როცა ვხედავ, რომ ქმარი ბრაზობს, ჩუმად ვარ და მხოლოდ სულით ვევედრები ღმერთს, მის გულს სიმშვიდე დაუბრუნოს
* ათონზე ვათოპედის მონასტერში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ორი მომცრო ხატია, რომელთაც თეოდორა დედოფლის "სათამაშოებს" ეძახიან.
ბიზანტიის ხატმებრძოლ იმპერატორ თეოფილეს ღვთისმოშიში მეუღლე თეოდორა საძინებელ ოთახში წმინდა ხატებს მალავდა და ჩუმად ეთაყვანებოდა. სამეფო კარზე ერთი მასხარა ჰყავდათ, სახელად დენდერიდი. ერთხელ ეს მასხარა შემთხვევით იმ დროს შევიდა დედოფლის საძინებელში, როცა თეოდორა ხატებს ეამბორებოდა. ეს რა არისო, - სულელური ღიმილით ჰკითხა მასხარამ. ჩემი საყვარელი სათამაშოებიაო, - უპასუხა სიცილით თეოდორემ. ამ დროს მეფე შინაურებთან ერთად ტრაპეზობდა. მასთან მასხარამ მიირბინა და უთხრა: - დედასთან ვიყავი, რა მშვენიერი სათამაშოები ჰქონიაო. მიხვდა მეფე, რაზეც იყო საუბარი. მაშინვე წავიდა საძინებელში და ცოლი გალანძღა, კერპთაყვანისმცემელი უწოდა. მაგრამ სწორედ ამ ხატებისგან მიიღო ნუგეში სიკვდილის პირას მყოფმა თეოფილემ, როცა შეინანა ხატმებრძოლობა და სული თვისი ჩააბარა უფალს. ქმრის სიკვდილმა ძალზე დაამწუხრა დედოფალი. ეკლესიის მამებს სთხოვა, განსაკუთრებით ელოცათ გარდაცვლილი მეფის სულისთვის. თვითონაც არ დასცხრა, მარხვას ცრემლიანი ლოცვა შეურია და ერთხელ საღმრთო გამოცხადებით ეუწყა, რომ მისი ლოცვით და ღვთის წყალობით მეფე თეოფილეს სული აღმოყვანილ იქნა ჯოჯოხეთიდან. * წმინდა გიორგი ზადონელი ახალგაზრდობაში იდეალისტი იყო, სილამაზეს ეძიებდა. თვითონაც მშვენიერი ვაჟი გახლდათ. ერთხელ ერთი მზეთუნახავი გაიცნო და ცოლობა სთხოვა. ქალიშვილი დათანხმდა. იმავე ღამეს მან სიზმარი ნახა: თითქოს მის წინ ულამაზესი გოგონა დგას, ისეთი მშვენიერი, რომლის მსგავსი არსად ენახა. გაოცებულმა ჰკითხა: "ვინა ხარ, რა გქვია?" - "სახელი ჩემი უბიწოებაა", - უპასუხა ქალიშვილმა. გაიღვიძა გიორგიმ: "აი, სად ყოფილა სილამაზე! სხვა არაფერი მინდა!" და მერე ბერად შემდგარი დაეყუდა კიდეც.
* მამა იერონიმეს (ეგინელი) ნაცნობი დედაკაცი ქმართან აპირებდა გაყრას - ნამდვილი დესპოტიაო. მამა იერონიმემ უთხრა: "მისმინე, დაო, მხოლოდ სიკვდილმა შეიძლება გაგყაროს ქმარს. შეეცადე, ქრისტე შეიყვარო. ეს სიყვარული კი გასწავლის მოყვასის სიყვარულს და მოგცემს მოთმინებას".
* მამა არისტოკლესთან (+1918) ერთხელ ერთი ეშმაკეული დედაკაცი მოიყვანეს განსაკურნავად. ორი ბრგე მამაკაცი ძლივს აკავებდა გათოკილ ქალს. როცა ის მამა არისტოკლეს წინ დააყენეს, ბერმა ჰკითხა ქალში ჩასახლებულ ეშმაკს: "ვინ მოგცა ნება, მასში შესულიყავი?" ეშმაკმა ქალის ბაგეებით უთხრა: "ჩემი ნებით არ შევსულვარ. თვითონ არის დამნაშავე, მჭედელთან შესცოდა, თუმცა კანონიერი ქმარი ჰყავს და ამან მომცა მასში შესვლის ნებაო". მამა არისტოკლემ ლოცვით ყველას თვალწინ განკურნა კანონიერი ქმრის მოღალატე დედაკაცი.
* მამა გაბრიელი (ურგებაძე) ამბობდა: "ზოგი იტყვის, არა მაქვს ქალებზე ბრძოლებიო. რა სისულელეა! სანამ არის სქესით გარჩევა, ბრძოლებიც იქნება. მთავარია, ვისაც უნდა და არ მიდის ქალთან, ითმენს ქრისტეს სიყვარულისთვის. აი, ეს არის ღვაწლი".
* ერთხელ მამა გიორგისთან (ქარსლადისი) სულიერი შვილი მივიდა. უნდა შეეჩივლა, - ჩემს საოჯახო საქმეებში სიდედრის განუწყვეტელმა ჩარევამ ისე გამანაწყენა, რომ ცოლს უნდა გავეყაროო. სენაკში შეწუხებული ბერი დახვდა, რომელმაც უთხრა: - ცოლს ასე ადვილად არ ეყრებიან, ის ღმერთმა მოგცა, ამიტომ მასთან ერთად დაითმინეო. კაცი განაცვიფრა მოსმენილმა.
* მამა იაკობის (ევბეელი) დეიდა ათენში ერთი იურისტის სახლში მსახურობდა. ოჯახის თავი - სრულიად წესიერი ადამიანი - ეშმაკისგან ცთუნებული ერთ დედაკაცს გადაეყარა და ოჯახიდან წავიდა. შეწუხებული დეიდა მამა იაკობს მიადგა: - დაგვეხმარე, იაკობ, კარგი ხალხია და ცოდონი არიანო. მამა იაკობი მივიდა იურისტის სახლში, რამდენიმე ლოცვა წაიკითხა და წავიდა. დღისით დიასახლისი წამოწვა დასასვენებლად. ძილ-ღვიძილში უზარმაზარი და საშინელი ძაღლი დაინახა, რომელიც მისი სახლიდან გარბოდა და ადამიანის ხმით იძახდა: "გამაგდო იმ ჩონჩხად ქცეულმა!" რამდენიმე დღის შემდეგ მოღალატე ქმარი ოჯახს დაუბრუნდა.
* წლებმა გამოცადა წმინდა ილია მართლისა და ოლღა გურამიშვილის სიყვარული. ღმერთმა მათ შვილი არ მისცა, მაგრამ ამით ბიწი არ შეხებია მათ ნაზ გრძნობებს. საოცარი ქალი იყო ოლღა, ილიას სულ თვალ-წარბში შეჰყურებდა. მეუღლის სიტყვა მისთვის კანონი იყო. ილიას წარბის ერთი შერხევაც საკმარისი იყო, რომ მოყვარული ცოლი მიმხვდარიყო მის გულისწადილს და მყისვე აესრულებინა. ბედნიერად თვლიდა თავს, რომ ბედმა მეუღლედ ასეთი შესანიშნავი, დიდბუნებოვანი ადამიანი არგუნა და ამით სრულიად კმაყოფილი იყო. მეტს აღარაფერს ნატრობდა. ილიას მუშაობას, როგორც მღვდელმოქმედებას, ისე უცქერდა და ამიტომ მის სამუშაო კაბინეტს ფეხაკრეფით დასტრიალებდა, ახლოს არავის აკარებდა. მამისეული ქონება, ისევე როგორც თავისი არსებობა, პირადობა, ილიას ფიანდაზად გაუშალა ფერხთქვეშ და უთხრა: მე შენს მეტი არავინ მინდა, დანარჩენი სრული შენი საკუთრებაა, რაც გინდა, უყავი, როგორც გინდა მოიხმარეო.
შინ მოსამსახურეც ჰყავდათ, მზარეულიც, მაგრამ ილიას მეთვალყურე და მზრუნველი მისი მეუღლე ოლღა იყო. ერთხელ საგურამოში ილიამ მოსამსახურე ქალს სთხოვა, ჭიქა წყალი მომიტანეთო. ოლღას უსაყვედურია მეუღლისთვის: "დამიგდე ყური. ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მიკარგავ".
იცით, რა იყო ოლღასთვის უძვირფასესი საგანძური, რომელიც ყოველთვის თან დაჰქონდა (იმ ავბედით დღესაც თან ჰქონდა) - ფსალმუნები, ილიას მიერ მოწერილი ძველი და ახალი წერილები, მათ შორის მათი მიჯნურობის დროინდელი გამხმარი ყვავილები, ილიამ რომ მიართვა პირველ პაემანზე და ოქროს გულსაკიდი, რომელშიც ჩატანებული იყო ილიას ახალგაზრდობის დროინდელი ორი სურათი. ილიას მკვლელობის შემდეგ ოლღამ ქმრის ანდერძი აღასრულა: თბილისის სახლი და საგურამოს მამული წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა, თვითონ კი მთაწმინდის უბანში სახლი იქირავა, საიდანაც ახლოს იყო მთაწმინდა. მოხარული იყო ოლღა: "ისე ახლოს ვარ მთაწმინდის ეკლესიასთან, როდესაც მინდა, ავალ, ისე ახლოა, რომ შემიძლია, მარტოც ავიდე, დავწვები ხოლმე ჩემს დაუვიწყარ ილიას საფლავთან". ღმერთმა მოგვცეს ასეთი სიყვარული და ერთგულება!
მამა პაისი ათონელის თქმით, ჩვენი დროის ქრისტიანებს ძირითადად სამი პრობლემა აწუხებთ: კიბო, ნერვული აშლილობა და ოჯახური უთანხმოებანი. ამიტომაც შემდეგი ორი მაგალითი ქრისტიანული ოჯახის შენარჩუნებას ეხება.
* მამა ხარლამპეს (დიონისელი) ერთმა კაცმა აღსარებაზე უთხრა, მეუღლე გამიუცხოვდა, ვეზიზღები, თუმცა ამის საბაბი არ მიმიცია. საქმე იქამდე მივიდა, რომ მზადაა, ხელი დაავლოს ბავშვებს და წავიდეს. როგორც მითხრეს, ვიღაცას მათთვის ჯადო გაუკეთებია და ეს რამდენად შესაძლებელიაო. მამა ხარლამპემ ამის დასტურად კვიპრიანეს და იუსტინას ცხოვრება გაიხსენა. მერე კი დასძინა:
- ის, რომ მეუღლეს ჯერ არ მიუტოვებიხართ, ნიშნავს, რომ თქვენ მთლად განიარაღებული არ ხართ. მაგრამ ამ განსაცდელმა რომ ჩაიაროს, უფრო მეტი უნდა იღვაწოთ. მითხარი შენი მეუღლის სახელი, ლიტურგიაზე მოვიხსენიებ და სკვნილზე ყოველდღე თქვენთვის ჩამოვილოცავ. მაგრამ შენც რაღაც უნდა გააკეთო. უნდა ილოცო საკუთარი თავისა და ცოლისთვის, ასევე რეგულარულად უნდა ეზიარო. თუ მეუღლე მოგბაძავს, მაშინ ყველაფერი წესრიგშია, ჩათვალე, რომ დაიბრუნე. თუ არადა, ღმერთს მოთმინება იქამდე სთხოვე, სანამ მას არ გამოასწორებს. მარხვებს იცავ?
- ისე, ცოტ-ცოტას.
- ამ ცოტ-ცოტადან ბევრზე უნდა გადახვიდე. ოთხშაბათ-პარაკევს თუ უზეთოდ ჭამა არ შეგიძლია, ჭამე ზეთით, ოღონდ თავს მეტის უფლება არ მისცე. ზიარების წინა დღეს უზეთო საკვები მიიღე. ეზიარე ორ-სამ კვირაში ერთხელ მაინც...
* ერთხელ ერთმა კაცმა შესჩივლა მამა ხარლამპეს: - მომავალი მეუღლე შევიყვარე და დავქორწინდით. თავიდან სამოთხეში ვცხოვრობდით. ახლა კი არ ვიცი, რა დავარქვა. მისი დანახვაც აღარ შემიძლია, მაღიზიანებს, მძაგს. როცა მიყურებს, ასე მგონია, მტერი მიდგას წინ და მომჩერებია. ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. როგორ მოვიქცე? ხომ არ გავეყრები?
- გაეყარო? თუ ხვდები, რას ამბობ? შვილო, ქორწინება ჩვენი ეკლესიის შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია. განა ცოლთან ერთად ღმერთს არ დაჰპირდი, რომ საერთო უღელს სიკვდილამდე ატარებდი? იქნებ ხუმრობით დაქორწინდი, მსახიობები სცენაზე რომ შეუღლდებიან ხოლმე, ისე?
- კარგი, მაგრამ მაშინ რატომ ხდება, რომ ყოველდღიურად ამდენ ოჯახს შეაქვს გაყრაზე განცხადება?
- აბა, რა გითხრა? თუ ადამიანთა უმეტესობა გაგიჟდება და მათი რწმენა მოდასავით შეიცვლება, მათ უნდა გავყვეთ? ანუ თუ სამყაროს, მოდაზე მიყოლით, სურს ქვესკნელში ჩავარდეს, უნდა ჩავყვეთ? შენ ამბობ, რომ ჯოჯოხეთში ხარ. ამგვარად, თუ შენ იმ საშინელ, საუკუნო ცეცხლში აღმოჩნდები, რომელიც მოსწვავს მემრუშეებს, მექალთანეებს და ოჯახური კავშირის ყველა დამრღვევს, მაშინ შენთვის ახალს ვერაფერს ნახავ.
- რა ვქნა, მამაო?
- ნუთუ არ გესმის, რომ ყველაფერი, რაც შენს თავს ხდება, ეშმაკის ნახელავია? ალბათ რომელიმე "სარკმელი" დაუტოვე ღია და მტერიც შემოძვრა.
სხვა მრავალი ამგვარი წამლით უწამლა ბერმა ახალგაზრდას, დაჰპირდა, თქვენთვის სკვნილზე ვილოცებ და წირვაში მოგიხსენიებთო. ახალგაზრდა კაცმა დაუჯერა მოძღვრის რჩევას, მალევე დაბრუნდა უკან და გახარებულმა აუწყა, თვალი ამეხილაო. მამა ხარლამპეს ლოცვით მას მეუღლისადმი ძველი სიყვარული და პატივისცემა დაუბრუნდა.
* ნეტარი ავგუსტინეს მამა ძალზე ფიცხი და ჭირვეული იყო, მაგრამ დედამისი მასთან მშვიდად და თანხმობით ცხოვრობდა. ისე რომ, ქმრებთან ნაჩხუბარი მეგობრები ხშირად აკითხავდნენ და რჩევას ეკითხებოდნენ, როგორ მოელბოთ მეუღლეთა გულები. "საყვარელო მეგობრებო, - პასუხობდა იგი, - თქვენ თვითონ ხართ დამნაშავე. მათ შეურაცხმყოფელ სიტყვას მაშინვე პასუხს უბრუნებთ და ამით უმეტესად აბრაზებთ. მე კი, როცა ვხედავ, რომ ქმარი ბრაზობს, ჩუმად ვარ და მხოლოდ სულით ვევედრები ღმერთს, მის გულს სიმშვიდე დაუბრუნოს. მისი გაბრაზება თავისთავად გაივლის ხოლმე. მე კი ყოველთვის მშვიდად ვარ. მომბაძეთ, საყვარელო მეგობრებო, და თქვენც ჩემსავით მშვიდად იქნებითო".
"ის დაემორჩილა ქმარს, როგორც უფალს, - წერდა საკუთარ დედაზე ნეტარი ავგუსტინე, - ზრუნავდა, რომ იგი ქრისტესკენ მოექცია - ის იესო ქრისტეზე უფრო საქმეებით ესაუბრებოდა, ვიდრე სიტყვით. ასე შეიძინა ის და ამასთან ერთად მოიპოვა მისი სიყვარული და პატივისცემა. ქმრის ნაკლულოვანებას ისეთი სიმდაბლითა და მოთმინებით იტანდა, რომ მისთვის არასოდეს უსაყვედურია. ცდილობდა, ქმარს მრისხანებისას წინ არ აღდგომოდა, სიტყვით თუ საქმით. როცა ქმარი მშვიდად იყო, მაშინ მის გაკეთებულ საქმეებზე მოუთხრობდა და ამ დროს აჩვენებდა იმასაც, რომ უსამართლოდ მრისხანებდა. ამგვარად, ცოლ-ქმარს შორის არა მარტო მიწაზე სუფევდა მშვიდობა, არამედ ცოლმა ქმარი ზეცის მკვიდრი გახადა, რამეთუ იგი მოინათლა, ქრისტიანი შეიქნა და ნეტარი სიკვდილით მოკვდა.
* ძნელი იყო ნეტარი ნონასთვის (წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა), მხურვალე ქრისტიანისთვის, რომ მისი ქმარი, ჭეშმარიტი ღმერთის ნაცვლად, ხელითქმნულ კერპებს ეთაყვანებოდა. ნონა ბრძენი და ძლიერი ნებისყოფის დედაკაცი იყო, ცუდი ქმარი კეთილ ადამიანად აქცია, წარმართი კაცი კი სამაგალითო ქრისტიანად. როგორ მოახერხა ეს? პირველ რიგში, ღმერთს სთხოვდა ქმრის გადარჩენას. მერე კი ქმრის დარწმუნება სცადა სხვადასხვა ხერხით - დარიგებით, მომსახურებით, ყველაზე მეტად თავისი ცხოვრებით და სათნოებათა შეძენისადმი მხურვალე მოშურნეობით. ნონას ლოცვით გრიგოლს (ასე ერქვა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მამას) ნელ-ნელა ზნე გამოუკეთდა. ერთხელ მან სიზმრად ნახა, თითქოს წმინდა დავითის ფსალმუნთ გალობდა: "სახლსა უფლისასა შევიდეთო" (ფსალ. 121,1). წმინდა ნონამ აუხსნა მისი მნიშვნელობა და გრიგოლიც გაქრისტიანდა. მალე მღვდლად აკურთხეს და ბოლოს ნაზიანზის ეპისკოპოსად აღესრულა.