* მეფე ბაგრატის მოწვევით სამშობლოში ჩამოსულ წმინდა გიორგი მთაწმინდელს დიდი გაჭირვება დახვდა. ოთხმოცამდე ბავშვი შეკრიბა - ზოგი უპატრონოდ მიგდებული იპოვა, ზოგსაც მშობლები უტოვებდნენ კართან მალულად.
ღირსი მამა ქართველებს მოწყალების გაცემისკენ მოუწოდებდა, განსაკუთრებით მდიდრებს ასწავლიდა "საფასეთა განბნევისათვის". აი, ამ დროს, როცა გაჭირვების გამო მშობლებს შვილები "საძულელ ექნებოდის", როცა ხალხი შიმშილის გამო არაწმიდებას ჭამდა, ქართლში ერთი ეპისკოპოსი ცხოვრობდა, ფრიად მდიდარი, წარჩინებული გვარისა და საოცრად გულგრილი. თავის საგანძურს ეკლესიების შესამკობ-განსაშვენებლად, მონასტერში თავისთვის აღაპის დასადებად ინახავდა და გლახაკები არ ენაღვლებოდა. მამა გიორგიმ მღვდელმთავარს უთხრა: "მეუფეო, ეგ ბოროტი მტრის ბრძოლაა, რათა ეკლესიათა და აღაპთა მიზეზით გლახაკთა მიმართ უწყალობაში მოგკლას. რამეთუ იმას კი არ გეტყვის ღმერთი, ეკლესია რად არ შემიმკეო, არამედ "მშიოდა და არ მომეცი საჭმელიო". სხვა ამგვარი სიტყვებით წმინდა გიორგიმ მღვდელმთავარი სინანულში ჩააგდო და მანაც გლახაკთათვის თავისი ქონების უხვად გაცემა დაიწყო.
* ერთხელ წმინდა ლევ ოპტელს ბრძოლებში სახელგანთქმული გენერალი კულინოვი ეწვია. პირველად ღირსმა მამამ სადაურობა ჰკითხა. "პატარა დავობლდი, დავამთავრე სასწავლებელი და მას შემდეგ ვმსახურობო". "დედაშენი სად არის?" "არ ვიცი, ცოცხალი თუა, თუმცა ჩემთვის სულერთია. მან მთელი ქონება გასცა, მე არაფერი დამიტოვაო", - მიუგო.
- ეჰ, გენერალო, რას ლაპარაკობ. იმაზე რატომ არ გიფიქრია, როგორ დაითმინა მან მეუღლის სიკვდილი და მას შემდეგ ჩაუქრობელ ლამპრად დგას ღვთის წინაშე? მან თავი ნებით მისცა სიგლახაკეს, რომ მის ნიკოლაშკას გამოადგეს მისი გაკეთებული სიკეთე. ოცდაათი წელია ასეთ თავგანწირულ ღვაწლს ეწევა. ნუთუ მისი ლოცვები არ არის საუკეთესო მემკვიდრეობა ნიკოლოზისთვის? თანაც ნიკოლოზი თუმცა ღარიბია, მაგრამ გენერალია.
მოძღვრის უბრალო სიტყვებმა შეძრა გენერალი, ატირდა. მერე კი კეთილმოკრძალებით საკუთარი დედის მისამართი ჰკითხა. მივიდა დედასთან, მუხლებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა.
* ეს ამბავი სერგი ნილუსმა მოტოვილოვის ჩანაწერებში აღმოაჩინა. სევასტოპოლის ალყის წინ ქალაქისთავი იყო თავადი მენშიკოვი. მას იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა. თავადმა ხატი საკუჭნაოში დატოვა. ვიდრე იმპერატორმა არ ჰკითხა, ხატი სად დაკიდეო, მანამ არ გახსენებია. მოძებნა და გალავნის ჩრდილოეთ მხარეს დაასვენა. ერთხელ მენშიკოვი მეგობარს ჭადრაკს ეთამაშებოდა. ამ დროს ადიუტანტმა მოახსენა, მთავარეპისკოპოს ინოკენტი ხერსონელის შიკრიკს თქვენი ნახვა უნდაო. "შემოიყვანეთო". შემოვიდა შიკრიკი და მოახსენა: მეუფე სევასტოპოლში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მოაბრძანებს. გთხოვათ, რომ ქალაქის ალაყაფის კარებთან სათანადო პატივით დახვდეთ. დაგიბარათ: ზეციური დედოფალი სევასტოპოლის დასახსნელად მობრძანდებაო. მენშიკოვმა გულგრილად მიუგო, - გადაეცი მთავარეპისკოპოსს, რომ ტყუილად შეაწუხა ღვთისმშობელი, უიმისოდაც ფონს გავალთო. ასეთი მკრეხელური პასუხის შემდეგ მეუფემ - თუ არ გვიღებენ, ჩვენ თვითონ წავალთო და ბრძანა, გალავნისკენ წასულიყვნენ. უეცრად შეატყობინეს, ცხენები დადგნენ და ხატი აღარ მიდისო. წმინდა ხატმა ნება არ მისცა ჩრდილოეთ ნაწილს იქით წასვლისა. გადაიხადეს პარაკლისი და მეუფემ ხატი შინ წააბრძანა.
მტერმა ციხე-ქალაქის მხოლოდ ჩრდილოეთ კედელი ვერ აიღო.
* არ შეიძლება გულგრილად მივუდგეთ ჩვენი სულის ცხონებას, ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობას. ერთხელ სქემმონაზონ ზაქარია-ზოსიმესთან (+1936) აღსარების სათქმელად ორი ქალბატონი მიდიოდა. ერთი გულში ცოდვებს აღიარებდა და ინანიებდა, მეორე კი იმას ფიქრობდა, თავისი გოგონასთვის რომელი საკაბე ქსოვილი ეყიდა და როგორი კაბა შეეკერა. შევიდნენ კელიაში და წარდგნენ ბერის წინ. მამა ზაქარიამ პირველს უთხრა: - მუხლი მოიყარე და ცოდვათა მიტევების ლოცვას წაგიკითხავ. ცოდვების ჩამოთვლა აღარ გინდა, მთელი გზა იმეორებდიო და ზიარების ნება მისცა. მეორეს კი უთხრა: - წადი, აურჩიე ქსოვილი შენს ქალიშვილს და სასურველი სტილის კაბა შეუკერე. როცა სულში სინანული გაგიჩნდება, მაშინ მოდი აღსარების სათქმელადო.
* წმინდა ნილოს სინელი მისწერს ოქრომჭედელ ელპიდის: "დიდი გულმოდგინებით ამზადებ სხვათათვის უამრავ სამკაულს უსულო ოქროსგან, საკუთარი თავის გამშვენება კი არ გსურს სათნოებებით. რამეთუ მიგიღია ღვთისაგან ოქროს ნივთი - სული, რომელიც შენი გულგრილობით ქვად და ტყვიად აქციე და ჩააგდე, უსარგებლო და გასაცოდავებული, ცხოვრების ქურაში. ამიტომ საკუთარი ნებით ჩაიძირები შეცთომილების ზღვაში და გაქრები ცოდვის მორევში. ჩვენგან არ დაიფარა შენი ბნელი საქმეები. შეგეშინდეს მაინც იმ სიმღერის, რომლითაც მოსე შეარცხვენს გამოუსწორებელ ეგვიპტელებს, რომლებსაც შენნაირად მორეოდათ საკუთარი ბოროტება: ბილწი ეგვიპტელები ტყვიასავით ჩაიძირნენ, მორევმა დაფარა ისინი, და ქვებივით წყლის სიღრმეში ჩაეშვნენ" (შეადარე გამოსვლათა 15,10,5).
* არ შეიძლება გულგრილად მოექცე ეკლესიის მამათა სწავლებებს, კანონებს, მართლმადიდებელ სჯულს. ყველასთვის პატივცემულმა ოდესელმა მოძღვარმა მამა იონამ პირველ იანვარს, წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების წინა დღეს, ღამისთევის ლოცვისას, როცა აღავლინა ლოცვა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა", იხილა, საკურთხეველში წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და წმინდა სერგი რადონეჟელი შემობრძანდნენ, ხელი წმინდა სერაფიმე საროველისთვის ჩაეკიდათ. მათ წინ, მოშორებით ქრისტე მაცხოვარი მიდიოდა, ტანთ ცისფერი დახეული სამოსი ეცვა. "მაცხოვარო ჩვენო, ვინ დაგიხია ასე სამოსი?" - შეეკითხა წმინდა სერაფიმე საროველი. "ასე მე მღვდლები და მღვდელმთავრები მომექცნენო". ხილვის ბოლოს წმინდა სერაფიმემ ბრძანა: "ყველა ჩემნაირ დიდებაში იქნება, ვინც კი მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა კანონს ჩემსავით ასრულებს".
* XIX საუკუნეში ქალაქ როსლავში ერთი მდიდარი ქალბატონი ცხოვრობდა, რომელიც მრავალი წლის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გამოსვენებისას მიცვალებული გაცოცხლდა და კუბოდან ისევ საწოლში გადააწვინეს. თუმცა სნეულებისგან (დამბლა სჭირდა) არ განკურნებულა. მან მოძღვარს უამბო: სიკვდილის შემდეგ ზეცაში აღტაცებული საშინელი სამსჯავროს წინაშე წარვდექი. გადაშლილი ჰქონდათ დიდი წიგნი, რომელშიც ჩემი ცოდვა და მართალი ეწერა. მკაცრად განმიკითხავდნენ, იმ ცოდვებშიც კი, მე რომ გულგრილად ვუყურებდი. ღვთის წყალობით, თითქოს ბევრი ცოდვა მეპატია. ვიფიქრე, ალბათ განვმართლდები-მეთქი, რომ ერთმა მრისხანე კაცმა მკაცრად მომთხოვა პასუხი - ვაჟი სუსტად აღზარდე, გულგრილი იყავი მისი სულიერი მდგომარეობის მიმართ - გარყვნილების მორევში ჩაიძირა და იღუპებაო. თრთოლით და ტირილით ვიმართლებდი თავს, - შვილი არ მემორჩილება და მხოლოდ სრულწლოვანების ასაკში გაირყვნა-მეთქი. დიდხანს გასტანა ამ სასამართლომ. ჩემი არც ერთი თავის გამართლება არ მიიღეს. ბოლოს ერთმა მრისხანე კაცმა მეორეს უთხრა: გაუშვი უკან, რომ სათანადოდ გამოიტიროს თავისი ცოდვებიო. ერთმა ანგელოზმა ხელი მკრა და ქვემოთ, საკუთარ სხეულში ჩამოვეშვი. "ისე მკაცრად არაფრისთვის განმიკითხეს, როგორც ჩემი ვაჟის გამო, ეს ტანჯვა კი ენით გამოუთქმელი იყოო", - თქვა ქალმა, რომელმაც რამდენიმე წელი კიდევ იავადმყოფა და აღესრულა. ამ სასწაულმა მისი შვილი გონს მაინც ვერ მოიყვანა, სრულიად გაირყვნა, წახდა და მისი გამოსწორების იმედიც გაქრა.
ტყუილად კი არ უთქვამს წმინდა თეოფანე დაყუდებულს: - გულგრილობა საკუთარი შვილების აღზრდაში ცოდვათა შორის უდიდესია, მასში დევს უმაღლესი ხარისხის ბიწიერებაო.
"ბავშვების მიმართ გულგრილნი არიან მაშინაც, როცა მხოლოდ მათით ერთობიან ან მათ ართობენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი სწავლის ჟამია დამდგარი და არა გართობისა", - ბრძანებს დიმიტრი როსტოველი. ბასილი დიდი კი: "როგორ გეყოლება წესიერი შვილები, როცა თვითონ უწესოდ ცხოვრობ?"
* ერთხელ მამა ეპიფანე (+1989) ესტუმრა მღვდელს, რომლის ცოლმაც შესჩივლა: ჩემი ქმარი ისეა ეკლესიისა და მრევლის საქმეებში ჩაფლული, ოჯახი მთლად დაივიწყაო. მამა ეპიფანე დედაკაცის მხარეს დადგა და მღვდელს უთხრა: - მეუღლე და შვილებიც შენი მრევლია და მათთვისაც პასუხს აგებო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი