამბობდა: "თუ რამეს გვთხოვენ და გვენანება მისი მიცემა, ანდა როცა ვწუხვართ დანაკარგის გამო, ეს ნიშნავს, რომ ნივთი ქრისტეზე მეტად გვიყვარს. თუ კაცს უხარია, რომ გასცემს და წუხს, როცა რაიმეს იღებს - კარგის ნიშანია. თუ ვინმე ჩემს კელიას პირწმინდად გაძარცვავს, არ გავბრაზდები. მაგრამ თუ გავიგებ, რომ ვიღაც გმობს ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ანდა როცა დავინახავ, რომ ეკვდერს ვიღაც ანგრევს, მაშინ ყველაფერს გავცემ სიწმინდის დასაცავად".
თავისი ცხოვრებით ასწავლიდა, რომ ბერის სიხარული და ნუგეში მატერიალურ საგნებში კი არ ძევს, ღვთის სიყვარულსა და მასთან ერთობაშია. ამის მიღწევაში მას უპოვარება ეხმარება. ამბობდა: - რაც უფრო ბევრს მოიშორებ (ანუ გასცემ მოწყალებას) - უფრო მაღლა აფრინდებიო.
მოსაგრეობის წყურვილი. ბერები და ერისკაცები მამა პაისის "მოსაგრეს" ეძახდნენ ასკეტური მოღვაწეობის გამო, მაგრამ მას ეს "სახელი" არ მოსწონდა. იგი ღვაწლს კი მალავდა, მაგრამ უფლისგან მოცემული მადლი ამხელდა, თუ რამხელა მამა ჰყავდათ მართლმადიდებლებს. მისი მრავალი ღვაწლი საიდუმლო და უცნობი დარჩა კაცთათვის. მაგრამ ჰქონდა ის, რასაც ვერ დაფარავდა - მარხვისაგან გალეული სხეული. მკაცრ მარხვას სიყრმიდანვე მიეჩვია. ჯარისკაცობისასაც კი თოვლ-წვიმასა და ათასნაირ განსაცდელშიც არ არღვევდა მარხვას.
როცა მოღვაწეობას შეუდგა, დამქანცველი შრომის, მარხვისა და მღვიძარების გამო თავიდან გაუჭირდა, მაგრამ მალე მიეჩვია. სტომიონის მონასტერში ბევრს შრომობდა და ძალზე ცოტას ჭამდა, სინას მთაზე კი მართლაც უსხეულოსავით ცხოვრობდა. ყოველგვარ მიწიერ საცთურს განშორებულმა სხეული სულს დაუმორჩილა. საღმრთო მადლიც მოიმუშაკა. სინას უდაბნოში ცხოვრებისას მთელ დიდმარხვას მხოლოდ წმინდა ზიარებას იღებდა. საჭმელს მხოლოდ კვირაობით, ისიც ერთხელ ჭამდა.
მარხვა მაშინაც არ შეურბილებია, როცა ფილტვების ოპერაცია გაუკეთეს და ათონზე დაბრუნდა. თავის სულიერ შვილს უთხრა: "ვცდილობდი, ცხოვრებაში ყველაფერი გამომეცადა, რაც წიგნებში დაწერილა. დილიდან საღამომდე მშიერი ვიყავი, ზოგჯერ ფეხზე წამოდგომაც აღარ შემეძლო. მეშინოდა, ბილიკს გავყოლოდი, ვაითუ დავეცე და დამინახონ-მეთქი. ერთხელ ღვთისმშობელს ვთხოვე ძალის მოცემა. უფლის დედამ განმაძლიერა, ხელი მოვკიდე ტოტებს და ასე გავაგრძელე გზა".
მამა პაისი მეცხრე ჟამამდე (ანუ დღის სამ საათამდე) უზმო იყო ხოლმე. ეკლესიის მიერ დადგენილ მრავალდღიან მარხვებს საკუთარსაც უმატებდა, თუკი რაიმე სერიოზულ საკითხზე ანდა გატანჯული ადამიანისთვის ლოცულობდა.
ერთხელ ჰკითხეს, - ამდენი მარხვით კუჭი როგორ არ გაგიფუჭდათო. უპასუხა: - კუჭს მარხვა არ აფუჭებს. თუ ადამიანი გაღიზიანდება, ჭამა მინდაო, მაშინ კი ფუჭდება. როცა კაცი გაღიზიანდება, მისი კუჭი მუდმივად გამოყოფს მხოლოდ საჭმლის გადასამუშავებელ წვენს, რომელიც კუჭის კედლებს ჭამს და ის ტკივილს იწყებს. ადამიანი მდგომარეობის მიხედვით უნდა იკვებოს. შეუძლია თავშეკავება და ცოტა ჭამა? ასე მოიქცეს. სულიერად წარმატებული მცირე საზრდელს იღებს, მაგრამ იმისთანა ძალებს გრძნობს, თითქოს ჩვეულებრივად ეტრაპეზოს. ეს ხდება იმიტომ, რომ ის სულიერად იკვებება და ორიოდ ლუკმაც საკმარისია მისი არსებობისთვის.
მამა პაისი ცდილობდა, მისი მარხვა არავის შეეტყო, მაგრამ ძვალ-ტყავად გადაქცეული სხეული ყველაფერს ამბობდა. ეშმაკები თავს რომ ესხმოდნენ, დასცინოდნენ, ჩონჩხი ხარო. კონიცის მონასტერში ყოფნისას მორწმუნეთა თაყვანის საცემად კიდობნით წმინდა ნაწილები მიაბრძანა. ერთმა ბერიკაცმა ჯერ კიდობანზე მიუთითა, მერე მამა პაისიზე და თქვა, - იქაც ძვლებია და აქაცო. მამა პაისი ამბობდა: "ასკეზისას ძალიან ეხმარება მიჩვევა. როცა კაცი სიყმაწვილიდან მოღვაწეობას მიეჩვევა, შემდგომში ვეღარ გრძნობს სიძნელეებს". განგრძობილი მარხვის მერე სხეული შესჩიოდა და ნუგეშს სთხოვდა, მამა პაისი კი მას "საუბარს" უწყებდა: "რა გინდა? წადი ახლა და ერთი ჭიქა ჩაი დალიე, ეს გეყოფაო". ის ცარიელ უშაქრო ჩაის სვამდა. როცა მარხვისგან თავბრუ დაეხვეოდა, წყლის სმით "ატყუებდა" შიმშილს.
მკაცრ მარხვასთან ერთად მამა პაისი მღვიძარების ღვაწლსაც ეწეოდა. ყოველ ღამე შუაღამიანს ლოცულობდა, დღისით არასოდეს ისვენებდა, დღე-ღამეში სამიოდე საათს ჩათვლემდა. ღამის ლოცვებზე ხარჯავდა მთელ ძალებს, ათევდა ღამეს და უთვალავჯერ იდრეკდა მუხლს. მღვიძარებაზე ამბობდა: "თვლემა ბერს აფუჭებს და ღმერთთან კავშირს უწყვეტს. აუცილებელია განუწყვეტელი ბრძოლა და საკუთარი თავის იძულება, ღამის ლოცვების პირველივე წუთებიდანვე საკუთარ თავს უნდა აჯობო. ეშმაკების პირველი მწკრივი თავს რომ დაგესხმება, თუ გაუძალიანდები, გაიფანტება. სიამოვნებისთვის ნუ შევასრულებთ ღამისთევის ლოცვებს. შეგვიძლია ღამე ვუთიოთ ავადმყოფს და ვთქვათ: "ღმერთო ჩემო, განკურნე იგი, რომ მასაც შეეძლოს შენი დიდება". ამის მერე ვიწყებთ ღვთის დიდებას ანდა ვილოცებთ: "ღმერთო ჩემო, მიმადლე ძილი იმ ხალხს, რომელთაც დაძინება არ შეუძლიათ ან ტკივილისგან, ანდა იმის გამო, რომ ნერვები სიმებივით აქვთ დაჭიმული და ძილის წამალს იღებენ".
ამხნევებდა სხვებს ღვაწლისთვის და აღნიშნავდა საფრთხეს, ხიბლის შემცველი მოღვაწეობიდან რომ მომდინარეობს, როცა მონაზონი (გნებავთ, ერისკაცი) მხოლოდ ასკეზის გარეგნულ, ხორციელ მხარეს უთმობს ყურადღებას და არად აგდებს ბრძოლას სულიერ ვნებებთან. იგი ამბობდა: "ყველაზე დიდი ბრძოლა საჭიროა სიყვარულისა და თავმდაბლობის მოსაპოვებლად. თუ ადამიანი ამრავლებს ხორციელ ღვაწლს, შეიძლება გაამაყდეს - თითქოს რამეს წარმოადგენდეს. მაგრამ თუ სიამაყეს განგმირავს, ძალზე ადვილად მიაღწევს წარმატებას სხვა დანარჩენშიც. პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება სიმდაბლესა და სიყვარულს, შემდგომ - მღვიძარებასა და მარხვას".
"ბერმა უნდა ისწავლოს საკუთარი თავის პატრონობა და ფლობა, - ამბობდა იგი, - უნდა ისაუბროს, მიიღოს საკვები არა მაშინ, როცა მოაგონდება, არამედ როცა საჭიროა. თუ ეს ისწავლა, არსად ცუდი არაფერი მოუვა. ვისაც საკუთარი თავის მართვა არ შეუძლია, იმ ხარს ჰგავს, რომელიც მარცვლეულით სავსე ბეღელში შედის, ხარბად ჭამს მას, ვიდრე არ გასკდება. ბევრს ადვილად გაიტაცებს რაიმე ვნება, ვეღარ ჩერდება და დაღმართში მიექანება".
მამა პაისის მოღვაწეობაში ჩანდა ღვთის დიდი სიყვარული. ასკეზა ბერისთვის არ იყო თვითმიზანი, არამედ მისი საშუალებით განიწმენდდა თავს და აღივსებოდა სულიწმიდის მადლით.
ხელსაქმე. სიყრმიდანვე შეიყვარა მამა პაისიმ შრომა. ბერობაში გამოადგა ერისკაცული ცოდნა დურგლობისა. შეისწავლა ხეზე კვეთა. მისი ნაკეთობები განსაკუთრებულ მადლს გამოსცემდა, ვინაიდან ყველაფერს კეთილმოკრძალებით და ლოცვით აკეთებდა.
ხეზე კვეთის ხელოვნებაზე ბერი ამბობდა: "ჯვარცმული ქრისტე, ღვთისმშობელი და წმინდანები ნაკვეთ ხატებზე ბუნებრივად და ამავე დროს უფრო ფაქიზად, უფრო ასკეტურად უნდა გამოიყურებოდნენ, რომ მათ მიერ სულიერს ვხედავდეთ. ქრისტე ტანსრულად არ უნდა ჩანდეს, მით უმეტეს, ჯვარცმისას, მისთვის ხომ საჭმელი არ მიუციათ".
ბერი გვირჩევდა: "თუ ხატის გამოკვეთისას იმაზე ფიქრობ, სახატე ხე სად ვიშოვოო, ეს არ არის ლოცვა. მაგრამ თუ ქრისტეს სახისთვის შესაფერისი გამომეტყველების მიცემაზე ფიქრობ, უკვე ლოცვაა".
მონაზვნური ხელსაქმე კურთხეული რომ იყოს, აუჩქარებლად და ლოცვით უნდა შესრულდეს. ბერი პაისი ამბობდა: "თუ ხელსაქმეს შინაგანი სიმშვიდითა და ლოცვით აღვასრულებთ, მაშინ მასზე ჩვენი სულიერი მდგომარეობა აღიბეჭდება და როცა ადამიანებს ჩვენს ნამუშევარს ვაძლევთ, ისინი კურთხევას იღებენ. ერთხელ ხატს ვკვეთდი. უკვე ხელი მქონდა გაწაფული, სამუშაოს მოუწყვეტლად, შეუჩერებლად იესოს ლოცვას ვიმეორებდი. და ხატმა თვითონვე მიიღო დასრულებული სახე. ხელისგულზე დავიდე და ასე ვიჯექი ორი-სამი საათი. როცა კარგ სულიერ მდგომარეობას მივაღწევთ, როცა ქრისტეს სიყვარული გულიდან გადმოიღვრება, მაშინ ჩვენი ხორციელი მსახურებაც ლოცვად იქცევა. ერთხელ წმინდა დიდმოწამე დიმიტრის სამი სხვადასხვა ხატი შემიკვეთეს. დრო ნახევარი წელი მქონდა. გავიდა ხუთი თვე და მხოლოდ ორის გამოკვეთა მოვასწარი. მესამის კვეთისას ვჩქარობდი. ვღელავდი და წმინდა დიდმოწამის სახე ცუდი გამომივიდა. ის შემკვეთს აღარ მივეცი, მაგრამ ვიღაცას კურთხევის ნიშნად ვაჩუქე".
ბერისთვის წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი ფიზიკური შრომა ლოცვის გარეშე. ერთმა მონაზონმა ჰკითხა: - მამაო, როგორ მოვიქცე ჩამი ნახევრად დანგრეული კელიის აღდგენას? "დაე, ხელებმა იმუშაონ, ხოლო გონებამ იესოს ლოცვა წარმოთქვას - დაე, ღმერთში იმყოფებოდეს".
ხატმწერებს დაჟინებით უმეორებდა, - კარგი ხატები უნდა დახატოთო. "ხატები საუკუნეების განმავლობაში ქადაგებენ, ტაძარში ქადაგება (ღვთისმსახურთა) კი მცირე ხანს გრძელდება. მაგალითად, ვუცქერით ღვთისმშობლის ხატს და ვნუგეშობთ. რა თქმა უნდა, თუ ხატი ცუდად არის დაწერილი, წმინდანის სახე, თვალები მძვინვარე, გაბოროტებული კაცისა გამოვიდა, მაშინ ასეთი ხატი უარყოფითად ქადაგებს. ერთმა კაცმა მითხრა: როცა მუხლს ვიყრი ქრისტეს ხატის წინაშე და მისთვის გულის გაღება მინდა, მაგრამ თუ ვხედავ, რომ ქრისტე ფაშისტ დამპყრობელს ჰგავს და განრისხებული მომჩერებია, ვიძაბებიო.
ხატი სასწაულს ახდენს, თუკი მიიზიდავს მასზე გამოსახული წმინდანის მადლს. ხატიდან ჩანს, რა უყვარს ხატმწერს. ჩვეულებისამებრ ხატებზე საკუთარ თავს ვხედავთ. ერთ მონაზონს ღვიძლი და უყვარდა და ხატზე იგი გამოსახა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, რასაც ერთიანად ღმერთს ვაძლევთ, ის საღმრთო მადლს მიიზიდავს. სულის შინაგანი მდგომარეობა აისახება ხელსაქმეშიც. თუ კეთილმოკრძალება გაქვს, მაშინ შენი ხელსაქმე კეთილმოკრძალებითაა გაჟღენთილი..."
ხელსაქმესაც თავისი დანიშნულება აქვს, მისი ქმნა არ არის თვითმიზანი. მამა პაისი ამბობდა; "ბოლოს და ბოლოს, ჩვენი, ბერების, მიზანი ის კი არ არის, გავხდეთ კარგი მგალობლები, დახელოვნებული ხეზე მკვეთნი თუ ხატმწერნი... ჩვენი მიზანია, გავხდეთ ნამდვილი ბერები, გავხდეთ ანგელოზები. თუ ეს მოხდება, მაშინ შენს მიერ გამოთლილი ჯვარი და დაწერილი ხატი მადლმოსილი იქნება, მისი მლოცველი ხალხიც ასევე მადლს მიიღებს. ამიტომ მადლის (კურთხევის) მისაღებად ჯვრების, ხატების, სკვნილების და სხვათა მონასტერში შეძენას არჩევენ ხოლმე".