წმინდა ევსტატი მცხეთელი - 29 ივლისი (11 აგვისტო)
წმინდა ევსტატი მცხეთელი - 29 ივლისი (11 აგვისტო)

ძველი სტილით 29 ივლისს (11 აგვისტოს) ეკლესია იხსენიებს წმინდა ევსტათი მცხეთელს.



ევსტათის წამების თარიღად ივ. ჯავახიშვილი და ა. ჰარნაკი 544-545 წელს მიიჩნევენ; კ. კეკელიძე კი თვლის, რომ ევსტათი აწამეს არაუადრეს 551 წლისა.

სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს ევტათის წამების დაწერის დროისა და ავტორის შესახებ: კ. კეკელიძის თანახმად, თხზულება დაწერილი უნდა იყოს არა უგვიანეს VI საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისისა, მონოფიზიტობის მიმდევარი მცხეთელი ქართველის მიერ; ივ. ჯავახიშვილი და ა. ჰარნაკი მიიჩნევენ, რომ ავტორი თხზულებისა არის ევსტათის თანამედროვე გაქრისტიანებული სპარსელი. დაწერის თარიღად ა. ჰარნაკი მიიჩნევს VI საუკუნის უკანასკნელ წლებს. ივ. ჯავახიშვილის აზრით, თხზულების თავდაპირველი რედაქცია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, მეექვსე საუკუნის დასასრულსა თუ მეშვიდე საუკუნის დამდეგს შეიცვალა და დღევანდელი სახე მიიღო.

"ევსტათი მცხეთელის მარტვილობის" შემცველი უძველესი ხელნაწერი თარიღდება X საუკუნის ბოლოთი - XI საუკუნის დამდეგით.

გარდა ამისა, ცნობილია ანტონ კათალიკოსის მიერ შექმნილი მეტაფრასული რედაქცია (1768-69) და 2 სვინაქსარული რედაქცია (XVIII ს.).

წმინდა ევსტათი მცხეთელის მარტვილობა

წინათქმა

ყოფილი მოგვი გვირობანდაკი, რომელსაც ნათლისღებისას ბერძნული სახელი "ევსტათი" ანუ, ქართული თარგმანით, "კეთილადმდგომი" ეწოდა, მართლაც "კეთილად" ანუ მხნედ დაუდგა სულიერ მტერს და ხორციელ ტანჯვა-წამებათა ღირსეული დათმენით მარტვილური გვირგვინის მიმღები გახდა. მისი ღვაწლის ამსახველი ძეგლი, რომლის ავტორიც სამწუხაროდ უცნობია, არა მხოლოდ უადრეს ქართულ მარტვილოლოგიურ, არამედ VI ს-ის შუა წლების ქართლის უტყუარ საისტორიო დოკუმენტსაც წარმოადგენს და თავისი განსაკუთრებული სულიერ-ფაქტობრივი ღირებულების გამო, ვფიქრობთ, გაცილებით მეტ ყურადღებას უნდა იქცევდეს. კერძოდ, ეს ძეგლი "წმინდა შუშანიკის მარტვილობასთან" ერთად უთუოდ უნდა იყოს შეტანილი სასკოლო პროგრამაში. "ევსტათის მარტვილობა" გამორჩეულად ფასეულია წმინდა წერილის, კერძოდ კი სახარება-ოთხთავის უადრესი ქართული რედაქციების (სახელდობრ, ე. წ. "ჰადიშური რედაქციის") ტექსტობრივი შესწავლის ასპექტით. ამ ძეგლში მოკლედ გადმოცემული ბიბლიური ისტორია, განსაკუთრებით კი მაცხოვრის გამომხსნელობითი მოღვაწეობა, უაღრესად საყურადღებო წყაროა ბიბლიის მკვლევართათვის.

მარტვილობა და მოთმინება წმინდა ევსტათი მცხეთელისა

1. ხუასროს მეფის მეათე წელს და ქართლში არვანდ გუშნასპის მარზაპნობისას ("მარზაპნობა" - გამგებლობა, იპატოსობა, სატრაპობა) მოვიდა სპარსეთიდან, სოფელ არშაკეთიდან, ერთი კაცი, მოგვის ძე. წარმართი იყო იგი და მას სახელად ერქვა გვირობანდაკი. ასაკით ჭაბუკი იყო იგი, დაახლოებით 30 წლის. მოვიდა იგი ქალაქ მცხეთაში და განისწავლებოდა მეწაღეობის ხელობაში. ხედავდა იგი ქრისტიანების სჯულს, ქრისტეს მსახურებას და წმინდა ჯვრის ძალის გამოჩინებას. შეიყვარა მან ქრისტიანების სჯული და იწამა ქრისტე, ხოლო როდესაც ისწავლა მეწაღეობა, ითხოვა მან ქრისტიანი ცოლი, თავადაც ქრისტიანი გახდა და ნათელიღო, ხოლო ნათლისცემისას უწოდეს მას სახელი ევსტათი. და ცხოვრობდა წმინდა ევსტათი ქრისტიანობით და ქრისტეს სათნოებით.

2. იმ დროს შეიკრიბნენ სპარსელები, რომლებიც მცხეთაში იყვნენ, მეჯღანეები (დედნისეული "მეჯადაგე" საბას განმარტებით "მეჯღანეა" თუმცა, ძველ ქართულში "ჯადაგი"// "ჯადაგო" ნიშნავდა "მჭევრმეტყველს", "ორატორს". იხ. საქ. მოც. 24.1, სადაც ბერძნ. "რეტორ" უძველეს ვერსიებში გადმოცემულია, როგორც "ჯადაგო", რასაც გიორგი მთაწმინდელი ცვლის ტერმინით "მეტყუელი") და მეწაღეები, და, ტოზიკობდნენ რა, შეუთვალეს ნეტარ ევსტათის და უთხრეს:

- მოდი და შემოგვიერთდი ჩვენს განცხრომაში.

მაგრამ ნეტარმა ევსტათიმ გაიცინა და უთხრა მათ:

- თქვენი ტოზიკიც ("ტოზიკი" - დღესასწაული, ლხინი, განცხრომა) ბნელია და თქვენ, მეტოზიკეებიც, ბნელნი ხართ. ხოლო მე ქრისტეს ბეჭედი მიმიღია და ქრისტეს ტოზიკს ვტოზიკობ, რადგან ქრისტეს ბეჭდით ვარ აღბეჭდილი და მაგ სიბნელეს განვეშორე.

როდესაც ტოზიკი გადაიხადეს, შეიკრიბნენ იგივე მეჯღანეები და მეხამლეები, მოითათბირეს მცხეთელი ერისთავის უსტამის წინაშე და თქვეს:

- აქ არის ერთი კაცი ჩვენი სჯულისა, ჩვენთან ტოზიკზე არ მოდის, ცეცხლს არ გამოსცემს და ჩვენს სჯულსაც გმობს, თანაც გვაგინებს ჩვენ და ამბობს, რომ მე ქრისტიანი ვარო. ახლა კი შენ მოუხმე და გამოჰკითხე, რადგან ამ ქალაქში ხელისუფალი ხარ.

უსტამმა, მცხეთის ციხისთავმა, მოისმინა მათი [ნათქვამი] ევსტათის შესახებ და გააგზავნა ერთ-ერთი მხედარი ნეტარი ევსტათის მოსახმობად, რომელმაც მრისხანედ უთხრა მას:

- ციხისთავი გიხმობს.

ხოლო წმინდა ევსტათი ოდნავ შეფერხდა და უნდოდა გარიდება, მაგრამ შემდეგ გაიფიქრა და თქვა:

- ესენი ჩემი ახლობლები არიან. თუ ამათგანაც შევშინდები, შემდეგ დიდ მთავართა წინაშე როგორ წარვდგე?! პირიქით, მივალ მასთან და ცხადად ვაღიარებ ქრისტეს, რადგან მსმენია წმინდა სახარებისგან, უთქვამს რა ასე: "ვინც მაღიარებს მე ადამიანების წინაშე, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე, და ვინც უარმყოფს მე ადამიანების წინაშე, მეც უარვყოფ მას ჩემი მამის წინაშე, რომელიც არის ცათა შინა".

გადაიწერა მან ჯვარი შუბლზე და გულზე და თქვა: "უფალი ჩემთანაა".

და მოვიდა ნეტარი ევსტათი და წარმოდგა იგი მცხეთელი ციხისთავის უსტამის წინაშე. წარგზავნილმა უთხრა უსტამს:

- ესაა ჩვენი სჯულის მაგინებელი.

მიხედა ციხისთავმა ნეტარ ევსტათის და უთხრა:

- შენ გეუბნები, ადამიანო, მითხარი მე, რომელი ქვეყნისა ხარ ან რომელი ქალაქისა ანდა რომელი სჯული გაქვს?

წმინდა ევსტათიმ უთხრა მას:

- მე სპარსეთის ქვეყნისა ვიყავი, არშაკეთის ხევიდან. ქალაქ განძაკისა ვიყავი. ჩემი მამა მოგვი იყო და მეც მოგვობას მასწავლიდა, მაგრამ მე მოგვობა არ ვინდომე, რადგან ქალაქ განძაკში ქრისტიანები უფრო მეტნი არიან და [ჰყავთ მათ] ეპისკოპოსი და მღვდლები. სწორედ მათგან ყველაფერს ჩავწვდი, რადგან ყველა სჯულზე აღმატებულია ქრისტიანობა... ვიდრე უღვთოება. და ახლა მე ქრისტე მწამს და ქრისტეს მსახურებაში ვარ.

ხოლო უსტამ ციხისთავმა უთხრა მას:

- არავინ დაგანებებს ქრისტეს მსახურად ყოფნას და თუ მშვიდობიანად არ დატოვებ მაგ სიცოფეს, დიდი ტანჯვა მოიწევა შენზე.

ხოლო წმინდა ევსტათიმ უთხრა:

- არათუ მარტო ტანჯვისთვის ვარ გამზადებული ქრისტეს სიყვარულის გამო, არამედ სიკვდილისთვისაც ჩემი თავი არ მებრალება.

როდესაც ნახა უსტამმა გადაწყვეტილად შეუძრავობა ნეტარი ევსტათისა, აწონ-დაწონა და თქვა:

- ამ ადამიანის არანაირი დასჯის უფლებამოსილი მე არ ვარ, არც ძელზე გაკვრის, არც შეპყრობისა, არამედ წავუყვან მას ქალაქ თბილისში არვანდ გუშნასპს, ქართლის მარზაპანს, და რაც შესაფერისი იქნება, იგი უზამს, რადგან ქართლის ყველა ადამიანის სიკვდილი და სიცოცხლე მის უფლებამოსილებაშია.

და უბრძანა უსტამმა, მცხეთის ციხისთავმა, ორ მხედარს ნეტარი ევსტათის თბილისში წაყვანა. მაშინ შეიკრიბნენ იგივე მეჯღანეები და მეწაღეები, მივიდნენ უსტამთან და უთხრეს:

- არიან აქ სხვებიც ჩვენი სჯულისა და ისინიც ქრისტიანები არიან. ბრძანე იმათი ხმობაც და მათი წაყვანაც თბილისში.

უსტამმა უთხრა მათ:

- ვინ არიან ისინი?

მათ აუწყეს იმათი სახელები და უთხრეს:

- ერთს გუშნაკი ჰქვია, მეორეს - ბახდიადი, მესამეს - ბურზო, მეოთხეს - პანაგუშნასპი, მეხუთეს - პეროზაკი, მეექვსეს - ზარმილი, მეშვიდეს - სტეფანე.

ბრძანა უსტამმა მათი ხმობა, მაგრამ არანაირი მათი განსჯა არ მოუხდენია, მხოლოდ ამ რვავეს შეკვრა და თბილისში არვანდ გუშნასპთან, ქართლის მარზაპანთან, გაგზავნა ბრძანა, თან ასე შეუთვალა მას:

- ეს ადამიანები ჩვენი სჯულისა იყვნენ და ქრისტიანთა სჯული აქვთ, მე კი შევიპყარი ისინი და შენ, ბატონს, გამოგიგზავნე, რადგან შენს უფლებამოსილებაშია მათი განსჯა.

3. და წარუდგინეს ეს რვავე მარზაპანს, მან კი უთხრა მათ:

- ვინანი ხართ, ან რომელი სჯული გაქვთ?

ყოველმა მათგანმა სათითაოდ აუწყა თავისი ქვეყანა და დაბა, და ყველამ უთხრა:

- მამისეულ სჯულზე როდესაც ვიყავით, სპარსელების სჯული ვიცოდით, მაგრამ როდესაც ქართლში შემოვედით და ქრისტიანების სჯული ვნახეთ, ქრისტიანები გავხდით და ახლა ქრისტიანები ვართ, რადგან ქრისტიანთა სჯული წმინდაა და სურნელოვანი. მეტად კარგია იგი და მშვენიერი, ხოლო სხვა სჯული ვერ გაუთანაბრდება ქრისტიანთა სჯულს.

ხოლო ამათ შორის მსაჯულისადმი პასუხის გამცემი ნეტარი ევსტათი იყო. როდესაც [მსაჯულს] ამგვარი სიტყვები მოესმა მათგან, გული განურისხდა და უბრძანა თავის მსახურებს, რომ სახეში ეცემათ ამ ნეტარებისთვის და გარეთ გაეყვანათ ყველანი, თანაც ბრძანა:

- მოპარსეთ მაგათ თმა და წვერი, გაუხვრიტეთ მაგათ ცხვირები, ჯაჭვი დაადეთ მაგათ კისერზე, ბორკილები შეასხით ფეხებზე და შესვით ეგენი საპყრობილეში, ხოლო თუ ვინმე მათგანი აღიარებს მამისეულ სჯულს, გაუშვით და ჩემთან მოიყვანეთ, მე კი გავამდიდრებ მას დიდი საბოძვარით, მაგრამ ვინც მამისეულ სჯულს არ აღიარებს, იგი საპყრობილეში მოკვდეს.

როდესაც გაიგონეს მარზაპნის სიტყვა, რომ "ვინც აღიარებს. იმას ვაცოცხლებო, და ვინც არ აღიარებს მამისეულ სჯულს, საპყრობილეში მოკვდესო", მაშინ ეშმაკი შეუვიდა ბახდიადისა და პანაგუშნასპის გულს, უარყვეს ქრისტე და უღვთოება აღიარეს, რის გამოც ჯვარმცმელებს შეუერთდნენ, ხოლო ნეტარი ევსტათი, გუშნაკი, ბურზო, პეროზაკი, ზარმილი და სტეფანე გადაწყვეტილად და მტკიცედ იდგნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე. როდესაც უთხრეს მარზაპანს, რომ ორმა მათგანმა აღიარა მამისეული სჯული, გაიხარა მარზაპანმა, ბრძანა მათი შემოყვანა, გვერდით დაისვა ისინი და ჰპირდებოდა მათ დიდ სიმდიდრეს და კარგად მოპყრობას, ხოლო ნეტარი ევსტათისა და მისი სხვა მეგობრებისთვის ბრძანა თავისა და წვერის მოპარსვა, კისერზე ჯაჭვის დადება და ბორკილებით ჩასმა მათი საპყრობილეში. მსახურებმა აღასრულეს მარზაპნის ბრძანება, მოპარსეს მათ თმა და წვერი და ჯაჭვითა და ბორკილით საპყრობილეში ჩააგდეს, ხოლო ბახდიადსა და პანაგუშნასპს [მარზაპანმა] ნუგეში სცა და გაუშვა, ის სიმდიდრე და სიკეთე კი, რასაც ჰპირდებოდა მათ, არაფერი მისცა, ერთი კალათიც კი.

წმინდა ევსტათი და მისი სხვა მეგობრები შეპყრობილები იყვნენ თითქმის ექვსი თვე. და ექვსი თვის შემდეგ სპარსელთა მეფის წარგზავნილი მოვიდა არვანდ გუშნასპთან. როდესაც მეფისკენ მიემართებოდა მარზაპანი, შეიკრიბნენ ქართლის მთავრები და მარზაპნის გასაცილებლად მოვიდნენ.

როდესაც უნდა ამხედრებულიყო მარზაპანი, ადგნენ ქართლის მთავრები, სამოელ ქართლის კათალიკოსი, გრიგოლ ქართლის მამასახლისი, არშუშა ქართლის პიტიახში და სხვა სეფეწულები, და უთხრეს მარზაპანს:

- ვევედრებით მაგ შენს უფლებამოსილებას, ერთ სათხოვარს გთხოვთ.

მან კი მიუგო:

- თქვით, რაც გნებავთ. რა უნდა იყოს, რასაც თქვენ არ მოგმადლებთ?

ყველამ უთხრა:

- გევედრებით, რომ ინებო, ბატონო, იმ მცხეთელი ადამიანების გაშვება, რომლებიც ქრისტიანობისთვის საპყრობილეს არიან გადაცემულები.

უთხრა მათ მარზაპანმა:

- ის ადამიანები მოსაკლავები ჩანდნენ, მაგრამ თქვენი შუამდგომლობით გავუშვებ მათ.

გადაუხადეს მადლობა და მანაც ბრძანა იმათი გაშვება. გამოიყვანეს ისინი საპყრობილიდან და მოვიდნენ თავიანთ სახლებში ქრისტიანობით. და ღვთის სათნოდ ცხოვრობდნენ ეს ნეტარები. ზოგმა მათგანმა დროთა განმავლობაში შეისვენა, ღვთის ნებით, ზოგი კი ცოცხალია.

ხოლო იმათგან, რომლებმაც უარყვეს ქრისტე, ბახდიადი ეშმაკეული გახდა და მძიმედ მოკვდა, ხოლო უბადრუკმა პანაგუშნასპმა გლახაკობით გარდავლო დღენი, რომელსაც პური არ ჰქონდა საჭმელად და სხეულის საფარველი არ მოეპოვებოდა სამოსლად. სანამ ცოცხალი იყო, მწუხარებით და გაჭირვებით იყო მისი დღეები.

4. სამი წლის შემდეგ შემოვიდა ვეჟან ბუზმირი ქართლის მარზაპნად. და წავიდნენ სპარსელები, ნეტარი ევსტათის დამბეზღებლები, მცხეთიდან თბილისში, წარდგნენ ისინი მარზაპან ვეჟან ბუზმირის წინაშე და უთხრეს:

- არიან ჩვენი სჯულის ადამიანები მცხეთაში, რომლებიც განდგომილები არიან ჩვენგან და ქრისტიანობენ. ახლა მათი განსჯა თქვენს უფლებამოსილებაშია.

უბრძანა ვეჟან ბუზმირმა ორ მხედარს წასვლა და მოხმობა წმინდა ევსტათისა და სტეფანესი. როდესაც მივიდნენ მხედრები, უთხრეს ევსტათის და სტეფანეს:

- გიხმობს თქვენ მარზაპანი.

მათ უთხრეს:

- მოვდივართ თქვენთან ერთად, არას ვწუხვართ, არც გვეშინია.

და როცა უნდა წასულიყვნენ ევსტათი და სტეფანე თბილისში, უთხრა ევსტათიმ თავის სიდედრს, ცოლს, თავის შვილებს და თავის მონა-მხევლებს:

- გშორდებით თქვენ, რადგან მე აქ აღარ შემოვბრუნდები. ქრისტეს მე არ უარვყოფ და ისინი მე აღარ გამიშვებენ ცოცხალს. ხოლო ჩემი სიკვდილი თბილისში მოხდება საპყრობილეში და თავი მომეკვეთება მე, ჩემი სხეული კი აქვე მოვა ღვთის ნებით.

უთხრა რა ეს, ყველას განეშორა, მათ კი, ყველამ, გადაიწერეს ჯვარი. და გაემართნენ თბილისისკენ ის და სტეფანე მხედრებთან ერთად, ხოლო ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები მისტიროდნენ უკან. როდესაც მდინარის გაღმა ველზე გადავიდნენ და მიაღწიეს მცხეთის წმინდა ჯვარს, აღაპყრო თავისი ხელები წმინდა ევსტათიმ და თქვა:

- უფალო ღმერთო იესო ქრისტე, თუკი შენი სახელისათვის სიკვდილის ღირსად გამხდი ქრისტიანობით, ნუ ინებებ ჩემი სხეულის გარეთ გაგდებას და ძაღლებისა და ცის ფრინველებისგან შეჭმას, არამედ ბრძანე ჩემი სხეულის აქვე მობრუნება და მცხეთაში დამარხვა, სადაც ვარ ნათელღებული.

როდესაც ეს სიტყვები თქვა ნეტარმა ევსტათიმ, თაყვანი სცა ჯვარს, განეშორა იქაურ კრებულს და გაემართნენ თბილისისკენ. როდესაც მივიდნენ ის მხედრები, წარადგინეს ევსტათი და სტეფანე მარზპან ვეჟან ბუზმირის წინაშე და თქვეს:

- ესენი არიან ის მცხეთელი ახალქრისტიანები.

ვეჟან ბუზმირმა უთხრა ევსტათის და სტეფანეს:

- ვინ ხართ ან რა სჯული გაქვთ?

მაშინ წამოდგნენ სირიელი თავკაცები სტეფანეს გამო და უთხრეს:

- ეს კაცი ჩვენ ვიცით, ჩვენი თანამემამულეა. მაგისი მამა, დედა, ძმები და დები ქრისტიანები არიან და ეგეც ქრისტიანია.

და მათი სიტყვებით სტეფანე გაუშვეს, ხოლო წმინდა ევსტათის მარზპანმა უთხრა:

- შენ საიდან ხარ, ან კიდევ რომელი სჯულით ცხოვრობ?

წმინდა ევსტათიმ თქვა:

- თუ მეკითხები, ისმინე გულმოდგინედ და გეტყვი ყვე¬ლაფერს. მე ვიყავი სპარსეთის ქვეყნიდან, არშაკეთის ხევი¬დან, ქალაქ განძაკიდან. ჩემი მამა მოგვი იყო და ჩემი ძმებიც მოგვები იყვნენ. მამა მეც მოგვობას მასწავლიდა, მაგრამ მე მამისეული სჯული არ მიყვარდა და ვთქვი გონებაში:

- ეს სჯული არ მიყვარს, ახლა ებრაელებისასაც მოვისმენ და ქრისტიანებისასაც და რომელიც უკეთესი იქნება, იმ სჯულს შევიყვარებ.

დღისით მამაჩემი მოგვობას მასწავლიდა, ღამით კი, როდესაც ქრისტიანები დარეკავდნენ, მოვდიოდი ეკლესიაში და ვისმენდი მათ ჟამნობას და ვუყურებდი ქრისტიანთა მსახურებას, რასაც აღასრულებდნენ ღვთისთვის. ებრაელებთანაც შევდიოდი ბაგინში და მათ მსახურებასაც ვუცქერდი, მაგრამ ქრისტიანების ლოცვისას მათი ხმა მესმოდა როგორც ანგელოზის ხმა (მეტად სურნელოვანია და საამო მათი ჟამნობა), ბაგინში კი ღამე შევდიოდი ებრაელებთან და ვერ ვიგებდი, რას ამბობდნენ; შემდეგ კი, როდესაც კვლავ შევედი [ეკლესიაში], მომეგება სამოელ მთავარდიაკონი, სჯულის მცოდნე, და მითხრა:

- რად შემოხვედი ეკლესიაში ასე გულმოდგინედ?

მე კი ვუთხარი:

- ბატონო, შენც მიცნობ, ვინ ვარ, მაგრამ მე არ მიყვარს ჩემი ეს მამისეული სჯული, მინდა ვინმემ გამაცნოს სჯული ებრაელებისა და ქრისტიანებისა, და რომელი სჯულიც უფრო წმინდა იქნება, ის რომ შევიყვარო.

მაშინ სამოელ მთავარდიაკონმა მითხრა:

- თუ გინდა ჭეშმარიტად შეცნობა მათი, ორსავე სჯულს მე გაუწყებ სათანადოდ, ხოლო გამორჩევა არათუ შენია, არამედ როგორც უფალი გიბრძანებს.

მე კი მეტად ვევედრე:

- რითაც ღვთისთვის სათნო გავხდები, ის სჯული მინდა მქონდეს და შენც ის მამცნე.

დაიწყო სამოელ მთავარდიაკონმა თხრობა:

- გულმოდგინედ ისმინე, ძმაო! ადრე სპარსელების სჯული იყო, როგორც შენ თვით იცი, მაგრამ ღმერთს სძაგდა სპარსელთა სჯული და არ ესათნოებოდა. შემდეგ ებრაელები გამოირჩია ღმერთმა, ისათნოვა ისინი და მისცა მათ სჯული და მცნება დასაცავად. შემდეგღა ქრისტიანები ისათნოვა ღმერთმა ებრაელებზე მეტად.

კვლავ ვევედრე სამოელ მთავარდიაკონს და ვუთხარი:

- უფალო, ნუ დაგეზარება და კარგად მაცნობე, - შემდეგ კი ვკითხე: - ბატონო, ებრაელები, რომლებიც იყვნენ, საიდან მოვიდნენ და რად შეიყვარა ისინი ღმერთმა?

მაშინ მითხრა სამოელ მთავარდიაკონმა: - ებრაელების ამბავი გრძელია, ძმაო, მაგრამ თუ შენს სმენას გახსნი და გულმოდგინედ მოისმენ, მეც დაუზარებლად გეტყვი და გაცნობებ შენ ყველაფერს.

5. ერთი უბიწო და ღვთისმოყვარე კაცი იყო სპარსელების ქვეყანაში და ბაბილონელთა ქალაქში, რომელსაც ერქვა სახელად აბრაჰამი. და ეჩვენა მას ღმერთი ღამის ჩვენებაში და უთხრა აბრაჰამს:

- გამოდი მაგ ქვეყნიდან, წაგიყვან სხვა ქვეყანაში, გაგამრავლებ, მეტად დიდად აგაღორძინებ, და გაგხდი მრავალი ტომისა და ურიცხვი ხალხის მამად.

აბრაჰამმა ირწმუნა ღვთის სიტყვა და თქვა:

- იყოს, უფალო, ჩემზე ეგ შენი სიტყვა!

და გამოვიდა აბრაჰამი ქალდეველთა ქვეყნიდან და მოვიდა შუამდინარეთის ქვეყანაში, ქალაქ ქანაანში, ევფრატის ახლოს. ანგელოზის წინამძღვრობით მოვიდა იგი და დასახლდა ქანაანში, შემდეგ კი ანგელოზმა გადაანაცვლა იქიდან და დასახლდა იგი ქებრონში. ჰყავდა აბრაჰამს ისაკი, ისაკს იაკობი, იაკობს კი ჰყავდა თორმეტი ძე. და უბრძანა ღმერთმა აბრაჰამს და უთხრა:

- წინადასცვითე ისაკს, იაკობს და იაკობის ყველა ძეს და ეს იყოს თქვენთვის საუკუნო სჯულად.

"აბრაჰამმაც გააკეთა ისე, როგორც უბრძანა მას ღმერთმა. გაიზარდნენ და გამრავლდნენ აბრაჰამის ნაშიერები მეტად დიდად. ესენი არიან ებრაელები. უყვარდა ღმერთს ებრაელები მეტად დიდად, როგორც უყვარს მამას საყვარელი შვილი, და უწოდა მან ებრაელებს სახელი "ირაელ" (ხოლო "ისრაელი" განიმარტება, როგორც "ღვთის ხალხი"). განდიდდა და განივრცო ღვთის ხალხი ისრაელი; და გადმოვიდა ღმერთი ზეციდან მიწაზე და მოვიდა სინას მთის თხემზე. დაწერა ღმერთმა თავისი ხელით ქვის ფიცრებზე სჯული და მცნება ასე:

პირველი მცნება ასე: "შეიყვარეთ უფალი ღმერთი თქვენი მთელი თქვენი გულით, მთელი თქვენი სულით და მთელი თქვენი გონებით". და შემდეგ ეს: "ნუ კლავ ადამიანს, ნუ იპარავ, ნუ ისიძვებ, ნუ გწადია შენი ახლობლის ცოლი, ცრუდ ნუ იფიცებ, ნუ სწამებ ცილს, ორ სიტყვას ნუ იტყვი, პატივი მიაგე შენს მამას და შენს დედას, შეიყვარე შენი მოყვასი როგორც საკუთარი თავი, ჩემი შაბათები დაიცავით, დღესასწაულები, შესაწირავები, უქმობები აღასრულეთ". ეს სჯული და მცნება დაწერა ღმერთმა და მისცა მოსეს, თავის მონას. მოსემ მიიღო ეს ფიცები და ამოუკითხა მთელ ისრაელს. და გაიხარა მთელმა ისრაელმა და თქვა: "ყველაფერი, რაც გვიბრძანა უფალმა, გავაკეთოთ და აღვასრულოთ, მხოლოდ უფალი იყოს ჩვენთან". და ამაღლდა უფალი ზეცად. როდესაც ეს სჯული შეისმინეს ებრაელებმა, სწირავდნენ ისინი შესაწირავებს, საკმეველსა და მსხვერპლს, შაბათებს იცავდნენ და ღმერთი იყო მათთან. ამ დროს უცხოტომელები შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ისრაელს, მაგრამ ღმერთმა ერთი ადამიანის ხელით განდევნა ისინი; ზოგი მოკლეს, ზოგი ტყვედ წამოიყვანეს, ზოგი კი აიძულეს გაქცეულიყო; და ასე გახდ¬ნენ მტრებისგან უშიშარნი, რადგან ღმერთი იყო მათთან.

დროთა განმავლობაში მეფე ითხოვა მთელმა ისრაელმა ღვთისგან, რომ შებრძოლებოდა იგი მათ მტრებს. და დაუყენა მათ ღმერთმა მეფე და განაგო ღმერთმა შარავანდედობის წესი. დროთა განმავლობაში მოკლეს მეფე ომში, რადგან აეღირა მას თავი და დანდობილი იყო თავის თავზე და არა თავის ღმერთზე.

"შემდეგ დავითი მეფობდა; ხოლო დავითიც ღვთისთვის საყვარელი იყო და დავითსაც ღმერთი უყვარდა. აღასრულა დავითმა საკურთხები, შესაწირავები, მსხვერპლშეწირვები; და დღესასწაულები და შაბათები კარგად აღასრულა. მის შემდეგ მეფობდა მისი ძე სოლომონი, რომელიც განდგა ღვთისგან. განდგა და ღვთისგან განდრიკა ხალხი. მსახურებდნენ ისინი ყრუ, ხელით გაკეთებულ კერპებს, უსულო ქვებს, ხეებს, მაღალ სერტყებს ("სერტყი" ძველ ქართულში ნიშნავდა როგორც ჩვეულებრივ "ტყეს", ასევე წარმართული კულტმსახურების ადგილს, ე. წ. "წმინდა ტყეს") და ხეების კენწეროებს. ღმერთი უარყვეს მათ.

წინასწარმეტყველები ღაღადებდნენ, და ამბობდნენ: "არ შეიძლება ცხოველი ღვთის დატოვება და ქვების ანდა სხვა რამეთა მსახურება. აჰა უკვე მოავლენს ღმერთი თქვენზე სიკვდილს, შიმშილს, მახვილს, ტყვეობას და ასე მოგსპობთ თქვენ". იმათ არ უნდოდათ წინასწარმეტყველთა ხმის სმენა, რადგან ისრაელის ხალხი გაშლეგებული იყო. ბრძანეს მათ წინასწარმეტყველთა დახოცვა, ზოგისა მახვილით, ზოგისა ცეცხლით; ზოგი ხერხით გახერხეს, ზოგი მხეცებს მისცეს, ზოგი მღვიმეში ჩააგდეს, ზოგი ქვით ჩაქოლეს.

6. მაგრამ ღმერთი ტკბილია და კაცთმოყვარე, არ უნდოდა ისრაელის დაღუპვა და უნდოდა მისი მოქცევა. მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქრისტე ქვეყნად, რომელიც შევიდა წმინდა ქალწულის მუცელში, ხორცი შეისხა და განკაცდა წმინდა მარიამისგან, წმინდა საშოდან გამოვიდა და ღმრთეება ხორცით დაიფარა. ღმრთეება რომ ხორცით არ დაეფარა, ადამიანი ვერც მიეახლებოდა ღმერთს, რადგან მზე ღვთის ქმნილებაა და ვერავინ უსწორებს თვალს და სფეროს მზისას ვერავინ უყურებს. ღმრთეებას ადამიანი ვერ მიეახლებოდა. ამიტომ, ხორცი შეისხა მან, რომ ისრაელი როგორმე მოექცია ცხოველი ღვთისკენ. თავისი განკაცებისას ნათელიღო მან მდინარე იორდანეში იოანეს ხელით და როდესაც ამოვიდა წყლიდან, აჰა, ცანი გაიხსნა და სულიწმიდა, როგორც სპეტაკი მტრედი, გადმოვიდა და დაივანა მასზე. ხმა იყო ზეციდან, რომელმაც თქვა: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე ვისათნოვე. მაგისი ისმინეთ და ცხონდებით".

"და როდესაც შევიდა იერუსალიმში, დაიწყო მან სასწაულთა მოხდენა, ნიშები და კურნებანი აღასრულა. ოცდათვრამეტი წლის სნეული იდო ლოგინზე, მან კი ნახა და სიტყვით უბრძანა: "ადექი, აიღე შენი ლოგინი და იარე!" მყისიერად ადგა ისიც, დადიოდა ჯანმრთელი და ადიდებდა ღმერთს.

შემდეგ დაბადებიდან ბრმა ნახა, თიხა შექმნა ნერწყვით, მის თვალებს დააგლისა და უბრძანა მას წყლით მობანა. აეხილა თვალები ბრმას. მკვდრები აღადგინა მან, კოჭლებს სიარული დააწყებინა, კეთროვნები განწმინდა. მრავალი კურნება მოახდინა ქრისტემ მათ შორის, რომ ერწმუნათ ებრაელებს და მოქცეულიყვნენ ცხოველი ღვთისკენ. უნდო¬და მას, რომ არ გაგდებულიყვნენ ღვთისგან.

"მაგრამ ებრაელები კიდევ უფრო გაშლეგდნენ, დიდი ღვარძლით განიმსჭვალნენ ქრისტესადმი და უნდოდათ მისი მოკვლა. ქრისტე განერიდა მათ გარე სოფლებსა და დაბებში, და იქ მიმოდიოდა. ისინი, რომლებმაც იწამეს ქრისტე, უკან გაჰყვნენ მას.

და მიდიოდა იგი ერთ დაბაში, სადაც გამოჰქონდათ დედისერთა მკვდარი, ქვრივის ძე. როდესაც დაინახა მან იგი, ბრძანა და დადგეს საცხედრე, მან კი მოჰკიდა ყრმას ხელი და მისცა იგი თავის დედას ჯანმრთელი.

"შემდეგ მიდიოდა ერთ დაბაში. გაჰყვა მას მრავალი ხალხი და რადგან ხალხის სიმრავლის გამო ვერ მოახერხეს დამბლადაცემულის პირდაპირ მიყვანა მასთან, სახურავი გადააძრეს სახლს და იქიდან ლოგინით ჩაუშვეს იგი, მან კი აღადგინა, და ისიც თავისი ფეხით წავიდა თავის სახლში. დიდძალი ხალხი გაჰყვა უფალს და ადიდებდნენ ღმერთს, მან კი ამ ხალხისგან გამოარჩია თორმეტი ადამიანი, უწოდა მათ მოწაფეები და რასაც უბრძანებდა, იმას აკეთებდნენ.

"შევიდა იგი ერთ დაბაში. იქ ქორწილი იყო. და შევიდა იესო სეფაში. ღვინო არ იყო იქ, რადგან გამოლეულიყო და ცარიელი სარწყულები იდგა. მაშინ უბრძანა იესომ მოწაფეებს მოეტანათ წყალი, და აავსეს სარწყულები წყლით. აკურთხა ქრისტემ ეს წყალი და გახდა იგი ღვინო, პირველ ღვინოზე უფრო საამური. ბევრს უკვირდა. ირწმუნეს მისი და გაჰყვნენ მას.

"და შემდეგ, ქალი, რომელსაც თორმეტი წელი ჰქონდა სისხლდენა, მოვიდა შეუმჩნევლად იესოს ზურგიდან, ხელი მოჰკიდა მისი სამოსლის კიდეს და განიწმინდა იგი.

"შემდეგ კი, მოდიოდა ქრისტე ერთ ადგილას და იყო იქ მშვენიერი ველი. მან მოხედა ხალხს, რომელიც უკან გაჰყვა მას, და უთხრა მოწაფეებს: "ეს ხალხი, ამდენი დღეა, რაც უჭმელია, და მებრალება. წადით ქალაქში, იყიდეთ პური და მიეცით ამ ხალხს". ამასთან, ქრისტემ უთხრა მოწაფეებს:

- არავის გაქვთ პური აქ?

უთხრა ერთმა მოწაფეთაგანმა:

- მე მაქვს ხუთი პური და ორი თევზი.

უთხრა ქრისტემ:

- მომიტანეთ.

როდესაც მოუტანეს ხუთი პური და ორი თევზი, ბრძანა ქრისტემ ხალხის დასმა მიწაზე, აამაღლა ზეცისკენ ის ხუთი პური და ორი თევზი, აკურთხა, დატეხა და აწვდიდა თავის მოწაფეებს, მოწაფეები კი აწვდიდნენ ხალხს. ხალხმა ჭამა და დანაყრდა. თორმეტი სავსე გოდორი აიღეს ნარჩენი, ხოლო ის ხალხი, რამდენმაც ჭამა, იყო დაახლოებით ხუთიათასი, გარდა ბავშვებისა და დედებისა.

"მაშინ უბრძანა ქრისტემ იმ ხალხს ხმელეთის მიწით მოსვლა, ხოლო ქრისტე და მისი მოწაფეები გადიოდნენ ზღვას როგორც ხმელეთს და მათი ფეხები არ სველდებოდა; და როდესაც გავიდნენ ხმელეთზე, შეხვდა მათ ერთი კაცი, რომელთანაც იყო ლეგეონი ეშმაკი. ღაღადყო მან და თქვა: "ქრისტე, შემეწიე მე, რადგან ბოროტად ვიგვემები". ქრისტემ შერისხა ლეგეონი ეშმაკი და როდესაც გავიდა იმ კაცისგან, ეს კაცი ადიდებდა ღმერთს, ეშმაკი კი ღაღადებდა და ამბობდა: "ქრისტე, გიცნობ შენ, ვინც ხარ, წმინდა ღმრთისა. მხოლოდ ჩემს დასაღუპად მოხვედი". ხოლო ქრისტემ უბრძანა მიწას, გაიღო იგი და დანთქა ეშმაკი, რომელიც ჩავარდა ჯოჯოხეთში, ქვესკნელში.

"და შემდეგ მოვიდა იგი იმ დაბაში, რომელსაც სახელად ერქვა ბეთანია, სადაც მის მისვლამდე ოთხი დღით ადრე მომკვდარიყო ლაზარე და იდო იგი სამარეში. მივიდა ქრისტე სამარის კართან და დაუძახა: "ლაზარე, გამოდი", და ქრისტეს ერთი დაძახებით სამარიდან გამოვიდა იგი მხიარული, ხალხს კი უკვირდა და ეს ხალხი უფრო გამრავლდა დიდი სარწმუნოებით.

ამის შემდეგ ავიდა ქრისტე იერუსალიმში, შევიდა ღვთის ტაძარში და ნახა იქ შიგნით გაშლილი დახლი, სადაც ყიდდნენ. აიღო ქრისტემ შოლტი, გამოყარა ის ადამიანები, მიმოუბნია დახლი, გადააბრუნა მაგიდები და თქვა:

- ასეა დაწერილი: "ჩემი მამის სახლს ეწოდება სალოცავი სახლი", თქვენ კი გაგიხდიათ იგი როგორც ავაზაკთა გამოქვაბული.

შემდეგ თქვა:

- დავშლი ამ ტაძარს და მესამე დღეს ავაშენებ მაგას.

როდესაც ებრაელებმა გაიგონეს ეს, ძალიან განრისხდნენ და თქვეს:

- ჩვენ ვიცით მისი მამა იოსები და მისი დედა მარიამი, და ძმებიც ჰყავს მას, თავის თავს კი ღვთის ძედ წარმოაჩენს და ღვთის ტაძარს მამისეულად იჩემებს.

და შემდეგ თქვეს:

- სოლომონმა ორმოც წელიწადში ააშენა იგი, ეს კი ამბობს, რომ დაშლის მას და მესამე დღეს ააშენებს.

ამ სიტყვის გამო გაწყრნენ ებრაელები, შური ჩაიდეს გულში და განიზრახეს მისი შეპყრობა და მოკვლა.

"შეიპყრეს მათ ქრისტე და მოიყვანეს იგი მღვდელმოძღვრებისა და მოხუცებულების წინაშე. უთხრეს ქრისტეს მღვდელმთავარმა და მოხუცებულებმა:

- შენ როგორ წარმოაჩენ შენს თავს ღვთის ძედ? ღვთის ძე ხარ შენ?

ქრისტემ კი უთხრა მათ:

- ეგ თქვენ თქვით.

შემდეგ უთხრეს ქრისტეს:

- სოლომონმა ორმოც წელიწადში ააშენა ეს ტაძარი და შენ თქვი: "დავშლი და მესამე დღეს ავაშენებ მაგასო".

მაშინ ქრისტემ უთხრა მათ:

- მე ძალმოსილი ვარ დავშალო და მესამე დღეს ავაშენო იგი.

მაშინ კი განრისხდნენ ებრაელები, ატეხეს და ააფორიაქეს ებრაელთა ხალხი და თქვეს:

- მოსაკლავად ჩანს ეს კაცი,

და მისცვივდნენ ქრისტეს და დაიწყეს მისი ცემა და დაცინვა. ზოგი სცემდა მის თავს მათრახის ტარით, ზოგი კი ლერწმით სცემდა მის წმინდა თავს. ზოგი ყვრიმალში სცემდა მას, ზოგი კი ანერწყვებდა მის ნათელ პირისახეს. აღმართეს ძელი, ჯვარს აცვეს ქრისტე და შეასვეს მას ჯვარზე შეზავებული ძმარი და ნაღველი.

მაშინ აღაპყრო თვალები ზეცისკენ მამისადმი და თქვა:

- მამაო ჩემო! ყოველივე აღვასრულე, ისრაელმა კი არ ისმინა ჩემი და ამგვარი ტანჯვა მოაწიეს ჩემზე.

და დახარა თავი და ამოუშვა სული. სწრაფად გადმოიყვანეს იგი ჯვრიდან. ერთი კაცი იყო ხელმწიფე და ქრისტეს მოწაფედ მყოფი. მან აიღო ქრისტეს სხეული, დადო ახალ სამარეში და დიდი ლოდი მიაგორა სამარის კარზე. მესამე დღეს, გათენებისას, სწორედ ცისკარზე, ანგელოზი გადმოვიდა ზეციდან და გადააგორა ის ლოდი იმ საფლავიდან. ქრისტე აღდგა, გამოვიდა სამარიდან, ეჩვენა ორ მოწაფეს, აგრეთვე მარიამ მაგდალინელს და სხვა დედებს,

და უთხრა მათ ქრისტემ:

- უთხარით ჩემს მოწაფეებს: წადით გალილეაში, თაბორისკენ და იქ მნახავთ მე.

და ის თორმეტი მოწაფე წავიდა დიდი სიხარულით თაბორის მთაზე, ნახეს ქრისტე, თაყვანი სცეს მას და ეამბორნენ მის წმინდა ფეხებს, ხოლო ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს:

- ახლა აღარ გერქმევათ თქვენ მოწაფე, არამედ მოციქული გერქმევათ თქვენ, მე კი ახლა ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.

ხოლო მოციქულებს შთაჰბერა ცხოველი სული და უთხრა მათ:

- მიიღეთ თქვენ სიცოცხლის სული; წადით თქვენ ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში ქვეყნიერების კიდით-კიდემდე, მოახდინეთ ნიშები, სასწაულები და კურნებანი, მოაქციეთ წარმართები, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით და ასწავლეთ მათ ყოველივე, რამდენიც გამცნეთ თქვენ, მე კი აჰა, თქვენთან ვარ თქვენი ცხოვრების ყველა დღეს და ვიდრე სოფლის აღსასრულამდე. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე მიეცით მათ.

და ქრისტე ამაღლდა ზეცად ანგელოზებთან ერთად, ხოლო ის თორმეტი მოციქული წავიდა და მიმოვლო მახლობელი ქვეყნები, ქალაქები, დაბები. ისინი ახარებდნენ და ქადაგებდნენ ქრისტეს, აღდგომილს მკვდრეთით, ახდენდნენ ნიშებს, სასწაულებს და კურნებებს, წარმართები კი მოიქცეოდნენ და ნათელს-იღებდნენ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით.

აი, ასე გამრავლდა და მოეფინა ქრისტიანობა. განივრცო იგი ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. განაჩინეს ეპისკოპოსები და მღვდლები, ეკლესიები ააშენეს და მასში ჯვარი აღიმართა. მთელმა ქვეყნიერებამ ირწმუნა ქრისტე და მთელი ქვეყნიერება აივსო ქრისტიანებით. ყველა ქვეყანაში ქადაგებულ იქნა ქრისტე. როგორც წინასწარმეტყ¬ველები აუწყებდნენ ებრაელებს, ისე მოიწია მათზე: ზოგნი მახვილით ამოწყდნენ და მოისპნენ, ზოგნი შიმშილით, ზოგნი სიკვდილით, სხვები კი ტყვეობის შედეგად მიმოიფანტნენ, რადგან არ დაიცვეს მათ ცხოველი ღვთის სჯული, ამჟამად კი ქრისტიანებს უწოდა მან ისრაელი, რადგან "ისრაელი" განიმარტება როგორც "ერი ღვთისა და მონა ქრისტესი", რომლისაც არის დიდება უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

7. "მაშინ, როგორც კი გავიგე და შევიცანი ყოველივე სამოელ მთავარდიაკონისგან, - ყოველივე დასაბამიდან ვიდრე აქამდე, - და ჩავწვდი ებრაელებისა და ქრისტიანების მთელ სჯულს, ვირწმუნე მე დაუსაბამო ღმერთი, მისი ძე იესო ქრისტე და მისი წმიდა სული. ამით მოვნათლულვარ და ვერავინ გამაშორებს მე ქრისტესგან ვიდრე ჩემი სულის ამოსვლამდე; ხოლო ჩემი მამისეული სჯულის გამო სიტყვის თქმაც კი მზარავს და მრცხვენია კიდეც, რადგან ღმერთმა შექმნა ცა, მიწა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ზღვა, ხმელეთი, მდინარეები, წყალსატევები, მთები, ბორცვები, ველები, ტყეები, შეშა, ცეცხლი, ოთხფეხი პირუტყვი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები. შემდეგ ადამიანები შექმნა ღმერთმა და ამ ყოველივეზე გააბატონა იგი. ყოველივე ეს ამ ადამიანს დაუმორჩილა მან და ნუთუ ჩვენ ამ ყოველივეს შემქმნელი ღმერთი უნდა დავტოვოთ და ამ ღმერთის დაბადებულს ღმერთად ვუხმობდეთ? ნუ მოხდება ეს! მზე, მთვარე და ვარსკვლავები არ არიან ღმერთები, არამედ ღმერთმა მზეს დღის განათება უბრძანა, მთვარეს და ვარსკვლავებს კი უბრძანა განათება ღამისა, მაგრამ ისინი ღმერთები არ არიან. ღმერთივე უბრძანებს ღრუბელს და მოეფინება და აბნელებს ბრწყინვალებას მზისას და მთვარისას. ამიტომ არ არიან ისინი ღმერთები. შემდეგ, კიდევ, ცეცხლი არ არის ღმერთი იმის გამო, რომ ცეცხლს ადამიანი ანთებს და ადამიანივე აქრობს, რადგან ადამიანია ცეცხლის ბატონი. ამიტომ არ არის ღმერთი ცეცხლი, რომელიც თუ ვინმეს გაექცევა და წავა, რასაც მიადგება, თუნდაც ტყეს, ან თუნდაც ველს, ანთუ სახლს (თუგინდ ადამიანი დახვდეს მას), დაწვავს კიდეც, მაგრამ თუ ცეცხლს წყალი მოხვდება, ჩააქრობს იგი ცეცხლის ესოდენ ძალას და ეს ცეცხლი გაქრება. ამის გამო, არაა იგი ღმერთი, თუმცა ჩვენ ღმერთად გვწამს, მაგრამ ჩვენ ღმერთმა ცეცხლი მოსახმარად მოგვცა, ყინულის გასათბობად და ყოველგვარი სანოვაგის გასაკეთებლად. როდესაც მოგვინდება, ვანთებთ მას, და როდესაც მოგვინდება, ვაქრობთ. ამიტომაც არ არის ღმერთი ცეცხლი.

შემდეგ, ღვთისგან შექმნილი ადამიანები პირუტყვი ცხოველების მსგავსნი ვიყავით და ისევე, როგორც პირუტყვებმა, მამლობა-დედლობის დროს არ იციან არც მშობელი, არც მათგან შობილი და ასე აღრეულად იკმაყოფილებენ თავიანთ მამლობა-დედლობას, ამგვარადვე ჩვენც, გონიერი ადამიანები, პირუტყვის მსგავსნი ვიყავით, რომლებმაც არ ვიცოდით არც მშობელი ჩვენი, არცთუ შობილი და აღრეულად ვიკმაყოფილებდით ჩვენს ბუნებას, მაგრამ ახლა, ღვთის მადლით, მას შემდეგ, რაც დაწესდა ნათლისღება და ქრისტიანობის სჯული იციან ადამიანებმა, ამიერიდან მოისპო და აღმოიფხვრა ეს უწესო საქმე... ხოლო ამას გევედრები, ჩვენო უფალო იესო ქრისტე, რომ ჩემი სხეული დაიმარხოს მცხეთაში, სადაც ნათელვიღე სამოელ კათალიკოსის ხელით და ღირსი გავხდი ქრისტიანთა სჯულისა. ამიერიდან ვერავინ გამაშორებს მე შენს სიყვარულს, სარწმუნოებასა და სურვილს, როგორც დაწერილია: "ვერც ტანჯვა, ვერც გვემა, ვერც საპყრობილეში შიმშილი, ვერც მახვილი, ვერც ამ ჩემი ხორცის სიკვდილი ვერ შეძლებს ჩვენს გამიჯვნას შენგან, უფალო იესო ქრისტე".

მაშინ უთხრა მას ბუზმირ მარზაპანმა:

- ჩემო შვილო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ შეამცირებ შენი ცხოვრების დღეებს ქრისტიანობის გამო, ნუ დააქვრივებ შენს ცოლს, ნუ დააობლებ შენს შვილებს, ნუ მოსწყდები შენს მეგობრებს ამ ცხოვრებაში.

უთხრა მას წმინდა ევსტათიმ:

- შენზე ადრე სხვა მთავრებმა მტანჯეს მე ძალიან და მგვემეს, მაგრამ არ დავემორჩილე მათ და ახლა შენსას დავიჯერებ? ნუ მოხდება ეს ჩემზე.

8. მაშინ, როდესაც შეიცნო მარზაპანმა ნეტარი ევსტათის მტკიცე და შეუძრავი გული და გონება, რომელსაც ვერც დაშინებითა და ტანჯვით, ვერც კარგი რამის დაპირებით ვერ დააჯერა მამისეული სჯულის დაცვა, უბრძანა მსახურებს:

- წაიყვანეთ ეგ საპყრობილეში და ღამით ჩუმად წაჰკვეთეთ თავი, რომ არც ერთმა ქრისტიანმა არ გაიგოს და არ მიაგოს პატივი მის სხეულს. წაიღეთ მისი ნეშტი ქალაქგარეთ და მიმოაბნიეთ მხეცებისა და ფრინველების შესაჭმელად.

მსახურებმა წაიყვანეს ნეტარი ევსტათი საპყრობილეში, რომ შეესრულებინათ მარზაპანის ნაბრძანები.

უთხრა მათ წმინდა ევსტათიმ:

- ცოტა ხნით მადროვეთ, ჩემო ძმებო (რადგან თქვენ ხელთ ვარ), რომ ვილოცო მე ჩემი ღვთის მიმართ.

მათაც ცოტა ხნით მოითმინეს, აცალეს მას და უთხრეს: "ასე ვიზამთ". მაშინ მოიდრიკა მუხლები ევსტათიმ, თვალები ზეცისკენ აახილა და თქვა:

- უფალო ღმერთო ყოვლისმპყრობელო, რომელსაც ყველა ადამიანის ცხონება გნებავს, ვინც კი სარწმუნოებით სასოებს შენს წმინდა სახელს; შენ, რომელმაც შეისმინე იმ პირველმოწამეთა ლოცვა, ზოგი რომ მახვილის პირით დაიხოცა, ზოგი - ტბის ყინულით, ზოგი ზღვაში ჩაყრით მოისრა, ზოგი - ცეცხლით, ზოგი კი მხეცებისგან შეიჭამა შენი სახელის გამო და მიიღო ის შენმიერი დანაპირები, "რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, ადამიანის გულამდე არ მოსულა, რაც გაუმზადე შენს წმინდა მოწამეებს". მეც, უფალო, ღირსი გამხადე მათთან მონაწილეობისა, მა¬თეული სამკვიდრებლისა, მათთან სიხარულისა, მათთან დაუსრულებელი შვებისა, მე - მოწამეთაგან უკნინესი ბოლო დროისა, როგორც ამბობს პავლე მოციქული: "მე ვარო უკნინესი მოციქულთაგან". შენ იცი, უფალო ჩემო იესუ ქრისტე, რომ არავინ ვირჩიე შენზე მეტად, არც მამა, არც დედა, არც ძმები, არც ნათესავები, არამედ ერთადერთი შენ შეგიყვარე, უფალო, და შენი სახელის გამო აჰა, თავი წამეკვეთება დღეს. ამას ვლოცულობ, გევედრები და ვითხოვ შენგან, კეთილისგან, რომ არ დარჩეს ჩემი სხეული აქ, თბილისში, არამედ დაიმარხოს იგი წმინდა მცხეთაში, სადაც შენ გამომიჩნდი, და ჰქონდეთ ჩემს ძვლებს მადლი და კურნება, როგორც იმ პირველთ.

და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა ევსტათის, უთხრა რა ასე:

- არ იქნები შენ კურნების მადლით უფრო ნაკლები იმ პირველებზე, რომლებმაც მირწმუნეს მე, ხოლო შენი სხეულისთვის ნუ ზრუნავ; ისე იქნება, როგორც შენ თქვი, რომ მომხდარიყო.

გამხიარულდა ნეტარი ევსტათი და ჰმადლობდა ღმერთს. ამასთან, წმინდა ევსტათის ადრევე შეეტყობინებინა ნეტარი სტეფანესთვის:

- როდესაც გეუწყება ჩემი სიკვდილი, სწრაფად წაიღე ჩემი სხეული მცხეთაში და დამარხეთ იქ, სადაც მოვინათლე.

და როდესაც დაასრულა მან ლოცვა-ვედრება და თხოვნა უფლის მიმართ, უთხრა მარზაპნის მსახურებს:

- ახლა შეასრულეთ ჩემზე განჩინებული ბრძანება.

მათ არ უნდოდათ მისი მოკვლა, მაგრამ ერთმა მათგანმა უთხრა მათ:

- ჩვენ დავიხოცებით, თუ ეგ ცოცხალი დარჩება.

მაშინ გაიწვდინეს მისკენ ხელები, დაარტყეს მახვილი მის პატიოსან კისერს და წაკვეთეს თავი; და მიაბარა მან თავისი სული მეუფე ქრისტეს.

ხოლო მისი სხეული ღამე გარეთ გაიტანეს და იქ დააგდეს, მაგრამ გაიგეს ეს ვიღაც ქრისტიანებმა და წაიღეს იგი მცხეთაში, რადგან სტეფანეს ეუწყებინა ამის შესახებ იქ მყოფი ქრისტიანებისთვის. როდესაც მივიდნენ მცხეთაში, შეატყობინეს სტეფანეს, სტეფანემ კი აუწყა სამოელ კათალიკოსს, ხოლო მან მეტად გაიხარა და დამარხა იგი დიდი დიდებითა და პატივით მცხეთის წმინდა ეკლესიაში. ვიდრე აქამდე ხდება იქ სნეულთა კურნებანი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლით, რომლისაც არის სუფევა, ძლიერება, პატივი, სიმტკიცე და მოუკლებელი დიდება სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ძველი ქართული ტექსტი ახალ ქართულზე თარგმნა ედიშერ ჭელიძემ
..............................


ევსტათი მცხეთელის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი

ნათლითა ელვარითა შემკულო, მხნეო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა მთავარო, ევსტათი, ძით და მეუღლით შენით, მეოხ-გვეყავნ წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა შენთა.

კონდაკი


მტკიცედ მოიგო კეთილმდგომარეობისა სახელწოდებაი უძლეველმან მოწამემან ევსტათი, რომლითა სიმხნით ეკვეთა სპარაზენსა უხილავთა მბრძოლთასა და ყოვლითურთ შემუსრნა სიმტკიცენი მათნი, ეჰა გამოუთქმელთა მათ განგებისა საღმრთოთა კავშირთა, რამეთუ ესევითარი საფასე სიმხნისა სათნო იყოფის დადებად კეცისა ჭურთა შინა მხოლოსა მის მიერ მეცნიერისა დაფარულთასა.
.........................................................

აქვე წაიკითხეთ:

"მე ქრისტეს ბეჭდითა აღბეჭდულ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარ"

 

ბეჭდვაელფოსტა
12.08. 2016
jaba
მისი მადლით გაერთიანდეს რწმენაში საქართველო.
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat