პირუტყვთაგან ვისწავლოთ მადლიერება
მამა არისტოკლეს ძალზე უყვარდა მტრდები, უნაწილებდა მათ თავის მწირ ტრაპეზს, ეალერსებოდა. ღირსი მამა 1918 წელს გარდაიცვალა მოსკოვში.
სულიერმა შვილებმა მისი უბრალოდ დაკრძალვა გადაწყვიტეს, რათა ბოლშევიკების ყურადღება არ მიეპყროთ. მაგრამ სხვანაირად "ფიქრობდნენ" მამა არისტოკლეს გამოზრდილი მტრედები. მათ ჰაერში ცოცხალი ჯვარი გამოსახეს და ასე გააცილეს სენაკიდან სასაფლაომდე გარდაცვლილის ნეშტი. დაკრძალვის შემდეგ სულ მის საფლავზე ისხდნენ და ღუღუნებდნენ, თითქოს სამადლობელ ლოცვებს აღავლენენო წმინდანის მიმართ... მაკარი დიდის კელიის ახლოს აფთარი ბინადრობდა. ერთხელ მხეცი ღირს მამასთან მივიდა, "შეუვრდა ფერხთა მისთა", კბილები ჩასჭიდა სამოსზე და სოროსკენ წაიყვანა. გაუკვირდა მამა მაკარს: "ნეტავ რა უნდა ჩემგანო". აფთარი სოროში შეძვრა და ლეკვები გამოიყვანა, რომლებიც შობითგან ბრმები იყვნენ. აიყვანა ხელში მამა მაკარმა ლეკვები, ილოცა მათთვის და თვალხილულნი დაუბრუნა დედას. ხოლო მან, ვითარცა ძღვენი, სამადლობელოდ წმინდანს ფეხებთან დაუდო ტყავი დიდი ვერძისა. გაეღიმა მამა მაკარს და აფთრის "ძღვენი" კელიაში წაიღო. შემდგომში მისი მოწაფეები ტყავს მნახველთ აჩვენებდნენ ხოლმე.
ღირსი კოზმა ზოგრაფელის სიცოცხლის უკანასკნელ დღეს ზოგრაფის მონასტერთან უამრავმა ნადირ-ფრინველმა მოიყარა თავი. ყველა ხმას გამოსცემდა, თითქოს მადლობას უხდიდნენ ღირს მამას. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ტყეს დაუბრუნდნენ.
წმინდა იოანე ქოზიბელის წესის აგებისას (+1960წ.) მის მღვიმეში უთვალავი ჩიტი შეფრინდა. მამებმა იფიქრეს, ალბათ საკენკისთვის მოფრინდნენო, მაგრამ ფრინველები საკვებს არც გაჰკარებიან. დაასხდნენ წმინდა მამის გარდაცვლილ სხეულს და ერთხმად აჭყივლდნენ. აქრობდნენ სანთლებს, დაფრინავდნენ სენაკში, ფრთებით ხურავდნენ საღვთისმსახურო წიგნებს და მამებს ხელს უშლიდნენ წესის აგებაში, თითქოს არ სურდათ, წმინდანს დაეტოვებინა ისინი და მხოლოდ მაშინ გაფრინდნენ, როცა წმინდა იოანეს ცხედარი მიწას მიაბარეს.
ეს ამბავი კი ათონზე მოხდა გასულ საუკუნეში. გარდაიცვალა დიდი ლავრის ბერი, ჯორების მწყემსი მამა ქრიზოსთომოსი. ღირს მამას ძალზე ჰყვარებია პირუტყვი, ისე ემსახურებოდა მათ, როგორც პირმეტყველ ძმებს. როცა ტაძარში წესი აუგეს და წაასვენეს სასაფლაოზე, გზად მონასტრის კარიბჭესთან დაასვენეს. ლოცვა წარმოთქვეს. უცებ საიდანღაც ოცამდე ჯორი მოვიდა და კუბოს წინ გაჩერდა. პროცესიამ ლოცვის შემდეგ გზა გააგრძელა და, ჰოი, საკვირველებავ, ჯორებიც თავდახრილნი, თითქმის მწუხარენი გაჰყვნენ მათ. სასაფლაოზე შეჰყვნენ. ყველაზე მეტად განაცვიფრა მამები ცხოველების გლოვამ - როცა მამა ქრიზოსთომოსის ნეშტი მიწაში ჩაუშვეს, ჯორებმა ჭიხვინი ატეხეს, ჩაიმუხლეს და წინა ტორებს მკერდზე ირტყამდნენ, თითქოს დასტირიანო. მონასტრის მამებმა ამის ხილვით სწავლა მიიღეს და ვფიქრობთ, თქვენც, მკითხველო.
***
მამა იოაკიმე ათონელი არიგებდა ახალგაზრდა ბერს: როცა რაიმე ჭურჭელს ან ხელსაწყოს გამოიყენებ, მაგალითად, ამ დანას, შენ რომ ჭუჭყიანი დატოვე, უნდა გაწმინდო, დაკოცნო და უთხრა: "გმადლობ შენ, ჩემო პატარა დანავ, გმადლობ, რომ მომემსახურეო" და შემდეგ მიუჩინო თავისი ადგილი.წმინდა სერაფიმე ვირიცელი (+1949) ასწავლიდა სულიერ შვილებს: "დაკარგავ რამეს - ნუ შეწუხდები, იპოვე ან მოგცეს რაიმე - ნუ იხარებ უზომოდ, ყველაფრისთვის მადლობდე უფალს".
გასულ საუკუნეში წმინდა სერგის ლავრის თავშესაფარში ცხოვრობდა მძიმედ ავადმყოფი ნიკოლოზი. იგი ყველამ მიივიწყა. 30 წელზე მეტი მასთან არავინ მისულა საზიარებლად. მაგრამ ნიკოლოზს კეთილი გული ჰქონდა, მადლობას აღუვლენდა უფალს ყველაფრისთვის და ღმერთიც თავის უმცროს ძმას აზიარებდა, თავის სისხლსა და ხორცს აძლევდა ანგელოზების მეშვეობით. ყოველ დიდ დღესასწაულზე მასთან მიდიოდნენ უფლის ანგელოზნი წინამძღვრისა და ძმების სახით. აღსარებას იღებდნენ მისგან, აზიარებდნენ, გალობით განამხნევებდნენ... როცა მამა ზაქარიამ (მინაევმა, +1936) შეიტყო, თავშესაფარში არის გლახაკი ნიკოლოზი, რომელიც 30 წელია არავის უზიარებიაო, მაშინვე მას მიაშურა. აღსარება ათქმევინა და აზიარა. გახარებულმა ნიკოლოზმა მადლობა შესწირა მოძღვარს და უთხრა: "რა ბედნიერი ვარ. იცი, მამაო, მე წინამძღვარი და ძმები ყოველ დიდ დღესასწაულზე მაზიარებენო". მამა ზაქარია მიხვდა, ვინც იყო "წინამძღვარი", მაგრამ ნიკოლოზის გარდაცვალებამდე არაფერი უთქვამს.
წმინდა მაკარი ოპტელი ამბობდა: - მონანული ქრისტიანის ვალია, მადლობდეს უფალს იმ სასჯელისთვის, მას ცოდვების გამო რომ მოაწევს, რათა "იქ" საუკუნოდ არ დაისაჯოს.
უმადურობად და იუდას ცოდვად მიაჩნდა წმინდა ისააკ ოპტელს ღვთისმსახურების დამთავრებამდე ტაძრიდან გამოსვლა (რა თქმა უნდა, საჭიროების გარეშე).
ოცდაათი წელი იყო წმინდა იოსები წმინდა ანტონი ოპტელის მორჩილებაში. მადლობდა თავის დიდ მოძღვარს და ამბობდა: აბა, რა ვარ ჩემი მამის გარეშე, ნული და მეტი არაფერიო.
ქუთათელი მიტროპოლიტი ნაომი შავიანიძე (+1969) ასწავლიდა: მოყვასს უსათუოდ უნდა მისცე სიყვარულის, პატივისცემის, მადლობის გამოხატვის საშუალება, რაც უნდა უმნიშვნელო ძღვენი მოგართვას, თქვენთვის ზედმეტი და უსარგებლო, იმგვარი სიამოვნებით უნდა მიიღო, პირუკუ მიანიჭო სიხარული მომკითხველს, რამეთუ ღმერთი იყო კაცი, ადამიანიც ღვთიურია ბუნებით. ადამიანში უნდა ეძიებდე კაცს და ჰპოვებდე ღმერთს.
ერთმა მორჩილმა წმინდანების მშობლების სახელები ჩამოწერა, მცირე ტრაპეზი გაშალა და მამა გაბრიელს (ურგებაძეს) პანაშვიდი გადაახდევინა ისე, რომ ვისი სახელები იყო, არ უთქვამს. მეორე დღეს მამა გაბრიელი ეუბნება მას: ეს რა მიყავი, ვისი პანაშვიდი გადამახდევინე. მთელი ღამე წმინდანები მოდიოდნენ ჩემთან და მადლობას მიხდიდნენო.
***
ყოველი კაცი დედის მუცლიდან შიშველი გამოვედით და რაც მოგვეცა შემდეგ, ყველაფერი ღვთისგან მოგვეცა. ამიტომ ვისაც უფალი უყვარს, ვინც მისადმი მადლიერებით არის აღსავსე, თითოეულ საგანს, ღვთის მოცემულს, უფრთხილდება, როგორც ღვთისას და არა თავისას. ჩვენი ცხოვრებაც სავსეა ამგვარი მადლიერებით და უმადურობითაც, როცა ღვთის მოცემულს ნაგავში ვისვრით. ამ დროს უფალი აუცილებლად განგვსწავლის განსაცდელებით:მამა იოსებ ათონელი ჰყვებოდა ერთ ათონელ ბერზე, რომელიც მთლიანად ლოცვას მისცემოდა და გონებით უფალს სჭვრეტდა. ღირსი მამა საზრდელზე არ ზრუნავდა, მას კაცთა ხელით ყოველთვის უგზავნიდა მრავალმოწყალე უფალი. ერთხელ მას საჭიროზე მეტი საჭმელი მიუტანეს. რაც არ სჭირდებოდა, კი არ შეინახა, არამედ სენაკის კუთხეში მიყარა, ვითარცა უსარგებლო რამ და დაალპო. ბერის გასაკვირად, შემდგომ ჩვეულებისამებრ აღარ მიუტანეს საჭმელი. როცა მოთმინების ყველა ძალა ამოეწურა, დაჯდა და თავის გულისთქმები გამოიძია. მიხვდა, რომ დამნაშავე იყო. სასწრაფოდ მოაგროვა საჭმლის ნარჩენები, გარეცხა და შეექცა. ამ დროს მოხედა უფალმა მის სიმდაბლეს, აპატია მცირე უმადურობა და უწინდებურად გამოუგზავნა საზრდელი.
ათონის მონასტრებში ტრაპეზიდან მორჩენილ პურს ახმობენ და განმარტოებით მცხოვრებ მამებს ატანენ ხოლმე. ერთხელ, ასეთი პურით სავსე ტომარა მამა არსენს მამა იოსებ ისიქასტის საძმოში გაატანეს. გახსნეს ტომარა და რას ხედავენ - ერთიანად დაჭიანებულია. მამა არსენი აღშფოთდა: ჯორებისთვის მაინც ეჭმიათ, ასე უაზროდ რომ უწვალიათო. "რატომ უაზროდ?" - ჰკითხა მამა იოსებმა. "აბა, რა ვუყოთ ამას, მამაო?" "რა ვუყოთ და შევჭამოთ, - გაამხნევა მოძღვარმა არსენი, - ღმერთმა ეს გამოგვიგზავნა. ჩვენ რომ უკეთესს ვიმსახურებდეთ, უკეთესს გამოგვიგზავნიდა". "მატლებს რაღა ვუყოთ, მამაო?!" მოძღვარი დაფიქრდა და გამოსავალი ნახა: "ვჭამოთ, როცა დაღამდება ხოლმე და მატლებს ვერ დავინახავთ". შემდეგ მამა არსენი ჰყვებოდა: "თავიდან ჭამა ძალზე გამიჭირდა, მაგრამ მერე, დამიჯერეთ შვილებო, ღმერთმა ისეთი გემრიელი გახადა, თითქოს ტკბილ კერძს მივირთმევდითო".
წმინდა საბა განწმენდილმა ერთხელ დაინახა, როგორ გადაყარა მონასტრის მზარეულმა ტრაპეზიდან მორჩენილი ბარდა. წმინდა მამამ ეს ბარდა ჩუმად შეაგროვა, გარეცხა, მეორე დღეს სადილი მოამზადა, ის მზარეული დაპატიჟა და ჰკითხა, - როგორია გემოთიო. მზარეულმა აღტაცება არ დამალა: ასეთი რამ ჩემს სიცოცხლეში არ მიჭამიაო. მაშინ ღირსმა მამამ უთხრა: "დამერწმუნე, შვილო, ეს სწორედ ისაა, შენ რომ გუშინ გადაყარეო". ამხილა ბერი უყაირათობასა და ღვთის წყალობის განიავებაში. მზარეულმა მუხლი მოიდრიკა და შენდობა ითხოვა.
მამა ვიტალი ამბობდა: "რასაც მოგცემენ, მადლიერებით მიიღე, იფიქრე, რომ ამის ღირსიც არ ხარ შენი იმ დაფარული ცოდვების გამო, არავინ რომ არ იცისო".
მამა ვიტალი თუნდაც უკვე გაფუჭებული პროდუქტების გადაყრის ნებას არავის აძლევდა. მან თავის სულიერ ქალიშვილს აჩვენა, თუ ვის ვახარებთ ამ უმადურებით: მას სამი თითით ეპყრა ვიღაცის გადაგდებული შეჭმული პურის ნატეხი, რომელსაც არაწმინდა სული დასტრიალებდა. მამა ვიტალიმ შეუბერა და ეშმაკი გაქრა. მოძღვარმა პურს ჯვარი გადასახა და შეჭამა. რასაც მიწა აძლევს ადამიანს - მამა ვიტალი ღვთის წყალობას და უფლის ძღვენს ეძახდა, ამიტომაც ყველაფერს უფრთხილდებოდა, ქაღალდის ნაგლეჯსაც კი. ამბობდა, დადგება დრო და პასუხს მოგვთხოვს უფალი გადაყრილი პროდუქტებისთვის, მოშვებული ონკანიდან უაზროდ მომდინარე წყლისთვის, ყველაფრისთვისო.
როცა სინას მთაზე, წმინდა ეპისტიმეს კელიაში ვცხოვრობდი, წყალი გვიჭირდა, - ჰყვება მამა პაისი, - იქვე, ოც მეტრში, კლდიდან წვეთავდა წყალი, ვუდგამდი ქილას და დღე-ღამეში სამ ლიტრამდე წყალს ვაგროვებდი ხოლმე. "წყაროს" რკინის ქილას შევუდგამდი, ღვთისმშობლის დაუჯდომელს წავიკითხავდი, ცივი წყლით მხოლოდ შუბლს დავიზელდი, ცოტა წყალს ჩემთვის ავიღებდი, სხვა ქილით - ჩემს კელიასთან მობინადრე ჩიტებისა და თაგვებისთვის. დასაბანადაც და დასარეცხადაც ამ წყალს ვხმარობდი. როგორ სიხარულს, როგორ მადლიერების გრძნობას განვიცდიდი ღვთისადმი, ამ წყლისადმი. ათონის მთაზე რომ მოვედი, ერთი ხანობა ივერონის სკიტში დავსახლდი. აქ წყალი ცისტერნით ჰქონდათ. ვიბანდი თავს, ფეხებს... და დამავიწყდა ის მადლიერების ცრემლი, წვეთი წყლის გამო რომ მდიოდა...
მამა პაისი ჰყვებოდა: ერთი ბერი ათონის მთის წვერზე მიდიოდა მოსალოცად. გზაში სოკო იპოვა. ბერმა ადიდა ღმერთი. უკან მობრუნებისას მოვწყვეტო, იფიქრა, მაგრამ სოკოს ნახევარიღა დახვდა, რომელიღაც ცხოველს ფეხი დაედგა. ბერმა იფიქრა: ეტყობა, ამდენი უნდა შემეჭამაო. მოწყვიტა ნახევარსოკო და გზა განაგრძო, ცოტა ქვემოთ იმნაირივე ნახევარსოკო დაინახა, მაგრამ ის დაჭიანებული გამოდგა. ბერმა ახლაც მადლობა შესწირა უფალს. მივიდა კელიაში და შეჭამა სოკო. მეორე დღეს განსაცვიფრებელი სანახაობა დახვდა - მთელი მიდამო უმშვენიერესი სოკოთი მოფენილიყო. და კვლავ მადლობა შესწირა უფალს. ხედავ, - ამბობს მამა პაისი, - ბერმა მადლობა შესწირა ღმერთს მთლიანი სოკოსთვისაც და ნახევარსოკოსთვისაც, კარგისთვისაც და ცუდისთვისაც, ერთისთვისაც და ბევრისთვისაც. ყველაფრისთვის მადლობდა უფალს.
***
უმადურობა უდიდესი ცოდვაა, - ბრძანებს მამა პაისი, - ჩემთვის ის მომაკვდინებელი ცოდვაა. უმადური კაცი არაფრით კმაყოფილდება, არაფერი ახარებს, ყველაფერზე დრტვინავს. ყველა და ყველაფერი დამნაშავეა მის წინაშე... და ასეთ ადამიანებზე მოიწევა ღვთის სასჯელი... ვფიქრობ, მარტოოდენ მადლიერება ღვთის მრავალმოწყალებისათვის და თავმდაბალი, სიყვარულით სავსე ურთიერთობა მის ხატსა და მსგავსთან - ჩვენს მოყვასთან, რომელსაც ერწყმის ჩვენი მცირეოდენი კეთილმოსაგრეობაც, საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენმა სულმა განისვენოს როგორც აქ, ისე იმიერ ცხოვრებაში.და ბოლოს, დავასრულებთ წმინდა მამა ბარსანოფის სიტყვებით:Lვისაც სურს გაეკრას ჯვარზე ქრისტესთან ერთად, მისი ტანჯვის თანამოზიარეც უნდა იყოს და მაშინ მოიპოვებს სიმშვიდეს. და გეტყვი შენ: იღვაწე, მოიპოვო ღვთისადმი ყველაფრისთვის მადლიერების გრძნობა და ძალი მაღლისა გაკურთხებს შენ და მაშინ ჰპოვებ სიმშვიდეს.