გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-9
სიმდაბლის მასწავლებელი. როგორც ფუტკარი გაურბის კვამლს, ისე გაურბოდა მამა პაისი ქებას და პატივს. როცა ჯერ კიდევ ჯარისკაცი იყო და სიმამაცის ორდენით დააჯილდოეს, მის მაგივრად მწყობრიდან მისი თანამომსახურე გამოვიდა და ორდენი მან მიიღო. "სწორედ მოიქეცი, რად მჭირდება ეგ ორდენი?" - უთხრა პაისიმ.
ერთხელ მამა პაისი კერკირაზე (კუნძული კორფუ) ჩავიდა. ჯარის მეგობარმა პანტელისმა დედას გააცნო, - ეს არის, ვინც გადამარჩინაო. ბერმა იუარა: რას ამბობ! უფალმა გადაგარჩინა და არა მეო. მან მეგობარს თავისი ბერული სახელი არ გაუმჟღავნა, რომ შემდგომში მისი ძებნა არ დაეწყო.
მამა პაისი როცა ტაძარში ღამისთევის ლოცვაზე მიდიოდა, მოშორებით მდებარე სტასიდიაზე დგებოდა. ყოველთვის თავს არიდებდა ლოცვის წარმოთქმას, როცა სთავაზობდნენ. "მრწამსს", "მამაო ჩვენოს" თუ ექვსფსალმუნს, ათონური წესით, მოძღვარი ანდა ყველაზე პატივცემული მონაზონი კითხულობს. მიუხედავად იმისა, რომ ლოცვაზე მეტწილად მისი სულიერი შვილები იყვნენ და შვილებად და შვილიშვილებად ეკუთვნოდნენ, ბერს "თავის გამოჩენას" მყუდრო ლოცვა ერჩია. რომ არ დავიწყებოდა, ვინ იყო, კელიის კედელზე წააწერა: "უფალმან აღადგინის ქვეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი" (ფ. 112,7).
როცა ვინმე მამა პაისის ფოტოგადაღებას ან მისი საუბრის მაგნიტოფონზე ჩაწერას ცდილობდა, მკაცრი ხდებოდა - ფოტოებს ართმევდა და ხევდა, მაგნიტოფონის კასეტებს წვავდა. ერთ მორწმუნეს, რომელიც სხვებს აღფრთოვანებული უყვებოდა მამა პაისიზე, მან ეპიტიმია დაადო, სამი წელი ჩემთან კელიაში არ მოხვიდეო. ერთხელ ვინმე სუროტელმა პირში უთხრა, წმინდანი ხარო და მამა პაისი ატირდა. რა ექნა? გაურბოდა სახელსა და დიდებას, მაგრამ ღმერთს სურდა, ამ სიცოცხლეშივე განედიდებინა თავისი მორჩილი.
ერთხელ ათონის მთა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოს I-მა (+1991წ.) მოინახულა. მამა პაისიც, სხვა ათონელ ბერებთან ერთად, მივიდა კურთხევის მისაღებად. როცა პატრიარქს უთხრეს, - უწმინდესო, მამა პაისი მოვიდაო, თავმდაბალი პატრიარქი წამოდგა სამღვდელმთავრო ტახტიდან, რათა ბერს მისალმებოდა. მამა პაისი მას ფეხებში ჩაუვარდა, შუბლი იატაკს დაადო და ასე დარჩა, ვიდრე ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ფეხზე არ წამოაყენა. ამ დროს პროტატის ტაძარში იმყოფებოდა საბერძნეთის პრეზიდენტი. პრეზიდენტის დაცვის უფროსი კონსტანტინე პაპუცისი ჰყვება: "მამა პაისიზე ბევრი რამ გამეგონა. მაღალი, დიდებული შესახედაობისა წარმომედგინა და ველოდი, რომ ტაძარში საპატიო ადგილს დაიკავებდა. მაგრამ მაჩვენეს ჩია მოხუცებული ბერი, რომელიც ტაძრის მოფარებულ ადგილას, სვეტის უკან იდგა - ეგ არის ბერი პაისიო. მის პიროვნებაში იყო რაღაც ღვთაებრივი, რომელიც გიზიდავდა... პრეზიდენტის პირადმა მცველებმა ბერთან მიირბინეს კურთხევისთვის. პრეზიდენტთან მარტო მე დავრჩი. დავიბენი, ვცდილობდი მათ მობრუნებას, მაგრამ არ მისმენდნენ. უეცრად მეც გულის ზრახვას დავემორჩილე, მივატოვე პოსტი და ბერთან გავჩნდი. ღმერთმა დაგვიფარა, რომ არაფერი მოხდა.
ბერმა თავი ვერ დააღწია უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა "შეტევებს", მსუბუქად დაგვიკაკუნა თითოეულ ჩვენგანს თავზე (კურთხევის ნიშნად), თან გვეუბნებოდა: "მიდით, ბიჭებო, მიდით, საქმეს დაუბრუნდით".
თითოეულ ჩვენგანში რაღაცნაირი შინაგანი ცვლილება მოხდა. ჯერ განუცდელი სიხარულით ავივსეთ. მამა პაისის ეკითხებოდნენ, სიამაყეს თუ გრძნობ ასეთი პატივისცემის გამოო. პასუხობდა, - რა მაქვს საამაყო, როცა ვიცი, ასეთი არ ვარ. თუ იმასაც გავიფიქრებ, რამდენი ლიტრი დაღვარა ჩემთვის ქრისტემ, ლამის გონება დავკარგოო. ასევე ამბობდა: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი გოგრა ვარ, წყურვილით გატანჯული ადამიანები ვეღარ ითმენენ და ჩემთან მოდიან წყურვილის მოსაკლავად და ჰგონიათ, ჩემი სახით მწიფე საზამთროს ნახავენ".
მამა პაისი შეწუხებული იყო იმით, რომ მისი სახელი ყველასთვის ცნობილი გახდა. ამბობდა: "ჩემი ყველაზე დიდი მტერი ჩემი სახელია. ყველაზე დიდი ბოროტება მტრებმა კი არა, ნაცნობ-მეგობრებმა მომაყენეს. ჩემი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში რომ მცოდნოდა, ეს რითი დამთავრდებოდა, წავიდოდი იერუსალიმში, დაფარული ბერი ვიქნებოდი, ჩავიცვამდი შავ პალტოს, დავიხურავდი სკუფიას, მოვუშვებდი თმა-წვერს. არავის ეცოდინებოდა ჩემი მონაზვნობა და სხვათათვის სრულიად უცნობი ვიქნებოდიო".
ბერს არ უყვარდა შექება, არ ტკბებოდა ცრუ ადამიანური დიდებით. ჩემი საქმეებით ღვთის სახელი იგმობა, მაგრამ მე ამ ბოროტებას შეგნებულად არ ვჩადი, ამიტომაც მწამს, რომ ღმერთი შემიწყალებსო, - ამბობდა.
მას უხაროდა, როცა სხვები აღწევდნენ სხვადასხვა საეკლესიო საფეხურებს: ხდებოდნენ მღვდლები, მოძღვრები, იღუმენები, ეპისკოპოსები. აღძრავდა კიდეც ხარისხის მისაღებად ღირსეულთ. სურდა, ყველა თავისზე აღმატებული ენახა და ამიტომაც ახალგაზრდა ბერებს სულიერ ზრდაში ეხმარებოდა. "იმისთვის, რომ გაიზარდოს და სულიერი ნაყოფი გამოიღოს ახალგაზრდა ბერმა, მზად ვარ, იმ მიწად ვიქცე, რომელზეც ის ამოიზრდებაო".
ის ყოველთვის პირველი ეამბორებოდა სხვებს, მუხლს იდრეკდა, მაგრამ ცდილობდა, ხელი საპასუხოდ საამბორებლად არ გაეწოდებინა. ძალზე უშუალო იყო და ამიტომაც მასთან ურთიერთობა მორწმუნეებს დიდ სიხარულს ანიჭებდა.
მამა პაისის თავმდაბლობა ბევრჯერ გამოიცადა. ათასნაირ ცილს სწამებდნენ ეკლესიიდან განდგომილი ზილოტები თუ ლიბერალები. "ნეტარ იყავ და გიხაროდეს, როცა უსამართლოდ ცილს გწამებენ და არა მაშინ, როცა სამართლიანად აქებენ შენს მოსაგრე ცხოვრებას, სწორედ ამაში ძევს წმინდანობის ნიშნები", - ამბობდა და თავის ცილისმწამებლებსა და ბრალმდებლებს საჩუქრად ნივთებსა და პროდუქტებს უგზავნიდა.
თავმდაბლობაზე ამბობდა; "არ არის საკმარისი მარტო სიამაყის გულისთქმები უკუაგდო. უნდა ვიფიქროთ ასევე საღვთო მსხვერპლზე, წყალობასა და ჩვენს უმადურობაზე. მაშინ ჩვენი გული, თუნდაც გრანიტისა იყოს, შეიმუსრება. როცა ადამიანი შეიცნობს საკუთარ თავს, მაშინ თავმდაბლობა მისი სულის მდგომარეობა გახდება. ღმერთი მოვა და ჩასახლდება ასეთ ადამიანში, ხოლო იესოს ლოცვა თავისთავად აღესრულება".
თავმდაბლობის შედეგიანობის საჩვენებლად ასეთ რამეს მოჰყვა: "ერთხელ კატის კნუტი ავად გამიხდა. საცოდავს აზიდებდა და იტანჯებოდა. ვხედავდი მის ტანჯვას და გული მტკიოდა. ჯვარი გადავსახე, მაგრამ არ უშველა. "ოჰ, შე ფუქსავატო, კნუტის დახმარებაც კი არ შეგიძლია", - ვუთხარი საკუთარ თავს და როგორც კი დავმდაბლდი, კნუტი მაშინვე გამოკეთდა".
ახლა თავმდაბლობას ფასი დაეკარგა. ადამიანებმა მისი ღირსება და ძალა არ იციან. მის შესაძენად არ ისწრაფვიან, მაგრამ თავმდაბლობა იმდენად არის აუცილებელი, რომ მას ზეცამდე ავყავართ. ამიტომ ჰქვია მას "ამმაღლებელი". ზეცაში ერისკაცული აღმართით კი არ ადიან, არამედ სულიერი თავდაღმართით ანუ თავმდაბლობით ეშვებიან. თავმდაბალი და განკრძალული კაცი გადარჩება. ბერმა სიმდაბლე თავის ქონებად უნდა გაიხადოს. ეს განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო წუთებში დასჭირდება.
მამა პაისის სურდა, რომ თავმდაბლობა სიკვდილის შემდეგაც მისი თანამგზავრი ყოფილიყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ კაცს საიდუმლოდ სთხოვა: - როცა მოვკვდები, სოფელ აგია პარასკევას (მახლობლად მდებარეობდა სუროტის მონასტერი, სადაც მამა პაისი ცხოვრობდა) ხრამში გადამაგდე, რომ ძაღლებმა შემჭამონო. მანამდე კი ამბობდა, - ვისურვებდი, როცა საფლავს გათხრიან, ჩემი ძვლები გაშავებული დახვდეთ, რომ ადამიანებმა თქვან: "ხედავთ, ვერაფერი შვილი ყოფილა ეს პაისიო". თუ ეს მოხდება, ხალხი პატივს აღარ მომაგებსო.
იყვნენ ისეთი ნეტარი ბერები, ძალზე უბრალონი, რომლებიც ღამით ხელთუქმნელ ნათელს ხედავდნენ და ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ. ფიქრობდნენ, ასეთი ნათელი მოეფინება ღამით ბერებს და ეს ნათელი თავისთავად წარმოიშვება და ქრებაო. მამა პაისის ნეტარი უბრალოება ჰქონდა, ხედავდა ხელთუქმნელ ნათელს, ჰქონდა მადლი სულიერი ჭვრეტისა და დაფარულთმცოდნეობისა. კარგად იცოდა, რომ მის მიერ განცდილი მოვლენა ღვთაებრივი და იშვიათი მადლმოსილი მდგომარეობა იყო, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან იყო, მისი საკუთარი "საგანძური" კი - მხოლოდ ცოდვები. ეს მადლი წყალობა იყო ღვთისა, ამიტომაც ამბობდა: "მე ის კონსერვის ქილა ვარ, მზის სხივებს რომ აირეკლავს და ოქროსი გგონია. მე თუ ღვთაებრივი მადლი დამტოვებს, ყველაზე დიდი თავგასული გავხდები და თანხმობის მოედნის (ათენის მთავარი მოედანი) გარშემო საქეიფო ადგილებში გავატარებ დროს. არადა, ერისკაცობისას ყავახანაშიც არ შევსულვარო".
მამა პაისი გრძნობდა ღვთის სიყვარულს. იმასაც, რომ მისი მოვალე იყო. ამიტომაც წუხდა და ოხრავდა, რადგან უფლისთვის ვერაფერს აკეთებდა. "მე ვიცნობდი წმინდანებს, ამიტომაც ბევრი უნდა გამეკეთებინაო", - ბრძანებდა დანანებით.
"შევინანოთ, ძმებო". ერთხელ, სოფელში მცირე ხნით გასვლის მერე, მამა პაისიმ თქვა: "დღეს ცოდვა მოდაში შემოვიდა. მათგან, ვისაც შევხვდი და ვესაუბრებოდი, აღსარებაზე ათი პროცენტი თუ იყო ნამყოფი. მე ყოველდღიურად აღსარების თქმის მოთხოვნილება მაქვს, ისინი კი საკუთარ თავში ცოდვას ვერ ხედავენ!"
თვითონ ბერი სხვა სულიერ სამყაროში ცხოვრობდა და მოვლენებს ამ სოფლის ადამიანებისგან განსხვავებულად აფასებდა. სხვებისთვის ყოველთვის პოულობდა შემამსუბუქებელ გარემოებას, თუმცა საკუთარ თავს მკაცრად სჯიდა. ამბობდა: "ნიშანი იმისა, რომ ვინმე ნამდვილ სულიერ ცხოვრებას ეწევა, არის ის, რომ იგი დიდად მკაცრია საკუთარი თავის მიმართ და ბევრად შემწყნარებელი სხვებისადმი. კაცმა კანონები სხვა ადამიანების მიმართ ზარბაზნებად არ უნდა გამოიყენოს". მამა პაისი ასევე ბრძანებდა: "როცა წმინდანები საკუთარ თავს ცოდვილებს ეძახდნენ, ეს სჯეროდათ, მათი სულიერი თვალები მიკროსკოპების მსგავსნი გახდნენ ამით და თავიანთ მცირეოდენ შეცდომებსაც კი დიდ ცოდვებად ხედავდნენ".
მხურვალე იყო მამა პაისის სინანული, ამიტომაც გრძნობდა აღსარების ხშირად თქმის აუცილებლობას. სხვა ღვაწლთან ერთად სამოცდაჩვიდმეტჯერ ჩამომარცვლავდა სამასიან სკვნილს. ამით სიმბოლურად "შვიდგზის სამოცდაჩვიდმეტჯერ" შესთხოვდა უფალს, როგორც დიდი ცოდვილი. სინანულის მომუშაკებისას ხშირად კითხულობდა ანდრია კრიტელის კანონს, რომელიც უკვე ზეპირად იცოდა, ასევე მოსწონდა მანასეს ლოცვა, რომელიც დიდად ეხმარებოდა სინანულში.
ცრემლებზე ამბობდა: "ცრემლები მრავალი სახისაა. სინანულისა - იმედიანი ცრემლებია, ვინაიდან ისინი ცოდვათაგან განწმენდენ სულს და სულიერ მისაგებელს მოიპოვებენ, თუმცა ეს ცრემლები ფიტავენ ორგანიზმს. მაგრამ არსებობენ უჩუმარი ცრემლები. მარტო ერთადერთი ამოოხვრა ხშირად მეტია, ვიდრე ათასი, ანდა ცრემლით აღსავსე სათლი. მამა პაისი ამბობდა, რომ სინანულისთვის აუცილებელია შეცნობა საკუთარი თავისა".
ამიტომაც "ღმერთს არ უნდა ვთხოვოთ არც ხელთუქმნელი ნათელი, არც ნიჭები, არაფერი სხვა, მხოლოდ სინანული, სინანული და ისევ სინანული".
უამრავი ადამიანი მოდიოდა მასთან გულის გადასახსნელად და შეწევნას სთხოვდა. მამა პაისი უხსნიდა მათ, რომ მღვდელი არ იყო, ამიტომ მოძღვართან წასვლასა და აღსარების თქმას ასწავლიდა. ერთმა სტუმარმა უთხრა: - მამაო, მშიერს გზას კი ნუ უჩვენებ - თვითონაც იცის, მას დასანაყრებლად გზა კი არა, პურის ნატეხი სჭირდებაო.
უკვირდა და წუხდა, როცა ხედავდა, რომ ცოდვაში დაცემა ადამიანებს სულმოკლეობასა და სასოწარკვეთილებაში აგდებდა. მათ ეუბნებოდა: "ხომ არსებობს სინანული! ნუთუ შენი ცოდვები ღვთის გულმოწყალებას აღემატება? არ მაინტერესებს, მართლა ცოდვილია თუ არა ესა თუ ის კაცი. მე მაწუხებს, შეიცნო თუ არა მან საკუთარი თავი. ღმერთი იმ ღვაწლის მიხედვით განგვსჯის, რომელიც ჩვენი ძველი კაცის გამოსწორებისთვის გავწიეთ. თუ სული ნაკლულოვანებებს მოიკვეთს, ქრისტეს წინაშე დიდებული წარდგება".
მამა პაისი იმაზე წუხდა, რომ "ადამიანებმა სინანულის გრძნობა დაკარგეს, რომ სცოდავენ და სინდისი არ ამხელთ. თუმცა კი ჩვენს შინაგან კაცს იმდენი აქვს საღვაწი, რომ ეს შრომა არასოდეს დასრულდება... თუ კაცი საკუთარ თავზე არ დაიწყებს მუშაობას, ეშმაკი სხვა საქმეს გამოუძებნის, სხვებს დაუწყებს თვალთვალს. აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ სულიერი სიფაქიზე, ქრისტიანმა უნდა დაინახოს თავისი ცოდვები და შეინანოს... როცა ვხედავ ჩემს რომელიმე ცოდვას, მიხარია, რადგან ჩემი ერთ-ერთი წყლული დავინახე და შემიძლია განვკურნო..."
თავისი გამოცდილებიდან მამა პაისი ასწავლიდა: "სულიერ ცხოვრებაში მოქმედებს სულიერი კანონები. თუ გულწრფელად შევინანებთ ცოდვებს, მერე მის გამო სნეულებით არ გადავიხდით. ავადმყოფობას თუ უსამრთლობას ღმერთი ჩვენზე იმ ცოდვების გამო უშვებს, რომელთაც ვერ ვგრძნობთო". ერთ ბერს კი უთხრა: "ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რაც გარშემო ხდება: გესმის, რაც გითხარი? ვინც გაუკეთესებას ცდილობს, გავლენას ახდენს გარშემო მყოფზე და მთელ სამყაროზე. მე რომ წმინდანი ვყოფილიყავი, ჩემი ლოცვით შევეწეოდი ადამიანებს".